დასაწყისი მე-18 ნომერში
"1962 წელს პირადად შევხვდი მამა თეოდორეს ეგალეონში, სხვა თანამემამულეებს - მოსხათოში
, - გადმოგვცემს ბერი პაისი, - მაშინ შევნიშნე სათვისტომოს დიდი ნაწილის სრული გულგრილობა მამა არსენის მიმართ. ეს სათვისტომო აერთიანებდა ფარასიდან მოსხათოში გადმოსახლებულ მცხოვრებლებს. მაშინ ვერ მივხვდი. სათვისტომოს წარმომადგენელს მამა არსენის შესახებ ცნობების შეგროვებაში დახმარება ვთხოვე. მომიგო: "არ ღირს მამა არსენზე საუბარი, ჯობს წინ წამოვწიოთ პაისი II, ჩვენი თანამემამულე და ამავე დროს კესარიის მიტროპოლიტი და სათვისტომოს მდგომარეობა გამყარდება". როდესაც ეს გავიგონე, შემძრა ამ ადამიანთა უაღრესად ამსოფლიურმა აზროვნებამ. 1971 წელს გავემგზავრე კონიცაში და მივიღე ლუკასაგან მამა თეოდორეს ყველა წერილობითი მასალა, თან წავიღე ათენში და ისევ შევხვდი მამა თეოდორეს ეგალეონში. მადლობა გადავუხადე შეგროვებული ინფორმაციისთვის, ამასთანავე გამოვხატე გაკვირვება მის დუმილზე მამა არსენის სასწაულის შესახებ. პასუხს თავი აარიდა და მომცა მიტროპოლიტ პაისი II-ის ბიოგრაფია. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მოსხათოში ფარასიოტების (ფარასელების) სათვისტომოს სხვაგვარი ინტერესი ჰქონდა. ამაში მამა თეოდორე დავადანაშაულე და მასში სინდისი ალაპარაკდა. იგი შემპირდა, რომ ამჯერად შეაგროვებდა ცნობებს სასწაულების შესახებ, რომლებიც მამა არსენმა აღასრულა ჩვენს სამშობლოში და გამომიგზავნიდა. თუმცა არაფერი გამოუგზავნია. ჩანს, ის ვიღაც ეწინააღმდეგება. მაგრამ მან მომითხრო იმ სასწაულის შესახებ, რომლის მოწმეც თავად იყო. ეს სასწაული აღსრულდა ეშმაკეულ ქალზე, რომელიც მათ სახლში სტუმრობდა მანამდე და მას შემდეგაც, რაც განკურნა ჰაჯიეფენდიმ (მამა არსენმა) (ჰაჯიეფენდი - თურქეთში იმ ადამიანის პატივსაცემი ტიტულია, რომელმაც წმინდა ადგილები მოილოცა. "ჰაჯი" - მომლოცველს ნიშნავს, "ეფენდი" - ბატონს).
სათვისტომოს თავმჯდომარეს, აბრაამ ფსაროპლოსს როცა ვუსაყვედურე, მომითხრო საკუთარი თვალით ნანახ მამა არსენის სასწაულზე - საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, როდესაც მორწმუნეები უკვე წასულიყვნენ და დარჩენილიყვნენ მხოლოდ მედავითნე პროდრომოსი, სამრევლო საბჭოს წევრები და საკურთხევლის მსახურნი. მამა არსენი აღსავლის კარის წინ ბრმა ქრისტიანი ქალისთვის კითხულობდა წმინდა სახარებას. წამიერად გაიელვა ცისარტყელას მსგავსმა ფერადმა შუქმა, რომელმაც გააბრწყინა მამა არსენი და დაჩოქილი ბრმა, რომელსაც იმავე წამს თვალი აეხილვა.
მივხვდი, რომ სათვისტომოს წევრები განზრახ არ მოგვითხრობდნენ მამა არსენზე, რათა განედიდებინათ მიტროპოლიტი პაისი II, რომელიც აქტიურობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყოველივეს საკუთარი ინტელექტის წყალობით მიაღწია. ხოლო მამა არსენი ღვთაებრივი მადლით იყო დაჯილდოებული; დამწუხრებულმა დავტოვე მოსხათონი და ვადარებდი სათვისტომოს წევრებს სხვა ყოფილ ფარასელებს, რომლებსაც თესალონიკში 1947 წელს ვხვდებოდი. ისინი გადასახლდნენ იქ დრამის მიდამოებიდან იმ მოვლენათა შემდგომ, რომელიც მოხდა ბულგარეთთან (რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ბერძნებსა და ბულგარელებს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდათ. 1941-1944 წლებში საბერძნეთი ოკუპირებული იყო გერმანიისა და მისი მოკავშირეების - ბულგარეთისა და იტალიის მიერ. ბულგარელებმა დაიპყრეს აღმოსავლეთი მაკედონია, თრაკია, გაანადგურეს ბევრი რამ, რაც მცირე აზიიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა შექმნეს 20 წლის განმავლობაში, 1919-1922 წლების ბერძნულ-თურქული ომის შემდეგ) დაკავშირებით.
დრამელებმა, კერძოდ კი იოანე კირკალასმა, მელეტი კელეკიფისმა და სხვებმა, 1971 წელს გამოგზავნეს მეტად მნიშვნელოვანი ცნობები მამა არსენის ცხოვრების შესაგროვებლად, სამწუხაროდ, თითქმის ყველა მოხუცი გარდაცვლილი იყო, ხოლო ახალგაზრდები, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ადგილები, უკვე მოხუცებულიყვნენ. სწორედ მათ მიამბეს მამა არსენის ერთ-ერთ ნათესავზე - პროდრომოს არციდისზე (ანიცალიხოსზე), რომელიც დრამაში ცხოვრობდა. გავემგზავრე დრამაში, მაგრამ მისი შვილების პოვნაც კი ვერ შევძელი (ისინიღა იყვნენ ცოცხლები) - სხვაგან გადასახლებულიყვნენ.
1971 წელს ხორისტიაში, დრამის შორიხლოს, პირველად შევხვდი ორ მეტად ღვთისნიერ და ღირსეულ მოხუცს; ვასილი კაროპულოსს და მოსე კოგლანიდისს (პანგლოსის ანუ ხუტისის შვილს), რომელიც აგრეთვე მამა არსენის ნათესავი იყო და ერთ-ერთი მისი თანმხლები ბერძნებსა და თურქებს შორის მოსახლეობის გაცვლის დროს. ამ ორი მოხუცისგან შევიტყვე მამა არსენის კიდევ ორი თანამგზავრის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, სარანთის ცოპურიდოსი, გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე, სოლომონ კოსკერიდისი, ცხოვრობდა პელეოხორიში, პანგეოს დასახლებაში. 1971 წელს მასთან მიმოწერა დავიწყე. 1972 წელს ისევ მოვინახულე დასახლება დრამის მახლობლად და შევიტყვე მისგან ანესტის კარაუსოგლუსის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა პეტრუსში. მან ბევრი რამ მომითხრო. 1971 წელს პლატიში, თესალონიკის ახლოს, ორ ფარასიოტს შევხვდი, რომელთაც კარგი მეხსიერება ჰქონდათ, კონსტანტინე კულასმა და სვიმეონ კარაუსოგლუსმა - ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიშმა ადამიანებმა საკმაოდ ბევრი ცნობა მომაწოდეს.
პლატიდან გავემგზავრე კონიცაში, რადგან მამა არსენის წიგნების გაცნობას ვაპირებდი, რომლებსაც პროდრომოსის შვილი, დემეტრე ინახავდა. გავესაუბრე მამა არსენის ყოფილ მოსწავლეებსა და აგრეთვე მის მეტად ღვთისმოსავ მედავითნეს, კირიაკოს სეფერიდისს.
სამწუხაროდ, მამა არსენის ჩანაწერების წიგნაკი, რომელიც მის საკუთარ წინასწარმეტყველებებს შეიცავდა, დაკარგული აღმოჩნდა. სწორედ ის იყო ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რადგანაც მათში ლაპარაკი იყო მრავალ მოვლენაზე. ჩვენი გადასახლების წინასწარმეტყველებასთან ერთად ნახსენები იყო, უფრო ზოგადად, მომავალი ომები და კატასტროფები. მაგალითად, მახსოვს, რომ 1937 წელს მოხუცი პროდრომოსი გვიკითხავდა: "1941 წელს კრავები სააღდგომოდ შავები იქნებიან". მსმენელთ ეგონათ, რომ იმ წელიწადს ცხვრები მოიგებდნენ შავ ბატკნებს. ხოლო როდესაც თავს დაგვატყდა 1940-1941 წლების ომი და შავი აღდგომა გაგვითენდა, მისი წინასწარმეტყველება გასაგები გახდა. ვიღაცამ ჩანაწერების წიგნაკი წასაკითხად აიღო, თავისი გულუბრყვილობის გამო დაანაწევრა და ფურცლებად დაურიგა სნეულ ფარასიოტებს, როგორც სიწმინდე.
ფარასიოტები მოწიწებით ითხოვდნენ თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს ჰაჯიეფენდისგან, რათა მისი კურთხევა ჰქონოდათ.
დამამწუხრა მამაჩემის არქივის დაკარგვამაც, რადგან უეჭველად ვიპოვიდი იქ საჭირო ცნობებს. მაგრამ ყოველივე ამან ვერ შემისუსტა ძალისხმევა. შევაგროვე საკმარისი მასალა და ვხელმძღვანელობდი აზრით, რომ რაც მეტი იქნებოდა ცნობები, მით უფრო მოეფინებოდა ნათელი ყოველივეს, ამ სინათლით კი ჭეშმარიტება გაცხადდებოდა. ბევრი ძალიან დამეხმარა ინფორმაციის გაცრაში. შედეგად მხოლოდ სუფთა ხორბალი დარჩა მოწმობათა ხურჯინში, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სკივრში მამა არსენის წმინდა ნაწილებთან ერთად. გაცრამ მოაცილა ჩენჩო - ის, რაც ნათქვამი იყო მამა არსენზე იმ ხალხის მიერ, რომლებსაც არ ძალუძდათ გაეგოთ წმინდა მამისთვის, ანდა არასწორ ცნობებს ავრცელებდნენ მის პიროვნებაზე და ამით სცოდავდნენ, შესაძლოა, უბოროტო განზრახვით.
მე ცნობები მეტწილად უბრალო ღვთისმოსავი ადამიანისაგან მოვისმინე. მინდოდა შემეგროვებინა მოწმობები მამა არსენის სულიერ სიმდიდრეზე, რამეთუ ვწერ ადამიანის სულისათვის. ხოლო წვიმდა მის დაბადების დღეზე თუ თოვდა, თურქი ჟანდარმი იახ-იალიდან იყო თუ ნიგდიდან - სრულიად არ მინტერესებდა.
მამა არსენის ცხოვრება პირველად 1971 წელს დავწერე. ის ეყრდნობოდა მოწმობათა უფრო მცირე რაოდენობას. გადავეცი წასაკითხად და შესასწავლად სტავრონიკიტას მონასტერში წინამძღვარს, მამა ბასილს და მამა გრიგოლს. მათ მირჩიეს, ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო, მხოლოდ დამემატებინა მოკლე განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ გავიცანი მამა არსენი. შეასწორეს მხოლოდ ჩემი ურიცხვი ორთოგრაფიული შეცდომა. ახლა, როდესაც შევავსე თხზულება ახალი ცნობებით მამა არსენის ცხოვრებასა და სასწაულებზე, ვწერ წიგნის პირველ ნაწილს. ვინაიდან მამა არსენის მოქმედება გაუგებარი რჩებოდა ადამიანებისთვის, რომელთაც თავად არ ჰქონდათ სულიერი სიღრმე, ვხსნი მის ზოგიერთ წმინდა თავისებურებას.
გავიგე, როგორ ამბობდა ერთ-ერთი შედარებით ახალგაზრდა ფარასელი: "ჰაჯიეფენდიმ (მამა არსენმა) მრავალი სასწაული აღასრულა ვარასიოში, ანუ ფარასაში, რომლებიც მე საკუთარი თვალით ვიხილე. ყველა ამბობდა, მის ლოცვებს ქვის დამსხვრევა შეუძლიაო, ქრისტიანებიც და თურქებიც მას წმინდანად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ის მათ ლოცვებს უკითხავდა და კურნავდა სნეულთ. სულო ჩემო, ის ალბათ რაღაც სახის ჯადოქარი იყო, ვინაიდან მათ თილისმებსაც აძლევდა".
***
მამა არსენს ღვთის მიერ ნაბოძებ სხვა ნიჭებთან ერთად ქალთა უნაყოფობის განკურნების ნიჭიც ჰქონდა. თუ ყველა სხვა დაავადების დროს ის ქალებს ლოცვებს უკითხავდა და ისინი იკურნებოდნენ, უნაყოფობის შემთხვევაში უგზავნიდა მათ ავგაროზის მსგავსად დაწერილ და დაკეცილ ლოცვას. ქალები ატარებდნენ მას მოწიწებით და გონება უმშვიდდებოდათ. მამა არსენი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ გამოეწვია მითქმა-მოთქმა იმ ადამიანთა შორის, რომელთაც არ ძალუძდათ სიწმინდით ფიქრი. ამგვარ ავგაროზს იგი ატანდა რომელიმე ნათესავს ან ოჯახის ნაცნობს. ზოგიერთი უნაყოფო ქალი უგზავნიდა მას თავის თავსაფარს საკურთხებლად, რასაც შემდეგ ატარებდნენ მოწიწებით და ერთი წლის შედგომ შვილები უჩნდებოდათ. ზოგჯერ ჰაჯიეფენდის სთხოვდნენ თოკის კურთხევას, რომელსაც ატარებდნენ როგორც ქამარს უნაყოფობის განსაკურნებლად და მშობიარობის შესამსუბუქებლად. მამა არსენი უგზავნიდა მათ აგრეთვე გაცვილულ პატრუქს, რომელსაც იყენებდნენ კანდელისთვის, ან ბაწარს.
***
ფარასიდან გადმოსახლებულნი ამბობდნენ: "ჰაჯიეფენდი იყო წმინდანი, დაე, ჩვენზე იყოს მისი კურთხევა. ჩვენს დასახლებაში არ იყო ექიმი. კითხულობდა ლოცვებს სნეულთათვის და ისინი იკურნებოდნენ. ჩვენ ვიხილეთ ეს ყოველივე ბავშვობაში. მაგრამ ეს ნეტარი ადამიანი მაინც ძალიან უცნაური იყო, რადგან ნათლობისას არც კი უსმენდა ნათლიმამას, ისე არქმევდა ბავშვს იმ სახელს, რაც თავად უნდოდა - ან სამონაზვნო სახელს, ან ებრაულს და არ აძლევდა ნათლიმამას იმის უფლებას, დაერქმია ბავშვისათვის იმ დიდი წმინდანის სახელი, რომლის დღესასწაულიც აღინიშნებოდა". ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ აქ დაფარულია ზოგიერთი მნიშველოვანი მიზეზი. მამა არსენი განზრახ არქმევდა ასეთ სახელებს, რათა შეემცირებინა დღეობასთან დაკავშირებული ზეიმების რაოდენობა, რომლებიც გადაიქცეოდნენ ხოლმე ღრეობად. ამგვარად, ფარასელები სადღესასწაულო დღეებში, საღვთო ლიტურგიის შემდეგ შინ რჩებოდნენ, არ იყო საჭირო ვინმესთან წასვლა დღეობის აღსანიშნავად. მცირე დასვენების შემდეგ მოხუცები თავს იყრიდნენ მამა არსენის სახლში, მისი სენაკის გვერდით. ის უამბობდა მათ იმ დღის წმინდანის ცხოვრებაზე, სახარების იგავებს და ძველი აღთქმის ამბებს აბრაამის, ისააკის, იაკობისა და იოსების შესახებ. მის გადმოცემას ძალიან ცოცხალი ფორმა ჰქონდა, რათა უკეთ დაემახსოვრებინათ. როდესაც ის ხედავდა ხოლმე, რომ გრძელი თხრობის დროს მოხუცები ნერვიულობას იწყებდნენ, რადგან მოწევა უნდოდათ, დგებოდა და თავად მოჰქონდა თამბაქო, რათა მათ თავისუფლად ეგრძნოთ თავი. ამიტომ ისინიც ხალისით ისხდნენ და ყურადღებით ისმენდნენ. ხოლო შემდგომ მოსმენილს ოჯახის წევრებსა და მეზობლებს მოუთხრობდნენ. საღამოობით, როდესაც ხალხი იკრიბებოდა, კეთილი მამა არსენი ზრუნავდა, რათა ქრისტიანებს მიეღოთ სარგებელი დღესასწაულებისაგან და არ შეეცოდათ ლოთობით ან რაიმე მსგავსით.
მამა არსენი იყო ერთ-ერთი ჭეშმარიტი მოღვაწეთაგანი (მონათესავე ადრინდელი წმინდა კაბადოკიელი მამებისა), რომელთაც ჰქონდათ უდიდესი სათნოებანი. არსენ კაბადოკიელმა სხვადასხვა საშუალებით შეძლო თავისი სათნოებების დაფარვა. იყვნენ "ვერდამნახავი" ადამიანები, რომელთაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე მისი გარეგნული თავისებურებებისა და მოქმედებების ხასიათის გამო.
***
მამა არსენი სხვა მსგავსი გზებითაც მალავდა თავის სათნოებებს. ჩემი სულიერი ხელები შეკრულია მრავალი ცოდვით და არ ძალმიძს ჯერჯერობით მისი სათნოებების გაგება, ილოცეთ ჩემთვის. მომიტევოს გულმოწყალე მამა არსენმა ესეც და მის მიერ მოცემული სახელის შებღალვაც. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ არაფერში მიმიბაძავს მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უღირსად ვიქცეოდი, მომთმენმა მამა არსენმა, ქრისტეს ჭეშმარიტმა მიმდევარმა, დამასაჩუქრა თავისი სიყვარულით. თითქოს იგი თავის სიყვარულს მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა, რათა ერთიანად მოეცა ჩემთვის, შევეძარი და გამოვეფხიზლებინე მე, უდარდელი და უგრძნობი. ორი წმინდა თეოდორეს ხსენების დღე იყო - 21 თებერვალი 1971 წლისა, ხორციელის შაბათი. მე დავწერე ცხოვრება იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მაშინ მქონდა და ხელმეორედ ვკითხულობდი, რათა მეპოვნა მოხუცებულთაგან მოსმენილი ფარასული კილოს გადმოცემისას გაპარული შეცდომები.
ორი საათი იყო დარჩენილი მზის ჩასვლამდე. კითხვის დროს მამა არსენი მომევლინა და ისე მომექცა, როგორც მასწავლებელი, თავზე ხელის გადასმით რომ ეფერება თავის მოსწავლეს, რომელიც კარგად ასრულებს დავალებას. ამასთანავე, გამოუთქმელი სიტკბოებით და საღვთო სიხარულით აღსავსე გულით დამტოვა. არ შემეძლო ამის გაძლება, გამოვვარდი კალივიდან (სენაკი) და შეშლილივით დავიწყე სირბილი გარშემო, ყოველ წუთს ვუხმობდი, რამეთუ მეგონა, რომ ვიპოვიდი მას (საბედნიეროდ, არავინ მოსულა ამ დროის განმავლობაში, თორემ განცვიფრებულებს ვერ ავუხსნიდი ამ საღვთო სიგიჟის მიზეზს და ვერ დავაწყნარებდი), დროდადრო ვყვიროდი: "მამაო ჩემო, მამაო ჩემო!" ზოგჯერ ჩუმად ვამბობდი: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, განამტკიცე გული ჩემი, რათა ვიხილო ის, რაც ამ საღამოს მოხდა!" რადგან უფლის დახმარების გარეშე ჩემი სუსტი გული ვერ გაუძლებდა ამ სამოთხის სიტკოებას.
როდესაც ჩამობნელდა და იმედი გამიქრა, - მე ხომ მეგონა, რომ ვიპოვიდი მას, - მზერა ცას მივაპყარი.Uუფლის ამაღლების დღის გახსენებამ მაიძულა სენაკში დაბრუნება. უფალი ეჩვენებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და თავის მოწაფეებს ორმოცი დღის განმავლობაში, ხოლო ამაღლების დღეს მათ წამიერად იხილეს იგი, ოდეს მათ თვალწინ ზეცაში უჩინარდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში ვგრძნობდი იმავე სიტკბოებას. ამან მაიძულა, დავფიქრებოდი, იქნებ მოწყალე და სამართლიანმა უფალმა იმისთვის მოავლინა მამა არსენი, რათა ამ ცხოვრებაში დავეჯილდოებინე სამოთხის სიტკბოებით იმ არც ისე ბევრი მონაზვნური ლოცვებისთვის, რომლებითაც ვინანიებდი ჩემს მრავალ და დიდ ცოდვებს. არ ვიცი, ამიტომ გთხოვთ, ქრისტეს სიყვარულისათვის ილოცეთ, რათა უფალი მოწყალე იყოს ჩემს მიმართ.
მოწყალე მამა არსენი კვლავ მომევლინა ღამისთევის ლოცვისას 1971 წლის 29 მარტს - იმ დღეს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ღირსმოწამეთა - ბარაქისეს და იონას ხსენებას, ბზობის კვირის წინ. შუაღამით დამჯდარი ვამბობდი იესოს ლოცვას. არ მახსოვს, ვთვლემდი თუ ვფხიზლობდი, როდესაც მოსული ხორბლის უკიდეგანო ყანა და მრავალი მომკელი დავინახე, რომელნიც გულმოდგინედ მუშაობდნენ ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. უზარმაზარი ყანის საპირისპიროდ, ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭიმული იყო მამათა სასაფლაო, ხოლო ყანის მეორე ბოლოში იდგა შენობა, სადაც კავშირგაბმულობის მუშაკები იყვნენ, რომელთაც ხელმძღვანელობდა ოფიცერი. დროდადრო ოფიცერი გამოდიოდა და შეაგონებდა მათ, ვინც არ მონაწილეობდა მკის პროცესში, სიტყვებით: "ქრისტე ხომ დაგაჯილდოებთ, რატომ არ მკით?" იმის შიშით, რომ მეც შენიშვნას მომცემდა, ვუთხარი: "მაპატიეთ, მე მხოლოდ ნახევარი ფილტრი მაქვს და მეტი მუშაობა არ შემიძლია". მიპასუხა: "ვიცი და მიყვარხარ უფრო მეტად იმიტომ, რომ არ იღებ საფოსტო გზავნილებს. თვალყურს გადევნებ ფოსტაში".
შემდეგ ოფიცერმა თან წამიყვანა უცნაურ მანქანაში, რომელიც ელვასავით მიფრინავდა, თუმცა არც ფრთები ჰქონდა და არც ბორბლები. მან მკითხა სახელი და სადაურობა. ვინაიდან ეს იყო ოფიცერი, ვიფიქრე, რომ უმჯობესი იქნებოდა საერო მონაცემები მომეხსენებინა და ვუპასუხე: "მქვია არსენი და დავიბადე ფარასაში, კაბადოკიაში". მან მითხრა: "მეც ფარასელი ვარ, ცაპარისების გვარიდან" (ეს იყო ფრანგუს ანუ ფრანგოპულუს გვარის მეტსახელი). ისევ მკითხა: "იცნობ ჰაჯიეფენდის?" როგორ შეიძლება, არ ვიცნობდე-მეთქი. ამის თქმაზე ოფიცერი გადაიქცა ჰაჯიეფენდიდ (ანუ მამა არსენად), გულში ჩამიკრა და მაკოცა.
ვიდრე მის კარგად შეთვალიერებას მოვასწრებდი, დაიყვირა: "გაჩერდი, გაჩერდი!" მანქანა გაჩერდა. მამა არსენმა მითხრა: "შენ ჩახვალ აქ, მე ჩავდივარ თესალონიკში, რადგან იქვე ახლოს ვცხოვრობ".
შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ წმინდა არსენ კაბადოკიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.