მამა არსენ კაბადოკიელი
ღირსი მამა არსენი დაიბადა დაახლოებით 1840 წელს ფარასში (იგივე ვარასიოში)
- კაბადოკიის ფარასის ოლქის ექვს ქრისტიანულ დასახლებათა შორის უმთავრესში.მისი მშობლები მეტად სათნო, საშუალო შეძლებისანი იყვნენ. მამა, ელეფთერ ანიცალიხოსი (მეტსახელი - არციდისი), მასწავლებელი იყო. მას ჰაჯიელეფთერს ეძახდნენ, რადგან წმინდა მიწა ჰქონდა მოლოცვილი. დედა, ბარბარე, ფრანგუს (ფრანგოპულუს) გვარიდან იყო, მისი ოჯახის მეტსახელი კი ცაპარისი გახლდათ.
მათ ორი ვაჟიშვილი ჰყავდათ: ვლასი და თეოდორე (მამა არსენი). ბავშვები ადრე დაობლდნენ, ჯერ მამა გარდაეცვალათ და ცოტა ხანში - დედაც.Oობლებზე ზრუნვა ფარასელმა დეიდამ ითავა.
ერთხელ ვლასმა უმცროსი ძმა მამისეულ მინდორზე წაიყვანა. მინდორი მდინარე ევკასისის ნაპირას იყო გაშლილი. ნაკადული უფრო ეთქმოდა, თან მეტად ჩქარი იყო. მდინარის გადაკვეთისას თეოდორე დინებამ წაიღო. ვლასმა ტირილით მოუხმო წმინდა გიორგის, რომლის სამლოცველოც შორიახლოს იდგა. ბიჭს სინდისი აწუხებდა, რადგან ძმა მის გამო აღმოჩნდა განსაცდელში. მოულოდნელად გვერდით თეოდორე დაინახა. მონაზვნის მსგავსმა მხედარმა ამომიყვანა წყლიდან, ცხენზე შემომისვა და ნაპირზე გამომიყვანაო.Aამ ამბის შემდეგ თეოდორე ხშირად იმეორებდა, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დამდგარიყო სწორ გზაზე.
ამან ვლასზეც იმოქმედა, მანაც ღმერთს მიუძღვნა თავი და თავისი გზით ადიდებდა მას. იგი ბიზანტიური მუსიკის მასწავლებელი გახდა. მოგვიანებით კონსტანტინოპოლში აღესრულა.
თეოდორე წამოიზარდა და დეიდამ ფარასიდან ნიგდიში გაგზავნა სასწავლებლად. იქაურმა მამიდამ ყმაწვილზე ზრუნვა იტვირთა. არდადეგებზე თეოდორე ფარასაში ჩადიოდა ხოლმე. იგი მამის სახლში კრებდა ბავშვებს და ასწავლიდა მათ იმას, რასაც თავად სწავლობდა. საკმაოდ მკაცრად ექცეოდა ბავშვებს, რათა არ ეცელქათ. ცუდად იყვნენ აღზრდილნი, რამდენჯერმე თუ ენახათ მასწავლებელი.
ერთხელ, სოფელში ჩასულს კინაღამ სამუდამოდ მოუწია დარჩენა, რადგან დეიდამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა. ერთხელ უთხრა: "ამბაროგლისის ქალიშვილს, ვასილიკას, შევთავაზე, ცოლად გამოგყოლოდა. იუარა, - თეოდორე ყველაფრით კარგია, მაგრამ მონაზონია და როგორ გავყვებიო. შეწუხებულმა თეოდორემ უსაყვედურა დეიდას: - ხომ ხედავ, უცხო ადამიანიც კი მიხვდა, რომ მონაზვნობა მსურს, და შენ ჯერაც ვერ მიმხვდარხარო. თეოდორე მეორე დღესვე გაემგზავრა სმირნაში, სადაც ბერძნული ენისა და საეკლესიო საგნების გარდა, შეისწავლა სომხური, თურქული და ცოტაოდენი ფრანგული ენები. სწავლის დასრულებისთანავე იგი ფარასაში ჩავიდა, დაემშვიდობა დეიდას, შემდეგ მამიდას ნიგდიში და გაემართა კესარიისკენ.
***
თეოდორე დაახლოებით 26 წლის იყო, როდესაც წმინდა იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში, ფლაბიანაში (ზინსიდერში) მონაზვნად აღკვეცეს და სახელად არსენი დაარქვეს.სამწუხაროდ, თეოდორე დიდხანს არ დამტკბარა სიმშვიდით. იმ დროში მეტად ჭირდა მასწავლებლები და მიტროპოლიტმა პაისი მეორემ ხელი დაასხა დიაკვნად და ფარასაში გაგზავნა მიუსაფარი ბავშვებისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად. ამგვარად, დიაკონი არსენი დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და საღვთო შურით აღვსებულმა მოღვაწეობა დაიწყო უმეცრების სიბნელის გასაფანტად. სიბნელის გამომწვევნი, რა თქმა უნდა, თურქები იყვნენ; ისინი ყოველთვის გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ფარასის ქრისტიანულ დასახლებებს, ბერძნული მემკვიდრეობის პატარა ნაწილს. მან სკოლა ოთახში გამართა, მერხების ნაცვლად თხისა და ცხვრის ტყავები დააგო, რათა გაკვეთილის დროს ბავშვები მუხლებზე მდგარიყვნენ. ამგვარი წინდახედულობით ის თურქებთან უსიამოვნებას არიდებდა თავს. როდესაც თურქები ფეხმორთხმულ ბავშვებს ხედავდნენ, ეგონათ, ლოცულობდნენ.
დროის დიდ ნაწილს მამა არსენი ღვთისმშობლის სამლოცველოში ატარებდა ბავშვებთან ერთად, გამოქვაბულში, მაღალ კლდეზე. იქაც საიდუმლო სკოლა ჰქონდა. ასე იქცეოდა მოგვიანებითაც, მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანებს მეტი თავისუფლება მიანიჭა თურქეთმა მართლმადიდებლური რუსეთის ზეწოლის შედეგად. ფარასაში, კაბადოკიის სიღრმეში, ყოველთვის შიში ბატონობდა, რადგან მსოფლიოსაგან მოწყვეტილი იყო.
ოცდაათ წლამდე მასწავლებლობდა დიაკვანი არსენი, შემდეგ კესარიაში მღვდლად აკურთხეს, არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს და მოძღვრობის კურთხევა მისცეს. ხელდასხმის შემდეგ მამა არსენი კესარიიდან წმინდა მიწის მოსალოცად გაემართა, მერე ფარასაში დაბრუნდა. თანასოფლელებმა ჰაჯიეფენდი შეარქვეს.
დაშინებულ ქრისტიანებს რწმენას განუმტკიცებდა მამა არსენის გამამხნევებელი სიტყვები, სასწაულები და სნეულთა სულიერი და ხორციელი კურნებები, რომელთაც ის ღვთის მიერ ბოძებული მადლით აღასრულებდა. თუ სასწაულებს თურქები ადევნებდნენ თვალს, ან ქრისტიანდებოდნენ, ან უფრო რბილად ეპყრობოდნენ ქრისტიანებს. სადაც არ უნდა მისულიყო მამა არსენი და როდესაც არ უნდა მიეყვანათ მასთან სნეული ლოცვების წასაკითხად, არ იძიებდა, ქრისტიანი იყო იგი თუ თურქი, მხოლოდ იმას გამოიკითხავდა, რა სჭირდა, რათა შესაბამისი ლოცვა შეერჩია. ღვთის მადლით, სნეულთა კურნებისას, მამა არსენი აიძულებდა თურქებს, რომ გაეცნობიერებინათ მართლმადიდებელი სარწმუნოების უდიდესი ძალა და პატივი ეცათ მისთვის.
***
ერთხელ თავის მედავითნე პროდრომოსთან ერთად სინასოსში მივიდა. თურქებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მამა არსენს ქრისტიანებთან ურთიერთობის დამყარებაში. მამა არსენი გაჩუმდა და მხოლოდ ეს უთხრა პროდრომოსს: "წავიდეთ აქედან და ნახავ, რომ თურქები თავად დაგვედევნებიან მოსაბრუნებლად". ნახევარი საათის შემდეგ ჰაჯიეფენდი მუხლებზე დადგა და ცისაკენ აღმართა ხელები, - ლოცულობდა. მზიანი დღე იყო, მოულოდნელად მოიღრუბლა და დაიწყო ნამდვილი თავდასხმა, რომელსაც ქაირიშხალი ერთვოდა. სინასოსი ირყეოდა. თურქები მიხვდნენ დანაშაულს და ორი მხედარი გაგზავნეს მამა არსენთან. ჰაჯიეფენდის მიუახლოვდნენ, მის ფერხთით დაემხნენ და პატიება სთხოვეს. მამა არსენმა აპატია მათ, სოფელში დაბრუნდა და ჯვარი გადასახა დასახლებას ქვეყნიერების ოთხივე მხარეს. მოულოდნელად ყოველივე დამშვიდდა, გამოიამინდა.ვინაიდან სნეულება მრავალგვარი იყო, ამ შემთხვევაში იგი ფსალმუნებს კითხულობდა. სახარებას მეტად მძიმე შემთხვევების დროს უკითხავდა. მაგალითად, სიბრმავის, სიყრუის, დამბლისა და ეშმაკეულობის შემთხვევაში. თუ მამა არსენი ისეთ ავადმყოფს ხვდებოდა, რომელსაც სხეულთან ერთად სულიც ჰქონდა დასნეულებული, მაშინვე არ კურნავდა, რამდენიმეჯერ მოსვლას სთხოვდა, რადგან თვდაპირველად კურნავდა სულიერად, შემდეგ, ბოლო ლოცვის წაკითხვის დროს, ხორციელადაც. მამა არსენი ფულს არასდროს იღებდა, არც კი ეხებოდა მას. ამბობდა ხოლმე: "ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება". ერთხელ ჰაჯიეფენდის ლოცვის წასაკითხად ახალგათხოვილი თურქი ქალი მოუყვანეს - ეშმაკს შეეპყრო და ჯაჭვით ჰყავდათ შეკრული. იმ დღეს მამა არსენი დაყუდებაში იმყოფებოდა, მაგრამ საცოდავი ქალის ნათესავები ევედრებოდნენ ეკლესიის მსახურთ, როგორმე მიეღო ისინი. მამა არსენი დაყაბულდა და ბრძანა, ქალისთვის ჯაჭვები მოეხსნათ. როგორც კი ის გაათავისუფლეს, მივარდა მამა არსენს და ფეხზე უკბინა. მას ხელში სახარება ეჭირა, სნეულისთვის უნდა წაეკითხა, მაგრამ არ გადაუშლია და მხოლოდ მსუბუქად დაჰკრა ქალს თავზე სამჯერ. ეშმაკმა მაშინვე დატოვა სნეული, ქალი ატირდა და მოწიწებით ემთხვია მამა არსენის ნაკბენ ფეხს. ქალის მამაც მის ფეხებთან დაემხო და ფულით სავსე ქისას სთავაზობდა - შენ ხომ ქალიშვილი გადამირჩინეო. მამა არსენმა წამოაყენა და უთხრა: "შენი ფული შენთვის დაიტოვე, ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება". ის საჩუქრებსაც კი არ იღებდა.
***
ერთმა თურქმა მამა არსენს საჩუქრებით დატვირთული ორი ვირი მოუყვანა, რადგან მისმა უნაყოფო ცოლმა შვა ორი შვილი ჰაჯიეფენდის მიერ გაგზავნილი ავგაროზის წყალობით. მამა არსენმა მკაცრად გაკიცხა თურქი: "განა თქვენს სოფელში არ არიან გაჭირვებულები? რატომ მომიტანე, იმისათვის, რომ მადლობა გითხრა? საჩუქრებს არ ვაგროვებ".გაჭირვებულ ოჯახებს მამა არსენი ხშირად გადასცემდა ხოლმე სეფისკვერებს შეუმჩნევლად, საღამოობით, თავისი მედავითნის, პროდრომოსის მეშვეობით. უსაქმურებს არასდროს არაფერს აძლევდა. ერთხელ თავაშვებულმა ლოთმა სეფისკვერი მოსთხოვა. წმინდა მამამ მისცა ქერის კვერი და უთხრა: "აი, მე რას ვჭამ". უსაქმური არ იღებდა კვერს და სეფისკვერს მოითხოვდა. მაშინ მამა არსენმა მკაცრად უთხრა: "გრცხვენოდეს, 45 წლის ძალ-ღონით სავსე კაცი ხარ და მთელი დღე არაფერს აკეთებ, ბოროტ გულისსიტყვებს ემონები, ლოთობ და მათხოვრობ". შემდეგ მედავითნეს უბრძანა: "წადი ტაძარში, აიღე სამი ან ოთხი სეფისკვერი, ჩადი მდინარესთან და თუ ეს უქნარა ჩამოვა შენთან, მიეცი". ხოლო უსაქმურს უთხრა: "ჩადი მდინარესთან და მიიღე სეფისკვერი. თევზი დაიჭირე, ის იქ ბევრია". სამწუხროდ, უსაქმურმა არ ისურვა ამით თავის დაღლა, მეტიც, სოფელ-სოფელ დადიოდა და ყვიროდა: "ჰაჯიეფენდი წუწურაქია. თავად არ ჭამს სეფისკვერს და ინახავს იქამდე, სანამ მატლი არ გაუჩნდება. შემდეგ მედავითნეს მდინარეში აყრევინებს ტომრებითო".
მამა არსენს უხაროდა, როდესაც ადამიანები დაუმსახურებლად ადანაშაულებდნენ. ხშირად განგებ იქცეოდა უცნაურად, რათა გაჰქცეოდა ადამიანთა ქებას. მიუხედდავად ამისა, მთელი პროვინციის მცხოვრებნი - ქრისტიანები და თურქებიც კი მას წმინდანად მიიჩნევდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში