მრუშობის ცოდვაზე საზიზღარი არაფერია. მაგრამ თუ მრუში შეინანებს, ღმერთი მას სხვა უსჯულოების ჩამდენზე უფრო ადრე მიიღებს
წმინდა ნიფონტი წარმოშობით პაფლაგონიელი გახლდათ, ძე ერთი სახელგანთქმული კაცისა. იგი სიყრმიდანვე მიაბარეს აღსაზრდელად სარდალ საბათიას, რომელმაც ბიჭი სამეუფეო ქალაქში გაუგზავნა მეუღლეს. დეკანოზი პეტრე განსწავლიდა ნიფონტს - კეთილ, მშვიდ, მდაბალ და ეკლესიის მოყვარულ ყრმას. გავიდა ხანი და ნიფონტი უწესო ახალგაზრდების წრეში მოხვდა, ნელ-ნელა დაემსგავსა მათ და აჯობა კიდეც უკეთური საქციელით. ლოთობდა, მრუშობდა, იგინებოდა, ჩხუბობდა, ქურდობდა და არა მარტო თვითონ სჩადიოდა უსჯულოებას, სხვათაც აცდუნებდა. "ვაი შენ, ნიფონტ,- ეუბნებოდა ერთი ნაცნობი, - სხეულით ცოცხალი, უკვე მკვდარი ხარ სულით, შენი აჩრდილიღა დადის კაცთა შორის". ნიფონტიც წამით მოეგებოდა გონს, იტირებდა, მერე კი ძველებურად განაგრძობდა ცხოვრებას. ეშმაკმა გული გაუსასტიკა. ცდილობდა დედობილი მის გამოსწორებას, მაგრამ ამაოდ.
ერთხელ ნიფონტი თავის მეგობარ ნიკოდიმოსთან მივიდა. ნიკოდიმოსი შეაძრწუნა მისმა შესახედაობამ - სახე ეთიოპიელივით საშინელი გაქვსო. შეშინდა ნიფონტი, სირცხვილით სახეზე ხელები აიფარა და დამწუხრებული შინ წავიდა. "ვაი მე ცოდვილს, - მოთქვამდა გზად, - თუ ამ სოფელში შავი ვარ სულით და ხორცით, მაშინ რაღა დამემართება, უფლის წინაშე რომ წარვდგები? რა ვქნა, შემიძლია ნეტავ სინანული? როგორ ვუთხრა უფალს, - შემიწყალე-მეთქი?.." იმ ღამეს კეთილი გულისთქმა ეტყოდა, ილოცეო, ეშმაკი კი აშინებდა, - რომ ილოცო, გაგიჟდებიო. ბოლოს თავს ძალა დაატანა და ლოცვა დაიწყო. უეცრად იგი შავმა ნისლმა დაფარა და უძლურებამ შეიპყრო. ლოგინზე მიწვა და ჩაეძინა, დილით კი ტაძარში წავიდა, ღვთისმშობლის ხატს შეწევნა სთხოვა. დედა ღვთისამ მოწყალედ გაუღიმა. სასწაულით ნუგეშცემულმა ნიფონტმა მადლობა შესწირა ღვთისმშობელს. ამ ამბის შემდეგ, როცა ეშმაკის ბრძოლა განძლიერდებოდა, მივიდოდა და კვლავ დაემხობოდა ყოვლადწმინდა ქალწულის ხატის წინაშე და დედა ღვთისაც ღიმილით სულს უმშვიდებდა.
ერთხელ შემთხვევით ვინმე კაცი განიკითხა ნიფონტმა და ახლა უკვე განრისხებული უყურებდა ღვთისმშობელი. მხოლოდ ცრემლით და სინანულით მოულბო გული დედა მარიამს. ერთხელ, ჭიდან წყლის ამოღებისას, ეშმამ ხელი ჰკრა და შიგ ჩაუძახა. "ღვთისმშობელო, მიშველე", - ამის თქმაღა მოასწრო და სასწაულებრივად ჭის თავზე გადებულ მორზე აღმოჩნდა. მალე ნიფონტი ავად გახდა და ამ სნეულების ჟამსაც უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას განადიდებდა.
ერთხელ ღვთისმშობელი წმინდა დიდმოწამე ანასტასიასთან ერთად გამოეცხადა ტკივილისგან გათანგულ და მიძინებულ ნიფონტს. "ეს ახალგაზრდა თავისი დაუოკებელი ენის გამო იტანჯება, - ბრძანა წმინდა ანასტასიამ, - როცა ჯანმრთელი იყო, ენას არ აჩერებდა, ამიტომ ღმერთი აქვე სჯის, რადგან ძალიან უყვარს და ამ სასჯელით იქ შეიწყალებს. მაგრამ, დედოფალო, თუ გნებავთ, შეიწყალეთ და შეეწიეთ მას". ღვთისმშობლის ბრძანებით წმინდა ანასტასიამ საკურთხეველში დანთებული კანდელიდან ზეთი სცხო ნიფონტს, ღვთისმშობელმა ზეთისხილის რტო გადასცა და უთხრა: "შეხედე და განსაჯე. ეს რტო ღვთის მადლია. შენზე გადმოიღვარა უფლის წყალობა. შეერკინე ახლა ეშმაკებს და ისე დათრგუნე, ვითარცა ბალახიო". მიხვდა ნიფონტი, რასაც ნიშნავდა ღვთისმშობლის კურთხევა. სრულიად ჯანმრთელი წამოდგა საწოლიდან, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და იმ დღიდანვე დაუტევა ცოდვილი ცხოვრება. განეშორა სოფელს და მკაცრი ასკეზით მოაკვდინებდა სხეულს და ვნებებს. ცდილობდა, დადუმებულიყო, მაგრამ თუ ცუდი რამ წამოსცდებოდა, ორმოცჯერ დაირტყამდა ზურგზე შოლტს. პირში ხშირად ქვასაც იდებდა, უსარგებლო რამე რომ არ ეთქვა. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, გაშიშვლდებოდა და ისე გამეტებით გაიროზგავდა თავს, წკეპლას ხორცის ნაფლეთებსაც ამოაყოლებდა. ეშმაკი ათასნაირ სახეს იღებდა და აშინებდა მონანულ ცოდვილს, მაგრამ ვერ სძლევდა. როცა ხორციელი ვნებები შემოაწვებოდა, პურსაც არ შეჭამდა, ზაფხულის სიცხეში წყალს იკრძალავდა. "შენ გაიმარჯვე, ნიფონტ", - ეძახდა ეშმაკი, წმინდანი კი თავმდაბლობით პასუხობდა: "მე კი არ გძლიე, არამედ ღვთის ძალამ, რომელიც იცავს თავის მონებს".
ღმერთმა დიდი განსაცდელიც დაუშვა ნიფონტის თავს: ერთხელ ისეთი ყვირილით და საშინელი სახით გამოეცხადა ეშმაკი, რომ ნიფონტი ჭკუიდან შეირყა. მცირეოდენ გონს მოსულს ეშმაკმა უთხრა: დაანებე თავი ლოცვას და აღარ შეგებრძოლებიო.
- არ დაგიჯერებ, ბოროტო სულო. თუ ღმერთმა ჩემი დაღუპვა გიბრძანა, იმასაც მადლიერებით მივიღებ. არადა ღვთის ძალით გძლევ! - უთხრა წმინდანმა.
- ცდები, ნიფონტ, ღმერთი არ არსებობს. აბა, მითხარი, სად არის? - ჩასჩიჩინებდა ეშმაკი.
უნდოდა ელოცა, გონება არ ემორჩილებოდა. მწუხარებდა და იტანჯებოდა. მოვიდოდა მცირე ხნით გონს და ეშმაკი კვლავ უმეორებდა: "ღმერთი არ არსებობს". წმინდანი კი პასუხობდა, - თუნდაც ვიმრუშო, კაცი მოვკლა ან სხვა რამ ვცოდო, ჩემს უფალს მაინც არ უარვყოფო.
ოთხი წელი ებრძოდა ეშმაკს და აიძულებდა საკუთარ თავს, ელოცა. ბოლოს სულიერი ბრძოლით დაღლილს აღმოხდა: "ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე? დამაჯერე, რომ შენს გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს!" უფალმაც ნიშანი მისცა: ლოცვის დროს მაცხოვრის ხატს შეხედა ნიფონტმა და დაინახა, რომ ქრისტეს ხატება მზესავით გაბრწყინდა და იქიდან ენით გამოუთქმელი კეთილსურნელება მოეფინა. "მაპატიე, უფალო, რომ განგცადე და ეჭვი შემეპარა შენში", - აღმოთქვა ჭაბუკმა და დაინახა, ხატიდან მაცხოვარი ცოცხლად უყურებდა. ამ წუთიდან მასზე ღვთის მადლი გარდამოვიდა.
ოთხი წლის ტანჯვის შემდეგ ნიფონტმა საზიარებლად მომზადება გადაწყვიტა. ტაძრის კართან მისულმა ხელები ზეცად აღაპყრო და მწარედ აღმოთქვა: უფალო ჩემო იესო ქრისტე, მიმიღე სულითა და გონებით მკვდარი. ნუ მიიქცევ პირს ჩემგან. არ განგეშორები, სანამ არ შეისმენ ჩემს ვედრებას და ცოდვებს არ მომიტევებო. ლოცვისას ციდან ხმაური მოესმა და იხილა ღრუბელზე მდგარი ნათლით მოსილი კაცი, რომელმაც ხელები გაუწოდა და გულში ჩაიკრა, ეამბორა კისერზე და უთხრა: "კარგი ჰქენი, რომ აქ მოხვედი, ჩემო მწუხარე შვილო. მეც ბევრს ვნაღვლობდი შენზე. ნეტავ იცოდე, როგორ იწვოდა გული ჩემი შენს მოლოდინში! ახლა კი ვხარობ, რადგან მთელი გულით მოხვედი ჩემთან".
ამის შემდეგ ლოცვისას უფლის ანგელოზმა თავზე თასით მირონი დაასხა...
იმდენად გაუნათლდა სულიერი თვალნი, რომ ხედავდა კაცთა გულებს და უხილავ სამყაროს. უფლის ანგელოზებს მეგობარივით ესაუბრებოდა და ეშმაკებს ადვილად განიოტებდა.
ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა მეძავის სახლთან მდგარი ანგელოზი შეამჩნია, რომელიც მწარედ ტიროდა. წმინდა ნიფონტმა გლოვის მიზეზი ჰკითხა. "ღმერთმა ერთი კაცის მცველად დამადგინა, რომელიც ახლა მეძავთან მრუშობს. როგორ არ ვიტირო, როცა ვხედავ, როგორ ვარდება უფსკრულში ღვთის ხატება!" - მიუგო მან.
- რატომ არ დასჯი, რომ ცოდვას თავი ანებოს? - ჰკითხა წმინდა ნიფონტმა.
- არ შემიძლია მივუახლოვდე, - უთხრა ანგელოზმა, - მას შემდეგ, რაც ცოდვას შეუდგა, იგი მონაა ეშმაკებისა და მასზე ძალაუფლება არა მაქვს, რადგან უფალმა კაცს თავისუფალი ნება მიანიჭა და გზანი უჩვენა ფართო და ვიწრო, მისი ნებაა, საითკენ წავა.
წმინდა ნიფონტმა თავის სულიერ შვილს უთხრა: მრუშობის ცოდვაზე საზიზღარი არაფერია, მაგრამ თუ მრუში შეინანებს, ღმერთი მას სხვა უსჯულოების ჩამდენზე უფრო ადრე მიიღებს, რადგან ეს ცოდვა ბუნებითია, ეშმაკის ჩაგონებით ჩადენილი, ხოლო განიდევნება მკაცრი მარხვით, სხეულის დათრგუნვით და გულითადი ლოცვითო.
დიდებისმოყვარების ეშმაკმა მამა ნიფონტის ცდუნება სცადა: "შენ ახლა სასწაულებს მოახდენ და განდიდდება შენი სახელი დედამიწაზე, რადგან სათნო ხარ ღვთისთვის".
წმინდანმა სთხოვა, დაიცადე, სასწაული უნდა მოგიხდინოო და იქვე დაგდებულ ქვას მიმართა: სხვა ადგილას გადადექიო. ქვა არ დაძრულა. მაშინ წმინდანმა უთხრა ეშმაკს: აი, შენი ნიჭი, უკეთუროო, - და შეანერწყვა.
ხშირად უნახავს წმინდა ნიფონტს, ეშმაკი როგორ ჩასჩურჩულებდა ადამიანებს და მათ ერთმანეთს წააჩხუბებდა. ერთხელ ერთი მლოცველი ბერიც იხილა, რომლის ბაგეთაგან ცეცხლის ალი გამოდიოდა და ზეცად აღიწეოდა, გვერდით კი მფარველი ანგელოზი მიჰყვებოდა ცეცხლოვანი მახვილით და ეშმაკებს განაოტებდა. აღდგომის წინა საღამოს, დიდი შაბათის მწუხრზე, ღირსმა ნიფონტმა იხილა ღვთისმშობელი წმინდანებთან ერთად. დედა ღვთისა ეკლესიაში შევიდა და დედობრივი სიყვარულით უცქეროდა იქ შეკრებილთ. სულისთვის მზრუნველთა შეხედვაზე ხარობდა, ხოლო მათი შეხედვისას, ვინც უდებად იდგა, დანანებით აქნევდა თავს და ტიროდა. ბოლოს განართხო ხელნი და შეევედრა უფალს, რათა ყველა ცხონებულიყო.
ღირს ნიფონტს სხვათა ნუგეშისცემის მადლიც ჰქონდა. მასთან ერთი ბერი მივიდა დამწუხრებული და შესჩივლა: "მამაო, გამტანჯეს ეშმაკებმა, ხან მწვალებლურ ფიქრებს მომივლენენ, ხანაც ჩვენი უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის მგმობელ აზრებს. მეშინია, რომ ოდესმე ზეციური ცეცხლი ცოცხლად დამწვავს". ღირსმა ნიფონტმა მიუგო: "ისმინე, ძმაო, ჩემი რჩევა: ხომ გინახავს, როცა ზღვა ღელავს, რარიგად აღიტაცებს ტალღებს და ქვებზე ამსხვრევს. მერე ისევ ზღვას უბრუნდება ტალღები. ასევე მოქმედებს ადამიანის სულზე ეშმაკისგან მოვლენილი ბოროტი გულისთქმა. თუ კაცი მას დაუჯერებს, დაიღუპება, მაგრამ თუ არ დაემორჩილება, ეშმაკსავე დაუბრუნდება თავისი ბოროტება, კაცი კი ღვთისაგან წყალობას მიიღებს. დაითმინე, შვილო, მედგრად დაუდექი ეშმაკს ლოცვით და მარხვით და მალევე განგეშორება".
წმინდა მამა ცხადად ხედავდა უხილავ სამყაროს, ხედავდა, თუ როგორ გამოდიოდა კაცის სული სხეულიდან. ერთხელ ტაძარში მდგომმა იხილა, რომ ცა გაიხსნა, უფლის ანგელოზთაგან ზოგი მიწაზე გადმოდიოდა, ზოგს კი ზეცად აჰყავდა გარდაცვლილთა სულები. ერთი მიცვალებულის სული მრუშობის საზვერეს რომ მიუახლოვდა, ეშმაკებმა ანგელოზებს მისი თავი მოსთხოვეს: ეს კაცი მთელი სიცოცხლე სცოდავდა, მრუშობდა ბუნებით და გარეშე ბუნებისა, უსინანულოდ მოკვდაო. თქვენი არ გვჯერა, სანამ მის მფარველ ანგელოზს არ ვკითხავთო, - მიუგეს ანგელოზებმა. მართალია, ბევრს სცოდავდა ეს სული, - ბრძანა მფარველმა ანგელოზმა, - მაგრამ როცა ავად გახდა, ტიროდა და ცოდვების მიტევებას ითხოვდა. ღმერთმა აპატიაო. უფლის ანგელოზებმა ამ კაცის სული სასუფეველში შეიყვანეს. ამის მერე წმინდა ნიფონტმა თვალი მოჰკრა, როგორ გაეკიდნენ ეშმაკები ანგელოზებს და მეორე გარდაცვლილის სულის დატოვება მოსთხოვეს - ანგარი, მოჩხუბარი, ბოროტი იყოო. ჩვენც კარგად ვიცით, როგორ იქცეოდა ეს სული, - უპასუხეს მათ ანგელოზებმა, - მაგრამ ტიროდა, გოდებდა, აღიარებდა ცოდვებს და მოწყალებას გასცემდა. ყველა ცოდვილს კი, რომელიც თავმდაბლობით და ცრემლთა დენით აღიარებს ცოდვებს, ღვთის მოწყალებით მიეტევება, ხოლო ვინც უსინანულოდ კვდება, ღმერთი განიკითხავსო.
მამა ნიფონტმა იხილა ერთი ღვთისმოშიში, კეთილკრძალული და მოწყალე კაცის სული, ყველას რომ უყვარდა. ეშმაკები ახლოს ვერ ეკარებოდნენ და შორიდან აღრჭიალებდნენ კბილებს. ზეციური სასუფევლის კართან ამ კაცს უფლის ანგელოზები დახვდნენ და დიდი სიყვარულით მიიღეს. ისიც ნახა, ერთი ტაძრის მსახური უფლის ანგელოზებმა ჯოჯოხეთში რომ ჩააგდეს, რადგან განუწყვეტლივ მრუშობდა და უეცრად, მოუნანიებლად მოკვდა. ბატონის ნაცემმა ერთმა მონამ სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა და როცა მისი სული ჯოჯოხეთში ჩააგდეს, ამ კაცის მფარველი ანგელოზი მწარედ მოთქვამდა. ანგელოზის სანუგეშოდ მოისმა ღვთის ხმა, რომელიც მას რომში წასვლას უბრძანებდა - იქ ახლა ახალშობილს ნათლავენ და მის მცველ ანგელოზად ხარ დადგინებულიო.
წმინდა ნიფონტმა კონსტანტინოპოლში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო და მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაში. სატანამ ეს ვერ დაითმინა და ეშმაკებიანად თავს დაესხა წმინდანს. წმინდა ნიფონტმა ღვთის შეწევნით და წმინდა ანგელოზის დახმარებით ჯვრის ნიშით შეკრა ეშმაკები, თითოეულ მათგანს ათასი როზგი დაჰკრა და იმ ზომამდე მიიყვანა, ეფიცებოდნენ, იმ ადგილსაც არ გავეკარებით, სადაც შენს სახელს ახსენებენო.
ერთხელ, სულიერ ძმებთან საუბრისას, წმინდა მამამ გაიხსენა: ამ ქალაქში ერთ დიდებულს მონა ჰყავდა, თერძი ბასილი, ურჩი, მაგინებელი, ოინბაზი, თავისუფალ დროს თამაშსა და ხორციელ ტკბობას ეძლეოდა, ბატონს არ უსმენდა, ამიტომაც, როცა ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა, ბატონმა უსახსრობის გამო სხვა მონებთან ერთად ისიც ქუჩაში გამოაგდო. პირველსავე დღეს ტანსაცმელი გაყიდა ბასილმა და საჭმელი იყიდა, მერე კი შიშველი დაეხეტებოდა და მოწყალებას ითხოვდა. დაზამთრდა. გაყინულ ქუჩაში დაეცა და ფეხზე ვეღარ წამოდგა. დაულპა ფეხები, დაითმენდა და ამასღა ამბობდა, დიდება ღმერთს ყველაფრისთვისო. ორი თვე იწვა ქუჩაში. ბოლოს ერთმა მოწყალე ქრისტიანმა წაიყვანა შინ და მოუარა. ორი კვირის შემდეგ, შაბათ დღეს, ბასილმა ლაპარაკი დაიწყო: მიხარია თქვენი მობრუნება, წმინდა ანგელოზებო, დაისვენეთ მცირე ხნით და წავიდეთო. ანგელოზებმა უთხრეს, იჩქარე, უფალი გიხმობსო. ცოტა ხანს დამიცადეთ, - სთხოვა მათ ბასილმა, - ჩემი მეგობრის 10 მონეტა მმართებს და აქამდე არ მიმიცია, ამის გამო ზეცაში, საზვერეზე, ეშმაკმა არ დამაკავოსო. ანგელოზები უცდიდნენ, სანამ ბასილმა ათი მონეტა არ მოაგროვა. ფული მევალეს მისცა და სული თვისი ჩააბარა უფალს. "აქედან ისწავლეთ, შვილებო, - დაასრულა თხრობა წმინდა ნიფონტმა, - რარიგნი არიან საქმენი ღმრთისანი და თავისი სურვილით როგორ აცხოვნებს იგი ცოდვილებს".
გავიდა ხანი. წმინდა ნიფონტი დაბერდა. ინება სახიერმა ღმერთმა მისთვის თავისი სამწყსოს ჩაბარება. ხილვა ჰქონდა: მინდორზე ცხვარი იყო გაშლილი. მწყემსი არ ჰყავდათ. წუხდა, მგელი არ დაეცესო. ამ დროს გამოეცხადა ნათლით მოსილი კაცი, რომელიც პავლე მოციქულს ჰგავდა და უთხრა: მეუფემ გიბრძანა, ეს ფარა მცირე ხნით მწყემსო და მერე განისვენო, კარგი მწყემსობისთვის კარგად დაგაჯილდოებსო. გადასცა კვერთხი და წავიდა. მიხვდა წმინდა ნიფონტი, რომ უფალს მისი მღვდელმთავრობა სურდა. შეეშინდა, სამეუფეო ქალაქის მღვდელმთავრად არ დამადგინონო და მოწაფეებთან ერთად გემით გაიქცა. ჩავიდნენ ალექსანდრიაში. იმხანად ალექსანდრიის პატრიარქი წმინდა ალექსანდრე გახლდათ. სწორედ იმ დროს კვიპროსის ქალაქ კონსტანციდან დელეგაცია ესტუმრა და გარდაცვლილი მღვდელმთავრის სანაცვლოდ ახალი ეპისკოპოსი სთხოვა. დავაცადოთ, სანამ უფალი თავის ნებას არ გამოგვიმჟღავნებსო, - უთხრა წმინდა ალექსანდრემ. იმავე ღამეს პატრიარქს წმინდა პავლე მოციქული გამოეცხადა და უთხრა: ხვალ სამღვდელოებასთან ერთად დადექი ტაძრის კარიბჭესთან და მომსვლელთ დააკვირდი - ჩემი მგვანი იქნება ღვთის რჩეულიო.
ცისკრის ლოცვაზე ტაძრისკენ მიმავალი ნიფონტი სულიერ შვილს ეუბნებოდა: გულში მწუხარებასთან ერთად სიხარულს ვგრძნობ, ჩვენს თავს რაღაც მოხდებაო. წმინდა ალექსანდრემ თვალი მოჰკრა ნიფონტს და მთავარ დიაკვანს, წმინდა ათანასეს ჰკითხა: ეს ბერი განა პავლე მოციქულს არ ჰგავსო? იხმო უცხოელი და ღვთის ნება აუწყა, მერე კი ეპისკოპოსად ხელი დაასხა და კვიპროსზე გაისტუმრა.
მცირე ხნის მღვდელმთავრობის შემდეგ წმინდა ნიფონტის გარდაცვალების ჟამმაც მოიწია. მღვდელმთავარმა სამი დღით ადრე იცოდა თავისი სიკვდილის ამბავი. მივიდა მასთან წმინდა ალექსანდრეს ნაცვლად პატრიარქად დადგინებული წმინდა ათანასე და განამხნევა. ნიფონტი დიდხანს ლოცულობდა თავისი სამწყსოსთვის, ცისკრის ლოცვისას ხორციელი ტკივილის გამო გაუჭირდა, სულიერ შვილს იატაკზე ტყავი გააშლევინა და წამოწვა. დაეშვა ზეციდან ანგელოზთა გუნდი უფლისა და ღვთისმშობლის წინამძღოლობით და თავიანთი მონის სულს ღვთის სასუფეველში განუსვენეს.
ასეთი იყო ცხოვრება წმინდა ნიფონტი კვიპრელისა, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა, ამინ!