ილარიონი ბერძნული სახელია და ქართულად "მხიარულებას" ნიშნავს. მართლაც მხიარულებად, ნუგეშად და იმედად ექცა წმინდა ილარიონი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ღირსი მამა დაახლოებით 822 წელს დაიბადა კახეთში. მამამისი მხედართმთავარი გახლდათ, ახოვანი მებრძოლი, კეთილი და თავმდაბალი. მეუღლეც თავისი სადარი ჰყავდა. ცოლ-ქმარი განსაკუთრებით უცხოთა და გლახაკთ შეიწყნარებდა და მარადის ლოცვას აღავლენდა ღვთის მიმართ.
ილარიონის დედ-მამას ორი ძე და ერთი ასული ჰყავდა. ილარიონი სიყრმიდანვე ღვთისთვის შეეწირათ. ექვსი წლისა რომ შეიქმნა, ერთ მოხუცებულ მოძღვარს მიაბარეს. ყრმამ უმოკლეს ხანში დაისწავლა ძველი და ახალი აღთქმა. მამა ხშირად მოინახულებდა ხოლმე ვაჟს. როცა მისი სულიერი წარმატება იხილა, იქვე ეკლესია და სენაკები აღაშენა, შეკრიბა თექვსმეტი მონაზონი და ვაჟთან ერთად პირველხსენებულ მღვდელს ჩააბარა.
ჩააცვეს სამონაზვნე სამოსი ილარიონს და იგიც "მორჩილ ექმნა სიკვდილსა ხელითა მამისა თვისისათა". ამ დღეს მისმა მშობლებმა მრავალი სიმდიდრე გასცეს შეჭირვებულთათვის, მაგრამ მას შემდეგ უფრო ხშირად მიდიოდნენ ვაჟის მოსანახულებლად, რადგან, მიუხედავად მრავალგზისი თხოვნისა, ძე ერთი დღითაც არ მიჰყვებოდათ შინ.
ილარიონის მამამ მრავალი სახმარი მიუძღვნა მონაზვნებს და ევედრა, არ მიეცათ ყრმისთვის ფიცხლად მოღვაწების ნება.
გაუძნელდა ასეთი ყოფა ილარიონს, გაიპარა და დავითგარეჯის უდაბნოს მიაშურა. მაშინ თექვსმეტი წლისა გახლდათ. ერთ პატარა გამოქვაბულში დასახლდა, რომელიც წმინდა დავითის დროს ბუბაქარს გამოეკვეთა. იქვე ღირსი მამები მოღვაწეობდნენ და მათი შემყურე ახალგაზრდა ილარიონი საღმრთო შურით აღივსებოდა, იესოს სიყვარულით მოწყლული დღესა და ღამეს ლოცვასა და ცრემლთა თხევაში ატარებდა, იყო მდაბალი სულითა, მშვიდი გულითა, წრფელი გონებითა. საზრდელად ჰქონდა დამბალი პური, ოსპი და ველური მხალი. თუმცა ხორციელად მწირისაებრ საზრდოობდა, მაგრამ სულს დაჰფუფუნებდა, წმინდა წერილითა და მამათა სწავლებებით აღავსებდა.
გაუვარდა სახელი ბერს და ყოველი მხრიდან მიაშურეს მონაზვნობის მსურველებმა. ილარიონი, რომელსაც უკვე ათი წელი მარტოდმარტოს გაეტარებინა, იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მოყვასთა სურვილს...
წმინდა ილარიონმა თავისი გამოცდილებისა და ფიცხელი მოღვაწეობის სანაცვლოდ სულთა განკითხვის ნიჭი მიიღო - შეეძლო გარჩევა, თუ რა იყო ღვთისგან და რა - ბოროტისგან. არიგებდა ძმებს და სულიერად აფხიზლებდა, ფიზიკურ, სამორჩილო საქმესაც აძლევდა და ამითაც განლევდა მათ შინაგან სიმხურვალეს.
მორჩილნი მოძღვარს ემსგავსებოდნენ, ვითარცა კარგი მეომარნი - სახელოვან მხედართმთავარს.
ილარიონის დიდებამ რუსთაველი ეპისკოპოსის ყურამდეც მიაღწია. მეუფემ მოინახულა სამწყსო და რა ნახა ილარიონის ღრმა სულიერება, მისი მღვდლად კურთხევა განიზრახა. მისსავე გამოქვაბულში აღმართა საკურთხეველი და წმინდანს ჯერ დიაკვნად, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი.
მღვდლად ხელდასხმისას ეპისკოპოსმა და რამდენიმე ძმამ სულიწმინდის მადლი იხილეს, რომელიც ილარიონს ხილულად ადგა თავს.
წმინდანმა ხელდასხმის შემდგომ უმეტეს ღვაწლს მისცა თავი და უფროის წარემართებოდა ღვთის გზაზე. საქართველოს შორეული კუთხეებიდანაც კი მოდიოდნენ მის სანახავად და მოსასმენად. მრავალი ევედრებოდა, მასთან დარჩენის ნება მიეცა, მაგრამ ღირს ილარიონს განმარტოება სურდა, ამიტომ ძმათაგან გამოარჩია ერთი, სათნოებით სხვებზე აღმატებული, და მონასტრის ხელმძღვანელობა ჩააბარა, თვითონ კი იერუსალიმს მიაშურა წმინდა ადგილების მოსალოცად. თან ერთი მოწაფეც იახლა.
ურიცხვი განსაცდელი დაითმინეს გზაზე, მაგრამ უფლის შეწევნით მაინც ჩააღწიეს იერუსალიმს.
წმინდა ილარიონმა მოილოცა უფლის ფეხდადგმული ადგილები, მერე კი წმინდა საბას ლავრას ეწვია. რამდენიმე დღე დარჩა იქ, შემდეგ მოწაფე ლავრაში დატოვა, თვითონ კი იორდანის უდაბნოში, ერთ მღვიმეში განმარტოვდა, სადაც წმინდა ილია წინასწარმეტყველსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს ემოღვაწათ. წმინდა ილარიონი, ყოველი ამქვეყნიური ზრუნვისაგან განშორებული, მხოლოდ ღმერთს ხედავდა. საჭმლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა. უდაბნოს მწარე ბალახი იყო მისი საზრდო და ისიც არ ჰქონდა საკმარისი.
ამგვარ ღვაწლში განვლო ჩვიდმეტმა წელიწადმა. ერთ ღამეს ილარიონმა კაცი ვინმე იხილა, რომელიც უბრძანებდა: "ადექი და მშობლიურ ქალაქში წადი, რამეთუ სათნო ეყო ღმერთს დედაშენი და დალოცა, არ განვიდეს ამა სოფლიდან, ვიდრე თავის ძეს არ იხილავს. გიბრძანებს, ეახლო დედას, მის ზედა განწესებული აღასრულო და პატივით დაკრძალო, ამის შემდეგ კი განაგრძო მოღვაწეობა, ვითარცა უფალმა გიბრძანოსო".
უმძიმდა წმინდა ილარიონს მღვიმის დატოვება, არ სურდა, კვლავ ამა სოფლის ამაოებას დაბრუნებოდა, მაგრამ "განგებულება ღვთისა სხვაგვარად განაგებდა". მეორე ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, დაუყოვნებლივ აღესრულებინა, რაც უფალმა აუწყა ანგელოზის პირით.
"იყოს ნება ღვთისა", - თქვა წმინდანმა. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, მხურვალე ცრემლებით დაემშვიდობა თავის სენაკს, გრძნობდა, იქ ვეღარ დაბრუნდებოდა. დილით იერუსალიმში წავიდა, მოილოცა მაცხოვრის საფლავი, გოლგოთა, აღივსო მადლით და სამშობლოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
შინ დაბრუნებულს მამა და ძმა გარდაცვლილნი დახვდნენ. დედა და და მუხლებში ჩაუცვივდნენ მონატრებულს და სურვილით ამბორ-უყვეს ფერხთა და ხელთა. "შვილო საყვარელო, შვილო სასურველო, - უთხრა დედამ, - რაკი არ უგულებელყო ღმერთმა ჩემი ცრემლები და შენი პატიოსანი სახის ხილვის ღირსი გამხადა, ამიერიდან როგორც სათნო გეყოს, ისე განაგე ჩვენი ცხოვრება. ჩვენი სიმდიდრე და ყოველივე ღმერთს მიეც, ჩვენ კი ანგელოზებრივი სახე შეგვმოსე, დაყუდება და სინანული გვასწავლე, რათა ვცხონდეთ შენს მიერ, ვითარცა სხვანი, რომელნი შესწირენ ღმერთსა".
ილარიონმა მშობლების სახლში დედათა მონასტერი მოაწყო, დედა და და მონაზვნად აღკვეცა და იქვე დააბინავა.
ცოტა ხანში ილარიონის დედა გარდაიცვალა. წმინდა მამამ ღირსეულად შემურა "ხორცნი ღირსისა მის დედაკაცისა", თავისი და კი "ღირსთა ქალწულთა მიუთვალა". სიმდიდრის უდიდესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ხოლო დანარჩენი გარეჯის უდაბნოში წაიღო, გააფართოვა წმინდა დავითის განსასვენებელი და ეკლესიად გადააკეთა, წმინდა მამის ნაწილები კი ახალ ლუსკუმაში ჩაასვენა.
უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. წმინდა მამა ყველას დიდი სიყვარულით იღებდა. იგი იყო თვალი ბრმათა, ფეხი მკელობელთა, სახლი მიუსაფართა, მკურნალი სულთა, ყველას მსახური, მზრდელი და ნუგეშისმცემელი.
იმ ხანებში რუსთაველი ეპისკოპოსი გარდაიცვალა და საერო ხელისუფლებამ ილარიონის აღსაყდრება განიზრახა. წმინდანმა მონასტრის ძმათაგან ერთი გამოარჩია, დაადგინა წინამძღვრად და უკანასკნელად დაარიგა, სთხოვა, მონასტრის კარი არასოდეს დაეხშო უცხოთა, გლახაკთა და უსახლკაროთათვის. "მოიგეთ სიყვარული და სიმდაბლე, საკრველითა მით სიყვარულისა და ერთგულებისათა ურთიერთას შემტკიცებულ იყვენითო", - ბრძანა, მუხლნი მოიდრიკა, ილოცა ძმათათვის, აკურთხა საძმო, ორი ბერი თან წაიყვანა და ვითომდა საეპისკოპოსო საყდრის დასაკავებლად ქალაქს გაემართა, სინამდვილეში კი სასწრაფოდ დატოვა სამშობლო და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. მოილოცა იქაური სიწმინდეები, რამდენიმე დღე დაისვენა და ულუმბოს მთას მიაშურა. იქ ერთი მცირე ეკვდერი ნახა და იქ დაბინავდა.
ყველიერის შვიდეული აღსრულებულიყო და შაბათის მწუხრზე ეკვდერში კანდელთა ასანთებად ვინმე ბერი მივიდა. უცხონი რომ დაინახა, უკან გაბრუნდა და პაქსიმადი (გამხმარი პური) და დამბალი ცერცვი მოუტანა. ერთი კვირის შემდეგ კვლავ მივიდა და ნახა, რომ მამა ილარიონსა და მის მორჩილებს მხოლოდ ცერცვი შეეჭამათ, პურისთვის კი ხელი არ ეხლოთ. მიხვდა ბერი, რომ მის წინაშე დიდად მოღვაწე მამები იყვნენ.
ეკვდერის მფლობელი ლავრის წინამძღვარმა რომ შეიტყო, იქ ვიღაც უცხო, ბერძნულის უმეცარი ბერები დამკვიდრებულანო, ბრძანა, გაეყარათ. იკონომოსი შემოხიზნულთა გასაძევებლად გაემართა. წმინდა ილარიონმა თავისი მცირედი ბერძნულით მას ერთი ღამის გათევის უფლება სთხოვა. შეებრალა იკონომოსს უცხოები, ეკვდერში დატოვა, მაგრამ გააფრთხილა, მეორე დღესვე წასულიყვნენ.
იმ ღამეს მამასახლისს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და რისხვით უთხრა: "საწყალობელო, რაისთვის განუტევე უპატიოდ დიდად მოღვაწე ილარიონი და ურცხვად დაივიწყე ღვთის მცნება, რომელიც უცხოთა შეწყნარებას გვასწავლის?! რატომ გგონია, რომ მხოლოდ ელინთა ენას შეიწყნარებს ღმერთი? განა არ იცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც ღვთისმოშიში და უფლის მცნებათა აღმსარებელია, სათნოა მისთვის? განა არ იცი, რომ ამ მთაზე მრავალნი დამკვიდრდებიან თავიანთ ენაზე მეტყველნი და ცხონდებიან? და რომელი მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია".
გაიღვიძა მამასახლისმა, შეძრწუნებული წამოდგა და წმინდა ილარიონს ეახლა, ჩაუვარდა მუხლებში და შენდობა სთხოვა. ევედრებოდა, ეკვდერში დარჩენილიყო, რათა ღვთისმშობლის რისხვა არ მოსწეოდა.
ააყენა ილარიონმა წინამძღვარი, უთხრა: "წარსული წყენისთვის ნურაფერს იდარდებო, მამაო". გახარებულმა წინამძღვარმა ბრძანა, ქართველი მამებისთვის სარეცლები და საჭმელ-სასმელი მოეტანათ. მაგრამ ღირსმა მამამ შეაჩერა და სთხოვა: "ნუ შეწუხდებით, მხოლოდ ზედაშე და შესაწირავი პური მოგვიტანეთ ხოლმე, ესეც გვეყოფაო".
წინამძღვარი მონასტერში დაბრუნდა და დისწულის ხელით უგზავნიდა ზედაშესა და საწირავ პურს.
წინამძღვრის დისწულს მარჯვენა ფეხი დაბადებიდან გამხმარი ჰქონდა. ერთ დღეს, როცა ქართველ მამებთან მიდიოდა, წაიქცა და ტკივილისგან მწარედ ატირდა. ასე მტირალი მივიდა ეკვდერში. ღირს მამას შეებრალა ყმაწვილი, კანდელის ზეთი სცხო და ბიჭმაც, მეყსეულად განკურნებულმა, სიხარულით მიაშურა ბიძას.
სასწაულის ამბავი მთელ ულუმბოს მოედო. მას შემდეგ იქ მცხოვრები მამები ხშირად აკითხავდნენ ხოლმე წმინდა ილარიონს სულიერი რჩევისთვის.
ილარიონის საძმოს სამი ქართველი ბერი შეემატა, რომლებიც ხორციელი ძმებიც იყვნენ. ერთმა მათგანმა ბერძნული ენა კარგად იცოდა და ის უთარგმნიდა ხოლმე სტუმრებს მამა ილარიონის ნათქვამს.
ილარიონ ქართველის სახელმა სატახტო ქალაქამდეც მიაღწია. მეფის კარიდან მრავალნი მიდიოდნენ მასთან სულიერი სარგებლისთვის. ღირსი მამა არავისგან იღებდა შესაწირს, "ღვთისმშობელი აღგვავსებს ყოველგვარი სიკეთით, ჩვენ კი მეტი არაფერი გვსურსო", - ეუბნებოდა შესაწირავის გაღების მსურველთ, თვითონ კი იჯდა და ფინიკის კალათებს წნავდა. ხელთსაქმარს მხოლოდ ლოცვისას თუ დაუტევებდა.
ხუთი წელი გავიდა ულუმბოზე დამკვიდრებიდან. ამქვეყნიური დიდება აუტანელ ტვირთად ექცა წმინდა მამას. ჯვართამაღლების მოახლოებისას სულიერ შვილებს უთხრა, რომ კონსტანტინოპოლში წასვლა და პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემა სურდა, აკურთხა ძმები, სთხოვა, ლოცვებში მუდამჟამს მომიხსენეთო, და დაადგა გზას. ჯერ კონსტანტინოპოლი მოილოცა, შემდეგ რომისკენ გაემართა. თესალონიკეში ერთი გლახაკი განკურნა, რომელსაც, ცამეტი წელი იყო, არ გაევლო. გახარებული კაცი ქალაქისკენ გაიქცა, ხოლო წმინდა ილარიონმა, კაცთა დიდებას გარიდებულმა, გზა განაგრძო. მიაღწია რომს, ეთაყვანა წმინდა პეტრესა და პავლეს ლარნაკს, ორი წელი დაჰყო იქ და კვლავ კონსტანტინოპოლში გაბრუნდა.
გზად თესალონიკეს კარიბჭესთან შეისვენა. ამ დროს ერთმა მოსამსახურე ქალმა გამოიყვანა და იქვე ახლოს დასვა ქალაქის მთავრის ვაჟი, რომელსაც მარჯვენა მხარი გამხმარი ჰქონდა. შეებრალა წმინდანს ყრმა, ქალს სთხოვა, წყალი მომიტანეო მაშვრალს და მის დაბრუნებამდე ბავშვი, ჯვრის გადასახვით განკურნებული, მშობლებთან გაუშვა, თვითონ კი ხალხს შეერია. ბავშვმა დედ-მამასთან მიირბინა. განცვიფრდა მთავარი, გამოჰკითხა მოსამსახურეს იმ ბერის გარეგნობა და შესამოსელი, მერე კი ბრძანა, ქალაქის ყველა გასასვლელი ჩაეკეტათ, ეპოვათ ღირსი მამა და დიდი პატივით მიეყვანათ მასთან.
მთავრის ხალხმა წმინდა ილარიონს ქალაქის აღმოსავლეთით მიაგნო, თაყვანი სცა და მთავრის სათხოვარი გადასცა.
მთავარი და მისი მეუღლე მოწიწებით მიეგებნენ ღირს მამას, მუხლებში ჩაუცვივდნენ, კურთხევა სთხოვეს. წმინდა ილარიონმა წამოაყენა ისინი, გვერდით მოისვა და სულიერადაც განკურნა. შეევედრა ცოლ-ქმარი, ჩვენთან დარჩი და რომელი ტაძარიც მოგეწონება, იქ დამკვიდრდიო. დაჰყვა მათ თხოვნას ღირსი მამა, მთელი ქალაქი მოვლო, ერთ ადგილას მცირე ეკვდერი მოეწონა და იქ დასახლდა, მთავარს კი სთხოვა, განმარტოება ეცლიათ მისთვის, მხოლოდ ჟამითი ჟამად ხმელი პური და დამბალი ცერცვი მიეტანათ.
განკვირდა თესალონიკე ღირსი მამის მოღვაწეობით, დიდი სასოება გაუჩნდათ წმინდა ილარიონის ლოცვის მიმართ. ეს იმედი თანაქალაქელი დიაკვნის ამბავმაც განუმტკიცათ. ის სკვითებს ჩაეგდოთ ტყვედ და თავიანთ ქვეყანაში მიჰყავდათ. განსაცდელში ჩავარდნილმა წმინდა ილარიონის მიმართ ვედრება აღავლინა. იმ ღამეს ძილში თვით ღირსი მამა იხილა, რომელმაც უბრძანა: "ადექი და მოდი ჩემთან!" გაიღვიძა და რას ხედავს - ხელ-ფეხზე ბორკილი შეხსნია, სკვითებს კი ღრმა ძილით სძინავთ. ადგა, გაიპა-
რა, გაუჩერებლად იარა და თესალონიკეში ჩავიდა.
გავიდა სამი წელი. წმინდა მამამ აღსასრულის მოახლოება იგრძნო. იხმო მთავარი, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უცხოთმოყვარებისა და მისი შეწყნარებისთვის, შემდეგ კი ანდერძად დაუბარა, ყოველ უცხოს ამგვარადვე მოექეცი, უფრო მეტად კი მონაზონნი შეიწყნარე, სახლის კარი ყოველი გაჭირვებულისთვის ღია გქონდესო. სთხოვა ისიც, ყოველი საქმე სამართლიანად განესაჯა, მოეძულებინა ქრთამი და უხვად გაეცა მოწყალება.
დამწუხრდა მთავარი, მგლოვიარე გაბრუნდა შინ, ილარიონი კი სენაკში შევიდა და ღვთის მიმართ ლოცვით აღიწია.
ერთ შაბათს იხმო მოწაფეები, დაარიგა და სთხოვა, ერთმანეთის სიყვარული ჰქონოდათ, ამის შემდეგ მღვდელს წირვა აღასრულებინა, ეზიარა, ყველა აკურთხა და თავ-თავიანთ სენაკებში განუტევა.
ბოლოს მოვიდა მისი გარდაცვალების დღეც. წმინდა ილარიონს მცირე რამ სალმობა შეემთხვა და სამი დღის შემდეგ უფლისა მიმართ მიიძინა.
მთელი თესალონიკე შეიკრიბა წმინდა მამის ნეშტთან. თან სნეულნი და ეშმაკეულნი მოჰყავდათ, რომლებიც წმინდანის ცხედართან შეხებისთანავე იკურნებოდნენ.
საღმრთოდ შემურეს ღირსი მამის სხეული და ქვის ლარნაკში ჩასვენებული იმავე ეკვდერში დაკრძალეს, სადაც მოღვაწეობდა.
მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა ილარიონის საფლავთან, თვით მისი სამოსელიც კი სასწაულებს ახდენდა. მონასტრის ძმებს ღირსი მამის ფლასი ვინმე გლახაკი დედაკაცისთვის მიეცათ მოწყალებად, ის კი ავადმყოფებს კურნავდა მისი დადებით, გამდიდრდა კიდეც და მას შემდეგ თავადვე აღუპყრობდა გლახაკთ ხელს.
ამ დროს ბიზანტიაში ბასილი კეისარი მეფობდა. ერთხელ მეფემ დიდი წვეულება გამართა და ულუმბოს მთის ყველა მონასტრის წინამძღვარნი მიიწვია. იქვე იყო ის არქიმანდრიტი, რომლის დისწულიც წმინდა ილარიონმა განკურნა. მეფემ სტუმრებს თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის წერილი გააცნო, რომელიც ახალგამოჩენილ წმინდანზე - ილარიონ ქართველზე მოუთხრობდა. ულუმბოელი არქიმანდრიტი წამოდგა და თავის მხრივაც ყოველივეს დაწვრილებით მოუყვა ღირს მამაზე. "ვინმე თუ დარჩა ღირსი მამის მოწაფეთაგან?" - ჰკითხა მეფემ. ულუმბოს მთაზე სამი მოხუცებული ბერია, რომელთაც ზედმიწევნით იციან წმინდა ილარიონის ამბავიო, მიუგო ულუმბოელმა. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა ხალხი და ქართველი ბერები მოაყვანინა. იხილა და დიდად მოიხიბლა მათი სულიერი და ხორციელი მშვენიერებით, ბრძნული სიტყვითა და მდაბალი გონებით. "ჭეშმარიტად მონანი ღვთისანი არიან და ჩემი სულის მეოხნი", - თქვა ბასილიმ და ღირს მამებს შესთავაზა, ნებისმიერი მონასტერი აერჩიათ და მასთან დარჩენილიყვნენ. ქართველებმა მოკრძალებით მიუგეს: "არ ეგების, მეუფეო, ჩვენ, უცხო ხალხმა, სხვათა აშენებული მონასტერი დავიპყროთ, აღმშენებელნი მისნი იქიდან გავაძევოთ და ამით ღვთის წყევლა დავიტეხოთ თავს. უკეთუ გნებავს,'ბრძანე და სადაც ენებოს უფალს, იქ აგვიშენე მცირე სამყოფელი, სადაც დავმკვიდრდებით და შენი მეფობისთვის ვილოცებთო".
მეფემ ღირს მამებს თავისი მხედართმთავარი გააყოლა და ადგილის შესარჩევად გაუშვა. ქართველებმა კონსტანტინოპოლის ჩრდილოეთით, სოსთენის მთავარანგელოზის ტაძრის ახლოს, ერთ ღელესთან, რომელსაც ჰრომანას ეძახდნენ, მოინდომეს მონასტრის აშენება. აუწყეს მეფეს და მანაც ბალავარში პირველი ქვა ჩადო, რომელზეც რამდენიმე თვეში მოციქულთა სახელობის ტაძარი აიგო.
ბასილი კეისარმა ღირსი მამის წმინდა ნაწილები თესალონიკედან ჩამოაბრძანებინა და თავის სამეფო პალატში დაასვენა.
შუაღამისას მეფე სასიამოვნო სურნელებამ გამოაღვიძა. მიხვდა, რომ ეს სურნელი წმინდა ნაწილთაგან მოედინებოდა. გახარებულმა მეფემ სიწმინდეთა თავისთან დატოვება განიზრახა, მაგრამ იმავე ღამეს გამოეცხადა წმინდა ილარიონი და უთხრა: "შეიწირა უფალმა შენი გულისმოდგინება და ჩვენდა მომართ პატივისცემა, მაგრამ სამეფო პალატში ჩემი ყოფნა რომ განიზრახე, ეს არ სათნო ეყო; შენს აშენებულ ახალ მონასტერში დააბრძანე ჩემი ნეშტი, რამეთუ სურნელება, რომელიც შენ იყნოსე, ქალაქში კი არ მომიგია, არამედ უდაბნოში, და თუ გინდა მადლი გქონდეს, უდაბნოსვე წამიყვანეო".
ცისკრის ჟამს ადგა მეფე, იხმო პატრიარქი და წმინდა ილარიონის ნაწილები სოსთენის ეკლესიაში გადააბრძანებინა, ხოლო ჰრომანას მოციქულთა ტაძრის სატფურების (კურთხევის) შემდეგ ქალაქში მეტოქი ტაძრებიც განუჩინა.
ამდენი წყალობის გამცემი, თვითონაც შეიწყალა ღმერთმა - ჰრომანადან უსტარი გამოუგზავნა ექვთიმე ქართველმა, დაყუდებულმა ბერმა, და აუწყა, რომ იხილა ცეცხლი, რომელიც ბასილი კეისრის ცოდვათაგან ანთებულიყო. მწუხარებდა ამის შემხედვარე ექვთიმე. ამ დროს მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: "ნუ მწუხარებ, რამეთუ პოვა მადლი მეფემ ღვთის წინაშე და მისი მეოხია ილარიონ ქართველი, რომელიც ამ ცეცხლს ჩააქრობსო". ამის გაგონება იყო და გამოჩნდა კაცი ვინმე დიდებული, კოცონს წყალი დაასხა ("ცხოვრების" სხვა ვარიანტით - ალში ხორბლისოდენა თეთრი მარცვალი - სიმბოლო უცხოთშეწყნარებისა - ჩააგდო) და ჩააქრო. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მბჟუტავი ნაკვერჩხალი. "აწ, მეფეო, ისწრაფე და ქველი საქმეებით ის ნაკვერჩხლებიც ჩააქრეო", - დასძინა ღირსმა ექვთიმემ.
ამის შემდეგ ბასილი კეისარს უფრო მეტი სასოება გაუჩნდა წმინდა მამის მიმართ. მონასტერში სამეფო სენაკიც კი ააშენებინა, სადაც ხშირად მიდიოდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. მისი ბრძანებით ბასილი მონაზონმა წმინდა ილარიონის ცხოვრება აღწერა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ღირსი მამა წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 19 ნოემბერი (ძვ. სტილით) დაადგინა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი