82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
ფსალმუნი არის დავით წინასწარმეტყველის ლოცვა უფლისადმი. დავითი ლოცვით შესთხოვს უფალს მოსრას, განაქარვოს ისრაელის მეზობელი ერები, რომლებიც მარადის ცდილობდნენ ისრაელის განადგურებას, უფალმა ისრაელს მოაცილოს არა კონკრეტულად ერები, ადამიანები, არამედ მათი ბოროტი საქმეები. ფსალმუნი სულიერი მნიშვნელობითაც უნდა გავიგოთ და ვევედროთ უფალს, რომ ისევე, როგორც ისრაელის ერის გარშემო იყო შემომდგარი უამრავი ერი, მისი ფიზიკური განადგურების მდომი, ასევე ჩვენ გარშემო შემომდგარი უამრავი ბოროტი სული და ბოროტი ძალები, რომლებსაც უნდათ ადამიანთა მოდგმის, ქრისტიანობის განადგურება, იყოს განშორებული ჩვენგან.
1. "ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმდები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო", - უფალო ვინ გემსგავსოს შენ? - მოწყალებაში, შენს მოთმინებაში, იმაში რომ როგორ ითმენ ამდენ უსჯულოებას, რაც სამყაროში ხდება, ამაში ვერავინ დაგემსგავსება, მაგრამ შეგთხოვ, - ნუ დასდუმდები, ნუცა დამშვიდდები, - ანუ მიაგე მათ, მოგვაცილე ეს უსჯულოება.
2. "რამეთუ ესერა, მტერთა შენთა იზრახეს და მოძულეთა შენთა აიღეს თავი" - შენმა მტრებმა განიზრახეს და შენმა მოძულეებმა მაღლა ასწიეს თავი, გადიდგულდნენ, რადგან მოთმინებით იტან მათ საქმეებს და უკვე აღარ გთვლიან შენ ძლიერად.
3. "ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს, ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთვის" - შენი ერისათვის ზაკულება, შენი წმინდანების განადგურება განიზრახეს მათ:
4-5. "და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისა; რამეთუ ზრახეს შეთქმით ურთიერთას და შენთვის აღთქმა-ყვეს" - ერთმანეთს შეეთქვნენ: გავერთიანდეთ და გავანადგუროთ ისრაელის ერი, რათა აღარ იყოს მათი სახელიო. თუ შენს მადიდებელ ერს გაანადგურებენ, ამით თითქოსდა შენს განადგურებასაც ცდილობენ, უფალო.
6-7-8. "ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა; გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა; და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა" - აქ ჩამოთვლილია ის ერები, რომლებიც ისრაელის გარშემო ცხოვრობდნენ, ესენი იყვნენ წარმართული ერები, რომლებიც უფალს არ აღიარებდნენ და თავიანთ კერპებს, ანუ ეშმაკებს სცემდნენ თაყვანს. სწორედ ამ ერების სახელებია ჩამოთვლილი. ეს ერები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ ისრაელის ერს, უნდოდათ მისი განადგურება, მაგრამ ამ წარმართულ ერებში ასევე იგულისხმება დაცემული ანგელოზები, ცოდვა, რომელიც გარემოდგომილია ადამიანებზე და ცდილობენ, ადამიანი მოსწყვიტონ უფალს და განაგდონ უფლისაგან.
9. "ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა" - ისე მოექეცი უფალო მათ, როგორც მადიამს, სისარას და იაბს მოექეცი კიშონის ხევში. ვიცით, რომ სისარა, იაბი და მადიანელები იყვნენ ისრაელის მტრები, რომლებიც ისრაელიანებმა გაანადგურეს მთლიანად კიშონის ხევში. ეს სიტყვები სულიერი მნიშვნელობითაც უნდა გავიგოთ: ასევე გაანადგურე ჩვენი ცოდვა და ჩვენი სულიერი მტრების, დაცემული სულების ძალადობა ჩვენზეო.
10. "მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს, ვითარცა სკორე ქუეყანისა" - მოსრენ იგინი და სკორედ იქცნენ ქვეყანისთვის, ანუ დაუმარხავი დარჩნენ. ასევე მოექეცი მათ, არარაობად აქციეო.
11. "დასხენ მთავარნი მათნი, ვითარცა ორებ და ზიბ და ზებედე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი" - ისე მოექეცი მათ, როგორც ცნობილ წარმართ მთავრებს ბიბლიიდან - ორევს და ყველა იმ მთავრებს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იყვნენ აღძრულნი.
12. "რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმინდე ღმრთისაი" - რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შენი სიწმინდით, - იერუსალიმში, შენ სიწმინდეში ცდილობდნენ დამკვიდრებას, არა იმას, რომ შენ სიწმინდეში წმინდათ ეცხოვრათ, არამედ შენი სიწმინდე რომ შეურაცხეყოთ.
13. "ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა" - ისე მოექეცი მათ, როგორც ურმის თვალს. ურმისთვალის ერთი წერტილი თუ ამაღლებულია, მეორე წერტილი მიწაზეა დამდაბლებული, - თუ დღეს ისინი, ისრაელიანთა მტრები ასე ამაღლებულნი არიან, დაამდაბლე ისინიც და როგორც ქარში მიმოტაცებულ ლეწამს, ისე მოექეცი მათო.
14. "ვითარცა ცეცხლმან რა მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი" - "მაღნარს", მთას რა ალი წვავს? - ზეციდან გარდამოსული, ელვისგან გამოწვეული ცეცხლი, - ანუ ზეციდან გარდამოვლენილი ცეცხლით დასაჯე ისინიო.
15. "ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნენ იგინი" - შენი ძლიერებით, შენი რისხვით შეაძრწუნე იგინიო.
16. "აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო" - მათი პირი გმობითაა აღვსილი, მაგრამ იმ სასჯელებით, რასაც შენ მოუვლენ მათ, მოიძიონ შენი სახელი, გაიგონ, რომ შენ უფალი ხარო. დავით წინასწარმეტყველი ამით უფალს ევედრება არა მათ განადგურებას, არამედ მათი ცოდვილი საქმეების განადგურებას, მათ ცხოვნებას და მოქცევას.
17. "ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ" - მაგრამ თუ არ მოიქცევიან, მაშინ საუკუნოდ შერცხვენილნი და წარწყმედულნი იქნებიანო. რა თქმა უნდა, ასეთი სასწაულების შემდეგაც კი, ვინც უფალს არ შეუდგება, ის საუკუნო წარსაწყმედელს დაიმკვიდრებს.
18. "და ჰცნედ რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლო მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა" - თუ ამ ქვეყანაში არ მოიქვევიან და შენს სახელს არ მოიძიებენ, იმ ქვეყანაში საუკუნო წარსაწყმედელს დაიმკვიდრებენ. მაშინ გცნობენ და მაშინ მიხვდებიან შენს ძლიერებას, იმას, რომ შენ ხარ ამქვეყნად ერთადერთი ღმერთი და შენ იყავი ვინც ადამიანებს ცხონებას აძლევსო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი