უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.
ქალკედონში იყო ამ კერპის სახელობის ტაძარი, რომელშიც მისივე ქანდაკი დაედგათ. კონსულმა მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში ხალხი აფრინა, რომ მოსახლეობისათვის იმპერატორის სახელით დღესასწაულზე დასასწრებად მოეწოდებინათ და მდგომარეობისა და შეძლებიდან გამომდინარე, არესისათვის მსხვერპლის შეწირვა დაეკისრებინათ. ხოლო ვინც ურჩობას გაბედავდა და დღესასწაულს დააკლდებოდა, დიდი სასჯელი ელოდა.
როდესაც დემონისადმი თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის დღე დადგა, ქალკედონში უამრავი ხალხი შეგროვდა, მსხვერპლად ცხვარი და კურო რომ წამოეყვანათ, ზეიმის დაწყებისთანავე კი ყველამ სადღესასწაულო ყიჟინა დასცა.
შემდეგ "ღვთაებას", უფრო ზუსტად კი - მასში დაბუდებულ დემონს მსხვერპლი შესწირეს...
იმ არემარეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა, ამ საზარელ აქტში მონაწილეობისაგან და მათი მოძულე, სასტიკი კონსულის რისხვისაგან თავის ასარიდებლად იქაურობას გაერიდნენ, საიდუმლო ადგილებში იწყეს შეკრება და ჭეშმარიტი ღმერთისადმი იწყეს ლოცვა...
თუმცა, პროკონსულის ბრძანებით, მალე იქაურობის ჩხრეკა იწყეს - ვინმე ხომ არ დარჩა ისეთი, კერპისთვის თაყვანი რომ არ უცია, ან ამის გაკეთება არ სურსო?!
როგორც გაირკვა, ქრისტიანები ამ ბრძანებას ეწინააღმდეგებოდნენ და იმ პატივს, რომელიც ოდენ ჭეშმარიტ ღმერთს ეკუთვნის, ეშმაკს არ მიაგებდნენ.
მათი ურჩობით გაცოფებულმა პროკონსულმა მათი პოვნა და ტანჯვა ბრძანა.
ერთ-ერთ ასეთ ადგილას ორმოცდაცხრა ქრისტიანს შეეფარებინა თავი და ლოცულობდა, მათ შორის გახლდათ საოცრად ლამაზი, დიდად ღვთისმოსავი ქალწული ეფემია, შვილი მეტად ღვთისმოსავი სენატორ ფილოფრონტისა და მისი მეუღლის, თეოდოროსიასი.
როდესაც მმართველს მათ შესახებ ამცნეს, ქრისტიანთა შეპყრობა და სამსჯავროზე წარდგენა ინება.
პროკონსულის ხელქვეითნი მშიერი მხეცებივით შეესივნენ ქრისტეს სამწყსოს და რომ არავინ გაქცეოდათ, მათი სამყოფელი ალყაში მოაქციეს, კარი შელეწეს, და ქრისტიანები სათითაოდ გამოათრიეს და დამცირებულნი და აბუჩად აგდებულნი მიჰგვარეს მბრძანებელს.
ქრისტიანები კი მორჩილ ცხოვართა მსგავსად წარუდგნენ მმართველს და ქრისტეს გულისთვის სისხლის დასათხევად მზად იყვნენ.
იხილა რა ისინი, გულზვიადმა მმართველმა იკითხა:
- ეწინააღმდეგებით ხელმწიფისა და ჩემს ნებას და დიდი ღმერთის?
- ხელმწიფის და შენი ბრძანების მორჩილად აღსრულება, თუ იგი ზეციურ ხელმწიფეს არ ეწინააღმდეგება, უყოყმანოდ გვმართებს, მაგრამ თუ იგი ღმერთის საწინააღმდეგოა, ოდენ ურჩობა კი არა, წინააღმდეგობაც გვმართებს.
თუ იმას გვიბრძანებდნენ, რაც ჩვენთვის ნებადართულია, მაშინ დაგყვებოდით და ვიტყოდით: "მიეცით კეისარსა კეისრისაი და ღმრთისაი ღმერთსა" (მთ. 22,21).
რადგან ღვთის სწინააღმდეგოს გვიბრძანებ, ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად ქმნილის თაყვანისცემას გვთხოვ და ეშმაკისათვის მსხვერპლშეწირვას გვაიძულებ არასოდეს დაგვებით, რამეთუ ჩვენ ოდენ ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს!"
მაშინ პროკონსულმა ცბიერებით სცადა მათი მოხიბლვა - უხვი ძღვენი და პატივი შესთავაზა და ამით სურდა ჭეშმარიტი გზიდან მათი განდრეკა და სულის წარმწყმედ კერპთაყვანისმცემლობაში იმათი შთაგდება, ვინაც უფალმა თავისი უწმინდესი სისხლის დათხევით შეიძინა.
თუმცა, ამ უხვი დანაპირების გარდა პროკონსული მათ საშინელი სასჯელითაც ემუქრებოდა.
ქრისტიანებმა ამაზე მიუგეს:
- პროკონსულო, ის პატივი და სიმდიდრე, შენ რომ გვპირდები, კარგა ხნის წინ მოვიძულეთ, - "შეგვირაცხიეს იგი ნაგევად, რაითა ქრისტე შევიძინოთ (ფილიპ. 3, 8), რამეთუ ზეციური საგანძური გვაქვს, წუთისოფლის ყოველ სიკეთეს რომ აღემატება.
ამქვეყნიური სიკეთენი - დროებითია, ზეცისმიერი კი - საუკუნო და წარუვალი. "რამეთუ არა ვხედავთ ჩვენ ხილულსა ამას, არმედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არახილული იგი - საუკუნო" (2 კორ. 4, 18).
იმ სატანჯველების კი, ჩვენ რომ გვემუქრები, არათუ გვეშინია, მათი დათმენა გვწყურის, რომ ჩვენში ღვთის ძალა გაცხადდეს, რომელიც საკვირველია და თქვენი ცრუღმერთების უძლურებას წარმოაჩენს და სირცხვილეულგყოფთ, თუმცა, კამათის გაგრძელებას რაღა აზრი აქვს? ჰქმენ, რაცა გსურდეს და მალე დარწმუნდებით, რომ ჩვენ უფრო მეტი სიმტკიცე და მოთმინება გვაქვს, ვიდრე თქვენ - ჩვენი ტანჯვის სურვილი"...
მაშინ გულბოროტმა პროკონსულმა მათი წამება ბრძანა... წმინდანები 19 დღე დაითმენდნენ წყურვილს და შიმშილს, ყოველდღიურად ახალ და უფრო მძიმე სატანჯველს შეამთხვევდნენ...
მათ შორის იყო წმინდა ქალწული ეფემიაც, სრულიად ნორჩი და მშვენიერი, რომელსაც დანარჩენნი განამხნევებდნენ: - ქალწულო, ზეციური სიძისთვის იღვაწე, რომ ვნებანი დაითმინო, მას სათნოეყო, რომ გონიერი ქალწულებითურთ შეხვდეთ.
მეოცე დღეს ქრისტიანნი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც პროკონსულმა თქვა: - იქნებ, ტანჯვამ გონს მოგაგოთ და ჩემს ბრძანებას ახლა დაჰყვეთო.
ნეტარმა ეფემიამ კი სხვა ქრისტიანებთან ერთად მიუგო:
- პროკონსულო, იმედი ნუ გექნება, რომ ჭეშმარტების ღალატს გვაიძულებ, დედამიწაზე - მთათა, ცაში კი - ვარსკვლავთა გადანაცვლება უფრო იოლია, ვიდრე - უფლისაგან ჩვენი განკვეთა.
ამ სიტყვით უარესად გაციფებულმა პროკონსულმა ბრძანა მათი დიდხანს ცემა, მაგრამ ოდეს ვერც ამით მიაღწია რამეს, მათი მეფესთან წარგზავნა განიზრახა, მაგრამ მანმადე დაატყვევა.
მათი საპყრობილეში გადაყვანისას პროკონსულმა წმინდა ეფემიას მოჰკრა თვალი, რომელიც სხვათაგან ისე განირჩეოდა, როგორც მთვარე - ვარსკვლავთა შორის და ქრისტეს ცხოვართაგან ისე წარიტაცა, როგორც მგელმა, ქალწულმა კი ზეცას შეჰღაღადა:
- იესო ქრისტე, სიძეო ჩემო, ნუ დამიტევებ, რამეთუ შენ მხოლოსა გსასოებ, ნუ ჩაუგდებ ხელთ შენს მოყვარულსა და აღმსარებელს, - "ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან მრე ვეყავ მას. განმამტკიცე მხევალი შენი, რომ უსჯულოებამ არ გაიმარჯვოს!..
რაღა არ სცადა უსჯულო პროკონსულმა ქალწულის უფლისაგან განსადრეკად, - ხან ტკბილი სიტყვა და ათასგვარი დაპირებით სურდა მოხიბვლა, ხან კი - მდიდრული საჩუქრებით, მაგრამ ვერას გახდა...
"ქრისტეანთა მტარვალო და სისხლისმსმელო, ნუ გეგონება, რომ შენი ცბიერი სიტყვით ჩემს ცთუნებას და უწმინდურებას და ბნელს მაზიარებ. ქალი კი ვარ, სხეულით - უძლური და ნორჩი, მაგრამ გული მაინც შენზე მტკიცე მაქვს, ჩემი რწმენა კი - შენს უწმინდურებას და ცბიერებას აღემატება. თანაც, ჩემმა ღმერთმა იმაზე მეტი გონება მომმადლა, ვიდრე - თქვენს წარმართ, მჭევრმეტყველ ორატორთ, თავი ბრძენნი რომ ჰქონიათ, თუმც კი - სიბრიყვით და უმეცრებით ყოველ სულდგმულს აღემატებით, რადგან ეშმაკის გამღმერთებელთ ჭეშმარიტი ღმერთი ვერ შეგიცვნიათ, ამიტომ ვერ მაცთუნებ, როგორც უწინ ევა აცთუნა გველმა.
წუთისოფელს, რომელიც ასერიგ მწარეა ჩემთვის, სიამოვნებით დავთმობდი ქრისტესთვის... რაოდენ დიდიც უნდა იყოს შენი კვეთება, მაინც გავიმარჯვებ, "რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების..." (2 კორ. 12, 9).
ვსასოებ, რომ ქრისტე შემეწევა და არ დამიტევებს, ვიდრე ასპიტის შხამიან და ამპარტავან თავს დედაკაცის ფეხით არ გათელავს..."
ქალწულის კადნიერი და პირდაპირი პასუხით უარესად განრისხებულმა და შეურაცხყოფილმა პროკონსულმა ფარისევლობას თავი ანება და გაშმაგებულმა ეფემიას საწამებლად ბორბლის მომზადება და ზედ უამრავი ლესული დანის მიმაგრება ბრძანა.
ოდეს პროკონსულის ხელქვეითებმა ნეტარი ქალწული ბორბალზე მიაბეს, მან ჯვრის ნიში გამოისახა.
ხოლო ოდეს ბორბალი დაატრიალეს, მოწამის სხეული ნაფლეთებად იქცეოდა, მყესები კი - იგლიჯებოდა...
ეფემია კი გულში უფალს ევედრებოდა: - უფალო, იესო ქრისტე, წყაროო სიცოცხლისა და ნათელო სულისა ჩემისა, შენდა მსასოებელთა და მვედრებელთათვის ხსნის მომნიჭებელო, შეწევნადEჩემდა ისწრაფე, რომ ყოველმა იხილოს, რომ შენ ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და სასო შენდა მსასოებელთა, "რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა" (ფს. 90,9).
ლოცვისას ბორბალი მეყსეულად გაჩერდა, ხოლო პროკონსულის ხელქვეითნი კი - მოცელილებივით დაეცნენ, რადგან ზეცით ღვთის ანგელოსი გარდამოხდა, ღერძი დალეწა, ქალწული გაათავისუფლა და წყლულნი გაუმრთელა...
ანგელოსისაგან განმრთელებულმა ნეტარმა უფალი ადიდა და ჰმადლობდა.
ამ უდიდესმა სასწაულმა პროკონსული და ყველა იქ მყოფნი ფრიად გააოცა, თუმცა, სულიერთვალდავსებულთ ამან ვერარა სარგებელი ვერ მოუტანა, "რამეთუ განზრქა გული ერისა ამის" (ეს. 6, 10) და ღვთიური სასწაული ჯადოქრობად მონათლეს.
შემდეგ პროკონსულმა დიდ ღუმელში ცეცხლი დაანტებინა და შიგ წმინდა ეფემიას შთაგდება ბრძანა, ქალწული კი კვლავ ევედრა შემოქმედს, - იმას, რომელმან უხსოვარ დროს ბაბილონის სახმილში სამი ყრმა უვნებლად დაიცვა, ნივთიერ ცეცხლს - უფლისადმი სიყვარულის ცეცხლი დაუპირისპირა და ხმობდა: - წმინდა არს ღმერთი დამკუიდრებული მაღალთა შინა და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის (ეს. 33,5; ფს. 137,6).
- შენ, რომელმან სამი ბაბილონელი ყრმა შენი უწმინდესი სჯულის ერთგულებისთვის ცეცხლისაგან ანგელოსის მიერ დაიცავი და ზეციური ცვარით დანამე, მეც შემეწიე, მხევალსა შენსას, რამეთუ მეც შენს განსადიდებლად ცეცხლში ვევნე, უფალო!
ილოცა რა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით აღიჭურვა და ცეცხლში შთაგდებას უშფოთველად დაელოდა.
ხელქვეითებმა, სახელად ვიქტორმა და სოსთენემ, რომელთაც ქალწული აგიზგიზებულ ღუმელში უნდა შთაეგდოთ, საკვირველი რამ იხილეს: - უფლის ანგელოსები ღუმელში ცეცხლს ანელებდნენ, რომ ქრისტეს სასძლოს, ეფემიას არ მიჰკარებოდნენ.
ამით გაოცებულებმა პროკონსულს აუწყეს: - ამ წმინდა ქალწულის შეხებას ვერ გავბედავთო. განკარგულების აღსრულებაზე უარი განაცხადეს და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს.
აღმსარებლები დასაგლეჯად მხეცებს მიუყარეს. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას.
უფალმა მათი წრფელი ლოცვა შეისმინა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას (+დაახლ. 304). მხეცნი კი მათ სხეულებს არც გაჰკარებიან. მათი ხსენებაც წმინა ეფემიას ხსენების დღესაა.
ქალწული კი ამგვარად ევედრა უფალს: - ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა. სასმენელ ყუნეს ყოველნი ქებულნი მისნი?" (ფს. 105, 2), რამეთუ მხევალი შენი ღვაწლსა შინა განმაძლიერე, მახვილთაგან უვნებლად დამიცევ, ცეცხლს განმარინე, მხეცთა კბილთაგან გადამარჩინე, წყლიდან, ბორბლიდან და თხრილთაგან უვნებლად გამომიყვანე, აწ კი, უფალო, იხსენ სული ჩემი მტერთაგან. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო (ფს. 24,7), არამედ ჩემთვის დაღვრილი შენი უწმინდესი სისხლით განმწმინდე".
პროკონსული ქალწულის ტკბილი სიტყვით დაყოლიებას კვლავ შეეცადა: - შენს წარმომავლობას უგულებელჰყოფ, სინორჩის ყვავილს ნუ განახმობ და თავს სიკვდილს ნუ მისცემ, არამედ თაყვანი ეც დიდ არესს და კვლავ პატივდებული, ხოტბაშესხმული და მდიდარი შეიქმნებიო!
ამას და კიდევ მრავალ ამგვარს ეტყოდა ეფემიას მტარვალი, რის პადსუხადაც ოდენ წმინდანის ღიმილს და დაცინვას იღებდა...
მაშინ პროკონსულმა კვლავ მისი წამება ინება და ხელქვეითებს ჯერ ქალწულის ჯოხებით ცემა ბრძანა, შემდეგ კი - მისი გადახერხვა, მაგრამ ხერხმა მის უბიწო სხეულს ვერა ავნო. ვერც გახურებულმა ტაფამ დაწვა, რადგან ქრისტეს სასძლოს უფლის ანგელოსები იცავდნენ.
ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად.
განაჩენის აღსრულების წინ წმინდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, ამა სოფლიდან გაეყვანა. მასზე ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და "კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს - უყოფდეს".
მხოლოდ ერთმა დათვმა გაბედა, ფეხზე ეკბინა, რის შედეგადაც ქალწულს მცირე წყლული დააჩნია და სული განუტევა. ზეგარდამო კი გაისმა:
"აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი".
უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმინდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.
შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმინდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას.
ეს ამბავი ასე მოხდა:
ალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკურემ და კონსტანტინოპოლელმა არქიმანდრიტმა ევტიქიოსმა ხალხში იესო ქრისტეს მგმობი ერესი გაავრცელეს. ისინი უფლისა ჩვენის ღვთაებრივსა და კაცობრივ ბუნებას ერთ ბუნებად მოიაზრებდნენ. ამ ერესით მათ მრავალი აცდუნეს. შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად ეფესოში შეიკრიბნენ და კრება გამართეს. თავიანთ ნაყალბევს ჭეშმარიტ მოძღვრებად მიიჩნევდნენ და სხვებისგანაც მოითხოვდნენ ამის აღიარებას.
სწორედ იმხანად გარდაიცვალა იმპერატორი თეოდოსი II და მის მაგივრად ბიზანტიის აღმოსავლეთში მარკიანე გამეფდა. მართლმადიდებელი მამები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მონოფიზიტთა ერესის მძვინვარებას, იმპერატორისა და დედოფალ პულქერიას თაოსნობით შეიკრიბნენ. კრებას 630 კაცი ესწრებოდა. მათ შორის იყო უწმინდესი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა ანატოლი, იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი, რომის პაპის ლეონის წარმომადგენლები, ერესიარქები - ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქები დიოსკურე და მაქსიმე.
ეკლესიის IV მსოფლიო კრება 451 წელს ქალკედონის მიტროპოლიტის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ამავე ტაძარში იყო დასვენებული წმინდა ეფემიას უხრწნელი ნეშტი, რომლის მიერაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. მოგითხრობთ ზოგიერთს:
წმინდა ეფემიას ხსენების დღეს მისი სხეულიდან სისხლი ისე მოედინებოდა, როგორც ჭრილობიდან; წმინდანის სხეული ჩასვენებული იყო ხის კუბოში, რომელიც, თავის მხრივ, მარმარილოს უშველებელ სარკოფაგში მოეთავსებინათ. სარკოფაგს ზემოდან მარმარილოსვე მძიმე ფილა ეხურა. ამ მარმარილოს სარკოფაგს მარცხენა მხარეს ნახვრეტი ჰქონდა, რომელშიც ხელი გაეტეოდა. ღამისთევის ლოცვის შემდეგ, ლიტურგიის დაწყებამდე, ეპისკოპოსი რკინის მაშით შედებდა ამ ნახვრეტში მშრალ ღრუბელს და ისიც უმალვე აივსებოდა წმინდანის სისხლით, რომელიც კეთილსურნელებით მირონს უფრო ჰგავდა და სამკურნალო ძალა ჰქონდა.
სისხლი მხოლოდ წმინდანის ხსენების დღეს კი არ მოედინებოდა, არამედ მაშინაც, როცა ტაძარში ვინმე ღვთის სათნო მღვდელმთავარი წირავდა. მრავალს გამოსცხადებია და შესწევია წმინდანი. უამრავი ხალხი ჩამოდიოდა მისგან კურნების მისაღებად, თვით კონსტანტინოპოლიდანაც კი.
მაგრამ ისევ ეკლესიის მსოფლიო კრებას დავუბრუნდეთ.
ბევრს ეცადნენ ღირსი მამები ერესიარქთა გონს მოყვანას. კამათი დიდხანს გაგრძელდა. Bოლოს, ანატოლი პატრიარქმა კრებულს შესთავაზა: "ორივე მხარემ დავწეროთ ჩვენ-ჩვენი მრწამსი და ეს გრაგნილები წმინდა ეფემიას კუბოში ჩავასვენოთ, ვიმარხულოთ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი წმინდანის საშუალებით ჭეშმარიტი სარწმუნოება გაგვიმჟღავნოსო". ყველას მოეწონა ეს აზრი, დაწერეს თავიანთი მრწამსი, გრაგნილები წმინდანს გულზე დაადეს, კუბო დახურეს, სამეფო ბეჭდით დაბეჭდეს და დარაჯი მიუჩინეს.
სამდღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ მოკამათენი ისევ ტაძარში შეიკრიბნენ, მოხსნეს კუბოს სამეფო ბეჭედი, ახადეს სახურავი და რა დაინახეს: მონოფიზიტთა მრწამსიანი გრაგნილი წმინდა ეფემიას ფეხებთან იდო, ხოლო მართლმადიდებელთა მრწამსი წმინდანს ხელთ ეპყრა. უეცრად ყველას გასაკვირად წმინდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და ეს მრწამსი მეფეს მიაწოდა.
ამის მხილველმა ყველა მართლმადიდებელმა ადიდა უფალი, მრავალი მონოფიზიტი მოიქცა, ხოლო ვინც ისევ თავის ბოროტ რწმენაზე დარჩა, ღვთისმსახურებიდან განაყენეს.
გავიდა საუკუნე-ნახევარი და ბიზანტიის ტახტზე კეთილმორწმუნე მავრიკიოსი ავიდა. ღვთისმოშიში კი იყო მეფე, მაგრამ მაინც შეეჭვდა წმინდა ეფემიას სხეულიდან მომდინარე სისხლის ჭეშმარიტებაში, რატომღაც ნაყალბევი ეგონა. მის სინამდვილეში რომ დარწმუნებულიყო, წმინდანის ხსენებამდე დიდი ხნით ადრე არა მარტო კუბო, მარმარილოს სარკოფაგში გაკეთებული ნახვრეტიც კი სამეფო ბეჭდით დაბეჭდა, ხოლო დღესასწაულზე მისულმა მოხსნა ბეჭედი და სისხლიც წყაროსავით გადმოედინა. ტაძარი კეთილსურნელებით აივსო. მავრიკიოსმა შენდობა სთხოვა წმინდანს და მას შემდეგ არასოდეს შერყევია მისი რწმენა.
მეფე ჰერაკლეს ზეობისას (610-641 წ.წ.) ბითვინიის მხარე სპარსელებმა დაარბიეს. მტერმა ქალკედონის საკათედრო ტაძარიც გაძარცვა, სპარსელებმა წმინდა ეფემიას კუბოს გახსნაც სცადეს, მაგრამ სარკოფაგის სახურავს ძვრა ვერ უყვეს.
სპარსელების წასვლის შემდეგ მეფემ წმინდა ეფემიას ნაწილთა კონსტანტინოპოლში გადასვენება გადაწყვიტა და ამისთვის დედაქალაქის ახლოს, იპოდრომთან, წმინდა ეფემიას სახელზე ქალკედონის ტაძრის მსგავსი დიდი ეკლესია ააგო. სარკოფაგი წმინდანის ნეშტითურთ ახალაშენებული ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს, ვითარცა წმინდა ტრაპეზი, და მასზე უსისხლო მსხვერპლს შესწირავდნენ.
716-741 წლებში აღმოსავლეთ ბიზანტიას ღვთის რისხვად ლეონ ისავრიელი მოევლინა. მან პირველმა დაიწყო ბრძოლა ხატებისა და სიწმინდეთა წინააღმდეგ. პატრიარქი გერმანე ცდილობდა, წინ აღდგომოდა, მაგრამ მან ამ წმინდა კაცს საპატრიარქო საყდარი ჩამოართვა, მის მაგივრად ერეტიკოსი აღასაყდრა, შემდეგ კი მთელ მართლმადიდებელ სამღვდელოებას დაუწყო დევნა. მისი ბრძანებით წვავდნენ ხატებს, შეურაცხყოფდნენ წმინდა ნაწილებს.
წმინდა ეფემიას სასწაულების ამბავი რომ ესმოდა, ლეონ ისავრიელს სული შურით ევსებოდა. ცხადად ვერაფერს უბედავდა - ხალხის რისხვისა ეშინოდა, ამიტომ შუაღამისას თანამოაზრეებთან ერთად მალულად მიაშურა ტაძარს. ახადეს კუბოს სახურავი, მოიპარეს წმინდანის ნაწილნი და მათ ნაცვლად ვიღაცის დანაცრებული ძვლები ჩააწყვეს.
წმინდა ეფემიას ნაწილნი ლეონმა სამეფო ტაძარში გადაიტანა. მეფის დები და ქალიშვილები ჩუმად მოდიოდნენ წმინდანის ნეშტთან და საკმეველს უკმევდნენ. მეფემ ეს რომ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა, წმინდანის უხრწნელი სხეული ხის კუბოთი ზღვაში გადაეგდოთ, მერე შეკრიბა ხალხი და განუცხადა: "გაცდუნებდნენ კერპთაყვანისმცემლები, უხრწნელი და სასწაულთმოქმედია ეფემიას სხეულიო! წადით და ნახეთ, რას ჰგავსო!"
ბრბო ტაძრისკენ დაიძრა. ახადეს სარკოფაგს სახურავი და რას ხედავენ: შიგნით დანაცრებული ძვლებიღა აწყვია. მრავალი მართლმორწმუნე შეცდა მაშინ, წმინდანის სასწაულები სამღვდელოების სიცრუედ მონათლეს, დაივიწყეს ის მრავალი წყალობა, წმინდანის ლოცვით რომ მინიჭებოდათ, გამოიტანეს ტაძრიდან მარმარილოს სარკოფაგი და დაამსხვრიეს. თვით ტაძარში სამჭედლო მოაწყვეს, ხოლო საკურთხეველი ფეხისალაგად აქციეს.
წმინდანის ნეშტს კი ზღვის ტალღები მიაქანებდა. სწორედ იმ დროს ზღვაში პატარა ხომალდით ორი ძმა, სერგი და სარგონი, გამოსულიყო. მოჰკრეს თვალი კიდობანს, აათრიეს გემზე, გახსნეს და... იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა. კუბოში ვიღაც უცნობი წმინდანის უხრწნელი სხეული ესვენა. ძმებმა მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს გაემჟღავნებინა, ვისი წმინდა ნაწილების პატრონობის ღირსნი გახადა. მალე ხომალდმა კუნძულ ლემნოსთან ჩაუშვა ღუზა. ამ კუნძულზე განისვენებდა წმინდა გლიკერიას უხრწნელი სხეული. იმავე საღამოს ძმები ხილვის ღირსნი შეიქმნენ: მათი ხომალდისკენ წმინდა გლიკერია მიდიოდა. გემიდან მის შესახვედრად უმშვენიერესი ქალწული გაეშურა. ერთმანეთს ნაზად მოეხვივნენ. "სტუმარმა" დამხვდურს მიმართა: "გამარჯობა, ქრისტეს მოწამეო, ეფემია ყოვლადქებულო". პასუხად "მასპინძელმა" მიუგო: "გაგიმარჯოს, ქრისტეს მოწამეო ნეტარო გლიკერია". ამის შემდეგ წმინდა გლიკერია კუნძულზე დაბრუნდა, წმინდა ეფემია კი ხომალდზე.
ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა უფრო მეტი სასოებით ეამბორნენ წმინდანის სხეულს, მერე კი სასწრაფოდ აუშვეს იალქნები და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ხომალდი ისევ კუნძულ ლემნოსთან მიიყვანა.
იმავე ღამეს ძმებს წმინდა ეფემია გამოეცხადა და უთხრა: "რას დამატარებთ აქეთ-იქით? განა არ მეყო, ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში რომ გადამიტანეს, მერე კი ზღვაში ჩამაგდეს? მე აქედან აღარსად წავალ. ამ კუნძულზე ერთი ქოხი ამიშენეთ და იქ დავსახლდებიო".
დაემორჩილნენ ძმები წმინდანის ბრძანებას, ეახლნენ ლემნოსის ეპისკოპოსს და ყოველივე მოუთხრეს.
გაუხარდა მღვდელმთავარს წმინდანის მობრძანება, მაგრამ სად მიეჩინა მისთვის ადგილი? ლეონ ისავრიელის შიშით წმინდა გლიკერიას ნაწილებიც გადამალული ჰქონდა. ამიტომ ძმებს წმინდანის სახელზე პატარა ტაძარი ააგებინა, რომლის საკურთხეველშიც ჩაფლეს წმინდანის კუბო.
ძმებმა გადაწყვიტეს, იქაურობას არც თვითონ გასცლოდნენ და წმინდა ეფემიას მსახურნი ყოფილიყვნენ. იქვე გალიეს ცხოვრება და იქვე აღესრულნენ. სიკვდილის წინ ქვის დაფაზე ამოკვეთეს წმინდა ეფემიას ნაწილთა მოპოვების ამბავი და კუბოსთან შთაფლეს.
გავიდა ხანი, იმ მხარის ეპისკოპოსმა ახალი დიდი ტაძარი ააგო, მაგრამ წმინდა ეფემიამ იქ შებრძანება არ ინება, გამოეცხადა ეპისკოპოსს და უთხრა: "ნუ იზამ მაგას, მაღალღირსო მეუფეო, მაინც არ დაგემორჩილები. წადი ჩემს დასთან, მოწამე გლიკერიასთან, და შეევედრე, ამ ახალაშენებულ ტაძარში ინებოს დავანება, მე კი ჯერჯერობით აქ ვიქნები, სანამ ჩემი უკან დაბრუნების ჟამი არ მოაწევსო". სხვა რა გზა ჰქონდა, დამორჩილდა ეპისკოპოსი წმინდანის სურვილს.
გავიდა ხანი, ლეონ ისავრიელი მოკვდა. ტახტზე ავიდა მისი ძე კონსტანტინე კომპრონიმოსი, რომელმაც მკრეხელობით მამას გადააჭარბა. ღვთის დაშვებით მანაც დიდხანს იმეფა, შემდგომ კი სამეფო თავის ძეს ლეონს დაუტოვა. ლეონიც ხატმებრძოლი იყო, მაგრამ არა თავისი მამისა და პაპის მსგავსი. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ლეონის ძე კონსტანტინე და დედამისი ირინე ავიდნენ. ირინე დედოფლის ბრძანებით მოიწვიეს ეკლესიის მამათა VII მსოფლიო კრება, რომელმაც ხატთაყვანისცემა აღადგინა. დედოფლისავე ბრძანებით აღდგა წმინდა ეფემიას სახელობის ეკლესიაც კონსტანტინოპოლში, თვით წმინდა ეფემიას უხრწნელი სხეული კი ბევრი ეძებეს - ხალხს სწამდა, რომ სიწმინდე ზღვაში ჩააგდეს და ახლა სადღაც არისო დავანებული. ეს ამბავი კი ამგვარად გამჟღავნდა: ვინმე ანასტასი კომიტმა, რომელსაც მემკვიდრეობით ხვდა ის მიწა, სადაც წმინდა ეფემია იყო დაკრძალული, ძველის მაგივრად ახალი დიდი ტაძარი ააშენა. მოხდა ისე, რომ ამ კაცს ცილი დასწამეს და კომიტობის პატივი აჰყარეს. ანასტასიმ საჩივლელად კონსტანტინოპოლს მიაშურა, მაგრამ არავინ მიიკარა. ბოლოს ვიღაცამ ურჩია, ქალკედონის მიტროპოლიტი თუ გიშველისო. მიტროპოლიტმა კი - ეს ჩემს ძალებს აღემატებაო. სასოწარკვეთილი ანასტასი ქალკედონის ქუჩებში მიაბიჯებდა, როცა თვალი მოჰკრა დიდებულ ტაძარს, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა. "ვისი სახელობისაა ეს ტაძარიო?" - ჰკითხა ეკლესიის მსახურს. წმინდა ეფემიასიო, მიუგეს. ეს რომ გაიგო, ანასტასიმ სიხარულით შესძახა: "ჰოი, წმინდაო ჩემო, ეფემია!" "რატომ ამბობ ასე?" - ჰკითხა ეკლესიის მსახურმა. "ჩემს ეზოში არის ტაძარი, სადაც წმინდა ეფემიას ნეშტი ასვენია, ამიტომაც ვეძახი ასეო", - მიუგო ანასტასიმ. ეკლესიის მსახურმა ეს რომ გაიგო, მოჰკიდა ხელი და მიტროპოლიტთან მიიყვანა. მღვდელმთავარმა ყოველივე დაწვრილებით გამოჰკითხა და სასწრაფოდ პატრიარქისკენ გაეშურა, პატრიარქმა ტარასიმ კი ეს ამბავი იმპერატორს შეატყობინა. სასწრაფოდ შეკაზმეს ხომალდი, ანასტასის კომიტობა დაუბრუნეს და ღირს მამებთან ერთად კუნძულ ლემნოსზე გაამგზავრეს.
კუბოს თავსახურავი რომ ახადეს, წმინდანის სხეული ისევ უხრწნელი იყო და კეთილსურნელებას აფრქვევდა.
წმინდა ეფემიას ნეშტი დიდი პატივით ჩამოასვენეს კონსტანტინოპოლში და ერთხმად ადიდეს წმინდანთა შორის საყვარელი ყოვლადწმინდა სამება.
და ბოლოს წმინდა ეფემიას ერთი თანამედროვე სასწაულის შესახებაც მოგითხრობთ:
წმინდა პაისი ათონელი წმინდა დიდმოწამე ეფემიას ევედრებოდა და ერთ რთულ საეკლესიო საკითხში გარკვევას სთხოვდა. წმინდა ეფემია გამოეცხადა და დიდხანს ისაუბრეს. ბოლოს, მამა პაისიმ ჰკითხა, როგორ ეწამეთ ქრისტესთვისო. წმინდანმა უპასუხა, - რომ მცოდნოდა, რა ნეტარებაში არიან ღმერთთან მყოფი სულნი, მზად ვიქნებოდი, ამისთვის მთელი სიცოცხლე მეტანჯა და დამეთმინა განსაცდელნი. მოწამეობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ღმერთმა იმ ქვეყნად მიბოძაო.
დიდმოწამე ეფემიას კონდაკი
ტარიგი შენი, იესო, ეფემია ხმობდა ხმითა მაღლითა: - შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათა, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო, მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა.
მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი, ამინ!
.....................
აქვე წაიკითხეთ:
"გამარჯობა, ქრისტეს მოწამეო, ეფემია ყოვლადქებულო"
ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის (+304) სასწაულისა 451 წელს - 11 (24) ივლისი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი