წუთისოფელი, ადამიანის ცხოვრება - არის ძიება ღვთის მადლისა და ჭეშმარიტებისა. მადლი და ჭეშმარიტება, განსაკუთრებით ახლობელი და ამავე დროს, იდუმალებით მოსილი, არის ადამიანის სულიერი სამყაროს ორი მთავარი საუნჯე.
მადლი ღვთისა ათბობს და იცავს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს და თითოეულ ჩვენგანს ზეგარდმო გადმოეცემა ღირსების და სულიერი სიწმინდის შესაბამისად. მადლის არსი მსოფლმხედველობითი პრობლემაა. ადამიანური ყოფის ძირითადი აზრი გამოიხატება ზნეობრივი ამაღლების და სულიერი სრულყოფის შედეგად.
მადლი წარმოადგენს კათარზისს, განწმენდის პროცესს, გონების გაბრწყინვება-გაცისკროვნების, სულიერი მჭვრეტელობის საფუძველს.
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე წარმოუდგენელია ისტორიული განვითარება, სულიერი აღმავლობა.
ჭეშმარიტება არ არის დასრულებული ფენომენი, არამედ მუდმივმოქმედი პროცესია ძიებისა და წვდომისა, სადაც პიროვნების სულიერი და ფიზიკური ბუნება სრულყოფილად გამოვლინდება.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "გარეშე ცხოვრებისა ბრძნულისა ვერ შესაძლებელ არს ყოფნა ბრძნად".
ჭეშმარიტების ძიებაში საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობამ დიდი გზა განვლო და მრავალ განსაცდელს გაუძლო.
თანამედროვე ცივილიზაციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალას, სულიერ საყრდენს, სულიერ რეალობაზე დაფუძნებულ საძირკველს ღვთისკენ და ჭემშარიტებისკენ მიმავალ გზაზე წარმოადგენს შემეცნებითი აზროვნების სამი ძირითადი ნაკადი - რელიგიური მოძღვრება და გამოცდილება, ფილოსოფიური ცნობიერება და საბუნებისმეტყველო აზროვნება.
ეკლესიის ცხოვრება ამტკიცებს, რომ ადამიანის სულიერ განვითარებაში გარკვეული ადგილი უკავია მის გონებრივ, ინტელექტუალურ შემოქმედებით ძალებს და ცოდნითა და საერთო განათლებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიბრძნით დაჯილდოებული პიროვნებები არანაკლები შემართებით მოიპოვებენ ღვთაებრივ მადლს.
ეკლესიის დიდი მამები (იუსტინე წამებული, კლიმენტი ალექსანდრიელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი) კარგად ერკვეოდნენ და ფლობდნენ ცოდნას იმ პერიოდის ფილოსოფიის, ისტორიის, ბუნების კანონების საკითხებში.
რელიგიის და ფილოსოფიის საკითხებზე საუბრისათვის ვეწვიეთ გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფ. სერგი ავალიანს.
პროფ. ს. ავლიანი ფართო დიაპაზონის მკვლევარია შემეცნებითი აზროვნების სხვადასხვა სფეროში, მისი ინტერესების მიმართულებებია: თეორიული ფილოსოფია (ონტოლოგია, გნოსეოლოგია), ქართული ფილოსოფიის ისტორია, ბუნებისმეტყველების ფილოსოფია, ბუნებრივი თეოლოგია.
ბატონ სერგის ახლახან 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი აღინიშნა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრეებში. გამოიცა საიუბილეო სამეცნიერო კრებული - "ფილოსოფიის კლასიკური და თანამედროვე პრობლემები".
პროფ. ს. ავალიანს ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან. მხცოვანი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატივისცემითა და კეთილგანწყობით სარგებლობს.
იუბილარს ვთხოვეთ, გამოეთქვა აზრი ეკლესიის შესახებ:
- ჩვენი უწმინდესი სრულიად უნიკალური მოვლენაა ჩვენს სინამდვილეში. ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს ასეთი სულიერი მამა. მის სახელთან დაკავშირებულია საქართველოში სულიერების გამოღვიძება, აღორძინება. დღეს ჩვენი პატრიარქი ყველაზე ავტორიტეტული მოღვაწეა. ბრძენი მოძღვარი თავის ქადაგებებში, ეპისტოლეებსა და გამოსვლებში ეხება არა მხოლოდ ქრისტიანული მართლმადიდებლობის საკითხებს, არამედ განიხილავს საერო ცხოვრების მწვავე პრობლემებსაც.
უწმინდესს პირველად 1984 წელს შევხვდი. მაშინ მან ქართული საეკლესიო კალენდარი მაჩუქა ავტოგრაფით, რომელსაც დღემდე წმინდა რელიკვიად ვინახავ. ქართულმა ფილოსოფიურმა აკადემიამ, საპატრიარქოსთან ერთად, რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა, რომლებსაც უწმინდესი ყოველთვის ესწრებოდა და შედეგებს აჯამებდა. მე, ჩვენს პატრიარქთან ერთად, ოქროს მედლით დამაჯილდოეს: მე - წიგნისთვის "ანტონ პირველი" (თბ., 1987), ხოლო უწმინდესი - დიდი საეკლესიო ღვაწლისთვის ქართველი ერის წინაშე. იუბილეზე მაჩუქა წიგნი "პატრიარქი".
- ბატონო სერგი, თქვენს თხზულებებში ვკითხულობთ: "ფილოსოფია არის მეცნიერული მსოფლმხედველობა, ცოდნის დარგი, ლოგიკურად დასაბუთებული სისტემა, რომელიც სპეციალური მეცნიერებებისგან პრინციპულად განსხვავდება ზოგადობის და სიღრმის მიხედვით". იცით: ჩვენი პატრიარქი ფილოსოფიის საიდუმლოებებში ღრმად ჩახედული სწავლული ბრძანდება. ერთ-ერთ ეპისტოლეში ფილოსოფიურ შემართებას ადარებს "გაჭენებულ ცხენს". რას გვეტყვით ამის შესახებ?
- "მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო ჩვენი სულიერი მამის დიდი ინტერესი და პატივისცემა ფილოსოფიისადმი. ფილოსოფიას არა აქვს პრაქტიკული ღირებულება. მიუხედავად ამისა, როგორც არისტოტელე ამბობდა, "ყველა მეცნიერება მასზე უფრო აუცილებელია, მაგრამ მასზე უკეთესი არც ერთი არ არის". ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა, რასაც, ვფიქრობთ, უწმინდესი სიამოვნებით დაეთანხმება.
მისი გამონათქვამი მართლაც ბრძნულია და ფილოსოფოსთაგან ანგარიშგასაწევი. როცა ბიზანტიის ქრისტიანმა იმპერატორმა იუსტინიანემ 529 წელს დახურა ანტიკური ფილოსოფიური სკოლები, ამით უდიდესი ზიანი მიაყენა ინტელექტუალურ სამყაროს, 10-12 საუკუნით დააბრკოლა ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარება. შემოქმედება თავისუფლების გარეშე შეუძლებელია. ფილოსოფია მოაზროვნე ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვასწავლის, რომ ფილოსოფიური აზროვნების განვითარება მართლაც "გაჭენებულ ცხენს" ჰგავს, რომელიც თავისუფლებას მოითხოვს და თანაც დაბრკოლებებს უძლებს. ფილოფოსოფიამ გაუძლო ინკვიზიციას, კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიების მარწუხებს და ათასგვარ სხვა სოციალურ-პოლიტიკურ კატაკლიზმებს. თუმცაღა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის არც ფილოსოფოსები. როდესაც მე-18 საუკუნის ფრანგი მატერიალისტები ქრისტიანულ დოგმებს აკრიტიკებდნენ, ისინი ერთმანეთში ურევდნენ ცოდნასა და რწმენას, მეცნიერებასა და რელიგიას. დაუშვებელია რელიგიური დოგმების ანალიზი მეცნიერების პოზიციებიდან, ისევე როგორც პირიქით, მეცნიერული პრობლემების გადასაჭრელად რელიგიური დოგმების მოშველიება. ეს კარგად იცოდა ჯერ კიდევ მეორე საუკუნის ქრისტიანმა ღვთისმეტყველმა ტერტულიანემ (160-220).
მაგრამ მეცნიერული და რელიგიური ჭეშმარიტებების განსხვავება არ ნიშნავს მათ გათიშვას. საბედნიეროდ, თანამედროვე მეცნიერება ძალიან ახლოს მიდის რელიგიასთან, იმდენად ახლოს, რომ რელიგიურ დოგმებს ხშირად მეცნიერულ შინაარსს აძლევს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს, უწინარესად, კოსმოლოგიური კრეაციონიზმის იდეა, რომელიც რელიგიური კრეაციონიზმის მეცნიერულ დასაბუთებას წარმოადგენს.
- ბატონო სერგი, თქვენი ცხოვრება და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია უნივერსიტეტთან - ჩვენს სანუკვარ საგანმანათლებლო სავანესთან, თქვენი თაობა აგრძელებს უნივერისტეტის სულმნათი დამაარსებლების იდეალებს.
- ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლებიდან ურთიერთობა მქონდა ბატონ შალვა ნუცუბიძესთან. სტუდენტობის წლებში მის ლექციებს ვისმენდი. შემდეგ კი მთელი ოცი წლის მანძილზე ერთად ვმუშაობდით ფილოსოფიის ინსტიტუტში და ყოველ სამშაბათს - სხდომებზე ვხვდებოდი. ბატონი შალვას დაბადებიდან 100 წლის თავზე ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე, ხოლო მისადმი მიძღვნილ კრებულში ჩემი მოგონებებიც დაიბეჭდა.
უფროსი თაობის ქართველ ფილოსოფოსთაგან ურთიერთობა მქონდა პროფესორებთან: სერგი დანელიასთან, ლევან გოკიელთან, კოტე ბაქრაძესთან, ანგია ბოჭორიშვილთან, შალვა ხიდაშელთან, მათე მირიანაშვილთან (რომლის თანაავტორობით გამოვაქვეყნე მონოგრაფია "ალბერტ აინშტაინი") და სხვ. მაგრამ მათგან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა სავლე წერეთელთან. ბატონი სავლე სრულიად გამორჩეული იყო არა მარტო ღრმა, ორიგინალური ფილოსოფიური აზროვნებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. მან შექმნა დიალექტიკური ლოგიკის კურსი, შეიმუშავა ახალი ლოგიკური თეორია, რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით. აღზარდა ქართველ მეცნიერთა მთელი თაობა, ჩამოაყალიბა ფილოსოფიის ინსტიტუტი. გამოვაქვეყნე მონოგრაფია "სავლე წერეთელი" (თბ., 1972).
უფრო ახალგაზრდა ფილოსოფოსთაგან მეგობრული ურთიერთობა მქონდა ოთარ ბაკურაძესა და გენო ცინცაძესთან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით გასული საუკუნის ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე და მე ერთად ვსწავლობდით და ვმუშობდით მთელი სამი ათეული წლის მანძილზე. ახლო ურთიერთობა მქონდა თამაზ ბუაჩიძესთან - ერთ-ერთ უნიჭიერეს ფილოსოფოსთან. ხშირი და საქმიანი შეხვედრები მქონდა მერაბ მამარდაშვილთან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
- ბატონო სერგი, ქართული ფილოსოფიური აზროვნება, როგორც ცნობილია, სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ჩვენში შემეცნებითი საქმიანობა დედაეკლესიის წიაღში ჩაისახა და განვითარდა. ფილოსოფიური და სამეცნიერო კვლევა-ძიება უპირატესად ქრისტიანულ მონასტრებში სრულდებოდა. თქვენ სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლით დაიწყეთ. როგორ აფასებთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულებას?
- ვფიქრობ, რომ ვინც საქართველოს კულტურული ცხოვრების და მეცნიერული აზროვნების ისტორიას იცნობს, შეუძლებელია, მაღალ შეფასებას არ აძლევდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ როლს ჩვენი ქვეყნის ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ლიტერატურის განვითარებაში. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც პეტრე იბერის, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელის, იოანე პეტრიწისა და ანტონ პირველის დიდი ღვაწლი ქართული ინტელექტუალური აზრის განვითარებაში, ფაზისის რიტორიკული სკოლა. ბერ-მონაზვნები ეკლესიებსა და მონასტრებში, ღვთისმსახურებასთან ერთად, აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდნენ.
ქართული ცნობიერება მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების სავანეებში ეძიებდა ჭეშმარიტების, მადლის და სიბრძნის საიდუმლოებებს, ჩვენი სულმნათი წინაპრები სამშობლოს მიღმა ქმნიდნენ საგანმანათლებლო-სამონასტრო ეროვნულ კერებს. დღეს ჩვენი ეკლესია და მისი მესვეური, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ღირსეულად განაგრძობს ქართული ეკლესიის ტრადიციებს. ქართველი ფილოსოფოსები, მეცნიერები და ხელოვნების მუშაკები მასში ერთადერთ გავლენიან ქომაგს ხედავენ, რაც მათ დიდ სტიმულს აძლევთ შემოქმედებით მოღვაწეობაში.
მეცნიერება, როგორც ბრძანებს პატრიარქი, ღვთისგან ნაკურთხია. იგი ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა, ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის.
სახელი "სერგი" ლათინური წარმოშობისაა, ქართულად ნიშნავს - "მაღალი, ღირსეული". ეკლესიის ისტორიაში ცნობილია, რომ ადამიანთა გვარ-სახელების წარმომავლობა ღვთაებრივ განგებულებას უკავშირდება.
ეკლესიის მამები აღნიშნავენ, რომ რწმენა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პროფესიული ნიჭიერება პიროვნებაში ისე განუყოფლად უნდა იყოს შეერთებული, რომ ერთი მეორეს ამშვენიერებდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველ საქმეს, თვით უმცირესსაც კი, ზნეობრივი მხარე აქვს და თავისი საქმე ისე წარმართოს, კაცთა შორის ღვთის სასუფევლის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
მაცხოვარი გვასწავლის, რომ ვინც ღვთის სიტყვას ისმენს და აღასრულებს კიდეც, იმ გონიერ კაცს ემსგავსება, რომელმაც სახლი კლდეზე ააშენა, ღრმა საფუძველიც ჩაუყარა, ქარმა და ნიაღვრებმა მას ვერაფერი დააკლეს.
ჩვენთან არს ღმერთი!
არქიმანდრიტი ელისე
(წერეთელი)
(წერეთელი)