სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს თავის ქადაგებებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ "არსებობს ღვთისმეტყველების ისტორია, მაგრამ არ არსებობს ისტორიის ღვთისმეტყველება".
მართლაც, ისტორიის იდეამ ახალი ფორმა შეიძინა.
ქართული ისტორიოგრაფია ეკლესიის წიაღში წარმოიშვა. ქართველ მემატიანეთა შეფასებები გაჯერებულია წმინდა წერილის სულით.
ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების არც ერთი საკითხი არ განიხილებოდა ეკლესიის ისტორიისგან მოწყვეტით. დღეს, გლობალიზაციის პირობებში, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიის მეცნიერულ შესწავლას და მისი გამოჩენილი სასულიერო მოღვაწეების ცხოვრებისა და შემოქმედების გაშუქებას, რაც მომავალი თაობის სწორი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება-განმტკიცების მნიშვნელოვან ორიენტირად უნდა იქცეს.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი ნაშრომი მიეძღვნა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებისა და ნააზრევის მეცნიერულ შესწავლას. ცოტა ხნის წინ გამოიცა წიგნი, რომელიც მიზნად ისახავს თვალსაჩინო სასულიერო მოღვაწის სტეფანე ბოდბელის (ვასილ კარბელაშვილის) ღვაწლისა და შემოქმედების წარმოჩენას. ეს ნაშრომი ქართული ეროვნული ცნობიერების მარადიული ღირებულებების კიდევ ერთხელ ღრმად გააზრების საშუალებას იძლევა. წიგნის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი სოფიო ანდღულაძე, რომელიც წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მედავითნეც გახლავთ.
- სოფო, გვიამბე, როგორ მოხდა შენი მიახლოება მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან.
- სანამ ჩემს ცხოვრებაში უფალი შემოვიდოდა, ჩვეულებრივ ვცხოვრობდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ყოველთვის მქონდა დაუკმაყოფილებლობის, სიცარიელის განცდა. მეგონა, ხელების ცეცებით დავდიოდი წყვდიადში. მუდმივად მაწუხებდა ფიქრი, რომ უთუოდ არსებობდა რაღაც ისეთი, რისთვისაც იბადება ადამიანი, მაგრამ მე მას ვერ ვხედავდი. ცხოვრებისეულმა განსაცდელმა ეკლესიაში მიმიყვანა. ჩემი მოძღვარი იმხანად ახალნაკურთხი ბორჯომისა და ახალქალაქის ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა) გახდა (ახლა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსია). მე არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა სიტყვა "ეპისკოპოსი". მასთან სრულიად გაუცნობიერებლად მივედი, უბრალოდ, იმისთვის, რომ გავსაუბრებოდი და ნუგეში მიმეღო. მეუფე, როგორც სჩვევია, გულთბილად შემხვდა. იგი იქცა ჩემს მეგზურად იმ რთულ ვითარებაში. მისი მეოხებით ჩემს თვალწინ გადაიშალა სრულიად სხვა სამყარო. მივხვდი, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება გულიდან იწყება... ყოველი ჩვენგანის გულში არის სარკმელი, რომელიც აუცილებლად უნდა გავუღოთ უფალს. ბევრი მომეცა ერთბაშად, იმდენად ბევრი, რომ შიშმა მომიცვა... ვისაც მეტი მიეცემა, მას მეტი მოეთხოვება.
ცხადად მახსოვს ჩემი პირველი აღსარება, ზიარება... სულიერი ცხოვრების დასაწყისში, როგორც მშობელი პატარა ბავშვს, ისე გვეფერება უფალი. მერე და მერე, როცა დაინახავს, რომ გარკვეულ სულიერ საფეხურს მივაღწიეთ, ხელს გვიშვებს და გვიყურებს, როგორ გავუძლებთ განსაცდელს, რომელსაც ჩვენსავე სასიკეთოდ უშვებს.
მეც დამიდგა ასეთი განსაცდელის ჟამი და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა. მეუფე სერაფიმემ მაკურთხა, დროებით მონასტერში წავსულიყავი. მანამდე კი ასეთი რამ მოხდა: უწმინდესმა ჩემს მოძღვარს დაავალა, XVI საუკუნის სასულიერო მოღვაწის, ზემო ჯავახეთის უძველესი ეპარქიის კუმურდოს ეპისკოპოსის ზოსიმე II-ის შესახებ საარქივო დოკუმენტური მასალა შეეკრიბა, რადგანაც იმხანად მისი კანონიზაციის საკითხი განიხილებოდა. მეუფე სერაფიმემ ამ მასალის მოპოვება მე მომანდო. მუშაობას დაუყოვნებლივ შევუდექი. შევხვდი ცნობილ ისტორიკოსებს, ვისაც კი ოდესმე ჰქონია შეხება ამ საკითხთან. კვლევამ გამიტაცა. როგორც ჩანს, უფალი ამზადებს ადამიანს იმისთვის, რომ დაანახოს თავისი მოწოდება, დანიშნულება. მივხვდი, ეს იყო ღვთის კურთხევა, რომელიც დიდ სიხარულს მომანიჭებდა... ამის შემდეგ ბოდბის მონასტერში წავედი. იქ იღუმენია თეოდორამ (მახვილაძემ) ბოდბის ეპარქიის შესახებ ისტორიული ნარკვევის მომზადება დამავალა. ასე რომ, მონასტერში ცხოვრების პერიოდშიც მიხდებოდა არქივებში, ბიბლიოთეკებში სიარული, მეცნიერებთან შეხვედრა. ნარკვევზე მუშაობის დროს შევხვდი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ქეთევან პავლიაშვილს, რომელმაც შემომთავაზა, მემუშავა საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე და დამეწერა სადისერტაციო ნაშრომი. მან ჩამინერგა ჩემი შესაძლებლობების რწმენა. ქალბატონი ქეთევანი თსუ-ის პროფესორია. იგი არაერთი საინტერესო გამოკვლევის ავტორი გახლავთ. მან, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეკლესიის ისტორიის მეცნიერულ კვლევა-ძიებას. ამასთანავე იგი ზრდის და თავის გარშემო იკრებს კადრებს სამეცნიერო მუშაობისთვის.
- რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკლესიის მოღვაწეთა ცხოვრების ღრმად შესწავლას, გაშუქებას?
- ჩემი სადისერტაციო ნაშრომი ეპისკოპოს სტეფანე ბოდბელის ცხოვრებასა და შემოქმედებას აშუქებს. ვფიქრობ, ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ნათელს ჰფენს ამ პიროვნების ღვაწლს, არამედ იმიტომაც, რომ შემდგომ თაობებს დაანახვებს, როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და მამულიშვილმა. სტეფანე ბოდბელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა კირიონ II-ის (საძაგლიშვილის) თანამებრძოლი გახლდათ. ამ ადამიანებმა საოცარი თავგანწირვის ფასად გადაარჩინეს ქართული ეკლესია, ქართული ეროვნული თვითშეგნება, ქართული სახელმწიფოებრიობა.
ისტორიის მეცნიერებაში დიდი ხანია დადგა ეტაპი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების საღვთისმეტყველო კუთხით გააზრებისა და შეფასებისა. ამას პროვიდენციალიზმი ჰქვია. ეს ტრადიცია ჩვენში იყო და კვლავ ვითარდება, ღრმავდება.
ჩემი ნაშრომი ეფუძნება სტეფანე ბოდბელის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, რომლებსაც თან ახლავს ღრმა საღვთისმეტყველო დასკვნები. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება იმ მარადიულ ღირებულებებს, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა.
- ჟამთააღმწერლის სიტყვებია: "ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე". ჭეშმარიტების დადგენა ღვთივმომადლებული ნიჭია. რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიკოსისთვის სარწმუნოებრივი ცნობიერება?
- ქართველი ისტორიკოსები უმთავრესად სასულიერო პირები იყვნენ. ცხადია, მათ ჰქონდათ სასულიერო განათლება და ეს არ გახლდათ შემთხვევითი - სიტყვა "განათლება" "ღვთის ნათელს", "ჭეშმარიტების ნათელს" უკავშირდება. ისტორიკოსმა თავისი მოსაზრებები და გამოკვლევები სახარებისეულ ჭეშმარიტებაზე უნდა დააფუძნოს. სარწმუნოებრივი ხედვა მას ეხმარება, "შემთხვევითი" ფაქტების ქაოსურ სამყაროში დამალული სულიერი აზრი იპოვოს, გაიაზროს, რომ მისი ერი არსებობს ამ მზისქვეშეთში ღვთისაგან მიჩენილ ადგილას თავისი ენით, თავისი კულტურით, თავისი ფასეულობებით.
- მედავითნედ მსახურება რა როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში?
- შეგრძნება იმისა, რომ უფალს განადიდებ, - ყველაზე აღმატებულია ამ სამყაროში. თვით ლიტურგიაც ხომ ღვთისადმი მადლიერების გამოხატულებაა. მასზე დიდი და მნიშვნელოვანი ამქვეყნად არაფერი ხდება. მედავითნეობა ჩემთვის უდიდესი პატივია, სულიერი ენერგიისა და სიხარულის წყარო, მაგრამ, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც, რომლის შეგნებაც მოკრძალების განცდას ბადებს.
- ქართველი მემატიანეები ჩვენი ქვეყნის დაცემისა და დაკნინების მიზეზად ისტორიის ამა თუ იმ პერიოდში სარწმუნოების განელებას, ღვთის მცნებათა დავიწყებას მიიჩნევდნენ. რა განაპირობებდა ჩვენი ერის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში სარწმუნოებრივ ინდიფერენტიზმს?
- სარწმუნოებრივი ინდიფერენტიზმი უმთავრესად პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოს მყარი, დამოუკიდებელი უჯრედი. პეტრე I-ის რეფორმის შემდეგ ეკლესია სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს დაექვემდებარა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეკლესია როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი გაუქმდა და სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატს შეუერთდა. ეკლესია თავის თავს აღარ განაგებდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ასეთივე რეფორმა ჩვენს ეკლესიაშიც განხორციელდა. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებით ერის ღირსება შეილახა. მღვდლებს ქონებას ართმევდნენ, ხელფასს არ აძლევდნენ, ფაქტობრივად, სიცოცხლის უფლებას ართმევდნენ. მღვდელი იძულებული იყო, გასულიყო ხალხში და უბრალო ჩაფარივით გადასახადები ეკრიფა. ცხადია, ხალხი აღარ გაჰყვებოდა ასეთ სულიერ მოძღვარს... ამას ერთვოდა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიებში აღარ ისმოდა ტრადიციული გალობა, ღვთისმსახურება. ქართველი მრევლისთვის იმდენად უცხო იყო რუსული აზროვნებით აღზრდილი მოძღვრის ქადაგება ამბიონიდან, რომ მას უკვე აღარაფერი იზიდავდა ეკლესიისკენ... მხოლოდ ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ძალუძთ ასეთ ვითარებაში ღირსების შენარჩუნება და სწორედ ასეთი ხალხის მხრებს ეყრდნობა ჩვენი ერის ღირსება და სინდისი. ეპისკოპოს სტეფანე ბოდბელის ცხოვრება და მოღვაწეობაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ კარგი მამულიშვილი ხარ, კარგი ღვთისმსახურიც ხარ და პირიქით, თუ ხარ კარგი ღვთისმსახური, ხარ კარგი მამულიშვილიც. ამ პიროვნების ცხოვრებისა და შემოქმედების გაშუქება, თუნდაც ამ კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გლობალიზაცია შთანთქმას უპირებს ყოველივე ეროვნულსა და თვითმყოფადს და ფართო მსოფლიო გაერთიანების ტენდენციებს სახავს, ქართველმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა, თუკი ღირსეული მორწმუნე და ღირსეული მამულიშვილი იქნები. სწორედ ასეთი სასულიერო პირების დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს ისევ არსებობს, როგორც ერი და სახელმწიფო.
- მადლობა ღმერთს, ჩვენში სარწმუნოებრივი ცხოვრება გამოცოცხლდა, ქართველობა დედაეკლესიის წიაღს დაუბრუნდა, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაინც რაღაც აბრკოლებს ამ გზაზე...
- ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ხალხი ფეხის ხმას არის აყოლილი და მასობრივად ამიტომ დადის ეკლესიაში, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ვის რა უდევს გულში. ჩემი აზრით, სჯობს, ყველა თავდახრილი იდგეს ტაძარში და სხვათა განკითხვას ერიდოს. მხოლოდ მოძღვარს აქვს უფლება, მრევლს ამა თუ იმ ნაკლზე მიუთითოს, ფარისევლობა იქნება ეს, ზედაპირულობა თუ სხვა.
ის, რაც ხდება დღეს, ღვთის დაშვებით ხდება, მაგრამ უფალი უთუოდ მოჰკითხავს თითოეულ ჩვენგანს, რას ვაკეთებდით ამ დროს. აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი პირადი ღვაწლი. ეკლესიაში სიარული არ ნიშნავს, რომ კარგი ქრისტიანები ვართ; გმირობა ის არის, ამ წუთისოფლის საცდურთა წამლეკავ ოკეანეში ისე ვიცხოვროთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის.
- თქვენი აზრით, ექცევა თუ არა ჩვენს ქვეყანაში ყურადღება საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესწავლას?
- ვისურვებდი, სათანადო ყურადღება მიექცეს მეცნიერთა ფენას, რომელიც დღეს საკმაოდ უმწეოდ გამოიყურება. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს ეკლესიის კვლევას. ყველას მოეხსენება, რომ ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წნეხის პერიოდი, როდესაც მეცნიერებს იმის უფლებაც არ ჰქონდათ, ასე ღიად და დაუფარავად ელაპარაკათ. რაკი უფალმა მოგვანიჭა თავისუფლება და ამ მიმართულებით მუშაობის საშუალება მოგვცა, სათანადო ზრუნვაც არის საჭირო. დღეს მეტად აქტუალურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის ოფიციალურ საგნად აღიარების საკითხი. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, ვინ არის და საიდან მოდის. ის, ვინც წარსულს უარყოფს, უარყოფს მომავალსაც. თუ ჩვენ ქართველ კოსმოპოლიტებად გავიზარდეთ, ეს ჩვენი ერის კატასტროფა იქნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი