როცა ჩემი სამშობლოს ღირს მამათა ცხოვრებას ვკითხულობ, ასე მგონია, უძველეს ქართულ საგალობელს ვუსმენ, მათსავით ამაღლებულსა და ღვთაებრივი სულით აღბეჭდილს. მათი რწმენა, უბრალოება, ღვთისა და მოყვასის თავგანწირული სიყვარული შენც აღგატრფობს ზეციური და მიწიერი სამშობლოს მიმართ.
ხშირად უნდა გადავსახლდეთ ფიქრით წარსულში, რათა მისი გახსენებით ღირსეულად განვვლოთ აწმყო და უკეთ განვჭვრიტოთ მომავალი.
სწორედ ასეთი განცდით გვავსებს ქრისტეფორე გარეჯელის ცხოვრება.
მეთვრამეტე საუკუნეში სამეგრელოში ცხოვრობდა კაცი ღვთისა - ქრისტესია, "მდაბიოსა ერისაგანი". მას სიყრმიდანვე სურდა ბერად შედგომა, მაგრამ ბატონის ნებას წინ ვერ აღუდგა და იქორწინა.
გავიდა რამდენიმე წელი და ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონმა გადაწყვიტა, მეორედ დაექორწინებინა ყმა. შეწუხებული ქრისტესია მოძღვართან მივიდა და ყოველივე მოუთხრო. გაუმხილა კიდევაც, რომ გაპარვას აპირებდა. გაუხარდა მოძღვარს, მოუწონა განზრახვა: "აწ განუსაკუთრე თავი შენი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა", ოღონდ ახლომახლო ნურც ერთ მონასტერს ნუ მიადგები - გიპოვიან; წადი გარეჯის უდაბნოში, სადაც მრავალ ღირს მამას უმოღვაწია. იქ მრავალი სენაკია ისეთი, სადაც თავშესაფარს პოვებო.
აღარ დაუხანებია ქრისტესიას - "მიტაცებული სიყვარულითა ქრისტე ღვთისათა" იმავე ღამეს გაიპარა შინიდან და გარეჯისკენ აიღო გეზი.
წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დიდი სიყვარულით შეიწყნარეს უცხო და უპოვარი ქრისტესია. მრავალი წელი დაყო მან მორჩილებაში, მონასტრის ძმობასთან ერთად ეზიდებოდა ფიჩხსა და წყალს. კითხვა არ იცოდა, მაგრამ ამაოს არასოდეს იტყოდა. "თაფლთ-მწთოლვარე საღმრთონი სიტყვანი" სდიოდა ბაგეთაგან და განამხნევებდა ძმათა კრებულს.
უკვე მოხუცებული იყო, ბერის სამოსლით რომ შემოსეს და ქრისტეფორე უწოდეს.
მრავალი სათნოებით იყო შემკული ღირსი მამა, გამორჩევით კი სიმდაბლე და მოყვასის სიყვარული შეეთვისებინა. უდაბნოში, მონასტრიდან შვიდ ვერსზე, ხის პატარა ქოხი ედგა. ქოხში პატარა ქვევრი ჩაეგდო, რომელიც მუდამ წყლით იყო სავსე. ჩვევად ჰქონდა - აავსებდა წყლით სპილენძის ორ თუნგს, ჯერ თავზე დაისხამდა წყალს, დაილტობდა სამოსს, და მერეღა წაიღებდა ქვევრის ასავსებად. იმ არემარეზე, ერთი დღის სავალზე, წყალი არსად იპოვებოდა, ამიტომ გზისა და სიცხისგან მაშვრალთათვის მართლაც ღვთის წყალობა იყო მასთან სტუმრობა. იქვე ბერს მცირე ბოსტანიც გაეხარებინა და მგზავრნი, ვით ზეციურ მანანას, იღებდნენ მწვანილს. აკი უფალიც გვეტყვის: ვინც ჩემი სახელით ერთი ჭიქა გრილი წყალი ასვას მაშვრალს, სასყიდელი არ წარუწყმდესო.
თვითონ ხომ გასცემდა მოწყალებას, - სხვასაც გააცემინებდა. ხშირად მიდიოდა სოფელ ხაშმში და მოწყალებას ითხოვდა. აძლევდნენ, ვისაც რა ჰქონდა - ლობიოს, ხორბალს, თაფლს... ყველა სიხარულით შეეწეოდა, რადგან იცოდნენ, რომ თავისთვის არაფერს დაიტოვებდა. არც არავინ გაუშვებდა ხელცარიელს და არც თვითონ განეშორებოდა. თუ ვინმე ეტყოდა, არაფერი მაქვსო, ტირილით შეჰღაღადებდა: "შვილო, ცარიელი რომ გამიშვა, ეშმაკი გაიხარებს და შენს მცველ ანგელოზს ეტყვის, არ მისცა მოწყალება გლახაკ ბერსო. ვწუხვარ, ვაითუ ჩემი მოსვლით შენი წარწყმედის მიზეზად ვიქცე! არ წავალ ცარიელი, ვიდრე მცირედს მაინც არ მომცემ და არ არცხვენს ეშმაკს შენი ანგელოზიო". მისი წმინდა ცრემლების შემყურე, აბა, როგორ დაუჭერდნენ "მცირედს"! ღირსი მამა კი ყველაფერს ქვრივ-ობლებს დაურიგებდა, მხოლოდ ხორბალსა და თაფლს წაიღებდა მონასტერში და ყოველ შაბათს კოლიოს მოამზადებდა ხოლმე სამი ჭურჭლით: ერთს - თავის მიცვალებულთათვის, მეორეს - მონასტერში აღსრულებული მამებისთვის, ხოლო მესამეს - ყოველი გარდაცვლილი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მიიტანდა ეკლესიაში და თუ ფული ჰქონდა, მოსახსენიებელსაც შეაგზავნიდა ხოლმე.
დიდად მოწადინე იყო მამა ქრისტეფორე კაცთა შორის მშვიდობისა. თუ გაიგებდა ძმათა, მამა-შვილსა თუ ცოლ-ქმარს შორის შუღლის ამბავს, დატოვებდა მონასტერს და მშვიდობის ჩამოსაგდებად წავიდოდა. მიიხმობდა ორივე მხარეს და ლმობიერად ეტყოდა: "შვილნო, მე თქვენი მიზეზით მოვედი აქ. თუ არ შეისმენთ ჩემს სიტყვას, დაგტოვებთ და წავალ მწუხარე. ამით გაიხარებს ეშმაკი, რომელსაც არ სურს კაცთა შორის მშვიდობა, და უფრო დიდ განსაცდელს შეგამთხვევთო". სიტყვებს ცრემლსა და გოდებას მოაყოლებდა. დამხვდურთაც გული შეეძვროდათ, "დაეგებოდნენ ურთიერთას და ჰყოფდნენ მშვიდობასა".
უფალიც ნიშ-სასწაულებით განაძლიერებდა თავის მონას. ერთ ბნელ ღამეს მამა ქრისტეფორე განმარტოებულიყო, ჩვეულებისამებრ, ლოცულობდა და გლოვობდა. უცებ შორიახლოს ნათელი შეამჩნია, რომელიც გაუნძრევლად იდგა, თითქოს მის წასვლას ელოდა. ბერი უფალს შეევედრა, განსაცდელისგან ეხსნა. მხეცის თვალები თუ ანათებსო, ფიქრობდა, მაგრამ როცა დაინახა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, გადაისახა ჯვარი და გზას გაუდგა. ნათელი წინ გაუძღვა. ბერი რომ შეისვენებდა, ისიც შეჩერდებოდა, განაგრძობდა გზას და ნათელიც დაიძვროდა. "ეგებ ღმერთმა შემწედ მომცა ეს ნათელი მე უბადრუკს; რომ არ მივყვე, ვაითუ უფალი განვარისხოო", - ფიქრობდა ბერი. მთელი ღამე იარეს და სოფელ სართიჭალას რომ მიადგნენ, მაშინღა განეშორა ნათელი ბერს და უჩინო იქმნა.
მრავალი კეთილი საქმე აღასრულა იმ დღეს სართიჭალას მამა ქრისტეფორემ.
ღამეებს ლოცვაში ათენებდა ღირსი მამა, ებრძოდა ეშმაკთ, განიოტებდა. შემდეგ კი გოდებას დაიწყებდა: "ნაყროვანი, უძღები და ცოდვილი ხარ, ბერო. თუმცა ხორცს არ იხმევ, მაგრამ პურს მაძღრივ ჭამ და თუ პოვებ, ღვინოსაც სვამ. ნუთუ დაგავიწყდა სიკვდილი? დღეს თუ ხვალ მოვა შენი სულის წარმყვანებელი, მოემზადე უბადრუკ ხორცთან განშორებისთვისო!" - მოთქვამდა. განთიადის ჟამსღა მიიძინებდა ხოლმე მცირედ, მაგრამ დაიწყებდნენ თუ არა ზარების რეკვას, ისევ წამოდგებოდა, შევიდოდა ტაძარში და ცისკრის ლოცვაზე დადგებოდა. კვერთხზე დაყრდნობილს თუკი ჩასთვლემდა, მყისვე გამოფხიზლდებოდა და სინანულით იტყოდა: ოჰ, ეს ბოროტი ეშმაკი, დასწყევლოს ღმერთმაო!
მამა ქრისტეფორეს სენაკი ძალზე მცირე იყო, ერთი კაცი თუ დაწვებოდა. ფიცრის ტახტზე ცხვრის ტყავი გაეშალა, რომელიც ხეს ნახევრამდეც ვერ ფარავდა. სასთუმლად ერთი დიდი ქვა დაედო, ტყავის ნაგლეჯი გადაეფარებინა მასზედ. ოდეს მიწვებოდა, მისი საბანი ის იყო, რაც ტანთ ეცვა - ცხვრის ტყავისგან მობლანდილი უნდო, შეურაცხი სამოსი. სიკვდილამდე ის კუნკულ-ბარტყული ემოსა, ბერად აღკვეცისას რომ ჩააცვეს. უყვარდა ხალხს სათნო ბერი, დროდადრო სამოსლითაც განიკითხავდა, მაგრამ მამა ქრისტეფორე ყველაფერს გლახაკებს აძლევდა, რამეთუ არარას ზრუნავდა იგი საწუთროსათვის და ამაოისა, არამედ ზეცას იუნჯებდა ბრწყინვალე საუნჯეს.
კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდა ღირს მამას: თუ სენაკში პური, თაფლი ან ღვინო ეგულებოდა, გზად მიმავალს უთუოდ შეიყვანდა შინ და საზრდოს ისე მიართმევდა, ვითარცა უფალს.
მდაბალი სულისა ყოფილა მამა ქრისტეფორე, თურმე კრავსაც არ აწყენინებდა არც სიტყვით და არც საქმით... ზოგჯერ ვინმე განზრახ ეტყოდა: "გულძვირად ვარო შენზე, მამაო". ლოცვის დასასრულს ეკლესიის კარიბჭესთან დადგებოდა ღირსი მამა, დაელოდებოდა მასზე "გულძვირად მყოფს", ჩაუვარდებოდა მუხლებში და შეევედრებოდა: "მომიტევე, ძმაო, რაიცა გცოდე მე ცოდვილმან!" სენაკამდე მიჰყვებოდა და მანამდე არ განეშორებოდა, სანამ ძმა "ცოდვებს" არ მიუტევებდა.
წლებმა თავისი კვალი დაატყო მამა ქრისტეფორეს: დაუძლურდა ბერი, თმა-წვერი თოვლივით განუსპეტაკდა. სახე მისი მადლით იყო განათებული. "არასადა მიხილავს ეგრეთ განბრწყინვებული პირი კაცისა, ვითარცა მისი ნათელმკრთომარე, რომელსაცა მეწამებიან მცნობნი მისნი", - წერს მისი ცხოვრების აღმწერელი.
დადგა 1871 წელი, ოთხმოც წელს კარგა ხნის გადაცილებულ ბერ ქრისტეფორეს ღვთისგან ეუწყა ჟამი ამ სოფლიდან განსვლისა, გამოვიდა სენაკიდან და მონასტერს გასძახა: "თეოფილაქტე, თეოფილაქტე, თეოფილაქტე!" ხმა არავინ გასცა. მამა ქრისტეფორე სენაკში შებრუნდა, ტახტზე მიწვა, ხელები გულზე დაიკრიფა და საუკუნოდ დაიძინა მართალთა ძილით.
გამთენიისასღა შეიტყვეს ძმებმა მამა ქრისტეფორეს გარდაცვალება. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს ეკლესიის წინ, იმ მამათა გვერდით, რომელთაც საკუთარი შვილივით შეიწყნარეს ქრისტესია, ბერობაში ქრისტეფორედ წოდებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი