დედა ელენე ყოველ დილას და დაწოლისას ლოცულობდა ხატის წინაშე და გულს მოდგინედ ევედრებოდა ღმერთსა შემდეგი სიტყვებით: "ღმერთო, ჩემს შვილებს შენ გარდმოუვლინე შენი მადლი და განამტკიცე შენს სარწმუნოებაზეო". ღმერთი მოწყალე ექმნა თავის მვედრებელს და მათი ცხოვრების გზა უჩვენა.
წმინდა ალექსი ჰყვებოდა თავის ყრმობაზე: "წელსა მეშვიდესა შემიყვანეს შკოლაში და ვსწავლობდი შესანიშნავ ნიჭით, ასე რომ სულ მცირე დრო მჭირდებოდა გაკვეთილებისთვინ, ხოლო უმეტესი დრო სულ თავისუფალ ვიყავი და ასე მეორე კლასში გადავედი პირველ მოსწავლედ და მეორე კლასში გადასვლის თანავე გავხთი მძიმე ავათ, რომლითა სრულიად გამოთხოვებულ ვიქმენ სწავლას. ასე რომ შემდეგ გამორჩენისა, მამამ, რომელიც ზუგდიდში ვაჭრობდა, თავისთან დამაყენა საფართლოში. 1868 წ. გარდაიცვალა მამა ქ. ზუგდიდში, რომელმან სიკვდილის ჟამს მომიწოდა და კურთხევა გადმომცა და გულითადი დალოცვის შემდეგ ხელი დედისა ჩემისა ხელში ჩადვა და ჩამაბარა დედა და დანები. დავრჩით ობლად ორი ძმა და ოთხი დები დედის ხელში. ამ დროს ვიყავი 16 წლის".
იმავე წელს ერთი საუცხოო მოვლენა მომხდარა, რომლითაც როგორც წმინდა ალექსი ბრძანებს, "იკურთხა" მათი ოჯახი: "ამავე წელს შემოდგომაზე დედა ავად გახდა. ღამესა ერთსა იქმნა საშინელ სასტიკი ელვა-ჭექით წვიმა - ყოვლად ბნელი; ჟამი იყო ვახშმობისა და მოულოდნელად უცებ ვიღაცამ ხელები კრა კარსა და შემოაღო. და შიშველი თავი შემოყო, შემოიხედა და შეჩერდა; მე მსწრაფლ მივედი კარებთან და თითქო შემეშინა ასეთ სასტიკ-ბნელ ღამეში უმაგალითო სურათის დანახვით, რამეთუ იყო ფეხ-შიშველი, მცირე რამ მოკლე სამოსით, ახალგაზრდა, ულვაში ოდნავ ესახებოდა. მე ვუთხარი: პირს ჯვარი დაიწერე, თორემ არ შემოგიშობ-მეთქი; მშვენივრად გამოისახა პირსჯუარი. მაშინ მოვკიდე ხელი და ვუთხარი: აწ შემობრძანდი მეთქი. რავაც შემოვიდა, იწყო რაღაც უცნაურად ზემიმოხედვით ხელების ერთმანეთზე ტატუნი. ვკითხე საიდან მოდიხარ მეთქი. - ერთი ლექსით გამითავა და მითხრა: "მოვდივარ?" და ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ ზე ახედვით კისერს აქნევდა და ხელებს ათამაშებდა ერთ-მეორეზე დადებით, რავდენიც რა დავეკითხე და განუმეორე, თუ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ მეთქი, იგივე სიტყვა მომიგო: "მოვდივარ". შემდეგ დედამ მიიწოდა და ავადმყოფის წინ დავაჯდინეთ. - შევყურებთ ყველა გაოცებით და რაღაც უჩვეულო სიხარული გვემჩნეოდა. ვახშმის დრო მოაწია, ავათმყოფი დედის წინ სუფრა გავშალეთ და იქ ჩვენი ძვირფასი სტუმრით ჭამა ვიწყეთ; ღვინო ჭიქით წინ დაუდგით, მაგრამ ჯერ არა მიყო ხელი და მცირე საჭმლის მირთმევის შემდეგ აიღო ჭიქა და პირველად აიღო ჭიქა და აკურთხა დედა ელენე, მერმე მე დამლოცა და მაკურთხა, შემდეგ დანები და ასე ლოცვა-კურთხევის გადმოცემის შემდეგ დალია ღვინო და ისევ დაიდუმა, ვითარცა პირველ და მერმე არა შესძინა სიტყვა სრულიად. იქვე ზალაში განგებ ჩემს ახლოს დავუგეთ და დავწევით. ოდეს იქმნა განთიადი, ავდექი და ეს ჩვენი ძვირფასი სტუმარი ვერ ვიხილეთ, რომლის ძიებისათვის მეორე დღეს სრულიად სამეზობლო მიმოვლეთ და ვერცა წინა დღით მხილველი მისი გამოჩნდა და ვერცა მდგომარე დღისა. მოწამე არს ღმერთი ესე ყოველი ასე იქმნა და ვწამებ ეს მოვლენა იყო ზეგარდამო განგებით, ჩვენი სულიერი გზის მაკურთხეველად ოჯახობითურთ წინასწარვე. ესრეთი უცნაური სურათი ახალგაზრდა ვინ იყო და რა იყო, არ ვიცი, ღმერთმან იცის".
მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ახალგაზრდა გაემგზავრა სტამბოლში (კონსტანტინოპოლში), სადაც იმ დროს ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ბიძამისი ისლამ შუშანია.
ისლამი შინაურულად განათლებული, აღმოსავლური ენების მცოდნე, უაღრესად მორწმუნე და წიგნის მოყვარული კაცი ყოფილა... ისლამის ოჯახში ახალგაზრდა ალექსის დახვდა საკმაოდ მდიდარი ნაბეჭდი და ხელნაწერი ქართული საერო და სასულიერო წიგნები. იგი დაეწაფა კითხვას. ერთი წელი დაყო მან სტამბოლში და აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის მსოფლმხედველობაში. წმინდა ალექსი ჰყვება: "დღესა ერთსა ჩვეულებრივად, ძილისაგან აღდგომილი, შევედი ბიძის ოთახში, შევჩერდი ლოგინის წინ ცოტა ხან, რათა ჩაი დაგველია. ამ დროს უცბად რაღაც ძალამ ელვასავით იელვა ჩემს თავზე და მთელი ჩემი არსება არა ჩვეულებრივმა მოვლენამ შეიპყრა. მყის შევსლბი და გარდავიხარე ლოგინზე. მყისვე აღვემართე და ვგრძნობდი ჩემთვის მოულოდნელს, გაუგებარს და გამოუთქმელს ძალას, რომელიც ალისებრ ანთებული მოძრაობდა სიტკბოებით ჩემს შინაგანში!.. ბიძა და ბიცოლაც შემოვიდნენ მეორე ოთახიდან ჩაის მისართმევად. მე უკვე აღტაცებაში ვარ, მესმის სიტყვა, მეორე პირისა, უხილავად ჩემს წინ მდგომარისა, რომელიც მეუბნება: "აწ შენ ქრისტეს მოწაფე უნდა გახდეო, ბერად უნდა შეუდგეო". შემიპყრა ამ სიტყვიერ სმენით მოწოდებამ და არას მეტყველი ჯერ ამ უცხო მოვლენისა, ბიძას მოვახსენე, ერთი ხატი მითავაზე და თქვენ ჩაი მიირთვით, მე ახლა დრო არა მაქვს მეთქი. მომცა პატარა ხატი იოანე ნათლისმცემელისა. შევედ ჩემს ოთახში. აქ დავჯედ და სიტყვა ესე უხილავად ვინმე პირისა მიმეორებს ქრისტეს შედგომას. რა საკვირველია, შემიდგა ბრძოლა ორთა აზრთა შორის - ერთის მხრივ წარმომიდგა სიყვარული ყმაწვილურ მოქალაქობისა, სიყვარული ტკბილი დედისა, ძმისა, დებისა და ვალდებულება მათი მოთხოვნილებისა და სხვა. ერთი სიტყვით, რაოდენიმე საათი ვიბრძოლე ამ აუწერელ გულთა მღელვარების წამებრივ წუთებში. ვამბობდი რა უყო მამის ანდერძს, რომ ჩამაბარა ოჯახი, რა უყო მათ ვალდებულებას? და ამ განსჯა წვალების წამ უხილავ მოძღვარმან ხმა მიყო და მითხრა: "ეხლა რომ აქ მოკვდე ვინ გაარიგებს შენს საქმესო". მე მიუგე: "ღმერთი", - "მაშ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთოსაგან და ღმერთს მიანდევი ყოველი შენი საქმე და იგი გაარიგებსო". ამის გაგონებისთანავე მსწრაფლ ავდექ და ჩამოვედ მეექვსე ეტაჟიდან ქუჩაზე და ავიღე პატარა ქვა, ავედ უკვე ისევ ჩემს ოთახში, სანთელი ავანთე ბიძის მოცემულ ხატის წინ და მზგავსად ბავშვურ უმანკო გაგონილებითა, ფეხი დავადგი ქვაზე, თმა თავისა მოვიწვი და ესრეთ მივეცი აღთქმა ღმერთს შემდეგის სიტყვით: ღმერთო! შემიწირავს შენთვის ჩემი სიყმაწვილე და შენ იცი ჩემი საქმე და ჩემიანებისაც მეთქი". ბერად შედგომის აღთქმის შემდეგ ალექსი ორი თვე დარჩა კონსტანტინოპოლში, მთელი ეს დრო ოთახში იჯდა და საღმრთო წიგნებს კითხულობდა. "ორ თვეში ისე გაატარა მარხულობით დღენი, თითქმის ხუთი გირვანქა პური იკმარა". ამ მდგომარეობის დროს მან ძილში ხილვა იხილა, რომ ერთ ღამეს ცაში გამოჩნდა სამი მზე, ცაზე ბრწყინვალე. დედამიწიდან თითქმის ერთი ვერსტით ამაღლებულ მთის წვერზე იდგა ალექსი და მას მოესმა სამი მზისაგან გამოსული ხმა: "იოანე არს სახელი შენი".
ალექსის ახალმა მდგომარეობამ ისლამსაც შეურყია სტამბოლში ცხოვრების სურვილი და მასთან ერთად სამშობლოში წამოსვლა გადასწყვიტა.
ბიძამ ისევ ზუგდიდში შეისყიდა ფიცრული დუქნები და "მუნ მორთო ცხოვრება და ვაჭრობაც, არა არშინობით, არამედ თოფობით".
თავის ოჯახში მოსულმა მამა ალექსიმ, დედა ელენეს, ძმას ბესარიონს და დებს განუცხადა თავისი ბერად შედგომის აზრი, რომლითაც უზომოდ დაამწუხარა ყველა, თუმცა კურთხეულმა დედამ მაინც გამოიჩინა საღმთო ქალობა და ნება დართო იმ პირობით, რომ ალექსის მომყოლი დაი ფატო გაეთხოვა და მერე წასულიყო. ალექსიმ და სოფელ როკეთში მცხოვრებ აზნაურს ქაიხოსრო აბულაძეს მიათხოვა.
ამის შემდეგ საშუალო დამ, სოფიომ განაცხადა მონაზვნობის სურვილი, რომლის შესახებ ჩვენებაც ეხილვათ: სახლის წინ აღმართულ იყო ნათლის სვეტი ცადმდე მწთოლვარე და სოფიოს აღნთებული სანთელი ეჭირა და იდგა ნათლის სვეტის ძირში. განაცხადა რა მონაზვნობის სურვილი, მიიღო დედისაგან კურთხევა, შემოსეს შავი სამოსი და ალექსიმ ახალდაარსებულ თეკლათ-სახარბედიოს სავანეში წაიყვანა, სადაც ცხოვრობდნენ მაშინ ღირსი დედები - სალომე თავდგირიძე და აღათი სალაყაია, შემდეგში იღუმენია და კიდევ ხუთი სხვა მონაზონი და მათ ჩააბარა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ალექსისთან (შუშანია) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
მესამე წელსა დიდმარხვის დადგომისას, ალექსიმ მკაცრად იმარხულა, ორ დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს. დიდ ხუთშაბათს მიღება საზრდელისა, ვიდრე დიდ ხუთშაბათამდე და მაშინ მიიღო წმინდა ზიარება და აპირებდა ნააღდგომევს გამოთხოვებოდა სოფელს. პარასკევ ღამე იხილა სასურველი ჩვენება, რომელიც შემდგომში თავის ძმიშვილს, ონოფრეს მოუთხრო: - "ერთ საკვირველ ტაძარში შევედი და მივიხედე აღსავალი კარებისკენ და ვიხილე იესო ქრისტე მდგომარე ამბიონზედ მარცხენის ხელით ბარძიმ ტვირთული და მარჯვენით კოვზისა და გარშემო მისსა იდგნენ მოციქულები; ერთმან ამათგანმან მომიწოდა და მიმიყვანა წინაშე მაცხოვრისა და მაცხოვარმან მარჯვენითა მისითა მაზიარა და მსწრაფლ გამომეღვიძა".
ამ ჩვენებით მიხვდა, რომ იესოს ხვალ მისი ზიარება ნებავს, შეუორგულებელად აღიარა ცოდვები და ეზიარა დიდ შაბათს. ერთი კვირის შემდეგ ქუთაისიდან მობრუნებულმა გადაწყვიტა მონასტერში ასვლა თავის და სოფიოსთან, რომელიც უმზადებდა სოფლის გამოთხოვების დროისთვინ ტომრის საცვლებს და კაბას. ჩამოვიდა რა სენაკში, დადგა სოფლიო ცხოვრებისაგან მისი ლტოლვის ჟამი, ორი გზის გასაყარზე შეჩერდა, რომელთაგან ერთი მის ოჯახისკენ მიდიოდა და მეორე დედათა მონასტერში, სადაც იყო მისი და სოფიო. "აქ იბრძოდა დიდა გულის გვრიობით და ბოლოს გულ-მოსრულმან მიმოიხედა ოდეს ვერავინ იყო ახლოს მისსა შემხედველი, მაშინ სამი ნახტომი ისეთი გადახტა თურმე თითო საჟენი იქნებოდა და თან ერთი ქცევა ადგილი სულ სირბილით გადაირბინა, ვითარსა გიჟმან და ესრეთ ძლევა მოსილმან დაწყნარებით აღვიდა მონასტრად და მანდ განიძარცვა საერო სამოსელი და იარაღი, გაახვია პლედში და გაუგზავნა მორჩილად კურთხეულ პავლე აფშილავას ხელით დედასა თვისსა და თვითონ მან ჩაიცვა საცვლად სოფიოს მომზადებული ტომარა და უნდო კაბა, ფეხშიშვლად იწყო დასაბამი გზისა თვისისა სიქალწულით დაცულმან ოცისა წლისამ 1873 წ".
დიდ ღვაწლს შეუდგა ახალგაზრდა ალექსი: "დღითგან გამოსვლისა თვისისა იწყო მან ტანჯვა ხორცისა მოღვაწეობით, თავის დაუზოგველად საწოლი მისი იყო ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ ჭილოფი დაგებულ, სამი წელი სრულიად არ დაწოლილა ღამე გვერდზე დასვენებით, არამედ ჯდომით და მიყრდნობით მიიძინებდა. ღვინოს არ ღებულობდა, ტომრის პერანგისა და მის ამხანაგის გამო და უბანელობით დაესია სიმრავლე ტილთა, რომლითა იტანჯებოდა დღე და ღამე. პირველ ხანებში უმეტესი ჟამები შესწირა სახარბედიოს დედათა მონასტერს, მხარითა ზიდავდა შეშას, წყალს, სენაკიდან ამოჰქონდა ფიცრები, ხეები და აგური აღსაშენებლად სამონასტრო სახლებისა. იქნებოდა ისეთი შემთხვევა ზამთრისა, რომ ოთხი თვე დიდი თოვლისა გამო დარჩებოდნენ გაჭირვებულნი და შეწევნითა ღვთისათა სოფელ-ქალაქიდან მხრით მოჰქონდა ფქვილი, რომელსაც თავის ყმაწვილობის ხანს ფუფუნებით და თავის მოწონებით ეცხოვრა, და ესრეთ გამოაზამთრებდა შიმშილ-სიცივით შეწუხებულ მონოზვნებს. 1875 წ. დიდ მარხვის პატივად განატარა ორმოცი დღე ერთს მთის ღარდოში სალ კლდის ძირში მიფაცხულად, ხსენებულ პავლე აფშილავასთან ერთად, სადაც ქვეშ ეგოთ მიწაზე ჭილოფი და სასთუმლად ედვათ ქვა. როცა თოვას დაიწყებდა, ხშირად დაათოვდათ. საზრდოდ ჰქონდათ ლიტონი ჭადი უსაჭამადოდ". (ონოფრე შუშანია).
ნააღდგომევს ღირსი ალექსი წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსს ეწვია, თავისი ხელით დაწერილი სრული აღსარება მიართვა. რომლის წაკითხვის შემდეგ წმინდა გაბრიელმა იგი დაარიგა და ჰკითხა, თუ სად ცხოვრობდა. მან მოახსენა, რომ ჯერ მონასტერში მორჩილად არ შესულიყო, არამედ სოფლებში მიმოდიოდა და სადაც იპოვიდა ჭლექით, ან სხვა მძიმე სენით ჩავარდნილსა და უპატრონო ავადმყოფს, მათ ემსახურებოდა. და თუ სნეული მოკვდება, ასაფლავებდა. წმინდა გაბრიელმა ალექსი დალოცა და უკურთხა შრომა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ასე რამდენიმე წელი მორჩილებდა იგი შეჭირვებულ, ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს. წმინდა ალექსის ძმიშვილი ონოფრე რამდენიმე საგულისხმო ამბავს ჰყვება, საიდანაც ნათლად სჩანს წმინდა ალექსის დიდსულოვნება და სამაგალითო ქრისტიანობა: "1). ამ რიცხვთა შორის მიდიოდა ერთხელ სოფელ გეჯეთში და შუკა გზად, მავალმან ერთხელ იხილა ერთი პატარა ქოხი (ფაცხა) და შევიდა შიდ, თუ ვინ არს საცოდავი ამას შინა განწირულად მყოფი და ნახა ერთი ახალგაზრდა კაცი კერიასთან მწოლარე ულებოდ, უბალიშოდ და უსაბნოდ ჭილოფზე გდებული. დაუჯდა მას ალექსი წინ და ჰკითხა მისი ვითარება და მიუგო მან: "მე ვარ გვარად ოჩიგავა, უტუია მქვიან სახელი. ცოლი შევირთე და მცირედ ჟამშივე გავხდი მძიმე ავად, რომლითა მიმეღო წელქვეით მოძრაობა, რომლის გამო ყოველივე ჩემი ღონე დავკარგე ქონებისა. ოდეს ესე იხილა ცოლმან ჩემმან უიმედობა მორჩენისა, დამაგდო ესე განწირულად და ქვეშაგების ღირსიც არ მყო, სულ ყოვლისფერი წაიღო და წავიდა თვისი სამშობლოდ. მას აქეთ ასე დატანჯული ვგმობ ხშირად უფალსა და თან ბევრგზის მოვინდომე ამ ცეცხლში გადავგორდე დასაწველად, გარნა ჯერჯერობით ვერ შევძელ. ხანდისხან ღვთისმოყვარე მეზობლები საჭმელსა და წყალს მომიტანენ და ცეცხლს დამინთებენ". ალექსიმ რა მოისმინა ასეთი გულ-დასაწველი სიტყვები დავრდომილისა, დიდად შეებრალა იგი და მისცა ნუგეში ყურადღების მოქცევისა და უქადაგა საღმთო სიტყვები, გაამხნევა მაგალითისაებრ იობის მოთმინებაში და აღუთქვა ყოველგვარ ღონისძიების აღმოჩენა და შეწევნა, მხოლოდ ნუ გმობ ღმერთს და ცეცხლში არ ჩავარდეო. დაბრუნდა ალექსი თავის სახლში და გამოაწყო საგებ-სახურავი, სხვაცა რაიც ესაჭირებოდა, მოიკიდა მხარზე და მიუტანა; დაუგო სუფთად, აჭამა საჭმელი და დაუბარა მალე გნახამო, ეს დრო იყო ზამთარი და მაისამდინ სულ მიდიოდა ალექსი და მიჰქონდა საზრდო, თუ ტანისამოსი, რაიცა სჭიროდა. ხოლო მაისში წაიყვანა თავის ოჯახიდან ხარ-ურემი, მივიდა დავრდომილთან, დააწვინა ურემზე და წაიყვანა ნოქალაქევის აბანოში. იქ რაოდენიმე დღე აბანოში მხარზე მოკიდებით ჩაიყვანდა და აბანავებდა. წყალობითა ღვთისაითა მოკეთდა კაცი იგი, რომელმან დაიწყო თავით თვისით ჯოხით სიარული, რომელიც ახლაც ცოცხალია (ასე რომ, 30 წელი გაძლო).
2) ერთხელ გაიგო ალექსიმ რომ სოფელ ნოსირში გვარად ფაჩულია ჭლექით ავათ მყოფი უპატრონოდ დაუგდიათ ჭირისუფლებს, ცოლი თავის სახლში წასულა და ძმები გადახიზნულან და ოჯახში მარტოდ ავათ მყოფი დაუტოვებიათ. მაშინ ალექსიმ იმავე სოფლის მონაზონი ბარბარე და თებრონე მილორავას დახმარებით ავათ მყოფს მიცვალებამდინ ემსახურეს, ეკლესიაში დაასვენეს და დაასაფლავეს თვინიერ სხვისი დახმარებისა. და მცირე ხანის შემდეგ მიცვალებულის ძმაც მითვე ჭლექით ავათ გახდა და მასაც ემსახურენ მიცვალებამდი და იგიც დაასაფლავეს.
3) სოფელ ონტოფოში შოსეზე ეძახის ალექსის ვინმე მონაზონი. ალექსი შეჩერდა და ჰკითხა, - რაზე გჭირდებით. მან მიუგო: სოფელ გულხეთში ერთი ქალიშვილი, გვარად გიგინეიშვილისა, ჭლექით მიიცვალა და არაინ ეკარება; - საშიშია, რომ ძაღლ-კატამ შეჭამოს, რადგან ვერავინ ბედავს შესვლას, რათა გამოასვენონ დასამარხად. მყისვე მიბრუნდა ალექსი, გაიძღვანია მონაზონი იგი და მივიდა იქ, სადაც ესვენა მკვდარი. შევიდა იგი ქოხში, მაგრამ რას ხედავს ლოგინზე, სადაც მიცვალებულია, აყრია უზომოდ ჩალა! რომელიცა შეუყრიათ ვითომ ძაღლ-კატებისაგან დასაცველად. გადაჰყარა ჩალა, გამოაწყო მიცვალებული დასამარხავად, კუბოში ჩაასვენა, დაჭედა თავი კუბოზე, მოიხმარია მონაზონი და გამოასვენეს გარეთ, მერე ჭირისუფალიც მოეხმარა და გაასვენეს ეკლესიაში.
4) ქალაქ ლანჩხუთში (გურიაში) მივიდა ალექსი, სადაც მიუთხრეს მანდ მცხოვრებ მონაზვნებმა ერთი ჭლექიანი ქალის მდგომარეობა, რომელიც ვიწრო ქოხში გადაწოლილი აგდია უძრავად თავის უპატურში მატლ დასეული და იძახის მღვდელს და ზიარებას, მაგრამ მღვდელი არ ეკარება სიბინძურისა გამო. ამის გამგონი ალექსიმ დაასაყვედურა მონაზვნები და რქვა მათ: ასეთი გაჭირვებულის უგულებელსყოფა საპასუხოა ქრისტეს წინაშე. მაშინვე გაიყოლია ორი და წავიდა დავრდომილთან. მისვლისთანავე შევიდა ქოხში პირ აუხვეველად, ხოლო მონაზვნებმან აიხვიეს პირ-ცხვირი სასტიკი სულ-მყრალობისა გამო. იხილეს რა საცოდავი ქალი სკორესა ზედა, გარდა თავ-პირისა ყოვლად დაწუნპებული და მატლ ხვეული, რომლის წინ დგომა იყო ჯოჯოხეთი აუტანელი სულმყრალობისა გამო. მაგრამ გაამხნევა მონაზვნები და უთხრა - დაბანეთ, გაასუფთავეთ ლოგინი და გამოუცვალეთ ტანისამოსი. შეუდგნენ მონაზვნები ალექსის სიტყვის აღსრულებას და მღვდელთან კაცი გაგზავნეს, მოვიდა და აზიარა. ალექსიმ საღვთო სიტყვებით დაანუგეშა საწყალი მომაკვდავი და გამოეთხოვა.
5) სოფელ საჭყოინდლოში გაჩნდა მუცელა და მძვინვარედ ხოცავდა ადამიანებს, სხვათა შორის ქოიების კუთხეში ერთი ქალი მარტოდ დარჩენილი ჭირისუფლიდან უპატრონოდ იხილა ალექსიმ, რომელსაც ბუზები ისე დასევოდა, რომ თითქო თვალ-პირს ვერ აღებდა, ამას ემსახურა რამოდენიმე დღე და როცა გარდაიცვალა, მკვდრის ძმამ კუბო მოუტანა და ერთი მოლოზონი ელისაბედ ჭანტურაიას დახმარებით კუბოში ჩაასვენეს და ურმით ეკლესიაში გაასვენეს და დამარხეს. ძმაცა იგი გახდა ავათ და მასცა ემსახურა და პატივ მოვლით მორჩა ავათ მყოფი.
ასე და ამგვარად ალექსი თავდადებით მსახურებდა განწირულებს, არ ერიდებოდა ქრისტეს სახელით და არცა ვნება შეხვდომია".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ერთ დღესაც, როგორც ჩანს, წმინდა ანდრია სალოსის წიგნის გავლენით სალოსური ცხოვრება გადაწყვიტა. ავიდა თეკლათის ზევით მთავარ ანგელოზის კუნძულზე და მის ფერდზე ერთ გამოქვაბულში. ერთი შვიდეულს იმარხა და ილოცა ღვთის წინაშე, რათა მისთვის სალოსობის გზა ეკურთხებია; ერთი კვირის შემდეგ, განიძარცვა სამოსელი, კაბა გადაჭრა წელს ზევით და ქვემო ნაწილი კაბისა გადიგდო მხარზე მოკლე მანტიურად უპერანგო შიშველ ხორცზედ, მხოლოდ მუხლამდე შარვალით და იწყო უქუდოდ, ფეხ-შიშვლად სიარული სოფელ ქალაქებში. არა უჭკუოდ ვითარცა გიჟი, არამედ მხოლოდ გარეგანად იყო სალოსურად, თორემ საქმით იგივე იყო. სალოსობის დაწყებიდან ვიდრე მონასტერში შესვლამდე ასე ცხოვრობდა: დილით ადგებოდა და გაემგზავრებოდა ბინიდან სადმე და როცა მივიდოდა ორ გზის გასაყარზე, შეჩერდებოდა, მუხლს მოიყრიდა, ღვთისკენ აღაპყრობდა თვალებს და სთხოვდა თავისი ნების გამოცხადებას, თუ რომელი გზით წასულიყო და ასე შინაგანის არჩევით ვიდოდა. ასრე სალოსურ მოქალაქობით მიმოვიდოდა რაოდენიმე წელ ზამთარ-ზაფხულ და უქუდობის გამო თავზე თოვლს რო აყრიდა (ათოვდა), დნებოდა რა წყალი, ჩადიოდა შიშველ ტანზე ზურგიდან. ხოლო ფიცხელი ყინვა, ქარი სცემდა შიშველ გვერდებზედ და ნაწლევში გარბიოდა სიგრილე. ფერხნი მისნი იყვნენ დახეთქილ და როს ეკლესიის იატაკზე დგებოდა წირვა-ლოცვის დროს, ხშირად სდიოდა სისხლი ნახეთქებიდან.
მარიამობის მარხვებში ალექსის ჰქონდა ჩვეულება ძველ სენაკში ბოჭკა აკიდებულ წყლით სავსეს ატარებდა, ჭიქაც თან ჰქონდა და ასმევდა ქალაქობისა გამო შეკრებილ ხალხს".
მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას აჰყვა და მასთან ერთად მსგავსად მოღვაწეობდა; ზოგი სტოვებდა სოფლურ ცხოვრებას და მონაზვნად აღიკვეცებოდა. (თუ რაოდენ დიდი ძალა ჰქონდა წმინდა ალექსის ნათქვამ სიტყვას ერთი ეპიზოდიდანაც ჩანს, რომლის შესახებაც მოგვითხრობს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ერთ-ერთ ინტერვიუში: ხშირად უცნობი ადამიანებიც კი მამა ალექსისთან ურთიერთობისას მონაზვნად შედგომას გადაწყვეტდნენ ხოლმე. ერთხელ ღირს მამას შვიდი მძარცველი დაესხა თავს. ისინი შეუვარდნენ კელიაში და განაცვიფრა ისინი წმინდა ალექსის სახემ და მისგან გამოსულმა არა მიწიერმა ნათელმა (როგორც თვითონ ყვებოდნენ), რომ უკან გაპარვა სცადეს. ღირსმა მამამ ისინი მოიხმო, ჩამოჯდა მათთან ერთად და საუბარი გაუბა. შემდგომში სამი მათგანი მონაზონი გახდა, დანარჩენები კი ღვთისმოშიში ქრისტიანები).
საგულისხმოა, რომ ასეთი პირები ძველ მონასტერში კი არ მიდიოდნენ, არამედ აარსებდნენ მთავრობისაგან დამოუკიდებელ თავისუფალ ძმობას. ასე დაარსდა სამეგრელოში ორი სავანე. ერთი დედათა - სოფელ სახარბედიოში, მეორე - მამათა, სოფელ თეკლათში. პირველი შემდეგ ოფიციალურ, დედათა მონასტრად გადაკეთდა, მეორე კი ბოლომდე დარჩა თავისუფალ სავანედ თვით ალექსის ხელმძღვანელობით. ასეთივე თავისუფალი ხასიათის ძმობა დაარსდა გურიაში, ოზურგეთის ახლოს, "წყალწმინდის ძმობის" სახელწოდებით. ძმობის წევრები საკუთარი შრომით ცხოვრობდნენ და მთავრობისაგან არავითარ დახმარებას არ იღებდნენ.
საზოგადოებრივ საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსი არ ივიწყებდა გონებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას. იგი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, წიგნთსაცავებში ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ახლო კავშირი ჰქონდა ცნობილ მწიგნობარ ნიკო დადიანთან (შალვა დადიანის მამა), რომელიც ამ დროს ცხოვრობდა სამეგრელოს სოფელ ბერთემში. ნიკოს მდიდარი ბიბლიოთეკა და საუბარი ფრიად ნაყოფიერი სკოლა შეიქნა ახალგაზრდა ალექსისათვის. მეფის რუსეთის მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილ, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნე, საზოგადოდ ღრმად განვითარებულ პირთან, ნიკო დადიანთან, სიახლოვემ დიდი საგანმანათლებლო გავლენა მოახდინა მასზე.
ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიული ხელით გადაუწერია "ექვსთა დღეთა" ბასილი დიდისა, წიგნი ისააკ განშორებულისა და მამათა ცხოვრება, ხოლო ხუცურად - გელათის გულანის საგალობლები.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას თაოსნობითა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, გაბრიელ ეპისკოპოსის თანადგომით დაიწყო საქართველოდან ქართველი ბერების დენა საბერძნეთში, ძველ ათონში, იბერიის ძველ ქართულ მონასტერში დასამკვიდრებლად. ალექსი ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონს. მათთან ერთად წავიდა გელათის მონასტრიდან მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ერისთავი), ფრიად განათლებული ბერი ასკეტი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა მოძღვრულ ხელმძღვანელობას სამშობლოში დაბრუნებულ ალექსის. მისი ერთი მოკლე წერილი მონაზვნური ცხოვრების შესახებ დაბეჭდილია ალექსი ბერის წიგნში "ბრძოლა თავის თავთან". წერილი მოწმობს ავტორის სერიოზულ და ღრმა საღვთისმეტყველო განათლებას. ალექსი ათონზე დარჩენილა რამდენიმე თვე. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოუვლია ქ. კიევში, მღვიმის ლავრის მოსალოცად.
ალექსის გავლენით მონაზვნებად შემდგარა მთელი მისი ოჯახი - ძმა, დები და დედა. აი როგორ აღწერს ამ მოვლენას ონოფრე შუშანია: "1878 წ. დამან მისმან სალომემ მიუთხრა ალექსის ჩვენება შემდეგი: "მაღალ ჰაერზე პოლივით იყო გებულ და მაზედ ვიდექი, მარცხენა ხელზე მეჯდა მიმინო და მარჯვენა მხარზე ახალ ბავში მშვენიერი და ქვეშ სოფელს ნაღვარევი მდინარე იდგა. ცაში გამოჩნდა მაცხოვარი ჯუარზე ცმულად და ყოველ მხრივ ცაზედაც ჯუარები იყო გამოსახული". ასეთი ხილვის ახსნა სთხოვა ალექსის თუ რას ნიშნავდა. მან ასე აუხსნა: "ჰაერზე ამაღლებით დგომა ნიშნავს სულიერად ამაღლებას, მარცხენაზე მიმინო გულის თქმაა ქმრისა, მარჯვენაზე ბავში რო მხარზე გიჯდა, ანგელოზია მცველი, ქვეშ ჭალა და ნაღვარევი მდინარე სოფლიო ცხოვრებაა; ცათა შინა იესო ქრისტე ჯვარცმული გიწოდდა შედგომად მისსა სიქალწულით და გარშემო ცაზე ჯვრები რო იყო-წინასწარ განმზადებაა განსაცდელით და ჭირით ცხოვრების სათმენად". ასე აუხსნა და ღვთის განგებით ასევე აღსრულდა ყოველივე სალომეზედ, რომელ¬მან ცოტა ხნის შემდეგ დღესა სულის წმინდის მოსვლისასა გაიხადა საქალიშვილო სამოსელი და შთაიცვა სამორჩილო შავი, ფეხშიშვლად დედის წინ დაიჩოქა, ლოცვა-კურთხევა სთხოვა და ალექსიმ დააყენა იგი დროებით კერძოდ მცხო¬ვრები მონაზონთან. დარჩა სახლში დედა და ერთიც ასული პელაგია.
კურთხეულ განგებულება ღვთისა ერთ ღამეს დედა ელენემ იხილა ძილის შორის ერთი ვინმე უცხო პირი და უთხრა მას: "ირწმუნებ იესო ქრისტეს?" მიუგო, - როგორ არ ვირწმუნებ!" "მაშ წამომყევ და მე გიჩვენებ". უთხრა რა ესე უცხომან და აღიყვანა იგი ზეცად და უჩვენა საყდართა შინა მყოფი იესო ქრისტე და სიტყვაცა ესმა მისგან კურთხევისა და სამი ჯუარი მისცა ხელში. ამის შემდეგ მივიდა რა ალექსი დედასთან, მიუთხრა დედამ ნახული საკვირველება და სიხარულით შეიმოსა შავი კაბა სამონაზვნო. მაშინ ალექსიმ დაი მისი სალომეც დააბრუნა სახლში და ოჯახი მისი შესცვალა სულიერ საცხოვრებლად; დაარღვია სახლი და სიგრძეზე კელიებად გამართა. ერთი ოთახი ხატებით მოაწყო სამლოცველოდ. აგრეთვე გარდა ერთის ძროხისა ყოველი სულდგმული საოჯახო პირუტყვი მოსპო და იწყეს მონაზვნური ცხოვრება, შემუშავება ეზო-ბაღისა და ლოცვა...
ძმა ალექსისა ბესარიონი ვაჭრობდა ზუგდიდში. დღესა ერთსა შეიყარნენ ოჯახში და იწყეს სულიერი უბნობა და რაოდენიმე საათის შემდეგ აღსდგა ბესარიონი და სთქვა: "შემიწირავს ძმაო თავი პირველად ღვთისათვის და მეორედ თქვენ ყველა ჩემიანებისთათვის და აწ დუქანში ნუღარ მიმაბრუნებთ ისე გამამგზავრეთ იერუსალიმშიო". ჰოი, საქებარი ბესარიონის ძლევა მოსილება: მისი საცოლოდ მიჩნეულის განშორება და ფართლით გამოჭედილი დუქნის დატოვება და მისი ყმაწვილურ ბუნების უარყოფა!! ალექსიმ, დედამ, დებმან აღმოუკოცნეს თვალები; გამოაწყვეს ფულით, პასპორტით და ჩაყვენ ყველანი ქალაქ ფოთამდი, ცხელი ცრემლით გამოეთხოვენ და გაამგზავრეს იერუსალიმში, აღდგომის დღესასწაულის მისასწრებად; ღვთით აღდგომის ნათლის მოვლენას დაესწრო და შემდეგ ძველ ათონში დარჩა, რაოდენიმე წელ და მუნიდან ალექსის მიწერით წერილისა ჩამოვიდა და მარტვილის მონასტერში აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად და იქვე აღესრულა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ბესარიონის გამგზავრების შემდეგ ალექსის გაუჩნდა გულში აზრთა ღელვა, რომ ისევ სალოსურად ეარა, თუ სხვა იყო რამე ღვთისაგან დანიშნული. რის შესახებ განაზრახა დედას და დებს, ერთი შვიდეული ინჯრით ემარხათ და ლოცვა ვედრებით მიემართათ მაცხოვრისადმი, რათა ეცნათ ნება მისი. სრულ ჰყვეს ესე და ბოლო ღამესა იხილა ალექსიმ ჩვენება შემდეგი: ერთ საჟენის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერზე მდგომარედ იოანე ნათლისმცემელი ჩვეულებრივ მისი ქვეყნად მოსილ სამოსლით, ხელზე ჯუარიანი კვერთხით და უთხრა ალექსის: "რას სწუხარ?" - მიუგო ალექსიმ. "არ ვიცი, წმინდაო, თუ რა ვქნა, რომელ გზას დავადგე!" ხოლო იოანემ რქვა: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვსთხოვეთ და ბრძანა თერთმეტამდე არ იქნებაო და თერთმეტის შემდეგ ნახავსო". ესე სთქვა და გამოეღვიძა ალექსის. მაშინვე მიუთხრა თავისიანებს, გარნა ვერაფელი ახსნა დაასკვნეს, მხოლოდ დაიდვეს გულში თერთმეტი დღის შემდეგ რა იქნება. განვიდა თერთმეტი დღე და არა რა იქმნა; შემდეგ თერთმეტ თვეს შეჰყურეს და თერთმეტი თვეც განვიდა და არა რა იქმნა. მერე სთქვეს უსათუოდ ეშმაკმან ნათლისმცემელის სახით გვაოცნა და მოგვატყუაო, რომლითა შეწუხებულნი დარჩნენ. შესახებ ამისა თავის დროზე მოგეხსენებათ. ხოლო ჟამსა ამას იყო რიცხვი 1880 წ. სამი წლის შემდეგ გაჰყიდეს ოჯახი მამულ-შენობით, მიზეზისა-გამო უმცროსი დის, პელაგიას საცოლედ მოტაცებისა და შემდეგ დედა ელენე და ასული სალომე ჯერ დააყენა ზედა თეკლათის კუნძულზე (სადაც შემდეგ სავანე გაშენდა) პატარა თავშესაფარ ძველობაში. და დედა გაგზავნა ყოვლად სამღვდელო გაბრიელთან, რომელსაც მაშინ სამენგრელოის ეპარქიაც მისს მმართველობაში იყო და სთხოვა ლოცვა-კურთხევა ამ კუნძულზედ ცხოვრებისა. გარნა ნეტარად ხსენებულმა არ ურჩია კუნძულზედ დარჩენა და წერილი მოეწერა თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვრის ათანასია (აღათი სალაყაიასთვინ), რათა ელენე და მისი ასული სალომე მიეღო მონასტერში. კურთხევითა გაბრიელისათა სახლი გააკეთეს დედათა მონასტერში და ერთად დაბინავდნენ დედა ელენე და მისი ორი ასული.
ამის შემდეგ ალექსიმ მის ხელმძღვანელ თეოდოსი (ერისთავს) მისწერა წერილი ძველ ათონში და რჩევა სთხოვა... მან მოსწერა გელათში დარჩენილ მისი საკუთარ აღშენებული კელიაში დაბინავებულიყო, რაც აღასრულა ალექსიმ ნებართვითა გელათის არქიმანდრიტი სერაპიონისათა (ახვლედიანი). ხოლო მეორე წელს გადმოყვანილ იქმნა თხოვნითა ხობის მონასტრის ბენიამინისათა (ჭყონია) ხობის მონასტერში და ხელ დასხმულ იქმნა იერო დიაკვნად და მღვდელმონაზვნადაც ყოვლად სამღვდელო გრიგორისაგან (დადიანი) 1886 წ. დიაკვნად, 1888 წ. მღვდელმოზვნად".
ონოფრე შუშანია მოგვითხრობს: "1890 წ. ავათმყოფობისა-გამო გადაწყვიტა გამოთხოვება შტატში ცხოვრებისა, შეიტანა მოხსენება სამუდამოდ დათხოვნისა. აღწერა ყოველი მისი კელიის ნივთები და გადასცა მორჩილ თედორეს დასარიგებლად სოფელში გაჭირვებულთა მიმართ და თვითონ გამოეთხოვა მონასტრის მამებს და წამოვიდა ავათ მყოფი თავის დედა და დებთან დედათ მონასტერში და დაწვა მუნ, სადაცა გაუგრძელდა მძიმე ავადმყოფობა გულის სისუსტისა. ამის გამო იყო იგი დიდად მწუხარე, თუ ვითარ მოეხერხებია და სად ეგულვა სიცოცხლის აღსასრული. მან განიზრახა ჩვეულებრივად თხოვნა-ვედრებით მიემართა ღვთისადმი, თუ ვითარ ექმნა და სად ნებავდა განგებას ალექსის აღსასრული. სთხოვა წინამძღვარს დედა აღათის (სალაყაია) და დაყუდებულ თეოდოსის (ჩიქოვანს) და ყველა მისი მოწაფეებს, რათა ელოცათ თუთხმეტი დღეს, მან თვითონ და დედა-დებმაც იწყეს ლოცვა ამ საქმეზედ.
განვლო თხუთმეტ დღემ და გამოაცხადა ღმერთმან ორი პირთაგან შემდეგი:
1) დაყუდებულმა თეოდოსიმ იხილა, რომ ალექსი ვითომ წასულ იყო მთავარანგელოზის კუნძულზედ და მუნიდგან მონასტრის კარის ბჭესთან მოიწია ორი ვინმე პირი, რომელთაც ეჭირათ ფიცარზე დახატული ხატი მიხაილ და გაბრიელ მთავარ ანგელოზთა და სთქვეს: "ალექსი მთავარ ანგელოზის კუნძულზე დაბინავდა და ეს ხატი გამოგიგზავნათო".
2) მაკრინე გეგეჭკორმან სთქვა: მე ჩვენებით შემხვდა მისვლა მთავარ ანგელოზის კუნძულზედ და ვიხილე ორი მშვენიერი ყმაწვილი, რომელნიც ადგნენ ოსტატებს და აშენებინებდნენ ქვითკირის შენობებს და შიდ ურევდნენ შენობაში ვერცხლსა. ვკითხე, თუ ვისი არს შენობა ეგე და მომიგეს: "ალექსი შუშანიას და მისიანების არისო".
ესრეთი ღვთიური გამოცხადების შემდეგ ალექსი ნუგეშისცემულ იქმნა, გარნა მაინც დასამტკიცებლად ღვთის ნებელობისა, გაგზავნა თხოვნა ყოვლად სამღვდელო გრიგოლისადმი. ხოლო ეპისკოპოზმან წააწერა შემდგომი: "ნებას გრთავ, იცხოვრო განმხოლოებით მთავარ ანგელოზის კუნძულზედ, სადაცა ღმერთი გარდამოგივლინებს ძლიერებას განკაფული ფიცხელ მოღვაწეობით, რომლითა დარჩება ქვეყანასა ზედა სახელი სამაგალითო ცხოვრებისა შენისა მრავალთა მისაბაძავად და ცათა შინაც იქნები დიდებულ, მამაო ალექსი". ეპისკოპოსი გრიგოლი.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ოდეს მოუვიდა ალექსის მწყემსმთავრისაგან ესრეთი უმაგალითო რეზოლუცია წარწერილი, განიხარა სიხარულითა დიდითა. რიცხვი იყო 1891 წ. "კურთხეულ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა". გადავიწყებული და თითქო სრულიად სახეში არ ქონებული ჩვენებით იოანესაგან გამოცხადებულის ხსენებამ იელვა უცბად ალექსის გულში და წარმოუდგა ნათლად აღსრულება მისი. "თერთმეტის შემდეგ იქმნებაო". უსაზღვრო სიხარულით და მადლობის გულით გადაიხადა მაშინვე სამადლობელი პარაკლისი და მიერ დღიდგან შეუდგა მთავარ ანგელოზის კუნძულზედ სენაკის აგებას, რომლის აგების განზრახვის დღიდან ოცი დღის განმავლობაში შემთხვეულ განსაცდელებზე მეტყოდა ალექსი მე (ონოფრეს): "ნუ მომაგონდება ღმერთო ის განსაცდელი, რაც მაშინ უხილავ მტერმან შეგვიდგინა მთელს ოცი დღის განმავლობაში, რათა ვითარმე შევეშინებიე მუნ დგომის მოსასპობელად. აქვე უნდა აღვნიშნო ერთიც, ის რომ ჟამსა სალოსობისასა ქალაქ ზუგდიდში სტუმრად მისი ძმის ბესარიონისთანა მისვლის დროს ნახული, რომელსაცა მეტყოდა: "ერთს ღამეს ძილსა შინა მყოფს მომესმა რაღაც ხმიანობა ზღვა ხალხისა. გავედ დუქნის წინ და ვიხილე ქალაქის ზემო თავიდან ე.ი. დადიანის სასახლისკენ მივიხედე რა, ვხედავ საოცრებით მომავალ სატანა-ეშმაკს რქიანს მხეცურ სახით, რომელიც ზის საშიშარ მხეცზე და წინ უძღვის ორიც საზარელი ეშმაკი თხის ფეხებიანი. ამათ უკან შეუდგს ზღვა ხალხი, რომელთა ხმიანობა ზარსა სცემს ქალაქს. ამ დროს უცებ ვიღაც უცნობმა პირმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: "იცით ვის ეძებენო?" - მივუგე, - არა. მომიგო: "ალექსი შუშანიას ეძებენო!" ამის სმენით განვკრთდი და მყისვე შევიქეც დუქანში და უკანა ოთახისკენ მინდა გავიპარო, მაგრამ რაღაც ისევ ერთიც მათკენ გახედვა მომინდა, რათა გავიგო თუ სად არიან და რას შვრებიან. შევბრუნდი და კვლავ წინ გავედი და შევხედე რომ შუა ქალაქში საყამთროსთან შეჩერებულან. ამ დროს გავიხედე ქალაქის ბოლოსკენ და გამოჩნდნენ ორი ახალგაზრდა მშვენიერი სახის ოფიცრები, გამოღმა ბულვარის გზით მომავალნი. შეჩერდნენ ჩემს პირდაპირ მათკენ მხედველნი, რომელნიც იდგნენ გაღმა მხარეზე და ერთმა აფიცერმა იშიშვლა ხმალი, დაუმიზნა იმ საოცარ თხის ფეხებიანი მხეცს, რომელიც იდგა სატანის წინ, გაატრიალა ლეკური წამსა თვალისასა და გასრიალდა თუ არა წააგდებია თავი ერთს თხის ფეხებიან ცხოველს. ამის შემდეგ ცოტათ მაინც გახარებულმან გამოვედ ქალაქიდან და ვიპოვე გორაკის ქვეშ პატარა ვიწრო გზაზე ზე აღმავალად ჩემი თავი. ერთი შილობკა ხელში მეჭირა და ისე ავდიოდი ვიწრო გზით. გორაკი უცნობათ მეჩვენა, მაგრამ როცა ავედი ვიცანი, რამეთუ მთავარ ანგელოზის კუნძული შეიქმნა. ხელზე ტვირთული შილობკა ცაცხვზე ავაყუდე და მე შეველ ძველი პატარა ეკლესიის უკარო ნაშთი განით ოთხ არშინიან ტაძარში. შუა ალაგას ესვენა კუბო, რომელსაც ავხადე თავი და შიგ ედვა ვეცხლის ტარიანი პატარა ცული. ესეც მომასწავებელი იმისა, რომ აქ მიცხადეს ჩემი აღსასრული.
შემდეგ კელიის აგებისა, ალექსიმ დაიბინავა მთავარანგელოზის სავანეში 1892 წ. თვესა ივნისსა 24, არა მქონებელი ფულისა. ელოდა მალე აღსასრულს, გარნა სხვა არის განზრახვა კაცისა და სხვა არს ღვთისა. თანდათან გამოკეთდა და ეკლესია, რომელიც იდგა ძველ ნაშთი, მხოლოდ კედელი იყო და დაუხურავობისა-გამო, წვიმის ნაცემ-ნადენი, გაპობილ-დანგრეული იყო, გადაჰხურა, კედლები გამოაშენებინა და გამოაწყო სამწირველოდ ყოველგვარი ნივთებით. დაიწყო წირვა და ერისთავის დარიგებით საწირავ ფულს ღებულობდა და მისივე განკანონებულს ასრულებდა: ერთი წილი გადაედვა თავის საჭიროებისათვის, მეორე წილი ეკლესია და სტუმრებისათვის, ხოლო მესამე ნაწილი გლახაკ-დავრდომილთათვის და გაჭირვებულ ღარიბთათვის. ამგვარად დაიწყო ახალი გზის ნიადაგზე შრომა ყოველ დღე წირვა-ლოცვით, რომელსაც ხელს უწყობდა თავისი დაი სალომე და დედა. მხოლოდ კეთილის მოშურნე ბოროტმა სულმან არ მისცა მოსვენება და სასტიკი განსაცდელები აღუდგინა უხილავად, რომლისათვის ესრეთ მეტყოდა: "ცხოვრება ჩემი რვა წლის განმავლობაში, თუ რომ ღვთის ფარვას არ ეტვირთა ჩემი უძლურება, ისეთი საშიშროებით მეკვეთებოდა, რომ იშვიათი იყო მეორე დღის გათენების იმედი მქონოდა. ასე რომ მწუხრზედ ჩვეულებრივად რო ავიღებდი კონდაკს საიდუმლოების საკითხავად, მწარე იყო ჟამი იგი ჩემთვის და ცხელ ოფლში ავცურდებოდი და მეტყოდა მტერი იგი ბოროტი: "ხვალ არ იქნები და რად ემზადებინ წირვისთვინ". ხოლო მე შემოვიკრებდი ღვთის შეწევნით ძალ-ღონეს და მიუგებდა: "განვემზადები და კეთილ არს ჩემდა გამზადებით სიკვდილი, რათა მესმას: "რომლითა საქმითა გიხილო, მითვე განგიკითხო" (ე.ი. ბრძოლითა განმზადებული), და ასე რა გამოვიდოდი მწუხრიდან, ამგვარივე ბრძოლა მქონდა წირვის დაწყებისა ვიდრე ზიარებამდი. ასე გაგრძელდა რვა წელ და შემდეგ იწყო კლება და ჯუარმან ქრისტესმან განიოტა სრულიად ამ მხრივ".
(უკვე სიცოცხლეშივე მამა ალექსის წმინდანად თვლიდნენ. ერთხელაც სენაკში ხმა გავრცელდა თითქოს ის მოკლეს. ეს რომ ხალხმა შეიტყო, უამრავი ადამიანი შეიკრიფა და წამოვიდა მისი სავანისკენ, სურდათ დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მათი საყვარელი მოძღვარი უვნებელი იყო. თვითხილველები ყვებოდნენ, რომ ბაზარში ვაჭრებმა საქონელი დაჰყარეს და სხვებთან ერთად მისი მონასტრისკენ გაემართნენო. ასევე უყვარდათ მამა ალექსი უმაღლეს სასულიერო პირებს. 1921 წლის შემოდგომაზე, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კათალიკოს-პატრიარქად კირიონ II-ისა და ლეონიდე ოქროპირიძის თანამოღვაწე, ჭყონდიდელ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსი (ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია 1861-1927) იქნა აღსაყდრებული. მამა ალექსი შუშანიას პატივისცემით მიულოცავს მამამთავარისათვის აღსაყდრება და კათალიკოსსაც სულიერი ძმისათვის სამადლობელი პასუხი არ დაუგვიანებია: "დიდად პატივცემულო, მაღალ ღირსო მამაო ალექსი! დიდი მადლობას გწირავთ მოლოცვისათვის. ღვთის განგებამ დამაკისრა დიდი ჯვარის ტარება, იმნაირი ჯვარისა, რომელიც ჩემთვის მეტად მძიმეა და მაშასადამე, მეტად ვსაჭიროებ თქვენ წმ. ლოცვას. იმედი მაქვს ის შემიმსუბუქებს ტვირთს და გაანაყოფიერებს ჩემს შრომას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ და დევნული სარწმუნოების გასამაგრებლად. გილოცავთ დღესასწაულებს. თქვენი მაღალი ღირსების მსასოებელი კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი. 1 იანვარი (ძველით) 1922 წ"., - კ.კ.)
1898 წლიდან ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვირაობით, დროს ლოცვასა და სამწერლო მუშაობაში ატარებდა.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ. კერძო ლოცვა სხვისი თანდასწრებით არ უყვარდა. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად. ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: ერთი ჭილობგადაფარებული ხის ტახტი, უბრალო, დაბალი მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა კომოდი, რომელზეც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ხატი ივერიის ღვთისმშობელისა, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთის კაცი. ლოცვა თავის ოთახში უყვარდა "ლოცვანის" კითხვით. საყვარელი ლოცვა სკვნილის ჩაგდებით იყო: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", ლოცვისას ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს. გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, - იტყოდა ხოლმე.
ონოფრე შუშანია აღწერს "მამა ალექსის კერძო წესებს, რომელიც მთავარ ანგელოზში დაბინავების დღიდან აქვნდა მას კანონად:
1) სავანე მისი დაჰყურებს, ვითარცა კოშკი, ჭალას, სადაც ხშირად გარბის ორთქმავალი, რომელიც თითქმის მისი ოთახიდანაც იხედება და პირველ აქ დგომის ხანში თურმე დიდად შეექცეოდა ხედვად; ამის-გამო დაუდვია თავსა კანონად, რათა არა მიიხედოს. 20 წელ არ მიუხედია.
2) მოართმევდნენ მას პატივად ხაჭაპურებს, თუ ნაზუქებს ხშირად და აუკრძალა თავსა თვისსა არა ჭამად და არა სჭამა ოცდახუთ წელ.
3) მოსპო გარდა ყურძნისა, ყოველი ხილეულისა ჭამა, ნესვი და კიტრითურთ-ოცდახუთ წელ.
4) უყვარდა ჩვეულება-ფეხის გადადებით ჯდომისა და მოსპო სრულიად მის სიცოცხლეში, რაც თურმე ძალიან უჭირდა ხანში შესვლის დროს, მაგრამ არ შეუცვლია წესი ესე.
5) იძლეოდა ხშირ-ხშირად განცდად სახისა სარკეში შთახედვითა და მოსპო სრულიად სარკის ქონება მის კელიაში ოცდახუთ წელ.
6) აქვნდა კანონად, არცა ერთი მცირეცა არა ჰყოს, თვინიერ ლოცვით განმზადებისა. იგი მწერლობაშიც ასე მოქმედებდა, რამეთუ ოდეს უნდოდა რამის დაწერა, აღსდგებოდა და მუხლს მოიყრიდა და ხელ-აპყრობით იტყოდა: "უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებას შენსა, აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, რათა მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი, რამეთუ ყოველი ნიჭი კეთილი ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა და შენდა დიდებას და ვედრებასა აღვავლენ, რათა სული წმინდა გარდამოავლინო ჩემ-ზედა და უცთომელად გადიდებდე შენ".
7) აქვნდა მას ჯვარი ხისა დიდი, რომლითა დღე-ღამ მხარზე ტვირთული იდგა ლოცვად.
8) სრულიად მან, მთავარ ანგელოზში დაბინავებიდან, განეყენა დღისით ძილისაგან, იტანჯებოდა ჩამოყვინთვით, გარნა არ დაწვებოდა ძილის პატივად.
9) ავად მყოფობის-გამო აღუთქვა ღვთისთვის ძაზის ანაფორის ჩაცმა, რაც მის სიცოცხლეში ეცვა.
10) ამ სავანეში მთელი მისი სიცოცხლე ოთხ კედელში გაატარა და არა ვინ იხილა ცაცხვის ქვეშე ჩრდილსა ნიავისასა საგრილებელად და არცა კელიის გარეთ საუბრობით მჯდომარე, თვინიერ რამე შემთხვევი მთავრობის კაცთან თუ ხალხთან საპასუხოდ. მამა ალექსი ამ პატარა ეკლესიაში ასრულებდა წირვა-ლოცვას, ხოლო 1908 წელს ეპ. ალექსანდრე ოქროპირიძის თანხმობით იწყო ძველის რღვევა და ახლის აშენება, რომელიც იმავე წელს დაამთავრა და ნაკურთხ იქნა".
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
ალექსი ბერი სარწმუნოებრივ საკითხებს და ცხოვრების მოვლენებს საღად აფასებდა. იგი ილაშქრებდა იმ დროს ხალხში გავრცელებული ე.წ. "სალოცავებისა" და სხვა ცრუ-მორწმუნოებრივი აზრ-წესების წინააღმდეგ ("წერილნი და მსჯელობანი").
ერთმა ვიღაც უპასუხისმგებლო კორესპონდენტმა 1905 წელს შეცდომაში შეიყვანა ჟურნალი "კვალი", სადაც მოათავსა პასკვილი ალექსი ბერის სახელის გასატეხად, თითქოს მას ეთქვას ახალი სენაკის რაიონში მცხოვრები გლეხისათვის, - შენი მიცვალებული, ცოდვების გამო, მიწამ არ მიიღო (ე. ი. გვამი არ განიხრწნა) და ისე ძევს საფლავშიო. მიცვალებულის პატრონმა საფლავი გათხარა, მაგრამ ალექსის ნათქვამი არ დადასტურდაო. ალექსი ბერი დიდად აუღელვებია ამ ჭორს და მიუმართავს მაზრის უფროს როზანოვისათვის კორესპონდენციაში მოყვანილი ცნობის შესამოწმებლად. მაზრის უფროსს დაუკითხავს მოხსენიებული გლეხი და მისი მეზობლები, მაგრამ ცნობა არ დადასტურებულა. გამოძიების ოქმი გაუგზავნიათ რედაქციისათვის.
ალექსი ბერი თუმცა განმარტოებულად ცხოვრობდა უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო... ალექსი უმთავრესად ლიტერატურულ შრომას ეწეოდა. მისი ნაწერები გამოდიოდა ცალკე წიგნებად (გამოცემულია 18 დასახელების წიგნი. წიგნებს სცემდა მისი მოწაფე, თბილისელი ვაჭარი იოსებ ლეჟავა).
ალექსი თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალ "მწყემსსა" და "შინაურ საქმეებში". მას განზრახული ჰქონია თავის სავანეში თანამგრძნობ მოწაფეთა დახმარებით მოეწყო პატარა სტამბა ხალხისათვის სასარგებლო წიგნებისა და ფურცლების გასავრცელებლად, მაგრამ ტექნიკური დაბრკოლების გამო ეს სურვილი ვერ განუხორციელებია, სამაგიეროდ, ამ მიზნით მტკიცე და მჭიდრო კავშირი დაუმყარებია თბილისელ მოწაფეებთან. ესენი იყვნენ: ილიას "ივერიის" ექსპედიტორი მაქსიმე შარაძე, ასოთამწყობები - ესტატე კერესელიძე და სპირიდონ ლოსაბერიძე. მაქსიმეს ხელმძღვანელობით მათ თბილისში, მოსკოვის ქუჩაზე, მოუწყვიათ სტამბა და გამომცემლობა, მათი თანამოაზრის, თბილისელი ვაჭრის იოსებ ლეჟავას თანამშრომლობით. ამ ამხანაგობის მთავარი მიზანი იყო სასულიერო, ზნეობრივი შინაარსის წიგნების გამოცემა...
ალექსი ბერი თავისი სავანის შემოსავლიდან ნივთიერ დახმარებასაც უწევდა საზღვარგარეთ მყოფ ღარიბ მოსწავლე სტუდენტობას (იხ. პავლე აკობია, ალექსანდრე მესხია, თბილისი 1905 წ.).
ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო, - იტყოდა იგი. 1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგზარქოსი ალექსი ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვარით დახვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოს ალექსის და გადასცა მას საპროტესტო წერილი, რომელიც რუსულად უთარგმნია სენაკის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორს დავით კაჭახიძეს (შემდგომში ეპისკოპოსი):
"თქვენო მაღალყოვლადსამღვდელობავ!
ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. არ გვეეჭვება, რომ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურად იღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებლურ ეკლესიას. უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა თქვენს ყანაში დათესოს ღვარძლი - მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს. (დედანში წერილი რუსულ ენაზეა. ჩვენ იგი ხელახლა ვთარგმნეთ ქართულად, - რედ.)
ეგზარქოსი შეშფოთდა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იქვე დაამშვიდა ბერი და აღუთქვა, ეს ჭორია და არ მოხდებაო (ეს შეხვედრა, აქ მოყვანილი დეტალების გარეშე, მოხსენებული აქვს თ. ჟორდანიას (Отчет о состаянии церковно-приходских школ грузинско-мингрелской епархии за 1902/3 уч. год, г. поти, 1904). როგორც ვიცით, ეს რუსიფიკატორული განზრახვა ვერ განხორციელდა.
სამსახურებრივი დაწინაურებით გატაცებულ ქართველებს, რომლებიც ან ხელს უწყობდნენ მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, ან უმოქმედოდ სდუმდნენ, ალექსი დაუნდობლად გმობდა, თუნდაც კარგი მეგობარი ყოფილიყო იგი. ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას, რომელიც იმ დროს სამეგრელოს საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო, აქტიურად და აშკარად არ ებრძოდა ეგზარქოსების ასეთ პოლიტიკას, ალექსი ძალიან საყვედურობდა ხოლმე. ალექსისადმი მიძღვნილ ერთ თავის ნაშრომზე თედოს ხელით ასეთი წარწერაა: "ჩემმა მტრებმა გულიცა თქვენი განაგრილეს ჩემდამი".
* * *
სიცოცხლის ბოლოს ალექსი ბერი შეიპყრო მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ. გარდაიცვალა 1923 წელს 18 იანვარს (ძვ. სტ.) 70 წლისა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფავსტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმესთან ერთად, მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფავსტომ და აკეფსიმემ, წმინდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხევლის წინა, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფავსტომ და აკეფსიმემ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით, მამა ალექსის უხრწნელი ცხედარი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან.
თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაეკარგა ფერი. გადასვენების შემდეგ ძველ საფლავში დატოვებული იყო ნეშტის მცირე ნაწილი.
ალექსი ბერის სულიერებასა და სიწმინდეს მოწმობს საფლავის ქვის ეპიტაფია, რომლის ტექსტიც მან თავად შეად¬გინა და დატოვა წერილობითი ანდერძის სახით:
"ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე. ალექსი ბერი".
წმინდა ალექსის ცხოვრება მომზადდა ონოფრე შუშანიას და არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) წერილების მიხედვით, წიგნიდან "ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე", თბილისი, 1999 წ.
ტროპარი:
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).
კონდაკი:
სიწმინდისა სულისაითა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაი, ვითარცა ლახვარი ხელთ იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკვირველთმოქმედო მამაო ალექსი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.
წმინდა ალექსისთან (შუშანია) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
"მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი"
თქვენ გიკისრიათ როლი იუდასი და ცდილობთ გაყაროთ ძმები და მტრად გახადოთ ერთმანეთისა
აწ შენ ქრიტეს მოწაფე უნდა გახდე
ეს იყო ღამე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უფლის მიუწვდომელ თანაზიარებად დარჩება
რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?
იხილეთ დასაწყისი