პატრიარქი რომ არ დაემწუხრებინა, მომლოცველთა დასახმარებლად დათანხმდა უფლის საფლავის ეგზარქოსობას, აგრეთვე გახდა თავისი ოლქის ეგზარქოსი, რათა გული არ ეტკინა კესარიელი ეპისკოპოსისთვის, რომელიც ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა.
უფლის მიერ კურთხეული ადამიანი, ჰაჯიეფენდი, გარდა ყველა სახის ნიჭისა, წინასწარმცნობელობითაც იყო დაჯილდოებული. გადასახლებამდე მრავალი წლით ადრე ეცნობა მას უფლის მიერ, რომ ფარასიოტები საბერძნეთში გაემგზავრებოდნენ და ხშირად უმეორებდა მათ, ფული არ გაეფლანგათ, შეეგროვებინათ გადასახადებისათვის. მოსახლეობის გაცვლამდე ერთი წლით ადრე მასთან მივიდა ქალი და უთხრა, - ჰაჯიეფენდი, გავიგე, რომ წელს გადასახლებას გვიპირებენო. მამა არსენმა უპასუხა: - არ იდარდო, განაგრძე საქმიანობა, გამგზავრებამდე ჯერ ერთი წელიაო.
ერთი წლის მერე მოვიდა სასტიკი ცნობა - ყველა ბერძენი სასწრაფოდ უნდა მოემზადოს გასამგზავრებლადო. გადასახლება მეტად სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ მოწყალე მამა არსენი ცდილობდა, ენუგეშებინა ხალხი და ეუბნებოდა, - თქვენ ბრუნდებით სამშობლოში, საბერძნეთშიო. ყველა ფარასიოტმა მაშინვე დაიწყო მომზადება, ისევე როგორც თავად მამა არსენმაც.
უპირველეს ყოვლისა, მამა არსენმა მონათლა ყველა მოსანათლი ბავშვი, მათ შორის დასახლების მამასახლისის ვაჟიშვილი. და აი, აქ რა მოხდა: მშობლებს სურდათ, მისთვის პაპის სახელი ხრისტოსი დაერქმიათ. მამა არსენი არ დათანხმდა, რამეთუ მისთვის თავისი სახელის დარქმევა სურდა: "სწორია, რომ გინდათ დატოვოთ ვინმე, ვინც წავა პაპის გზით, მაგრამ მეც ხომ მინდა, დავტოვო მონაზონი, რომელიც ჩემი გზით ივლის?" და მიუბრუნდა ნათლიას (ნათლია ქალი იყო): "შენ თქვი: არსენი". მართლაც, ამ ბიჭს პატარაობიდანვე სურდა გამხდარიყო მონაზონი და გახდა კიდეც: ან მამა არსენის ლოცვამ იმოქმედა, ან მან წინასწარ განჭვრიტა ეს. ერთიც და მეორეც მამა არსენის წმინდანობაზე მეტყველებს.
ბავშვების მონათვლის შემდეგ მამა არსენი მთელი კვირა ფლავდა მიწაში წმინდა ჭურჭელს, რომ თურქებს არ წაებილწათ, ნაწილს - ბარაქისეს და იონას სამლოცველოში, ხოლო ნაწილს - სასაფლაოზე. მათი თან წაღების საშუალება არ იყო, რადგან ცხოველებზე ჩვილი ბავშვები (ორ-ორი თითო აკვანში) და ღრმად მოხუცებულები შესვეს, მათი სატარებელი იყო პროდუქტები და შორი გზისთვის აუცილებელი ყველა საგანი.
კეთილი მამა არსენი თავისი შვილების სამგზავროდ მოსამზადებლად ზრუნავდა, ხოლო შვილები, სიყვარულის გამო, ცდილობდნენ, როგორმე შეემსუბუქებინათ მისთვის ხვედრი. რომ არ გადაღლილიყო, შეურჩიეს თვინიერი სახედარი, მაგრამ ვერაფრით დაითანხმეს, ამხედრებულს ემგზავრა. მაშინ დასახლების საბჭომ გადაწყვიტა, გამოეყო სამი კეთილმსახური ჭაბუკი მის გასაცილებლად. თუმცა მამა არსენი არ საჭიროებდა ადამიანთა მფარველობას, რამეთუ სულით ძლიერი დაჯილდოებული იყო საღვთო ძალებით, რაც გზაში გაცხადდა.
***
გადასახლება 1924 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. თან თურქები დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ და გამოასახლეს ხალხი... უფალთან ერთობაში მყოფი მამა არსენი განუწყვეტლივ აფრქვევდა საღვთო მადლს და ამიტომ მის გარშემო მყოფნი გრძნობდნენ ღმერთის მფარველობას. ჰაჯიეფენდი ანუგეშებდა მათ შემდგომაც, რადგან მას უნდა მოემზადებინა ხალხი, სიმდაბლით მიეღოთ მოსალოდნელი განშორება ერთმანეთთან და მამა არსენის გადასვლა სხვა სამყაროში. ის ახსენებდა მათ იმას, რაზეც ლაპარაკობდა მშობლიურ დასახლებაში: "როდესაც ჩავალთ საბერძნეთში, დასახლების მაცხოვრებლები მიმოიფანტებიან ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, ეს იქნება ნამდვილი არეულობა". ხშირად იმეორებდა: "საბერძნეთში ჩასული ვიცოცხლებ მხოლოდ ორმოცი დღე და გარდავიცვლები კუნძულზე".მრავალი განსაცდელის შემდეგ გემი მიადგა საბერძნეთში პირეის წმინდა გიორგის სახელობის ნავმისადგომს. როგორც კი მიწაზე დადგეს ფეხი, სიხარულით იდღესასწაულეს დიდებული დღე - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, 1924 წლის 14 სექტემბერი (ძველი სტილით, რომელსაც ისინი მისდევდნენ სამშობლოში). სამი კვირა გაატარეს წმინდა გიორგის ნავსადგურში ეკლიანი მავთულის მიღმა, შემდეგ კი წავიდნენ კუნძულ კორფუზე და დროებით გაჩერდნენ კორფუს ციხესიმაგრეში.
წმინდა არსენ კაბადოკიელის სახელობის ტაძარი სოფელ შროშაში
იქ მოწყალე მამა არსენი დასნეულდა. შეშფოთებულმაFფარასიოტებმა ქალაქის საავადმყოფოში დააწვინეს. მამა არსენს არ უნდოდა მათთან განშორება და თვალცრემლიანი იხვეწებოდა, - ნება მომეცით, თქვენს გვერდით მოვკვდეო. მაგრამ სიყვარულის გამო არ უსმენდნენ და იმედოვნებდნენ, საავადმყოფოში გამომჯობინდებოდა და კვლავ მათთან ერთად იქნებოდა, თუმცა მამა არსენი იმეორებდა, - საბერძნეთში მე მხოლოდ ორმოცი დღე ვიცოცხლებ და გარდავიცვლები კუნძულზეო.
წმინდა არსენმა კორფუს ციხესიმაგრეში მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა და ორჯერ აღასრულა ლიტურგია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. შემდეგ კიდევ ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში, მას ხშირად ნახულობდნენ შეშფოთებული ფარასიოტები. ერთხელ სანახავად მისულმა პროდრომოსმა ჰაჯიეფენდის ტანისამოსი სთხოვა გასარეცხად. მამა არსენმა უპასუხა: "ნუთუ რახან მოვხუცდი, მონაზონი აღარ ვარ?" - ის ნამდვილი მონაზონი იყო. იმ დღეს პროდრომოსმა სამოსზე ტილი დაუნახა და სხვებისგან შეუმჩნევლად აიყვანა მოსაკლავად. ჰაჯიეფენდიმ იყვირა, - არა! არ მოკლა საცოდავი არსებაო. გამოართვა ტილი, დაისვა ტანისამოსზე და თქვა: - გაანებეთ თავი, მანაც შეჭამოს ცოტაოდენი ხორცი, რადგან შესაძლებლობა აქვს, იყოს ჩემს გვერდით. ნუთუ მხოლოდ მატლებმა უნდა შესანსლონ მთელი ჩემი სხეულიო. თვალი შეავლო მნახველებს და თქვა: "სულზე, სულზე იზრუნეთ მეტად და ნაკლებად ხორცზე, რომელიც მიწაში წავა და მატლთა ნადავლი გახდება". ეს იყო მისი უკანასკნელი სწავლება ცხოვრების ღრმა მნიშვნელობაზე.
როდესაც ყველა წავიდა და მხოლოდ პროდრომოსი დარჩა, მამა არსენმა უთხრა: "მომიახლოვდი, პროდრომოს, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, რამეთუ ზეგ სხვა სამყაროში მივდივარ. გუშინ, შუადღისას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ამის შესახებ. მან მიჩვენა წმინდა ათონის მთა. დავინახე მონასტრები, სადაც ყოველთვის მივისწრაფოდი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ღირსი იქ მოხვედრისა. არც კი ვიცი, რა მოგიყვე პროდრომოს! რამდენი მონასტერი დგას წმინდა მთაზე! რა დიდებული ტაძრები! რა საუცხოოა... არ დამწუხრდე, როდესაც შვიდი დღის შემდეგ შენი ცოლი, კირიაკია, განისვენებს. ცამეტი დღის შემდეგ გარდაიცვლება სტეფანე კარამურატიდისის ცოლი, ალმალუ". მართლაც ასე მოხდა.
***
გავიდა ორი დღე და დადგა "ზეგ". უფლის ერთგული მონა, მამა არსენი, ნაზიარები გაემგზავრა ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ქრისტეს გვერდით. იმ წუთებში მასთან არავინ იყო ფარასიოტთაგან - მას არ უნდოდა, ვინმე დარჩენილიყო მის გვერდით, რათა არ მომწყდარიყო განუწყვეტელი ლოცვისგან. ასეთი იყო მამა არსენი!
ერთი, პატარა, მხოლოდ ღმერთის მფარველობის მქონე, ერთი, დიდი, ერთგული მხოლოდ ღვთისა და მისი ხატებისა!
ღვთისმოსავი მედავითნე კვლავ მივიდა მამა არსენის სანახავად და კურთხევა უკვე მისი წმინდა ნაწილებისგან აიღო. მამა არსენს მარჯვენა ხელით მკერდთან მიკრული ჰქონდა ფასდაუდებელი განძი - იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები.
უპოვარმა მამა არსენმა არ დატოვა არანაირი მატერიალური ფასეულობა, მხოლოდ რამდენიმე ძველი წიგნი. ფარასიოტები მეტად დაამწუხრა მამა არსენის განსვენებამ, თუმცა კი მან ისინი ამისთვის მოამზადა. მოაწყვეს საზეიმო დაკრძალვა, რომელშიც მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელიც მონაწილეობდა.
მამა არსენი დაკრძალეს კორფუს სასაფლაოზე. იმ ადგილას, სადაც მღვდლებს კრძალავდნენ. მისმა სულიერმა შვილებმა დადგეს საფლავზე მარმარილოს ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია მისი სახელი.
მამა არსენი გარდაიცვალა 1924 წლის 10 ნოემბერს (ახ.სტ.) 83 წლისა.
შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ წმინდა არსენის სასწაულებს.