ასე რამდენიმე წელი მორჩილებდა იგი შეჭირვებულ, ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს. წმინდა ალექსის ძმიშვილი ონოფრე რამდენიმე საგულისხმო ამბავს ჰყვება, საიდანაც ნათლად სჩანს წმინდა ალექსის დიდსულოვნება და სამაგალითო ქრისტიანობა: "1). ამ რიცხვთა შორის მიდიოდა ერთხელ სოფელ გეჯეთში და შუკა გზად, მავალმან ერთხელ იხილა ერთი პატარა ქოხი (ფაცხა) და შევიდა შიდ, თუ ვინ არს საცოდავი ამას შინა განწირულად მყოფი და ნახა ერთი ახალგაზრდა კაცი კერიასთან მწოლარე ულებოდ, უბალიშოდ და უსაბნოდ ჭილოფზე გდებული. დაუჯდა მას ალექსი წინ და ჰკითხა მისი ვითარება და მიუგო მან: "მე ვარ გვარად ოჩიგავა, უტუია მქვიან სახელი. ცოლი შევირთე და მცირედ ჟამშივე გავხდი მძიმე ავად, რომლითა მიმეღო წელქვეით მოძრაობა, რომლის გამო ყოველივე ჩემი ღონე დავკარგე ქონებისა. ოდეს ესე იხილა ცოლმან ჩემმან უიმედობა მორჩენისა, დამაგდო ესე განწირულად და ქვეშაგების ღირსიც არ მყო, სულ ყოვლისფერი წაიღო და წავიდა თვისი სამშობლოდ. მას აქეთ ასე დატანჯული ვგმობ ხშირად უფალსა და თან ბევრგზის მოვინდომე ამ ცეცხლში გადავგორდე დასაწველად, გარნა ჯერჯერობით ვერ შევძელ. ხანდისხან ღვთისმოყვარე მეზობლები საჭმელსა და წყალს მომიტანენ და ცეცხლს დამინთებენ". ალექსიმ რა მოისმინა ასეთი გულ-დასაწველი სიტყვები დავრდომილისა, დიდად შეებრალა იგი და მისცა ნუგეში ყურადღების მოქცევისა და უქადაგა საღმთო სიტყვები, გაამხნევა მაგალითისაებრ იობის მოთმინებაში და აღუთქვა ყოველგვარ ღონისძიების აღმოჩენა და შეწევნა, მხოლოდ ნუ გმობ ღმერთს და ცეცხლში არ ჩავარდეო. დაბრუნდა ალექსი თავის სახლში და გამოაწყო საგებ-სახურავი, სხვაცა რაიც ესაჭირებოდა, მოიკიდა მხარზე და მიუტანა; დაუგო სუფთად, აჭამა საჭმელი და დაუბარა მალე გნახამო, ეს დრო იყო ზამთარი და მაისამდინ სულ მიდიოდა ალექსი და მიჰქონდა საზრდო, თუ ტანისამოსი, რაიცა სჭიროდა. ხოლო მაისში წაიყვანა თავის ოჯახიდან ხარ-ურემი, მივიდა დავრდომილთან, დააწვინა ურემზე და წაიყვანა ნოქალაქევის აბანოში. იქ რაოდენიმე დღე აბანოში მხარზე მოკიდებით ჩაიყვანდა და აბანავებდა. წყალობითა ღვთისაითა მოკეთდა კაცი იგი, რომელმან დაიწყო თავით თვისით ჯოხით სიარული, რომელიც ახლაც ცოცხალია (ასე რომ, 30 წელი გაძლო).
2) ერთხელ გაიგო ალექსიმ რომ სოფელ ნოსირში გვარად ფაჩულია ჭლექით ავათ მყოფი უპატრონოდ დაუგდიათ ჭირისუფლებს, ცოლი თავის სახლში წასულა და ძმები გადახიზნულან და ოჯახში მარტოდ ავათ მყოფი დაუტოვებიათ. მაშინ ალექსიმ იმავე სოფლის მონაზონი ბარბარე და თებრონე მილორავას დახმარებით ავათ მყოფს მიცვალებამდინ ემსახურეს, ეკლესიაში დაასვენეს და დაასაფლავეს თვინიერ სხვისი დახმარებისა. და მცირე ხანის შემდეგ მიცვალებულის ძმაც მითვე ჭლექით ავათ გახდა და მასაც ემსახურენ მიცვალებამდი და იგიც დაასაფლავეს.
3) სოფელ ონტოფოში შოსეზე ეძახის ალექსის ვინმე მონაზონი. ალექსი შეჩერდა და ჰკითხა, - რაზე გჭირდებით. მან მიუგო: სოფელ გულხეთში ერთი ქალიშვილი, გვარად გიგინეიშვილისა, ჭლექით მიიცვალა და არაინ ეკარება; - საშიშია, რომ ძაღლ-კატამ შეჭამოს, რადგან ვერავინ ბედავს შესვლას, რათა გამოასვენონ დასამარხად. მყისვე მიბრუნდა ალექსი, გაიძღვანია მონაზონი იგი და მივიდა იქ, სადაც ესვენა მკვდარი. შევიდა იგი ქოხში, მაგრამ რას ხედავს ლოგინზე, სადაც მიცვალებულია, აყრია უზომოდ ჩალა! რომელიცა შეუყრიათ ვითომ ძაღლ-კატებისაგან დასაცველად. გადაჰყარა ჩალა, გამოაწყო მიცვალებული დასამარხავად, კუბოში ჩაასვენა, დაჭედა თავი კუბოზე, მოიხმარია მონაზონი და გამოასვენეს გარეთ, მერე ჭირისუფალიც მოეხმარა და გაასვენეს ეკლესიაში.
4) ქალაქ ლანჩხუთში (გურიაში) მივიდა ალექსი, სადაც მიუთხრეს მანდ მცხოვრებ მონაზვნებმა ერთი ჭლექიანი ქალის მდგომარეობა, რომელიც ვიწრო ქოხში გადაწოლილი აგდია უძრავად თავის უპატურში მატლ დასეული და იძახის მღვდელს და ზიარებას, მაგრამ მღვდელი არ ეკარება სიბინძურისა გამო. ამის გამგონი ალექსიმ დაასაყვედურა მონაზვნები და რქვა მათ: ასეთი გაჭირვებულის უგულებელსყოფა საპასუხოა ქრისტეს წინაშე. მაშინვე გაიყოლია ორი და წავიდა დავრდომილთან. მისვლისთანავე შევიდა ქოხში პირ აუხვეველად, ხოლო მონაზვნებმან აიხვიეს პირ-ცხვირი სასტიკი სულ-მყრალობისა გამო. იხილეს რა საცოდავი ქალი სკორესა ზედა, გარდა თავ-პირისა ყოვლად დაწუნპებული და მატლ ხვეული, რომლის წინ დგომა იყო ჯოჯოხეთი აუტანელი სულმყრალობისა გამო. მაგრამ გაამხნევა მონაზვნები და უთხრა - დაბანეთ, გაასუფთავეთ ლოგინი და გამოუცვალეთ ტანისამოსი. შეუდგნენ მონაზვნები ალექსის სიტყვის აღსრულებას და მღვდელთან კაცი გაგზავნეს, მოვიდა და აზიარა. ალექსიმ საღვთო სიტყვებით დაანუგეშა საწყალი მომაკვდავი და გამოეთხოვა.
5) სოფელ საჭყოინდლოში გაჩნდა მუცელა და მძვინვარედ ხოცავდა ადამიანებს, სხვათა შორის ქოიების კუთხეში ერთი ქალი მარტოდ დარჩენილი ჭირისუფლიდან უპატრონოდ იხილა ალექსიმ, რომელსაც ბუზები ისე დასევოდა, რომ თითქო თვალ-პირს ვერ აღებდა, ამას ემსახურა რამოდენიმე დღე და როცა გარდაიცვალა, მკვდრის ძმამ კუბო მოუტანა და ერთი მოლოზონი ელისაბედ ჭანტურაიას დახმარებით კუბოში ჩაასვენეს და ურმით ეკლესიაში გაასვენეს და დამარხეს. ძმაცა იგი გახდა ავათ და მასცა ემსახურა და პატივ მოვლით მორჩა ავათ მყოფი.
ასე და ამგვარად ალექსი თავდადებით მსახურებდა განწირულებს, არ ერიდებოდა ქრისტეს სახელით და არცა ვნება შეხვდომია".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი