აბოს წამებას ერთიანად შეუძრავს ერი და ბერი, მაგრამ ხმალზე ხელი არავის გაუვლია - ამ გზით საქართველო ვერაფერს გახდებოდა თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოდებულ არაბობასთან, ამიტომ არაბი ჭაბუკის წამება ქრისტიანული სულისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებისთვის გამოუყენებიათ ქვეყნის მესვეურებს.
თავიდან არაბები შეეცადნენ, ქართველობა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განედრიკათ - უსულოდ დარჩენილი ერის მართვა და დამონება უფრო იოლი იქნებოდა. ნაწილობრივ მიაღწიეს კიდევაც მიზანს - როგორც იოანე საბანისძე წერს, ქართველები ისე ირყეოდნენ, "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა". არაბთა ბატონობამ უკიდურესად გადააგვარა ერი. მრავალმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, ცრუ მოძღვართაგან "თავით თვისით" შექმნილი რელიგია არჩია და "გულისთქმისაებრ თვისისა" დაიწყო ცხოვრება.
აი, ასეთ დროს გამოჩნდა საქართველოში აბო თბილელი, "გვირგვინოსან-ყო" ჩვენი ეკლესია და "ყოველი კრებული ქრისტიანეთაი ერთბაშად განანათლა".
ვინ იყო აბო, რომლის გამოჩენამაც ერთიანად შემოაბრუნა სიკეთისა და ჭეშმარიტებისკენ ქართველები, საიდან ან რატომ მოვიდა ჩვენს მიწაზე?
როგორც იოანე საბანისძე მოგვითხრობს, აბო "დედულად და მამულად" არაბი ყოფილა და მშობლებსა და და-ძმებთან ერთად ბაღდადში უცხოვრია. შესწავლილი ჰქონია არაბული მწიგნობრობა და ნელსაცხებელთა მომზადების საიდუმლო. როცა ხალიფა მაჰდის ბრძანებით ქართლის ერისმთავარი ნერსე საპყრობილიდან გამოუშვეს, არაბი ჭაბუკი მსახურად დაუდგა მას და თანდათან ისე შეეთვისა, რომ საქართველოშიც გამოჰყვა. იმხანად იგი თვრამეტიოდე წლისა თუ იქნებოდა.
აბოსთვის საქართველო იქცა ღვთის მიერ გაცხადებული ცოდნის იმ აღთქმულ მიწად, სადაც ყოველგვარი ხორციელი ინტერესისგან გათავისუფლდა და იპოვა "უფალი და ღმერთი იესუ ქრისტე".
იდგა 786 წლის 6 იანვარი (ახ. სტ. - 19 იანვარი). თბილისი ნათლისღებას ზეიმობდა. არაბებმა აბო ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესიის ეზოში შეიყვანეს, - სწორედ იქ, სადაც იგი განისწავლებოდა და ეზიარებოდა წმინდა წერილის ჭეშმარიტებას - და თავი მოჰკვეთეს. არაბებს ეგონათ, ამით მხოლოდ ნათლისღებას კი არ გააუფერულებდნენ, შიშის ზარსაც დასცემდნენ ქართველობას, მაგრამ მოხდა პირიქით: აბოს ქრისტესადმი სიყვარულმა, ახოვანებამ და შეურყვნელმა სულმა ფეხზე დააყენა ერი. იმ ადგილს, სადაც აბოს ნაწამები გვამი დაფერფლეს, ხალხი მიაწყდა. იოანე საბანისძე წერს: "იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაი მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ხორცნი იგი წმიდისა მოწამისანი: მოხუცებულნი მორბოდეს კუერთხებითა თვისითა, მკელობელნი - ხლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი - სრბით, ყრმანი - ხდომით ურთიერთას; დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელებაი იგი წმიდასა მას ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა". ეს უკვე აღარ არის არაბთა მძლავრობითა და ლიქნით, მოტყუებითა და თავისივე უმეცრებით ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი შეორგულებული ხალხის სიმრავლე; ეს რწმენადაბრუნებული ერია, აბოს მაგალითით შიშგამკრთალი ერთი კაცივით რომ დაძრულა საკუთარი ღირსების დასაცავად.
აბოს გმირობამ სარწმუნოებაში მერყევი ქართველნი განამტკიცა, ხოლო მორწმუნენი კიდევ უფრო განაძლიერა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა ქართველობა თითქოს ლეთარგიული ძილისგან გამოაფხიზლა და დაკარგული სულიერი სიმაღლეები დააბრუნებინა.
იმ ადგილას, სადაც აბოს წმინდა ნაწილები მტკვარში გადაყარეს, მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე იდგა წმინდანის სახელობის ნიში. იგი ლავრენტი ბერიას დროს თბილისის სანაპირო ზოლისა და ძველი ქალაქის რეკონსტრუქციის დეკრეტს შეეწირა. დღეს მის ადგილას, მეტეხის ხიდის მახლობლად, პატარა ბაზილიკა შენდება. გარდა ამისა, აბანოთუბანში აღმოჩენილია ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია, რომლის ეზოშიც აღესრულა აბო. მის ადგილზეც ბაზილიკის აგებაა განზრახული. მის ქვედა დონეზე შენარჩუნებული იქნება პირვანდელი ეკლესიის ნიშნები, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა