უკვე რვა წელიწადი გავიდა ჩვენი დროის გამორჩეული მეცნიერის, დიდი ფილოსოფოსისა და უაღრესად ჰუმანური პიროვნების, თამაზ ბუაჩიძის გარდაცვალებიდან.
ბატონმა თამაზმა მეტად შინაარსიანი, ამავე დროს, ძნელი ცხოვრება განვლო, რაც გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც ჭეშმარიტ ფილოსოფოსად ჩამოყალიბებაში.
იგი დაიბადა 1930 წელს, მეცნიერის ოჯახში. მამა, პროფესორი ანდრო ბუაჩიძე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი იყო და 1938 წელს "ტროცკისტობის" ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. დედა გადაასახლეს. ძმა, რომელიც მოსწავლე იყო, გადასახლებაში დაიღუპა. რეპრესიების იმ საშინელ წლებში ნათესავებსა და ახლობლებს შიშის გამო უძნელდებოდათ დახმარებოდნენ "ტროცკისტის" შვილს.
თამაზ ბუაჩიძემ წარმატებით დაამთავრა თბილისის მე-14 სკოლა და იმავე წელს გახდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი. გამოირჩეოდა ნიჭითა და ფართო განათლებით. ამავე დროს, მეტად მოკრძალებული ადამიანი იყო. იტყოდა: ოჯახის განადგურება არ მაკმარეს, ამავე მიზეზით სამსახურის შოვნაც გამიძნელდა. ბედის ირონიით, პატარა ადგილი ვიშოვე კომკავშირულ გაზეთ "მოლოდოი სტალინეცის" რედაქციაშიო. მადლიერებით იხსენებდა პროფ. სავლე წერეთელს, რომელმაც ფილოსოფიის ინსტიტუტში მიიღო მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც მთელი სიცოცხლის მანძილზე დიდ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა: იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე და ბოლოს, პროფესორ ნიკო ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, დირექტორი. ამავდროულად, თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტზე და სასულიერო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის მედლით.
2007 წელს გამოიცა წიგნი "ნიცშე საქართველოში" (რედაქტორ-შემდგენელი თენგიზ ირემაძე), რომელიც ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ხსოვნას. წიგნს წამძღვარებული აქვს ბატონი თამაზის სიტყვები: "მე ფილოსოფოსს ვერაფერს ვურჩევ: ფილოსოფოსს სხვისი რჩევა არად გამოადგება. სურვილი სხვაა. გისურვებთ დიდ სიხარულს, რომელიც ახლავს ძიებას, შემოქმედებას, კეთილ საქმეს, სიხარულს სხვა ადამიანთა სიხარულის გამო".
თამაზ ბუაჩიძის ღვაწლის ჯეროვანი და ღირსეული წარმოჩენა მომავლის საქმეა. მისი ნაშრომები ჰეგელზე, შოპენჰაუერზე, კირკეგორზე, სიცოცხლის ფილოსოფიასა და ეგზისტენციალიზმზე დარჩა თავისი დროის შედევრებად და ასევე იქნება მომავლისთვის.
ბატონი თამაზის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრება მისი კოლეგა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ჭელიძე.
- ქალბატონო მერი, თქვენ და ბატონი თამაზი მეგობრები და თანამშრომლები ბრძანდებოდით. საოცრად თბილი და შთამბეჭდავი "ხსოვნის სიტყვაც" მიუძღვენით, სადაც მას "სიცოცხლის ფილოსოფოსს" უწოდებთ. გთხოვთ გაიხსენოთ თამაზ ბუაჩიძე, როგორც მეცნიერი და პიროვნება.
- თამაზ ბუაჩიძის ლექციებიცა და წერის მანერაც სისადავისა და სიღრმის განსაკუთრებული ერთიანობა იყო.
თამაზ ბუაჩიძის ყველა ნაშრომი განსაკუთრებული სიახლით ხასიათდება. სამაგალითოა მისი გამოკვლევა ჭეშმარიტების შესახებ. მან სრულიად სხვა, ორიგინალური კუთხით განიხილა ყოველი დროის ფილოსოფიის ეს მარადიული პრობლემა და თავისი ახალი სიტყვა თქვა.
თამაზ ბუაჩიძე საგანგებოდ შეეხო სინდისის ცნებას და თითქოს მიბაძა მარტინ ჰაიდეგერს, რომელმაც "ყოფიერებასა და დროში" საკმაოდ ვრცლად განიხილა "სინდისის-ქონების-სურვილის" ფენომენი. გქონდეთ ,,სინდისის-ქონების-სურვილი", - ეს სიტყვები ყველას მისამართითაა ნათქვამი, ხოლო თამაზ ბუაჩიძემ სინდისის ფენომენზე მსჯელობით საკუთარი ადამიანური ღირსება ფილოსოფიურ ენაზე გამოთქვა: "სინდისს ჩვენ განვიცდით როგორც ხმას, ძახილს... ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან, სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვა არავის, ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით".
თამაზი თავად იყო სათნოების, შემწყნარებლობის, სინდისიერების იშვიათი ნიმუში. მისი ამგვარი ხასიათის ჩამოყალიბებაზე ბოროტი ზეგავლენა არ მოუხდენია ბავშვობის უმძიმეს წლებს, იყო მეტად მომთმენი, დამთმობი და უაღრესად გულისხმიერი. მეგობრობის იშვიათი მომადლებული ნიჭი ჰქონდა. უნდა გენახათ, ამ ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსმა სუფრაზე რა მოლხენა იცოდა. ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ განუყრელ მეგობართან - ზურაბ კაკაბაძესთან ერთად. ორივე ხელიხელგადახვეული ცეკვავდა დაუღალავად, საკუთარი "სტილით", მათივე გამოგონილი "აკომპანემენტით", რაც ყველას აღაფრთოვანებდა. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თამაზს აღარ მოულხენია.
თამაზი თურმე საოცრად ჰგავდა მამამისს. ერთხელ ჰეგელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მიწვეული მომხსენებლები დავსხედით განსაზღვრულ ადგილებზე. დარბაზი სავსეა იყო. წინა რიგებში მხცოვანი მეცნიერები ისხდნენ. უცებ ამ რიგიდან ფეხზე წამოდგნენ და გაისმა ემოციური შეძახილები: "ანდრო ბუაჩიძე!", "ჩვენი ანდრო!", "ალბათ მისი შვილია!" თამაზს თვალები ცრემლებით აევსო, მასში დიდი სევდაც იყო და სიხარულიც. პროფესორი ანდრო ბუაჩიძე, თამაზის მამა, ხომ ამ ინსტიტუტის რექტორი იყო...
თამაზს სძულდა ზამთარი და საერთოდ სიცივის შიში ჰქონდა. მისი შინაგანი სულიერი სითბო ვერ შველოდა გაუთბობელ და გაუნათებელ ბინას, გაყინულ აუდიტორიებს. მიუხედავად ამისა, არასოდეს წუწუნებდა, არ ჩიოდა...
თამაზი ყველას უყვარდა. საპასუხოდ თვითონაც აფრქვევდა ბუნებით მომადლებულ სიკეთეს, სხვათა შორის, იმათთვისაც, ვინც გულით არ მოსწონდა. ამიტომ ვამბობდით ხოლმე, - თამაზს მტერი არ შეიძლება ჰყავდესო.
ვესაუბრებით ბატონი თამაზ ბუაჩიძის შვილს, პოეტსა და ლიტერატორს - ანდრო ბუაჩიძეს.
- რამდენად იყო ფილოსოფოსობა მამათქვენისთვის არა უბრალოდ პროფესია, არამედ, როგორც რილკე იტყოდა, "სხვაგვარად ყოფნის ვერშემძლებლობა"?
- თაზო ბუაჩიძე ბუნებით ფილოსოფოსი იყო. სხვათა შორის, ამას წინათ ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: თაზო ბუაჩიძეს ძაფი ნერვიც არ აქვს არაფილოსოფოსისაო. ათასგვარი ნიჭის წყობა არსებობს ადამიანში და გარკვეულ პერიოდში მან უნდა იპოვოს თავისი თავი, თავისი გზა ამ ცხოვრებაში. მამაჩემმა ძალიან ადრეულ წლებში იპოვა თავისი თავი, როგორც ფილოსოფოსმა. სულ ვფიქრობ ხოლმე: როგორ მოახერხა ეს-მეთქი. ჩემი აზრით, სწორედ მისმა ძნელბედობამ, ადამიანთა სისასტიკემ, რომელიც მოულოდნელად დაატყდა თავს, რაღაც ისეთი საფიქრალის წინაშე დააყენა, რომ სწორედ ამ განსაცდელით მიუახლოვდა ფილოსოფიას, სფეროს, სადაც იპოვიდა პასუხს ცხოვრების მოულოდნელ კითხვებზე. ჯერ კიდევ მოწაფეობისას კითხულობდა ფილოსოფიურ ლიტერატურას. ძალიან უყვარდა ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა. ცხოვრების საზრისის ძიების საფუძვლები მის პიროვნებაში ჯერ კიდევ ნაადრევ ასაკში ჩანდა. შვიდი წლის ბავშვს უძლიერესმა სტრესმა უბიძგა, ეფიქრა ბოროტებაზე, როგორც ტოტალურ მოვლენაზე, რომელიც არსებობს ცხოვრებაში და მეხივით დაატყდათ თავს ადამიანებს 1937 წელს. ცხადია, შვიდი წლის ასაკში ასეთ ფიქრებს ვერ შეეჭიდებოდა, მაგრამ თანდათან, რაც უფრო გამოდიოდა იმ ბურუსიდან, რომელშიც სტრესმა მოაქცია, იწყებდა აზროვნებას და ასე მივიდა ფილოსოფიასთან.
- ბატონი თამაზი, მახსოვს, როგორ უფრთხილდებოდა ურთიერთობას თითოეულ ადამიანთან, არავის აწყენინებდა. მოყვასის სიყვარული - ეს უდიდესი ქრისტიანული ღირებულება, ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი...
- დიახ, მისთვის ფილოსოფოსობა, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების წესი იყო. გარედან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ფილოსოფოსმა ყოველდღიური ცხოვრების სიბრტყეში უნდა გადაიტანოსო, - ასე ფიქრობდა. მამაჩემი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ ყოფილიყო შემწყნარებელი და ქრისტიანული ღირებულებების მთელი თავისი შინაგანი არსებით მაღიარებელი. ბავშვობიდანვე ძალიან მგრძნობიარე გახლდათ. საოცრად ლირიკული განცდა ჰქონდა სამყაროსი. ამიტომაც მეტად ფაქიზი იყო ადამიანებთან ურთიერთობაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოინათლა.
- ბატონი თამაზისა და ზურაბ კაკაბაძის მეგობრობაზე რას გვეტყოდით?
- მათი მართლაც უნიკალური მეგობრობა აღმოცენებული იყო ნამდვილი ურთიერთგაგების საფუძველზე. ეს საფუძველი გახლდათ სამყაროს ერთნაირი ხედვა, რასაც ხელს უწყობდა მაღალი ესთეტიკური გემოვნებაც. ორივეს არაჩვეულებრივად ესმოდა და უყვარდა ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, თეატრი... მათი ნიჭი გამოიხატებოდა იმაშიც, რომ ფილოსოფიურ პრობლემებს საოცრად ადვილად აკავშირებდნენ ცხოვრებასთან. მათთვის ფილოსოფია და ცხოვრება ერთმანეთისაგან მოწყვეტილი არ იყო. ისინი ღრმად შედიოდნენ ფილოსოფიურ პრობლემატიკაში, აცოცხლებდნენ მას და რაღაცნაირად ყოველთვის აკავშირებდნენ თანამედროვეობასთან, ყოველდღიურობასთან. ამავე დროს, ამბობდნენ თავიანთ, საკუთარ, ორიგინალურ სათქმელს.
მამაჩემი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა აზრის რელიეფურად გამოხატვასაც, აზრის უბრალოდ, მშრალად გამოხატვა არ აკმაყოფილებდა. იგი იყო აზრის მხატვარი. უნდოდა, რაც შეიძლება ხატოვნად, ხელშესახებად, ნათლად და მკაფიოდ გამოეხატა აზრი. მის ყველა წერილში იგრძნობა ემოციური მუხტი, ჩანს, თუ როგორ შეიგრძნობდა სიტყვას. ურთულეს ფილოსოფიურ პრობლემებსაც კი ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს.
- როგორი იყო თამაზ ბუაჩიძე ოჯახურ გარემოში, შვილებთან ურთიერთობაში?
- ძალიან არაპრაქტიკული ადამიანი იყო. არ ეხერხებოდა სხვადასხვა ოჯახური პრობლემის გადაჭრა, მაგალითად, რემონტის კეთება და სხვ. მისთვის ეს აბსოლუტურად უცხო რამ გახლდათ. ოდნავადაც არ ზრუნავდა მატერიალური კეთილდღეობის მოწყობაზე. ამგვარი საზრუნავით მოცულ ადამიანებზე იტყოდა ხოლმე, - ამათ ალბათ ჰგონიათ, ამქვეყნად მუდმივად იქნებიანო. ამავე დროს, ძალიან თბილი და კონტაქტური იყო ოჯახთან. ჭკუის სწავლება და დარიგება მაინცდამაინც არ უყვარდა. რაღაც სხვანაირი მეთოდი ჰქონდა. გაძლევდა საშუალებას, რომ თავისუფლად გეცხოვრა და შენ თვითონ მისულიყავი გარკვეულ დასკვნამდე. საერთოდ მკაცრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, გარკვეულწილად, სიმკაცრეს იჩენდა მაშინ, როცა შეფასებაზე მიდგებოდა საქმე. ბავშვობაში, როცა დავხატავდი ან დავწერდი და, ვთქვათ, შემატყობდა, რომ ცოტა გადაჭარბებულად ვაფასებდი ჩემს ნამუშევარს, მკაცრი ხდებოდა. შენიშვნას პირდაპირ და დაუფარავად მეტყოდა, თუმცა არა უხეშად.
ზოგჯერ მთელ თავებს მიკითხავდა ამა თუ იმ წიგნიდან. მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, წამიკითხა დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" რამდენიმე თავი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს იყო გენიალური ნაწარმოები. კითხვის დროს ისეთ ფილოსოფიურ კომენტარებსა და აქცენტებს აკეთებდა, ვფიქრობდი, რა კარგი იქნება, ეს რომ დაწეროს-მეთქი. ხშირად შთაგონება ეწვეოდა ხოლმე და თავის ჩანაფიქრს ხმამაღლა ახმოვანებდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, მაგრამ დასანანია, რომ ეს ნააზრევი ფურცელზე არ გადაჰქონდა. მხოლოდ მე ვიყავი ამის მომსწრე.
მამაჩემს ყოველთვის ფხიზელი ხედვა ჰქონდა. თავისუფალი იყო ილუზიებისგან. ყველაზე მტკივნეულ პრობლემებსაც კი თვალს უსწორებდა. თავის მოტყუების ფენომენი მასში არასოდეს ამუშავებულა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში უფრო ახლოს მივიდა ქრისტიანობასთან. თითქოს უფრო რელიგიური გახდა, ქრისტიანული პრობლემატიკაც მისთვის უფრო ხელშესახები შეიქნა. ყოველთვის აინტერესებდა შემწყნარებლობის პრობლემა და ეს უფრო მძაფრი გახდა გარდაცვალების წინ. მასში გამძაფრდა ადამიანური სითბო, თანაგრძნობა, თანალმობა. საოცრად მოწყენილი და ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. არ ეთმობოდა სიცოცხლე. ძალიან უყვარდა ადამიანები და ეძნელებოდა მათთან განშორება. გამძაფრებულად უნდოდა ოჯახის წევრების, მეგობრების... გვერდით ყოფნა.
- უწმინდესი ბატონ თამაზს კარგად იცნობდა?
- უწმინდესსა და თამაზ ბუაჩიძეს არაერთხელ უსაუბრიათ სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხზე. ის, ალბათ, რაღაც ისეთს ხედავდა მამაჩემში, რაც სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველია. დიდი ნუგეში იყო ჩვენთვის პატრიარქის მობრძანება. მან აღნიშნა, რომ თამაზ ბუაჩიძე იყო გამორჩეული ადამიანი, ჭეშმარიტი ფილოსოფოსი და მოაზროვნე. ჩემთვის ამ სიტყვებზე მნიშნელოვანი იყო ის, რომ მათ მიღმა იგრძნობოდა უწმინდესის განსაკუთრებული დამოკიდებულება მამაჩემის მიმართ. ეს იყო ღრმა პატივისცემა და დაფასება. ამან უდიდესი ძალა მომანიჭა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი პატრიარქისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი