მამა გიორგი ქარსლადისი (ერისკაცობაში - ათანასე) დაიბადა 1901 წელს, ქერაპეზუნის სამხრეთით, დაბა არგილოპულოში, პონტოელ ბერძენთა ოჯახში. მშობლები, საბა და სოფიო, ადრე გარდაცვლილან. მისი აღზრდა ბებიას უთავია. სწორედ მას ჩაუდვია პატარა ათანასეს გულში ღრმა რწმენა და ღვთის სიყვარული. 7 წლისა ბებიას წაუყვანია პანაღეა სუმელას (სუმელას ღვთისმშობლის ხატის და მონასტრის) მოსალოცად. კოლხეთის მთა მელის ძირში გაშენებული მონასტერი მთელი დიდებულებით წარმოუდგა პატარა ათანასეს და წარუშლელი კვალი დაამჩნია მის სულს. შინ მობრუნებული ბიჭი მწყემსავდა ძმის საქონელს და ადიდებდა უფალს. მალე ბებია გარდაეცვალა. სიკვდილის წინ მოხუცმა შვილიშვილები დალოცა, ხოლო ათანასეს, კურთხევის ნიშნად, სპილოს ძვალზე გამოსახული ღვთისმშობლის ხატი აჩუქა. მალე ათანასეს დაც გარდაეცვალა. თურმე მის საფლავზე ხშირად ხედავდნენ ნათელს, ხოლო როცა, ბერძნული წესისამებრ, გარდაცვალებიდან მესამე წელს მისი საფლავი გახსნეს, ქალწულის ძვლები მოყვითალო ფერისა (ისევე, როგორც ღირს მამათა) აღმოჩნდა. იმ მხარის ეპისკოპოსმა ანას ნაწილები ეკლესიაში დაასვენა. ათანასემ ითხოვა და მისცეს დის ძვალთა ნაწილი, რომელიც შემდგომ ყოველთვის თან ჰქონდა.
ათანასეს ბიძა ერზრუმში გადასახლდა და ბიჭიც თან წაიყვანა. მალე მათ ათანასეს უფროსი ძმაც მიჰყვა, რომელმაც განაგრძო უმცროსი ძმის ექსპლუატაცია. ათანასემ გადაწყვიტა, შინიდან გაქცეულიყო. ბევრი იარა თუ ცოტა, მთაში ხეტიალით დაღლილმა თავი ერთ მღვიმეს შეაფარა. იმ ღამეს უხვი თოვლი მოვიდა და მღვიმის შესასვლელი ამოქოლა. იქვე, შემთხვევით, აქლემების ქარავანმა გაიარა. მექარავნეებმა შენიშნეს თოვლიდან გამოყოფილი ბავშვის ხელი. გამოთხარეს და ბიჭი გამოიყვანეს. შემდეგ ის მუსლიმან ქართველს ჩააბარეს. მან ღვიძლი შვილივით მიიღო პატარა. მცირე საქმეც გამოუჩინა - საქონლის მოვლა, რასაც უკვე დიდი ხალისით ასრულებდა ბიჭი. ბავშვი მთელ დღეებს გალობასა და გულმხურვალე ლოცვაში ატარებდა. მამობილს სიზმარში ერთმა ღირსმა კაცმა ამცნო, ბიჭი სხვას ეკუთვნის და მან მომავალში მრავალი სული უნდა მოაქციოს ღვთისკენო. ერთხელ ათანასეს სამი მღვდელმთავარი გამოეცხადა და უთხრა, ბერად შედგებიო. მამობილმა, რომელიც ფარული ქრისტეანე იყო, ათანასე სარდაფში ჩაიყვანა და ხატები აჩვენა. ხატებში ბიჭმა ის სამი წმინდა მღვდელმთავარიც იცნო. მამობილი შიშმა აიტანა. ჩანდა, რომ ბიჭი მართლაც სხვას ეკუთვნოდა და როგორც მოულოდნელად მივიდა მასთან, ისე მოულოდნელად გაქრა. ერთხელ, ლოცვისას, ათანასეს წმინდა გიორგი გამოეცხადა, ცხენზე შემოისვა და საქართველოში წამოიყვანა. გზა ძალზე მალე გაიარეს. წმინდანმა ბიჭი თბილისში დატოვა.
კვირა დღე იყო. ათანასე იდგა ერთ ტაძართან და გონს ვერ მოსულიყო. ტაძრიდან მონაზონი გამოვიდა, მიეფერა. მისი ამბავი რომ შეიტყო, თავის მოძღვართან გაგზავნა. მოძღვარმა ბიჭი დაიტოვა და სამორჩილო კაბა ჩააცვა, რომელიც შემდგომში მას სიცოცხლის ბოლომდე არ განუშორებია. მაშინ ათანასე 9 წლისა იყო. იმ მონასტერს, სადაც იგი ცხოვრობდა, მამა გიორგის ცხოვრების აღმწერელი "ცხოველსმყოფელი წყაროს" სახელით მოიხსენიებს. მასში ბევრი ყოფილი ეპისკოპოსი, მღვდელმონაზონი სახლობდა. აღწერით, სავანე ძალზე წააგავს სვეტიცხოველს (შესაძლოა, არმაზის მამათა მონასტერიც იყოს). ძალზე შეუყვარდათ ქართველ ბერებს ახალი მორჩილი, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მის სულიერ მდგომარეობას. ათანასეს სხვადასხვა მორჩილებაში ამყოფებდნენ: ხან სატრაპეზოში მსახურობდა, ხან ტანსაცმელს ქსოვდა და კერავდა. თავისთვის თხის ბეწვისგან პერანგი მოუქსოვია, რომელიც შიშველ ტანზე ჩაუცვამს. წინამძღვარს უთქვამს, ნუ დაიტანჯავ თავს ზედმეტი ასკეტიზმითო, რაზეც უპასუხია, რომ ასე გალევდა მთელ სიცოცხლეს. ათანასეს ქართული წირვა-ლოცვა ძალზე შეუყვარდა, ბერძნული (პონტოური) სულ გადაავიწყდა. მონასტერში ნახა თავისი ბიძა, რომელიც დაღუპული ეგონათ. იგი იქცა მორჩილი ათანასეს გულის მესაიდუმლედ. 1919 წლის 20 ივლისს არქიმანდრიტმა გიორგიმ ათანასე ბერად აღკვეცა და სახელად სვიმეონი უწოდა. მალე საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ. დაიწყეს სამღვდელოთა დევნა, ეკლესია-მონასტრების დარბევა. დაიხურა ბერი სვიმეონის მონასტერიც. კომუნისტებმა წმინდა სავანე გაძარცვეს, ხოლო მისი მკვიდრნი: ეპისკოპოსნი, მღვდელნი თუ ბერნი - ციხეში ჩაყარეს. ბევრმა ციხის საშინელ პირობებს ვერ გაუძლო და იქვე აღესრულა, მათ შორის, სვიმეონის მონასტრის იღუმენიც. ერთხელ ჩეკისტებმა მამა სვიმეონი გააშიშვლეს, ხელშეკრულს დაატარებდნენ ქუჩებში და გაიძახოდნენ: ნახეთ, ნახეთ, წინასწარმეტყველი მოდისო.
აღდგომის დღესასწაულმა პატიმრებს ციხეში მოუსწროთ. კომუნისტებმა მათ ტაძარში ლოცვის ნება არ მისცეს - აღდგომა ღამეს, როცა ყველა აღდგომის საგალობელს "ქრისტე აღსდგას" აღავლენდა, მიწა იძრა, ციხე შეირყა და კარები თავისით გაიღო. ხმაურზე მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი. ყველამ დაინახა სამი წმინდა მამა, რომელთაც ხელთ პატიოსანი ჯვარი ეპყრათ და გალობით ციხეს უვლიდნენ გარშემო. მხოლოდ განთიადისას შეწყდა ეს ჩვენება. მეორე დღეს ბერი სვიმეონი, სხვა პატიმრებთან ერთად, სასაკლაოზე გაიყვანეს. დახვრეტის წინ ყველა ერთად შეკრეს და უფსკრულის წინ დააყენეს. მათი ნასროლი ერთი ტყვია ფეხში მოხვდა, მეორემ ყელში გაუარა, ხოლო მესამე ტყვია გულზე დაკიდებულმა ბებიის ნაჩუქარმა ღვთისმშობლის ხატმა აისხლიტა. ბერი სვიმეონი გადარჩა, მაგრამ ამან მაინც ვერ მოიყვანა გონს ციხის უფროსი და გადარჩენილ პატიმარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. სვიმეონმაც საკადრისად უპასუხა, - შენ არა გაქვს ჩემზე უფლება, ვიდრე ღმერთსო. განრისხებულა მტარვალი და ბერი ციხის ყველაზე ბნელ, ნესტიან და მყრალ ადგილას ჩაუგდია. აქ მან დიდხანს დაჰყო, ამასობაში კბილები დასცვივდა და ფეხები დაუავადდა. ამ ტანჯვაში მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და გაამხნევა. წარმოშობით პონტოელმა ბერძნებმა იშუამდგომლეს ჩეკისტებთან და სვიმეონი გამოიხსნეს. 1925 წლის 8 სექტემბერს (ძვ. სტილით), ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მცხეთაში, წმინდა ნინოს ტაძარში, ბერ სვიმეონს მიტროპოლიტმა იოანემ (ჩვენი აზრით, მარგიშვილმა) მღვდლად ხელი დაასხა და სახელად გიორგი უწოდა. მაშინ ის 24 წლის იყო. მამა გიორგის უკვე მაშინ მიეცა მადლი დაფარულთ მცნობელობისა. მას ყველა, როგორც წმინდანს, ისე მიეახლებოდა. ახლობლების დახმარებით მამა გიორგი აფხაზეთში გადასახლდა, მოილოცა მისი სიწმინდეები. ღვაწლი ღვაწლს შეჰმატა, მისი მღვიძარება, ლოცვა და მარხვა ყველას განაცვიფრებდა. ლაპარაკობდა მხოლოდ ქართულად, მერეღა ისწავლა (გაიხსენა) პონტოური ბერძნული.
მისმა მოკეთეებმა საბერძნეთში დააპირეს გადასახლება, მამა გიორგისაც უშუამდგომლეს და 1929 წლის 19 თებერვალს პირველად დაადგა ფეხი ბერძნულ მიწას, დაღლილმა, დაუძლურებულმა - ციხემ ხომ ნახევრად დავრდომილი გახადა. მისი ქონება ერთ ჩანთაში ეტეოდა: რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი ქართულ ენაზე, სამღვდელო შესამოსელი, ხატები და თავისი დის, ანას, ნაწილნი.
მამა გიორგი საბოლოოდ მაკედონიაში, ქალაქ დრამაში დასახლდა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ასკეტური ღვაწლი არ შეუწყვეტია. ექიმებმა ცოტათი მაინც უწამლეს მის დადამბლავებულ ფეხებს, სხვათა დახმარებით შეძლო სიარული და ღვთისმსახურება. განსაკუთრებული იყო მის მიერ ჩატარებული ლიტურგია, ამბობენ, იგი ამ დროს ხშირად მიწას არ ეხებოდაო.
წმინდა გიორგი სულიერ შვილთან ერთად
1938 წელს საბერძნეთში მიწის ნაკვეთები დაარიგეს. მამა გიორგისაც მისცეს ოთხი ჰექტარი, სადაც, კეთილი მეზობლების დახმარებით, პატარა ტაძარი ააგო ღვთისმშობლის შობის სახელზე. მეორე წელს ახალი ააშენა - მაცხოვრის ამაღლების სახელზე. ააგო აგრეთვე სასტუმროც, ვინაიდან მთელი მაკედონიიდან მასთან მიდიოდნენ სააღმსარებლოდ, მათ კი თავშესაფარი სჭირდებოდათ. მალე მსოფლიო ომი დაიწყო, საბერძნეთსაც დაატყდა თავს განსაცდელი - ბულგარელების ოკუპაცია, ომი იტალიასთან, შემდეგ სამოქალაქო ომი.
1941 წელს ბულგარელებმა შეიპყრეს მამა გიორგი და დახვრეტა დაუპირეს. მოძღვარმა დახვრეტის წინ ლოცვა ითხოვა. ნება დართეს. გულმხურვალედ ილოცა და ჯალათებს მიმართა - თქვენი საქმე აღასრულეთო. ისინი კი, თითქოს ვიღაც მოსდევთო, შეშინებულნი გაიქცნენ. სამოქალაქო ომის დროს პარტიზანებმა მამა გიორგის ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს, მაგრამ ის ყველაფერს უდრტვინველად ითმენდა.
მთელი საბერძნეთიდან დაიძრა ხალხი მამა გიორგისთან. ზოგს მისი ასკეტიზმი იზიდავდა, ზოგს - წინასწარმცნობელობა, ზოგს, უბრალოდ, სურდა შეეხედა კაცისთვის, ქრისტეს აღმსარებლისთვის. მამა გიორგიც ყველას თავისი გაკეთებული კერძით უმასპინძლდებოდა, გასცემდა როგორც სიყვარულს, ასევე იმ ძღვენსაც, რომელიც მასთან მორწმუნეებს მიჰქონდათ.
წმინდა გიორგი ნათლულთან ერთად
მადლიანი ქადაგება იცოდა. მრევლს სიყვარულს ასწავლიდა: "გიყვარდეთ ყოველი კაცი, კიდევ მეტად - მტერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ყოველთვის გქონდეთ სიყვარული მათ მიმართ, ვისაც უყვარხართ და იმათ მიმართაც, ვისაც სძულხართ. შევუნდოთ და გვიყვარდეს ყველა, თუნდაც ბოროტებას შეგვამთხვიონ. მაშინ ვიქნებით ღვთის ნამდვილი შვილები, მაშინ შეგვენდობა ცოდვები... გიყვარდეთ მთელი სამყარო. აი, სწორედ მაშინ იქნებით თქვენი მოძღვრის შვილები, როგორც აქ, ისე იმ ცხოვრებაში. იქადაგეთ ყოველთვის სიყვარულზე. ესაა ღვთის სჯულის საფუძველი. სიყვარული და მხოლოდ სიყვარული... როცა გესმის, რომ განიკითხავენ სხვას, თუნდ ეს სიმართლე იყოს, ნუ დაამატებ ცუდს, იზრუნე გლახაკებზე, მოხუცებზე, ობლებსა და ავადმყოფებზე... საერთოდ მათზე, ვისაც სხვები ამცირებენ. პატიოსანი შრომით მოიპოვე არსობის პური. ნუ დაივიწყებ მოწყალების გაცემას. ესაა გზა, რომელიც შენ უნდა განვლო. ყოველთვის უნდა ფიქრობდე, რა გააკეთო კარგი. სწორედ ესაა ქრისტიანული ცხოვრება..."
დადგა 1959 წელი. მამა გიორგიმ იგრძნო აღსასრულის მოახლოება: "ღვთის ნებაა, რომ მე წავიდე, - უთხრა სულიერ შვილებს, - ცოდვა ძალზე მოიწევს წინ. ცოდვაშია ჩაფლული სამყარო და ვერ იგებს! ეს მე მტანჯავს და ვეღარ ვუძლებ... ნუ დაღონდებით, ყველა წავალთ ამ ცხოვრებიდან. ჩვენ აქაურობის სტუმრები ვართ". გარდაცვალებამდე ორმოცი დღით ადრე უთქვამს, - გაივლის ორმოცი დღე და გარდავიცვლებიო. სარეცელს მიჯაჭვული ამა ცხოვრების დღეებს ითვლიდა. ცდილობდა გაემხნევებინა სულიერი შვილები, რომელნიც თვალცრემლიანნი ღამეებს ათენებდნენ ლოცვებში. "ჩემი სულიერი შვილების მიერ აღვლენილი ღამისთევის ლოცვები სიცოცხლის დღეებს მიხანგრძლივებს, მაგრამ მე მალე წავალო", - უთქვამს. ერთ სულიერ შვილს სთხოვა: კუბოში როცა ჩამაწვენენ, აიღე ჩემი პატარა ქართული სახარება და გულზე დამადეო (მღვდლებს ასე კრძალავენ).
1959 წლის 4 ნოემბერს განშორდა ამ სოფელს, მივიდა თავის საყვარელ უფალთან.
გარდაცვალებიდან მესამე დღეს მისი სხეული ისევ თბილი და რბილი იყო. "ცოცხალი დამარხეს ჩვენი მოძღვარი", - ამბობდნენ მისი სულიერი შვილები. ყველას ჰქონდა შეგრძნება იმისა, რომ მამა გიორგი ცოცხალი იყო და მათ გვერდით იდგა. მისი დაკრძალვის დღეს, როგორც თვითონვე იწინასწარმეტყველა, სამი ეპისკოპოსი მივიდა და წესი აუგოს. უამრავი ჩიტი მოფრინდა და აავსო ტაძრის ეზო. ხოლო როცა დაკრძალეს, ორი კვიპაროსი დაიხარა და თითქოს თაყვანი სცა გარდაცვლილს...
2008 წელს საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გიორგი დრამელი წმინდანად შერაცხა.
წმინდა გიორგი დრამელის კანონიზაცია. მის წმინდა ნაწილებთან ლოცულობს კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს მეორე.
წმინდა გიორგი დრამელის წმინდა ნაწილი