ფსალმუნი XXII
XXII ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):1. "უფალმა მწყსოს მე და მე არაი მაკლდეს" - ისევე დაგმწყსოს უფალმა, როგორც მწყემსი მწყსავს უტყვ პირუტყვს, ცხოვარს. თუ უფალი დაგვმწყსავს, არაფერი მოგვაკლდება: როდესაც გონიერი მწყემსი ფარას მწყემსავს, იცის, სად უნდა აბალახოს, სად მიიყვანოს დასაწყურვებლად. თუკი ეს ხორციელმა მწყემსმა უწყის, მით მეტად იცის უფალმა, როგორ დამწყსოს თავისი "პირმეტყველი ცხოვარი", როგორც წმინდა წერილი გვეუბნება ადამიანთა შესახებ. განარიდებს ამქვეყნიურ ამაოებებს და მხეცებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებულნი ფარის ცხოვართა - უფლის მიმდევართა მოსატაცებლად.
2. "ადგილსა მწუანილოვანსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე" - ისევე, როგორც მწვანე ადგილი და ახლომდებარე წყლებია ფარისათვის სასარგებლო, ასეთივე, სულისათვის სასარგებლო ადგილებში დამამკვიდრა მეო, - ბრძანებს წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში. "ადგილსა მწვანილოვანსა და წყალთა ზედა" - აქ წყალი და ბალახი მატერიალური გაგებით კი არ იგულისხმება, არამედ სულიერი გაგებით. ისევე როგორც ცხოვართათვის - ბალახი და წყალი, ეს საძოვარი ადამიანისთვის არის სულიერი წარმატება, ზეციური იურუსალიმი და ზეციური სასუფეველი, სადაც მისი სულიერი მოთხოვნილებები აბსოლუტურად დაკმაყოფილებულია.
3. "მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის" - "მოაქცია სული ჩემი..." - საიდან მოაქცია? - წარმართობის ბნელიდან მოაქცია წარმართთა სული უფალმა. თითოეული ჩვენგანი წარმართობიდან მოქცეულია - ჩვენი წინაპრები წარმართობიდან მოექცნენ და შეუდგნენ ჭეშმარიტებას.
"მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის" - სიმართლის გზაზე გამიძღვა მეო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი უფლის მიმართ. სიმართლის გზა - ეს არის სახარებისეული ცხოვრება, ქრისტესმიერი გზა, რომელიც ადამიანს ცათა სასუფევლამდე მიიყვანს.
4. "ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინის მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ, კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე" - სიკვდილის აჩრდილებს შორისაც რომ დავდიოდი, ე.ი. ძველ აღთქმაში, სადაც არ იყო საღმრთო ნათელი ადამიანებისთვის ცნობილი, იქაც კი არ მეშინოდა იმის გამო, რომ შენი კვერთხით და არგნით მანუგეშებდიო. წმინდა მამები კვერთხსა და არგანში განკაცებულ მაცხოვარს გულისხმობენ. სწორედ ამ კვერთხით და ამ არგნით გვიხსნა უფალმა. გამოიყვანა ადამიანები წარმართობის ბნელიდან და დაადგინა საღმრთო გზაზე.
5. "განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა. განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან" - ჩემს წინაშე ტაბლა განაწყოო, - ბრძანებს დავითი. ტაბლაში იგულისხმება ქრისტეს სისხლით და ხორცით ზიარება. "და განაპოხა ზეთითა თავი ჩემი" - ამ ტაბლის - ქრისტეს სისხლი და ხორცის ხმევით, ზიარებით სულიერი მადლი გარდამოვიდა ადამიანებზე. ზოგიერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ აქ წმინდა მირონცხებაც შეიძლება ვიგულისხმოთ.
ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ადამიანს სულიერად აღამაღლებს და განამხიარულებს.
6. "წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა" - შენი წყალობა განუშორებლად ჩემთანაა, უფალო, - ბრძანებს დავითი. ვიცით, რომ წყალობა განუშორებლადაა ადამიანთან. შესაძლოა თავად ადამიანმა დააყენოს თავი ღვთის წყალობის გარეშე, მაგრამ თავად უფალი არასოდეს ტოვებს მას, როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეს ის. თუ ადამიანი არ ცხოვრობს საღვთო ცხოვრებით, თვითონ აკლებს თავის თავს ღვთის წყალობას, თვითონ იტოვებს თავს ღვთის წყალობის გარეშე. "დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა" - ყოველდღე ჩემთანაა ეს საღმრთო წყალობა, ყოველდღე უფალი მზრდის, მწვრთნის მე და თუ საკუთარი ნებით არ გადავალ უფლის გზიდან, დამამკვიდრებს თავის სახლში - მარადისობაში. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, მეორედ მოსვლის შემდეგ იქნება დაუსრულებელი დღე. ზეციურ იერუსალიმში არ იქნება არც მზე, არც მთვარე, რადგან თავად უფალი იქნება მისი ნათელი. ეს იქნება ერთი დაუსრულებელი დღე, რომელსაც ექნება დასაწყისი - უფლის მეორედ მოსვლით, მაგრამ არ ექნება დასასრული.
P.S. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფსალმუნში არის წინასწარმეტყველება წარმართთა მოქცევის შესახებ. ამ ფსალმუნით თითქოს წარმართები ადიდებენ უფალს და წინასწარმეტყველებენ თავიანთი მოქცევის შესახებ. ასევე დავითი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის განკაცებისა და ზიარების შესახებ.