ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თავისკვეთას მოიხსენიებს პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი და მძიმე მარხვით აღნიშნავს.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, რომელიც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: "მივედით და არქუთ მელასა მას" (ლუკა 13:32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათაღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის, არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით ცნობილი ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელთა მცირერიცხოვან შთამომავალთაგან - შვილიშვილი ჰეროდე დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.
ჰეროდეადა მიათხოვეს თავის ბიძას, ჰეროდე ფილიპეს (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი უმემკვიდრეოდ დატოვა (არადა, მანამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა. ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კაშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაჰყროდა და იგი შეერთო.
ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და "უწმინდურებად" მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპასა და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არავის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.
ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი "რბილ სამოსელში" გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (გვეუბნება იოსებ ფლავიუსი "იუდაურ სიძველეებში", თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, "ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა" (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: "არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი" (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც ზარავს მნახველს.
ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო, თანაც მას დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: "არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი" (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა - არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული - იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიაჩნდა.
მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული. თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეთა გვარი.
ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ, იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.
ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არის იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; "იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა" (მათე 14:2).
ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა - მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია - საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალილეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისმცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.
ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. 37 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ტიბერიუსი. მის მემკვიდრეს, გაიუს კალიგულას, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აგრიპასთან, ჰეროდეადას ძმასთან. მან იგი დიადემით - მეფური რეგალიით - დააჯილდოვა და აქცია არა უბრალო მეოთხედმთავრად, როგორიც ანტიპა იყო, არამედ ნამდვილ მეფედ ფილიპე მეოთხედმთავრის ტეტრარქიაზე (ფილიპე სწორედ იმ დროს გარდაიცვალა). 40 წელს აგრიპა მეფური რეგალიებით პალესტინაში ჩავიდა. ჰეროდე ანტიპამ და მისმა მეუღლემ თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ სალომეა მოხუცებულ ფილიპეს იმ იმედით მიათხოვეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტეტრარქია მათ დარჩებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. აგრიპას მოულოდნელმა წარმატებამ, რომელიც მისი ქმრის დიდებას ჩრდილავდა, ჰეროდეადა შურით აავსო.
გამწარებული ცოლ-ქმარი "სამართლიანობის აღსადგენად" რომში გაემგზავრა, მაგრამ არც აგრიპა დაიბნა, იმპერატორთან კაცი გაგზავნა და ანტიპას რომის ღალატი დასწამა. კეისარმა ჰეროდეს ყველა მამული და ტეტრარქია ჩამოართვა და გალიაში, ლიონში გადაასახლა.
ჰეროდეადას ქმარი არც ამ ძნელბედობის ჟამს მიუტოვებია. როცა კალიგულამ შეიტყო, რომ ანტიპას თანამეცხედრე აგრიპას ღვიძლი და იყო, მაშინვე დაუბრუნა ქონება და პატივიც აღუდგინა, მაგრამ ჰეროდეადამ ფუფუნებაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა გალიაში.
დიონ კასიუსის ცნობით, კალიგულამ ანტიპა სიკვდილით დასაჯა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ სამეფოდან გაძევებულებს იპერატორი სწორედ ასე უსწორდებოდა, მაგრამ ანტიპას სიკვდილი ბურუსითაა მოცული. იოსებ ფლავიუსი ერთგან ამბობს, რომ ჰეროდე ესპანეთში აღესრულა, მეორეგან კი მისი გარდაცვალების ადგილად ლუგდუნუმეს - გალიაში, ესპანეთის საზღვართან, მდებარე პროვინციას (დღევანდელი სენ ბერტრან დე კომინჟი) ასახელებს. ეს ვერსია უფრო სწორი უნდა იყოს - საეკლესიო გარდამოცემის თანახმადაც, ცოლ-ქმარს სწორედ იქ მიეზღო სამართლიანი საზღაური: ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ.
როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელს პატიოსანი თავი მოჰკვეთეს, ჰეროდეადას ასულმა, სალომეამ ის ლანგრით მიართვა დედას. ამ უკეთურმა ქალმა ნემსით დაჩხვლიტა წმინდანის ენა, რომელიც მას უსჯულოებაში ამხელდა და ნება არავის მისცა, იგი წმინდანის სხეულთან ერთად დაეკრძალათ. ეშინოდა, სხეულთან ერთად რომ დავმარხო, იოანე მკვდრეთით აღდგება და კვლავ მამხელსო. წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა მისი სხეული ჩუმად დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, თავი კი ჰეროდეადამ თავისი სასახლის უწმინდურ ადგილას ღრმად ჩამარხა. ეს ადგილი მხოლოდ ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა იოანამ იცოდა (მას იხსენიებს ლუკა მახარებელი). იგი წუხდა ასეთი დიდი წინასწარმეტყველის მკვლელობის და შელანძღვის გამო. ღამით ჩუმად ამოიღო წმინდა იოანეს თავი, ჩადო თიხის ჭურჭელში და ელეონის მთაზე ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დამარხა.
წმინდა ნათლისმცემლის პატიოსანი თავი საღმრთო განგებულებით ვინმე ბერმა ინოკენტიმ აღმოაჩინა და დიდი სასოებით ინახავდა თავისთან. ბერმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, შეეშინდა, მერე ამ სიწმინდეს უპატიოდ არ მოეპყრონო და იქ შთაფლა, სადაც მისი კელია და ეკლესია იდგა. გავიდა კარგა ხანი. ეკლესია ჩამოინგრა, ლამის მიწასთან გასწორდა. დიდხანს არავინ იცოდა, სად ესვენა წმინდა იოანეს თავი.
ნათლისმცემლის პატიოსანი თავი მეორედ, საღმრთო გამოცხადებით, IV საუკუნეში აღმოაჩინეს და გარკვეული ხანი ემესაში იყო დასვენებული, შემდეგ ემესიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს, სადაც ოდესღაც მიიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი (დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, წმინდა იოანემ გადასახლებისას ჩუმად ჩამოასვენა თავისი მფარველის წმინდა იოანეს პატიოსანი თავი). ვერცხლის ჭურჭელში ჩაბრძანებული სიწმინდე დაფარული იყო 850 წლამდე. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეგნატემ ღამით ლოცვისას უფლის გამოცხადებით იხილა ის ადგილი, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ქალა იყო დაკრძალული. პატრიარქმა ამის შესახებ იმპერატორ მიქაელს შეატყობინა. მან კი ელჩობა გაგზავნა და ეს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენა.
წმინდა იოანე ნათლისმცემელს ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები, მთაში მას ბავშვების მფარველს უწოდებდნენ და შვილებს მის სახელს არქმევდნენ. წმინდა იოანეც არ აკლებდა მფარველობას ქართველებს. როგორც უკვე ვთქვით, უფლისა და მისი წინამორბედის ნებით, საქართველოში მესამედ მოიპოვეს წმინდა იოანეს პატიოსანი თავი. საქართველოშივე, კერძოდ, ოპიზის მონასტერში, დასვენებული იყო წმინდა იოანეს ხორხი. "ქართლის ცხოვრებაში" XIV საუკუნის ავტორი გვესაუბრება, რომ ოპიზა უპირატესია კლარჯეთის 12 უდაბნოთა (მონასტერს) შორის, რამეთუ აქ იყო დაცული "ყოველთა უაღრესისა ნათლისმცემლისა იოანეს ხორხი იგი, რომელ არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მის სულისა და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა". იგივე ავტორი აღნიშნავს, რომ წმინდა იოანემ არაერთხელ გადაარჩინა საქართველო მტრის თავდასხმისაგან. ეს სიწმინდე შემდგომ სამეგრელოში მოხვედრილა (შესაძლოა, სამხრეთ საქართველოს ოსმალთაგან დაპყრობის მერე). XVI საუკუნეში საქართველოში ჩამოსულ ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსს წალენჯიხის მონასტერში ნათლისმცემლის ხორხთან ერთად მისი წვერის ნაწილიც უნახავს. ამჟამად ამ სიწმინდეთა ადგილსამყოფელი უცნობია.
ამ სიწმინდეთა გარდა საქართველოში წმინდა იოანეს თმაც ყოფილა, რომელიც, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ოქროს ჯვარში იყო ჩასვენებული. მეფე თეიმურაზ I-ის ელჩმა, მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ჯვარი რუსეთის ხელისუფლებას საჩუქრად გადასცა. ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვალი. თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად. არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს.
დაკარგულია წმინდა იოანეს კბილი, რომელიც კავთისხევის მონასტერში უნახავს XVII სუკუნეში არსენი სუხანოვს. წმინდა იოანეს ნაწილი ჩასვენებული ყოფილა სვეტიცხოვლის კანკელის ცნობილ სანაწილეში და ახლა ისიც დაკარგულად ითვლება.
ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან". წმინდა იოანეს ლოცვით, ვისი სახელობისაცაა მონასტერი, უფალმა დაიცვა ეს წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირში, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. უეცრად ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერმა წინ ვეღარ წაიწია. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენ-კაციანად, მხოლოდ ერთი - ამბის მთხრობელიღა გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეთო.
შეგვეწიოს ყველას წმინდა ნათლისმცემელი იოანე და მოგვმადლოს სინანულის გრძნობა და განცდა თვისთა ცოდვათა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი