"ამ საუკუნეში ბევრი ცდილობდა, რწმენა და ცოდნა გაეთიშა და დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის. განა შეიძლება რწმენა და ცოდნა დაუპირისპირდეს ერთმანეთს? ისინი ხომ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მოიცავენ:
ერთი - ფიზიკურს, მეორე - სულიერს. მაშასადამე, ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
მეცნიერება ღვთისაგან ნაკურთხია. იგი ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ოღონდაც, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ამ მეტად რთულ დროში სწორი მიმართულება და გამოყენება მივცეთ ადამიანის გონების ნაყოფს, უნდა ვეცადოთ, მეცნიერულმა წინსვლამ ხელი არ შეუშალოს პიროვნების სულიერ განვითარებას", - ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების დღეს (1988 წლის 1 ოქტომბერს).
რწმენა ამოძრავებს მეცნიერებას. თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობას, მაგრამ თუ გონება უფლის მადლმოსილი სხივებით არის განათებული, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, რადგან ვისაც ღმერთი უყვარს, მას ცოდნაც ღვთისგან ეძლევა. შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, რომ დიდ გამოგონებათა და აღმოჩენათა ავტორები დიდი მეცნიერები და, ამავე დროს, დიდი ქრისტიანებიც არიან.
ჩვენი სტუმარი გახლავთ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ჭელიძე. ქალბატონი მერი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს და პარალელურად თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში კითხულობს ლექციებს. მისი მასწავლებლები იყვნენ უნივერსიტეტის დამფუძნებლები, უდიდესი მეცნიერები: შალვა ნუცუბიძე, მოსე გოგიბერიძე, კოტე ბაქრაძე... ქალბატონი მერის ღრმა განსწავლულობა სულიერ კეთილშობილებასა და თავმდაბლობასთან არის შერწყმული. საოცრად მშვიდი და სასიამოვნო ხმით სტუდენტებს ესაუბრება მარადიულ ფილოსოფიურ პრობლემებზე, მეცნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ქრისტიანული თვალსაზრისით, რაც ახალგაზრდებში რწმენის განმტკიცებას ემსახურება. ყველგან დიდი სიყვარულით ელიან ამ სათნო და ღვაწლმოსილი ქალბატონის გამოჩენას.
- ქალბატონო მერი, რა როლი შეასრულა ქრისტიანულმა რწმენამ თქვენი აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში?
- ჩვენ ვიბადებით გარკვეული საზოგადოებრივი ურთიერთობების პირობებში. ადრიდანვე ძლიერია ტრადიციების ზეგავლენა. დავიბადე იმ დროს, როცა ჩავლილი იყო 1924 წლის აჯანყებების მონაწილეთა მასობრივი დახვრეტის ველური ბატალიები. ამ წლის აგვისტოს ბოლოს დახვრიტეს პაპაჩემი - პეტრე ჭელიძე, კასპის ყველაზე მაღალინტელექტუალურ 25 პიროვნებასთან ერთად. მათ შორის უმეტესად თავად-აზნაურები იყვნენ: ამილახვრები, მესხიშვილები და სხვანი. უმოწყალო წამებით მოკლეს ერთი მღვდელი და ერთიც მასწავლებელი ქალი. ეს ჩვენი ოჯახის დიდი ტრაგედია იყო. სასწაულად გადარჩა მამაჩემი, რომელიც თბილისში დებთან აფარებდა თავს.
ქრისტიანულმა რწმენამ კვლავ ფეხზე დააყენა ჩვენი ტრადიციული, წითელგვარდიელების მიერ გაძარცვული ოჯახი. დიდედაჩემი მცხეთელი მღვდლის შვილი იყო, რომელსაც მზითევში მოჰყვა ორი მოზრდილი, უმშვენიერესი ხატი მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა. ლოცვა მისი ცხოვრების წესი იყო, მაგრამ ეს ხდებოდა მალულად. ნამზითვი კომოდის ქვედა უჯრა ქრისტიანული რწმენის საიდუმლოებას ფარავდა. ჩვენ, ბავშვებსაც, გვასწავლიდა ზოგ რამეს, უწინარეს ყოვლისა, პირჯვრის გამოსახვას.
ასე რომ, ჩემი სულიერი აღმზრდელი დიდედა იყო, რომელიც ჩაგვაგონებდა: - ქრისტიანობის, რწმენის მოსპობა უნდათ, მაგრამ იგი მალე მთელი ძალით აღდგებაო. კასპში წმინდა თევდორეს ეკლესიას ჯერ დიდი კლიტე დაადეს და შემდეგ კოლმეურნეობის საწყობად გადააქციეს. საეკლესიო დღესასწაულებზე დიდედას მატარებლით მივყავდით მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. სეფისკვერის ჩამორიგებას დიდი სიხარულით ველოდით ხოლმე. სვეტიცხოველში მეტად საიდუმლოდ, შებინდებისას მოგვნათლეს.
- ჭეშმარიტების ძიების წყურვილი ალბათ მერე და მერე უფრო გაგიძლიერდათ.
- ბავშვობიდან მაინტერესებდა პასუხი კითხვაზე: როგორ შეიქმნა ეს სამყარო - და ამ კითხვამ მიმიყვანა უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ანტიკურ ფილოსოფიას პროფესორი მოსე გოგიბერიძე გვიკითხავდა, დეკანი პროფესორი კოტე ბაქრაძე იყო. შემდეგ დაბრუნდა სახელგანთქმული მეცნიერი და მოღვაწე შალვა ნუცუბიძე, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" რუსულად თარგმნის გამო ციხიდანაც კი გაათავისუფლეს და დაიწყო მოღვაწეობა ქართული ფილოსოფიური და ღვთისმეტყველური აზროვნების ისტორიის მეცნიერული დაფუძნებისათვის. ამ დროიდან ჩვენი სტუდენტობა თანდათანობით კეთილგანწყობილი გახდა ეკლესიის მიმართ. სამამულო ომის პერიოდში გაიხსნა ეკლესიების კარები, გაძლიერდა ქრისტიანულ რწმენასთან, ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან ზიარების მოთხოვნილება. დავდიოდით აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე და ასე თანდათან მიიღო ჩვენმა ახალგაზრდობამ ქრისტიანობის ერთგულების სულიერი "ნათლობა".
- მაგრამ ამის მერე ისევ დაიწყო ათეიზმის პროპაგანდა...
- დიახ, რაღაც განსაკუთრებული მოხდა 60-70-იან წლებში. სასწავლო საგნად შემოიღეს "მეცნიერული ათეიზმი". დაიწყო აღრიცხვა იმისა, ვინ შედიოდა ტაძარში, ვინ იწერდა პირჯვარს. საიდუმლო სიები გადაეცემოდა კომკავშირის ცეკას და გამოგონილი იყო დასჯის ნაირნაირი ფორმა.
- ფილოსოფიის სიღრმეებში წვდომამ, ალბათ, გარკვეულწილად გაგიკვლიათ გზა ქრისტიანული სარწმუნოების უკეთ შესამეცნებლად.
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით ჩავირიცხე ასპირანტურაში. ეს იყო გზა მეცნიერებისა და ქრისტიანული სარწმუნოების, ბერძნული "საოცრების" - ანტიკური ფილოსოფიისა და ბიბლიური და სახარებისეული ლიტერატურის ურთიერთმიმართების გარკვევისა.
- ქალბატონო მერი, თქვენ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაშიც კითხულობთ ლექციებს. როგორ ინტერესს ავლენენ სტუდენტები ფილოსოფიის მიმართ?
- 15 წელია, რაც სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვკითხულობ და სიამოვნებითაც, რადგან სტუდენტები დიდი ხალისით ისმენენ და სწავლობენ; უხვად არის კითხვები ღვთისმეტყველებასთან ფილოსოფიის კავშირის, მათი საერთოსა და განსხვავების შესახებ. აინტერესებთ სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა ანალიზი. შემდეგ - უკვე ელინიზმის ეპოქა, გვიანდელ ელინიზმში ქრისტიანული აპოლოგეტიკის განვითარება, წმინდა მამების სწავლებანი ანტიკურ სიბრძნესთან ქრისტიანობის დამოკიდებულების შესახებ.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის რექტორობამ კიდევ უფრო მეტად გაააქტიურა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებისა და პედაგოგების შემოქმედებითი, საგანმანათლებლო ცხოვრება...
- ჩვენს სასულიერო აკადემიაში დანერგილი ინტერესი და სიყვარული მეცნიერებისა - საერთოდ და ფილოსოფიის - კერძოდ ლექტორებისა და სტუდენტების ერთობლივ კონფერენციებზე, სემინარებსა და სადისკუსიო შეკრებებზე ნათლად გამოჩნდება ხოლმე. ჩვენი პატრიარქის რექტორობის პერიოდიდან კი სულ უფრო ხშირად აქტიურობენ სტუდენტები. უფრო ადრე ამ აქტიურობის გამოხატულება იყო პედაგოგთა და სტუდენტთა თანაავტორობით გამოცემული საინტერესო წიგნი "რწმენა და ცოდნა", რომელიც ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა. მასში მოტანილია უწმინდესისა და უნეტარესის, ახლა უკვე თსუ საპატიო დოქტორისა და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, ილია II-ის სიტყვები: "შემთხვევითი არ არის, რომ დავით აღმაშენებელმა უმაღლესი სასწავლებელი მონასტერთან დააარსა. ასკეტიზმი და მეცნიერება - ორივე რჩეულთა ხვედრია და მათი შერწყმა იდეალურ პიროვნებაში ხდება... შემთხვევითი არ არის ისიც, რომ გელათის აკადემიას უწოდებენ მეორე იერუსალიმს და მეორე ათენს. იერუსალიმით აღინიშნებოდა მისი მაღალი სულიერება, ხოლო ათენით - მაღალი მეცნიერული დონე. გელათის აკადემია იყო ის ცენტრი, სადაც იხვეწებოდა და მუშავდებოდა ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნება და ტერმინოლოგია. აქ ითარგმნებოდა არა მარტო ცნობილ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა ნაშრომები, არამედ ანტიკური ფილოსოფიის რჩეული ნიმუშებიც, იწერებოდა ორიგინალური შრომები". ეს სიტყვები განვითარებაა წმინდა ილია მართლის გენიალური გამოთქმისა: "გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება". დიდმა ილიამ ამას უწოდა "სიბრძნე" და ამის ნიმუშად მიაჩნდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) ცხოვრება და მოღვაწეობა.
- ჩვენი პატრიარქის პიროვნებაც სწორედ ამის ნიმუშია...
- განსაკუთრებულია ჩვენი პატრიარქის ინტერესი ფილოსოფიისადმი, მის საუბრებში, შეხვედრებში ხშირადაა მსჯელობა ფილოსოფიის პრობლემებზე, აღმოსავლეთის ფილოსოფიებზე. მის მსჯელობებში ყოველთვის ჩანს ახალი, თანამედროვე აზროვნებისა და ყაიდის შეფასება. ამ მხრივ არ შეიძლება განსაკუთრებულად არ აღინიშნოს წლევანდელი საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები.
- ქალბატონო მერი, თქვენს თვალწინ სტუდენტთა და ასპირანტთა უამრავმა თაობამ ჩაიარა, თქვენს ღვაწლზე კი მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მეტყველებს. ალბათ ამდენს ვერ მიაღწევდით, თბილ და მყუდრო ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანთა გვერდით რომ არ ცხოვრობდეთ...
- რა თქმა უნდა. მყავს ერთი შვილი და ძალიან კეთილშობილი რძალი. შვილიშვილებიდან უფროსი, 9 წლის მერი (მარიამ) კეკელიძე, პატარაობიდანვე საეკლესიო ცნობიერებას ეზიარა. უკვე 2 წელია ჰყავს მოძღვარი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში - მამა მიქაელი (წურწუმია), რომელთანაც დადის აღსარებაზე, ზიარებაზე. შაბათ-კვირას მსახურებას ესწრება. მისი უმცროსი და, წლინახევრის თამთა, უკვე ცდილობს, მას მიბაძოს - მასთან ერთად იწერს პირჯვარს მაცხოვრის ხატთან.
- რას უსურვებთ ჩვენს ახალგაზრდობას?
- ვისურვებდი, რომ თავიანთ საქმიანობაში, საოჯახო თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში გაეთვალისწინებინოთ ის ბრძნული გამონათქვამები, რაც ჩვენმა პატრიარქმა ქართველ ხალხს მიაწოდა ეპისტოლეების სახით და ამ მიზანდასახულების შესაბამისად წარემართოთ ცხოვრება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი