ფსიქიატრია სამედიცინო მეცნიერებაა ფსიქიკურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.
ამ მეცნიერების ჩამოყალიბებამდე მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც, ფსიქიკურად დაავადებულებს უმთავრესად მონასტრებში მკურნალობდნენ. ლოცვა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა სულით ავადმყოფებსა და შეპყრობილებს შვებას ჰგვრიდა.
XVIII საუკუნის მიწურულიდან ფსიქიატრია, როგორც სამედიცინო მეცნიერება, წმინდა მატერიალურ საფუძველს დაემყარა. მეცნიერთა თვალთახედვიდან სრულიად განიდევნა ეკლესიასთან კავშირის საჭიროება.
მეცნიერებამ, რომლის სახელწოდებაც "სულის მკურნალობად" ითარგმნება, უარყო სულიერი ძალების არსებობა და ფსიქიკაზე მათი გავლენა. არადა, ეკლესიასაც და ფსიქიატრიასაც ერთი და იგივე მიზანი აქვთ - ფსიქიკურად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება.
ბოლო დროს საქართველოში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. მრავალმა ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა გააცნობიერა, რომ ფსიქიატრიის სფეროში დაგროვილი აკადემიური ცოდნა მორწმუნე ადამიანის ხელში ძლიერი იარაღია. ბევრი მიიჩნევს, რომ დროა, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობაში ეკლესიამაც მიიღოს მონაწილეობა, ეს ორი სფერო გაერთიანდეს და დაიწყოს დიალოგი ინფორმაციის იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც ორივე მხარეს აქვს: ეკლესიას - ფსიქიატრიის შესახებ, ხოლო ფსიქიატრიას - რწმენის შესახებ.
ამ პროცესს უკვე ჩაეყარა საფუძველი. ფსიქიატრები და მოძღვრები ცდილობენ, ერთად გადაჭრან ჯანმრთელი პიროვნების აღზრდისა და ფსიქიკური პრობლემების მქონეთა მკურნალობის საკითხები.
სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ნანეიშვილი.
- ბატონო გოგი, ტრადიციებით გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, რამაც ალბათ დიდი როლი შეასრულა თქვენი პიროვნების ფორმირებაში. თქვენი მშობლები ფსიქიატრები იყვნენ. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ რწმენის მიმართ? თქვენ თვითონ რა გზით მიხვედით ეკლესიამდე?
- მამაჩემის ბაბუა (დედის მამა), ზაქარია მჭედლიძე (1862-1949), სასულიერო პირთა ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი გახლდათ. ის იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწის, წმინდანად შერაცხული სიმონ მჭედლიძის უფროსი ძმა. ჩვენს ოჯახში, ტრადიციულად, სასულიერო ლიტერატურა ინახებოდა. სხვათა შორის, ამ წიგნების უმრავლესობა მამაჩემს შესანახად მიაბარა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ - 40-იან წლებში, მოგეხსენებათ, ეკლესიას დევნიდნენ და ამ წიგნებს განადგურება ელოდა.
ჭეშმარიტი სარწმუნოების ძიების გზა ჩემთვის რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ერთხანს ბუდიზმმაც გამიტაცა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს გზა ღმერთთან არ მიმიყვანდა...
მშობლები რწმენის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას გაგებით ეკიდებოდნენ. მამაჩემი, ბიძინა ნანეიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ავლიპი ზურაბაშვილის მოწაფე გახლდათ.
II მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მამაჩემი ფრონტზე გაიწვიეს. გამგზავრების წინა დღეს ის და მისი მეგობრები მამაჩემის ბაბუას ზაქარია მჭედლიძეს ესტუმრნენ. მოხუცი დეკანოზი შვილიშვილსა და მის მეგობრებს დაჰპირდა, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შეგახვედრებთო. ერთ-ერთმა, ახალგაზრდული მაქსიმალიზმითა და ათეისტური იდეებით გამსჭვალულმა, საპატრიარქოში მისვლაზე უარი განაცხადა, მამაჩემი და მეორე მეგობარი კი მისმა უწმინდესობამ მიიღო. ახალგაზრდებს გადაწყვეტილი ჰქონდათ (ალბათ, ათეისტური აღზრდის გავლენით), ხელზე არ მთხვეოდნენ პატრიარქს, მაგრამ... "როდესაც ოთახში შემოვიდა ულამაზესი თეთრწვერა მოხუცი, რომელიც სიწმინდესა და დიდ სულიერ ძალას ასხივებდა, ჩემდაუნებურად დავიხარე და ხელზე ვემთხვიეო", - იგონებდა მამაჩემი. კათოლიკოს-პატრიარქმა ომში მიმავალი ახალგაზრდები დალოცა.
- როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველად ფსიქიკური დაავადებების მიმართ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სად გადის ზღვარი ფსიქიატრიასა და რელიგიას შორის?
- სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ველურ ტომებში მკურნალობას რელიგიური და სოციალური ავტორიტეტები (ქურუმი, შამანი, ტომის ბელადი...) ეწევიან. ხშირად ეს ორი ფუნქცია გაერთიანებულია, რაც იმას აჩვენებს, რომ თავდაპირველად არა მარტო ფსიქიკური სნეულებების, არამედ ყოველგვარი დაავადების მკურნალობა პირველყოფილი რელიგიური რიტუალის ფორმით მიმდინარეობდა. ეს ფორმა შედარებით უფრო დახვეწილი, ჩამოყალიბებული და ორგანიზებული ჩანს ანტიკურ საბერძნეთში, სადაც ასკლეპიოსის (მედიცინის ღმერთის) ტაძრებში ავადმყოფთა რიტუალური მკურნალობა ტარდებოდა. შემდეგ მოხდა დიფერენციაცია, ჩამოყალიბდა ე.წ. ჰიპოკრატეს მედიცინა, რომელიც დაავადების საფუძველს უკვე ადამიანის ფიზიკურ არსში ეძებდა და არა მის სულიერ სამყაროში. ამის კვალობაზე, მედიცინამ უფრო პრაგმატული ხასიათი მიიღო. შუა საუკუნეებში და შემდეგაც, XX საუკუნის შუა წლებამდე, ჰიპოკრატეს მედიცინა, ფაქტობრივად, მეცნიერული მედიცინის მთავარი მეთოდოლოგიური საფუძველი იყო. 40-50-იან წლებში შეიქმნა ე.წ. ფსიქოსომატური მედიცინის იდეა - კონცეფცია, რომელიც რამდენიმე გამოჩენილ მეცნიერს ეკუთვნის. მათ შორის წამყვანი გახლდათ ფრანც ალექსანდერი - ფსიქიატრი, რომელმაც შეისწავლა და დაამტკიცა ფსიქიკური ფაქტორების როლი არა მხოლოდ ფსიქიკურ სნეულებათა, არამედ, საზოგადოდ, დაავადებათა განვითარებაში. როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება სხეულის, ფსიქიკისა და სულის ჰარმონიული ჯანმრთელობა - არა მხოლოდ ფიზიკური სიმრთელე, არამედ დამოკიდებულება სამყაროს, გარშემომყოფების, შემოქმედის მიმართ და ა.შ. ძნელი სათქმელია, სად მთავრდება ფსიქიკა და სად იწყება სული. მიჩნეულია, რომ ფსიქიკა არის უმაღლესი ნერვული მოქმედების შედეგი, რომლის მთავარი ფუნქციაა, ორგანიზმს გარემო პირობებთან ადაპტაციაში შეუწყოს ხელი. ადამიანს, ცხოველისგან განსხვავებით, აქვს ცნობიერებაც, რომელიც მას საშუალებას აძლევს, თავის სოციალურ გარემოში მოახდინოს ორიენტაცია. ამის კვალობაზე, ადამიანის ფსიქიკა ანუ ადაპტაციისთვის საჭირო მექანიზმები: აღქმა, აზროვნება, მეხსიერება, ცნობიერება, ემოცია, ინტელექტი - თვისებრივად განსხვავდება თუნდაც პრიმატების ფსიქიკისგან. მაგრამ ეს მაინც არ არის სული. სული - ეს გახლავთ ადამიანში არსებული უშუალოდ ღვთის ქმნილება, რომლის მეშვეობითაც ის გრძნობს საკუთარ დამოკიდებულებას სამყაროსა და მისი შემოქმედის მიმართ. მაგალითად, ფსიქიკური პათოლოგიაა ჰალუცინაცია - მდგომარეობა, როცა ადამიანი ხედავს ან ესმის ისეთი რამ, რაც არ არსებობს. მაგრამ რა არის, მაგალითად, სიხარბე, ან რა არის პატრიოტიზმი? მათ ხომ ფსიქიკურ ფუნქციებს ვერ დავარქმევთ! ეს ადამიანის უფრო მაღალი ინსტანციის თვისებაა - სულიერი თვისება, გნებავთ, მორალური კატეგორია. როცა ცოდვაზე ვლაპარაკობთ, ხომ არ ვუწოდებთ მას ფსიქიკური ფუნქციის დარღვევას? ანდა, ვთქვათ, კოშმარულ სიზმრებს ცოდვად ხომ არ მივიჩნევთ?! ცოდვა ზნეობრივი კანონის დარღვევაა, დარღვევა იმისა, რაც ადამიანში ღვთისგან არის ჩადებული. აი, აქ გადის ზღვარი ფსიქიატრიასა და რელიგიას შორის. ამიტომაც არის, რომ ფსიქიატრია როგორც მეცნიერული დისციპლინა მეტისმეტად გვიან ჩამოყალიბდა. კაცობრიობას ბევრი დრო დასჭირდა, რათა გაერკვია, სად სრულდება ფსიქიკა და სად იწყება სული, სად სრულდება ფსიქიკის პათოლოგია და სად იწყება ცოდვა.
- თქვენ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით ფსიქიატრიის ინსტიტუტს, ამჟამად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ბრძანდებით. რა კეთდება დღეს საქართველოში ფსიქიატრიული სამედიცინო სამსახურისა და ეკლესიის დასაახლოებლად?
- უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიმართ, რომელიც ყურადღებას არ აკლებს ჩვენს დარგს. პერიოდულად ვაწყობთ შეხვედრებს და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს. სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გამოიცა სახელმძღვანელოები: "ფსიქიატრიული ცნობარი მართლმადიდებელი მოძღვრებისა და სასულიერო აკადემიის სტუდენტებისთვის" და "მართლმადიდებელი ეკლესია და ფსიქიკური აშლილობები". ეს წიგნები იმგვარად არის შედგენილი, რომ უწინარესად მოძღვრებმა მიიღონ ელემენტარული ფსიქიატრიული ცოდნა, რათა დროულად შეამჩნიონ მრევლის ფსიქოპათოლოგიური სიმპტომები და ურჩიონ, დახმარებისთვის ფსიქიატრსაც მიმართონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქიკურად დაავადებულს გვერდით სულიერი მოძღვარი ჰყავდეს და სულის განმტკიცებით გადაატანინოს ფსიქიკური პრობლემები.
ფსიქიატრიულ ცნობარში ცალკე თავად არის შესული "ფსიქიკური დაავადება და ცოდვა". ეს არის პირველი მცდელობა ქართულ ენაზე (და არამარტო) პრობლემის ამ კუთხით დასმისა. მხოლოდ ამ სახელმძღვანელოების გამოცემაც კი მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს არის ბაზისი, რომელზეც ჩვენ, ფსიქიატრებმა, და ეკლესიამ უნდა ავაგოთ ურთიერთობა. დიალოგი დაწყებულია. შექმნილია ჯგუფი, რომლის წევრი მეც გახლავართ.
ჩვენს ფსიქიატრიულ კლინიკაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს სამლოცველო. აქვეა არტთერაპიის სახელოსნოც, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რათა პაციენტები ხელოვნების სხვადასხვა დარგში (ხატვა, ძერწვა, ქარგვა, ქსოვა) ჩაებან. ჩვენი პაციენტების ნამუშევართა რამდენიმე გამოფენაც კი გაიმართა. ესეც მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ - სიმშვიდე, სულიერი მდგომარეობის მოწესრიგება ფსიქიკური პრობლემების დაძლევის ერთ-ერთი გზაა.
იმ წლებში, როცა ფსიქიატრიის ინსტიტუტს ვხელმძღვანელობდი, რამდენიმე კონფერენცია გავმართეთ, რომლის მთავარი თემა იყო მოძღვრის თვალით დანახული ფსიქიატრია და ფსიქიატრის თვალით დანახული რელიგია - რა უნდა გაითვალისწინოს მოძღვარმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან ურთიერთობისას, რათა მას ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს და რა უნდა იცოდნენ ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა მართლმადიდებელ პაციენტთან მუშაობის დროს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო არქიმანდრიტ ადამს (ახალაძეს), რომელიც ამ კონფერენციების ინიციატორი და აქტიური მონაწილე გახლდათ.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ შეპყრობილობა, რომელიც წმინდა სულიერი (რელიგიური) ფენომენია და ფსიქიკური დაავადება. ხშირად არაადეკვატური ქცევა ფსიქიკური დაავადების გამოხატულებაა, ამიტომ მღვდელმსახურმა უთუოდ უნდა იცოდეს ფსიქიატრიის ანბანი, რათა არ შეცდეს და მრევლთან ურთიერთობის მცდარი გეზი არ აირჩიოს. მეორე მხრივ, ექიმებმაც უნდა იცოდნენ, რომ არსებობს სულიერი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ მოძღვრის კომპეტენციაა.
ერთობლივი მუშაობისთვის ნაბიჯები პირველად ჩვენს ინსტიტუტში გადაიდგა. ჯერ კიდევ სამლოცველოს აშენებამდე აქ მოდიოდნენ მღვდლები, ესაუბრებოდნენ პაციენტებს. ახლა ყოველივე ამას უფრო სისტემური ხასიათი მიეცა და იმედი მაქვს, ურთიერთობა თანდათან უფრო აქტიურ თანამშრომლობაში გადაიზრდება.
- გეხმარებათ თუ არა ქრისტიანული ღირებულებები და პრინციპები პაციენტებთან ურთიერთობისას?
- პაციენტებთან ახლა უკვე, სამწუხაროდ, იშვიათად მაქვს ურთიერთობა, უმთავრესად პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. კითხვაზე კი ასე მოგიგებთ: ნებისმიერი ფსიქიკური დაავადება, როგორი სიღრმის, ფორმისა და გამოხატულებისაც უნდა იყოს იგი, ადამიანის არსებობის ფორმაა. ეს ადამიანი ასე არსებობს. მისთვის სამყარო ასეთია. შესაბამისად, ასეთია მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს დამოკიდებულება ნორმალური ადამიანისთვის შეიძლება მიუღებელი ან გაუგებარი იყოს, მაგრამ ასეა თუ ისე, ეს ამ პიროვნების სამყაროა და პატივი უნდა ვცეთ, უნდა გავუგოთ მას და იმ ხარვეზების გამოსწორება ვცადოთ, რაც ხელს უშლის გარემოსთან ადაპტაციაში. აქ ზედაპირული დამოკიდებულება არ გამოგვადგება. ასეთი ადამიანის მკურნალობა პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად დიდ ნებისყოფას, მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს.
- ბატონო გოგი, რა არის, თქვენი აზრით, დღეს ქართული საზოგადოებრიობის ყველაზე დიდი პრობლემა?
- ქართული საზოგადოებრიობის ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, მისი სოციალური ინფანტილიზმია. ქართული საზოგადოებრიობა არ არის თავისუფალი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტრადიცია. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვართ, რა არის თავისუფალი ნება, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი პიროვნების დამკვიდრებისთვის. აქედან იღებს სათავეს უამრავი პრობლემა. ამიტომ არის, რომ გახშირდა სოციალური სტრესებით განპირობებული ფსიქიკური დაავადებები. იმატა ნევროზებმა, დეპრესიამ. თავისთავად, სასიხარულოა, რომ ეკლესიების აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ბევრისთვის ეკლესიაში სიარული აუცილებელი ფორმალობა და დემონსტრაციული თვითდამშვიდება უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი რწმენის გამოხატულება. მხოლოდ ეკლესიაში სიარული არ არის ერის ღმერთისკენ მობრუნების ნიშანი. ეკლესიაში შესვლისა და გამოსვლის დროს იმაზე დაფიქრება გვმართებს, ღვთივსათნოდ როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი