დარწმუნდით, რომ უფალმა სავსებით განგკურნათ? გწამდეთ მისი ურყევად, მთელი გულით შეიყვარეთ იგი
სიყმაწვილიდან მიუძღვნა წმინდა სერაფიმემ თავი უფალს. საოცარია მისი სამოღვაწეო ცხოვრებისეული გზა. იგი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს (1-ელი აგვისტო).
უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღმრთო ხილვების ღირსი. თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არაერთგზის გამოეცხადა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, სასიკვდილოდ დაავადებულმა, იხილა ყოვლადწმინდა ქალწული ძილში, რომელმაც მას მონახულება და განკურნება აღუთქვა. ასეც მოხდა - მალე მათ სახლთან ჯვრებითა და ღვთისმშობლის ხატებით მლოცველებმა ჩაიარეს. დედამ ბავშვი ხატს შეახო. ამის შემდეგ მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება.ჯერ კიდევ ახალბედა მორჩილი წმინდანი წყალმანკით დაავადდა. სხეული გაუსივდა და სამი წელი საშინლად იტანჯებოდა. ყოვლადწმინდა დედოფალი პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით გამოეცხადა, კვერთხი შეახო მის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტიდან დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე იგი სრულიად განიკურნა.
მთავარდიაკვნად კურთხევის შემდეგ მამა სერაფიმემ უფლის საოცარი ხილვის შესახებ უამბო ბერებს: "ერთხელ, წირვის დროს, დიდ ხუთშაბათს, აღსავლის კარით რომ შევედი საკურთხეველში და წარმოვთქვი: "უკუნითი უკუნისამდე", უეცრად აღმობრწყინდა ნათელი, რომელშიც ვიხილე უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე გაბრწყინებული, მზეზე ელვარე, გარემოცული გამოუთქმელი ნათლით და გარშემორტყმული ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, ქერუბიმებითა და სერაბიმებით. ის ჰაერში მოდიოდა ტაძრის შესასვლელიდან ვიდრე საკურთხევლამდე, მერე აღაპყრნა ხელნი თვისნი, საკურთხევლის წინ შეჩერდა, აკურთხა მსახურნი და მლოცველნი, შემდეგ კი აღსავლის კართან დაკიდებულ ხატში ჩაესვენა, მაშინ ჩემმა გულმა განიხარა ამ ნათლით და უფლის სიყვარულის სიტკბოებით".
ერთხელ უდაბნოში განმარტოებით მომუშავე ბერს ყაჩაღები დაესხნენ თავს, სასტიკად სცემეს. თავი - გატეხილი, ნეკნები - ჩალეწილი, რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა. ექიმები გაოცდნენ, ცოცხალი როგორ გადარჩაო. მამა სერაფიმეს ჩაეძინა და იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მოსილი შარავანდით, მოციქულების - იოანე ღვთისმეტყველისა და პეტრეს თანხლებით. მიუახლოვდა მის სარეცელს და წარმოთქვა ექიმების მისამართით: "რისთვის ირჯებით?" შემდეგ ბერს შეხედა და თქვა: "აჰა, ნათელი ჩემი!" ეს მხოლოდ ბერმა გაიგო. გამოღვიძებისთანავე უარი განაცხადა მკურნალობაზე, იმავე დღეს მომჯობინდა.
დიდია წმინდა სერაფიმეს ღვაწლი: მოუკლებელი ლოცვა, მარხვა, განმარტოება, მესვეტეობა, განდეგილობა, მდუმარება, დაყუდება და სხვა.
1825 წლის 25 ნოემბერს, ღამით, მამა სერაფიმეს ზეციური დედოფალი გამოეცხადა ღირსი მეუდაბნოის, ონოფრე დიდისა და პეტრე ათონელის თანხლებით, ჩაკეტილობიდან გამოსვლის ნება აუწყა და ხალხის სამსახურისკენ მოუწოდა.
ღირსი სერაფიმე ლოცვითა და კურნებით ეწეოდა ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. ღვთისმშობელი კვლავ გამოეცხადა მას წმინდანების კლიმენტი რომაელისა და პეტრე ალექსანდრიელის თანხლებით.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმინდანი თავგამოდებით ზრუნავდა დივეევოს მონასტერზე, რომელიც მანვე დააარსა თავისი სულიერი შვილების თანადგომით. დივეევოში მოღვაწე დედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ღირსი დედები: ალექსანდრა, მართა და ელენე. უდაბნოში ცხოვრების დროს წმინდა სერაფიმეს სიზმარში გამოეცხადა ღვთისმშობელი თორმეტი მოციქულის თანხლებით. ენით უთქმელი დიდებით და ნათლით მოსილი, და უბძანა სამი სავანის - დივეევოს, არდატოვის და ზელენგორსკის - კეთილმოწყობა და ზედამხედველობა. ღვთისმშობელმა აუწყა მას, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და ელოცათ დედებს.
1831 წლის 25 მარტს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ბერი ღირსი გახდა ზეციური დედოფლის მიერ უკვე ცხადლივი, განსაკუთრებულად ბრწყინვალე გამოცხადებისა. ამის მოწმე იყო დივეევოს მონაზონი ევდოკია. მამა სერაფიმემ წინასწარ იცოდა მადლით აღსავსე გამოცხადების შესახებ. დილით ადრე, ხარების დღეს, მამა სერაფიმემ მონაზონს თავისი მანტია გადააფარა და კანონების და დაუჯდომლების კითხვა დაიწყო. შემდეგ უთხრა: "ნუ შეგეშინდება, ნუ შეძრწუნდები. ჩვენზე ღვთის მადლი გადმოვა". შეიქმნა ქარისმაგვარი ხმაური, კელიის კარი თავისით გაიღო, იქაურობა გაკაშკაშდა. ირგვლივ კეთილსურნელება მოიფრქვა და გაისმა გალობა. მონაზონი კანკალმა აიტანა. მამა სერაფიმე მუხლებზე დაეცა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა: "ო, ყოვლადკურთხეულო, ყოვლადწმინდაო ქალწულო, დედოფალო ღვთისმშობელო!"
წინ მოდიოდა ორი ანგელოზი, აყვავებული ტოტები ეჭირათ. უკან მიჰყვებოდნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, მბრწყინავი თეთრი სამოსით შემოსილნი, შემდეგ მოდიოდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და თორმეტი ქალწული. ზეციურ დედოფალს ემოსა უმშვენიერესი მანტია, როგორითაც გამოსახავენ მას "მწუხარე ღვთისმშობლის" ხატზე. იგი ყველა ქალწულზე მაღალი ჩანდა. თავზე უბრწყინავდა ჯვრებიანი გვირგვინი და თვალი ვერ უძლებდა იმ ნათელს, რომელიც ყოვლადწმინდის სახეს ასხივოსნებდა. ქალწულები სხვადასხვანაირნი იყვნენ, ყოველი მათგანი ძალზე მშვენიერი იყო. კელია უფრო მეტად გაფართოვდა, მისი ზედა ნაწილი თითქოსდა ანთებული სანთლების ალმა აღავსო. იდგა ნათელი - შუადღეზე უფრო ბრწყინვალე, მზეზე ელვარე. Mმონაზონი დიდხანს იყო მთრთოლვარე ბურუსში. როდესაც გონს მოვიდა, მამა სერაფიმე უკვე იდგა დედოფლის წინაშე და ღვთისმშობელი მას, როგორც ახლობელ ადამიანს, ისე ესაუბრებოდა. ქალწულებმა მონაზონს თავიანთი სახელები უთხრეს და ქრისტესთვის წამების შესახებ უამბეს. ესენი იყვნენ: დიდმოწამენი: ბარბარე და ეკატერინე, მარინე და დედოფალი ირინე, პელაგია, დოროთეა და იულიანა, პირველმოწამე თეკლე, ღირსი ევპრაქსია და მაკრინე, მოწამეები: ანისია და იუსტინა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამა სერაფიმესთან საუბრის დროს მონაზონმა მოისმინა: "არ მიატოვო ჩემი ქალწულები (დივეევოსი)". Bბერმა უპასუხა: "ო, დედოფალო, მე მათ ვკრებ, მაგრამ თავად არ შემიძლია მათი მართვა". ზეციურმა დედოფალმა უთხრა: "ჩემო რჩეულო, ყველაფერში შეგეწევი. ვინც მათ აწყენინებს, იგი ჩემს მიერ განიგმირება, ვინც მათ სამსახურს გაუწევს ღმრთის გულისათვის, ის უფლის წინაშე მოიხსენიება". ღვთისმშობელმა ბერი აკურთხა და დალოცა: "მალე, ჩემო რჩეულო, ჩვენთან იქნები". ჩვენება მეყსეულად გაქრა. ბერმა თქვა, რომ ის ოთხ საათს გრძელდებოდა.
ღირს მამა სერაფიმეს საოცარი ხილვები ჰქონდა - ზეციურ სავანეებს ჭვრეტდა. მხოლოდ ორ მათგანზე შევჩერდებით.
ერთ ბერს წილად ხვდა ბედნიერება, მოესმინა მამა სერაფიმეს მონაყოლი მისი აღტაცების შესახებ, რომელიც სამოთხის სავანეებში განიცადა. ბერმა ასე თქვა: "მე გეტყვი გლახაკ სერაფიმეზე. ვტკბებოდი ჩემი უფალი იესო ქრისტეს სიტყვით - "მამაჩემის სახლში ბევრი სავანეაო". მე გლახაკი ამ სიტყვებზე შევჩერდი, იმ ზეციურ სავანეთა ხილვა ვინატრე და ვევედრებოდი ქრისტე მაცხოვარს, ეჩვენებინა ისინი ჩემთვის. ღმერთმა მომანიჭა ეს წყალობა. ამ სავანეებში ვიქმენ ატაცებული, ოღონდ ეს კი არ ვიცი, სხეულიც თან მახლდა თუ უსხეულო ვიყავ. ვერ აღვწერ იმ ზეციურ ნეტარებას და სიტკბოებას, რაც იქ ვიგემე". მამა სერაფიმე დადუმდა. თავი დახარა, ხელს მკერდზე, გულთან ახლოს ისვამდა. მისი სახე ისეთ შუქს გამოსცემდა, რომ კაცი თვალს ვერ გაუსწორებდა. შემდეგ კვლავ ამეტყველდა: "რომ იცოდე, რა სიხარული ელის მართალი კაცის სულს ზეცაში, გადაწყვეტდი, წარმავალ ცხოვრებაში აგეტანა ყოველგვარი მწუხარება, დევნა, ცილისწამება. ჩვენი კელია სავსე რომ ყოფილიყო ჭიებით და ამ ჭიებს ეღრღნათ ჩვენი სხეული მთელი წარმავალი ცხოვრების მანძილზე, ამაზეც კი უნდა დავთანხმებულიყავით, ოღონდაც ის ზეციური სიხარული არ მოგვაკლდეს. თუკი თვით წმინდა მოციქულმა პავლემ ვერ შეძლო აღეწერა ის ზეციური დიდება, სხვა ვინღა შეძლებს ზესთა სოფლის მშვენების გადმოცემას?"
მეორე ჩვენება კი ასეთი იყო: მემამულე ქალბატონი იეროპკინა გადმოსცემს ბერის ნაუბარს: "წილად მხვდა, მისგან მომესმინა ნუგეშსაცემი მონათხრობი ცათა სასუფეველზე. მას უჩვეულო გამომეტყველება ჰქონდა, კანის შიგნიდან მადლმოსილი ნათელი ეღვრებოდა. თვალებში სიმშვიდე და არამიწიერი აღტაცება ეხატა. უნდა ვიფიქროთ, რომ სულიერი მჭვრეტელობის შედეგად იმყოფებოდა ხილული სამყაროს გარეთ, წმინდა ზეციურ სავანეებში და გადმომცემდა, თუ რა ნეტარებით ტკბებიან მართალნი. მან მითხრა, თუ რა დიდებაში არიან იქ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი. დაწვრილებით და ცოცხლად აღწერა წმინდა თებრონეს და მრავალი სხვა წამებულის სილამაზე და ზეიმი. ცხადია, ყველაფერი არ მითხრა და ბოლოს დაამატა: "ოჰ, ჩემო სიხარულო, იქ ისეთი ნეტარებაა, რომ გამოთქმა შეუძლებელია!"
ღირსი მამა გარდაიცვალა 1833 წლის 2(15) იანვარს. მან სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა თავისი განდიდება, რაც მისი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ მოხდა. იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ, ოჯახთან ერთად, როგორც უბრალო მომლოცველმა, საკუთარი ხელით ატარა ძვირფასი კუბო ღირსი მამის წმინდა ნაწილებით.
ღირსი მამა სერაფიმეს მიერ მოტოვილოვის განკურნება
მამა სერაფიმეს რჩეული, ციმბირისა და ნიჟეგოროდის მემამულე, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე მოტოვილოვი დაიბადა 1809 წელს. ყაზანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დასახლდა სოფელში და მუშაობდა სათავადაზნაურო საარჩევნო ორგანოში. ის მამა სერაფიმემ განკურნა და ერთი წლის შემდეგ აკურთხა, ემსახურა ღვთისმშობლისათვის, ეზრუნა დივეევოს სავანისათვის. მოტოვილოვი საშინლად იტანჯებოდა რევმატული და სხვა ტკივილებით. დაუძლურდა, ფეხები წაერთვა, დაეკრუნჩხა, მუხლები დაუსივდა, ზურგი და გვერდები - დაუწყლულდა. სამი წელი იყო ამ დღეში. 1831 წლის სექტემბრის დასაწყისში მოითხოვა, მამა სერაფიმესთან წაეყვანათ. 9 სექტემბერს მასთან უდაბნოში მიიყვანეს (საროვოს ახლოს, მდინარე საროვსკის ნაპირას, სადაც ბერი ცხოვრობდა, მუშაობდა ბოსტანში და იღებდა მომსვლელებს, აქვეა სერაფიმეს სამკურნალო წყარო). ოთხ მსახურს მოჰყავდა იგი ხელში აყვანილი, ხოლო მეხუთეს - თავი ეჭირა. იგი ბერს კურნებას სთხოვდა - ვერც ერთი ექიმი ვერ დამეხმარაო. მთელი მისი სასოება დამყარებული იყო ღმერთზე, მაგრამ თვლიდა, რომ მისი ლოცვა სუსტი იყო.Bბერმა ყურადღებით მოისმინა 22 წლის ახალგაზრდა ტანჯულის მძიმე ამბავი და ჰკითხა მას, როგორც ერთ დროს მანტუროვს (ღირსი დედა ელენეს ძმა):
- გწამთ, რომ უფალი იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, ყოვლადწმინდა მისი მშობელი დედა უბიწო ქალწულია?
- მწამს, - მტკიცედ უპასუხა ავადმყოფმა.
- გწამთ, რომ, როგორც ადრე კურნავდა უფალი მეყსეულად, ერთი სიტყვით ან შეხებით ყველა სნეულებას, ახლაც ასევე იოლად და მეყსეულად შეუძლია განკურნოს შეწევნის მთხოვნელები? გწამთ, რომ ღვთისმშობლის ჩემდამი მეოხება ყოვლისშემძლეა და მისი მეოხებით უფალს მეყსეულად ძალუძს თქვენი განკურნება?
- გულწრფელად მწამს ყოველივე ეს, - უპასუხა მოტოვილოვმა, - რომ არ მწამდეს, რისთვის ვუბრძანებდი ჩემს აქ მოყვანას.
- და თუ გწამთ, - წარმოთქვა ბერმა, - მაშინ უკვე ჯანმრთელი ხართ.
- როგორ ჯანმრთელი, როცა თქვენ და ჩემს ხალხს ხელით გიჭერივართ?
- არა, - სიტყვა შეუბრუნა ბერმა, - ახლა სავსებით ჯანმრთელი ხართ.
მამა სერაფიმემ მოტოვილოვის მხლებლებს უბრძანა, გასცლოდნენ ბატონს, თავად მხრებში ხელები ჩასჭიდა, ასწია, ფეხზე დააყენა და უთხრა:
- მაგრად დადექით, ნუ გეშინიათ. თქვენ სავსებით ჯანმრთელი ხართ, - და შემდეგ დაუმატა, - ხედავთ, რა კარგად დგახართ?
- იმიტომ, - შეეკამათა მოტოვილოვი,- რომ თქვენ მაგრად გიჭერივართ.
ბერმა ხელი გაუშვა:
- აი, უკვე აღარ მიჭერიხართ. თქვენ მაგრად დგახართ. წადით, უშიშრად იარეთ წინ!
ბერმა ცალი ხელი განკურნებულის ხელს მოჰკიდა, მეორით მსუბუქად მხრებზე მიაწვა, უსწორმასწორო გზით წაიყვანა და უთხრა:
- ხედავ, რა კარგად წახვედით!
მოტოვილოვი ამტკიცებდა, რომ ბერს მიჰყავდა, თავად სიარული არ შეეძლო, საკმარისია მომცილდეთ, რომ დავვარდები და დავშავდებიო.
- არ დაშავდებით, კარგად წახვალთ, - არწმუნებდა ბერი.
და მაშინ მოტოვილოვმა იგრძნო მასზე გადმოსული რაღაც ძალა, რომელმაც მისი დაავადებული ორგანიზმი განაახლა; მხნედ წავიდა წინ.Bბერმა შეაჩერა:
- საკმარისია. დარწმუნდით, რომ უფალმა სავსებით განგკურნათ? გწამდეთ მისი ურყევად, მთელი გულით შეიყვარეთ იგი. თქვენ დაგასუსტათ ავადმყოფობის სამმა წელმა, ახლა ერთბაშად არ იაროთ ბევრი, მიეჩვიეთ ნელ-ნელა სიარულს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, როგორც უფლისაგან ბოძებულ დიდ საჩუქარს.
განკურნების შემდეგ მოტოვილოვმა ძალის მოზღვავება იგრძნო. მან იწყო ხშირი სიარული საროვოში თავის კეთილისმყოფელთან. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, 1831 წლის ნოემბერში, მოტოვილოვმა ბერი მადლმოსილი ნახა - მზეზე მეტად გაბრწყინებული. რითი შეეძლო მოტოვილოვს ეპასუხა ბერის სიკეთეზე, თუ არა აღტაცებული სიყვარულით, უსაზღვრო მადლიერებით? მამა სერაფიმესთვის სიყვარულის დამტკიცება მას მოუხდა საქმით, დიდი არეულობის დროს, რომელიც წარმოიშვა დივეევოში წმინდანის გარდაცვალების შემდეგ. მოტოვილოვი მაშინ მოსკოვს გაემგზავრა და შეძლო სიმართლე ეცნობებინა მოსკოველი მიტროპოლიტის ფილარეტისათვის, რომელიც თაყვანს სცემდა მამა სერაფიმეს ხსოვნას. მან მონაწილეობა მიიღო დივეევოს საქმეში და მის მიერ მიღებული ბრძნული ზომების მეშვეობით ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა. ბერის ხსოვნისადმი თაყვანისცემით შესაძლოა მოტოვილოვმა იხსნა მისი სავანე სამწუხარო მომავლისგან.
სერაფიმე საროველს
შენ,
ღირსთა შორის საკვირველო,
გნატრის ყოველი.
ენა მეტყველი შენ გადიდებს,
გაგალობებს,
გაქებს ყველა ბაგე ცხოველი.
ღმერთშემოსილო,
შემწე ჩემი ხარ შენ რომელი,
შუამავალი ღვთის წინაშე
მუხლმოდრეკით ლოცვად მდგომელი.
შენ,
ღირსთა შორის საკვირველი,
წმინდა მამა,
სერაფიმე ხარ საროველი.
მამა სერაფიმე
(გ. ფილია)