ცხრა შვილი შეეძინათ სტავროს და თეოდორა ცელიკასებს, მაგრამ, ღვთის განგებით, მხოლოდ სამი მათგანი გაიზარდა. სწორედ ასეთი "სიკვდილის ტრაპეზის ნამუსრევი" გახლდათ პატარა იაკობი, სუსტი აგებულებისა.
ხშირი ავადმყოფობის გამო დედა მას "შემოდგომის წიწილასაც" ეძახდა. ორი წლის იყო იაკობი, როცა დედამ და ბებიამ ხალათში გაახვიეს და პატარა ხომალდით თურქებს გამოქცეულ სხვა მცირეაზიელ ბერძნებთან ერთად სამშობლოს მიაშურეს. მაგრამ ათენის პორტში შესულებმა უკან დაბრუნება და სიკვდილი ინატრეს, რადგან აქ, სამშობლოში, ბერძენთაგან პირველად გაიგონეს ღვთისმგმობი სიტყვები.
ცელიკასების ოჯახი საბოლოოდ კუნძულ ევბეაზე დასახლდა. სტავროსი კალატოზი იყო, ხშირად დიდი ხნით უხდებოდა ოჯახის მიტოვება. ამიტომ ბავშვებს დედა ზრდიდა. მისგან ისწავლა იაკობმა ბევრი მუხლისდრეკა და დიდხანს ლოცვა. ეცოდებოდა დედიკო და საოჯახო, საქალო საქმეებშიც ეხმარებოდა. ის კი არა, გადასაფარებლების ქსოვაც კი ისწავლა, რაც შემდგომ მონასტერში გამოადგა. შვილების გაჩენის შემდეგ მისი მშობლები და-ძმასავით ცხოვრობდნენ. ოჯახში ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. თუნდაც მშობლები შინ არ ყოფილიყვნენ, ბავშვები როგორ გაბედავდნენ მათ სკამებზე დასხდომას!
სამ კვირაში ერთხელ მათ სოფელში მოდიოდა მღვდელი და სწირავდა. პატარა იაკობიც არ გამოტოვებდა ხოლმე ღამისთევის ლოცვებს. აღსარებას ბავშვები არ ამბობდნენ, მკაცრი მარხვის შენახვის შემდეგ მიდიოდნენ მშობლებთან, ეამბორებოდნენ ხელზე და ასე ეზიარებოდნენ. დედაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა პატარა იაკობს, დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ გიმნაზიაში აღარ გაუშვა - არ გამიფუჭდეს ბიჭიო. ერთხელ შეცივებულ იაკობს ხელები მუხლებს შორის ჩაეწყო გასათბობად. "შვილო იაკობ, ასე ნუღარ ჩაიწყობ ხელებს, - მოფერებით უთხრა დედამ, - ვინც ასე აკეთებს, მათი მშობლები მალე კვდებიანო" და შვილს, გათბობის მიზეზით ცოდვას რომ არ მიჩვეოდა, ხელთათმანები შეუკერა.
პატარა იაკობი კი უკვე სხვა სამყაროში გადასულიყო. ხშირად დადიოდა სასაფლაოზე, ფიქრობდა ცხოვრების წარმავლობაზე და ბერობას ნატრობდა. წავიდოდა ხოლმე მახლობლად მთებში, გამოთხრიდა მღვიმეს, მოიდრეკდა მუხლს და საათობით ლოცულობდა. განსაკუთრებით უყვარდა წმინდა პარასკევას სამლოცველოში ყოფნა, აკრიალებდა იქაურობას, კანდელებს ანთებდა. ერთხელ თვით წმინდა პარასკევა გამოეცხადა და უთხრა: შვილო იაკობ, ასე კარგად ემსახურები ჩემს ტაძარს, მითხარი, რა ნიჭი გაჩუქოთო. წავალ, დედას შევეკითხები და გეტყვიო, - უპასუხა. მცირე ხანში დაბრუნდა და წმინდანს "თავისი ბედნიერება" სთხოვა. ცხოვრებაში მრავალ ქება-დიდებას მოისმენ, მრავალი ოქრო გაივლის შენს ხელში და შენ არ შეგეხებაო, - უთხრა წმინდანმა.
დედამისი თეოდორა ასკეტური ბუნების ადამიანი იყო, უხვად მოწყალე, მმარხველი. ამის მხილველი იაკობი უფრო და უფრო იმკაცრებდა თავის ცხოვრებას. ოჯახში განსაკუთრებით დიდ მარხვას იცავდნენ. დედა გამოსაცდელად ეტყოდა ხოლმე იაკობს: - შვილო, შენ ასეთი სუსტი ხარ, მოდი, ერთი კვერცხი შეჭამე, რომ მოძლიერდეო. რას ამბობ, დედიკო, - პასუხობდა ბიჭი, - კვერცხი რომ შევჭამო, აღდგომას ვეღარ გავიგებ. მე მინდა აღდგომის კვერცხი შევჭამო და ამ დღესასწაულის მადლი შევიგრძნოო.
მართლაც რომ "ბერის" ნათქვამია. პატარა ბიჭს ღმერთთან ყოფნა სწყუროდა, ამიტომაც ცდილობდა ყველა სურვილი დაეთმინა: სიყრმიდანვე მას არც ტკბილეულის, არც ცომეულის და არც ცხიმიანი საჭმლის გემო არ უხილავს. მის ფიზიკურ სისუსტეს ერთხანს კანის ავადმყოფობაც დაერთო. ფეხის ტერფებზე დიდი ღია იარები გაუჩნდა, ტკივილებისგან გათანგული ბიჭი ძლივსღა დადიოდა. დამწუხრებულ დედამისს ერთხელ წამოცდა: - შვილო, ნეტავ როდის დაკაცდები, მრცხვენია ამ შენი ფეხების გამოო. გული დაუკოდა შვილს დედის ნათქვამმა. იმ დღეებში მეზობელ სოფელში თაყვანისცემისთვის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი მიაბრძანეს და თავისი დახეთქილი ფეხებით იაკობი მის სათაყვანოდ წავიდა. გზად ბინტი მოსცილდა და მთელი მტვერი, პატარა კენჭები ფეხებზე აეკრო. ყოველი ნაბიჯის გადადგმა წამება იყო მისთვის. გზადაგზა ღვთისმშობელს შესტიროდა: "ჩემო უფლის დედაო, დედიკოს რცხვენია ჩემს გამო, შენც ხომ არ შეგრცხვება? გევედრები, განმკურნე". მიაღწია ხატამდეც. შებინდდა, ტაძრიდან ყველა გაიკრიფა, დარჩა მხოლოდ იაკობი. დაემხო ხატის წინ და მწარედ ატირდა პატარა: "დედაო ღვთისავ, აი, ახლა ჩვენ მარტონი ვართ. გევედრები, განმკურნე და უმადურად არ მოვიქცევი, შენთვის ვიღვაწებ და როცა დიდი გავიზრდები, როცა კი შევძლებ, ამ მადლის სანაცვლოს მოგაგებო". ტაძრიდან გამოსულმა თავი სრულიად განკურნებულად იგრძნო, მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი ნაიარევიღა დარჩენოდა.
თანასოფლელები ხედავდნენ იაკობის წმინდა ცხოვრებას და სათხოვრებით აავსებდნენ ხოლმე ღვთის შვილს. სოფელში მღვდელი არ ჰყავდათ, სამაგიეროდ, იაკობს მოჰკიდებდნენ ხოლმე ხელს, ხან ძალითაც მიჰყავდათ და ლოცვებს ათქმევინებდნენ. მე არც მღვდელი ვარ და არც ექიმი, არ წამოვალ, - უარობდა ბიჭი. "შენ ღვთის შვილი ხარ და შენსას ისმენს უფალი, ილოცე, რომ და არ მომიკვდესო," - ეუბნებოდა თანატოლი ბიჭი და მიათრევდა სახლში. იაკობი ილოცებდა "მამაო ჩვენოს" და რაც კი ლოცვა იცოდა, მოითხოვდა აიაზმის წყალს, აპკურებდა ავადმყოფს და ისიც მისი რწმენით იკურნებოდა. არასოდეს სამადლობელო ძღვენი არ აუღია, ეშინოდა მადლისა და კურნების ნიჭის დაკარგვისა.
ოცდაორი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. სამი დღით ადრე იხმო შვილი თეოდორამ და უთხრა, რომ უნდა მომკვდარიყო. აკურთხა და უმცროსი და ჩააბარა. გამწარდა და როგორ გამწარდა იაკობი: ღმერთმა დამსაჯა და დედაჩემი წაიყვანა. ამის შემდეგ აღარ ვივლი ეკლესიაშიო. იმ ღამეს ძილში დედა გამოეცხადა და უთხრა: - ჩემო ვაჟკაცო, რატომ დამტირი და ალტობ ჩემს საფლავს? ღმერთმა კი არ დაგსაჯა, არამედ დრო დამიდგა და წამიყვანა. ასე რომ, ნუღარ იტყვი, ეკლესიაში აღარ ვივლიო. იარე, როგორც დადიოდიო.
მალე ჯარში წაიყვანეს იაკობი. ცუდი დრო იდგა, საბერძნეთში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. მაგრამ ღვთის შვილი ისევ ღვთის შვილად რჩებოდა, ლოცულობდა და მარხულობდა დაუცხრომლად. თანატოლები "მამაოს" ეძახდნენ და ხშირად დასცინოდნენ. ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, სამეძაო სახლშიც კი შეაგდეს, მაგრამ იაკობი, როგორც მეორე იოსები, გაექცა ცოდვას. "კეთილმოკრძალებული ცხოვრება, თუნდაც წლების შემდეგ, მაინც ნაყოფს გამოიღებს. მე რომ მაშინ მათნაირად მოვქცეულიყავი, ჩემგან რა სიკეთე იქნებოდაო," - ბრძანებს შემდგომში.
მისი გვარიდან შვიდი მღვდელ-მონაზონი, ერთი ეპისკოპოსი და ერთიც წმინდა მამა გამოვიდა; ჰოდა, გადაწყვიტა, თავისი წინაპრის, წმინდა მამის მოღვაწეობის ადგილას დასახლებულიყო. მანამდე კი მოსალოცად იქვე, კუნძულზე, წმინდა დავითის მონასტერში გაემგზავრა წმინდა მამისგან კურთხევის ასაღებად. ღირსი დავითი XVI საუკუნეში მოღვაწეობდა და თავისსავე აშენებულ მონასტერში იყო დაკრძალული ევბეაზე. იაკობი წმინდა დავითის სავანეს მიადგა და განცვიფრდა: მონასტერი დიდებულად გამოიყურებოდა. წელს, წმინდა დავითის ხსენებისას რომ ვიყავი, ნანგრევები დამხვდა. ნეტავ როდისღა აღადგინესო, - გაუკვირდა. იქვე თეთრწვეროსანი ღირსი მამა იდგა. იაკობი მიესალმა და მიმართა: - მამაო, რა მშვენიერი სახლებია, ადრე რომ ვიყავი, არ მინახავსო. "ეს, ჩემო შვილო, - უპასუხა ბერმა, - ასკეტების ქალაქია, ყველა მათგანს თავისი სახლი აქვს".
მონასტრის მშვენიერებით დატყვევებულმა იაკობმა ბერს უთხრა: "მამაო, შეიძლება ასეთი სახლი მეც მომცენ, ძალზე მომინდა".
შვილო ჩემო, თუ დარჩები, მოგცემთ სახლს, შენ კი მხოლოდ მოსალოცად ხარ მოსულიო, - უთხრა ბერმა. "მამაო, დავრჩები", - მიუგო იაკობმა და უცბად დაინახა, რომ ბერიც და მონასტრის დიდებულებაც გაქრა, მათ ადგილას კი სწორედ ის მონასტერი იდგა, რომელიც ახსოვდა იაკობს. მიხვდა, რომ ეს უცნობი ბერი თვით წმინდა დავითი იყო და წმინდანის თაყვანისცემისთვის ამოსული, მონასტერს აღარ მოსცილებია. მაშინ ამ მონასტერში ორი-სამი მოხუცებული ბერიღა მოღვაწეობდა, იღუმენი გახლდათ არქიმანდრიტი ნიკოდიმოსი. ნანგრევებად ქცეულ სავანეში რამდენიმე სენაკიღა შემორჩენილიყო.
აქვე ერთი სასწაული უნდა ვახსენოთ: იაკობი მონასტერში დაბინავდა, მაგრამ წვერის გარეშე რა ბერი იქნებოდა? მას კი მხოლოდ რამდენიმე ღერი თმა ჰქონდა. თანაც მოსწონდა გრძელი წვერი - თითქოს მეტ პატივს ჰმატებს სასულიერო პირსო. ამიტომაც ევედრა ღვთისმშობელს და წმინდა დავითს და მათი ლოცვით ერთ კვირაში საკმაოდ ხშირი წვერ-ულვაში ამოუვიდა.
მამა იაკობმა ორმოცი წელი გაატარა ამ მონასტერში, ვიდრე აღსასრულამდე. ყოველ დღეს, ყოველ საათს მისი შრომით წარემატებოდა მონასტერი.
მისმა მოღვაწეობამ, მონასტრის ზოგიერთი ბერი შურით აღავსო, აშკარადაც კი მტრობდნენ, მაგრამ მისი თავმდაბლობა და სიყვარული ყველას ამარცხებდა. უაღრესი სიღატაკე მონასტრისა უფრო მეტი ღვაწლისთვის აღძრავდა. ღმერთმა ისეთი მოთმინებით დააჯილდოვა, რომ წყალს მხოლოდ შაბათ-კვირას სვამდა. მისი სენაკიც დანგრეული იყო, მინებჩამსხვრეული, ძველისძველი კარები აღარ იკეტებოდა. როცა ყინვა აუტანელი ხდებოდა, მაშინღა აანთებდა ღუმელს. არც კანდელი ჰქონდა სენაკში და მთელ ღამეს ფსალმუნებით ითბობდა ჯერ სულს და მერე სხეულს. მისი დაუძლურებული სხეული რამდენჯერმე ავადმყოფობამ შეიპყრო, მაგრამ იქვე ჰყავდა თავისი მფარველი წმინდა დავითი, რომელიც გამოეცხადა და განკურნა იგი.
ეშმაკი ხედავდა მის საღმრთო შურს და თვითონაც საეშმაკო შურით აღივსო. ერთხელ წინ წამოუდგა მამა იაკობს და უთხრა: აჰა, ისევ აქა ხარ. ახლა ნახე, რა მოგივაო და იაკობს თავს თვრამეტი დემონი დაესხა. ზოგი ხელს უკავებდა, ზოგი - თითებს, რომ არ შეეკრა სამი თითი და ჯვარი არ გამოესახა. სცემდნენ და აწამებდნენ. "ხედავ, ეს მე ვარ, - ეუბნებოდა ერთი დემონი, - ყელში რომ გწვდები და ლოცვის გონებით თქმის საშუალებას არ გაძლევ". სხვა სხვას ეუბნებოდა. უეცრად ხელის განთავისუფლება და ჯვრის გამოსახვა შეძლო და ეშმაკნი გაქრნენ. მაგრამ ამან ვერ შეაშინა ბერი იაკობი, შუაღამისას, მამები რომ ჩაიძინებდნენ, გაემართებოდა ხოლმე მღვიმისკენ, სადაც წმინდა დავითი იყო დაკრძალული. ღირსი მამა იქ ცოცხლად ხვდებოდა თავის ერთგულს. "დაჯექ, იაკობ, დაისვენეო," - ეტყოდა და მაშინღა ილოცებდა იაკობი, როცა ღირსი მამა დატოვებდა მას.
ერთხელ ქალკიდის მიტროპოლიტთან წაიყვანა იღუმენმა ნიკოდიმემ და მისთვის მოულოდნელად ბერ-დიაკვნად ხელი დაასხეს, მეორე დღეს კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, მალე სულიერი მოძღვრობის ნებაც მისცეს. მონასტერში ყოველდღე სწირავდა და უფლის უწმინდესი სისხლით და ხორცით ძლიერდებოდა. "ზიარების შემდეგ ლომის ძალით ავივსებოდი ხოლმე," - ამბობდა და ძალმიცემული, სიცხესა თუ სიცივეში, მაშინ როცა სხვები სენაკებს თავს აფარებდნენ, მამა იაკობი თავდაუზოგავად ფიზიკურად მუშაობდა მონასტრის ბაღში. მღვდლების სიმცირის გამო მამა იაკობს მონასტრის გარშემო მცხოვრები სამწყსო ჩააბარეს და დაიწყო უმძიმესი ღვაწლი ერში მოძღვრობისა. მონასტრის გარშემო მთები ხანძარს გადაეწვა. მამა იაკობსაც, როცა გზად მიდიოდა, მიჰქონდა თან ნაძვის თესლი, თესავდა და სულ მალე უმშვენიერესი ტყე გაშენდა. ამ ტყესთან ერთად მის სულიერ ღვაწლსაც ნაყოფი გამოეღო - კაცნი ხედავდნენ მის საღმრთო ცხოვრებას და მის გვერდით ყოფნის სურვილი უჩნდებოდათ. ღირსი მამა კი გაურბოდა ყოველივე ამსოფლიურს. ცდილობდა, სული წმინდად შეენახა. განსაცვიფრებელია და თითქმის დაუჯერებელი, მაგრამ ფაქტია: მამა იაკობს თავისი მღვდლობის განმავლობაში უამრავი ბავშვი მოუნათლავს, მაგრამ ნათლობისას არასოდეს უნახავს მათი შიშველი სხეული. ყველას თვალდახუჭული ნათლავდა და ასევე ჰკვეცდა თმასაც. არ სურდა ღირს მამას, მის მახსოვრობაში შიშველი სხეული, თუნდაც ყრმისა, აღბეჭდილიყო. ხშირად მოინახულებდა მთელ ოლქს წმინდა დავითის თავით და აკურთხებდა ხალხს.
"ღმერთს ვთხოვე, რომ მოემადლა ჩემთვის ნიჭი ადამიანთა გულისნადების გამოცნობისა, რათა უკეთ დავხმარებოდიო მათ", - თქვა ერთხელ მამა იაკობმა. ღმერთმა მიჰმადლა ეს ნიჭი დაფარულთმცნობელობისა. ორმოცი წელი ერისკაცთაგან აღსარებებს იღებდა, იყო ძალზე მიმტევებელი, თუმცა კი ეკლესიის კანონებს არასოდეს არღვევდა. ძალზე მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, მოსიყვარულე და შემნდობი მამა - სულიერ შვილთათვის.
მონასტრის წინამძღვრად დადგენის შემდეგ არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში, მრავალი განსაცდელი დაითმინა მაშინაც. ეშმაკნი ეჩვენებოდნენ, მაგრამ უკვე სხვა სიმაღლეზე იყო ასული ღირსი მამა. დასცინოდა მათ და განდევნიდა კაცთა სხეულიდან. ერთ-ერთმა მათგანმა განდევნისას გული დაუკოდა, იმის შემდეგ მას გული სერიოზულად დაუავადდა. მალე ეშმაკს მიეცა ნება, მისი სხეული გამოეცადა. არავის კაცთაგან, ყრმობაში დედის გარდა, არ ენახა მამა იაკობის შიშველი სხეული და აი, სერიოზულად დაავადდა. "რატომ არ მიდიხარ საავადმყოფოში, შენი სიამაყის გამო დაუშვა ღმერთმა ეს ავადმყოფობა, გამოკვლევა რომ არ გინდაო," - დატუქსა ერთხელ მამა ნიკოდიმემ. "არა, მამაო, რა სიამაყე, გაშიშვლებისა მრცხვენიაო," - უპასუხა მოძღვარს. მაგრამ მუცელში აუტანელმა ტკივილებმა საავადმყოფოს გზას გაუყენა. ექიმმა სასწრაფოდ ოპერაცია დანიშნა. ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფმა თვალნი წმინდა დავითს მიაპყრო: "ჩემო წმინდა მამაო დავით, - შესთხოვა მთელი გულით, - გთხოვ, სასწრაფოდ, ათ წუთში მოხვიდე ჩემთან და დამეხმარო. როცა წამოხვალ, გამოუარე ნეაპროკოპიონში (ესეც კუნძულ ევბეაზეა) წმინდა იოანე რუსს და წამოიყვანე. შემეწიეთ, თორემ დიდ განსაცდელში ვარ". არ გასულა რამდენიმე წუთი და პალატაში თეთრწვერა ბერი შემოვიდა კვერთხით ხელში, მას თან ყმაწვილი ახლდა. მათ მამა იაკობს უთხრეს, - ნუ გეშინია, შენს დასახმარებლად მოვედითო. უფლის წმინდანებს ისე ეჩქარათ, რომ წმინდა დავითს შუბლზე ოფლი გადასდიოდაო, - ჰყვებოდა შემდგომში მამა იაკობი. წმინდა დავითი და წმინდა იოანე გაყვნენ საოპერაციოში. მას აქ ერთდროულად სამი ოპერაცია გაუკეთეს: ამოჰკვეთეს გამსკდარი აპენდიციტი, თიაქარი და მისი სხეულის ზოგიერთი ქვედა ნაწილი. ოპერაციის შემდგომი ტკივილი აუტანელი რომ გახდებოდა, თვით უფლის დედა და წმინდა დავითი მიდიოდნენ და ფეხებზე მალამოს ადებდნენ. ტკივილი მიყუჩდებოდა, მაგრამ დილით ახლდებოდა. ღვთის წყალობით, გამოკეთდა და შეუდგა მსახურებას თავისი უფლისა.
თაფლზე უტკბესი იყო მის ბაგეთაგან მომდინარე სიტყვები, საბერძნეთის ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ მასთან აღსარებაზე თუ ქადაგების მოსასმენად. შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაწყვეტს:
"როცა ადამიანებს ვაზიარებ, არასოდეს სახეში არ ვუცქერი. ხანდახან გულისთქმა მეტყვის ხოლმე, რომ ზიარებად მოსულებს შევხედო და ვხედავ, რომ ზოგიერთს სახე არაადამიანური აქვს. ზოგს - ძაღლის, მაიმუნის, სხვებს კი - სხვადასხვა ცხოველის. ჰოი, რა საშინელი სანახავნი არიან! ღმერთო ჩემო, ვფიქრობ ხოლმე, რანაირად შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს მხეცთა სახე? ზოგიერთნი კი მოდიან საზიარებლად მშვიდად და მხიარულად და როცა ეზიარებიან, ვითარცა მზე, განბრწყინდებიან.
დაე, ნუ გაამაყდებიან ადამიანები თავიანთი ცხოვრებით და სულიერი მოღვაწეობით, ყოველივე ამას დაფარულად აღასრულებდნენ, იცოდნენ მათ და მათმა მოძღვარმა მხოლოდ.
როცა პროსკომიდიას აღვასრულებ ხოლმე, ჩემთან მოდიან კაცთა სულნი და მოხსენიებას მთხოვენ. რომც მსურდეს, მათ სახელებს ვერ დავივიწყებ".
საგულისხმოა დარიგება ახალგაზრდა მღვდლებისადმი: "როცა ვმსახურობთ, მამაო, წმინდა ტრაპეზისგან ნახევარი მეტრით მოშორებული უნდა ვიყოთ, ზემოდან არ დავეყრდნოთ დასასვენებლად, რამეთუ მასზე ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სხეული იმყოფება. ნუ დავტოვებთ წმინდა ტრაპეზზე ჩვენს სკვნილებს, ნურც საათს და ნურც წიგნებს. წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ წმინდა სახარება უნდა ესვენოს, უნდა იდგეს, სანაწილე და სანთლები. ნუ გახდით წმინდა ტრაპეზს სანთლების ყუთად. თუ წმინდა ტრაპეზთან სივიწროვეა, ათი სანტიმეტრის მოშორებით მაინც უნდა დავდგეთ, მკერდზე ჯვრის სახით ხელებდაწყობილნი, და ასე ვიტყოდეთ "მშვიდობიანს" და სხვა ლოცვებს".
მრავალგზის მიიწვიეს ათონელმა მამებმა მთაწმინდაზე. მამა იაკობმა მათ უთხრა: "ახალგაზრდას მსურდა ათონზე წასვლა და ვერ მოვახერხე... ახლა კი დავბერდი, მრავალი რამ მჭირს და წასვლაც აღარ შემიძლია. თუმცა ღვთისმშობელმა წამიყვანა და მთაწმინდა მანახა. მე ვიხილე მრავალი მონასტერი და წმინდა ადგილი, ეს სულიერი საქმეა და სულიერი სახით ხდება. თუმცაღა აქ მთაწმინდა წმინდა დავითის მონასტერია. ჩვენ ადგილი კი არ განგვწმენდს, არამედ ღვაწლი. შეიძლება მთაწმინდაზე იყო და ფიქრებით ერში დაეხეტებოდე. ანდა ხორციელად აქ იყო, ევბეაზე, და ფიქრებით კი მთაწმინდაზე. თუ იქნები კარგი ბერი, სადაც არ უნდა მიხვიდე, იქ იქნება მთაწმინდა".
როგორც ვთქვით, სულიერი სამყარო მისთვის დაფარული არ იყო. ერთხელ ნეაპროკოპიონში ღვთის სულმა წმინდა იოანე რუსის ლუსკუმასთან მიიყვანა, სადაც წმინდანის უხრწნელი სხეულია ჩაბრძანებული. წმინდა იოანემ მას უთხრა: "ქრისტეანები ფიქრობენ, რომ მივიძინე, გარდავიცვალე, მაგრამ მე ცოცხალი ვარ და მათ ყოველთვის ვხედავ. ჩემი სხეული ლუსკუმაში რჩება, ხოლო მე ხშირად ვტოვებ მას, დავდივარ ხალხში და ვეხმარები მათ. ისინი მე ვერ მხედავენ, მე მათი მესმის და ვხედავ. ბევრი ტანჯვა და მწუხარებაა გარშემო. მათი შეწევნის შემდეგ ისევ ჩემს ლუსკუმას ვუბრუნდები. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, მამაო იაკობ: გამრავლდა ცოდვა სოფელში, ბევრი ურწმუნოებაა და უწმინდურება". ამ სიტყვებით შეწუხებულმა მამა იაკობმა ჰკითხა: "რად მეუბნები ამას, ჩემო წმინდანო, განა ვერ ხედავ, რამდენი ხალხი მოდის შენს თაყვანის საცემად და მადლის მისაღებად?!" წმინდა იოანემ მიუგო: "უამრავი ადამიანი მოდის, მამა იაკობ, მაგრამ აქედან მცირედნი არიან ჩემი შვილები, ამიტომაც იქნება ომი, წყალდიდობა და ხანძარი..." მართლაც, ამ ხილვიდან ორ კვირაში, 1990 წლის 1 აგვისტოს, ომი დაიწყო სპარსეთის ყურეში, ხოლო კუნძულ ევბეას წყალდიდობა და შემდგომ ხანძარი დაატყდა თავს. "და განა ეს საგზაო შემთხვევები, ავარიები, სადაც ამდენი ხალხი იხოცება ამ ჩვენს მხარეში, ომი არ არის?" - დასძენდა მამა იაკობი.
როცა მისი სულიერი მოძღვარი მამა ნიკოდიმე გარდაიცვალა, მამა იაკობმა უფალს სთხოვა ეთქვა, თუ სად წავიდა მისი სული. და აი, ძილში იხილა: რომ მამა ნიკოდიმემ სავანის გასაღების მოტანა სთხოვა, რადგან უმაღლესი მღვდელმთავარი იყო მოსული. მივიდა მისი სენაკის კართან და ესმის საუბარი, კითხვა-პასუხი, შიგნით გამოცდა მიმდინარეობდა, დაკითხავდნენ მამა ნიკოდიმეს. შევიდა სენაკში და რას ხედავს: თავმოდრეკილი და თავშიშველი დგას მამა ნიკოდიმე, გულზე ჯვრის სახით დაუწყვია ხელნი, შიშით და კეთილკრძალულებით აღვსილა. მის წინ კი ტახტრევანზე ზის უმაღლესი მღვდელმთავარი. ტახტრევანი იატაკიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში იყო გაჩერებული. სახე მღვდელმთავრისა ოქროსფრად ბრწყინავდა. მას მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო, სადაც მამა ნიკოდიმეს ცხოვრება ეწერა, ეკითხებოდა მღვდელმთავარი და მამა ნიკოდიმე თავს იცავდა. როცა მამა იაკობი შევიდა სენაკში, დაკითხვა შეწყვიტეს. გასაღები მოძღვარს გადასცა და გამობრუნდა. კითხვა-გამოცდა გაგრძელდა და როგორც შემდგომ მამა იაკობს ღვთისგან ეუწყა, მამა ნიკოდიმემ კარგად ჩააბარა იგი.
ერთხელ მამა იაკობმა თავისი გარდაცვლილი მამის სული იხილა. უბრალო ქოხის წინ იჯდა. "მამი, შენ კალატოზი იყავი და დიდი სახლი რატომ არ აიშენე, ამ ციცქნა ქოხში რომ დასახლებულხარო," - ჰკითხა. მამამ უპასუხა: ჩემო შვილო, სახლი არ მქონდა, ეს ქოხი კი შენი ლოცვითა და მოწყალების გაცემით ავიშენე და მასში ვცხოვრობო.
სასწაულებრივი იყო მისი აღსასრულიც. მას წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დღე. 21 ნოემბერი იდგა ძველი სტილით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება იდღესასწაულეს. მამა იაკობს სული უდიდესი სიხარულით ჰქონდა აღვსებული, რამეთუ იცოდა, რომ სულ მალე ზეციურ იერუსალიმში, ხელთუქმნელ ტაძარში თავისი საყვარელი უფლის წინაშე იქნებოდა. მთელი გულით გალობდა წირვაზე საღმრთო საგალობლებს. მერე დაბრუნდა თავის სენაკში, სადაც აღსარებისთვის ელოდნენ. და დღის ოთხ საათზე, ოლარით შემოსილი, ზეციური მღვდელმთავრის წინაშე წარდგა. როცა მისი კუბო დაკრძალვისას ტაძარს შემოატარეს, ზოგიერთებმა იხილეს, რომ იგი გამჭვირვალე, ბრწყინვალე გახდა. დაინახეს აგრეთვე, რომ მამა იაკობი კუბოდან წამოდგა და ხალხი აკურთხა...
მთელ საბერძნეთში და კუნძულ ევბეაზეც მრავალი ქართველი ცხოვრობს, გაჭირვებას და შიმშილს რომ გადაუხვეწია უცხო მხარეში. მათაც, ისევე როგორც თავის თანამემამულეებს, ზეციდან აკურთხებს და შეეწევა მამა იაკობი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი