რუბრიკის სტუმარი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ პაიჭაძე.
- ქალბატონო თამარ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ეკლესიასთან?
- ჩემი მშობლები ეკლესიურები იყვნენ. დედას ხშირად დავყავდი წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში (საჯარო ბიბლიოთეკის უკან). მშობლები შიშობდნენ, ამის გამო უსიამოვნება არ შემხვედროდა, ამიტომ ცდილობდნენ, რომ მათი ეკლესიისადმი მოწიწება ნაკლებშესამჩნევი ყოფილიყო.
დაკვირვებული ვარ: რაც უფრო ხშირად დადის ადამიანი ეკლესიაში და ხშირად არის უფალთან, მით მეტად უჩნდება შეგრძნება იმისა, რომ კიდევ მეტი უნდა გააკეთოს. ქრისტიანული ცხოვრება მეყსეულად და მყისიერად არ დამიწყია. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა. თუმცა უკმარისობის შეგრძნება მუდმივად მაქვს. რა თქმა უნდა, ამით თავს ვერ გავიმართლებთ, ადამიანები ვერ ვახერხებთ, ბოლომდე გავარკვიოთ ის, რაც უნდა გააკეთოს ჭეშმარიტმა მორწმუნემ. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის დამყვება შეგრძნება იმისა, ვარ თუ არა ღირსი უფლის მოწყალებისა, იმ ყველაფრის, რაც მაქვს და რისთვისაც მადლობას ვწირავ უფალს.
- ქართული მწერლობა ქრისტიანულ ღირებულელებზეა დაფუძნებული. ლიტერატურული პროცესების აღქმაში რა როლი ენიჭება სარწმუნოებით მისვლას ამ საქმიანობასთან და ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების ქრისტიანული პოზიციებიდან შეფასებას?
- ჩემი სპეციალობა ძალიან ახლოსაა ეკლესიასა და თეოლოგიასთან. ჩემი სტუდენტობის ხანა 80-იან წლებს დაემთხვა. მაშინ ლიტერატურა და ლიტერატურის ისტორია ისწავლებოდა თეოლოგიისგან მოწყვეტილად. აგიოგრაფიულ ძეგლებს, წმინდანთა ცხოვრებას ვსწავლობდით, როგორც მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და არა როგორც სინამდვილეში მომხდარ მოვლენებს, რომელთა გააზრებაც რწმენაში განმტკიცების საწინდარია. მიუხედავად ამისა, აგიოგრაფიული ნაწარმოების შეფასება მაინც მთლიანად ვერ იქნებოდა მოწყვეტილი რელიგიისგან. ამ მხრივ უფრო მეტად XX საუკუნის ლიტერატურა დაზარალდა. უმძიმეს საბჭოურ ჩარჩოში მოექცა არა მხოლოდ მწერლობა, არამედ ლიტერატურული კრიტიკაც. შემოქმედს, რომელიც სარწმუნოებრივ თემას შეეხებოდა, უმალ საზოგადოების ხორცმეტად მიიჩნევდნენ, ამიტომ ტრაგიკული იყო XX საუკუნის ყველა ჭეშმარიტი ქართველი მწერლის ბედი. ქართველი კაცისთვის მთავარი იყო ენა, მამული, სარწმუნოება. არც ერთ ამ კომპონენტზე აქცენტირება არ შეიძლებოდა. მწერლები ცდილობდნენ, სათქმელი ქვეტექსტებით ეთქვათ, რათა მუდამ გვცოდნოდა, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, რომ ჩვენი მთავარი შესანახი და გასაფრთხილებელი, ენასთან და მამულთან ერთად, მართლმადიდებლური სარწმუნოებაა.
- ფილოლოგიის ფაკულტეტზე სახარება ისწავლებოდა. რამდენად დაგეხმარათ სახარებისეული სიბრძნის გააზრება რწმენის გაღვივებაში?
- ვფიქრობდით, რომ სახარება იყო რწმენისა და ცხოვრების გზის მაჩვენებელი ქმნილება. მას ვიღებდით, როგორც ღვთის სიტყვას, როგორც რწმენის განმამტკიცებელ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ჩვენი შემეცნებისა.
- დღევანდელ თაობას საშუალება აქვს, სხვაგვარი თვალით დაინახოს და შეაფასოს ლიტერატურული ნაწარმოებები. სტუდენტის ხედვის ორიენტირის სწორად განსასაზღვრად პედაგოგის დამოკიდებულებას უთუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ჩვენ სტუდენტებს სახარებას ვაცნობთ როგორც არა მხოლოდ დიდ კულტუროლოგიურ, არამედ, პირველ ყოვლისა, დიდ სარწმუნოებრივ მოვლენას. იცით, რა მძიმე იყო 20-30-იან წლებში იმ ადამიანთა ყოფა, რომლებიც მოაცილეს ეკლესიას და რწმენას? ლიტერატურულ კრიტიკაში მათ მიმართ ხშირად ხმარობენ ტერმინს - ზედმეტი ადამიანები. მე ჩემს სტუდენტებს ვუთხარი, რომ შეფასებითი მომენტი აქ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ტერმინი არ არის სწორი. ჩვენ არა გვაქვს უფლება, ვინმეს ვუწოდოთ ზედმეტი, იმიტომ, რომ ამქვეყნად მოვლინებული ყველა ადამიანი უფლის მიერაა შექმნილი და სახელდებული. მყარი სარწმუნოებრივი პოზიციის მქონე ლექტორს, რა თქმა უნდა, შეუძლია გავლენა იქონიოს სტუდენტზე, დაეხმაროს სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში და დაანახოს გზა.
15 წელია უნივერსიტეტის ეზოში მოქმედებს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია, რომლის გახსნაც უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. იმ დროიდან მოყოლებული, მრევლის წევრი ვარ (ჩემი მოძღვარი დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი გახლავთ). სასიხარულოა, რომ წირვა-ლოცვაზე ახალგაზრდები ჭარბობენ. მიუხედავად იმ მძიმე დაღისა, რომელიც გარდასულმა ეპოქამ დაგვასვა, ქართველი ხალხი სარწმუნოებაში უფრო და უფრო მტკიცდება. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს სამღვდელოებას, უპირველესად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
- ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში უმეტესად წინ არის წამოწეული მაღალი ზნეობრივ-ესთეტიკური ფასეულობები, დასახულია გმირის იდეალი. დღევანდელ პრაგმატულ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა და იმ ტრადიციული ღირებულებების ცხოვრებაში განხორციელების სურვილი?
- ქრისტიანული სარწმუნოების გადასახედიდან ყოველთვის იბადება გმირის ძიების სურვილი. ქართველები მუდამ ვესწრაფოდით, ჩვენს შორის აღმოგვეჩინა ვინმე განსაკუთრებული, დიდი, სარწმუნოებაში ძლიერი და მტკიცე, რომელიც მაგალითია სხვებისთვის, მაგრამ არასოდეს ყელყელაობს. რწმენაში განმტკიცებული ადამიანი თავმდაბალია. უნდა ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც მივუახლოვოთ ჩვენი წმინდანების, სულიერი გმირების ცხოვრებას. უფალი ხედავს მისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს და განგვამტკიცებს რწმენაში, გვმფარველობს, შეგვეწევა. ამის შეგრძნება ყოველთვის აქვს მორწმუნე ადამიანს. რაც მეტად ხარ უფალთან, მით უფრო გრძნობ, რომ ცოტა რამეს აკეთებ და მეტის გაკეთება გინდა.
- საბჭოთა პერიოდში ზარალდებოდნენ არა მხოლოდ მწერლები, არამედ მათი შემფარებლებიც - არ ჰქონდათ უფლება, ხმამაღლა ესაუბრათ იმის შესახებ, თუ რა იყო მნიშვნელოვანი ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებაში. XX საუკუნის ლიტერატურის ისტორია ახალ შეფასებებს ელის. თქვენ ამ მიმართულებით მუშაობთ...
- XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ღირსეული წარმომადგენლები იმაზე, რაც იმ დროში ხდებოდა, წერდნენ ირიბად, შეფარვით. თავიანთი ნაწარმოებებით გვაჩვენებდნენ, თუ რა მოუტანა საზოგადოებას უღმერთობამ და რა მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს უღმერთო ყოფაში დარჩენილი ადამიანი. გავიხსენოთ თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ნოველა "ზარები გრიგალში", სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ცდილობს საწყალი მნათე ოქროპირი ზარების დარეკვას, რათა მთელი სოფელი გამოაფხიზლოს, აღდგომის ღამეს მაინც გაახსენოს უფალი და ეკლესია. იგი თავისი ექსტაზის, აღტკინების მსხვერპლი ხდება - ეკლესიის ჩამოქცეული გუმბათი შიგ მოიყოლებს, მაგრამ უღმერთოდ დარჩენილი სოფლისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ეს უღმერთობა აწუხებს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს, მას, ვინც ფიქრობს ხალხის მომავალზე და მით უფრო შემოქმედს. ყველა მწერალი - გალაკტიონი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ტერენტი გრანელი... ჯვარცმული ადამიანები იყვნენ. ისინი ეწამებოდნენ, შემოქმედება მათთვის ჯვარცმა იყო. ამაზე ერთი პოეტიც წერს: "შემოქმედება თურმე ჯვარცმაა, თუკი ატარე ნამუსის ქუდად. არ გაგიკვირდეს არც ერთი მარცხი, წარმატება კი გიკვირდეს მუდამ". სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ XX საუკუნის ლიტერატურული პროცესების შეფასება მათი ვალია, რადგან დღეს სრულიად სხვა პოზიციებიდან სჭირდება ამ ყველაფერს შეფასება-გადაფასება. XX საუკუნის ლიტერატურის ისტორია ელოდება სწორ, თანმიმდევრულ, გაწონასწორებულ შემფასებელსა და მკითხველს. ჩვენმა ლიტერატურამ დაიბრუნა ისეთი სახელები, როგორიც გახლავთ გრიგოლ რობაქიძე, ვიქტორ ნოზაძე; ქართველი ემიგრაციის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები: კალისტრატე და ნინო სალიები, აკაკი და თამარ პაპავები, რომლებიც ემიგრაციაში უფრო თამამად ლაპარაკობდნენ XX საუკუნის ტოტალურ უღმერთობაზე, იღვწოდნენ იმისთვის, რომ შინაგანად, ქვეცნობიერად მაინც შეგვენარჩუნებინა უფლისა და სამშობლოს სიყვარული და ერთგულება.
- დღეს მიმდინარეობს გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესი. რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული კულტურის განვითარებას თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში?
- ჩვენ ვართ უდიდესი კულტურისა და ისტორიული ტრადიციების მქონე ერი. ამიტომ პრეტენზიაც გვაქვს იმისა, რომ მსოფლიო ცივილიზაციის კულტურული და შემოქმედებითი პროცესების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. დღეს ეს დამოკიდებულებები, გარკვეულწილად, გათვალისწინებულია მსოფლიო შეფასებით სისტემაში. მსოფლიო საზოგადოებას აინტერესებს, XX საუკუნის ქართული ლიტერატურული პროცესი რამდენად არის ინტეგრირებული მსოფლიო კულტუროლოგიურ პროცესებში და რამდენად შეიძლება საქართველოს მოაზრება მსოფლიო კულტურის პროცესის ნაწილად. მსოფლიო საზოგადოებამ უფრო მეტი იცის მეცხრამეტესაუკუნემდელ ქართულ კულტურაზე. მცირე ერების კულტურული მემკვიდრეობითა და მიმდინარე კულტურული პროცესებით ძალიან არის დაინტერესებული მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც სურს, ყველა ერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინოს გლობალიზაციის პროცესში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენც ვართ ჩართული. ვფიქრობ, ვერაფერი შეარყევს ჩვენი ერის მარადიულ ღირებულებებს - ნათესაობის ინსტიტუტი იქნება ეს, სტუმარმასპინძლობის თუ სხვა. თუმცა ეს მხოლოდ უმნიშვნელო კომპონენტებია იმასთან შედარებით, რასაც სარწმუნოების ინსტიტუტი ჰქვია და რომელიც ჩვენში კოდირებულია. ეს მხატვრულ ნაწარმოებებშიც არის დაფიქსირებული. ყველა ადამიანი ცდილობს, არ გაწყვიტოს კავშირი მშობლიურთან. ასე რომ, უპირველესი კომპონენტი და მამოძრავებელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულებაა, რომლის ძალითაც შევინარჩუნეთ მეობა და თვითმყოფადობა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი