საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნავს: "შემთხვევითი არ არის, რომ დავით აღმაშენებელმა უმაღლესი სასწავლებელი გელათის მონასტერთან დააარსა. ასკეტიზმი და მეცნიერება ორივე რჩეულთა ხვედრია და მათი შერწყმა ხდება იდეალურ პიროვნებაში".
სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული კავშირი ყოველთვის ხელს უწყობს ადამიანში ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებას და იცავს მას უკიდურესობებისაგან. ასეთი გამორჩეული ადამიანები ყველა დროში ჰყავდა საქართველოს. ამჯერად სასაუბროდ ვეწვიეთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ქალბატონ დამანა მელიქიშვილს. იგი უკვე მრავალი წელია ასწავლის თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო აკადემიაში. ქალბატონი დამანა ღირსეული ტრადიციებით გამორჩეული ოჯახის მემკვიდრეა. მისი მრწამსისა და შემოქმედებითი გზის სათავეც სწორედ ოჯახი გახლავთ.
- ქალბატონო დამანა, გელათის მონასტერი ოდითგანვე იყო არა მარტო სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ სამეცნიერო ცენტრიც. გთხოვთ ცოტა რამ გვიამბოთ ამ აკადემიის ისტორიაზე.
- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შეგახსენოთ, რომ გაისად, 2006 წელს, 900 წელი სრულდება გელათის მონასტრის, ამ მართლაც რწმენისა და ცოდნის ერთიანობის სიმბოლოს, მშენებლობის დაწყებიდან.
როგორც წმიდა დავით აღმაშენებლის ანდერძიდან ჩანს, იგი მას თავის სიცოცხლეში ვერ დაუსრულებია ("დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძუალე შვილთა ჩემთაი უსრულად და წარმყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისო"), იგი სრულყო მისმა ძემ - დემეტრემ; მაგრამ გელათის მონასტერი წმიდა დავით მეფის სიცოცხლეშივე იქცა "ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად". დავითის ისტორიკოსის მიერ ამ ორი ქალაქის - ათენისა და იერუსალიმის - ელინური ფილოსოფიისა და ქრისტიანული სარწმუნოების ამ ორი სიმბოლოს დაკავშირებას საფუძვლად უდევს შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროსთვის დამახასიათებელი პრინციპი - რწმენისა და ცოდნის ერთიანობისა. სწორედ გელათში მოხდა ანტიკური და ქრისტიანული განათლების სისტემის შერწყმა, აქ ჩაეყარა საფუძველი ელინური ფილოსოფიის (ბიზანტიური ნეოპლატონიზმის ფორმით) შესწავლას, ნეოპლატონიკოსთა მიერ დამუშავებული არისტოტელეს ლოგიკის ("ორღანონის") გამოყენებას ქრისტიანული მოძღვრების დასასაბუთებლად.
ისტორიკოსის ცნობით, წმიდა დავითმა აქ "შემოიკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოველი სათნოებითა, არა მხოლოდ თავის სამეფოში პოვნილნი, არამედ ქვეყნის კიდით - სადაც გაეგო ვინმეს სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერი და ხორციელი სათნოებით აღსავსეობა, კეთილად გამოიძია და მოიყვანა და დაამკვიდრა" მონასტერში.
გელათის აკადემიაში, სადაც დაარსდა "სასწავლებელი ყრმათათვის", მრავალი ქართველი ეუფლებოდა ცოდნას. აქ ასწავლიდნენ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი განათლების სისტემის მიხედვით, რაც გულისხმობდა ჰუმანიტარული დისციპლინების (რიტორიკის, გრამატიკის, ფილოსოფიის დიალექტიკითურთ) და ბუნებისმეცნიერებათა (მათემატიკის, გეომეტრიის, მუსიკის, ასტროლოგიის) შესწავლას. გელათში დაიწყო ანტიკურობის წიგნიერი, მეცნიერული ათვისება - ელინური ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი პლატონის და არისტოტელეს შრომებისა და მათი კომენტარების შესწავლა-დამუშავება, თარგმნა და კომენტირება.
- თქვენ ბრძანეთ, რომ გელათის აკადემია რწმენისა და ცოდნის განუყოფელი ერთიანობის სიმბოლოა. "რა არის საერთო იერუსალიმსა და ათენს შორის?" გთხოვთ, გვესაუბროთ რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართებაზე.
- როდესაც რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულებას ვეხებით, უნდა გავარჩიოთ ორი სფერო - მატერიალური და არამატერიალური, გონიერი და ზესთაგონიერი - სფერო, რომლის შემეცნება გონების საშუალებით შესაძლებელია და სფერო, რომელსაც გონება ვერ შეიმეცნებს, ანუ ლოგიკური კანონების საშუალებითა და გზით მისი შემეცნება შეუძლებელია.
ცოდნა და რწმენა ორ სრულიად სხვადასხვა სფეროს - გონიერსა და ზესთაგონიერს - მიემართება და მათი გადაკვეთა არ ხდება. ცოდნა გამოცდილებაში გვეძლევა და იგი განსაზღვრულია. ამასთან, მუდმივად არასრულყოფილია იმდენად, რამდენადაც მისი ასპარეზი მუდმივად ცვალებადი და "მედინი" მატერიაა. აზროვნების კანონები მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში (ემპირიაში) მოქმედებს, რწმენის სფერო კი ზესთაგონიერი სამყაროა და დასაბუთების, აზროვნების კანონებს არ ემორჩილება. მის შესახებ ჩვენ ცოდნა არა გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ეს ცოდნა კი არ არის, არამედ შინაგანად მოცემული, თანდაყოლილი რამ, რასაც იოანე პეტრიწი, გელათის დიდი მოღვაწე, უწოდებს "სარწმუნოებას", რომელსაც ლოგიკური (გონებითი) გზით ვერ დაასაბუთებ. ის ამბობს, რომ არისტოტელეს ლოგიკის ("ორღანონის") კანონების ცოდნის გარეშე შეუძლებელია რისამე მიწვდომა ლოგიკური (გონების) გზით, მაგრამ იგივე კანონები არ არის საკმარისი ზესთაგონიერი (ზესთა ერთის) სფეროს კანონზომიერებათა შესაცნობად. ამ სამყაროზე რაიმე წარმოდგენის შექმნა მხოლოდ ხატებით და იგავებით შეიძლება. ვფიქრობ, სწორედ ამით განსხვავდება იოანე პეტრიწი თავისი დროის ბიზანტიელი თუ ევროპელი თეოლოგებისგან, რომლებიც დოგმატების ლოგიკური დასაბუთების გზით სვლისას აუცილებლობით ვარდებოდნენ მწვალებლობაში, მიდიოდნენ გონებისთვის მიუწვდომელი დოგმატის უარყოფამდე. ამიტომ იყო, რომ პერიოდულად იკრძალებოდა დოგმატების გარშემო კამათი. ხოლო იოანე პეტრიწმა ისე გაიარა ბეწვის ხიდი, რომ საცდურში არ ჩავარდნილა.
ამგვარად, თუკი ვინმე იტყვის, რომ რწმენის სფეროს შემეცნება შესაძლებელია ლოგიკური დასაბუთების გზით ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლით შემეცნების საგნისაკენ, მაშინ მე სრულიად გასაგებად და სამართლიანად მეჩვენება ის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც II საუკუნის წმიდა მამას, ტერტულიანეს, მიეწერება: "მწამს, რამდენადაც აბსურდია" ან მისივე რიტორიკული შეკითხვა: "რა არის საერთო ათენსა და იერუსალიმს შორის, აკადემიასა და ეკლესიას შორის?" ეს შეკითხვა თითქოს უპირისპირებს ერთმანეთს რწმენასა და ცოდნას და აღიქმება ობსკურანტიზმის (უცოდინრობის, ცოდნისადმი მტრული დამოკიდებულების) ქადაგებად. სინამდვილეში ასე არ არის. ამ გამონათქვამში ის აზრი დევს, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ და ვნახეთ, რომ ზოგჯერ ადამიანის "მაძიებელმა გონებამ", ცოდნამ (მით უფრო - არასრულყოფილმა) შეიძლება დააბრკოლოს კიდევაც არამყარი რწმენის ადამიანი. წმიდა მამები ამ საკითხში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ამიტომ აწვდიდა წმიდა ექვთიმე მთაწმიდელი მაშინ ჯერ კიდევ "ჩვილის" მდგომარეობაში მყოფ ქართველ მრევლს ადაპტირებულ თარგმანებს, ამიტომ არ უთარგმნია მას წმიდა იოანე დამასკელის შრომიდან ("წყარო ცოდნისა") "საფილოსოფიო თავები"; ამიტომ წუხს და ეჭვობს ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსის "ღვთისმეტყველების საფუძვლების" იოანე პეტრიწისეული თარგმანისა და განმარტების XIIIს.-ის ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის ავტორი: "რასა ვწერ, ანუ რასა გლახ-ვმოქმედებ... ამ წიგნისგან წარწყმდა სამგზის წყეული არიოზ, არამედ ამისგანვე განათლებულთა სამგზის მოიგეს ღვთისმეტყველთა სახელი: დიდთა ბრძენთა დიონისემ, გრიგოლიმ და ბასილიმ... ხოლო შენ განწმედილი გონება მოიგე ღვთის მიმართ და წმიდა მამათა საზღვარს ნუ გარდახვალ და საცდურად არ გექმნესო".
მაგრამ თუ საქმე ეხება ცოდნას, რომელიც ფიზიკური სამყაროს კანონზომიერების შესწავლას გულისხმობს, აქ ნებისმიერ სფეროში ცოდნის მიღება და გაღრმავება (თუკი მას საფუძვლად უდევს რწმენა, სიკეთე, სჯულიერება და ზნეობა) მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს ადამიანისთვის იმისთვის, რომ, თავის მხრივ, მან სიკეთე და სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას ღვთისგან ბოძებული ბუნებისა და ქვეყნის დაცვისა და განვითარების საქმეში. და მაინც, რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულება ყველაზე ნათლად მაცხოვრის სიტყვებში ჩანს, თომა მოციქულს რომ მიმართავს: "ჰრქუა მას იესო: რამეთუ მიხილე და გრწამ; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოანე 20,29).
- როგორც წმიდა მამები ამბობენ, ეკლესიური ცხოვრება გზას გვიხსნის მთელი ჩვენი არსების ფერიცვალებისაკენ. ღვთის მიერ ადამიანისთვის ბოძებული შემეცნების უნარი ღრმავდება და მტკიცდება ეკლესიური მადლით. ცხოვრებასა და თქვენს მეცნიერულ მოღვაწეობაში რა როლი ითამაშა ეკლესიურობამ?
- ეკლესიაში ბავშვობიდანვე დავდიოდი. სხვათა შორის, საიდუმლოდ მოგვნათლეს მე და ჩემი ძმები - თბილისიდან შორს, გუდაუთაში, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც მოძღვრად იყო ბიძაჩემის სიმამრი - მამა ნიკოლოზი (ფასტრიცკი). ახლა შეიძლება ეს გასაკვირიცაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ (ეს იყო 1946 წელს) ჯერ კიდევ საშიშროებას წარმოადგენდა. თუმცა "ეკლესიური ცხოვრება" რასაც ჰქვია (აღსარება, მარხვა, ზიარება...), გვიან დავიწყე. ეკლესიაში დიდმა განსაცდელებმა მიმიყვანა და სწორედ ეკლესია დამეხმარა მათ გაძლებასა და დაძლევაში, სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზებასა და სწორად წარმართვაში, შინ და გარეთ უამრავი მოვალეობისა და საქმის აღსრულებაში. ეკლესია და, საერთოდ, სასულიერო მწერლობაში ღრმად ჩახედვა ძალიან დამეხმარა პროფესიულ დახელოვნებაში - სულ სხვა თვალით დამანახვა ის, რასაც ადრე ვიკვლევდი.
- თქვენი მეცნიერული მოღვაწეობის სარბიელისა და ცხოვრების გზის არჩევისას ალბათ დიდი როლი ითამაშა თქვენი ბაბუის - წმინდანად შერაცხული მღვდლის სიმონ მჭედლიძის მადლის შემწეობამ. გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე.
- დედაჩემი, ნინო (გუგული) მჭედლიძე, 1924 წელს წმიდა ნაზარი მიტროპოლიტთან და სამღვდელო კრებულთან ერთად დახვრეტილი მღვდლის სიმონ მჭედლიძის ქალიშვილი იყო. "შეუწყნარებელი" აზრების გამო ეჭვმიტანილი სკოლიდან დაითხოვეს და იძულებული გამხდარა გარიდებოდა თბილისს და სოფელში (წიწამურსა და ძალისში) წასულა ოთხწლედის მასწავლებლად. მიუხედავად ლტოლვილობისა და მძიმე ბავშვობისა (12 წლის იყო, როდესაც მამა დაუხვრიტეს), ძალიან ლაღი და მიმტევებელი ხასიათი ჰქონდა. სწორედ აქ, მცხეთაში, გაუცვნია მას მამაჩემი, ნიკო მელიქიშვილი, რომელიც იმ დროს მცხეთის რაიაღმასკომის თავმჯდომარე იყო, განთქმული პატიოსნებითა და ქველმოქედებით (მოხუცი მცხეთელები დღესაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ მას). მამამ ცოლად შეირთო დედა და ამით დაიხსნა დევნისაგან (თუმცა მერე კინაღამ თვითონ შეეწირა ამას).
მამა დიდად უწყობდა ხელს იმჟამად არმაზში მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციებს. წიგნებს და სტატიებს, სიმონ ჯანაშიასა და გიორგი წერეთლის მიძღვნითი წარწერებით, მოწიწებით ინახავდა. ბუნდოვნად მახსოვს, სამთავროს მონასტრის მონაზვნებთან რომ დავდიოდით. ერთხანს (ძალიან პატარაობისას) მცხეთის ზემოთ, მთაზე, "ოლგინსკის" მონასტერში რუს მონაზვნებთანაც კი ვცხოვრობდით მე, დედა და ჩემი ერთ-ერთი უფროსი ძმა, მეორე - ბებიასთან, მღვდელმოწამე სიმონის ქვრივთან, იზრდებოდა თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც ყოველ 15 თებერვალს, ბაბუას ხსენების დღეს (მირქმის დღესასწაულზე, სიმონობას), ბებიას ანდერძის თანახმად, მთელი ნათესაობა იკრიბებოდა. ეს ჩვენთვის შობა-ახალი წლის ტოლი დღესასწაული იყო, ჩვენთვის, ბავშვებისთვის, დაუვიწყარი სიხარულის მომტანი, დიდი სკოლა ცხოვრებისა. აქ იკრიბებოდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ბლაღოჩინ მიხეილ მჭედლიძის (სიმონის მამის) შთამომავლები ოჯახებით, რათა აქ ნაამბობ და გაგონილ სიქველეთა სულისკვეთებით აღეზარდათ მომავალი თაობა. პირველ ოთახში, კარის თავზე, ეკიდა ბაბუას და ბებიას ნაქონი ხატი, წმინდა ათონის ივირონის კარის ("პორტაიტისი") ღვთისმშობლის ხატის ასლი, დამზადებული ათონზე საგანგებოდ მამა სვიმონისათვის, რასაც წარწერაც (დღეს ცოტა დაზიანებული) მოწმობს: "ეგზავნების ხატი ესე მამა სვიმონ მჭედლიძეს... კურთხევითა..." და კიდევ: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მარჯვნივ - წმიდა ეკატერინესა და ყრმის მხარეს კი სვიმეონ მართლის გამოსახულებაა გრაგნილით ხელში, რომელზეც წერია სვიმონ მიმრქმელის სიტყვები ლუკას სახარებიდან: "აწ განუტევე, უფალო, მონაი შენი მშვიდობით" (წმიდა ეკატერინე და წმიდა სვიმეონი ხომ მათი მფარველები არიან).
აქ იხსენებდნენ წინაპრებს, კეთილ საქმეებს, ერთმანეთის სიყვარულსა და ერთურთის დანდობას, მაგრამ არასოდეს - ცუდ ამბებს: ბაბუას სიკვდილით დასჯასა და რეპრესიებს (უფროსი ბიძაც 1937-ში ციმბირში გადაასახლეს და იქ დაიღუპა).
ბაბუას რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა, მომეძიებინა მისი შრომები, მის მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთების აკინძული ნომრები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აკრძალულ ფონდებში ინახებოდა.
მღვდელმოწამე სვიმონის გაზეთი "შინაური საქმეები" ღრმა ეროვნული მიმართულების სასულიერო-ზნეობრივი გაზეთი იყო. ამაზე ბევრი დაიწერა და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
- თქვენი შვილებიც წინაპართა კვალს გაჰყვნენ. გვიამბეთ მათ შესახებ.
- მყავს ორი შვილი - ანა და ლევან ხარანაულები. ანა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია, მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებაში. თანამშრომლობს გერმანიის ქ. გოტინგენის აკადემიის სეპტუაგინტას (70-თა თარგმანის) ინსტიტუტთან. იკვლევს ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის წარმომავლობის საკითხებს, რითაც ამ ბოლო დროს ძალიან არის დაინტერესებული ბიბლიის ბერძნული ტექსტის შემსწავლელი ეს ცენტრი. მისი მუშაობისა და იმ სტატიების შედეგად, რომლებიც დასავლეთის პერიოდულ გამოცემებში დაიბეჭდა, სხვა უძველეს თარგმანებთან ერთად ახლა უკვე ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის მასალაც იქნება გათვალისწინებული. შრომებში დამაჯერებლადაა დასაბუთებული ბიბლიის ქართული თარგმანის სეპტუაგინტას რედაქციებიდან მომდინარეობა. ახლა ჩემი ქალიშვილი გერმანიაშია სეპტუაგინტას ინსტიტუტის მიწვევით და რომ ჩამოვა, ამ თემაზე დაიცავს სადოქტორო დისერტაციას.
ლევანი მხატვარია, ფერმწერი. ხშირად აქვს პერსონალური გამოფენები თბილისშიც და საზღვარგარეთაც - იტალიაში, საფრანგეთში.
- თქვენი შვილიშვილებიც, ცხადია, მართლმადიდებლური მრწამსით იზრდებიან...
- ჩემს ვაჟს, ლევანს, ჰყავს უმშვენიერესი და უკეთილშობილესი მეუღლე ლელა, რომელსაც შვილებში ვერ ვარჩევ. მან ხუთი (მეექვსეს ველოდებით) ულამაზესი შვილიშვილი მაჩუქა - მარიამი, ქიტო, ბესიკი, გიორგი და ელენე. ხუთივე 40 დღისა მოინათლა. უკვე ორი წელია მათი ოჯახი თიანეთში გადასახლდა. სისტემატურად ესწრებიან ლიტურგიას. უფროსი, მარიამი, 16 წლისაა, გალობს თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების პატარა ტაძარში, წელს ამთავრებს სკოლას და სამხატვრო აკადემიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას; 12 წლის ბესარიონი 6 წლიდან სტიქაროსანია (ლურჯ მონასტერში დაიწყო მსახურება, ახლა კი თიანეთის ეკლესიაში დიდი მოშურნეობით განაგრძობს მსახურებას); ქიტო 15 წლისაა და მამის მარჯვენა ხელია, ეხმარება სახლის შეკეთებასა და სამეურნეო საქმიანობაში, კარგად სწავლობს და ხატავს; 7 წლის გიორგი, რომელიც II კლასშია და განსაკუთრებით კი 2 წლის ელენე ეკლესიის ერთგული მრევლი არიან. ელენე დილით ადრე გალობით და "ალილუიათი" იღვიძებს და აღვიძებს ყველას. ჩემს შვილიშვილებში გრძელდება ჩემი სიცოცხლე.
- ქალბატონო დამანა, თქვენი გამოცდილებით, მაინც რა როლს თამაშობს ეკლესიური აღზრდა ბავშვების ხასიათის ჩამოყალიბებაში?
- ახალს ვერაფერს ვიტყვი: ეკლესია სულიერად ზრდის და წვრთნის ბავშვს, უვითარებს ნებისყოფას და იმ კეთილ თვისებებს, რაც მათში ბუნებით დევს, იცავს ყოველგვარი ბოროტებისგან, სიკეთის ქმნისაკენ მიმართავს მის ძალებს, საკუთარი საქციელის განსჯას და პასუხისმგებლობას აჩვევს, ასწავლის "თავის უფლებას" - ამ სიტყვის პირდაპირი და სწორი გაგებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთსა და სიკეთეს აზიარებს, რაც ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მიზანი უნდა იყოს.
- რას უსურვებდით ახალ თაობას?
- მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ბიძების, დეიდების (დიმიტრი, ბიძინა, ბაბო, მარგარიტა, ეკატერინე მჭედლიძეების). მათთან ურთიერთობამ, ასე მგონია, მეცხრამეტე საუკუნეს მაზიარა. ჩვენი ახალი თაობა, სამწუხაროდ, ძალიან დაშორდა ამ საუკუნეს, მის იდეალებს. ვუსურვებ მათ, იკითხონ მეცხრამეტე საუკუნის მოღვაწეთა მემუარები, პირადი წერილები...
- დიდი მადლობა, ქალბატონო დამანა, საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი