29 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა მამის ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ზენონი ერთ-ერთია იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომელნიც მეექვსე საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად მოვიდნენ საქართველოში
ქრისტიანობის განსამტკიცებლად, რადგან ამ დროს ქართლში, ერთი მხრივ, ცეცხლთაყვანისმცემლობა იკიდებდა ფეხს, მეორე მხრივ კი, ქართულ ეკლესიას მონოფიზიტობის საშიშროება ემუქრებოდა.
დიდია ასურელი მამების ღვაწლი ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე - მათ თავიანთი მოღვაწეობით დასაბამი მისცეს საქართველოში ბერმონაზვნობას, გვასწავლეს მონასტრული ცხოვრება. თავდაპირველად იოანე ზედაზნელი თორმეტ მოწაფესთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა მის მიერ დაარსებულ მონასტერში, მოგვიანებით კი, ღვთისმშობლის კურთხევით, მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა მხარეში გაუშვა სამოღვაწეოდ.
მოძღვართან განშორების შემდეგ წმინდა ზენონმა კახეთს მიაშურა. ის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანობას კახეთის მთიანეთში და მოაქცევდა ქართველებს წარმართობის გზიდან. წმინდა მამა მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა უფალს. იყალთოში მონასტერი ააშენა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.
ამ წმინდა მამის ცხოვრებისა და ქრისტიანული ღვაწლის ამსახველი ხელნაწერები, საუბედუროდ, აღარ არსებობს. უცნობია მისი სასწაულმოქმედებანიც. ვიცით მხოლოდ ის, რომ ღირსი ზენონის წმინდა სხეული მის მიერ აგებულ იყალთოს მამათა მონასტერში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარშია დაკრძალული წმინდა არსენ იყალთოელის გვერდით.
სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნემ, ბრძენმა არსენ იყალთოელმა წმინდა ზენონის მიერ დაარსებულ სულიერების ცენტრს მეთორმეტე საუკუნეში საგანმანათლებლო კერა შემატა. წმინდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინებაში.
სრული ბიოგრაფიული ცნობები წმინდა არსენ იყალთოელის შესახებ არ შემონახულა. ვიცით მხოლოდ, რომ მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი" და "დოგმატიკონი". სწავლის დასრულების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფერემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა და მანგანის მონასტერში დაბრუნდა მთარგმნელობითი მოღვაწეობის გასაგრძელებლად.
1114 წელს წმინდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და გელათის აკადემიაში დაიწყო მოღვაწეობა. ის გახლდათ წმინდა მეფე დავითის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და "მოძღვარი სამეცნიერო". გელათის აკადემიაში ყოფნისას თარგმნა "დიდი სჯულისკანონი".
შემდეგ არსენი მშობლიურ კუთხეში (მამამისი, იბად ვაჩნაძე, კახეთის თავადი გახლდათ), კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც იღვწოდა გარდაცვალებამდე.
წმინდა არსენის წმინდა სხეული ღირსი მამის ზენონის გვერდით მართებულად იქნა დაკრძალული, რადგან ამ ორი უდიდესი მამის მოღვაწეობით გაბრწყინდა იყალთოს მონასტერი: ზენონმა სულიერ ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი, არსენმა კი - საგანმანათლებლოს. ორივემ სულიერების უმაღლეს საფეხურს დაუღალავი შრომით, ლოცვით, მარხვითა და მორჩილებით მიაღწია.
"ასურელ მამებს ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდათ: ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერს იქმოდნენ, რაც თავმდაბლობისა და მორჩილების საოცარი გამოვლინებაა. სასულიერო პირი და საერთოდ, მორწმუნე ადამიანი ყველაფერს ლოცვა-კურთხევით უნდა აკეთებდეს", - ამ სიტყვებით გვმოძღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მღვდელმოწამე კირიონ II კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ზენონ იყალთოელს უწოდებდა "სვეტს ტკბილი მორჩილებისა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი