განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ბუნებისა და საარსებო გარემოს დაცვის საქმეში. სწორედ პატრიარქის კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია.
მის მიერვე წამოწყებულმა კვლევებმა სულის ეკოლოგიასა და ვალეოლოგიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თანამედროვე მეცნიერების სულიერ გამდიდრებაში.
უფალმა თავის ხატად შექმნილ ადამიანს მოუწოდა, ყოფილიყო ბუნების ნამდვილი პატრონი, მას ჩააბარა მეფობა დედამიწაზე. ამდენად, ბუნებასა და ყოველ ცოცხალ არსებაზე ზრუნვა ადამიანის ღვთაებრივი დანიშნულებაა. XXI საუკუნეში, ტექნიკური ცივილიზაციის განვითარებისა და ადამიანის მზარდი მოთხოვნილებების კვალობაზე, უკიდურესად გამწვავდა ეკოლოგიური კრიზისი - დაპირისპირებამ ადამიანსა და გარემოს შორის საფრთხე შეუქმნა კაცობრიობას. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა სტრატეგია ავირჩიოთ ბუნებასთან ჰარმონიის მისაღწევად, კაცობრიობის, ბიოსფეროს და საერთოდ სიცოცხლის გადასარჩენად - ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს ეკოლოგიამ. ხოლო რა კითხვებს სვამს სულის ეკოლოგია და როგორია მისი პრობლემატიკა, ამის თაობაზე ინტერვიუ ვთხოვეთ უაღრესად მორწმუნე მეცნიერს, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელსა და პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ეკო-ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის (ჰანოვერის) საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, სტუ-ის იუნესკოს კათედრის გამგეს, საერთაშორისო ექსპერტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კომისიის მთავარ სპეციალისტს, პროფესორ მარატ ციცქიშვილს:
- ბატონო მარატ, სულის ეკოლოგია ტრადიციულ ეკოლოგიურ მეცნიერებებს მიეკუთვნება. რა არის ძირითადი არსი ამ მეცნიერებისა და რამდენად უკავშირდება იგი ქრისტიანულ მრწამსსა და მსოფლმხედველობას?
- ამ მეცნიერების ძირითადი არსი გახლავთ ის, თუ "რა არის მესამე კომპონენტი სულისა და გარემოს ურთიერთობების რეგულირებისა".
სულის ეკოლოგიის თვალსაზრისით, რელიგიური მრწამსი აუცილებელი ატრიბუტია როგორც საზოგადოების, ისე მისი ინდივიდუალური წევრისა.
ამჟამინდელ სოციალურ სინამდვილეში ჭეშმარიტების ძირითადი კრიტერიუმი არის წმინდა წერილისადმი დამოკიდებულება. აქ მთავარი ისაა, რომ იესო მაცხოვრის არსებობა-ჭეშმარიტება მეცნიერებასაც არ ეეჭვება და მამა ღმერთის მიერ კაცობრიობისთვის ნაჩუქარი ათი მცნების სახელით ცნობილი ზნეობრივ-ეთიკური კანონების გადასინჯვის აუცილებლობას, იმედია, ვეღარავინ ვერასოდეს დაასაბუთებს, რაც, ფაქტობრივად, ცალსახად ხსნის საკითხს რაიმე ახალი რელიგიური მოძღვრების შექმნისა.
სადღეისოდ სავსებით დასაბუთებულია ღმერთის არსებობა. რელიგია და სარწმუნოება არის ადამიანის სულიერი მოღვაწეობა-რეალიზაციის ის სფერო, რომელიც დაცული უნდა იყოს გარეშე ზემოქმედებისგან. ესეც სულის ეკოლოგიის აქსიომატიკაა. ნებისმიერი სექტის მოღვაწეობა სიცოცხლის მიწიერი ფორმების ბიწიერების პროპაგანდაა და სულის ეკოლოგიისთვის არა მარტო მიუღებელია, არამედ შეუძლებელიც, ვინაიდან ადამიანის დანიშნულების ეკოლოგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება. ამ საერთო ჰარმონიითა და მთლიანობით აღსავსე სამყაროში ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი ადგილი და დანიშნულება - რისთვისაა გაჩენილი და რა ფუნქცია აკისრია?
- სულის ეკოლოგია სავსებით ახალი მიმართულებაა თანამედროვე ეკოლოგიაში და ჩამოყალიბების სტადიაშია. რა არის საკუთრივ მისი კვლევის საგანი და "სულისა და გარემოს ურთიერთობის რეგულირების კომპონენტი"?
- სულის ეკოლოგიის კვლევის საგანია სულიერი - შინაგანი და მატერიალური - გარეგანი სამყაროების ურთიერთქმედება და კავშირები, განპირობებულობა ერთისა მეორით და მრავალი პრობლემა, რომელიც ადამიანს, როგორც სულიერ არსებას, შეუძლებელია, არ აღელვებდეს, არ ზემოქმედებდეს მის ფსიქიკასა და სულიერ სამყაროზე. ეს მეცნიერული მიმართულება, ამა თუ იმ სახითა და სახელწოდებით, დინამიკურად ვითარდება: საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ერთ-ერთი პირველი სიმპოზიუმიც კი გაიმართა თბილისში გასული საუკუნის მიწურულს.
თუ რა არის კომპონენტი სულისა და გარემოს ურთიერთობის რეგულირებისა, ამაზე ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ვეძიოთ მეცნიერული დასაბუთება ჩვენი მოსაზრებებისა - სწორედ ეს მეცნიერული ამოცანა დგას ჩვენს წინაშე. პასუხი ამ ურთულეს ფილოსოფიურ საკითხზე ტოლფასია სხვა ფუნდამენტური საკითხისა - "ადამიანის ღვთაებრივი დანიშნულების შესახებ" და ალბათ ამოუწურავია მეცნიერებისთვის.
სულის ეკოლოგია დიდ ყურადღებას უთმობს ენერგიის გარდასვლა-მოძრაობების ანალიზს. ადამიანში დაგროვილი შეუცნობადი უარყოფითი ენერგია, რომლის მიზეზი შესაძლებელია იყოს უამრავი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ შინაურ-ოჯახური, ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემა, გამოსავალს ითხოვს და პოულობს აგრესიულ ქცევაში, "მტრის ხატის" შექმნაში, სიძულვილში, რადიკალიზმში, მიუტევებლობა-შეურიგებლობაში. თვალში საცემია ამ პროცესების ხელოვნებაში გადატანა - ეკრანზე ძალადობის ამსახველი სცენების მომრავლება. მკვლელობის ხილვა ეკრანზე ნარკოტიკივით მოქმედებს - იგი ამცირებს ჩვენს ქვეცნობიერ სიკვდილის შიშს. ყველაზე დიდი ქმედითი წამალი, "ანტიშიში" კი არის სულის უკვდავების რწმენა. რელიგიური ადამიანი სიკვდილის შიშს ძლევს სულიერი განახლების, ღვთაებრივი სასწაულის - აღდგომის რწმენით. მაგრამ თუ არ არის რელიგიური, მას სიკვდილის საშინელი, ცხოველური შიშიღა რჩება, რომელიც ფაქტობრივად ბოჭავს მის ფსიქიკას და ყოველგვარი ქმედითი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ასეთი ადამიანი, სულის ეკოლოგიის თვალსაზრისით, აღარ ითვლება პიროვნებად. მისთვის ბოროტების ჩადენა საკუთარი აღსასრულის შიშის შესუსტების იარაღია - სასამართლო ფსიქიატრია ამტკიცებს, რომ მკვლელებად გვევლინებიან სწორედ მშიშრები.
სულიერი ეკოლოგია არის თეორია-იდეოლოგია კაცობრიობის არსებობა-დანიშნულების შესახებ. იგი პასუხობს იმ ძირითად კითხვაზე, რომელსაც კაცობრიობას უსვამს მთელი დანარჩენი სამყარო: "ვინა ხარ და რისთვის მოსულხარ?" რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხი უკვე არის ბიბლიაში. საკითხავია, რამდენად ღირსნი ვიქნებით ჩვენ ამ პასუხისა. ადამსა და ევას პირვანდელი დაცემა-შეცოდების შემდეგ, რასაც სამოთხიდან გაძევება მოჰყვა, ღმერთმა გამოსაცდელად მიწიერი ცხოვრება დაუწესა და თუ ეს ცხოვრება არ გადაიქცევა ჯოჯოხეთად და ადამიანი შეძლებს მიაღწიოს ჰარმონიას მიწიერ-მატერიალურ და ზეციურ-სულიერ სამყაროებს შორის, მაშინ სამოთხე მისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდება მიწაზეც და ცაშიც. თუ სიცოცხლის მომცემი ჩვენი დედამიწა დაიშრიტა და დაჭუჭყიანდა, თუ საარსებო გარემო ეკოლოგიურად განადგურდა, მაშინ ბიბლიურ გადმოცემას სამოთხიდან გაძევებისა ჯოჯოხეთის მისჯის ტოლფასი მნიშვნელობა მიეცემა.
- უკანასკნელ ხანებში საინფორმაციო წყაროებსა და სოლიდურ სამეცნიერო ჟურნალებში ბევრი იწერება ადამიანის ჯანმრთელობაზე არამატერიალური ფაქტორების გავლენაზე. მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ მორწმუნეს უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, მან არ იცის, რა არის დეპრესია, იგი მეტს ცოცხლობს, ნაკლებად აწუხებს ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი და ა.შ. სულის ეკოლოგია ამ საკითხებითაც არის დაინტერესებული. რას გვეტყვით ლოცვის სამკურნალო მოქმედების შესახებ?
- ობიექტურად დადასტურებულია უამრავი ექსპერიმენტული მონაცემი, რომლებიც ძალზე ძნელი ასახსნელია. მაგალითად, სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მრვალწლიანი დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა, რომ ურწმუნო ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა გართულებები გაცილებით იოლად მიმდინარეობდა, თუ მათთვის ლოცულობდნენ სრულიად უცხო მორწმუნეები.
"ინტერნეტის" საიტები მოიარა რუსი მეცნიერის, სანკტ-პეტერბურგის ბეხტერევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეირო და ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ვალერი სლეზინის ინტერვიუებმა, რომლებშიც ლაპარაკია თითქმის სენსაციურ აღმოჩენაზე - ადამიანის ცნობიერების მეოთხე მდგომარეობაზე, რომელშიც იგი ლოცვის დროს ვარდება. თვით ფაქტი იმისა, რომ ადამიანში გენეტიკურად არის ჩამაგრებული ლოცვისთვის დამახასიათებელი ფსიქო-ნერვული მდგომარეობა, მიუთითებს მის ბუნებრივ აუცილებლობაზე, ორგანიზმისთვის მის "სასურველობაზე". ამ ოთხივე მდგომარეობის ურთიერთშეცვლა, ურთიერთგაცვლა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ისევე ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, როგორც ძილიდან ღვიძილში გადასვლა.
ვალერი სლეზინი ამბობს: "ჩვენი ინსტიტუტის მახლობლად მდებარე ალექსანდრე ნეველის ლავრის მღვდლებს მივმართეთ თხოვნით, წაეკითხათ ლექსი და ლოცვა; ცდების დროს ხდებოდა თავის ტვინის ქერქის ელექტრონული აქტივობის - ელექტროკორტიკოგრამის ჩაწერა. თუ ლექსის წაკითხვისას ჩვეულებრივ ხდებოდა ბიორიტმების გახშირება, ლოცვისას, ისევე, როგორც ძილის დროს, ელექტრონული აქტივობა ნელდებოდა. ასეთი აქტივობა მხოლოდ ორ თვემდე ასაკის ბავშვებს აქვთ. როგორ არ გავიხსენოთ აქ მაცხოვრის შეგონება: "იყავით ვითარცა ჩვილნი და გადარჩებით".
ამრიგად, კვლევები ცხადყოფს, რომ მართლმადიდებლური საეკლესიო სარიტუალო მსახურების დროს, მორწმუნის ლოცვისას, ქვეითდება მისი თავის ტვინის ელექტრული აქტივობა. ტვინი ისვენებს, თავისუფლდება არასასურველი პათოლოგიური ნეიროკავშირებისგან. შეიძლება ითქვას, რომ მხურვალე ლოცვის დროს ადამიანი რეალობიდან გადის, რაც ამშვიდებს მის ნერვულ სისტემას, იკარგება დროის შეგრძნება.
შევეცადოთ, თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის პოზიციებიდან - სულის ეკოლოგიის პრინციპებით ნაწილობრივ მაინც ავხსნათ ეს ფენომენი. ლოცვის ფსიქოლოგიის შესწავლა დაკავშირებულია მის ტექსტობრივ ანალიზთან. მაგრამ ლოცვა არ არის ჩვეულებრივი ტექსტი. მას არა აქვს ინფორმაციის გადაცემის ვიწრო ფუნქცია. თომა აქვინელი ამბობდა, რომ "ლოცვა არის ჩვენი სურვილების წარდგენა ღმერთის წინაშე". ნათელია, რომ ლოცვა მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ნებელობასთან და გულისხმობს სინერგიას. ლოცვის აქტში პირვანდელი - საწყისი მისწრაფებები მლოცველისა, ხშირად მიმართული კონკრეტული კეთილდღეობისკენ, გარდაისახება ლოცვის ტექსტში ჩადებული ეთიკური მისწრაფებების მიხედვით. ლოცვა გამოხატავს მლოცველის აზროვნების ორიენტაციას, როგორც სურვილს ღმერთთან შეხვედრა-შეერთებისა, კეთილსახიერი გარდასახვისა. ლოცვის თავისებურებები იხატება მლოცველის ფსიქიკაზე ზემოქმედებაში.
- მაინც რა თავისებურებები, ფენომენები განაპირობებენ იმ საოცრებებს, რომლებიც მორწმუნეთათვის საუკუნეებია ცნობილი, ხოლო მეცნიერებისთვის ახლა იხსნება, როგორც სავსებით შესაძლებელი და მეცნიერულად ახსნადი ფენომენები? რაში მდგომარეობს ღვთისადმი ლოცვის სარწმუნოებრივი ძალა?
- წმინდა მამების, ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებში წარმოსაჩენია ლოცვების რამდენიმე თვისობრივი ფენომენი, რომლებითაც ლოცვის პროცესი მკვეთრად განსხვავდება ხმამაღალი კითხვისგან, უბრალო დეკლამაციისგან, დიალოგისა თუ მონოლოგისგან. ესენია: 1) ლოცვის დროსა და მოქმედებაში დაუსრულებლობა-მუდმივობა; 2) ლოცვის რიტმულობა-პერიოდულობა და თანაბარინტერვალიანობა; 3) ლოცვის იმედისმომცემი მიმართება, თვით უკიდურესი პესიმისტური განწყობის დროსაც კი რწმენა და ოპტიმისტური მოლოდინი კეთილი ცვლილებისა.
პირველი მათგანი გულისხმობს არა მარტო ლოცვის მუდმივ აღვლენას, არამედ მორწმუნის ამ მდგომარეობაში მუდმივ ყოფნას ან მზადყოფნას, აზრობრივად მაინც. მაგალითად, "მამაო ჩვენოს" მუდმივი კითხვა. აქ იგულისხმება არა მარტო რიტუალის მუდმივობა, არამედ მლოცველის სულის მუდმივი მზადყოფნა ლოცვისთვის, მისი დაუსრულებლობა.
მეორე ფენომენზე პირველად რუსმა მოაზროვნემ მ. ბახტინმა მიუთითა, როგორც "ლოცვის შიდა მოწესრიგებულობის მახასიათებელზე". რა იგულისხმება ლოცვის რიტმულობაში? - საერთოდ, რიტმი, როგორც "გარედან თავს მოხვეული" მოვლენა, ყოველთვის რაღაც თავისუფლების დაკარგვასთანაა გაიგივებული. მ. ბახტინის მიხედვით, "ნების თავისუფლება და პირადი აქტიურობა შეუთავსებელია რიტმთან. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს რიტმული". რიტმი ყოველთვის გარეგნულია, არ აძლევს პიროვნებას საშუალებას, ჩაიკეტოს თავის თავში. ლოცვის მიზანიც სწორედ ესაა - არ დაუშვას პიროვნების საკუთარ ჩარჩოში (კანში) ჩაკეტვა, მოამზადოს იგი უფალთან შესახვედრად.
ლოცვის მესამე ფენომენი უშუალოდ გამომდინარეობს მისი მუდმივი "იმედის გამომხატველობისგან". ლოცვის აქტი იმედის მომნიჭებელია, გზაა მისი მიღწევისა. ეს დაკავშირებულია არა მარტო ლოცვის ტექსტში ჩადებულ აზრობრივ დატვირთვასთან, არამედ აღმსარებლობით მონიჭებულ მადლთან.
თუ ლოცვის ამ სამ თვისობრივ ფენომენს თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის პოზიციებიდან შევხედავთ, საქმე გვექნება თავის ტვინში. მუდმივი დომინანტური აღგზნების ცენტრის ჩამოყალიბების მეთოდთან. თანაც ეს ცენტრი დადებითი ემოციების გენერატორი და უარყოფითი ემოციების დამთრგუნველია. მას ძალუძს პესიმისტი ოპტიმისტად აქციოს, გამოუსწორებელი მიზანთროპი საზოგადოებას დაუბრუნოს და საერთოდ, მთლიანად შეცვალოს არა მარტო ადამიანის პიროვნება და მისი ემოციური სამყარო, არამედ მიაღწიოს უფრო ღრმა გარდაქმნებს თვით უჯრედულ დონეებზე, იმუნური თუ მეტაბოლური პროცესების ცვლილებით. რა შეუძლია რწმენით გაძლიერებულ პიროვნებას - ამაზე მეტყველებს ქრისტიანი წმინდანების მოწამებრივი ცხოვრების საოცარი ფურცლები.
ადამიანის თავის ტვინის განსაკუთრებული, მე-4 მდგომარეობის (ეს, ჩვენი აზრით, შესაძლოა ზედმეტად გაბედული ჰიპოთეზა იყოს) დაშვების გარეშეც თანამედროვე მეცნიერება სავსებით გაგებით ეკიდება მრავალ საოცარ ფაქტს აღმსარებლობის კეთილი გავლენისა ადამიანის - მორწმუნის ჯანმრთელობაზე. და რა გასაკვირია, თუ საკუთარ ქმნილებას - ადამიანს, ჩვენმა ზეციერმა მამამ მისივე ქმნილების გადარჩენა-განკურნების მექანიზმებიც ჩაუდო შექმნისთანავე. არ არსებობს ხსნის სხვა გზა, გარდა საუფლო გზისა. რწმენა იხსნის კაცობრიობას ისე, როგორც ყოველდღიური ჩვენი ლოცვა უფლისადმი, გვიცავს ჩვენ, მაშინაც კი, როცა ზუსტად არ გვესმის, თუ როგორ ხდება ეს საოცრება. თუმცა რატომ მიგვაჩნია ჩვენ ეს საოცრებად - მუდმივი მფარველობა ზეციური მამისა თავისი სამწყსოსადმი?
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი