2010 წლის ზაფხულში ტაძრის მრევლთან ერთად ლიმესოს მიტროპოლიტ ათანასეს (რომელიც მამა პაისის ერთ-ერთ მოწაფე იყო) მიწვევით ვიმყოფებოდი კუნძულ კვიპროსზე, - გვიამბობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე, - მეუფესთან ერთად გვმასპინძლობდა იმავე ეპარქიაში მომსახურე ჩემი სულიერი შვილი, დიაკვანი გიორგი ხარებაშვილი. კვიპროსს წმინდანთა კუნძულს ეძახიან, რამეთუ მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი ეკლესია-მონასტერი მოვილოცეთ. მათ შორის მინდა გამოვყო მახერა, სტავრომუნიო, ღალიის ქართველთა მონასტერი, წმინდა თეკლას დედათა სავანე, რომლის იღუმენიამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, და წმინდა არსენ კაბადოკიელის ეკლესია, სადაც მის წმინდა ნაწილებს მივემთხვიეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეუფე ათანასეს კურთხევით წმინდა არსენის წმინდა ნაწილები გვაჩუქეს. გვიხაროდა, რამეთუ უკვე საქართველოშიც ჩამობრძანდებოდა დიდი სიწმინდე.
საქართველოში გამომგზავრების წინ გარკვეული განსაცდელი გველოდა, რამაც თავიდან სულიერად აგვაღელვა. აეროპორტში მისულებს ჩვენი თვითმფრინავი (ლარნაკა-ათენი-თბილისის ავიარეისი) წასული დაგვხვდა და ისეთი პირი უჩანდა, რომ რამდენიმე დღე კიდევ მოგვიწევდა მოცდა. ღვთის მადლით, მალე ყველაფერი კარგად დამთავრდა. სულ ერთი კვირის წინ ახალდანიშნული ლარნაკა-ერევნის ავიარეისით (თურქეთის ანუ კაბადოკიის გავლით) იმავე საღამოს გამოვემგზავრეთ. როცა გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი თვითმფრინავი კაბადოკიის საჰაერო სივრცეს კვეთდა, მერეღა მივხვდით, რომ ჩვენი ხელით, რომელიც მხოლოდ იარაღია ღვთის ხელში, წმინდა არსენ კაბადოკიელმა ალბათ ასე ისურვა თავისი მშობლიური მხარისთვის შეევლო თვალი და კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ჩვენთვის, რომ ცოდვებსა და არასწორ ცხოვრებას შედეგად არა მარტო სულიერი სიკვდილი და ჯოჯოხეთი მოსდევს, არამედ მიწა-წყლის დაკარგვაც.
კაბადოკია ქართველებისთვის ყოველთვის იყო და დარჩება განსაკუთრებული იმიტომ, რომ ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო და წმინდა დიდმოწამე გიორგი, ქართველთა უსაყვარლესი წმინდანები, აქაურები იყვნენ. მათ რიცხვს ამიერიდან წმინდა არსენ კაბადოკიელიც შეუერთდა, რამეთუ კვიპროსის მოლოცვისა და მისი წმინდა ნაწილების აქ ჩამობრძანების შემდეგ, ჩვენი მრევლის მონაწილეობით, დასავლეთ საქართველოს ერთ ლამაზ კუთხეში, სოფელ შროშაში, უკვე აშენდა წმინდანის სახელობის ეკლესია.
***
"კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ბერი პაისის წიგნს "წმინდა არსენ კაბადოკიელი" (ბერძნულიდან ქართულად თარგმნა თეა იაკობაშვილმა).მე დიდად მადლიერი ვარ მამა არსენისა, როგორც სახელისათვის, რომელიც მიბოძა წმინდა ლოცვებით სანათლავ ემბაზთან, ასევე მისი წიგნებისათვის, რომლებიც მოხუცმა პროდრომოს კორცინოგლუმ (ჰაჯიცინისმა) შემოინახა, - ასე იწყებს ბერი პაისი თხრობას, - მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ჩემთვის თავად პროდრომოსი წარმოადგენდა. იგი მამა არსენის მედავითნე და მუდმივი თანამგზავრი იყო და ჭეშმარიტად ცოცხალი წიგნი მამა არსენის შესახებ, რადგან ცხადად ახსოვდა მისი წმინდა ცხოვრება. ბევრი რამის მოწმე თავად იყო და ბევრიც სმენოდა მამა არსენისაგან.
პროდრომოსი ყოველი შეხვედრისას რაიმეს მიამბობდა მამა არსენზე, მისი სიტყვები სამუდამოდ აღმებეჭდა გულში. 1958 წელს, როდესაც უფლის ნებით კვლავ აღმოვჩნდი კონიცაში, სტომიონის მონასტრეში, როგორც მონაზონი, მოხუცი პროდრომოსი ხალისიანად მომითხრობდა ხოლმე ყველაფერს, რაც კი იცოდა. რა თქმა უნდა, შემეძლო შემეტყო მეტი და უფრო დეტალურადაც, მაგრამ მაშინ აზრადაც არ მომსვლია მასალების შეგროვება ცხოვრების აღსაწერად. იმჟამად არ მიფიქრია, რომ მამა არსენი თავისი გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებდა სასწაულებსა და გამოცხადებებს, რომლებსაც ახდენენ წმინდანები. მაშინ, 1958 წელს, მამა არსენი განისვენებდა კუნძულ კორფუზე და საფლავის ქვაზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული.
სუროტის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დედათა მონასტერი
მრავალი ჩვენი თანასოფლელი ვარაუდობდა, რომ მამა არსენის სხეული უხრწნელი იყო, როგორც სხვა მრავალი წმინდანისა, მაგრამ ღვთისმოსაობის გამო ვერ ბედავდნენ მისი საფლავის გახსნას. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო ყველას შეკრება ერთად და ურთიერთშეთანხმება მისი საფლავის გახსნის თაობაზე, რადგან ფარასელები (როგორც მამა არსენმა იწინასწარმეტყველა) მთელ საბერძნეთში იყვნენ მიმოფანტულნი. მოსახლეობის გაცვლამდე ის ხშირად ამბობდა: "როდესაც გადავინაცვლებთ საბერძნეთში, ჩვენი დასახლების მცხოვრებლები მის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან, ეს იქნება ნამდვილი არეულობა... მე ვიცხოვრებ საბერძნეთში მხოლოდ ორმოცი დღე და მოვკვდები კუნძულზე". მართლაც ასე მოხდა. გადავწყვიტე, თავად გავმგზავრებულიყავი კორფურზე მისი წმინდა ნაწილების მოსაპოვებლად. არ ვიცი, რა ჭარბობდა ჩემში, მოწიწება თუ კადნიერება. მაწუხებდა ფიქრი: როგორ მოვიქცე, თუ ვიპოვი მთელ სხეულს უხრწნელს? ძნელი დასაშვები იყო, რომ კორფუელებს მისი გადმოსვენების ნება დაერთოთ. მჯეროდა, რომ ნეშტს აუცილებლად ვიპოვიდი, რადგან 1945 წელს ჩემმა ძმებმა მოძებნეს მამა არსენის საფლავი და გამოგზავნეს საფლავიდან აღებული ცოტაოდენი მიწა. როდესაც ეს მიწა დავაყარეთ ჩვენი თანასოფლელის ცხედარს, რომელიც გაუხრწნელი იყო, გაიხრწნა (ეს გაკეთდა პროდრომოსის რჩევით, რომელმაც უხრწნელობის მიზეზზეც მიუთითა).
***
კუნძულ კორფუზე 1958 წლის ოქტომბერში ჩავედი. გადაუღებლად წვიმდა. როგორც კი სასაფლაოზე მივედი, თავსხმამ გადაიღო და მზემ გამოიხედა. ასე რომ, საფლავის გახსნა სასურველ ამინდში მიმდინარეობდა. ადგილობრივმა მღვდელმა "წმინდაო ღმერთო" ილოცა, ხოლო როდესაც წმინდა ნაწილები მიმქონდა, ისევ გაწვიმდა. მღვდელმა მითხრა: "მამა არსენმა აღასრულა თავისი სასწაული".დავბრუნდი სასტუმროში და წმინდა ნაწილები ბალიშზე მოვათავსე. ყუთს, რომელშიც ისინი განისვენებდნენ, თავი ავხადე და ლოცვით დავემხე მუხლებზე. როდესაც მოსაღამოვდა, ავანთე შუქი, რათა ღამითაც დამენახა წმინდა ნაწილები და ლოცვა განვაგრძე.
საღამოს ცხრა თუ ათ საათზე, მეტანიების აღსრულების დროს მომესმა მრისხანე ხმა: "რა ნეშტია ეს?" ვიგრძენი, რომ რაღაც ძალა დამესხა თავს, თუმცა ვერ ვხედავდი მთელ სხეულს. ორი შავი და ძლიერი ხელი მიჭერდა და მახრჩობდა. ხმამაღლა დავიყვირე: (არ ვიცი, როგორ მომივიდა ამგვარი აზრი) "წმინდაო არსენ, შემეწიე მე". მაშინვე ვიგრძენი, რომ სხვა ძლიერმა ძალამ შეიპყრო ეს საშინელი ხელები, მოისროლა და გამათავისუფლა. გახარებულმა განვაგრძე ლოცვა უდიდესი მოწიწებით მამა არსენისადმი. ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ ორ სასულიერო პირს მოვუთხრე...
მამა არსენი რომ წმინდანია, არ მეეჭვებოდა. განაგრძობდა თუ არა იგი სასწაულების აღსრულებას გარდაცვალების შემდეგ, მე არ მეხებოდა, რადგან ეს უფლის საქმეა და არა ჩემი. უფალს არ სჭირდება ჩვენი დამხმარება თავის საკვირველ საქმეებში, რადგან ის უფალია. სახარებაშიც კი ვხედავთ, რომ ღვთისმშობელი არ ცდილობდა ადამიანთა შემზადებას, არამედ ითმენდა, სანამ ქრისტე თავად არ აცხადებდა მათ წინაშე თავის თავს სიტყვებითა და სასწაულებით. და თუ მამა არსენმა ერთი ან ორი სასწაული მოახდინა მისი წმინდა ნაწილების მოპოვებისას, მაშინ ეს მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი, რათა გავძლიერებულიყავი სულიერად და გავთავისუფლებულიყავი დაუდევრობისაგან.
მე კი მმართებდა დამეწერა იმის შესახებ, რაც მასზე ვიცოდი. ყოველივე იმის გარდა, რაც მსმენია მოხუცი პროდრომოსისა და, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლებისაგან, საჭირო იყო შემეგროვებინა მასალები ფარასელთაგანაც, რომლებიც დასახლდნენ კონიცაში და საბერძნეთის სხვა ადგილებში. 1958 წელს, მაშინ, როდესაც მამა არსენის წმინდა ნაწილები კონიცაში ჩამოვასვენე, ორი ბერიკაცი იყო ცოცხალი, კორცინოღლუ და ეზნეპიდოსი, ორივეს პროდრომოსი (ბერძნულად წინამორბედი) ერქვა და ოთხი მეტად ღვთისმოსავი მოხუცი ქალი, რომლებიც ღირსნი შეიქნენ კურთხევა მიეღოთ მისი წმინდა ნაწილებისაგან, როგორც ოდესღაც იღებდნენ მისი ცოცხალი ხელით.
1970 წელს მამა არსენის წმინდა ნაწილები კონიციდან გადავასვენე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ახალაგებულ დედათა მონასტერში, სუროტის დასახლებაში, თესალონიკის მახლობლად. ვინაიდან სასაფლაოზე ჯერ არ იყო აგებული ტაძარი და არ იყო წმინდა ნაწილების აკლდამაში დასვენების შესაძლებლობა, ისინი დროებით დავასვენეთ საკათედრო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. სკივრის გასაღები ინახებოდა დედა ფილოთეასთან, დალუქულ კონვერტში. მას შეეძლო გასაღების მოცემა მხოლოდ ჩემთვის.
წმინდა ნაწილების შესახებ არავინ იცოდა. იღუმენია და შესამოსელთა მცველი ფიქრობდნენ, რომ იქ სამღვდელო სამოსი ინახებოდა.
მიუხედავად ამისა, იმავე, 1970 წელს რამდენიმე მოვლენას ჰქონდა ადგილი. მამა არსენი ჯერ ერთ დას გამოეცხადა, შემდეგ მეორეს. როდესაც მათმა მოძღვარმა ეს შეიტყო, თავდაპირველად დააწყნარა დები, რათა დაეცვა ისინი არასწორი აზრებისგან, შემდგომ კი მე მომმართა. ვუპასუხე, უფალს უნდა მივენდოთ-მეთქი.
ზუსტად მოგითხრობთ მომხდარის შესახებ, ისე, როგორც ეს დებმა მომწერეს, ხოლო მოგვიანებით მომითხრეს კიდეც. მამა არსენი პირველად გამოეცხადა მორჩილ ვასილიკა სალომენის: "იყო შობის მესამე დღე, კვირა, 1970 წლის 27 დეკემბერი. საღვთო ლიტურგიის ლოცვაში ვიყავი ჩაძირული, უცბად, "რომელი ქერუბიმთას" გალობის დროს, ტრაპეზის წინ მლოცველი მღვდლის გარდა, კიდევ ერთი თეთრად მოსილი მღვდელი დავინახე, ტრაპეზის მარჯვნივ ლოცულობდა და მეტანიებს აღასრულებდა. გავოგნდი - როდის მოვიდა მეორე მღვდელი-მეთქი. განუწყვეტლივ მეტანიებს აღასრულებდა. მეტი ვეღარ შევძელი იმ საღვთო ხილვის ატანა და დავეშვი ჩემს სტასიდიაში, რათა არ დავვარდნილიყავი" (ზუსტად მარჯვნივ, ტრაპეზის ქვეშ იყო სკივრი მამა არსენის წმინდა ნაწილებით).
იმავე დას, ვასილიკას შეემთხვა სხვა ამბავიც: "1971 წლის 17 მაისს ღამისთევის ლოცვაზე ორ დასთან ერთად ვიყავი. როდესაც დავიწყეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის გალობა, ბოლო ორი მუხლის აღსრულებისას გაისმა მამაკაცის გალობა. გავჩუმდი, რათა უკეთ მომესმინა, ხოლო დებმა იფიქრეს, რომ ტექსტი არ მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე გაგების ნიშნად, ამ დროს დავასრულეთ კიდეც გალობა".
მეორე დამ, მარიამ პანთელოღლუმ, მომითხრო, თუ რა შეემთხვა სიზმარში. მან იხილა სქელი კვამლი, რომელიც მონასტერს ეხვეოდა. საერთო მღელვარების დროს გაიგონა ხმა: "ნუ ღელავთ, რადგან მამა არსენი იქ არის, ის არ დაუშვებს მონასტრის დაწვას" (მართლაც, იმ დღეებში ბოროტებით შეპყრობილმა ავაზავმა მონასტრის მიღმა შეშა და ფიჩხი მოაგროვა, რათა ხანძარი გაეჩინა).
ამის შემდგომ მას უთხრეს:L"რატომ უკეთ არ ზრუნავთ მამა არსენის წმინდა ნაწილებზე?" მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა, მარიამმა უპასუხა: "როგორ არ ვზრუნავთ! ჩვენ ხომ ვინახავთ მათ საკურთხეველში და ვუნთებთ კანდელს".
ერთ საღამოს მამა არსენი ისევ გამოეცხადა იმავე მარიამს, რომელმაც უკვე იცოდა წმინდა ნაწილების შესახებ. როდესაც გარშემო არავინ იყო, კანდელის ანთებისას მან დაინახა კარებში მდგარი მღვდელი, რომელიც შემდგომ გაუჩინარდა. ერთხელ თირკმელები საშინლად ასტკივდა, მამა არსენს მოუხმო საშველად და განიკურნა.
მას შემდეგ, რაც გავიგე ყოველივე ზემოთქმული, დავიწყე ფიქრი, რომ სწრაფად შემეგროვებინა რაც შეიძლებოდა მეტი მასალა მამა არსენზე და დამეწერა მისი ცხოვრება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში