* ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისგან შეიქმნა
დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შექმნილა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში "სიბრძნე სოლომონისა" ვკითხულობთ: უფლის სრულყოფილმა ხელმა "უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა" (11,18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას - უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული, უფორმო მატერია.
* დედამიწას საყრდენი რომ არა აქვს, პირველად ბიბლიაში დაიწერა
დიდი ხანია, ყველამ ვიცით, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას, არც ვეშაპზე და არც კუზე, როგორც წარმართებს ეგონათ. იობის წიგნში ნათქვამია: ღმერთმა "არაფერზე დაკიდა დედამიწა" (26,7). და ეს ითქვა მაშინ, როცა არც ასტრონომია არსებობდა და არც დედამიწის გარშემო უმოგზაურია ადამიანს.
* ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწას უფსკრული აკრავს
ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი, უკეთ - კოსმოსური უფსკრული, აკრავს. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს ეთერი და ბროლის გარსები გვერტყა, რომლებზეც მყარად იყო მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები...
კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამებიც, როდესაც სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.
წმინდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IVს.), წერს: უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან", ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრიო. ამასვე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირიც. წმინდა კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ("სწავლანი კათაკმეველთათვის") გვამცნობს: "დედამიწა, რომელზეც ვცხოვრობთ, ცათა შორის წერტილივით კიდია". დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგღა გაუჩნდათ, როცა ტელესკოპი გამოიგონეს.
* ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია
პირველად ეს მოსაზრება XVI საუკუნის მეცნიერებსა და მოგზაურებს არ გამოუთქვამთ. ერთ-ერთი პირველთაგანი წმინდა იოანე ოქროპირი გახლდათ. დიდი მოძღვარი ესაიას წინასწარმეტყველების ერთ მონაკვეთს ასე განმარტავს: "ხომ ხედავ, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. ამის ცოდნა აუცილებელია, რომ არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, თითქოს დედამიწა ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს".
ამგვარად, წმინდა იოანე ოქროპირი ნათლად ამბობს, რომ დედამიწა მრგვალია.
* ჰაერის წონადობის შესახებ პირველად ბიბლიაში ითქვა
1643 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ევანჯელისტა ტორჩილემ ატმოსფერული წნევა "აღმოაჩინა". მანამდე კი მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერს წონა არ ჰქონდა.
ატმოსფეროს წონა რომ მართლაც აქვს, ისევ და ისევ ბიბლიაშია ნათქვამი, კერძოდ იობის წიგნში, იქ, სადაც სამყაროს შექმნის პირველ დღეებზეა საუბარი: "როდესაც იგი (ღმერთი) ქარს წონას უწესებდა..." (იობი 27,25). საგულისხმოა, რომ "ჰაერი" კი არა, "ქარია" ნახსენები. მართლაც, მოძრავი ჰაერის (ქარის) მასების წონა იმაზეა დამოკიდებული, ნოტიოა ჰაერი თუ მშრალი, ცხელი თუ ცივი. არადა, ჰაერის მოჩვენებითი უწონადობა აღიარეს და "დაამტკიცეს" იმ ეპოქის მეცნიერების კორიფეებმა: გალილეო გალილეიმ და კოპერნიკმა. ისინი ამ ცდომილებაში აღესრულნენ, ბიბლიის ჭეშმარიტება კი მხოლოდ მომდევნო თაობამ დაადასტურა.
მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყოველთვის, როცა ბუნების მკვლევარნი ბიბლიურ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდნენ და ისწრაფოდნენ, ბიბლია მითად გამოეცხადებინათ ან მასში ალეგორიული აზრი მოეძებნათ, ადრე თუ გვიან შერცხვენილნი რჩებოდნენ. ცდომილების მიზეზი ყოველთვის უზუსტობა ან მეცნიერული ცოდნის ნაკლებობა აღმოჩნდებოდა ხოლმე, ათასწლეულების წინათ შექმნილი ტექსტები კი სამყაროს ფიზიკური სურათის უტყუარი აღწერილობით კვლავ განაცვიფრებდა სამყაროს.
* * *
უტყუარ მტკიცებულებათა მიუხედავად, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი კრიტიკულად აფასებდა ძველი და ახალი აღთქმის ცნობებს და ბიბლიას ნახევრად ისტორიულ, ნახევრად მხატვრულ ლიტერატურად მიიჩნევდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ბიბლია ნაკლებად სარწმუნო წიგნთა კატეგორიას მიაკუთვნეს.მეცნიერებს არ სჯეროდათ სოდომისა და გომორის ამბავი, ამ ქალაქების მოსვრა ხომ ატომურ აფეთქებას და მის შედეგებს თუ შეედრება. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ღვთის ნება და ძალა მეგატონობით არ განისაზღვრება. არქეოლოგიამ სწავლულ სკეპტიკოსებს მართლაც რომ თავსატეხი გაუჩინა. მიაკვლიეს და გათხარეს სოდომიცა და გომორიც. დამტკიცდა, რომ ორივე ქალაქი სწორედ ისე განადგურდა, როგორც ძველ აღთქმაშია აღწერილი.
დიდხანს უარყოფდნენ ებრაელთა პატრიარქის, აბრაამის არსებობასაც, მაგრამ ბაბილონურ ხელნაწერებში არაერთხელაა მოხსენიებული "აბრაამი - ებრაელთა მამა".
იულიუს ველჰაუზენი ეჭვქვეშ აყენებდა მოსეს მიერ აღწერილი ბრინჯაოს განბანის ჭურჭლის არსებობას და ამტკიცებდა, ასეთი ჭურჭლის დამზადება მხოლოდ 500 წლის შემდეგ დაიწყესო. არქეოლოგიამ ეს მოსაზრებაც უარყო: ეგვიპტეში გათხარეს სამარხი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის 1500-1400 წლებით დაათარიღეს - მოსეს ეპოქას მიაკუთვნეს. მეტიც - სამარხში ზემოხსენებული ბრინჯაოს სარკეებისგან დამზადებული განბანის ჭურჭელი იპოვეს.
ისტორიკოსები მითად მიიჩნევენ "შესაქმეში" აღწერილ ბაბილონის გოდოლსაც. არქეოლოგებმა კი ამ კოლოსალური შენობის ნანგრევები აღმოაჩინეს. რაც შეეხება ბაბილონის გოდოლის დამხობის შემდგომ ღმერთის მიერ ენების აღრევას, ცნობილ ლინგვისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა ენას საერთო ძირი ჰქონდა.
* * *
ამ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერებისა და რელიგიის სინთეზისადმი მიძღვნილი კონფერენციები ტარდება, სადაც ფიზიკის თვალთახედვით ღვთაებრივისა და მიწიერის კავშირებზე მსჯელობენ. ღმერთის გამორიცხვას ბუნებისა და ადამიანის სამყაროს სტრუქტურიდან, ბევრი სწავლულის აზრით, მეცნიერება ჩიხში შეჰყავს. უდიდესი ფიზიკოსები, ასტრონომები და ღვთისმეტყველები თვლიან, რომ სამყარო და ადამიანი შეიძლება მხოლოდ შეგნებული შემოქმედის ნებელობითი აქტით წარმოშობილიყვნენ და ამ შეგნებულ შემოქმედს ღმერთს უწოდებენ. თუმცა როგორ შეიქმნა ყოველივე, მეცნიერებისთვის დღესაც გამოცანად რჩება.მეცნიერები დედამიწისა და კოსმოსის შესწავლის პროცესში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე შემთხვევით ვერაფრით გაჩნდებოდა. უსასრულოდ მცირეა ადამიანის გაჩენისა და ცივილიზაციის განვითარების ალბათობა დარვინის ევოლუციური თეორიის საფუძველზეც.
ამრიგად, მეცნიერები უმაღლესი ღვთაებრივი ძალის არსებობის აღიარებამდე სხვადასხვა გზით მიდიან და მეცნიერებასაც, ცოდნის შეზღუდულობის გამო, ღმერთი და რელიგია სულ უფრო მეტად სჭირდება.