ქართული საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 6 დეკემბერი წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წლის 19 სექტემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სხვა მოწამეებთან ერთად, ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგი პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. გრიგოლ ფერაძის კანონიზაციას საფუძვლად დაედო წმინდანად შერაცხვის რვა საფუძვლიდან ხუთი - მოწამებრივი სიკვდილი ქრისტესთვის, მაღალი საეკლესიო, საგანმანათლებლო და საღვთისმსახურო მოღვაწეობა, დიდი დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე, კეთილმსახური, მართალი, წმინდა ცხოვრება, უბიწო მართლმადიდებლობა, ყოველგვარი სათნოების აღსრულება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვარშავაში აშენდება ეკლესია წმინდა გრიგოლის სახელზე. ტაძარი ნიკორწმინდის მსგავსი იქნება და ამიტომაც უწმინდესმა მას გრიგოლწმინდა უწოდა.
ვესაუბრებით წმინდა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილს, ბატონ რომანოზ ფერაძეს:
- 1921 წლის გვიან შემოდგომაზე ფერაძეების ოჯახში უჩვეულო სამზადისი იყო - ახალგაზრდა გრიგოლს გერმანიაში წასასვლელად ამზადებდნენ. ემშვიდობებოდა მრავალჭირგამოვლილ დედას და კოჯრის ბრძოლაში დახეიბრებულ ძმას, ვასოს, რომლის გაზრდაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა.
...მატარებელი მიქროდა. ჭაბუკი იხსენებდა უკანასკნელ თვეებს. მოაგონდა, როგორ გადმოუცურდა წიგნიდან ღია ბარათი, რომელზეც თეთრი ანგელოზი იყო გამოსახული. ამის შემსწრე მწყემსმა მიხამ თქვა: მეც მინახავს ასეთი ანგელოზი, უდაბნოში, ფარის მწყემსვისას, კლდეში ნაკვეთი ეკლესიიდან გამოფრინდაო. შემდეგ იქ მყოფთა შორის მაინცდამაინც მას მიმართა: - შენ უნდა წახვიდე იქ, იქნებ შენც დაინახო ასეთი ანგელოზიო... ის ეკლესია ნებისმიერმა შეიძლება გაჩვენოს, მაგრამ იმ ანგელოზის ჩვენებას მხოლოდ მე შევძლებო...
ბედისწერას იგი სამშობლოდან შორს მიჰყავდა, რათა გაეზიარებინა რჩეულთა ხვედრი - გაეწირა თავი მოყვასისთვის და მისი სული მრავალი ათეული წლის შემდეგ ანგელოზად დაბრუნებოდა მშობლიურ კერას.
...პარიზში თავმოყრილ მრევლს მოძღვარი სჭირდებოდა. გრიგოლმა სამღვდელოების წინადადება მიიღო და ქართულ მრევლს ჩაუდგა სათავეში პარიზში, თავისსავე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში.
1931 წელს გრიგოლმა პარიზში, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაში, მიტროპოლიტ გერმანოზისგან კურთხევა მიიღო. მოქალაქე გრიგოლი მამა გრიგოლი გახდა.
თავის დაარსებულ ეკლესიაში იგი ქადაგებდა: "მამაო ჩვენოში" პირველი სიტყვა ჟღერს, როგორც "მამა", რაც გულისხმობს ღმერთს. როგორც ქრისტიანებს, უფლება არა გვაქვს, ერთმანეთში ავურიოთ სამშობლო და ღმერთი. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს თვითონ ღმერთი და ღმერთის სამშობლო. ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო, მხოლოდ ერთადერთი საგანძური რამ არის ამქვეყნად ისეთი, რომელსაც განძის ფასი აქვს, რომლისთვისაც თვით ჩვენმა მხსნელმა იესო ქრისტემ არ დაზოგა თავისი სიცოცხლე, ეს არის ადამიანის ღირსება და მის გადასარჩენად უნდა ვიზრუნოთ აქ, ამ ქვეყნად. ჩამთვალეთ რაინდად თქვენ, "ღვთის მილიციონერებო". იარაღად მე ხელში ლოცვები მიჭირავს, სხვა არანაირი იარაღი არ გამაჩნია და არც მჭირდება".
დიახ, ლოცვები იყო მომავალი წმინდანის მთავარი იარაღი, იგი მაშინდელ დროში ძლევამოსილ სატანას ლოცვებით უპირისპირდებოდა. ერთადერთი, რაც მამა გრიგოლს შეეძლო გაეკეთებინა, იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთის თესლის დათესვა მოესწრო და ამით გაემრავლებინა სიკეთე. მხოლოდ გამრავლებულ სიკეთეს შეეძლო სატანის დათრგუნვა. სწორედ ამისი ეშინოდა სატანას. მამა გრიგოლი კი მთელი არსებით ჩაერთო სიკეთის თესვის საქმიანობაში. საფრანგეთში დაწყებული საქმიანობა პოლონეთში გააგრძელა.
მაგრამ ყოველ დაღმართს აღმართი მოჰყვება, სიხარულს - მწუხარება. მწუხარება კი რამდენიმე თვეში უნდა დასტეხოდა თავს ფერაძეების ოჯახს. 1942 წლის მაისში გესტაპომ მამა გრიგოლი დააპატიმრა. ბანაკში ტუსაღები გაზის კამერაში შესაშვებად გაემზადებინათ. მამა გრიგოლი მათ სინანულით შესცქეროდა. უცებ ტუსაღებში თავისი ნასტუდენტარი, მრავალშვილიანი მამაკაცი შეიცნო და უმალ გადაწყვიტა - გაეწირა თავი მოყვასისთვის. წამოდგა და დაჟინებით სთხოვა ტუსაღს - ადგილი გამიცვალეო. ტუსაღი მოულოდელობისგან დაიბნა და შეევედრა:
- არა, მამაო, თქვენ უმწიკვლო და წმინდა პიროვნება ბრძანდებით, უნდა იცოცხლოთ, დიდხანს იცოცხლოთ, რათა სიკეთე თესოთ ამ მაცდურ სამყაროში და მისმა ნაყოფმა შეძლოს ბოროტების დათრგუნვა, თორემ თქვენისთანები თუ დაიღუპებიან, კაცობრიობასაც დაღუპვა ემუქრებაო.
მამა გრიგოლის გადაწყვეტილება ურყევი იყო. მან მოიხსნა არქიმანდრიტის ჯვარი, გადასცა ტუსაღს და უთხრა:
"შენ, შვილო ჩემო, მრავალშვილიანი ოჯახის პატრონი ხარ, შვილები გელოდებიან, შვილებს მამა სჭირდებათ. მე კი აქ, თქვენს მიწა-წყალზე, უთვისტომო კაცი ვარ. წაიღე ჩემი ჯვარი და წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიას ჩააბარე, თან ჩემი დაღუპვის ამბავი შეატყობინე".
მამა გრიგოლმა გაზის კამერაში შეაბიჯა...
მამა გრიგოლი აღარ იყო ამ ქვეყანაზე და ვასომ, მისმა ხორციელმა ძმამ, არაფერი იცოდა. იმ ღამეს ცუდი სიზმარი ნახა. წინა კბილი ამოეღო და საშინლად სტკიოდა. უახლოესი ნათესავი მოგიკვდება და გული ძალზე დაგწყდებაო, - უთხრეს მეორე დღეს. გიგოს სიკვდილი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო. ვასოს მისი გარდაცვალების თარიღსაც კი უმალავდნენ სატანის მოციქულები - 1944 ან 1945 წელს დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკშიო. მრავალი წლის განმავლობაში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო.
"პოლონეთში მრავალი ღონისძიება ტარდება წმინდანის პატივსაცემად. გამოიცა მისი შრომები, რომლებსაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. დაარსდა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საძმო, რომელიც აერთიანებს როგორც ცნობილ პოლონელ მეცნიერებს, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. მოგვიანებით საქართველოშიც დაარსდა "წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოება" (თავმჯდომარეები: ილია ფერაძე და რომანოზ ფერაძე). აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის საეკლესო საძმოთა საპატიო თავმჯდომარე არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. "საქართველოს წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოება" თავისი მწირი მატერიალური შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, გარკვეული პატივი მიაგოს წმინდანს. ყოველწლიურად, წმინდანის დაბადების დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აწყობს გასვლით შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა ქართველობამ უკეთ გაიცნოს წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. შარშან, 6 დეკემბერს უნივერსიტეტმა განსაკუთრებით აღნიშნა წმინდანის გარდაცვალების 65 წლისთავი.
უკვე რამდენიმე წელია ვარშავის უნივერსიტეტში წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ტარდება წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენცია კავკასიოლოგიაში, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი პოლონელი და უცხოელი მეცნიერები.
წმინდა გრიგოლ ფერაძეს პოლონელები მიიჩნევენ ვარშავის მფარველ ანგელოზად. ალბათ ეს გახდა განმსაზღვრელი იმ ფაქტისა, რომ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თაოსნობით და პოლონეთში მცხოვრები მეცნიერის, ჩვენი თანამემამულის, პროფესორ ვახტანგ ყოლბაიას მცდელობით, გადაწყდა, აშენდეს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ნიკორწმინდის ასლი, რომელსაც გრიგოლწმინდა დაერქმევა. ეს საკითხი შეთანხმებულია უწმინდესთან. ღვთის ნებით, ალბათ მალე მოგვარდება ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო საკითხი. ღვთის წყალობით, უფალი გამოაჩენს ისეთ კეთილ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის მშენებლობაში წვლილს შეიტანენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი