მრავალს მოაქცევდნენ უფლისკენ, მოწყალებას გასცემდნენ, შიშველს მოსავდნენ, მშიერს აპურებდნენ, ყველა გაჭირვებული და სუსტი ნუგეშს იღებდა მათგან
III-IV საუკუნეებში უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, ამ ცოდვილი მიწის სამ სხვდასხვა ადგილას სულთა და ხორცთა მკურნალად სამი კოზმა და სამი დამიანე გამოაჩინა.
კიდევ ერთხელ ვინუგეშოთ მათი ცხოვრების გახსენებით და ერთობით აღვუვლინოთ წმინდანებს ლოცვა ამ სნეული წუთისოფლის შვილებმა.17 ოქტომბერს (ძვ. სტ.) ხსენებული წმინდა ძმები, კოზმა და დამიანე, ტომით არაბები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ირწმუნეს ქრისტე და ღმერთი შეიმოსეს, დადიოდნენ დაბიდან დაბაში, ქალაქიდან ქალაქში, ქადაგებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, დაადებდნენ ხელს სნეულს და ლოცვით ფეხზე აყენებდნენ. გასამრჯელოს არ იღებდნენ და ამიტომაც "უვერცხლონი" უწოდა ხალხმა. გაითქვა მათი სახელი მთელ არაბეთში.
იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს ქრისტიანებს მძაფრად შეუტიეს, წმინდა კოზმა და დამიანე შეიპყრეს და კილიკიის მმართველ ლისიმეს მიჰგვარეს. მან კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა წმინდანებს, მაგრამ მათ უშიშრად აღიარეს ქრისტე. ლისიმემ ისინი ჯერ გააროზგვინა, შემდეგ მსახურებს ძმები ერთად შეაკვრევინა და ზღვაში გადააყრევინა. უფლის ანგელოზი გამოეცხადა წმინდანებს, საკვრელი შეხსნა და ხმელეთზე უვნებლად გამოიყვანა. გაოცებულმა ლისიმემ ჰკითხა მათ: - რა ჯადოქრობით გადაურჩით დახრჩობას, მეც მასწავლეთ ეგ ხერხიო. წმინდანებმა უპასუხეს: - არანაირი ჯადოქრობა არა ვიცით და არცა გვჭირდება. ჩვენ ქრისტეს წმინდა სახელით შევიმოსებით ძალით, რომელიც გვიხსნის ჩვენც და ყოველ ქრისტიანს გასაცდელისგანო. მმართველს პასუხი არ მოეწონა, ისევ ციხეში დაამწყვდია წმინდანნი და მეორე დღეს ცეცხლში ჩაყარა. ცეცხლი არ შეეხო საღმრთო ცეცხლით ანთებულთ. შემდეგ ლისიმემ მათი ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ წმინდანებისკენ ნასროლი ქვები მსოლელებს უბრუნდებოდათ, ზოგიერთი ამ ქვამ მოკლა კიდეც. ახლა მოისარნი დააყენა მათ წინაშე. ბევრი მათგანი მოწყვიტა და დააშავა უკან მიბრუნებულმა ისრებმა. გულგანფიცხებულმა ლისიმემ წმინდა კოზმასა და დამიანეს და მათი სამი ძმის - ლეონტის, ანთიმოსისა და ევტროპიოსის - თავის მოკვეთა ბრძანა. წმინდა მოწამენი ერთად დაკრძალეს, ერთად ადიდებენ ცათა შინა სახიერ უფალს და ერთად შეეწევიან მათი სახელების კრძალვით მომხსენებლებს.
ხორციელი ძმები იყვნენ სხვა კოზმა და დამიანეც (რომელთა ხსენებაც ძვ. სტილით 1 ივლისსაა). ისინი წარმართულ რომში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადნენ. მშობლებმა ისინი ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები გაზარდეს და საექიმო საქმეში განსწავლეს. კოზმა და დამიანე არა მარტო სამკურნალო ბალახებით, ხელის დადებითაც კურნავდნენ კაცთა თუ პირუტყვთ, საფასურად კი კაცთაგან მხოლოდ უძვირფასეს ჯილდოს - ქრისტეს რწმენას - ითხოვდნენ. დადიოდნენ რომის გარშემო სოფელ-ქალაქებში, მრავალს მოაქცევდნენ უფლისკენ, მოწყალებას გასცემდნენ, შიშველს მოსავდნენ, მშიერს აპურებდნენ, ყველა გაჭირვებული და სუსტი ნუგეშს იღებდა მათგან. ჩვენ ჩვენი ძალით არაფერი შეგვიძლია, მხოლოდ ხელებს დაგაყრდნობთ ხოლმე, კურნებით კი ყოვლისშემძლე ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე გკურნავთ. თუ მას უყოყმანოდ ირწმუნებთ, მაშინვე გამოჯანმრთელდებითო, - ეუბნებოდნენ ავადმყოფებს. ამგვარად, წმინდა კოზმამ და დამიანემ მრავალი ცხვარი შეჰმატეს ქრისტეს სამწყსოს.
გამწარებულმა ეშმაკმა აღძრა ზოგიერთი თავისი მსახური და საჩივლელად რომის იმპერატორ კარინესთან გაგზავნა. მან უვერცხლოდ მკურნალი ძმების შესაპყრობად ჯარისკაცები გაგზავნა იმ დაბაში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ. ქრისტიანები ევედრებოდნენ წმინდანებს, სადმე დამალვოდნენ კარინეს რისხვას, ისინი კი, პირიქით, ჯარისკაცებთან მისვლას აპირებდნენ. ბოლოს ვედრებამ გაჭრა და ძმები მღვიმეში დაიმალნენ. განრისხებულმა ჯარისკაცებმა, წმინდა კოზმა და დამიანე რომ ვერ ნახეს, რამდენიმე უდანაშაულო კაცი შეიპყრეს, დაადეს ბორკილები და რომში გაბრუნდნენ. ამის შემხედვარე ძმებს მღვიმეში რაღა გააჩერებდათ. დაეწივნენ ჯარისკაცებს და უთხრეს: - გაათავისუფლეთ უდანაშაულონი, რადგან სწორედ ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ეძებთო. ბორკილდადებული ძმები რომში წაიყვანეს და დილეგში ჩაყარეს. დილით იმპერატორმა ქრისტიანთა სამსჯავროზე გააყვანინა მცველებს კოზმა და დამიანე და მიმართა მათ: "ეს თქვენ აღუდექით წინ წინაპართა ღმერთებს, რაღაც მანქანებით კურნავთ უფასოდ კაცთა და პირუტყვთ, რითაც აცდუნებთ უბრალო ხალხს? ახლა მაინც დაუტევეთ მცდარი გზა და მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, რომლებიც დიდხანს ითმენდნენ თქვენგან შეურაცხყოფას და ბოროტის ბოროტით არმიმგებელნი თქვენს მოქცევას უცდიან". წმინდანებმა მეფეს თამამად უპასუხეს: "ჩვენ ერთი კაციც კი არ გვიცდუნებია და არც ჯადოქრობისა გაგვეგება რა. სნეულთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მადლით ვკურნავთ. ამისთვის კი არავისგან არაფერს ვითხოვთ. ერთადერთი - მხოლოდ კაცთა სულების ხსნა გვინდა. ვეხმარებით, ვემსახურებით ყველა ღარიბს და გაჭირვებულს, ვითარცა ქრისტეს. აღვასრულებთ რა უფლის მცნებებს, მისგანვე მოველით ჯილდოს - საუკუნო ცხოვრებას ზეციურ სამეფოში. არასოდეს ვცემთ თაყვანს შენს ღმერთებს, რადგან კარგად ვიცით, რომ ისინი ჭეშმარიტნი არ არიან. გირჩევთ, მეფევ, დაუტევე კერპთა თაყვანისცემა, შეიცანი ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, და ემსახურე მას". განრისხებულმა კარინემ უთხრა: "აქ ჭკუის სასწავლებლად კი არა, მსხვერპლის შესაწირად მოგიყვანეთ". ძმებმა მიუგეს: "ჩვენი სულების უსისხლო მსხვერპლს მარტოოდენ ჩვენს ღმერთს შევწირავთ, რომელიც შემოქმედია და არა ქმნილება, შენი ღმერთებივით". იმპერატორი დაემუქრა მათ, თუ ჭკუაზე არ მოხვალთ, მწარედ გაწამებთო. "შერცხვენილი იყავით შენ და შენი უსულო კერპები, - უთხრეს იმპერატორს წმინდანებმა, - შეგეცვალოს სახე და სხვა ადგილას მოგიბრუნდეს, რათა შეიცნო ძალი ღმრთისა".
მართლაც, იმწამსვე იმპერატორს თავი გვერდზე მიექცა და გაუშეშდა. ამის მხილველმა ხალხმა ქრისტიანთა ღმერთი ადიდეს. ჭეშმარიტი ღმერთის ძალა შეიცნო იმპერატორმაც, აღიარა ენითაც და წმინდანებს განკურნება სთხოვა. მათ უპასუხეს, - თუ მართლაც იწამე იესო, შეევედრე და გიშველისო. ათრთოლებულმა კარინემ ილოცა: "უფალო იესო ქრისტე, მე მწამხარ შენ როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, შემიწყალე და ნუ მოიხსენებ ჩემს უგუნურებას". ეს თქვა და კარინეს სახე თავის ადგილას მოუბრუნდა. განკურნებულმა აღაპყრო ხელები ზეცად და მადლობა შესწირა მაცხოვარს. კოზმა და დამიანე უხვად დაასაჩუქრა და მშვიდობით გაუშვა შინ.
დიდი სიხარულით შეხვდნენ მორწმუნენი შინ დაბრუნებულ ძმებს. მათ განაგრძეს კურნება.
კოზმას და დამიანეს მასწავლებელ ექიმს შეშურდა ყოფილი მოწაფეებისა. მთებში ვითომდა სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად გაიტყუა ისინი. ისე მოახერხა, რომ ყვავილების კრეფისას ძმები ცალ-ცალკე, დაშორებით ყოფილიყვნენ. ჯერ ერთი მოკლა, მერე მეორე. შემდეგ ცხედრები იქვე, ჭაში დამალა. ამგვარად, 284 წელს ძმებმა მოწამეების გვირგვინები მიიღეს და აგრეთვე მადლი ყოველი ქრისტიანის შეწევნისა.
პირველ ნოემბერს (ძვ. სტ.) არის ხსენება უვერცხლოთა მკურნალთა - ძმების წმინდა კოზმასი და დამიანესი, რომლებიც წარმოშობით აზიიდან იყვნენ. მამა წარმართი ჰყავდათ, დედა - თეოდოტია კი კეთილმორწმუნე ქრისტიანი. იგი დაქვრივების შემდეგ ცდილობდა ღვთივსათნოდ ეცხოვრა და ასე აღზარდა შვილებიც. სრულწლოვანი ძმები უბიწო ცხოვრებით ბრწყინავდნენ. ღმერთმა ისინი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათი სამკურნალო ბალახებით, უფრო კი ლოცვებით, კაცნი და პირუტყვნი ყველანაირ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, რაშიც არანაირ გასამრჯელოს არ იღებდნენ. ძმებმა მშვიდობით განვლეს ცხოვრება და ნეტარად აღესრულნენ. მათ უპოვარობასა და უანგარობაზე არის ამგვარი გადმოცემა: ერთი დედაკაცი, სახელად პალადია, მრავალი წელი სარეცელს იყო მიჯაჭვული. საწყალს ვერავინ უშველა. მაშინ წმინდა კოზმა და დამიანეს ხელით მოვიდა მასზე ღვთის წყალობა. პალადიამ კაცი გაუგზავნა წმინდანებს და სთხოვა, სიკვდილის წინ მოენახულებინათ. როცა ძმები პალადიას სახლში შევიდნენ, იქიდან მეორე კარით ავადმყოფობა გავიდა. ქალი მყისვე გამოჯანმრთელდა და მადლიერებით აღივსო, მაგრამ ძმებმა საჩუქარს ხელი არ მოჰკიდეს. პალადიამ დაიმარტოხელა დამიანე, ღვთის სახელი დააფიცა და სთხოვა, ყოვლადწმინდა სამების სახელზე მისგან სამი კვერცხი აეღო. გაუძნელდა დამიანეს, მაგრამ საშინელი ფიცის გამო აიღო კვერცხები. ეს რომ კოზმამ შეიტყო, განაწყენდა და ანდერძად დაიბარა, როცა მოვკვდებით, დამიანე ჩემს გვერდით არ დაკრძალოთო. გარდაიცვალა წმინდა კოზმა, მას მალე წმინდა დამიანეც მიჰყვა. ხალხი დაიბნა, არ იცოდნენ, რა ექნათ. ამ დროს მიცვალებულისკენ გაგიჟებული აქლემი გამოიქცა, პირი დაადო თუ არა გარდაცვლილს, განიკურნა და ადამიანის ხმით უთხრა ხალხს, - დამიანე ძმის გვერდით დაეკრძალათ, რადგან მან კვერცხები არა ანგარებით, არამედ ღვთის გულისთვის მიიღო. ასე დაკრძალეს ორივე ძმა ქალაქ ფერემანეში.
ერთ ადგილობრივ მკვიდრს მკაში მიეძინა და ღია პირში გველი ჩაუძვრა. საცოდავი საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. კურნება და საშველი არსაიდან იყო. ბოლოს ილოცა უვერცხლო მკურნალთა მიმართ. ტკივილით დაღლილს მიეძინა. პირიდან გველი ამოძვრა. კაცმა იმწამსვე სრულიად ჯანმრთელად გაიღვიძა.
წმინდანთა საკრძალთა ახლოს, ეკლესიის გვერდით, ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად მალხი. ერთხელ შორეულ ქვეყანაში აპირებდა წასვლას. დამშვიდობებისას ცოლს უთხრა: გრძელი გზა მელის, შენც და ოჯახსაც მთლიანად წმინდა კოზმასა და დამიანეს ვაბარებ. დარჩი შინ, სანამ კაცს არ გამოვაგზავნი, რომელიც ჩემს ნიშანს გაჩვენებს და დაიმედებული გამოჰყვებიო. რამდენიმე დღის შემდეგ ეშმაკმა კაცის სახე მიიღო. მალხის ცოლთან მივიდა, ქმრის ნიშანი აჩვენა და უთხრა, მასთან მიგიყვანო. ქალს გაყოლა არ უნდოდა და უთხრა: - წამოდი ტაძარში, შეჰფიცე წმინდა კოზმასა და დამიანეს, რომ არას მავნებო. ეშმაკი გაჰყვა ტაძარში და დაიფიცა. დაიმედებული ქალი გაჰყვა. ერთ მიყრუებულ ადგილას ეშმაკმა მას მოკვლა დაუპირა. ქალმა თვალები ზეცად აღაპყრო და წმინდანებს უხმო. ამ დროს მას მაშველად ორი მამაკაცი მოევლინა. ეშმაკი უმალ გაუჩინარდა. ქალმა მადლობა მოახსენა უცნობებს და ვინაობა ჰკითხა - მინდა ვიცოდე, ვინ გადამარჩინაო. უცნობებმა უთხრეს: ჩვენ ქრისტეს მონები ვართ, კოზმა და დამიანე. შენმა ქმარმა ოჯახი და ცოლი ჩვენ ჩაგვაბარაო.
ქალი შიშისა და სიხარულისგან მათ წინაშე დაემხო, წმინდანნი კი უხილავნი გახდნენ. მივიდა ქალი ტაძარში, ეამბორა წმინდა კოზმასა და დამიანეს საფლავებსა და ხატს. შემოიკრიბა ხალხი და მოუთხრო მათ სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი. ყველამ ერთხმად ადიდა საკვირველი ყოვლადწმინდა სამება, წმინდა კოზმა და დამიანე.