როცა წმინდა გრიგოლმა სრულყოფილების ასაკს მიაღწია, მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ის ჩუმად გაიპარა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მოშურნედ მოღვაწეობდა. მან მკაცრე ასკეტური ცხოვრების ყოველგვარი სიმძიმე გამოსცადა, მარხვა და თავშეკავება, განუწყვეტელი ღამისთევის ლოცვები.
ამასობაში წმინდას გრიგოლის მამა გარდაიცვალა; მისმა ღვთისმოსავმა დედამ დიდი ხნის ძებნის შემდეგ წმინდა გრიგოლი იპოვა, მაგრამ არ უსაყვედურა, არამედ მოუწონა მონაზვნობის სურვილი. მხოლოდ ის თხოვა, რომ სხვა მონასტერში გადასულიყო, სადაც მისი ძმა ცხოვრობდა. წმინდა გრიგოლი დაემორჩილა დედის ნებას და იმ მონასტერში გადასახლდა; მაგრამ როცა შეიტყო, რომ მონასტრის წინამძღვარი ხატმებრძოლი იყო, მან როგორც მოშურნე მართლმადიდებელმა ამხილა ის მთელი ძმობის წინაშე. რის გამოც განრისხებულმა წინამძღვარმა სასტიკად სცემა. ამის შემდეგ წმინდა გრიგოლი სხვა მონასტერში გადავიდა, იქ კი წინამძღვარი დედამისის ნათესავი იყო, მამა სიმონი. წინამძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა წმინდა გრიგოლს, როგორც გამოცდილმა და მოღვაწე კაცმა ყმაწვილი სხვადასხვა სათნოებებში გაწრთვნა.
წმინდა გრიგოლ დეკაპოლელის უძველესი მინიატურა.
აქ მან 14 წელი იცხოვრა და საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა და როგორც მოსანგრე და წმინდა კაცს, ყველა პატივს მიაგებდა. წმინდა გრიგოლმა მოისურვა სრულყოფილი მონაზონი გამხდარიყო და წინამძღვარს სთხოვა, განმარტოებით მდგარ სენაკში დასახლების ნება მიეცა, სადაც ყოველგვარ ამქვეყნიურ საზრუნავს მოშორებული, მყუდროებაში აღავლენდა ლოცვას. მის კეთილ სურვილში დარწმუნებულმა წინამძღვარმა წმინდა გრიგოლი ერთ ღრმა მღვიმეში წაიყვანა. დიდი მოშურნეობით შეუდგა მოსანგრეობას ღირსი მამა. კაცობრივ შფოთს მოშორებულს, ბევრი რამ ევნო მას დემონებისგან, რომლებიც განსაცდელებს მოუვლენდნენ მას და ცდილობდნენ მღვიმიდან გაეგდოთ. ემუქრებოდნენ და უყვიროდნენ: "წადი ჩვენი სახლიდან, თორემ ბევრ ცუდს შეგამთხვევთო", ხანაც საშინელი მორიელების სახეს იღებდნენ და მისკენ იწევდნენ. მაგრამ ის, მათგან მოუწყვლელი, უშიშრად იდგა. ერთხელ ლოცვისას, ეშმაკებმა მას ხელ-ფეხი დაუკბინეს, მაგრამ ღირსმა გრიგოლმა არად ჩათვალა ეს წყლულები და ლოცვა გააგრძელა, ეშმაკები შერცხვენილნი გასცილდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ეშმაკები მეომრების სახით გამოეცხადნენ და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ მან ჯვრის ნიში გამოისახა და ისინიც გაქრნენ. შემდეგ კი ნათლით მოსილნი გამოეცხადნენ და უთხრეს ჩვენ ორმოცი მოწამე ვართ და დემონის წინაააღმდეგ საბრძოლველად ძალისა და მადლის გადმოცემა გვინდაო, მაგრამ, ღირსი გრიგოლი მიუხვდა მათ მზაკვრობას და ჯვრის ნიშით ისევ იოტა მტერი. ასევე უძლური იყო ეშმაკთა მიერ მოწეული სხვა განსაცდელები, რამეთუ ღვთის მადლი შეეწეოდა წმინდა გრიგოლს.
ამის მერე მალევე უფალმა თავისი მონა საკვირველი ხილვის ღირსი გახადა: გრიგოლი ერთგვარ აღტაცებულ მდგომარეობაში მოვიდა, რომლის დროსაც გამოეცხადა მას ბრწინვალე ნათელი, გამოუთქმელი კეთილსურნელებით, რომელიც ციდან ჩამოეშვა, მღვიმე აღავსო და მასში დარჩა მრავალი დღის მანძილზე. წმინდა გრიგოლმა საჭიროდ ჩათვალა ამ სასწაულის შესახებ წინამძღვარისთვის მოეთხრო, და მას როგორც სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი კაცს ჰკითხა: ღვთისაგან იყო ეს ხილვა, თუ ეშმაკმა მისი მოტყუება და მოხიბვლა სცადა. ყურადღებით მოუსმინა წინამძღვარმა და დაამშვიდა, რომ ეჭვი და შიში არა ჰქონოდა, რადგან ეს იყო ღვთაებრივი ნათელი, რომელმაც თავისი კეთილსურნელებით ბოროტი სულის აუტანელი სიმყრალე განაქარვა. "იშრომე რამდენსაც შესძლებ, თქვა ბოლოს ბერდიდმა, - გწამდეს რომ ღმერთია შენი შემწე". მართლაც წმინდა გრიგოლი ამ მადლმოსილი ხილვის შემდეგ განიკურნა და განთავისუფლდა მომაუძლურებელი ხორციელი და სულიერი სნეულებისგან-ხორციელი საცთურისგან, რომლითაც ცდილობდნენ მის ცდუნებას დემონები. ამ დროიდან ღირსმა გრიგოლმა გააძლიერა თავისი ღვაწლი და სიღრმით გულისათ აღუვლენდა ლოცვას უფალს. წმინდა და უბიწო ცხოვრების გამო უფალმა წმინდა გრიგოლს სასწაულთმოქმედების მადლი უბოძა. ღმერთმა მას ზეციდან მოუხმო როგორც ერთ დროს პატრიარქ აბრაამს:
-გრიგოლი! თუ გსურს, რომ სრულყოფილებას მიაღწიო, გამოდი შენი მშობლიური მიწიდან და შენი სიკეთისათვის მწირობას შეუდექ.
წმინდა გრიგოლი ღვთაებრივ ხმას დაემორჩილა, დატოვა მღვიმე და ეფესოსკენ გაემართა, რათა კონსტანტინეპოლისკენ მიმავალი გემი ენახა: იმ დროს კონსტანტინეპოლის ეკლესიას ხატთმებრძოლთა ერესი შეარყევდა და წმინდანმა მათი მხილება გადაწყვიტა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განსაჯა: წმინდა გრიგოლს საღმრთო მოწოდებით მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მიმომწირობაში უნდა გაეტარებინა, მსგავსად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმასაც ადგილი არ ჰქონდა სადაც თავს მიიდრეკდა.
წმინდა გრიგოლ დეკაპოლელის მღვიმე. ბისტრიცა. რუმინეთი.
გაემგზავრა ეფესოდან კონსტანტინეპოლისკენ, გზად ჯერ პროკონისში შეჩერდა, სადაც ერთმა ღარიბმა კაცმა მიუხედავად ხატთმებრძოლი მეფის ლევ ისავრიელის უმკაცრესი ბრძანებისა, რომელიც სახლში ბერების მიღებას უკრძალავდა ხალხს, მან წმინდა გრიგოლს გულთბილად უმასპინძლა და რის გამოც უფალმა ის მცირე ხანში გაამდიდრა. აქედან წმინდანი ბიზანტიისკენ გაემართა, მაგრამ წინააღმდეგობას შეხვდა და აქედან მიხვდა, რომ ღვთის ნება არ იყო მისი იქ წასვლა და ენოსში გაემგზავრა, პატარა ზღვისპირა ქალაქში, კონსტანტინეპოლის დასავლეთით. აქ ის სასტიკად სცემა ეშმაკისაგან აღძრულმა ერთმა მხედარმა; მაგრამ წმინდანმა დაითმინა ტკივილი და მხურვალედ შეევედრა ღმერთს თავისი მაწყინარისთვის. მხედარმა როცა იხილა მისი სიმშვიდე და სიმდაბლე, შეინანა საქციელი და შენდობა სთხოვა წმინდანს. ღირსი გრიგოლი დაჯდა გემზე და ქრისტოპოლში ჩავიდა, იქიდან კი თესალონიკში გაემგზავრა.
რამდენიმე დღეში თესალონიკში ჩავიდა, ხოლო იქიდან ფეხით კორინთოში ჩავიდა. იქიდან რომისკენ გასცურა, გზად რამდენიმე დღე რეგიაში გაჩერდა. რეგიადან რომში გაემგზავრა. ვიდრე ნაპირს მიაღწევდნენ მგზავრებიდან ერთ-ერთი ზღვაში ჩავარდა, მას უეჭველად სიკვდილი ელოდა, მაგრამ წმინდანის ლოცვით ის ნაპირზე სრულიად უვნებელი აღმოჩნდა.
რომში ჩასულმა წმინდა გრიგოლმა სამი თვე ერთ კელიაში გაატარა დაყუდებულმა. მაგრამ ვინმე ეშმაკეულმა ქალაქში მისი ჩასვლა ყველას გააგებინა: წმინდანმა ლოცვით ეს ეშმაკეული განკურნა და მისადმი ყველა პატივისცემით განიმსჭვალა. მაშინ წმინდანმა რომი დატოვა და სიცილიაში ჩავიდა. იქ ერთ კოშკში ჩაიკეტა და დუმილი დაიმარხა. მას აქ დემონები დაესხნენ თავს, დაუწვეს ჩიჩობი რომელზეც ეძინა, ყველანაირი სასაძაგლე სცადეს მის საცდუნებლად მაგრამ წმინდანმა ისინი ლოცვით განდევნა. წმინდა გრიგოლმა აქ ერთი მეძავი ქალი, რომელიც მეზღვაურებს აცდუნებდა ხოლმე, თავისი მადლმოსილი ქადაგებებით ისეთ სინანულში მოიყვანა, რომ დედაკაცმა მიატოვა ცოდვა, ეს სოფელიც და მონასტერში წავიდა. მას მერე რაც კოშკში დასახლდა წმინდანმა ერთი ეშმაკეული დედაკაციც განკურნა და კიდევ მრავალი სასწაული მოიმოქმედა ამ ადგილას. ამის შესახებ ხალხმა შეიტყო და პატივსა სცემდნენ, როგორც წმინდანს. წმინდა გრიგოლმა ეს კოშკიც მიატოვა.
წმინდა გრიგოლ დეკაპოლელის ლუსკუმა.
გზაში წმინდა გრიგოლი სარკინოზთა რაზმს გადაეაყარა. ერთი მათგანი ჭიდან ცხენს წყალს ასმევდა, როცა წმინდანი მიუახლოვდა, შუბი მოუღერა მოკვლა დაუპირა, მაგრამ ხელი ჰაერში გაუშეშდა და ვეღარ ჩამოუშვა. შეშინებული სარკინოზი წმინდანს ფეხებში ჩაუვარდა და განკურნება სთხოვა, წმინდა გრიგოლმა ხელი შეახო მის ხელს და განკურნა იგი.
ბოლოს წმინდა გრიგოლი თესალონიკში ჩავიდა და წმინდა მინას მონასტერში დასახლდა. აქ ის იმგვარ გაჭირვებაში ცხოვრობდა რომ არ ჰქონდა საჭმელი, ქვეშაგები, დღე და ღამ ერთადერთი სამოსი იცვა. როცა საშინლად მოშივდებოდა, მიადგებოდა ხოლმე სადმე მოტრაპეზეებს და ისინიც მცირეოდენ საკვებს უწილადებდნენ. მაგრამ, შემდეგ იგრძნო, რომ უშრომელად, სხვის ხარჯზე არ უნდა ეცხოვრა და გადაწყვიტა ეკლესიაში უჭმელად იმდენ ხანს დარჩენილიყო, ვიდრე ღმერთი არ შეეწეოდა, და უფალმაც, როგორც ერთ დროს ილია წინასწარმეტყველი ყვავის მიერ გამოკვება, ეხლაც აღძრა ვინმე ქვრივი დედაკაცი, რომელიც ყოველდღიურად უზიდავდა მას საკვებს.
მალე იმ მხარეშიც გაუვარდა სახელი წმინდა გრიგოლს, როგორც სასწაულთმოქმედს. ერთხელ მას ერთი ეშმაკეულმა დედაკაცმა თავისი ძველი ქოხის აღდგენა სთხოვა. წმინდა გრიგოლმა უთხრა: "წადი საქმეს შეუდექი, და ობოლთა გამომზრდელი ღმერთი შეწევნას მოგივლენსო".
ქალი წავიდა და სახლისთვის საძირკველის გათხრას შეუდგა. და ამ დროს მიწიდან უზომო რაოდენობის ფისმა ამოხეთქა, ქალმა ფისი გაყიდა და იმ ფულით, სახლიც აიშენა და შემდგომში თავსაც ირჩენდა.
წმინდა გრიგოლი დაუღალავად მუშაობდა საკუთარი სულის აღშენებისთვისაც, დაიმარხა სულიერი სიწმინდე და ქრისტიანულ სათნოებებს აღასრულებდა. მას დიდი კადნიერება ჰქონდა ღვთის წინაშე და სულიწმინდის ჭურწელი შეიქმნა; ღვთის მოწოდებით მიდიოდა ის თავისი მოღვაწების ვიწრო ბილიკზე, მარადის მღვიძარებდა და მტერი ძილშიაც კი ვერ ვერ შეაწუხებდა მას გულისთქმებით და ოცნებებით. სულით და ხორცით გაწმენდილ ღირს მამას მღვდლად ხელი დაასხეს. სიმდაბლითა და შემუსვრილი სულით აღასრულებდა ღირსი გრიგოლი ღვთისმსახურებას. მედიდურება და ქედმაღლობა სრულიად აღხოცა თავის სულიდან. ყველაზე მეტად კი მართლმადიდებლობის სიწმინდეს დაიმარხავდა, სიტყვითა და საქმით, რითიც განაცვიფრებდა ერეტიკოსებს, რამდენადაც შეეძლო სიტყვითა და წერილებით ჰქადაგებდა ხატთა თაყვანისცემას და ეკლესიის გარდამოცემის პატივისცემას. მრავალი ქალაქი გაწმინდა მან ხატმებრძოლობის სიბილწისაგან და დაარწმუნა ხალხი სიხლიც კი დაეღვარათ წმინდა ხატების დასაცავად. თვითონაც მზად იყო მოწამეობით სიკვდილისათვის. განუწყვეტელი ლოცვა იყო ღირსი გრიგოლის ყველაზე დიდი სათნოება და ამით ის უფლის ანგელოზებს მიემსაგავსებოდა. მან აქვე მიიღო წინდი საუკუნო ნეტარების გამოუთქმელი სიხარულისა. მას ერთ ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა ცეცხლოვანი მახვილი გადასცა, რომლითაც შემუსრავდა იგი ეშმაკის ძალებს და მოჰკვეთდა ეკლესიისგან ერეტიკოსთა ცრუდბრძნობას, გულიდან კი ცოდვიან ვნებებს.
იმდენად სათნო ეყო იგი უფალს, რომ ზოგჯერ საღმრთო ფიქრებში გართულს ანგელოზთა გალობა ესმოდა და დატკბებოდა.
წმინდა გრიგოლ დეკაპოლელის ხატი. ათონი.
თესალონიკში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ, ღირსი გრიგოლი მოწაფესთან ერთად ბულგარეთში გაემგზავრა, რომელიც იმ დროს წარმართული ქვეყანა იყო. მაგრამ, იქამდე არც მისულა, უკან გამობრუნდა. როცა მოწაფემ მიზეზი ჰკითხა, მან უპასუხა:
-მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ვხედავ იქ მზე არ ანათებსო.
ამ სიტყვებით იწინასწარმეტყველა მან ის არეულობა, რომლის დროსაც მთელი ბულგარეთი ცეცხლს მიეცა და სისხლის მდინარეებით მოირწყო.
მალევე წმინდა გრიგოლმა დატოვა თესალონიკი და ბიზანტიისკენ გაემართა, იქიდან კი ოლიმპის მთაზე, რომელიც მცირე აზიაში, ბითვინიის და მიზიის საზღვარზე მდებარეობს და სადაც იმ დროს ბერ-მონაზვნური ცხოვრება ჰყვაოდა.
მოუახლოვდა გარდაცვალების ჟამი. ეპილეფსიით მძიმედ დაავადდა. გაუნძრევლად იწვა და უფალს მხურვალედ ევედრებოდა, სთხოვდა, რომ ეპილეფსია წყალმანკით შეეცვალა. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა, გაანთავისუფლა პირველი სნეულებისგან და შეჰყარა მეორე, რომელიც მან ითხოვა. ავადმყოფობამ სხეული საშინლად გაუბერა. ღირსმა გრიგოლმა დასტოვა თესალონიკი და გაჭირვებით ჩავიდა კონსტანტინეპოლში, რათა ხატთმებრძოლებს წინაღდგომოდა. ეს მოხდა იმპერატორ ლევ სომეხის დროს. მას თან ახლდა თავისი ორი მოწაფე და თანამოსანგრე იოსები და იოანე. იოსები (ღირსი იოსებ ჰიმნოგრაფი მისი ხსენება 18 აპრილსაა) მართლმადიდებელი ბერების დავალებით რომის პაპთან ლევ მესამესთან გააგზავნა, დახმარების თხოვნით. მაგრამ, ის ლევ სომეხის მოსყიდულმა მეკობრეებმა შეიპყრეს და კუნძულ კვიპროსზე დაამწყვდიეს.
იოსებმა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო თავის დიდ მოძღვარს. ღირსმა გრიგოლმა ოცი დღით ადრე წინასწარსცნო ჟამი თავისი გარდაცვალებისა და 826 წლის 20 ნოემბერს ჩააბარა სული თვისი უფალს. სიკვდილის შემდეგაც განადიდა უფალმა თავისი მორჩილი სასწაულებით. ვიდრე დაკრძალავდნენ ღირსი გრიგოლის ცხედართან შეხებით რამდენიმე ადამიანი განიკურნა. უხრწნელი დარჩა მისი წმინდა სხეული რომელიც დღეს რუმინეთში ბისტრიცას მონასტერშია დასვენებული.
ღირს გრიგოლ დეკაპოლელს მიაწერენ "სარკონოზის ხილვის" ავტორობას, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი- სარკინოზის ხილვა.
გვაკურთხე მამაო!
სტრატეგმა ნიკოლოზმა, იგივე იულიანემ, მომიყვა რომ მათ ქალაქში, რომელსაც სარკინოზთა ენაზე "ვენახს" ეძახიან ასურეთის ხალიფამ ძმიშვილი გააგზავნა, მას ბიძამ თავისი სასახლის მოწყობა დაავალა. არის იქ დიდი ეკლესია, ძველი და საკვირველი, წმინდა და სახელგანთქმული მოწამის წმინდა გიორგის სახელზე აშენებული. როცა სარკინოზმა შორიდან თვალი მოჰკრა ეკლესიას, ბრძანა რომ მისი ტვირთი და თორმეტი აქლემი შიგნით Aშეეყვანათ., რათა ზემოდან ეცქირა თუ როგორ გამოკვებდნენ მათ.
ამ პატივცემული ეკლესიის მღვდლებმა სთხოვეს: "ბატონო, ნუ მოექცევი ასე ტაძარს, ნუ შეურაცხყოფ მას, აქლემების ღვთის წმინდა ეკლესიის წმინდა საკურთხეველის შეყვანით". მაგრამ სასტიკ და ჯიუტ სარკინოზს მათი მოსმენაც კი არ უნდოდა, არამედ თავის მსახურებს არაბულად უთხრა: "ჩემს ბრძანებას რატომ არ ასრულებთო?"მსახურებმა მაშინვე შეასრულეს ბრძანება. მაგრამ, უეცრად, ღვთის განგებულებით, აქლემები როგორც კი შეიყვანეს ეკლესიაში, ყველა მაშინათვე უსულოდ დაეცნენ მიწაზე. როცა ამგვარი, უჩვეულო სასწაული იხილა, გაოცებულმა სარკინოზმა ბრძანა დახოცილი აქლემები ეკლესიიდან შორს გადაეყარათ. ასეც მოიქცნენ.
დღესასწაული იდგა. და მოახლოვდა საღმრთო ლიტურგიის ჟამი. მორიგე მღვდელი საღმრთო პროსკომიდიას უნდა შესდგომოდა, მას კი ძალიან ეშინოდა სარკინოზის; როგორ შეეწირა უსისხლი მსხვერპლი მის წინაშე! მაშინ მეორე მღვდელმა, თანამსახურმა მისმა, უთხრა მას: "ნუ გეშინია! განა დიდებული სასწაული არ იხილე? ნუ ყოყმანობ". ამგვარად, ზემოდხსენებული მღვდელი უშიშრად შეუდგა პროსკომიდიას.
სარკინოზმა დაინახა, რომ მღვდელი რაღაცის გაკეთებას აპირებდა და სანახავად მოვიდა. მაშინ როცა მღვდელმა საღმრთო პროსკომიდია დაიწყო და პური აიღო, წმინდა ტარიგის მოსამზადებლად, სარკინოზმა იხილა, რომ თითქოს მღვდელმა ხელში ყრმა აიყვანა, დაკლა და სისხლი ბარძიმში ჩაასხა, სხეული კი დაანაწევრა და ფეშხუმზე დაალაგა! ეს რომ სარკინოზმა დაინახა, მღვდელზე საშინლად განრისხდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. როცა დიდი შესვლის ჟამმა მოაწია, სარკინოზმა, ახლა უფრო ცხადად იხილა, რომ ფეშხუმზე ოთხათ დანაწევრებული ყრმა იდო, ხოლო ბარძიმში მისი სისხლი ესხა, და კვლავ გამძვინვარდა. დასასრულს მიუახლოვდა საღმრთო ლიტურგია, როცა მღვდელმა ასამაღლებელი თქვა: " შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით", ქრისტიანებმა თავები დახარეს, ზოგიერთმა მათგანმა წინ წაიწია საზიარებლად, სარკინოზმა კვლავ, მესამედ იხილა რომ მღვდელი ყრმის სისხლსა და ხორცს კოვზით არიგებდა და ახლა უკვე ყველაზე განრისხდა..
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მღვდელმა სეფისკვერი ყველა ქრისტიანს გაუნაწილა, პურის ყველზე საუკეთესო ნაწილი სარკინოზს გაუწოდა. სარკინოზმა არაბულად ჰკითხა, ეს რა არისო. "ბატონო, ეს იმ პურის ნაწილია, რომლითაც დღეს ლიტურგია აღვასრულეთო"-უპასუხა მღვდელმა. განრისხებულმა სარკინოზმა უყვირა: "მაშ ამაზე აღასრულეთ ლიტურგია არა, შე ქოფაკო, უწმინდურო, სისხლიანო მკვლელო? განა ვერ დავინახე, რომ ბავშვი დაკალი, მისი სისხლი ბარძიმში ჩაასხი, სხეული კი დაანაწევრე და ფეშხუმზე დაალაგე, აქა და აქ? განა არ დავინახე ეს ყველაფერი ბინძურო მკვლელო? განა ვერ დაგინახე, ყრმის სისხლსა და ხორცს როგორ სჭამდი და სხვებსაც უნაწილებდი, და მათ ბაგეში უდევთ სისხლისგან დაცლილი ხორცი?"
განცვიფრდა მღვდელი, ეს რომ მოესმა და უთხრა: "უფალო მე ცოდვილი ვარ, და არ ძალმიძს ამგვარი საიდუმლოს ხილვა. მას მერე რაც შენ ეს საიდუმლო იხილა, მჯერა ღმრთისა, რომ დიდი კაცი ხარ".- "განა მართლა ისე არ იყო როგორც ვხედავდიო"-იკითხა სარკინოზმა. "დიახ, უფალო ჩემო, უპასუხა მღვდელმა,-ეს ასეა, მაგრამ რადგანაც ცოდვილი ვარ, საიდუმლოს ამგვარად ჭვრეტის ძალები არ მაქვს და მხოლოდ პურსა და ღვინოს ვხედავ. გვწამს რომ ამ პურისა და ღვინის სახით მღვდელმოვქმედებთ და მივიღებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
წმინდა გრიგოლ დეკაპოლელის წმინდა ნაწილები.
ასე, რომ თვით დიდებულ და საკვირველ მამებს, სანთელსა და მოძღვრებს ეკლესიისა, როგორიც იყვნენ დიდებული ბასილი, სახელმოხვეჭილი ოქროპირი და გრიგოლი ღვთისმეტყველი, მათაც კი არ უხილავთ ეს საშინელი და შესაძრწუნებული საიდუმლო. აბა მე როგორღა ვიხილავდი?"
გაოცებულმა სარკინოზმა თავის მსახურებს და იქ მყოფ ქრისტიანებს ეკლესიიდან გასვლა უბრძანა. მერე კი მღვდელს ხელი მოჰკიდა და უთხრა"როგორც ვიხილე და დავრწმუნდი, დიდია ქრისტიანთა რწმენა. ასე, რომ თუ შენი ნება იქნება, მომნათლე მამაო".
მღვდელმა სარკინოზს უთხრა:
"უფალო, გვრწამს და აღვიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არის ძე ღმრთისა, მოსული სოფლად ჩვენისა ცხონებისათვის". ასევე გვწამს წმინდა სამება, ერთარსება და განუყოფელი, მამა და ძე და სული წმინდა, ერთი ღმრთაება. ასევე გვწამს, რომ მარიამი არის მარადის ქალწული დედა ნათლისა, რომელმაც შვა ნაყოფი ცხონებისა, ნაწინასწარმეტყველები უფალი ჩვენი იესო ქრისტე; შობამდე ქალწული, შობისას და შობის მერეც ქალწულად დარჩა. გვწამს ასევე, რომ წმინდა მოციქულნი და წინასწარმეტყველნი, მოწამენი, წმინდანები და მართალნი არიან მსახურნი ღვთისა. და ბოლოს უფალო ჩემო, შეიცანი, რომ ყველაზე აღმატებული ქრიტიანთა რწმენაა?"
სარკინოზმა კვლავ უთხრა: "გთხოვ, მომნათლე მამაო". მაგრამ მღვდელმა უპასუხა: "არა, არ შემიძლიან ამის გაკეთება, რადგან თუ მოგნათლავ, ბიძაშენი ხალიფა გაიგებს, მეც მომკლავს და ამ ეკლესიასაც დაანგრევს. მაგრამ, შენ თუ მონათვლა გსურს, წადი სინას მთაზე, ამა და ამ ადგილას, იქ ეპისკოპოსია, რომელიც მოგნათლავსო".
სარკინოზმა მღვდელს თაყვანისცა და ეკლესიიდან გავიდა.. შემდეგ როცა კარგა დაღამდა, კვლავ მოვიდა მასთან, თავისი მდიდრული სამოსი ღარიბულით შეცვალა და იმავე ღამეს გაიპარა, მის კვალს ვერსად მიაგნეს. იგი ჩავიდა სინას მთაზე, ეპისკოპოსის ხელით მოინათლა. დაისწავლა ფსალმუნნი და ყოველდღიურად წარმოთქვამდა.
სამი წლის შემდეგ, ერთ დღესაც მან ეპისკოპოსს ჰკითხა: "მითხარი მეუფეო, რა უნდა გავაკეთო, რომ ქრისტე ვიხილო?" ეპისკოპოსმა უპასუხა: "გულწრფელი რწმენით ილოცე და ერთ დღესაც იხილავ ქრისტეს". მაგრამ სარკინოზყოფილმა კვლავ უთხრა: "მეუფეო, ნება მომეცით იმ მღვდელთან წავიდე, რომელმაც დამმოძღვრა, როცა მე წმინდა გიორგის ტაძარში საშინელი ხილვა ვიხილე". ეპისკოპოსმა გზა დაულოცა: "წარვედ მშვიდობით". როცა მღვდელთან მივიდა, თაყვანისცა, ეამბორა და ჰკითხა: "ვეღარ მიცანი, მამაო?"-"როგორ ვიცნო კაცი, რომელიც არასოდეს მინახავსო?"-თქვა მღვდელმა. მაშინ ყოფილმა სარკინოზმა უთხრა: "მე ხალიფას ის ძმიშვილი ვარ, რომელმაც აქლემები შევიყვანე ეკლესიაში და ყველა დამეხოცა, მერე საღმრთო ლიტურგიაზე საშინელი ხილვა ვიხილეო". მაშინ მღვდელმა შეხედა და გაოცებულმა ადიდა ღმერთი, ხედავდა რა თუ როგორ გადაქცეულიყო უწყინარ კრავად არაბული მგელი, სიხარულით მოეხვია, სენაკში შეიპატიჟა და ტრაპეზის გაზიარება სთხოვა. ყოფილმა სარკინოზმა ახლა მას ჰკითხა: ძალიან მინდა ქრისტეს ნახვა, მითხარით მამაო, მეუფეო რა უნდა ვქნა ამისთვის?" მღვდელმა უთხრა: "თუ გსურს ქრისტეს ნახვა, წადი ბიძაშენთან და აღიარე ქრისტე; დასწყევლე და ანათემას გადაეცი სარკინოზთა რწმენა და მათი ცრუწინასწარმეტყველი მუჰამედი. უშიშრად აღიარე ქრისტეანთა ჭეშმარიტი რწმენა. ქრისტესაც იქ ნახავ".
ყოფილმა სარკინოზმა ეს სერიოზულად მიიღო. ღამე მან სარკინოზის კარებზე დააბრახუნა. ხალიფას სახლის მცველებმა ჰკითხეს: "ვინა ხარ, რომ ჰყვირი და კარებზე აკაკუნებო?"-"ხალიფას ძმისშვილი ვარ, რომელიც გავიქეცი და დაკარგული გეგონეთ. მინდა ბიძაჩემი ვნახო და რაღაცა ვუთხრაო". მცველებმა მაშინვე მოახსენეს სარკინოზს: "ბატონო, აქ შენი ძმიშვილია, რომელიც გაიქცა და დაკარგული გვეგონა". ხალიფამ მძიმედ ამოიოხრა: "სად არის?"-"სასახლის კარებთან". მაშინ მან თავის მსახურებს უბრძანა, ანთებული ჩირაღდნებით შეხვედროდნენ და შემოეყვანათ. მსახურებმა ხალიფას ბრძანება შეასრულეს, ბერი ხელში აიყვანეს და ბიძას მიუყვანეს.
ხალიფამ ძმიშვილი რომ დაინახა, ძალზე გაიხარა, ცრემლმორეული მოეხვია და ჰკითხა: "ეს რა გაცვია? სად იყავი აქამდე? შენ ჩემი ძმიშვილი ხარ?" მონაზონმა უთხრა: "ნუთუ ვერ მცნობ შენს ძმიშვილს? როგორც მხედავ, ყოვლადძლიერი ღმრთის მადლით ქრისტიანი და მონაზონი გავხდი და უდაბნოში ვცხოვრობდი. იმედი მაქვს, რომ ყოვლისმპყრობელი ღმერთის გულმოწყალებით ზეციური სასუფევლის მკვიდრი გავხდები. გეეჭვება? ხალიფავ შენც მოინათლე მართლამადიდებელ ქრისტიანთა ნათლიღებით, რათა დაიმკვიდრო ზეციურ სასუფეველში".
ხალიფამ გაიცინა და თავი გადააქნია: "რასა ბოდავ უბედურო? რა დაგემართა შე საცოდავო? როგორ მოხდა, რომ დაუტევე შენი ცხოვრება და კვერთხი მმართველობისა და როგორც ერთ გლახაკთაგანს შეურაცხი სამოსი ჩაგიცვამს და აყროლებული ფიჩვით დაიარები?"
მონაზონმა უპასუხა: "მადლითა ღმრთისათა. ერთ დროს სარკინოზი ვიყავი და ეშმაკის ქვეყანაში და მისის სჯულით ვცხოვრობდი, ახლა კი ამგვარად მოსილს მაქვს ქება და დიდება და წინდი მომავალი საუკუნო სიცოცხლისა. ანათემას გადავცემ სარკინოზთა რწმენას და ცრუ წინასწარმეტყველს".
ხალიფამ მსახურებს უთხრა: "გააგდეთ აქედან, რადგან არ იცის რასა ყბედობს". ბერი გარეთ გამოაგდეს და სასახლესთან ერთ შენობაში დაამწყვდიეს და სასმელსა და საჭმელს აძლევდნენ. აქ სამი დღე გააჩერეს. თუმცა მან საჭმელს პირი არ დააკარა, არამედ მუხლთმოდრეკილი გულწრფელად და რწმენით ევედრებოდა ღმერთს: "ღმერთო ჩემო შენ გესავ, ნუ მრცხვენებივ მე უკუნისამდე" (ფს.24,2); "შემიწყალე დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა განსწმინდე უსჯულოებაი ჩემი" (ფს.50,3); "განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას"(ფს.12.5). განამტკიცე გული ჩემი უფალო, შევეწინააღმდეგო სარკინოზთა მცდარ აზრს; რათა არ მძლიოს ეშმაკმა და არ შემეშინდეს შენი სახელისთვის სიკვდილი". ჯვარს გამოისახავდა და იტყოდა: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?´(ფს.26, 1-2). და კვლავ მიმართა ხალიფას: "მოინათლე, რათა ღვთის სასუფელი დაიმკვიდრო". ხალიფამ მისი მოყვანა ბრძანა, მანამდე კი მისთვის ლამაზი ტანსაცმელი მოამზადა. ხალიფამ უთხრა: "დასტკბი ამის ხილვით უბედურო და იხარე შენი სამეფოთი. გაუფრთხილდი შენს სიცოცხლეს, შენს გაფურჩქვნილ სიყმაწვილეს, უგუნურად, გლახაკივით ნუ ცხოვრობ. ვაი შენ საცოდავო! რაზე ფიქრობ?" მონაზონს გაეცინა და უპასუხა ხალიფას: "ნუ დარდობ ჩემს საფიქრალზე. მე ვფიქრობ თუ როგორ აღვასრულო ღვთისა და ჩემი მოძღვრის ნება, ხოლო ტანსაცმელი ჩემთვის რომ მოამზადე, გაყიდე და ფული გლახაკებს დაურიგე. თვითონვე გადადე დროებითი მმართველობის კვერთხი, რათა მიიღო საუკუნო სიცოცხლის კვერთხი. დღევანდელის ნუ გწამს, არამედ მომავლის იწამე, ნუ გწამს ცრუ წინასწარმეტველისა, უწმინდური და საზიზღრი მუჰამედისა,არამედ იწამე იესო ქრსტესი, ნაზარეველისა, ჯვარცმულისა. იწამე სამება ერთარსება, ერთღმრთაება-მამა და ძე და სული წმინდა, სამება ერთარსება და განუყოფელი".
ხალიფამ გაიცინა და სასახლის კარზე შეკრებილ დიდებულებს მიმართა: "გიჟია. რა ვუყო? გარეთ გაიყვანეთ და გააგდეთ", მათ კი უთხრეს: " მან სარკინოზთა რწმენის შეურაცხყოფა მოინდომა. განა არ გესმის თუ როგორ დასცინის და შეურაცხყოფს ჩვენს დიდებულ წინასწარმეტყველს?"
მონაზონმა და ყოფილმა სარკინოზმა ხმამაღლა წამოიძახა: "მეცოდები ხალიფავ, შენ საცოდავო, რადგან ცხონება არ გინდა. იწამე ჯვარცმული, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ანათემას გადაეცი სარკინოზთა რწმენა და მათი წინასწარმეყველი, ისე როგორც მე მოვიქეცი".
სარკინოზთა ხალიფამ ბრძანა: "გააგდეთ აქედან, რადგან გაგიჟებულა და არ იცის რას ამბობსო". მაშინ იქ დამსწრეთ უთხრეს: "ხომ გაიგე, როგორ დასწყევლა ჩვენი რწმენა და შეურაცხო წინასწარმეტყველი, შენი კი ამბობ გიჟიაო, არ იცის რას ამბობსო? თუ მას არ მოკლავ, წავალთ და ჩვენც ქრისტიანები გახდებით"-"მე არ შემიძლიან ჩემი ძმიშვილის მოკვლა, მეცოდება. მაგრამ თქვენ წაიყვანეთ და რაც გინდათ ის გაუკეთეთო".
ისინიც გამძვინვარებულნი ეცნენ ბერს, სასახლიდან გამოათრიეს და საშინელი წამებით რწმენის დათმობას აიძულებდნენ, ბერი კი მათ იესო ქრისტეს სახელს უქადაგებდა, მოუწოდებდა ეწამათ მისი, რათა ცხონებულიყვნენ. სარკინოზებმა ქალაგარეთ გაიყვანეს და ჩაქოლეს ღვთისმოსავი ბერი, რომელსაც პახუმი ერქვა. იმავე ღამეს ციდან ვარსკვლავი დაეშვა და დაადგა ბერის მოწამეობის ადგილს და მას ორმოცი დღის განმავლობაში ხედავდნენ. ამის გამო ბევრმა ირწმუნა ქრისტესი.
ლოცვითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, კურთხეულისა მოწამის პახუმისა და ყოველთა წმინდა ლოცვით უფალმა მოგვიტევოს ყოველი შეცოდებანი ჩვენი. ამინ.