საერო ხელისუფლება და მღვდლობა ერთმანეთს ისევე ეკუთვნიან, როგორც ხორცი და სული, და სახელმწიფოს მოწყობისათვის მათი კავშირი და თანხმობა სახელმწიფოს კეთილდღეობას განაპირობებს
წმინდა წერილის სწავლებით, სახელმწიფო ღმრთივდადგენილი ინსტიტუტია. ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) წერს: "კაცობრივი კანონების იმ მიზნისკენ წარსამართად, რომელიც ღმერთის განგებას წინასწარ დაუსახავს, ღმერთმა სახელმწიფო ხელისუფლებას მიანიჭა უფლება, რომ მან, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მახვილით აღჭურვილმა, ხალხი მისი სახელით კეთილ გზაზე ატაროს".
ეკლესიასა და სახელმწიფოს მოქმედების თავ-თავიანთი სფერო, თავ-თავიანთი საშუალებები აქვთ და პრინციპულად ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან, თუმცა ეს დამოუკიდებლობა აბსოლუტური არ არის. ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი წერს: "ეკლესია არ გახლავთ ამქვეყნიური სამეფო, მაგრამ იგი აქ არსებობს, ამიტომ მისი წევრები ამავე დროს სახელმწიფოს წევრებიც უნდა იყვნენ და, აქედან გამომდინარე, როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო კანონებს დაემორჩილონ".
როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება სახელმწიფო ხელისუფლებისადმი? რას გულისხმობს ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმფონიური ურთიერთობა? რას ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას შორის დადებული შეთანხმება (კონკორდიუმი)? რა კავშირია საეკლესიო და სამოქალაქო სამართალს შორის? როგორ აისახება მართლმადიდებლური აზროვნება და შეგნება სახელმწიფო მოხელის მოღვაწეობაზე? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დავით ჩიკვაიძე, რომელიც ამავე დროს ვაკის წმინდა სამების ეკლესიის მედავითნეც გახლავთ.
- დათო, იქნებ, ორიოდე სიტყვით გვიამბო, როგორ მოხვედი ეკლესიაში...
- ჩემი ოჯახი ეკლესიური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა. არც ერთი, გარდა დედაჩემისა, მონათლული არ ვყოფილვართ, თუმცა ზოგადი წესები - ტაძარში შესვლისას ქუდი რომ უნდა მოიხადო, სანთელი დაანთო, ავბედობის ჟამს ღმერთს შეევედრო - ბუნებრივია, ვიცოდით და ვიცავდით კიდეც.
მართლმადიდებლობაზე პირველად დემირელის კოლეჯში სწავლისას დავფიქრდი. ქართველებისადმი კეთილგანწყობის ნიშნად თურქებმა შემოიღეს საგანი "რელიგიათმცოდნეობა". მგონი, პირველად მაშინ შევიტყვე, რომ მართლმადიდებელ სარწმუნოებას ჰქონდა დოგმატური სწავლება, რომ არსებობდა სახარების, სამოციქულოს განმარტებები. კოლეჯის ახლოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა. ზარებს რომ რეკავდნენ, ბავშვები პირჯვარს ვიწერდით...
1999 წელს მოვინათლეთ მე და მამაჩემი, მამა ილია ხომასურიძესთან ვთქვით აღსარება და ზიარებაც მივიღეთ. წლების განმავლობაში დაგროვილი სულიერების მარცვლები მართლმადიდებლური ცხოვრების სურვილად აღმოცენდა.
2000 წელს ვაკის წმინდა სამების სახელობის ეკლესია გაიხსნა და მთელმა ოჯახმა იქ დავიწყეთ სიარული. ერთი მოძღვარი გვყავს - მამა დანიელი (ლობჟანიძე), ვაკის წმინდა სამების ეკლესიის წინამძღვარი.
მინდოდა, უფრო დავახლოებოდი ეკლესიას. ამ სურვილით ანთებულმა ჯერ ძველი ქართული დამწერლობა შევისწავლე, შემდეგ მედავითნეობაში გავიწაფე და 2003 წლიდან მედავითნედ ვმსახურობ ვაკის წმინდა სამების ეკლესიაში.
- რა მოეთხოვება მართლმადიდებელ იურისტს? როგორ ეხმარება იურისპრუდენციის სფეროში მოღვაწე ადამიანს ქრისტიანობა?
- დღეს მართლმადიდებლობა ერთგვარ ფილოსოფიურ მოძღვრებად, დოგმების, ზნეობრივი ნორმების კრებულად არის მიჩნეული, რისი შედეგიც სულიერებისგან დაცლილი, ფარისევლური ქმედებები გახლავთ: მარხვის შენახვა, წირვაზე დასწრება... სინამდვილეში მართლმადიდებლობა ცხოვრების წესია. მართლმადიდებელი უნდა იყო ყველაფერში: ჭამაში, სმაში, ჩაცმაში, საუბარში, აზროვნებაში, მით უმეტეს, პოლიტიკის განსაზღვრაში ან სამართლის დადგენაში. ამიტომ მართლმადიდებელი იურისტისთვის მთავარია, ემსახურებოდეს სიმართლეს. საჯარო მოხელის თანამდებობა, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ რამდენადაც იგი ემსახურება მართლმადიდებელ ერს, ამდენად, ემსახურება ღმერთს. სულიერება მხოლოდ მღვდელმსახურის თვისება როდია... მოსამართლეს წამითაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ იგი მსაჯულია და ამით, ისევე როგორც მღვდელი, სახეა მაცხოვრისა. მართლმადიდებელ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ ის კანონს იცავს, "რაითა მყუდროებასა შინა დაცულნი, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ". ადვოკატი ძველქართულად მეოხად იწოდება. გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, კარგი ადვოკატი ის არის, ვინც სიმართლეს ემსახურება, ხოლო თუ ხვდება, რომ მისი დასაცავი მართალი არ არის, დანაშაულის აღიარება უნდა ურჩიოს ანდა მის დაცვაზე უარი თქვასო.
ეკლესიას თავისი კანონიკური სამართალი აქვს. იგი ადგენს ნორმებს, რომელთა დაცვა ევალება მრევლსაც და მღვდელმსახურსაც. საეკლესიო ნორმების დაცვა კი თავისთავად გულისხმობს, ერთი მხრივ, მართლმადიდებლობის დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, მართლმადიდებლური მრწამსის ასახვას მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.
- მართლმადიდებლობა, ზოგიერთი სხვა სარწმუნოებისგან განსხვავებით, აუცილებლად გულისხმობს კანონიკური სამართლის გვერდით სახელმწიფო სამართლის არსებობას. როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის სფეროებს შორის?
- მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან მიჯნავს საეკლესიო და საერო კანონს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს უპირისპირდება; პირიქით, ეს ორი სამართალი ერთმანეთს ავსებს. მაგალითად, ისეთ ადმინისტრაციულ საკითხებს, როგორიც არის ძირითადი ხელისუფლების არჩევის წესი, ასევე - სამოქალაქო სამართლის ზოგიერთი საკითხი და ა.შ., ბუნებრივია, ეკლესია არ განსაზღვრავს. ეკლესია ადგენს ისეთ საკითხებს, რომლებიც ადამიანის სულიერებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს ორი კანონი პარალელურად უნდა არსებობდეს და ერთ საქმეს ემსახურებოდეს. როცა მოსე ბრძოლისას სულიერად შეეწეოდა ებრაელ ერს, მას მარჯვნივ და მარცხნივ ორი და აარონი ედგნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი სჯულის ძლიერება სახელმწიფოსა და ეკლესიის ძლიერებაზე იყო დაფუძნებული. თუკი სახელმწიფო ეკლესიის საპირისპირო მიმართულებას აძლევს თავის მოღვაწეობას, ეს ეკლესიას ვერაფერს დააკლებს, რადგან ის "კლდესა ზედა აღშენებულ არს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას", მაგრამ დააზარალებს ერს.
- ვიცით, რომ შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება იდეალურად იყო მოწესრიგებული. ამ ურთიერთდამოკიდებულების კლასიკური ფორმულაც არსებობდა: "საერო ხელისუფლება და მღვდლობა ერთმანეთს ისევე ეკუთვნიან, როგორც ხორცი და სული, და სახელმწიფოს მოწყობისათვის მათი კავშირი და თანხმობა სახელმწიფოს კეთილდღეობას განაპირობებს". ისტორიულად როგორ იყო ასახული საეკლესიო პრინციპები ქართულ სამოქალაქო სამართალში?
- ძველად საქართველოში საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის სფეროები ისე ჰარმონიულად ურთიერთმოქმედებდა, რომ ხშირად სახელმწიფო არც კი მიიჩნევდა საჭიროდ, იმ საკითხებზე, რომლებზეც უკვე არსებობდა საეკლესიო სჯულდება, პარალელური სამოქალაქო კანონი შემოეღო. ამასთანავე, დანაშაულის ჩამდენის მიმართ საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთდროულად მოქმედებდა. მაგალითად, ზიარებიდან განკვეთას საქართველოში სამოქალაქო სიკვდილი ერქვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანს, ფაქტობრივად, ყველაფრის უფლება ერთმეოდა: მემკვიდრეობის მიღების, ჯარში წასვლის, ზოგიერთი სამოქალაქო ხელშეკრულების დადების... ამით მას, პრაქტიკულად, ისეთ მდგომარეობას უქმნიდნენ, რომ მხოლოდ სულის განწმენდაზე ეზრუნა. ბუნებრივია, ათეისტურ პერიოდში ეს ტრადიცია არ მოქმედებდა, თუმცა პატრიარქს არაერთხელ უთქვამს, რომ კომუნისტურ ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაფარულად იღვწოდნენ ეკლესიისთვის.
- ჩვენ ვიცით, რომ იცვლება სამოქალაქო სამართლის კანონები, კონსტიტუცია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საეკლესიო სამართალში? ვინ იღებდა საეკლესიო კანონებს და შესაძლებელია თუ არა, ისინი დროის შესაბამისად შეიცვალოს ან მცირეოდენ შერბილდეს მაინც?
- საეკლესიო კანონებს იღებდა მსოფლიო კრება, რომელიც სულიწმინდის მადლით მოქმედებდა და იყო უცთომელი, განსხვავებით კათოლიკური სამყაროსგან, სადაც კარდინალთა კრებაზე მაღლა პაპი დგას და იგი მიიჩნევა უცთომლად, როდესაც სჯულის დებას აღასრულებს, საეკლესიო კანონმდებლობას აწესებს ან სჯულის საკითხებზე გამოსცემს კურთხევას.
მსოფლიო თუ მოციქულთა კანონებში, თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, პრაქტიკულად ვერ ვნახავთ, მაგალითად, უზიარებლობის ვადას, მღვდელმსახურისთვის მღვდელმოქმედების დაცადების ვადას. ინდივიდუალურ შემთხვევებს ეპისტოლარული კანონმდებლობა არეგულირებდა - სამრევლოები საეკლესიო მოღვაწეებს სწერდნენ წერილებს და ითხოვდნენ განმარტებას სხვადასხვა საკითხის ირგვლივ. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდმა ჯერ კიდევ IV საუკუნეში განსაზღვრა ბრალის ცნება - ის, რომ ადამიანი შეიძლება სცოდავდეს ნებსით, თავისი შეგნებით, და უნებლიეთ. როცა ვადების განსაზღვრას სთხოვდნენ, ბასილი დიდი პასუხობდა, ვადები იმისთვის როდია დაწესებული, რომ ადამიანი დაისაჯოსო. საზოგადოდ, საეკლესიო სასჯელი არ არის სასჯელი კლასიკური გაგებით. საეკლესიო სასჯელი, როგორც წესი, ფაქტის კონსტატაციაა. როცა ადამიანი არ ემორჩილება ეკლესიას, ამბობს, რომ არ ცნობს საეკლესიო სამართალს და რომელიმე სხვა მოძღვრებას მისდევს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავს ეკლესიის წევრად არ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში ეკლესია, უბრალოდ, ამ ფაქტს დაადასტურებს და საჯაროდ განაცხადებს, რომ ეს კაცი აღარ არის მისი წევრი.
წინათ ადამიანს მძიმე ცოდვა რომ ჩაედინა, ალბათ უფრო დიდი სულიერი ბარიერის გადალახვა სჭირდებოდა, ვიდრე დღეს. საყოველთაო სულიერმა დაცემამ მოიტანა ის, რომ ცოდვა იოლად ჩასადენი გახდა. მიუხედავად ამისა, სჯულის კანონი კვლავ ძალაშია. ამაში ჩანს საეკლესიო სამართლის მუდმივობა, ღვთის სამართლის უცვალებლობა.
- როგორი უნდა იყოს, ქრისტიანული სწავლების თანახმად, დამოკიდებულება სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ, თუნდაც ის ხალხს არ მოსწონდეს?
- ჩვენ, იურისტები, ჩვენს მოღვაწეობას გარკვეულწილად ვაფუძნებთ სახარებისეულ გამოთქმაზე: "მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა" (მათე 22:21). სახელმწიფოს თავისი ფუნქცია აქვს, ეკლესიას - თავისი. ჩვენ მათი ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულებისთვის უნდა ვიღვაწოთ. დავით წინასწარმეტყველი 105-ე ფსალმუნში ბრძანებს: "ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა". სახარება გვასწავლის, რომ თუ სახელმწიფო პირდაპირ არ მოგვიწოდებს ღვთის გმობისაკენ, მაშინ ჩვენ მისი სამართალი უნდა დავიცვათ. ლათინურ აპოლოგეტურ თხზულებაში "წერილი დიოგნეტეს მიმართ" ნათქვამია, რომ ქრისტიანები წარმართ რომაელებზე სანდო ხალხია, რადგან კეისრისთვის ლოცულობს, სწორედ იმ კეისრისთვის, მათ რომ დევნის და წამებით ხოცავს. ლოცულობს, ვინაიდან ასეთია კურთხევა უფლისა. უფალი ჩვენ ისეთ ხელისუფლებას გვაძლევს, როგორიც იმ დროს გვჭირდება. ათეისტური ეპოქის ერთ-ერთ ახალმოწამეს ჰკითხეს: "თქვენ, ქრისტიანები, მუდამ იმას ქადაგებთ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისაგან არის; განა ჩვენი ხელისუფლებაც ღვთისგან არისო?" მოწამემ მიუგო: "დიახ, ეს ღვთის დაშვებით მოხდა ჩვენი ცოდვებისთვის, რათა გამოვფხიზლდეთ. მაგრამ დადგება დრო, უფალი იტყვის: "კმარა!" - და თქვენი ხელისუფლებაც დასრულდებაო". ეს სიტყვები 70 წლის შემდეგ ახდა. ჩვენც უნდა ვილოცოთ ჩვენი ხელისუფლებისთვის, უნდა ვიღვაწოთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ისევე როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ცხადია, სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უნდა დაიცვან უფლის მიერ დადგენილი სჯული, იმიტომ რომ დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში წერია: "უფალი წაართმევს მეფობას მას და მისცემს სხვას, მასზე უკეთესს". ყველა ხელისუფლებას ზეციდან აქვს უფლებამოსილება. პილატე პონტოელს ეუბნება უფალი: "არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო" (ინ. 19:11). ამით უფალმა ყოველგვარი მიწიერი ხელისუფლების ზეციურ წყაროზე მიუთითა. ეს უნდა ახსოვდეს ხელისუფლებასაც და უნდა ახსოვდეთ მოქალაქეებსაც.
- მცირე ხნის წინ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას შორის დაიდო ხელშეკრულება - კონკორდიუმი. რა მნიშვნელობა ჰქონდა მას?
- მე მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი ამ ისტორიულ მოვლენას. პატრიარქმა ბრძანა, რომ დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალურია. ბუნებრივია, ეს ძალიან სასიხარულოა. ევროპაში არსებობს ორი მიმართულება: დასავლეთევროპული და პოსტსოციალისტური. მხოლოდ პოსტსოციალისტურ ქვეყნებშია ყველა კონფესია თანასწორუფლებიანი. თითქმის არც ერთ დასავლეთევროპულ სახელმწიფოში არ ხდება ასეთი რამ. შესაბამისად, არსებობს ორი მოდელი: ერთი - სახელმწიფო რელიგიისა და მეორე - უპირატესი სარწმუნოებისა როგორიც არის დღეს საქართველოში.
- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა: რას უსურვებ "კარიბჭის" მკითხველებს?
- "კარიბჭის" მკითხველებს ვუსურვებ სულიერ აღორძინებას, საქართველოს გაძლიერებასა და გამთლიანებას. ვუსურვებ, მხოლოდ საკუთარი თვალით კი არ ეხილოთ ქართველთა თაობების სანუკვარი ოცნების ხორცშესხმა - გაბრწყინებული ივერია, არამედ თავიანთი წვლილიც შეეტანოთ ამ საქმეში.