წმინდა იოაკიმე ათენში დაიბადა 1448 წელს. როცა თურქება ეს ქალაქი აიღეს 1456 წელს, მან სამშობლო დატოვა. 20 წლისა მონაზვნად აღიკვეცა სინას მონასტერში, სადაც კარგი განათლება მიიღო.
თორმეტი წლის შემდეგ წმინდა მიწაზე მოსალოცად გაემგზავრა და წმინდა საბა განწმენდილის მონასტერში დასახლდა (1480); იქედან აღდგომის ტაძარში გამოიხმეს ღვთისმსახურებისთვის სამღვდელო-სამწყემსო) მისიით გააგზავნეს ეგვიპტეში. ქრისტიანები დიდად აფასებდნენ მას ღვთისმოშიშებისა და წმინდა ცხოვრებისთვის. აი ამიტომაც, როცა წმინდა მარკოზის საყდარი თავისუფალი დარჩა, ხალხმა მისი პატრიარქობა გადაწყვიტა. წმინდა იოაკიმეს 1487 წლის 6 აგვისტოს, დამასკოში, ალექსანდრიის პატრიარქად ხელი დაასხა ანტიოქიის პატრიარქმა, რადგან იმ დროს ეგვიპტის ეკლესიაში ერთი ეპისკოპოსიც კი არ იყო დარჩენილი.
მძიმე მდგომარეობაში მოუხდა პატრიარქის კვერთხის აღება. მამლუქებისგან შევიწროებული ეკლესიის მდგომარეობა უნუგეშო იყო. მაშინ წმინდა იოაკიმე ასკეზით და ლოცვით შეიარაღდა. ის პირში ლუკმას არ ჩაიდებდა ვიდრე გლახაკებს უხვად არ მისცემდა მოწყალებას. მან თავისი წმინდა ცხოვრებით და სასწაულებით გავლენა მოახდინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე. როცა მამლუქთა სულთანმა კანსუჰ ალ-გაურმა (1501) ქაიროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის. საზოგადოებრივ აბანოდ გადაკეთება გადაწყვიტა, წმინდა იოაკიმე შეეწინააღმდეგა ამას და შესთავაზა, თავისი სიმართლე ღვთის სამსჯავროთი დაემოწმებინა. წმინდა საწამლავი დალია მაგრამ არაფერი ევნო. მაშინ მან თასი გარეცხა, წყლით აავსო და ურიას მიაწოდა, რომელმაც მისთვის საწამლავი მოამზადა. სულთანმა უბრძანა, სასმისი შეესვა. ის კი მაშინვე მოკვდა. ასე გადარჩა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აბანოდ გადაკეთებას.
1517 წელს, როცა ეგვიპტე ოსმანთა იმპერიამ დაიპყრო, ქვეყანაში მასიური ხოცვა-ჟლეტა გაიმართა. წმინდა იოაკიმემ შესძლო თურქეთის სულთან სელიმ I-საგან ფირმანი მიეღო, რომლის ძალითაც ეგვიპტის ეკლესიას იმნაირივე პრივილეგიები ჰქონდა გარანტრებული, როგორიც იცავდა კონსტანტინოპოლის და იერუსალიმის საპატრიარქოებს. ასევე ცდილობდა, სინას მონასტრის კანონიკური მდგომარეობის დარეგულირებას და მხარს უჭერდა რუსეთის ეკლესიასთან კარგ ურთიერთობებს. არსებობს გადმოცემა, რომ მან შესძლო ჩუმად მოენათლა ეგვიპტის ოსმანი მმართველი. მისი პატრიარქობის დროს სრულად აღსდგა საბა განწმენდილის სახელობის საპატრიარქო მონასტერი ალექსანდრიაში. წმინდა იოაკიმეს ლოცვით უფალს მრავალი დიდებული სასწაული მოუხდენია. ეგვიპტეში ჭირის ეპიდემიის დროს ერთმა იუდეველმა ექიმმა ჭორი გაავრცელა,-ეს ყველაფერი ქრისტიანების ბრალია, რადგან წყალი მოაჯადოვესო. ცილისწამებამ ეგვიპტის სულთანამდეც მიაღწია. სულთანმა მოითხოვა პატრიარქ იოაკიმეს მიყვანა. სულთანმა მასთან გრძელი საუბარი დაიწყო რწმენაზე, მაგრამ როცა დაინახა, რომ ღრმა რწმენით ავსებული პატრიარქი ნათელი, ღრმა პასუხებით უმტკიცებდა ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებას და უარყობდა ისლამს, მაშინ სულთანმა უბრძანა, თუ ასეთი რწმენა გაქვთ ქრისტიანებს, მაშინ სახარების სიტყვებისამერ ქაიროს გვერდით მდებარე მთა გადაადგილეო. პატრიარქმა რამდენიმე დღე ითხოვა და ერთგულ ქრისტიანებთან ერთად მარხვით, ლოცვით, ღამისთენებით უფლისაგან წყალობა გამოითხოვა. დანიშნულ დღეს უამრავი ხალხის წინაშე მთას ქრისტეს სახელით უბრძანა, გადაადგილდიო. მართლაც, მთა დაიძრა და სხვა ადგილას გადავიდა. მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა პატრიარქმა ეს ქრისტეს სახელით უბრძანა. მთა იმ ადგილას დარჩა და თურქული სახელწოდება "დურ დაღი" ("შეჩერდი, მთაო") მიიღო. ამ სასწაულმა განგმირა ქრისტიანული რრწმენის მტრები.
არ იცოდნენ, როგორ ეძლიათ მართლმადიდებლობისთვის და ქრისტიანობის მტრებმა საწამლავი მოამზადეს, სულთანს თასით მიუტანეს და უთხრეს, სახარების სიტყვისაებრ, პატრიარქი თუ ამას დალევს, არაფერი მოუვაო. სულთანმა მოუხმო პატრიარქს და თასის შესმა უბრძანა. წმინდა იოაკიმემ ჯვარი გადასახა თასს, შესვა, მერე თასი გამორეცხა, წყალი ჩაასხა და სულთანს სთხვა, ეს იმან დალიოს, ვინც მოიტანაო. სულთნის ბრძანების მერე დალია იუდეველმა ექიმმა წყალი და სული განუტევა. როცა ეს საკვირველი ამბები შეიტყო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიფონტემ, რანდინის ეპისკოპოსი აკაკი და ღირსი თეოფილე გამოგზავნა ალექსანდრიაში, მათთალია თუ არა, რაც გავიგეო. მათ ალექსანდრიაში ყოფნის მერე პატრიარქს დაუდასტურეს სასწაულები.
80 წელი პატრიარქობდა წმინდა იოაკიმე და თავისი წმინდა ცხოვრებით და მომხდარი სასწაულებით მთელი ეპოქა მოამზადა ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად. წმინდა იოაკიმე გარდაიცვალა 119 წლისა, 1567 წლის 17 სექტემბერს. ალექსანდრიის ეკლესიამ მღვდელმთავარი იოაკიმე 2002 წელს შერაცხა წმინდანად. მისი პატიოსანი თავი ქაიროში, საპატრიარქოს საცავში ინახება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი