"ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე", - ბრძანებს სააღდგომო ეპისტოლეში (1991წ.) პატრიარქი ილია II. ეს შეგონება ძალიან გვჭირდება.
ციცერონის აზრით, ამქვეყნად ჩვენი დანიშნულებაა მთელი არსებით ვესწრაფოდეთ ცოდნას, ფილოსოფიის მეშვეობით ვეზიაროთ ჭეშმარიტებას. სწორედ ეს არის გზა ნეტარებისაკენ (წერილი ჰორტენზიუსს).
ცოდნას წმინდა ილია მართალი სანატრელ განძად სახავდა, ადარებდა სანთელს, ერთიათასად დანთებულს, რომელიც გააბრწყინებდა მის სათაყვანებელ მამულს. ცოდნა გონებითაა ძლიერი და გონებით ცოდნას ვერ დაარღვევს ვერავინ სულიერი - ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა (დ. გურამიშვილი). ვაჟა-ფშაველაც გავიხსენოთ: "მაგრამ გავიგებთ ერთხელაც, ვინ ახლო ვსდგევართ ღმერთთანა".
ხსნის გზაზე პირველი ნაბიჯი რწმენისაა, შემდეგ შიშისა, იმედისა, სინანულისა, თავშეკავებისა, მოთმინებისა - ესენი ცალ-ცალკე და ერთად აღებული აძლიერებენ სიყვარულს და ეხმარებიან ჩვენს ცოდნას. ჩვენი გარემომცველი სამყარო დასაფეხურებულია, რომელსაც ცოდნის ნათელი ეფინება. სამყარო ანუ კოსმოსი ნიშნავს მართლწესრიგსაც ანუ ღვთაებრივ და ადამიანურ კანონთა ერთობას. თუ კანონი თავისთავად ბადებს შიშს, შეცნობა კანონისა არის სიბრძნის საწყისი - შიში ღვთისა საწყისია სიბრძნისა (იგავ. 1,7) და კანონის გარეშე არ არის ბრძენიც - ეს შეგონება დღესაც მეტად აქტუალურია.
ცოდნის მისაღებად სწავლაა საჭირო, სწავლის სათავე ცოდნისადმი სიყვარულია. ცოდნის გზას სიყვარულით სავსე გულით უნდა შევუდგეთ, რადგან თავად ღმერთი არის სიყვარული (I კათ. 4,15). ცოდნა და სიყვარული მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან: ცოდნა განალაღებს, სიყვარული კი აღაშენებს (I კორ. 8,1). იოანე ოქროპირის განმარტებით, ცოდვაში ჩავარდნის მიზეზი უცოდინრობაა. ამავე აზრს ავითარებს ვაჟა-ფშაველა - "უცოდინრობა ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა" ("თიანეთური ფელეტონი").
აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამი და ევა ცოდნამ კი არ წარწყმიდა, არამედ ურჩებამ, მათ არაწმინდად იგემეს სამოთხის ხის ნაყოფი. არ არსებობს ცხოვრება ცოდნის გარეშე და არ არსებობს უცთომელი ცოდნა ჭეშმარიტი ცხოვრების გარეშე. იოანე დამასკელი ამბობს, რომ არასოდეს იქნებოდა გონება სიბრძნის არამქონე და ცოდნას მოკლებული, რადგან თუ იგი უმოქმედოა და უძრავი, არარსებულიცაა. უთუოდ (მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თ. 62, თარგ. ე. ჭელიძისა). იმავე აზრს გამოხატავს დეკარტე: Cogito, ergo sum - ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ.
ადამიანის სულის ამაღლების სამი მთავარი საფეხურია: სიყვარული, ცოდნა და რწმენა. სულის ერთადერთი საზრდო ჭეშმარიტების წვდომაშია, იგი შემეცნებებით იკვებება. არ შეუძლია გაჩერდეს, მისი არსებობა მოძრაობაშია, ხოლო მისი მოძრაობა - შემეცნებაში, გონების მოსახვეჭელზე ზრუნვაში (პლატონი, ფედონი 64). მეცნიერება ანუ ცოდნა ადამიანის ადამიანად დასრულებაა, რომელსაც ემატება საღვთო საქმეთა წვდომა (კლიმენტი ალექსანდრიელი). ბიბლიიდან მოჩუხჩუხებს მაცოცხლებელი წყარო - ნეტარ არს კაცი, რომელმან მოიგო გონიერებაი და მოკუდავმან, რომელმან პოვა მეცნიერებაი (სოლომ. იგავ. III, 13).
მეცნიერებაში დიდი ადგილი უჭირავს დაფარულ ჭეშმარიტებას და მისი ამოცნობისათვის საჭიროა სპეციალური განათლება, რიტორიკის, დიალექტიკის, მუსიკის, რიცხვთა მეცნიერების ცოდნა. ცოდნა მატერიალური სამყაროს შესახებ შემოსაზღვრულია. ამ საზღვარს იქით არცოდნაა, რომელიც არამატერიალურ, მიღმიერ სამყაროს მოიცავს. არცოდნა ამ სამყაროს შესახებ არის არა ცოდნის ნაკლებობა, არამედ ზეაღმატებული ცოდნა ყველა ცოდნათაგან. დიონისე არეოპაგელის განმარტებით, არცოდნა არის ცოდნა იმის შესახებ, რაც ყველა შეცნობადზე მაღლაა (I ეპისტ. გაიოს ბერს); ე.ი. ადამიანს არ აქვს სრული ცოდნა ღმერთის შესახებ და არც სრული არცოდნა მისი, არამედ აქვს შესაბამისი არასრულყოფილი და შემოსაზღვრული ცოდნა ღმერთის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს ღმერთის ბუნებრივი და ზებუნებრივი გამოცხადებიდან.
"ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8). ქართული ტერმინი - გულისხმა გონებას უკავშირდება. გონება, სულხან-საბას განმარტებით, არის სიტყვიერი მხედველობითი, საცნაურისა და უკვდავისა სულისა. გულისხმა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ზოგადი გაცნობიერება, გონითი წვდომა საგნისა თუ არსისა და რადგან ამ ტერმინში სმენადობაც ფიგურირებს, ჩნდება მეორე ტერმინიც - გულის ყური, რომელიც ჭეშმარიტების წვდომის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია. "მოსცა მათ ღმერთმან გულისხმისყოფა და ცნობა ყოველსა შინა ღრმატიკოსობასა და სიბრძნესა" (დან. 1,17).
გული ანუ გონება ჩვენი, გონიერება ყოვლისმომცველ ცოდნას კერძოობითად აქცევს, ათბობს გულის სითბოთი, ჩამოასხამს გულის სიტყვად და უკანვე უბრუნებს დაუსაბამო და დაუსრულებელ ყოფიერებას.
გულით ხედვა, გულით მოსმენა, გულით ზრახვა, გულისგული - სამყარო მოქცეული ერთ წერტილში და განფენილი უსაზღვროებაში.
"გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან" - რუსთაველის ეს მეტაფორული ტრიადა მომდინარეობს გონების სამსახოვნებიდან. სამ სახედ ითქმის გონება: გონება ღმერთი, გონება ანგელოზი და გონებაცა ჩვენი. ეს იერარქიული სამებაც ერთსახეობითად წარმოადგენს განუყოფელს და მტკიცე ჭეშმარიტებას.
საინტერესოა თვითონ ტერმინის - "გონი", "გონება", "გონიერების" წარმომავლობის საკითხი. ცნობილია, რომ სამყაროში საგნები აღნიშნულია ნიშნებით ან სიტყვებით. სიტყვა ბგერებით ან ასოებით გამოიხატება. სხვადასხვა ხალხის სულიერი ცხოვრების მეტად განსხვავებულმა პირობებმა და გარემოებებმა ჩამოაყალიბა განსხვავებული ნიშან-სისტემები, ენა-დამწერლობანი, რომელნიც გარკვეულ შიფრულ ინფორმაციას იძლევიან და საჭიროა ამ შიფრის გაგება (მ. ჭელიძე, ელინიზმის ფილოსოფია ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში, თბ., 1998, გვ. 265).
როდესაც საუბარია ენა-დამწერლობათა სხვადასხვაობაზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ განსხვავებულობაში საერთო ძირების არსებობა. ცხადია, "ერთი დამწერლობის ცალკეულ ნიშანთა მსგავსება სხვა დამწერლობებთან ვერ გამოდგება საფუძვლად მათ შორის არსებული გენეტიკური კავშირების მტკიცებულებისთვის, თუ ცალკეულ ნიშანთა გრაფიკულ მსგავსებასთან ერთად ამგვარ დამწერლობათა შორის არ გამოვლინდა შინაგანი სტრუქტურული კავშირები წერის არსებით მახასიათებლებში" (თ. გამყრელიძე, "წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა", 1989. გვ. 54).
ცოდნა, გონება (გნოსის), უგუნურება, უცოდინრობა (აგნოსია), ცოდნა, შეცნობა, ცნობა, გააზრება (გიგნოსკო) - გენ, გონ, გნ ძირები, აკად. თ. გამყრელიძის აზრით, ინდოევროპული წარმოშობისაა. წინარე ინდოევროპული ენა, ყოველ შემთხვევაში, მისი რამდენიმე ძველი დიალექტური გაერთიანება კონტაქტში იყო საერთო ქართველურ ენასთან განსაზღვრულ არეალში მახლობელი აღმოსავლეთისა.
მეცნიერება ანუ ცოდნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოსაზღვრულია. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, მეცნიერება არსებული ჭეშმარიტების აღმოჩენაა, მაგრამ ჭეშმარიტების კანონიერი მფლობელი ქრისტიანული სარწმუნოებაა. წმინდა ირინეოსიც ამტკიცებს, რომ ცოდნა გვეხმარება სრულყოფაში, მაგრამ მასზე მაღლა დგას რწმენა და ჩვენ ღმერთთან მხოლოდ რწმენით მივდივართ. ცოდნის ღირებულება რწმენის სიმტკიცით განისაზღვრება.
ტერტულიანემ ცნო რწმენის უმაღლესი ღირებულება და ცალმხრივად დაუპირისპირდა ინტელექტუალურ ღირებულებებს, ცოდნას, მეცნიერებას, ჭეშმარიტების წვდომის ერთადერთ გზად აღიარებულ ფილოსოფიას. მაგრამ ყველა მოაზროვნე, თეოლოგი იქნებოდა ის თუ ფილოსოფოსი, აღიარებდა ცოდნისა და რწმენის ერთიანობას, მათ შორის არსებულ ღვთაებრივ და განუყოფელ კავშირს.
გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის
ბიზანტინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ჯულიეტა შოშიაშვილი
ბიზანტინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ჯულიეტა შოშიაშვილი