ჩვენ უნდა გავხდეთ თავისუფალი ერი და უნდა განვავითაროთ ეროვნული კულტურა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ბატონი შოთა ნადირაშვილი, უკვე 25 წელია, ფსიქოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.
ღვაწლმოსილ მეცნიერს ახლახან 80 წელი შეუსრულდა. ქართველი ერისა და ქართული მეცნიერების წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლის აღსანიშნავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამა წლის 31 იანვარს შოთა ნადირაშვილი სხვა მეცნიერებთან ერთად საპატიო სიგელით დააჯილდოვა."კარიბჭის" რედაქცია ულოცავს ბატონ შოთას დამსახურებულ ჯილდოს და მკითხველს ჩვენი დროის ამ უდიდეს მეცნიერთან ინტერვიუს სთავაზობს.
- ბატონო შოთა, ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დიდ გამოგონებათა და აღმოჩენათა ავტორები დიდი მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც. რას გვეტყოდით რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთკავშირზე?
- რელიგიაც და მეცნიერებაც სინამდვილეს უკავშირდება და მის ახსნას ცდილობს; ორივე ისწრაფვის, ადამიანებს მისცეს გარკვეული ცოდნა იმის თაობაზე, როგორ იცხოვრონ, როგორ წარმართონ თავიანთი საქმიანობა, სასიცოცხლო პროცესები და ა.შ.
განვითარების გარკვეულ საფეხურზე მეცნიერება რელიგიას დაშორდა. მან სინამდვილე სამ სახედ: ფიზიკურ, სასიცოცხლო და სულიერ პროცესებად - დაყო და მათ ცალ-ცალკე კვლევას შეუდგა. აღმოჩნდა, რომ მათში მოქმედი კანონები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მეცნიერება გახდა ანალიტიკური და დაცალკევებული. დიდ მეცნიერებს სინამდვილის მთლიანობის ნოსტალგია გაუჩნდათ, რადგან მათში ღრმად არის გამჯდარი მთლიანობის შევსებისა და სამყაროს როგორც ერთიანი მოვლენის ხედვის ტენდენცია, ეს კი მათ იმ დიდი საწყისის ძიებისკენ უბიძგებს, რომელიც რელიგიაში არსებობს. ამიტომაც არის, რომ დიდი მეცნიერები ხშირად რელიგიურები ხდებიან. მათ სჭირდებათ რწმენა, რომ მათი საქმიანობა ღირებულია. რწმენის ნაყოფია თვისება შეუპოვარი კვლევა-ძიებისა, თავდადებული შრომა... ღმერთის რწმენა მეცნიერებს იმ დიდ მისწრაფებას უკმაყოფილებს, რაც მათ სინამდვილის გაგებისთვის სჭირდებათ.
- განსაკუთრებით ბევრი რამ აქვთ საერთო რელიგიასა და ფსიქოლოგიას - ეს უკანასკნელი ხომ ადამიანის სულიერ პროცესებს სწავლობს...
- არაჰუმანიტარული მეცნიერებები შეისწავლიან ჩვენს გარეთ მყოფ ობიექტებს, ფსიქოლოგიით კი ადამიანმა განიზრახა შესწავლა არა იმ საგნებისა, რომლებიც მის გარეშეა, არამედ თავისი თავისა. საკუთარი თავის შესახებ მეცნიერების შექმნა ძალიან რთულია. როდესაც სინამდვილეს ვსწავლობთ, ჩვენს ფსიქიკას მივაპყრობთ შესასწავლ საგანს, აქ კი უცებ ეს ფსიქიკა უნდა მიეპყროს თვითონ ფსიქიკურ პროცესებს.
სულიერი პროცესების შესწავლის დროს უნებურად ვეხლებით რელიგიურ შეხედულებებს ღმერთის, სულის უკვდავების და ა.შ. შესახებ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ღმერთმა შექმნა ადამიანი, მისცა გონება, შემოქმედების უნარი, თავისუფალი ნება, რათა თვითონ აერჩია თავისი ცხოვრება. ეს შეხედულებები რელიგიის გავლენით ფსიქოლოგიაშიც დამკვიდრდა. ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანს, რომელიც "ღვთის ხატია", თვითაქტივობას ეწევა, ქმნის სინამდვილეს, კულტურას, მეცნიერებას, ხელოვნებას; თავისუფალია, მაგრამ დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: გარემო პირობებზე, ხელისუფლებაზე, ეკონომიკაზე, ოჯახზე და ა.შ.
- ჩვენი პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ რელიგიისა და მეცნიერების დაახლოება წარმოადგენს...
- პატრიარქი ღრმად მორწმუნე, ქრისტიანობაში უაღრესად განსწავლული, ამავე დროს - მეცნიერებაში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი აღმოჩნდა. მან თავის ეპისტოლეებში დააყენა ისეთი საინტერესო მეცნიერული საკითხები, რომლებმაც ჩვენ, ფსიქოლოგები, გაგვაკვირვა და მოგვამზადა იმისთვის, რომ გაგვეერთიანებინა და გაგვეძლიერებინა ჩვენი ძალისხმევა.
ერთ-ერთ ეპისტოლეში მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას სკოლამ უნდა ასწავლოს ანალიტიკური აზროვნება. ეს ის აზროვნებაა, რომელსაც მოითხოვს ადამიანთა გონივრული ცხოვრება. ხშირად ადამიანებს აზროვნება იმ მიმართულებით მიჰყავთ, რომ თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებანი უფრო მისაღები გახადონ, პოზიციები განიმტკიცონ (სწორედ ამას აკეთებენ პოლიტიკოსები), ზემოქმედების მოხდენას უფრო ისახავენ მიზნად, ვიდრე ჭეშმარიტების ძიებას.
საოცარია: უწმინდესმა ფსიქოლოგებს, ლოგიკოსებს, ფილოსოფოსებს დაუსახა გეზი, რომელსაც უნდა მიჰყვეს ადამიანის აზროვნება. მან დასვა ისეთი სერიოზული საკითხები, როგორიც არის კონფლიქტურ ურთიერთობებში გარკვევა და ადამიანთშემწყნარებლობა, რომელსაც მართლმადიდებელ სარწმუნოებაში უდიდესი ადგილი უკავია. უწმინდესმა თავის ეპისტოლეებში ხაზგასმით მოგვიწოდა ურთიერთგაგებისა და შემწყნარებლობისკენ (სხვათა შორის, შემწყნარებლობის იდეის შესახებ ძალიან საინტერესო მოძღვრება აქვს განწყობის ფსიქოლოგიას).
ისეთი საკითხი, როგორიც არის ნარკომანია, ჩვენმა უწმინდესმა რელიგიური პრობლემების რანგში აიყვანა და მოგვიწოდა, ამ სენის წინააღმდეგ განვაწყოთ ახალგაზრდობა. ბავშვს აზროვნება რომ განუვითარდეს და პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამისთვის მან გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს და მიუახლოვდეს ჭეშმარიტების დადგენის უნარს. როგორც აზროვნება ვითარდება, ასევე ვითარდება მორალური შეხედულებებიც, ეს ყველაფერი კი ხდება რელიგიის გავლენით. ასე რომ, ახალგაზრდობის აღზრდაში, რწმენის დარად, დიდია ფსიქოლოგიური გამოცდილების როლი. ამით ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით - ჩვენი ერის ინტერესებს.
ძალიან მომეწონა მისი უწმინდესობის შეხედულება ღირებულებათა იერარქიის შესახებ. ეს ღირებულებებია: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. პატრიარქის შეხედულება, რომ ერი არის უდიდესი და უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე პიროვნება, - საოცრად ახალი და მოწინავე შეხედულებაა. ერი, როგორც სუბიექტი, როგორც ცოცხალი არსება, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. "ქართლის ცხოვრება" აღწერაა ქართველი ერის ცხოვრებისა. აქ ქართველი ერი სულიერ არსებად არის გააზრებული. საზოგადოდ, ერი სულიერი არსებაა, რომელიც ქმნის ენას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ეროვნულ ღირებულებებს... ერის სამსახური ჩვენი ეკლესიის, ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების წმინდა მოვალეობად უნდა იქცეს.
- საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მარქსისტული (ათეისტური) მსოფლმხედველობა ინერგებოდა. იგი ცდილობდა, ადამიანის ცხოვრება და ფსიქიკური პროცესები მარტოოდენ მატერიალურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე დაეყვანა. ხომ არ განიცდიდა ფსიქოლოგია გარკვეულ ზეწოლას ამ თვალსაზრისით?
- საბჭოთა პერიოდში ფსიქოლოგიას მართლაც არ მიეგებოდა პატივი. ფსიქოლოგიის საკითხების გადასაწყვეტად საკმარისად იყო მიჩნეული ფიზიოლოგთა შეხედულებები. დიმიტრი უზნაძემ ჩამოაყალიბა განწყობის თეორია, რომელმაც სხვადასხვა ფსიქიკური პროცესი გააერთიანა. ეს იდეალისტური თეორია გახლდათ, ამიტომ, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ფსიქოლოგია ხელისუფლების მხრივ ყოველთვის განიცდიდა ზეწოლას. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გაფართოვდა, მეცნიერების ეს დარგი განვითარდა. დიმიტრი უზნაძის გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბდა პედაგოგიური და სოციალური ფსიქოლოგია. მე სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე გახლდით. შევისწავლიდით ბავშვის გონებრივი განვითარების საკითხებს, ოჯახის, საზოგადოების როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში და ა.შ.
- საბჭოთა რეჟიმის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. რამდენად მნიშვნელოვანია იმ ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება, რაც ფსიქოლოგიამ ამ წლების განმავლობაში დააგროვა? საზოგადოდ, საით მიდის ეს მეცნიერება?
- დღეს ჩვენში პოპულარობით სარგებლობს ამერიკული ფსიქოლოგია, რომელიც, ევროპულისგან განსხვავებით, სულიერებას მოკლებულია. ამერიკული ფსიქოლოგია უფრო მეტად დასწავლის ეფექტებს, მეხსიერებას იკვლევს, ევროპული კი აზროვნების, ინტელექტის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. დღეს ჩვენს სკოლებში შემოაქვთ ტესტები, რომლებიც იმაზეა აგებული, თუ რა იცის ბავშვმა, რა ახსოვს, რითია მისი ცნობიერება მდიდარი და არა იმაზე, თუ რას მოიფიქრებს, რა ამოცანას გადაწყვეტს.
ჩვენი ქვეყნის წინაშე თანდათან დგება მნიშვნელოვანი ამოცანები. თავისუფალი ქვეყნის აშენება ინტელექტის განვითარებასაც მოითხოვს. ფსიქოლოგიას დღეს ერთობ ვრცელი ცოდნა აქვს პიროვნების აღზრდის, ჩამოყალიბების, ინტელექტუალური განვითარების, სოციალურ ურთიერთობაში ადგილის პოვნის შესახებ. იმედია, ამ ცოდნას მომავალში გამოიყენებს ჩვენი სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების პრაქტიკა, რათა ემოციურად, ინტელექტუალურად ჯანსაღი საზოგადოება ჩამოყალიბდეს.
- ბატონო შოთა, როგორ გაიხსენებდით თქვენს მასწავლებელს - დიმიტრი უზნაძეს? როგორი იყო იგი ცხოვრებაში, სტუდენტებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობაში?
- ბატონი დიმიტრი გახლდათ არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი და ორგანიზატორი, არამედ პიროვნება, რომელიც უზომოდ ზრუნავდა თანამშრომლებზე, თითოეული მათგანის ცხოვრებაზე. ასპირანტურაში რომ მიმიღეს, ბატონმა დიმიტრიმ სამ ექიმთან გამგზავნა შერყეული ჯანმრთელობის განსამტკიცებლად. ყველაზე ასე ზრუნავდა. ასპირანტურის I კურსი დავამთავრე, როდესაც ბატონი დიმიტრი გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მომდევნო კურსის საბუთებში თვითონ ჩაეწერა იმ თემის სათაური, რომელიც საკანდიდატო დისერტაციის სახით უნდა დამემუშავებინა. ყველას ინტერესები და შესაძლებლობები იცოდა, იყო ძალიან კარგი მეგობარი ადამიანებისა, რომლებიც იმხანად ქართულ მეცნიერებას ედგნენ სათავეში.
- ბატონო შოთა, თქვენს ხელში არაერთმა თაობამ გაიარა. რას უსურვებთ ქართველ ახალგაზრდობას?
- ახალგაზრდობა მოდის თავისი ენერგიით, თავისი ინტელექტუალური, ნებელობითი შესაძლებლობებით და რა შინაარსს შეიძენს ისინი, იმ ეროვნულ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ეს ახალგაზრდობა ყალიბდება. ჩვენ უნდა გავხდეთ თავისუფალი ერი და უნდა განვავითაროთ ეროვნული კულტურა. ჩვენმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ამ დადებითი ტენდენციის გაძლიერებას.