რელიგიისა და ფილოსოფიის სფეროებს შორის დიალოგი აუცილებელია და დღეს რომ საქართველოში ასეთი დიალოგი მიმდინარეობს, უწმინდესისა და პროფესორ ნიკო ჭავჭავაძის დამსახურებაა.
ბატონი ნიკო ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ, ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომლისთვისაც თამამად შეიძლება გეწოდებინათ ქრისტიანი ფილოსოფოსი. მას არასოდეს არავისთვის მოუხვევია თავს თავისი რწმენა. ეზიარებოდა კიდეც და ეკლესიურადაც ცხოვრობდა. უწმინდესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბატონი ნიკოს რწმენა, მამულიშვილობა, კეთილშობილება, ნიჭიერება, ცოდნისადმი სწრაფვა მის შვილებსაც გამოჰყვათ. ზურაბ ჭავჭავაძის სახელი სამარადისოდ დაუკავშირდა ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ყველა ქართველისთვის იგი დარჩება იმ რაინდად, რომელიც ზვარაკად შეეწირა მამულის საქმეს.
ბატონი ნიკოს ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ. მას მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიაში, ისევე, როგორც მეცნიერების სხვადასხვა დარგში, არსებობს ბევრი პრობლემა, რომელთა გადაჭრა რელიგიური ხედვის გარეშე შეუძლებელია.
- ქალბატონო ნინო, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ოჯახზე, თქვენს საგვარეულოზე... თქვენს წინაპართაგან ბევრი სასულიერო პირი, სამშობლოსა და ეკლესიისთვის თავდადებული მოღვაწე იყო. რამდენად მიაგებდნენ პატივს თქვენს ოჯახში სარწმუნოებას, ეკლესიას? როგორი ღირებულებებით გზრდიდნენ?
- ნებისმიერი ადამიანი პიროვნებად ყალიბდება იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ცხოვრობს: ოჯახი, სკოლა, მეგობართა და ახლობელთა წრე თავის კვალს ტოვებს. ბუნებრივია, ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა ოჯახმა. ჩემი მშობლები მეცნიერები იყვნენ, მამა - ფილოსოფოსი, დედა - აღმოსავლეთმცოდნე. ამიტომ ზოგადად მეცნიერებისა და ცოდნისადმი ინტერესი და პატივისცემა ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს შვილებს. ჩვენს ოჯახში არ ასხვავებდნენ ადამიანებს ეროვნებისა და თანამდებობის მიხედვით. მშობლები პატივს სცემდნენ კაცს პიროვნული ღირსებების გამო და ჩვენც ამის მაგალითს გვაძლევდნენ.
ოჯახში არასდროს გვიზეიმია შვიდი ნოემბერი და პირველი მაისი. ბავშვობაში ხშირად მიკვირდა, რატომ არ აღვნიშნავდით ამ დღეებს, მაგრამ არც დედა და არც მამა არც ავს გვეუბნებოდნენ და არც კარგს. ცდილობდნენ, ის დღე მშვიდად გაგვეტარებინა. მამა ძირითადად კითხულობდა, დედა კი კლასიკურ ნაწარმოებებს გვიკრავდა და გვიხსნიდა მათი მშვენიერების არსს. ყველაზე ხშირად ბეთჰოვენის "ელიზეს" უკრავდა. ამიტომ ეს ნაწარმოები და დედა ჩემთვის განუყოფელია. მხოლოდ მოზრდილმა გავიგე, რა უბედურებები დაატრიალა სოციალისტურმა რევოლუციამ საქართველოში და როგორ დაზარალდა მამაჩემის ოჯახი. პაპაჩემი, ზურაბ ჭავჭავაძე, მამაჩემის ნათლიასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობის გამო დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს, მამა და ბებია კი ყვარლის საგვარეულო სახლიდან გამოაძევეს და ყველანაირად შეავიწროვეს. ბებიაჩემი, რვა თვის მამაჩემთან ერთად, დიდხანს იმალებოდა ყვარლის ტყეებში, ნასაყდრალში. მას მთელი სოფელი დიდ პატივს სცემდა, გლეხები ჩუმად ეხმარებოდნენ. ჩვენი თითქმის ყველა ნათესავი ან გააციმბირეს, ან დახვრიტეს.
ჭავჭავაძეთა გვარის ისტორია XV საუკუნიდანაა ცნობილი. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის სამხედრო და სასულიერო პირები, მეფის მრჩევლები, საზოგადო მოღვაწეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიროვნება იყო მე-19 საუკუნეში მოღვაწე "დიდ ნიკოდ" წოდებული დაღესტნის გენერალ-გუბერნატორი ნიკო ჭავჭავაძე. იგი იყო ილიას მეჯვარე, მისი ყველა ეროვნული საქმის გამზიარებელი, ქველმოქმედი და მეცენატი. მან ყვარელს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი აჩუქა. ეს ტაძარი 1988 წელს აღადგინა დიდი ნიკოს პირდაპირმა შთამომავალმა, ჩემმა ძმამ - ზურაბ ჭავჭავაძემ. ამ ტაძარს ჭავჭავაძეთა საგვარეულო ტაძარს უწოდებენ. სხვების გვერდით იქ არიან დაკრძალული ტაძრის აღმშენებელი ნიკო ჭავჭავაძე, ჩემი ძმა ზურაბ ჭავჭავაძე, მამაჩემი ნიკო ჭავჭავაძე.
ყველა ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, ღვთისმოშიში და მოსიყვარულე იყო. ჩვენ ეს ვიცოდით მშობლებისგან და ასე ვიზრდებოდით. ამიტომ გასაკვირი არც არის ის, რომ 1978 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პირველი რეფერენტი სწორედ ჩემი ძმა - ზურაბი გახდა. მან თავი დაანება მეცნიერებას და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, პატრიარქს დაუდგა გვერდით. და თუმცა მოგვიანებით, ეროვნულ მოძრაობაში ჩართვის გამო, საპატრიარქოში აღარ მსახურობდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქის ერთგული, პატივისმცემელი და მოსიყვარულე იყო.
ღრმად მწამს, რომ ეროვნული მოძრაობის დროს ეროვნებათაშორის საკითხებში ზურას მტკიცე ქრისტიანული პოზიციები, ოჯახის ტრადიციებთან ერთად, საქართველოს პატრიარქთან თანამშრომლობამ და ახლობლობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
- მამათქვენი მორწმუნე ადამიანი იყო და ამავე დროს ფილოსოფოსი. სარწმუნოებისა და მეცნიერების კავშირის აუცილებლობა მას ჯერ კიდევ ათეისტურ პერიოდში ჰქონდა გაცნობიერებული და გათავისებული...
- მამაჩემი 30 წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს და იმის ნაცვლად, რომ, როგორც ინსტიტუტს ევალებოდა, გაეძლიერებინა მარქსისტული მსოფლმხედველობა, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მამას ხელშეწყობითა და თაოსნობით ინსტიტუტში სამი ანტიმარქსისტული ფილოსოფიური მიმართულება განვითარდა, რომელთაც იდეალისტურ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს უწოდებდნენ: ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია და აქსიოლოგია (მოძღვრება ღირებულებების შესახებ). ეს იყო მეცნიერული და მოქალაქეობრივი გმირობა. იმხანად ფილოსოფიის ინსტიტუტს "თავისუფლების ოაზისი" შეარქვეს, რადგან სხვებისგან განსხვავებით, მამაჩემის სრული პასუხისმგებლობით, მეცნიერები მუშაობდნენ მათთვის საინტერესო მეცნიერულ საკითხებზე და იქ, ფილოსოფოსების გარდა, ასევე ნიკო ჭავჭავაძის პასუხისმგებლობით, მუშაობდნენ სხვა დარგის თავისუფლებისმოყვარე მეცნიერებიც.
ნიკო ჭავჭავაძე პოლიტიკაშიც მონაწილეობდა, როგორც ჭეშმარიტად ქრისტიანი ფილოსოფოსი. ამიტომაც დაპირისპირებულ მხარესთან ურთიერთობა არ უჭირდა და, რაც მთავარია, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვისაც მის სიტყვას ფასი და ძალა ჰქონდა. მამას მიაჩნდა, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობის დარეგულირების უნიკალური მექანიზმია სიყვარული, რადგან სიყვარული თავად იტევს და იტანს აზრთა მრავალგვარობას. იგი თვლიდა, რომ ყველა ადამიანს სიყვარულით უნდა მოეპყრო და მაშინ ცხოვრება რთული აღარ იქნება. ამგვარი ფილოსოფიის გამო მამას პატივს სცემდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და მათ შორის აფხაზებიც და ოსებიც, რაც ბევრჯერ დადასტურებულა მამას სიცოცხლეშიც მოლაპარაკებების დროს და მისი გარდაცვალების შემდეგაც: მრავალრიცხოვან სამძიმარს შორის ყველაზე თბილი და ღრმა გულისტკივილის გამომხატველი სამძიმრები სწორედ აფხაზებმა და ოსებმა გამოგზავნეს.
- თქვენი ძმა - ზურაბ ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე, ილიას საქმის გამგრძელებელი იყო... მისი გარდაცვალებიდან თითქმის 18 წელი გავიდა...
- ზურა 1989 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა. დღეს აღარავის ეეჭვება, რომ ჯერ ავტოკატასტროფის მოწყობით და შემდგომ საავადმყოფოში ბურუსით მოცული სიტუაციის შექმნით ზურაბი მოკლეს. იგი იყო შესანიშნავი მეუღლე, მამა, შვილი, ძმა და მეგობარი, ბრწყინვალე ქიმიკოსი და შემდგომ - ფილოლოგი, მაგრამ განსაკუთრებით დასანანია მისი დაღუპვა, რადგან, როგორც გამოჩნდა, ეროვნული მოძრაობის დროს ზურაბის ტაქტიკა და სტრატეგია, მისი მსოფლმხედველობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. გულსატკენია, რომ მას უპირისპირდებოდნენ იმის გამო, რომ, ზურას აზრით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საქმე აფხაზებისა და ოსების მხარდაჭერის მოპოვება და სხვადასხვა პრობლემის გამო გაჩენილი მათი გულისტკივილის გაზიარება და გაქარწყლება იყო. ზურაბს მტრადაც კი აცხადებდნენ ოსებსა და აფხაზებთან მშვიდობიანი დიალოგის გამო.
დღეს, როდესაც ყველასთვის ცხადია, რომ სხვადასხვა პოზიციის არსებობის მიუხედავად აფხაზებსა და ოსებთან მეგობრულ და ძმურ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია, ძალიან მეამაყება, რომ საქართველოს ისტორიას შემორჩა ზურაბ ჭავჭავაძის მიერ შედგენილი რაინდული "მიმართვა ოსი და ქართველი ხალხებისადმი", რომელსაც ზურაბთან ერთად ანტიქართულ ორგანიზაციად ცნობილი "ადამონ ნიხასის" მაშინდელი ლიდერი - ალან ჩოჩიევი აწერს ხელს და ზურას არაჩვეულებრივად ვაჟკაცური, პატრიოტული გამოსვლების ვიდეოკადრები სოხუმის მიტინგებზე, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად დგანან. ეს ისტორიული მასალა გადმოცემულია დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმში "ნათელი იგი...", რომელიც ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. ფილმის წამყვანი და სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი, სცენარის ავტორები და რეჟისორები ვართ მე და ირაკლი პაპავა.
- თქვენი პროფესია მჭიდროდ უკავშირდება რელიგიას, რადგანაც ფსიქოლოგია ადამიანის სულიერ პროცესებს შეისწავლის. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს საქმიანობაში რწმენა, ქრისტიანული ხედვა და საერთოდ, ამ ორი სფეროს მოღვაწეთა ურთიერთთანამშრომლობა?
- ფსიქოლოგია და მორალი განუყოფელია. ნებისმიერი ქცევის საფუძველი არის ღირებულებათა სისტემა. სწორედ ამასზე დაყრდნობით ახერხებს ადამიანი თავის ბიოლოგიურ ბუნებაზე ამაღლებას. ადამიანის ცხოველთა სამყაროსგან განმასხვავებელი ძირითადი თვისებებია: ნებისყოფა ანუ ნებისმიერი მოქმედების უნარი და შემოქმედებითობა. ნებისმიერი მოქმედება თავისუფალი არჩევანის გაკეთებას გულისხმობს. როგორ არჩევანს გააკეთებს ადამიანი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, ეს სწორედ მის ღირებულებებზე ანუ მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ამიტომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანებს სხვადასხვა ქცევის ნორმები აქვთ. ქრისტიანობა ეხმარება ადამიანს, შეიმეცნოს საკუთარი არსი, ადგილი სამყაროში, უხსნის სხვა ადამიანებისკენ გზებს და ასწავლის მშვიდობიან, სიყვარულით სავსე, მართლაც რომ ადამიანებისთვის შესაფერისი ურთიერთობების დამყარების ხერხებსა და საშუალებებს. ამდენად, მისი ადგილი ჩვენს გულსა და გონებაში განსაკუთრებულია.
- უფრო კონკრეტულად, რომელ საკითხებზე მუშაობთ? ვინ იყვნენ თქვენი მასწავლებლები?
- მე ვმუშაობ სოციალურ ფსიქოლოგიაში. დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა, ამიტომ ბევრი მასწავლებელი მყავდა და ყველასი მადლობელი ვარ, მაგრამ ყველაზე დიდი მასწავლებელი ჩემთვის იყო მამა.
- უწმინდესი ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვენ გვმართებს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიღწევების ჯეროვნად გამოყენება, ფართოდ დანერგვა სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებში... და საერთოდ, დიდია უწმინდესის წვლილი ფსიქოლოგიის როლის წინ წამოწევის საქმეში. თქვენ როგორ აფასებთ პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობის ამ ასპექტს?
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის ყველა ასპექტი ამტკიცებს, რომ იგი ერის სულიერი მოძღვარია. მისი ყველა სურვილი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის უაღრესად საჭირო და დროულია. დიდი ფსიქოლოგის - დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიამ სახელი გაუთქვა ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას, მაგრამ ეს თეორია ამჟამად ძალიან პოპულარული არ არის. ეს უაღრესად საინტერესო და მრავლისმთქმელი თეორია ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ქცევას წინ უსწრებს არაცნობიერი მთლიანპიროვნებისეული მდგომარეობა - განწყობა, რომელიც მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილებისთვის შესაფერისი გარემოს თანხვედრის შედეგად აღმოცენდება. ადამიანთა ურთიერთობის დარეგულირება შესაძლებელია შესაფერისი განწყობის შექმნით. ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტორი აქვს მხედველობაში ჩვენს პატრიარქს, რადგან იგი ძალიან ბევრს იღვწის ხალხთა შორის მშვიდობის დასამყარებლად.
საქართველოს პატრიარქი არის ყველა ქართველის სულიერი მამა და იგი ყველაზე ერთნაირად ზრუნავს. უდიდესი ბედნიერებაა, რომ მას პირადად ვიცნობ და როგორც შემიძლია, ვთანამშრომლობ მასთან.
- რას იტყოდით ჩვენი თანამედროვეობის, ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემებზე?
- ყველა დროის ახალგაზრდობას ერთნაირი პრობლემები აქვს. ყველა ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი მე, ოცნებობს დამოუკიდებლად ცხოვრებაზე და უმეტესად ფიქრობს, რომ წინა თაობებისგან ძალიან განსხვავებულია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იცვლის უფროსი თაობის მიმართ დამოკიდებულებას და ნოსტალგიური გრძნობებიც კი ეუფლება.
დღეს ბევრად უფრო მორწმუნე ახალგაზრდობა გვყავს, ვიდრე 30 წლის წინ. ე.ი. უფრო ჭკვიანი და უფრო ნათელი. ეს ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა. მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სწორედ ახალგაზრდებში. ახალგაზრდობას თუ რამე აწუხებს, ეს ჩვენი, უფროსი თაობის ბრალია.
ორიენტირი ჩვენი ხალხისთვის ქრისტიანული ცხოვრების წესი უნდა იყოს. ქრისტიანული აზროვნება ემყარება მარადიულ ცნებებს, ქრისტიანული ცხოვრების წესი კი ეხმარება ადამიანებს დადებითი თვისებების გამომჟღავნებასა და გაძლიერებაში. თუ ტაძრებში შევიხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ერთადერთი და სწორი არჩევანი აქვს გაკეთებული: მათ სურთ ქრისტიანულად ცხოვრება. ეს კი ნიშნავს სიყვარულით გამთბარ აზრიან არსებობას ამქვეყნად და სულის უკვდავებაზე ზრუნვას. ვინც ამას ერთხელ მაინც გააცნობიერებს, მასზე უარს ვეღარასოდეს იტყვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი