კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი 1958 წელს დაარსდა. აქ თავმოყრილია 10 ათასზე მეტი ხელნაწერი წიგნი, 50 ათასამდე ისტორიული დოკუმენტი და რამდენიმე ასეული ათასი ფურცელი, ქართველ მწერალთა საარქივო მასალები.
ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის, პროფესორ ილია აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე აკადემიკოსმა ზაზა ალექსიძემ აღნიშნა: "არავის ქართველ მეცნიერთაგან ისე არ შეეფერება შედარება ჩვენს დიდ წინაპრებთან, ათონელ თუ სინელ წმინდა მამებთან, როგორც ილია აბულაძეს. იგი მათ ჰგავდა ცხოვრების წესით, მარტომყოფობით, წერის და ნაწერის გამორჩეული სიყვარულით, მოწაფეთა და მიმდევართა სიმრავლით... იგი ხელნაწერებით სულდგმულობდა, ხელნაწერთა ინსტიტუტი იყო მისი სახლი და კარი, მისი ოჯახი მთელი სიხარულითა და ტკივილით; ხელნაწერებისადმი დამოკიდებულება იყო მისთვის საზომი ადამიანისა და საზოგადოების ზნეობრივი სიმაღლისა. ცხოვრების სხვა რამ სიამე, გარდა საგანძურის შესწავლისა და მოვლა-პატრონობისა, ბატონმა ილიამ არ იცოდა.
როდესაც ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის სპეციალური შენობა აიგო, რომლის მშენებლობის ყოველდღიური დამკვირვებელი და თითქმის ფიზიკური მონაწილეც თვითონ იყო, დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა: "აწ განმისვენე, უფალო". მაშინ იგი მხოლოდ 65 წლისა იყო. საეროთაგან ბევრს არ შეეძლო ეთქვა ეს სიტყვები".
დღესაც მუშაობენ ინსტიტუტში ბატონი ილიას მოწაფეები, რომელთაც უანდერძა დიდი სიყვარული და ერთგულება ჩვენი წინაპრების ხელნაწერი მემკვიდრეობის მიმართ. პროფესორ მიხეილ ქავთარიას თქმით, "ვისაც ხელნაწერთა ინსტიტუტში უმუშავია, ან დღეს მუშაობს, ან მომავალში იმუშავებს, უნდა ახსოვდეს, რომ ისინი ილია აბულაძის მოწაფენი არიან და იქნებიან, რადგანაც ინსტიტუტში დამკვიდრებული მუშაობის სტილი, ხელნაწერებისადმი ღვთაებრივი მოკრძალება, გულწრფელობა და პატიოსნება მეცნიერებაში, პრობლემის მასშტაბური ხედვა ინსტიტუტში ილია აბულაძის სახელს უკავშირდება".
აქ მოღვაწე მეცნიერთათვის, ისევე, როგორც ბატონი ილიასთვის, ხელნაწერი არ არის მხოლოდ საკვლევი ობიექტი, უსულო საგანი, არამედ უპირველესად "ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მეცნიერული სიახლეების პარალელურად მოაქვს გარდასულ დღეთა სუნთქვა, ისტორიული ცხოვრების კონკრეტული ფაქტები, შორეული სილამაზე".
ღვაწლმოსილი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ენრიკო გაბიძაშვილი ხელნაწერთა ინსტიტუტში ბატონმა ილიამ მოიყვანა და საკვალიფიკაციო თემაც მანვე შეურჩია. ბატონმა ენრიკომ თანამედროვე მკითხველისთვის გააცოცხლა და აამეტყველა უამრავი ხელნაწერი. თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია მისი ავტორობით გამოცემული ათეულობით წიგნი თუ მონოგრაფია: "ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები", "დიდი სჯულის კანონი", "რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა", "ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია", "ქართული ნათარგმნი ასკეტიკა და მისტიკა"... ბატონი ენრიკო დღეს საკმაოდ შეთხელებულ ჯგუფთან ერთად ცდილობს შეისწავლოს, მეცნიერულად გააანალიზოს და საზოგადოებას გააცნოს ყოველი ისტორიული და ლიტერატურული ფაქტი.
- ბატონო ენრიკო, თქვენი პირველი სამეცნიერო ნაშრომი რას მიუძღვენით?
- ჩემი პირველი მონოგრაფიული ნარკვევი გახლავთ "ექვთიმე მთაწმინდელის სვინაქსარული ცხოვრება". სვინაქსარული ცხოვრება გახლავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენების დღეს ღვთისმსახურებაზე წასაკითხი მოკლედ გადმოღებული მისი ვრცელი ცხოვრება. "ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებამ" ეს სტერეოტიპი დაარღვია - იგი აღმოჩნდა ვრცელ ცხოვრებაზე ადრინდელი. წმინდა გიორგი მთაწმინდელს თავისმა მოძღვარმა, გიორგი შეყენებულმა დაავალა, წასულიყო ათონის მთაზე და გაეგრძელებინა ექვთიმეს მიერ დაწყებული მთარგმნელობითი საქმიანობა. ათონზე გიორგიმ პირველად თარგმნა "დიდი სვინაქსარი". პარალელურად მუშაობდა "ექვთიმესა და იოანეს ცხოვრებაზე". სვინაქსარული ცხოვრება იმიტომაც არის საინტერესო, რომ იგი უთუოდ დაიწერებოდა ექვთიმეს გარდაცვალებისთანავე, რადგან ამ დიდი მოღვაწის წეს-განგება აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეკლესიაში. ამ თხზულებას ვრცელი ნარკვევი მივუძღვენი, ჩემი საკანდიდატო დისერტაცია კი ქართველ მოღვაწეთა სვინაქსარული ცხოვრების კვლევას წარმოადგენს.
მე და ბატონმა მიხეილ ქავთარიამ ორ წიგნად გამოვეცით "V-XVIII საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფია", რომელიც შესულია ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების V-VI ტომებში.
- 1975 წელს თქვენი ხელმძღვანელობით გამოიცა "დიდი სჯულის კანონი" - ბიზანტიური კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უბრწყინვალესი ძეგლი, რომელიც ქართულად თარგმნა XI-XII საუკუნეების ცნობილმა მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ არსენ იყალთოელმა. თუ შეიძლება, გვიამბეთ ამ ძეგლის ხელნაწერის ისტორია და რატომ ფერხდებოდა მისი გამოცემა.
- ამ ძეგლს ბერძნულად ნომოკანონი ჰქვია. იგი აწესრიგებდა ქრისტიანული სამყაროს საეკლესიო, სამოქალაქო, საოჯახო და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს. "დიდი სჯულის კანონის" ხელნაწერები საქართველოს ძნელბედობას იზიარებდნენ. ცნობილია, რომ ერთი ხელნაწერი რამდენჯერმე დაუტყვევებიათ და როგორც ცოცხალი ტყვე, ისე გამოუხსნიათ ქართველებს დამპყრობელთაგან. პირველად ეს მომხდარა 1536 წელს. ცოტა ხანში იგივე განმეორებულა. 1569 წელს ხელნაწერის თათართაგან გამომხსნელი იორამ ვაჩნაძე წერს: "ესე წიგნი დატყვევებული ვიპოვეთ და დავიხსენით და ვიყიდეთ ოთხმოც ფლურად, მოვიტანეთ და შევსწირეთ სვეტსა ცხოველსა".
ამ ძეგლის გამოცემას თითქოს ბედი არ სწყალობდა. 1961 წელს გამოსაცემად მისი მომზადება დაიწყო აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ. მან ბატონ ილიას უთხრა, გადააწერინე ეს ტექსტი შენს თანამშრომლებს, რათა გამოცემაზე მუშაობა დავიწყოო. როდესაც მე ინსტიტუტში მივედი, მუშაობა ახალი დაწყებული იყო და რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ერთ-ერთი ნაწილი მეც გადავწერე. ამასობაში ბატონი კორნელი გარდაიცვალა. 1966 წელს ილია აბულაძის ხელმძღვანელობით გაგრძელდა ტექსტზე მუშაობა, მაგრამ მეცნიერი უეცრად გარდაიცვალა და "დიდი სჯულის კანონის" გამოცემის ხელმძღვანელობა ითავა ბიზანტინოლოგმა ალექსანდრე გამყრელიძემ. მას მუშაობაც კი არ ჰქონდა დაწყებული, რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ამ წიგნზე მუშაობა განვაგრძეთ მე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა: ე. გიუნაშვილმა, მ. ლომთათიძემ, გ. ნინუამ. წიგნი მივუძღვენით იმ ადამიანების ნათელ ხსოვნას, ვინც მასზე მუშაობა დაიწყო და მის გამოცემას ვერ მოესწრო. ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა, ქალბატონმა ელენე მეტრეველმა შემომთავაზა, მე მეხელმძღვანელა ამ საქმისთვის. 10 წელი ვიმუშავეთ. წიგნი 2000 ეგზემპლარად გამოვიდა. დღეს ის ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. არადა დიდია მასზე მოთხოვნილება. ამ ძეგლის მნიშვნელობა განუზომელია არა მარტო ქართული სამართლის, არამედ საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად. მისი ხელმეორედ გამოცემა მინდა, მინდა გადავხედო, რაც არ მომწონს, გადავაკეთო, რაც საჭიროდ მიმაჩნია, ჩავუმატო, ბერძნულს ხელახლა შევადარო...
- ტექსტზე მუშაობა, მისი კრიტიკულად დადგენა და გამოცემა მეტისმეტად შრომატევადი და რთული სამუშაოა...
- "დიდი სჯულის კანონის" გამოსაცემად გამოვიყენეთ უძველესი ხელნაწერები, რომელთაგან სამი XII საუკუნისაა, ოთხი კი - XIII საუკუნისა. ტექსტი კრიტიკულად დადგინდა ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით. ყველას თითო-თითო ხელნაწერი გვეჭირა და ვკითხულობდით. ძირითად ტექსტს ვადარებდით დანარჩენ ხელნაწერებს. ყველა არსებულ ხელნაწერს (ასეთი 12 იყო) ერთმანეთთან ვაჯერებდით და ვარჩევდით საუკეთესო და სწორ ერთეულს. თუ განსხვავებას ვიპოვიდით, ის სქოლიოში ჩადიოდა.
გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს თხზულების მეცნიერული ანალიზი. ყოველი მოსაზრება სათანადოდ და დამაჯერებლად უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული.
- როგორ გაიხსენებთ ბატონ ილია აბულაძეს, როგორი იყო იგი ცხოვრებაში, ადამიანებთან, თანამშრომლებთან, სტუდენტებთან ურთიერთობაში?
- ბატონი ილია გახლდათ ცნობილი არმენოლოგი, ენათმეცნიერი, პალეოგრაფი... მან ხელნაწერების კვლევა-ძიების განსაკუთრებული ტრადიცია, ხელნაწერებისადმი სათუთი დამოკიდებულება დანერგა ინსტიტუტში. საგულისხმოა, რომ ინსტიტუტის ეზოში დღეს მოშრიალე ხეები ბატონი ილიას დარგულია. იგი იყო ამ ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. თვითონაც პედანტურად იცავდა სამუშაო დისციპლინას და სხვებსაც მკაცრად აკონტროლებდა. დაგვიანებას არავის პატიობდა, შეეძლო საყვედური გამოეცხადებინა თანამშრომლისთვის 5 წუთით დაგვიანების გამო.
მთელი ინსტიტუტი მისი გამოზრდილია. იყო უბადლო პედაგოგ-ხელმძღვანელი, დაუზარელი - ახალბედა მკვლევართან მუშაობაში. მას დაუყვედრებლად შეეძლო დასაბეჭდად გამზადებული საკუთარი სტატია ამოეღო კრებულიდან და ნაცვლად ახალგაზრდა კოლეგის შრომა შეეტანა, თუკი ამის საჭიროებას დაინახავდა...
ასკეტი ბერივით ცხოვრობდა. ხელნაწერები და მეცნიერება იყო მისთვის უპირველესი.
უნივერსიტეტის დეკანობის დროს უშურველად ეხმარებოდა სტუდენტებს, განსაკუთრებით სოფლიდან ჩამოსული გაჭირვებული სტუდენტები ებრალებოდა. მისი და იგონებდა, ომის დროს თურმე თავის ტალონებს აძლევდა მათ. ერთხელ აუდიტორიაში ტალახიანი კალოშებით შემოსულ რომელიღაც სტუდენტს სხვების უჩუმრად ფული ჩაუდო ჯიბეში - წადი, ფეხსაცმელები იყიდეო.
- ინსტიტუტის ფონდი ჩვენი ქვეყნის სულიერი და ყოფითი კულტურის წარმატებაზე მიგვანიშნებს. რამდენად ხდება დღეს ამ ინსტიტუტში დაცული გამოჩენილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მემკვიდრეობის სათანადო გააზრება, შესწავლა-გამომზეურება?
- ხელნაწერთა ინსტიტუტში თავმოყრილ ფონდზე ძვირფასი დღეს ქართველ კაცს არაფერი გააჩნია. ქართველ ხალხს სულიერება შეუნარჩუნა ხელნაწერების სახით მოღწეულმა უძველესმა მემკვიდრეობამ - ქართულმა მწერლობამ, რომელიც სასულიერო მწერლობაზე აღმოცენდა და დაფუძნდა.
ინსტიტუტში ყველა გამოჩენილი ადამიანის ფონდი არსებობს. აქვეა ცნობილი მეცნიერების (კ. კეკელიძის, ივ. ჯავახიშვილის, შ. ამირანაშვილის...) კაბინეტები. ბიბლიოთეკებში დაცულია მათი სამეცნიერო ნაღვაწი.
ხელნაწერთა ინსტიტუტი არის ძველი კულტურისა და მეცნიერების ცენტრი. მის უნიკალურ ფონდებში უზარმაზარი ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურაა დაცული. დღეს ინსტიტუტში მუშაობს ორი ათეული ადამიანი, არადა ამ ძეგლების გაანალიზება და გამოქვეყნება საშურია. გულდასაწყვეტია, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტს სათანადო ყურადღება არ ექცევა. საჭიროა დაფინანსება, კადრების შემცირება კი არა, გაზრდა. ეს არის სახელმწიფოს პრესტიჟის საქმე. ჩვენ უძველესი კულტურის მქონე ერი ვართ. მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობათაგან ერთ-ერთი უძველესი ქართული დამწერლობაა. ამ ენაზე დაწერილსა და ნათარგმნ თხზულებებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, გამოცემა, დაბეჭდვა, უამრავი ისეთი ხელნაწერი წიგნია ინსტიტუტში, რომლის მხოლოდ სათაური ვიცით და მეტი არაფერი. ახალმა თაობამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ჰუმანიტარული მეცნიერება, ფილოლოგიურ-ლიტერატურული საქმიანობა აუცილებელია.
- ბატონო ენრიკო, რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში სასულიერო შინაარსის ტექსტებზე მუშაობამ და საერთოდ, როგორ აფასებთ ქრისტიანობის როლს კაცობრიობის ისტორიაში?
- ძველი ქართული მწერლობის ნიმუშები ეკლესია-მონასტრებში იქმნებოდა. საუკუნეთა მანძილზე სამეცნიერო-კვლევით ფუნქციას მონასტრები ასრულებდნენ. ოდითგანვე ეკლესია ზრუნავდა ერის სულიერებაზე, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ქრისტიანობამ კაცობრიობას მისცა დახვეწილი ზნეობა, მაღალი ღირებულებები, რაც ყველა საზოგადოების საფუძველი გახლავთ.
ახლახან ინსტიტუტმა სერიოზული გრანტი მოიგო. უნდა ვიმუშაოთ ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკის მეცნიერულად შესწავლაზე. ჰომილეტიკის ერთ-ერთი ნაწილი ზნეობრივი ქადაგებებია. აქ არის წმინდა მამათა (ბასილი დიდის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე დამასკელის და სხვათა) სწავლებებით გაჟღენთილი ქადაგებები ("ტყუილისთვის", "შურისთვის", "სიყვარულისთვის" და ა.შ.). ამ ღვთივგანბრძნობილ მამებს, უპირველეს ყოვლისა, სრული რწმენა ჰქონდათ იმ ჭეშმარიტებისა, რასაც თვითონ ქადაგებდნენ. მათ ქადაგებას აძლიერებდა უსაზღვრო სიყვარული მსმენელისა და სიტყვისა და საქმის საოცარი ჰარმონია. არ იყო არც ერთი საკითხი მათ მოძღვრებაში, რასაც მათი ცხოვრება არ ეთანხმებოდა, ამიტომ მათ სიტყვას საოცარი დამაჯერებლობის ძალა ჰქონდა. გულმოდგინედ ზრუნავდნენ თითოეული ადამიანის ხსნაზე. ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქრისტიანობის ფართოდ და სწრაფად გავრცელებისა.
ამას წინათ პროფესორი ედიშერ ჭელიძე მიამბობდა, თურმე ერთი გზასაცდენილი ყმაწვილი მონასტერში წასულა და მცირე ხნით დარჩენილა. 2-3 კვირის შემდეგ ოჯახის წევრების მოსანახულებლად დროებით რომ ჩამოსულა თბილისში, ვეღარ გაუძლია და უკან დაბრუნებულა. მას შემდეგ აღარც ნარკოტიკს ეკარება და აღარც თამბაქოს. იმდენად დიდი გავლენა იქონია მასზე იქაურმა გარემომ, მოძღვარმა, მისმა პიროვნებამ და ქადაგებებმა, რომ ყმაწვილის სულში ფერიცვალება მოხდა. ქრისტიანობას შეუძლია ადამიანი გარდაქმნას, რადიკალურად შეცვალოს.
- ბატონო ენრიკო, რას იტყოდით ჩვენს დღევანდელობაზე, ყველაზე მეტად რის დეფიციტს განიცდის ახალგაზრდობა, საზოგადოება. რას ურჩევდით მათ?
- ჩვენს დროს მრავალი წინააღმდეგობა ახასიათებს: ე.წ. თავისუფალი სამყაროს დემოკრატია, მასობრივი საინფორმაციო წყაროების საშუალებით დედამიწის ყველა კუთხის გაერთიანება, გლობალიზაცია და ზედაპირული ცოდნის გავრცელებით უმეცრების ახალი ფორმის შექმნა, ხელოვნებისა და კულტურის ინდუსტრიად ქცევა, მასკულტურის მოძალება, ადამიანის გაორება და ა.შ. ბევრი თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ ღალატობს იმ ზნეობრივ ნორმებს, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, ქრისტიანობა არა მხოლოდ აზროვნების, არამედ უპირველესად ცხოვრების წესს გულისხმობს.
ადამიანის ბუნება, მეტადრე ახალგაზრდისა, უაღრესად ფაქიზია და მასზე ადვილად შეიძლება ზემოქმედება. დღეს ახალგაზრდობაზე უფრო ეფექტიანად მოქმედებს ამერიკული ცხოვრების წესი ანუ სრული თავისუფლება, რომლის ცნების შინაარსი მათ სხვაგვარად ესმით. თავისუფლება უსაზღვრო ნება-სურვილის დაკმაყოფილება ჰგონიათ. არადა თავისუფლება ყოველთვის არის შეზღუდული მოვალეობით. მოვალეობა მრავალწახნაგოვანია. ჩვენი ცხოვრება უხილავი ბრძოლაა. ქრისტიანული ასკეტიზმი გულისხმობს საკუთარ თავზე ძალდატანებას, საკუთარი ნება-სურვილის მართვას. ამიტომაც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა კაცობრიობას მისცა ათი მცნება. არ შეიძლება მცნებას არღვევდე და თან მშვიდად იყო. ღმერთმა ადამიანს მსაჯულად სინდისი დაუდგინა. სინდისის ხმას თუ მოვუსმენთ და წინაპართა ნაკვალევზე ვივლით, სწორ გზას დავადგებით. ერთადერთი სწორი გზა - ეკლესიისკენ მიმავალი გზაა. სამწუხაროდ, ტრადიციისადმი ერთგულებას, ისტორიზმს, სიძველეს დღეს ბევრი ჩამორჩენილობასთან აიგივებს, მაგრამ არაფერია ჭეშმარიტებაზე ძველი და ჭეშმარიტებაზე თანამედროვე და აქტუალური.
- გმადლობთ, ბატონო ენრიკო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი