ოდეს მოუვიდა ალექსის მწყემსმთავრისაგან ესრეთი უმაგალითო რეზოლუცია წარწერილი, განიხარა სიხარულითა დიდითა. რიცხვი იყო 1891 წ. "კურთხეულ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა". გადავიწყებული და თითქო სრულიად სახეში არ ქონებული ჩვენებით იოანესაგან გამოცხადებულის ხსენებამ იელვა უცბად ალექსის გულში და წარმოუდგა ნათლად აღსრულება მისი. "თერთმეტის შემდეგ იქმნებაო". უსაზღვრო სიხარულით და მადლობის გულით გადაიხადა მაშინვე სამადლობელი პარაკლისი და მიერ დღიდგან შეუდგა მთავარ ანგელოზის კუნძულზედ სენაკის აგებას, რომლის აგების განზრახვის დღიდან ოცი დღის განმავლობაში შემთხვეულ განსაცდელებზე მეტყოდა ალექსი მე (ონოფრეს): "ნუ მომაგონდება ღმერთო ის განსაცდელი, რაც მაშინ უხილავ მტერმან შეგვიდგინა მთელს ოცი დღის განმავლობაში, რათა ვითარმე შევეშინებიე მუნ დგომის მოსასპობელად. აქვე უნდა აღვნიშნო ერთიც, ის რომ ჟამსა სალოსობისასა ქალაქ ზუგდიდში სტუმრად მისი ძმის ბესარიონისთანა მისვლის დროს ნახული, რომელსაცა მეტყოდა: "ერთს ღამეს ძილსა შინა მყოფს მომესმა რაღაც ხმიანობა ზღვა ხალხისა. გავედ დუქნის წინ და ვიხილე ქალაქის ზემო თავიდან ე.ი. დადიანის სასახლისკენ მივიხედე რა, ვხედავ საოცრებით მომავალ სატანა-ეშმაკს რქიანს მხეცურ სახით, რომელიც ზის საშიშარ მხეცზე და წინ უძღვის ორიც საზარელი ეშმაკი თხის ფეხებიანი. ამათ უკან შეუდგს ზღვა ხალხი, რომელთა ხმიანობა ზარსა სცემს ქალაქს. ამ დროს უცებ ვიღაც უცნობმა პირმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: "იცით ვის ეძებენო?" - მივუგე, - არა. მომიგო: "ალექსი შუშანიას ეძებენო!" ამის სმენით განვკრთდი და მყისვე შევიქეც დუქანში და უკანა ოთახისკენ მინდა გავიპარო, მაგრამ რაღაც ისევ ერთიც მათკენ გახედვა მომინდა, რათა გავიგო თუ სად არიან და რას შვრებიან. შევბრუნდი და კვლავ წინ გავედი და შევხედე რომ შუა ქალაქში საყამთროსთან შეჩერებულან. ამ დროს გავიხედე ქალაქის ბოლოსკენ და გამოჩნდნენ ორი ახალგაზრდა მშვენიერი სახის ოფიცრები, გამოღმა ბულვარის გზით მომავალნი. შეჩერდნენ ჩემს პირდაპირ მათკენ მხედველნი, რომელნიც იდგნენ გაღმა მხარეზე და ერთმა აფიცერმა იშიშვლა ხმალი, დაუმიზნა იმ საოცარ თხის ფეხებიანი მხეცს, რომელიც იდგა სატანის წინ, გაატრიალა ლეკური წამსა თვალისასა და გასრიალდა თუ არა წააგდებია თავი ერთს თხის ფეხებიან ცხოველს. ამის შემდეგ ცოტათ მაინც გახარებულმან გამოვედ ქალაქიდან და ვიპოვე გორაკის ქვეშ პატარა ვიწრო გზაზე ზე აღმავალად ჩემი თავი. ერთი შილობკა ხელში მეჭირა და ისე ავდიოდი ვიწრო გზით. გორაკი უცნობათ მეჩვენა, მაგრამ როცა ავედი ვიცანი, რამეთუ მთავარ ანგელოზის კუნძული შეიქმნა. ხელზე ტვირთული შილობკა ცაცხვზე ავაყუდე და მე შეველ ძველი პატარა ეკლესიის უკარო ნაშთი განით ოთხ არშინიან ტაძარში. შუა ალაგას ესვენა კუბო, რომელსაც ავხადე თავი და შიგ ედვა ვეცხლის ტარიანი პატარა ცული. ესეც მომასწავებელი იმისა, რომ აქ მიცხადეს ჩემი აღსასრული.
შემდეგ კელიის აგებისა, ალექსიმ დაიბინავა მთავარანგელოზის სავანეში 1892 წ. თვესა ივნისსა 24, არა მქონებელი ფულისა. ელოდა მალე აღსასრულს, გარნა სხვა არის განზრახვა კაცისა და სხვა არს ღვთისა. თანდათან გამოკეთდა და ეკლესია, რომელიც იდგა ძველ ნაშთი, მხოლოდ კედელი იყო და დაუხურავობისა-გამო, წვიმის ნაცემ-ნადენი, გაპობილ-დანგრეული იყო, გადაჰხურა, კედლები გამოაშენებინა და გამოაწყო სამწირველოდ ყოველგვარი ნივთებით. დაიწყო წირვა და ერისთავის დარიგებით საწირავ ფულს ღებულობდა და მისივე განკანონებულს ასრულებდა: ერთი წილი გადაედვა თავის საჭიროებისათვის, მეორე წილი ეკლესია და სტუმრებისათვის, ხოლო მესამე ნაწილი გლახაკ-დავრდომილთათვის და გაჭირვებულ ღარიბთათვის. ამგვარად დაიწყო ახალი გზის ნიადაგზე შრომა ყოველ დღე წირვა-ლოცვით, რომელსაც ხელს უწყობდა თავისი დაი სალომე და დედა. მხოლოდ კეთილის მოშურნე ბოროტმა სულმან არ მისცა მოსვენება და სასტიკი განსაცდელები აღუდგინა უხილავად, რომლისათვის ესრეთ მეტყოდა: "ცხოვრება ჩემი რვა წლის განმავლობაში, თუ რომ ღვთის ფარვას არ ეტვირთა ჩემი უძლურება, ისეთი საშიშროებით მეკვეთებოდა, რომ იშვიათი იყო მეორე დღის გათენების იმედი მქონოდა. ასე რომ მწუხრზედ ჩვეულებრივად რო ავიღებდი კონდაკს საიდუმლოების საკითხავად, მწარე იყო ჟამი იგი ჩემთვის და ცხელ ოფლში ავცურდებოდი და მეტყოდა მტერი იგი ბოროტი: "ხვალ არ იქნები და რად ემზადებინ წირვისთვინ". ხოლო მე შემოვიკრებდი ღვთის შეწევნით ძალ-ღონეს და მიუგებდა: "განვემზადები და კეთილ არს ჩემდა გამზადებით სიკვდილი, რათა მესმას: "რომლითა საქმითა გიხილო, მითვე განგიკითხო" (ე.ი. ბრძოლითა განმზადებული), და ასე რა გამოვიდოდი მწუხრიდან, ამგვარივე ბრძოლა მქონდა წირვის დაწყებისა ვიდრე ზიარებამდი. ასე გაგრძელდა რვა წელ და შემდეგ იწყო კლება და ჯუარმან ქრისტესმან განიოტა სრულიად ამ მხრივ".
(უკვე სიცოცხლეშივე მამა ალექსის წმინდანად თვლიდნენ. ერთხელაც სენაკში ხმა გავრცელდა თითქოს ის მოკლეს. ეს რომ ხალხმა შეიტყო, უამრავი ადამიანი შეიკრიფა და წამოვიდა მისი სავანისკენ, სურდათ დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მათი საყვარელი მოძღვარი უვნებელი იყო. თვითხილველები ყვებოდნენ, რომ ბაზარში ვაჭრებმა საქონელი დაჰყარეს და სხვებთან ერთად მისი მონასტრისკენ გაემართნენო. ასევე უყვარდათ მამა ალექსი უმაღლეს სასულიერო პირებს. 1921 წლის შემოდგომაზე, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კათალიკოს-პატრიარქად კირიონ II-ისა და ლეონიდე ოქროპირიძის თანამოღვაწე, ჭყონდიდელ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსი (ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია 1861-1927) იქნა აღსაყდრებული. მამა ალექსი შუშანიას პატივისცემით მიულოცავს მამამთავარისათვის აღსაყდრება და კათალიკოსსაც სულიერი ძმისათვის სამადლობელი პასუხი არ დაუგვიანებია: "დიდად პატივცემულო, მაღალ ღირსო მამაო ალექსი! დიდი მადლობას გწირავთ მოლოცვისათვის. ღვთის განგებამ დამაკისრა დიდი ჯვარის ტარება, იმნაირი ჯვარისა, რომელიც ჩემთვის მეტად მძიმეა და მაშასადამე, მეტად ვსაჭიროებ თქვენ წმ. ლოცვას. იმედი მაქვს ის შემიმსუბუქებს ტვირთს და გაანაყოფიერებს ჩემს შრომას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ და დევნული სარწმუნოების გასამაგრებლად. გილოცავთ დღესასწაულებს. თქვენი მაღალი ღირსების მსასოებელი კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი. 1 იანვარი (ძველით) 1922 წ"., - კ.კ.)
1898 წლიდან ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვირაობით, დროს ლოცვასა და სამწერლო მუშაობაში ატარებდა.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ. კერძო ლოცვა სხვისი თანდასწრებით არ უყვარდა. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად. ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: ერთი ჭილობგადაფარებული ხის ტახტი, უბრალო, დაბალი მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა კომოდი, რომელზეც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ხატი ივერიის ღვთისმშობელისა, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთის კაცი. ლოცვა თავის ოთახში უყვარდა "ლოცვანის" კითხვით. საყვარელი ლოცვა სკვნილის ჩაგდებით იყო: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", ლოცვისას ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს. გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, - იტყოდა ხოლმე.
ონოფრე შუშანია აღწერს "მამა ალექსის კერძო წესებს, რომელიც მთავარ ანგელოზში დაბინავების დღიდან აქვნდა მას კანონად:
1) სავანე მისი დაჰყურებს, ვითარცა კოშკი, ჭალას, სადაც ხშირად გარბის ორთქმავალი, რომელიც თითქმის მისი ოთახიდანაც იხედება და პირველ აქ დგომის ხანში თურმე დიდად შეექცეოდა ხედვად; ამის-გამო დაუდვია თავსა კანონად, რათა არა მიიხედოს. 20 წელ არ მიუხედია.
2) მოართმევდნენ მას პატივად ხაჭაპურებს, თუ ნაზუქებს ხშირად და აუკრძალა თავსა თვისსა არა ჭამად და არა სჭამა ოცდახუთ წელ.
3) მოსპო გარდა ყურძნისა, ყოველი ხილეულისა ჭამა, ნესვი და კიტრითურთ-ოცდახუთ წელ.
4) უყვარდა ჩვეულება-ფეხის გადადებით ჯდომისა და მოსპო სრულიად მის სიცოცხლეში, რაც თურმე ძალიან უჭირდა ხანში შესვლის დროს, მაგრამ არ შეუცვლია წესი ესე.
5) იძლეოდა ხშირ-ხშირად განცდად სახისა სარკეში შთახედვითა და მოსპო სრულიად სარკის ქონება მის კელიაში ოცდახუთ წელ.
6) აქვნდა კანონად, არცა ერთი მცირეცა არა ჰყოს, თვინიერ ლოცვით განმზადებისა. იგი მწერლობაშიც ასე მოქმედებდა, რამეთუ ოდეს უნდოდა რამის დაწერა, აღსდგებოდა და მუხლს მოიყრიდა და ხელ-აპყრობით იტყოდა: "უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებას შენსა, აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, რათა მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი, რამეთუ ყოველი ნიჭი კეთილი ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა და შენდა დიდებას და ვედრებასა აღვავლენ, რათა სული წმინდა გარდამოავლინო ჩემ-ზედა და უცთომელად გადიდებდე შენ".
7) აქვნდა მას ჯვარი ხისა დიდი, რომლითა დღე-ღამ მხარზე ტვირთული იდგა ლოცვად.
8) სრულიად მან, მთავარ ანგელოზში დაბინავებიდან, განეყენა დღისით ძილისაგან, იტანჯებოდა ჩამოყვინთვით, გარნა არ დაწვებოდა ძილის პატივად.
9) ავად მყოფობის-გამო აღუთქვა ღვთისთვის ძაზის ანაფორის ჩაცმა, რაც მის სიცოცხლეში ეცვა.
10) ამ სავანეში მთელი მისი სიცოცხლე ოთხ კედელში გაატარა და არა ვინ იხილა ცაცხვის ქვეშე ჩრდილსა ნიავისასა საგრილებელად და არცა კელიის გარეთ საუბრობით მჯდომარე, თვინიერ რამე შემთხვევი მთავრობის კაცთან თუ ხალხთან საპასუხოდ. მამა ალექსი ამ პატარა ეკლესიაში ასრულებდა წირვა-ლოცვას, ხოლო 1908 წელს ეპ. ალექსანდრე ოქროპირიძის თანხმობით იწყო ძველის რღვევა და ახლის აშენება, რომელიც იმავე წელს დაამთავრა და ნაკურთხ იქნა".
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი