ალექსი ბერი სარწმუნოებრივ საკითხებს და ცხოვრების მოვლენებს საღად აფასებდა. იგი ილაშქრებდა იმ დროს ხალხში გავრცელებული ე.წ. "სალოცავებისა" და სხვა ცრუ-მორწმუნოებრივი აზრ-წესების წინააღმდეგ ("წერილნი და მსჯელობანი").
ერთმა ვიღაც უპასუხისმგებლო კორესპონდენტმა 1905 წელს შეცდომაში შეიყვანა ჟურნალი "კვალი", სადაც მოათავსა პასკვილი ალექსი ბერის სახელის გასატეხად, თითქოს მას ეთქვას ახალი სენაკის რაიონში მცხოვრები გლეხისათვის, - შენი მიცვალებული, ცოდვების გამო, მიწამ არ მიიღო (ე. ი. გვამი არ განიხრწნა) და ისე ძევს საფლავშიო. მიცვალებულის პატრონმა საფლავი გათხარა, მაგრამ ალექსის ნათქვამი არ დადასტურდაო. ალექსი ბერი დიდად აუღელვებია ამ ჭორს და მიუმართავს მაზრის უფროს როზანოვისათვის კორესპონდენციაში მოყვანილი ცნობის შესამოწმებლად. მაზრის უფროსს დაუკითხავს მოხსენიებული გლეხი და მისი მეზობლები, მაგრამ ცნობა არ დადასტურებულა. გამოძიების ოქმი გაუგზავნიათ რედაქციისათვის.
ალექსი ბერი თუმცა განმარტოებულად ცხოვრობდა უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო... ალექსი უმთავრესად ლიტერატურულ შრომას ეწეოდა. მისი ნაწერები გამოდიოდა ცალკე წიგნებად (გამოცემულია 18 დასახელების წიგნი. წიგნებს სცემდა მისი მოწაფე, თბილისელი ვაჭარი იოსებ ლეჟავა).
ალექსი თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალ "მწყემსსა" და "შინაურ საქმეებში". მას განზრახული ჰქონია თავის სავანეში თანამგრძნობ მოწაფეთა დახმარებით მოეწყო პატარა სტამბა ხალხისათვის სასარგებლო წიგნებისა და ფურცლების გასავრცელებლად, მაგრამ ტექნიკური დაბრკოლების გამო ეს სურვილი ვერ განუხორციელებია, სამაგიეროდ, ამ მიზნით მტკიცე და მჭიდრო კავშირი დაუმყარებია თბილისელ მოწაფეებთან. ესენი იყვნენ: ილიას "ივერიის" ექსპედიტორი მაქსიმე შარაძე, ასოთამწყობები - ესტატე კერესელიძე და სპირიდონ ლოსაბერიძე. მაქსიმეს ხელმძღვანელობით მათ თბილისში, მოსკოვის ქუჩაზე, მოუწყვიათ სტამბა და გამომცემლობა, მათი თანამოაზრის, თბილისელი ვაჭრის იოსებ ლეჟავას თანამშრომლობით. ამ ამხანაგობის მთავარი მიზანი იყო სასულიერო, ზნეობრივი შინაარსის წიგნების გამოცემა...
ალექსი ბერი თავისი სავანის შემოსავლიდან ნივთიერ დახმარებასაც უწევდა საზღვარგარეთ მყოფ ღარიბ მოსწავლე სტუდენტობას (იხ. პავლე აკობია, ალექსანდრე მესხია, თბილისი 1905 წ.).
ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო, - იტყოდა იგი. 1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგზარქოსი ალექსი ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვარით დახვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოს ალექსის და გადასცა მას საპროტესტო წერილი, რომელიც რუსულად უთარგმნია სენაკის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორს დავით კაჭახიძეს (შემდგომში ეპისკოპოსი):
"თქვენო მაღალყოვლადსამღვდელობავ!
ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. არ გვეეჭვება, რომ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურად იღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებლურ ეკლესიას. უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა თქვენს ყანაში დათესოს ღვარძლი - მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს. (დედანში წერილი რუსულ ენაზეა. ჩვენ იგი ხელახლა ვთარგმნეთ ქართულად, - რედ.)
ეგზარქოსი შეშფოთდა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იქვე დაამშვიდა ბერი და აღუთქვა, ეს ჭორია და არ მოხდებაო (ეს შეხვედრა, აქ მოყვანილი დეტალების გარეშე, მოხსენებული აქვს თ. ჟორდანიას (Отчет о состаянии церковно-приходских школ грузинско-мингрелской епархии за 1902/3 уч. год, г. поти, 1904). როგორც ვიცით, ეს რუსიფიკატორული განზრახვა ვერ განხორციელდა.
სამსახურებრივი დაწინაურებით გატაცებულ ქართველებს, რომლებიც ან ხელს უწყობდნენ მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, ან უმოქმედოდ სდუმდნენ, ალექსი დაუნდობლად გმობდა, თუნდაც კარგი მეგობარი ყოფილიყო იგი. ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას, რომელიც იმ დროს სამეგრელოს საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო, აქტიურად და აშკარად არ ებრძოდა ეგზარქოსების ასეთ პოლიტიკას, ალექსი ძალიან საყვედურობდა ხოლმე. ალექსისადმი მიძღვნილ ერთ თავის ნაშრომზე თედოს ხელით ასეთი წარწერაა: "ჩემმა მტრებმა გულიცა თქვენი განაგრილეს ჩემდამი".
* * *
სიცოცხლის ბოლოს ალექსი ბერი შეიპყრო მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ. გარდაიცვალა 1923 წელს 18 იანვარს (ძვ. სტ.) 70 წლისა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფავსტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმესთან ერთად, მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფავსტომ და აკეფსიმემ, წმინდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხევლის წინა, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფავსტომ და აკეფსიმემ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით, მამა ალექსის უხრწნელი ცხედარი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან.
თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაეკარგა ფერი. გადასვენების შემდეგ ძველ საფლავში დატოვებული იყო ნეშტის მცირე ნაწილი.
ალექსი ბერის სულიერებასა და სიწმინდეს მოწმობს საფლავის ქვის ეპიტაფია, რომლის ტექსტიც მან თავად შეად¬გინა და დატოვა წერილობითი ანდერძის სახით:
"ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე. ალექსი ბერი".
წმინდა ალექსის ცხოვრება მომზადდა ონოფრე შუშანიას და არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) წერილების მიხედვით, წიგნიდან "ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე", თბილისი, 1999 წ.
ტროპარი:
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).
კონდაკი:
სიწმინდისა სულისაითა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაი, ვითარცა ლახვარი ხელთ იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკვირველთმოქმედო მამაო ალექსი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.
წმინდა ალექსისთან (შუშანია) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი