სამოცდამეცამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
ფსალმუნის სათაურია "გულისხმისყოფისათვის ასაფისა", ე.ი. ეს ფსალმუნი არის მისახვედრი, არა პირდაპირ გასაგები, რაც ფსალმუნში წერია, არამედ წინასწარმეტყველება. ნაწინასწარმეტყველებია იერუსალიმის დაქცევა, რომ ისრაელის ერი დაისაჯა იმის გამო, რომ მათ ჯვარს აცვეს უფალი და არ მიიღეს ღვთის სწავლება.
1. "რად განგვიშორებ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულის წყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა", - დავით წინასწარმეტყველი სვამს კითხვას: რატომ განგვიშორე ჩვენ, უფალო, - რატომ მოგვიცილე, რატომ მოგვაკელი შენი წყალობა? რატომ განრისხდი შენს სამწყსოზე, შენს გამორჩეულ ერზე შენი გულისწყრომა რატომ გამოჩნდა? დავით წინასწარმეტყველმა მშვენივრად უწყის ეს რატომ მოხდა, მაგრამ სწორედ ამ ფსალმუნით განუცხადებს, ეუბნება წინდაწინ ისრაელის ერს და სათაურსაც ურთავს "გულისხმისყოფისათვის", რომ გულისხმა-ჰყონ და ყველანი არ შთავარდნენ იმ განსაცდელში, რაც მოიწიეს უფლის ჯვარცმის გამო.
2. "მოიხსენე კრული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან, იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისათა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა" - ფსალმუნის ამ მუხლში კი დავითი მიმართავს უფალს, - შენი კრებული, შენი ერი მოიხსენე, რომელიც თავიდანვე გამოირჩიე და შენი დიდებულებით იცავდი მათ და ის ადგილი "იხსენ", სადაც დამკვიდრებული იყავი, ანუ სიონში, იერუსალიმში მოიხსენე ეს ყოველივე უფალოო.
3. "აიხუენ ხელი შენნი ამპარტავნებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმინდესა შენსა?" - რატომ მოხდა ეს ყველაფერი? - მათი ამპარტავნების გამო. ისრაელიანები იმდენად გაამპარტავნდნენ, რომ თავად უფალზეც აღმართეს ხელი. ამის გამო მტერი ეუკეთურა შენ სიწმინდეებს, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ღმერთს განადიდებდნენ. მტერში აქ იგულისხმება რომაელები, რომლებმაც იერუსალიმი დააქციეს.
4. "და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულთა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად და არა ცნეს" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან და ისტორიაც გვაუწყებს, იერუსალიმზე ალყის დაწყება მოხდა პასექის დღესასწაულის პერიოდში, როდესაც მთელი ისრაელის ერი იერუსალიმში იყო შეკრებილი პასექის დღესასწაულზე დასასწრებად. სწორედ ამ დროს დაამთხვიეს რომაელებმა იერუსალიმის ალყაში მოქცევა, რათა ეს მოჯანყე ერი ერთად ყოფილიყო შეკრებილი და ერთიანად გაენადგურებინათ. სწორდ ამის შესახებ არის წინასწარმეტყველება ფსალმუნის ამ მუხლში.
5-6. "ვუთარცა გამოსავალსა ზესკნელსა, ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულით დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი" - როგორც ხეებს ჭრიან ცულით და წერაქვით, ასევე დაანგრიეს რომაელებმა მთლიანად მთელი იერუსალიმი - იერუსალიმის აღების შემდეგ მიწასთან გასწორდა ყველაფერი, დაინგრა სოლომონის ტაძარი, დიდებული სასახლეები, მთელი ქალაქი... სწორედ ამას წინასწარმეტყველებს ამ ორ მუხლში დავით წინასწარმეტყველი.
7. "დაწუეს ცეცხლითა სიწმინდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი" - ცეცხლში დაწვეს შენი სიწმინდე, - იერუსალიმში ყველაფერი დაიწვა და შენი სიწმინდის კარავსაც კი შეაგინესო. რა თქმა უნდა, ამ დროს უკვე სიწმინდე იერუსალიმში არა კარავში, არამედ სოლომონის ტაძარში იყო, მაგრამ "კარვის სიწმინდეებში" იგულისხმება ის უძველესი სიწმინდენი, რომლებიც ისრაელს ჰქონდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ღვთისმსახურებას კარავში, მოძრავ ტაძარში აღასრულებდნენ.
8. "თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად; მოვედით და დავდუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით" - მტერმა, რომაელებმა თქვეს - ღვთის ყველა დღესასწაული დავადუმოთ, გავანადგუროთო. რა თქმა უნდა, იმ დროს რომაელები ღვთის ხელში იყვნენ იმ წინასწარმეტყველებათა და იმ სასჯელთა აღმასრულებელნი, რაც უფალმა ისრაელის ერს მათივე უსჯულოების გამო მოუვლინა.
9. "რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა" - იმ დროს, როდესაც ეს მოვლენები აღესრულა, ისრაელში სასწაული აღარ ხდებოდა, წინასწარმეტყველები აღარ ჰყავდათ ებრაელებს. თუ სხვა განსაცდელების დროს ისრაელის ერს ყოველთვის გამოუჩნდებოდა წინასწარმეტყველი, სასწაულები, განსაცდელის ჟამს გასაძლიერებლად, ამ დროს არავითარი ამდაგვარი არ მომხდარა. სწორედ ეს იყო უკვე ნიშანი იმისა, რომ მათ დაკარგეს უფლის წყალობა და განეშორნენ უფალს.
10. "ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად?" - როდემდე გაყვედრებდნენ შენი მტრები და როდემდე იქნებიან აღძრულნი შენს წინააღმდეგ, - როდემდე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობაო, მიმართავს უფალს დავით წინასწარმეტყველი.
11. "რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენასა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?" - სრულიად რატომ განიშორე შენი ხელი ჩვენგან? რატომ აღარ იცავ შენს ერს? - იმის გამო ხომ არა, რომ თვითონ ისრაელის ერმა მიგატოვა, უფალო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "სრულიად განშორება" ნიშნავს, რომ მთლიანად განეშორა ისრაელის ერი იერუსალიმს. მართლაც, რომაელების მიერ იერუსალიმის ერთიანად განადგურების შემდეგ, ებრაელები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ განშორებულნი იერუსალიმიდან. დღესაც, ისრაელის სახელმწიფოსაც კი არ აქვს ისეთი უფლებები იერუსალიმის ამ ნაწილზე, - ძველ იერუსალიმზე, რაც იყო ისრაელის დედაქალაქი. დღესაც კი განშორებულნი არიან ამ წმინდა ადგილებისგან.
12. "ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრებაი შორის ქუეყანისა" - ჩვენმა ღმერთმა ქვეყანას შორის თავისი ცხოვნება შექმნაო, - ბრძანებს დავითი. ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ მაცხოვრის განკაცება. როგორც ვიცით, მაცხოვარი მოიხსენება, როგორც ცხოვრებაი, სიბრძნე და უამრავი სხვადასხვა სახელით. დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს, - ქვეყანაზე თავისი მაცხოვარება შექმნა უფალმა, - უფალი განკაცდაო. ეს იყო უდიდესი სასწაული. მაგრამ რადგან თვლიდა ისრაელის ერი, რომ უკვე მათ სასწაულები არ ჰქონდა, ამიტომ ეს უდიდესი სასწაული ვერ შეიცნეს და დაინახეს.
13. "შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა; შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა" - აქ უკვე ჩამოთვლილია ის სასწაულები, რომლებიც ისრაელის ერის ეგვიპტიდან გამოსვლის დროს და შემდგომ პერიოდში ქმნა, აღასრულა უფალმა ისრაელიანებისთვის: "განამტკიცა ზღვაი", - ვიცით, რომ წითელი ზღვა გაყო უფალმა მოსეს კვერთხის მეშვეობით და ზღვაში, როგორც ხმელეთზე, ისე გამოიარა ისრაელის ერმა. "შემუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა, შემუსრე თავი ვეშაპისა მის" - არა მარტო ვეშაპები, არამედ მთავარი ვეშაპთაი, - ეგვიპტელები და ეგვიპტის ფარაონიც შემუსრეო. აქ იგულისხმება ეგვიპტელთა არმიისა და ფარაონის შემუსვრა, განადგურება უფლის მიერ წითელ, მეწამულ ზღვაში, რომლებიც ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელიანებს დაედევნენ. "და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა" - ამ დაცემის შემდეგ, როდესაც განადგურდა ეგვიპტის არმია, ეთიოპელებმა დაიპყრეს ეგვიპტის სამხრეთ მხარეები. სწორეც ამ სასწაულებს მოიხსენიებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლებში.
15. "შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი იტამისანი" - ვიცით, რომ უდაბნოში ყოფნის პერიოდში, იქ, სადაც წყალი არ იყო, ისრაელიანებისთვის კლდიდან გამოედინებოდა წყალი, ხოლო იქ, სადაც წყლები უხვად იყო, შემდეგ მათი ცოდვების და საერთოდ ადამიანების ცოდვების გამო დაშრტა. როგორც მამები ამბობენ, აქ შეიძლება ვიგულიხმოთ სოდომისა და გომორის მხარეები, რომლებიც უამრავი წყაროთი ირწყვებოდა და მათი, სოდომ-გომორის მკვიდრთა ცოდვების გამო დაიშრიტა. შეიძლება ვიგულისხმოთ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიებიც, რომლებიც ძალიან ნაყოფიერი იყო იმ დროს, როდესაც იუდეველები აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ, მაგრამ მათი ცოდვების გამო განხმა და უნაყოფო გახდა. ასევე უამრავი ასეთი ფაქტი შეიძლება ვიგულისხმოთ ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვებში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი