წელს შესრულდა ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დიდი პატრიოტის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, მრავალი სპეციალისტის აღმზრდელის, პროფესორ გრიგოლ ჩხარტიშვილის დაბადების 100 წლისთავი.
გრიგოლ ჩხარტიშვილი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო მისი ერთ-ერთი პირველი აღზრდილი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. მან შექმნა შუა საუკუნეების ისტორიის სახელმძღვანელოები, რომლებიც დღემდე იხმარება.
ბატონი გრიგოლი ღრმად მორწმუნე, სულით ძლიერი პიროვნება გახლდათ. 30-იან წლებში რეპრესირებულ იქნა "კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის". მიუხედავად გადასახლებაში გატარებული წლებისა, სულის სიმტკიცე და მხნეობა არ დაუკარგავს. პირიქით, ამის შემდეგ უფრო ნაყოფიერად განაგრძო პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა. შუა საუკუნეების უნივერსიტეტებისა და ქალაქების ისტორიისადმი მიძღვნილმა მისმა მონოგრაფიებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა არამარტო საქართველოში.
მისი ნააზრევი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც იმხანად საზოგადოებისთვის მიუღებლად ჟღერდა, ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. მაგალითად, მეცნიერისთვის ევროპული ენების აუცილებელი ცოდნა, მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლების უარყოფითი გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე, აუცილებელი საშუალო ტექნიკური განათლების პრიორიტეტული როლი სახელმწიფოებრიობისთვის, რუსიფიკაციის საშიშროება და ა.შ.
გრიგოლ ჩხარტიშვილმა და მისმა სათნო მეუღლემ, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებულმა პედაგოგმა აგრაფინა მახარაძემ ორი შესანიშნავი ქალიშვილი აღზარდეს. ანტონინა და ქეთევანი ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები არიან და ნაყოფიერად იღვწიან ამ დარგში. ნიჭიერება და შრომისმოყვარეობა შვილიშვილებსაც არ აკლიათ. მარიამი იურისტია, ირინე - ექიმი, დავითი - პიანისტი. შვილთაშვილი მარიამი კი პირველი გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეა.
ღვაწლმოსილი მეცნიერი 1982 წელს გარდაიცვალა. მან გაზარდა მეცნიერ-მკვლევართა არაერთი თაობა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერული აზრის განვითარებაში.
ბატონი გრიგოლ ჩხარტიშვილის ცხოვრებისა და მეცნიერული მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება მისი ქალიშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ანტონინა ჩხარტიშვილი:
- მამა მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. დედამისი - ასინეთ გოგუა ხატებთან სანთლის შუქზე კითხულობდა ხოლმე სახარებას, ლოცულობდა. მამა - ერემია სოფლის თავკაცი იყო. სოფელ ჯუმათში პირველი სკოლა სწორედ მან ააშენა. ერემიას და ასინეთს ხუთი შვილი ჰყავდათ. მათგან ორი ვაჟი პროფესორი გახდა.
მამას სარწმუნოებასთან მეტად სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა. ქაშვეთის ტაძარში ხშირად დადიოდა დედაჩემთან ერთად. ჩემი მშობლები თანაკლასელები იყვნენ. არ მახსოვს, ოდესმე დავეტუქსე. მეტად კორექტულები იყვნენ შენიშვნის მოცემისას. არავისზე აუგი არ დასცდებოდათ, ღარიბ-ღატაკი ეცოდებოდათ. იცოდნენ სხვისი მდგომარეობის გაზიარება და და თანადგომა. ჩვენს მეგობრებს დიდ პატივს სცემდნენ. ჩვენი უფროსი და ჩვილობაში გარდაიცვალა. ჩემი მშობლები ჯვარცმასთან ყოველთვის ლოცულობდნენ მისი სულის საოხად.
მამაჩემი ძალიან თბილი და კეთილი იყო. პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე არასოდეს დაუწერია ორიანი. თუ სტუდენტმა საგანი არ იცოდა, დამატებით საათებს დაუნიშნავდა, შინ დაიბარებდა, იქამდე ამეცადინებდა, სანამ დადებით ნიშანს არ მიაღებინებდა.
1930 წელს ირკუტსკში გადაასახლეს. გადასახლებაში დრო უქმად არ დაუკარგავს და ხელი მიჰყო ლათინური ენის შესწავლას. ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენები კი მანამდეც შესანიშნავად იცოდა, რაც გამოადგა - დედანში კითხულობდა ისტორიულ წიგნებს. უნიკალური მეხსიერება ჰქონდა. მედიაველისტიკის სფეროში მომუშავეთათვის იგი სამაგალითო იყო იმით, რომ ყველა წყარო ზეპირად იცოდა, ამიტომ "ადამიან-მანქანას" ეძახდნენ.
პირველად მამაჩემი 1924 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს სიკვდილმისჯილებთან ერთად. შემდეგ კი სასწაულებრივად შეიწყალეს და 6 თვის თავზე გაათავისუფლეს. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლისა იყო.
მამა პოლიტიკაზე ბევრს არ ლაპარაკობდა. შვილებს ასე გვმოძღვრავდა: თქვენს პროფესიას კარგად დაეუფლეთ, თქვენი საქმე ღირსეულად აკეთეთ - ეს ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩაერიოთ - თქვენი საქმე არ არისო. ჩემი მშობლებისთვის მთავარი პატიოსნება, ღირსება და განათლება იყო. ჩვენც მუდამ ვცდილობდით, მათთვის მიგვებაძა.
- გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც ხომ არ დევნიდნენ?
- გარკვეულწილად ავიწროებდნენ, ასპირანტებს არ აძლევდნენ აღსაზრდელად.
გრიგოლ ჩხარტიშვილი ეროვნული სულის ისტორიკოსი გახლდათ. ასეთი პოზიცია კი იმხანად იდევნებოდა. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას ხელს უშლიდნენ. მავანთ არ უნდოდათ, გამომზეურებულიყო თამარის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური უპირატესობა ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოსთან (კერძოდ, ინგლისთან) შედარებით. არსებობს მოსაზრება, რომ თამარის დროინდელი "კარავი" ინგლისის პარლამენტის "თავისუფლების დიდ ქარტიას" 70 წლით უსწრებდა წინ.
მამა თავის ნაშრომებში დეტალურად და ამომწურავად შეისწავლიდა ყველა საკითხს, რომელსაც მიიჩნევდა განსახილველად. ასე მაგალითად, "შუა საუკუნეების ისტორიის" შესავალი ავტორის შემდეგი ფრაზით იწყება: "ამ წიგნის შედგენის აუცილებლობა ნაკარნახევია იმით, რომ ქართულ ენაზე არსებული სახელმძღვანელოები და ლექციების კურსი ძირითადად მხოლოდ დასავლეთ ევროპის ისტორიის საკითხებს ეხება, მაგრამ არაფერია ნათქვამი წინა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ".
ინგლისის ისტორიის შესწავლისას მამა ყოველთვის ავლებდა პარალელს საქართველოსთან და წერდა: "საქართველოს XI-XII საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური სინამდვილე ბევრი რამით ინგლისისას წააგავსო".
რელიგიური თვალსაზრისითაც მეტად საინტერესო ფაქტებზე ამახვილებდა ყურადღებას. თავის წიგნში მოხსენიებული აქვს ის ფაქტი, რომ თბილისის ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ქალაქს 40 წლის განმავლობაში "ბერნი ტფილელნი" განაგებდნენ. ე.ი. თბილისს დამოუკიდებელი თვითმმართველობა გააჩნდა.
- როგორ იხსენებდა ბატონი გრიგოლი თავის მასწავლებლებს, უნივერსიტეტის კორიფეებს?
- მამა მადლიერებით იგონებდა თავის მასწავლებელს, პროფესორ გრიგოლ ნათაძეს, რომელიც მისი უშუალო ხელმძღვანელი გახლდათ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას (დისერტაციის თემა იყო "თავისუფლების დიდი ქარტია"). აგრეთვე ემადლიერებოდა პროფესორ ალექსანდრე ნამორაძეს - ისიც დიდ დახმარებას უწევდა საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობის დროს. ისტორიულ წყაროებზე მუშაობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის ე. ლავროვსკის თანადგომით.
მარტო თავისი მასწავლებლებისადმი ასეთი ღრმა პატივისცემა არის ნათელი მაგალითი ახალი თაობისთვის, რომლის ვალია, არ დაივიწყოს წინამორბედთა ღვაწლი და გააგრძელოს კვლევა იმ საკითხებისა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერებასა და წინსვლას. ამ მეცნიერთა ღვაწლი და ნაამაგარი იყო ხიდი ძველიდან ახალი ცხოვრებისკენ - უკეთესი მომავლისკენ.
- მამათქვენის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილია ღონისძიებები...
- ვფიქრობ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პატრიოტული გრძნობების გაღვიძებას, იმის გაანალიზებას, თუ რატომ იღვწოდნენ ჩვენი წინაპრები ასე თავგამოდებით თავიანთი სამშობლოს ისტორიის შესასწავლად.
გრიგოლ ჩხარტიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობიდან ნათლად ჩანს, რომ მისი მსოფლმხედველობა ეროვნული და მართლმადიდებლური იყო. იგი ძალისხმევას არ იშურებდა და მთელ ცოდნასა და გამოცდილებას წარმართავდა ჩვენი ქვეყნის წარსულის სათანადოდ წარმოსაჩენად. მან ნათელ მომავალზე ფიქრითა და ოცნებით იცხოვრა. აიტანა შიმშილობა, სიცივე, დევნა, გადასახლება და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე მხნედ იღვაწა. ყველა წინააღმდეგობა გადალახა და დაგვიტოვა კვალი ნათელი თავისი ნაშრომებისა და წიგნების სახით, რომელთა გაცნობა მკითხველს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას ასწავლის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი