მისი სიმამაცით განცვიფრებულმა მაჰმადიანებმა ვერ შეჰბედეს თავის მოკვეთა
ამქვეყნად არ არის ცოდვა, უფლის გულმოწყალებას რომ გადასწონიდეს!
ნეტავი იმ კაცს, ვისაც სინანულის ცრემლით აღუხოცავს თავისი ცოდვები, ვისაც გაუძლია სასოწარკვეთისთვის, ქედი არ მოუდრეკია ცოდვის სიმძიმისთვის და ღვთის კაცთმოყვარეობით ბუმბულივით მოუსროლია. ამისი მაგალითია წმინდა ღირსმოწამე პროკოფის ცხოვრება. ოცი წლის იყო წმინდა პროკოფი, როცა მიატოვა ეს სოფელი და სულის ხსნისთვის ათონის მთას მიაშურა. შემოიარა მთაწმინდის სავანეები, გაეცნო მათი ცხოვრების წესს და ბოლოს დიონისეს მონასტრის კუთვნილი ნათლისმცემლის სკიტი აირჩია ნავსაყუდლად. სკიტში მკაცრად, ასკეტურად მოღვაწეობდნენ, ახალგაზრდას კი უფრო მეტი სურდა. მალევე შეიმოსა ანგელოზის სქემა. პროკოფიმ გაამრავლა ლოცვა, მუხლთადრეკა და ისე მკაცრად მარხულობდა, რომ ღირსი მამები განცვიფრებულნი რჩებოდნენ. მაგრამ კაცთა მოდგმის მტერსაც არ ეძინა, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად სული საშინელი გულისთქმებით აუვსო. პროკოფიმ, ეტყობა, მოძღვარს დაუმალა თავსმოწეული განსაცდელი, მარტომ კი ვეღარ გაუძლო ეშმაკის ბრძოლებს და ერთ დღესაც მალულად, ისე, რომ არავისთვის უთქვამს, ათონის მთა დატოვა და ქალაქ სმირნაში გაემგზავრა.
როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, გული საშინელი ფიქრებით აევსო, რომლებმაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. იხსენებდა ათონის მთას, იქ მოღვაწეობას. წარმოიდგინა, თავისი გამომგზავრებით რამხელა მწუხარება მიაყენა ნათლისმცემლის სკიტის მამებს, - "ისინი ალბათ უკვე სულიერად დაღუპულად მთვლიანო". ამ მწარე ფიქრებში გაატარა მთელი ღამე. მას სხვა, უარეს ფიქრებსაც აღუძრავდა ბოროტი - რახან დაღუპული ხარ, ბარემ მუსლიმანური რწმენაც მიიღეო. ებრძოდა ამ გულისთქმას, მაგრამ ვერ ერეოდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, ტანჯვისთვის ბოლო მოეღო და მივიდა ქალაქის ყადისთან (მსაჯულთან). კართან დარაჯებმა შეაჩერეს: - რისთვის მოსულხარ, საჩივარი გაქვს თუ ჩვენი რწმენა გინდა მიიღოო?
მაჰმადიანი მინდა გავხდეო! - მიუგო თამამად. გახარებულმა დარაჯებმა ყადის მოახსენეს - პროკოფიმ მაჰმადი ირწმუნაო. მომიყვანეთო, - ბრძანა და ალერსიანად ჰკითხა:
- მართლა გინდა მიიღო ჩვენი რწმენა?
- დიახ, ნამდვილად, - უპასუხა საცოდავმა, რომელსაც უკვე დავიწყებოდა ბერად აღკვეცისას დადებული აღთქმა.
ყადიმ ქრისტიანისთვის ღვთისსაგმობი სიტყვების წარმოთქმა უბრძანა.
ორი კვირის შემდეგ კი პროკოფი წინადაცვითეს. საკვირველნი არიან საქმენი შენნი, უფალო! როგორც კი პროკოფი წინადაცვითეს, ხორციელმა ტკივილმა თითქოს სული გაუცოცხლა, გააღვიძა სინდისმა ქრისტესგანდგომილი. მიხვდა, რაც დაკარგა. გამოსავალს ძებნა დაუწყო. ხელსაყრელი დრო ნახა და ერთ მეგობარ მღვდელთან მივიდა, რომელსაც ჯერ კიდევ ათონის მთიდან იცნობდა. გაუკვირდა მღვდელს მისი თურქული შესამოსელი. გიკვირს, მამაო, რომ ბერული სამოსის ნაცვლად, თურქულად ჩაცმულს მხედავ? სწორედ ამისთვის მოვედი მე უბედური, რომ ეს საშინელი ლაქა ჩამოვირეცხო, რომელიც ეშმაკისაგან ცთუნებულმა მოვიცხე. ამასთან, მინდა ჩემი პირველი სამოსლით შემმოსოო, - უთხრა, მოუყვა მოძღვარს თავის ამბავს და დასძინა, - დიდია ჩემი დაცემა, მამაო, ამ ცოდვას მხოლოდ ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით თუ ჩამოვირეცხო. მღვდელს გაუხარდა მისი მოქცევა, მაგრამ ჰკითხა: - კარგად მოიფიქრე, რაც გადაგიწყვეტია? ხომ იცი, ქრისტეს მტრები სასტიკად გაწამებენ. გაუძლებ ამას? მტრის ძლევის მაგივრად, მეორედაც არ დამარცხდე და მოწამის გვირგვინის ნაცვლად კვლავ სატირალი არ გაგიხდეს ცხოვრება. თუ ჩემი რჩევა გინდა, როგორც ძმა და მეგობარი, როგორც მღვდელი, შეგახსენებ, რომ ღვთის მოწყალება უსაზღვროა, არა არის ცოდვა მისი მძლეველი. წადი, დაბრუნდი ათონის მთაზე, ცრემლით აღხოცე შენი ცოდვები და მწამს, ღმერთი შენს სინანულს რომ ნახავს, გაპატიებს ამ დიდ დაცემას, როგორც აპატია ერთ დროს პეტრეს, რომელმაც ის სამგზის უარყოო.
მონანულმა ცოდვილმა კი უპასუხა: ვიცი, მამაო, რომ ჯვრის მაგინებელთაგან ბევრი წამების დათმენა მომიწევს, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ღმერთი, რომელმაც განაძლიერა მოწამენი მარტვილობის ჟამს, მეც განმამტკიცებს მისი წმინდა სახელის აღსარებისას.
მოძღვარი წინ აღარ აღუდგა მოწამეობის მოსურნე მონანულს. პროკოფი ორი კვირა დადიოდა მღვდელთან, სულიერად განმტკიცდებოდა. მეთხუთმეტე დღეს კი უთხრა: - მამაო, ამის შემდეგ ვეღარ მიხილავ, რადგან დღეს უნდა წარვდგე თურქების სამსჯავროს წინაშეო. მაშინ ორივემ ერთად აღავლინა ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვა, უკანასკნელად ამბორუყვეს ერთმანეთს და პროკოფი გაეშურა მაჰმადიანთა სამსჯავროსკენ. მღვდელი კი ჩუმად უკან გაჰყა და ლოცვებით განაძლიერებდა მეგობარს. პროკოფი წარდგა ყადის წინაშე, მოიხსნა მწვანე ჩალმა, დაუდო წინ, აღიარა ქრისტიანობა და დაგმო მათი ცრუ წინასწარმეტყველი. პროკოფის ჯერ სცემეს, მერე ალერსით სცადეს მისი კვლავ მონადირება, მაგრამ მან გულწრფელად უთხრა, - მთელი მსოფლიოს სიმდიდრე რომ მომცეთ, ქრისტეს აღარ ვუღალატებო.
მაშინ მსაჯულმა ბრძანა, თავი მოჰკვეთეთო.
როცა წმინდა მოწამე დასჯის ადგილას მიიყვანეს, მან მშვიდად დადო თავი კუნძზე. მისი სიმამაცით განცვიფრებულმა მაჰმადიანებმა ვერ შეჰბედეს თავის მოკვეთა. ამ დროს სმირნაში ერთი ქრისტესგან განდგომილი ავკაცი ცხოვრობდა და მან მოჰკვეთა თავი. წმინდა ღირსმოწამე პროკოფი ღვთის წინაშე წარდგა 1890 წლის 25 ივნისს (ახ. სტ. 6 ივლისს), შაბათ დღეს. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.