ხალხი რაღაცას ელოდა და ეს ლოდინი არ იყო შემთხვევითი
რუბრიკის სტუმარია თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
- ბატონო სერგო, თქვენ გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს ეკლესიაში მომხდარი მნიშვნელოვანი გარდატეხების თანადამსწრე და აქტიური მონაწილე ბრძანდებით. გქონდათ პატივი, დასწრებოდით უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებას სვეტიცხოველში. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ვითარება არსებითად შეიცვალა. როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს?
- იმ დროისთვის ეკლესიასთან ურთიერთობა, საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობა თითქმის წარმოუდგენელი რამ იყო. 1977 წლის ნოემბერში გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). სიონში ჩემს რამდენიმე თანაჯგუფელთან ერთად მისი უწმინდესობის წესის აგებას დავესწარი. ამ რიტუალმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ იმ დღიდან ინტენსიურად დავიწყე ტაძარში სიარული. ვითარება საკმაოდ რთული იყო. სასულიერო პირთა უმრავლესობა ხანდაზმული გახლდათ. კათოლიკოს-პატრიარქად მისი უწმინდესობა ილია II აირჩიეს. დიდი სურვილი მქონდა, მცხეთაში მის აღსაყდრებას დავსწრებოდი. მოსაწვევის შოვნა როგორღაც მოვახერხე. უამრავი ხალხი მიაწყდა სვეტიცხოველს, უმთავრესად - ახალგაზრდობა. მახსოვს, ღრუბლიანი ამინდი იდგა და უეცრად მზე გამოვიდა. საოცარი განწყობა სუფევდა ირგვლივ. ხელისუფლებას სურდა, პატრიარქის აღსაყდრება მოკრძალებულად ჩატარებულიყო, მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ... ხალხი რაღაც დიდს ელოდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 70-წლიანმა ბოლშევიკურმა მმართველობამ, უფრო ადრე კი - ეგზარქოსობის ხანამ, დააბეჩავა. 1921 წლამდე, ვიდრე საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდოდნენ, ჩვენში 1450 მოქმედი ეკლესია იყო, 25 მონასტერი და 1600 სასულიერო პირი. მისი უწმინდესობის, ილია II-ის აღსაყდრების დროს კი 15 ეპარქიაღა არსებობდა, მათი უმრავლესობაც უმღვდელმთავროდ იყო დარჩენილი. საქართველოში სულ 60-70 ეკლესია მოქმედებდა, ხოლო სასულიერო პირთა რაოდენობა ასს არ აღემატებოდა.
საზოგადოება, ფაქტობრივად, მთლიანად იყო მოწყვეტილი ეკლესიას. უმრავლესობას ეკლესიურობა ასეთნაირად წარმოედგინა: თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, წესის ასაგებად მოიყვანდნენ მღვდელს, იშვიათად ჯვარს იწერდნენ, ნათლობა ტარდებოდა. ეს იყო და ეს. დღესასწაულებზე უმთავრესად ასაკოვანი ადამიანები იდგნენ ტაძარში. თუ გამოჩნდებოდა ვინმე ახალგაზრდა, ან შეშლილად გამოაცხადებდნენ, ანდა სამსახურიდან დაითხოვდნენ...
გასული საუკუნის 70-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორეს ერთ-ერთი სასულიერო პირის, დავით გარსიაშვილის, დაკრძალვაზე ასეთი რამ უთქვამს: "ჩვენ, ძველები, მივდივართ, ახლები კი არ ჩანან. რად ეკიდება ასე გულგრილად ქართველი ერი თავის მშობელ ეკლესიას?! ნუთუ იმიტომ, რომ მას ასეთი ღვაწლი მიუძღვის მშობელი ხალხის წინაშე?!" ეს ლიტონი სიტყვები არ ყოფილა, ეს გახლდათ კათოლიკოს-პატრიარქის გულისტკივილი და გამოძახილი მწარე ფიქრისა: რა იქნებოდა მომავალში.
ჩემი თაობისთვის, 70-იანი წლების ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებული მოვლენა იყო ის, რაც მისი უწმინდესობის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ მოხდა: ახალგაზრდობა მოვიდა ეკლესიაში.
ერთხანს პატრიარქი ახალგაზრდებს იღებდა. ერთხელ მეც მივედი. დამსვა, მესაუბრა. ბოლოს, დამშვიდობებისას, კალენდარი გაქვთო? - მკითხა. ვიშოვი, თქვენო უწმინდესობავ-მეთქი, - ვუპასუხე. ვერ იშოვიო. მართლაც, იმ დროს საეკლესიო კალენდრის შოვნა არც ისე ადვილი გახლდათ - მცირე ტირაჟით გამოდიოდა. გადმოიღო და მაჩუქა 1980 წლის კალენდარი, რომელიც ახლა ჩემი ოჯახის ერთ-ერთ უძვირფასეს რელიკვიად ითვლება.
დღეს მისი უწმინდესობა სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი ბრძანდება. ხშირად მიხდება მასთან შეხვედრა, მსჯელობა, მაგრამ მაშინ სულმთლად ახალგაზრდა, გამოუცდელი ყმაწვილი ვიყავი და მისი გულისხმიერი დამოკიდებულება განსაკუთრებულად ჩამრჩა ხსოვნაში.
ეკლესიაში ახალგაზრდების მოსვლას მათი მშობლების მოსვლაც მოჰყვა. ხელისუფლება არაფერს ერიდებოდა, რომ მოეხდინა დისკრედიტაცია ეკლესიისა, სასულიერო პირებისა, პატრიარქისაც კი, მაგრამ ყველა წინააღმდეგობა გადაილახა. მისმა უწმინდესობამ მრევლი მოუპოვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
პატრიარქი ყოველთვის დადიოდა ცნობილი ადამიანების პანაშვიდებზე. როდესაც რუსთაველის საზოგადოება შეიქმნა, მისი უწმინდესობა ამ საზოგადოების პრეზიდიუმში მიიწვიეს. უწმინდესმა პიროვნული მომხიბვლელობისა და განსაკუთრებული სიმპათიის წყალობით უამრავი ხალხი მიიზიდა. ერთხელ იგი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს "შთამომავლობას" დაესწრო, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძე მონაწილეობდა. სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს შეხვდა. ქალბატონმა ვერიკომ მოკრძალებით ჰკითხა, როგორ მოგმართოთო. როგორც საჭიროდ ჩათვლითო, - მიუგო პატრიარქმა.
უწმინდესის მოღვაწეობამ ათეიზმის ხანაში აღზრდილი მრავალი ადამიანის მოქცევას დაუდო დასაბამი.
სიონის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობა კვირაში ოთხჯერ ატარებდა წირვას. პირველი ქადაგებების შინაარსი ასეთი იყო: აი, შემოდიხართ ტაძარში, ანთებთ სანთელს და მიდიხართ, წირვაზე კი ბოლომდე უნდა დარჩეთ; სასურველია, ქალბატონები თავსაბურავებით შემოდიოდნენ ტაძარში; სასურველია, ყველამ ვიცოდეთ ლოცვა "მამაო ჩვენო", აი, მე ვიტყვი და თქვენ გაიმეორეთ; როდესაც მე ვიტყვი: "ჩვენთან არს ღმერთი", თქვენ უნდა მიპასუხოთ: "არს და იყოს"... აი ასეთი რამეების სწავლება სჭირდებოდა მაშინ საზოგადოებას...
1979 წელს, შიოობას, მისმა უწმინდესობამ შიომღვიმის მონასტერში ჩაბრძანება გადაწყვიტა. მონასტერი იმ დროისათვის მეთვრამეტე პროფტექნიკური სასწავლებლის საბაზო ადგილად ითვლებოდა და, რა თქმა უნდა, მოქმედი არ იყო. "რა გინდათო?!" - ნაკრძალის ხელმძღვანელობამ. უსიამოვნებები შეხვდა მამა იოაკიმე ასათიანს, რომელიც იქ მოძღვრად დატოვა მისმა უწმინდესობამ...
თელეთში პირველად რომ ჩაბრძანდა უწმინდესი, თელეთობის დღესასწაულს რაღაც წარმართულ-მონოფიზიტური რიტუალის სახე ჰქონდა. ასეთივე გახლდათ ალავერდობაც. ალავერდის ტაძარში კანკელი არ ჰქონდათ, საკურთხეველი გამოყოფილი არ იყო და იქაური ქალები ჯოხზე ჩამოცმული დროშებით ცდილობდნენ იქ შესვლას - ასე გვაქვს შეთქმულიო. ასე იყო თითქმის ყველგან.
ურთულესი გახლდათ ფიქტიური ეპარქიების ფაქტიურ ეპარქიებად გადაქცევა. ამ პროცესს დიდი წინააღმდეგობები და შეხლა-შემოხლა ახლდა თან. ასევე დიდი პრობლემა გახლდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დე ფაქტო ავტოკეფალიის დე იურედ აღიარება. ჩვენი ეკლესიის მეთაურმა ამ თვალსაზრისითაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია და ამ პრობლემის მოგვარებაში საზოგადოებაც ჩართო. ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების დღიდან დაიწყო მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქთა ვიზიტები...
- საბჭოთა პერიოდში საქართველოს ისტორიის შესწავლას სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა. ეკლესიის ისტორიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დღეს რა კეთდება ამ მეცნიერებათა საფუძვლიანი შესწავლისა და განვითარებისთვის?
- გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ისტორია ოფიციალურმა ხელისუფლებამ თავის მოსამსახურედ აქცია, რათა გაემართლებინა საკუთარი ექსპერიმენტი, სოციალიზმი რომ ერქვა. პროფესიონალი ისტორიკოსები რეპრესიებს შეეწირნენ. წამოვიდა ე.წ. "წითელი პროფესურა", რომელიც იდეოლოგიურად მისაღები იყო ხელისუფლებისთვის. ფაქტობრივად, მოიშალა საქართველოს ისტორიის შესწავლის პროცესი. არსებობდა ისტორიის ინსტიტუტი, სადაც იკვლევდნენ საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ ეპოქას, მაგრამ საზოგადოებამდე ეს არავის მიჰქონდა. სკოლაში საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა. სიმწიფის ატესტატშიც კი არ შედიოდა ცალკე საგნად. უმაღლეს სასწავლებლებში ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორია ბარდებოდა. საშუალო სკოლებში 500 საათი ჰქონდა დათმობილი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიად წოდებულ რუსეთის ისტორიას, ხოლო საქართველოს ისტორიისთვის 34 საათი იყო გამოყოფილი, ისიც მოპარვით. გარდა ამისა, გაყალბებული იყო XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორია. მოღალატეებს ზნესრულ ადამიანებად წარმოაჩენდნენ, სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებულნი, მაგალითად, ისეთი პოლიტიკური თუ სასულიერო მოღვაწეები, რომლებიც ანტირუსულ განწყობას გამოხატავდნენ: სოლომონ II, ფილადელფოს კიკნაძე და სხვანი - მიჩქმალულნი იყვნენ. უამრავ თემას ტაბუ ჰქონდა დადებული. 1918-1921 წლები ანტიხალხური მთავრობის მმართველობის პერიოდად იყო გამოცხადებული, XIX საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - სოციალურ მოძრაობად. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია პირწავარდნილ ანტისაბჭოელად და ხალხის მტრად გახლდათ შერაცხული... ეკლესიის ისტორიის შესწავლა თითქმის შეუძლებელი იყო - ამას ეგზარქოსების ეპოქაშიც ეწინააღმდეგებოდნენ, მერე კი, მებრძოლი ათეიზმის ხანაში, ეკლესიის ისტორია ვის რად უღირდა?! ისე რომ, ფაქტობრივად, ორი საუკუნის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ისტორიის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა. თითო-ოროლა კაცი თუ ახერხებდა რამეს - საცენზურო კომიტეტი ყველაფერს საგულდაგულოდ აკონტროლებდა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში შეკვეთით დაიწერა ასეთი წიგნები: "საქართველოს ეკლესიის უარყოფითი როლი საქართველოს ისტორიაში", "საქართველოს ეკლესიის კლერიკალურ-რეაქციული გააზრებისთვის და მისი კრიტიკა" და ა.შ. გარდატეხა 90-იანი წლებიდან დაიწყო. ბევრი რამ გააკეთა ბატონმა ვახტანგ გოილაძემ, რომელიც ძველ პერიოდზე მუშაობს. ძალიან საინტერესოა მეუფე ანანია ჯაფარიძის ნაშრომებიც - საქართველოს ეკლესიის ისტორიის მრავალტომეული. ქალბატონმა ქეთევან პავლიაშვილმა დაწერა საინტერესო გამოკვლევა ეგზარქოსობის ხანაზე. ბატონმა ელდარ ბუბულაშვილმა 1801-1917 წლები შეისწავლა. უკანასკნელ პერიოდზე - 1917 წლიდან დღემდე - მე ვმუშაობ. გარდა ამისა, გამოცემული მაქვს ნაშრომები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების (კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, კალისტრატეს, ეფრემის) შესახებ. ამჟამად, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ვმუშაობ საქართველოს ეკლესიის ისტორიის ყველაზე რთულ მონაკვეთზე: 1952-2004 წლებზე, რაც მეტად რთული და შრომატევადი საქმეა. ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოვიდა წიგნი: "საქართველოს ეკლესია XIX-XX საუკუნეებში", რომლის ავტორები ჩემთან ერთად არიან ზაზა აბაშიძე, ელდარ ბუბულაშვილი, გოჩა სანიკიძე.
კვლევა, რა თქმა უნდა, ძნელია. უამრავი დოკუმენტი დაკარგულია. ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან პროცესებში (მაგალითად, 1917 წლის 12 მარტის ავტოკეფალიის აღდგენაში) მონაწილეობდნენ, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც შესაძლებელია, მეტ-ნაკლები სიზუსტით აღვადგინოთ XX საუკუნის ეკლესიის ისტორიის ძირითადი მოვლენები და მიმართულებანი.
- ისტორიკოსობა რთული პროფესიაა, რადგან იგი ფაქტების დადგენასთან ერთად მათ ანალიზსა და შეფასებასაც გულისხმობს. ხშირად ისტორიკოსს მსაჯულის როლში უხდება ყოფნა. აქ კი ჩნდება მიკერძოების საფრთხე. თქვენი აზრით, რა თვისებები მოეთხოვება ისტორიკოსს, რა უნდა გაითვალისწინოს მან კვლევის დროს?
- ისტორიულ წყაროს ერთი თვისება აქვს: როდესაც ამა თუ იმ სასულიერო პირის მოგონებებს კითხულობ, ყველაფერს მისი თვალით უყურებ. ბრმად თუ მიენდობი, დიდ შეცდომას დაუშვებ. არადა, ხშირად მხოლოდ ერთი მოგონება, ერთი წყარო არსებობს, არ გაქვს საშუალება, განსხვავებულ პოზიციასთან შეაჯერო. იმას, რაც დამიწერია, ხელახლა რომ ვწერდე, ალბათ, უფრო თავშეკავებული ვიქნებოდი. ისტორიკოსს თავშეკავება ნამდვილად მართებს, რათა ზედმეტად თამამი და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოს. ისტორიკოსობა, უწინარეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, - შენს ნაწერს მომავალი თაობა წყაროდ გამოიყენებს.
- თბილისის სასულიერო აკადემიაში დაარსების დღიდანვე მოღვაწეობთ. მისი დაარსებიდან 19 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა...
- როდესაც სასულიერო აკადემია გაიხსნა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნდა, რომ მისმა უწმინდესობამ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგა. ფიქრობდნენ, რომ არ გვყავდა სათანადო კადრები და არ ვიცოდით, რა და როგორ გვეკეთებინა. მისმა უწმინდესობამ კი გადაწყვიტა, რომ ჯობდა, აკადემია გახსნილიყო, ხოლო კადრების საკითხი თანდათან მოგვარდებოდა. პირველ მიღებაზე კონტინგენტი არ შეუზღუდავთ: სემინარიაში - 80 კაცამდე, აკადემიაში კი 30 კაცამდე მიიღეს. ეს მოულოდნელი გახლდათ, რადგან თავის დროზე მცხეთის სემინარიაში 5 კაცზე მეტის მიღება არ შეიძლებოდა. თავდაპირველად ისეთ პედაგოგებს იღებდნენ, რომლებიც თუ ეკლესიურები არა, ეკლესიისა და საეკლესიო გადმოცემებისადმი ლოიალურნი მაინც იყვნენ, მერე კი მორწმუნე პროფესიონალებიც გამოჩნდნენ. არც სასწავლო პროგრამები გვქონდა, არც სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება... თანდათანობით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. აკადემია არა მარტო საპატრიარქოს სასწავლებლად, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცა. პროფესიონალიზმისა და განათლების დონის თვალსაზრისითაც ბევრი რამ უკეთესობისაკენ მიდის. პროგრამებიც გვაქვს, კომპიუტერებიც, კაბინეტებიც... შეიქმნა კათედრები. გაფართოვდა პროფილი, კონტაქტები უცხოეთის სასულიერო სასწავლებლებთან. ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულთაგან ბევრი დღეს სამღვდელო პირია და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არა მარტო ქართველი ხალხის თვალში, არამედ, ზოგადად, მართლმადიდებლურ სამყაროში, მთელ მსოფლიოში წარმოაჩენს.
- რამდენად გეხმარებათ სარწმუნოება ცხოვრებაში, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობაში?
- ჩემი მეუღლე ექიმი-პედიატრი გახლავთ. ორი შვილი გვყავს: 13 წლის გიორგი და 11 წლის ნინო. საზოგადოდ, ცხოვრება რთულია, მაგრამ დღეს მას განსაკუთრებული სირთულეები ახლავს. ე.წ. ოპტიმიზაციამ ბევრი პროფესიონალი უმუშევრად დატოვა. ხანდახან უიმედობის განცდაც გეუფლება...
წირვა-ლოცვებს ქაშვეთში ვესწრები. წირვის შემდეგ ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ასე მგონია, მყინვარწვერზეც ავალ-მეთქი. ასეთი ოპტიმისტური განწყობილება უბრალოდ არ მოდის, ეს მადლია და ამ მადლის ღირსი რომ ვხდები, თავს ბედნიერად ვრაცხ.
საკუთარ თავზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, ძნელია... ეკლესია მეხმარება, ვიყო უფრო ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანების მიმართ და ის, რაც არ ეკადრება სასულიერო სასწავლებელში მომუშავე ადამიანს, არასოდეს ვიკადრო.
- დაბოლოს, რას უსურვებთ "კარიბჭეს"?
- თქვენს ჟურნალს ხშირად ვკითხულობ და ვხედავ, რომ იგი დღითიდღე ძლიერდება. ამ გლობალისტურ ეპოქაში, ინფორმაციის მოზღვავების ხანაში, ძნელია ცდუნებას არ აჰყვე და ავი კარგისგან გაარჩიო. ასეთ დროს განსაკუთრებით საჭიროა ეროვნული ფასეულობების, ეროვნული მეცნიერული ღირებულებების პროპაგანდა, ისეთი ადამიანების ღვაწლის წარმოჩენა, ვინც ჭეშმარიტ ეროვნულ საქმეს ემსახურება. მისმა უწმინდესობამ საშობაო ეპისტოლეში საგანგებოდ მიანიშნა, რომ დღეს არცთუ იშვიათად ისეთი ადამიანები არიან აღზევებულნი, რომელთაც არაფრით დაუმსახურებიათ უფლება, საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ.
"კარიბჭის" თანამშრომლებს გისურვებთ, არ გეღალატოთ თქვენი ტრადიციისთვის და სწორედ ისეთი ადამიანებისთვის დაგეთმოთ თქვენს ჟურნალში ადგილი, რომლებიც თავიანთი საქმიანობით იმსახურებენ ამას და რომელთა სიტყვაც საზოგადოებისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება.