იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო.
გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ - შეიტყვეს, რომ "სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას.
იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი".
გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელმთავარმა მოციქული გამოაგზავნა მცხეთელ ურიებთან: "რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა".
ელიოზ მცხეთელის მიერ კვართის გამოსყიდვა
ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, "რამეთუ ის არის სიტყვა წი-ნასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული".
როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, "საშინელითა კრჩხილებითა" დაიძახა: "მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიე-რითგან მტერ შემოქმედისა!" - და მყის აღესრულა.
როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება "დაჲ თჳსი", სიდონია.
მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში.
ადერკ მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმინდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე (ლიბანის ნაძვი) ამოვიდა.
წმინდა სიდონია
სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ მას მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: "ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენსა ხვედრებულსა და თანა წარატანე ხატი შენი, ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა".
ღვთის განგებულებით და ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში საქადაგებლად წამოვიდა წმინდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს).
წმინდა ანდრიამ იქადაგა დიდაჭარაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით მოაქცია წარმართები, დაადგინა მღვდლები და დიაკვნები, აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
შემდგომ გადმოიარა მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდებოდა, განვლო ოძრხის ხევი, მოაღწია სამცხის საზღვარს და დაივანა სოფელში, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ ლოცვის მადლითა და ძალით შემუსრა კერპები.
აწყურში მთავრობდა ქვრივი ქალი სამძივრის გვარისა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა. წმინდა ანდრია მოციქულმა, ჯვრის ნებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მადლით, მიცვალებული აღადგინა მკვდრეთით.
სამძივარმა ძით და ყოველი სახლეულითურთ ნათელ-იღო. წმინდა მოციქულმა მესხეთში დაადგინა ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკვნები, ამის შემდეგ იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში, სომხეთში და იერუსალიმში დაბრუნდა პასექის აღსასრულებლად.
ადერკ მეფემ ნათელღებული ქართველები და მეგრელები კვლავ წარმართობაზე მოაქცია და შერისხა კლარჯეთის ერისთავი, რომელმაც მშვიდობით განუტევა წმინდა ანდრია.
მოციქული კვლავ დაბრუნდა ქართლში. ამჟამად მას მატათა და სვიმონ კანანელი ახლდა თან. წმინდა მატათამ (ხს. 9 აგვისტოს) საქადაგებლად სვანეთს მიაშურა, წმინდა ანდრია და წმინდა სვიმეონი (ხს. 30 ივნისს) ოსეთს წავიდნენ და მრავალი მოაქციეს, შემდგომ კი აფხაზეთს მიმართეს.
წმინდა სვიმეონ კანანელი დარჩა ცხუმში, ხოლო წმინდა ანდრია ჯიქეთს წავიდა. ჯიქებმა არ შეიწყნარეს მოციქულის ქადაგება და მისი მოკვდინება ეწადათ, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა.
გავიდა ჟამი. ურჯულოთა ზედამდგომელობით და წარმართთა შიშით ქართველებმა დაივიწყეს შემოქმედი თვისი და ჯვარცმული მაცხოვარი.
მოხედვა უფლისა და ხსნა ერისა ჩვენისა კერპთაგან ეშმაკთა
ქართლში მოსული ნინო ურბნისში ჩავიდა და ურიათუბანში დასახლდა. ოციოდე დღის შემდეგ მთელი ქართლი დაიძრა წარმართული ღვთაების, არმაზის დღესასწაულზე. დღესასწაულს მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. წმინდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიამის კერპები სასწაულებრივ დაიმსხვრა.
ნინო მცხეთაში დასახლდა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ ჰურიათა მღვდელმოძღვარი აბიათარი, ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმინდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია, მაგრამ, რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებიათ.
წმინდა ნინომ უფლისგან კურნების ნიჭი მიიღო. ის ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრით მადლით კურნავდა დავრდომილებს.
ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი "აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა". ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.
გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე ქრისტეს სჯულით დაინტერესდა და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.
წმინდა აბიათარი და მისი მონათხრობი:
მაყვლოვანში ყოფნისას წმინდა ნინო ხშირად მიდიოდა ურიათა უბანში, რადგან იცოდა მათი ენა, რომ გამოეძია უფლის კვართის ადგილსამყოფელი, რომლის შესახებაც იერუსალიმში ნიაფორისაგან ჰქონდა გაგონილი, რომ მცხეთელ ურიებს ჰქონდათ წაღებული.
იქ მან ნახა ერთი ებრაელი მღვდელი, აბიათარი და უქადაგა მას და მის ასულს, სიდონიას, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარება. ირწმუნეს და დაემოწაფნენ ისინი და სხვა ექვსი ებრაელი ქალი, ნათლისღების გარეშე აიღეს წმინდა ნინოს სწავლის უღელი. რამეთუ არა იპოვებოდა მღვდელი, რომელიც ნათელსსცემდა, - და ფარულად იყვნენ მისი მოწაფენი.
კურნავდა და ქრისტეს ძალით საკვირველებებს ჰყოფდა: მრავალი განრღვეული განკურნა.
მეცნიერთა აზრით, "მოქცევაი ქართლისაის" ერთი თავის ავტორი წმინდა აბიათარია. ამდენადაც მნიშვნელოვანია მისი მონათხრობი საკუთარ გაქრისტიანებაზე და უფლის კვართის შესახებ, რომელიც მან დედა ნინოს უამბო:
- მე, აბიათარი, მღვდლად ვიყავი დადგენილი იმ წელიწადს, როცა წმინდა და სანატრელი დედა ნინო მოვიდა მცხეთაში. იმ დროს მივიღეთ ჩვენ წიგნი ანტიოქიელი ებრაელი მღვდლებისაგან, რომელშიც ეწერა: "სამად გაყო ღმერთმა ისრაელის სამეფო. ჩვენი წინასწარმეტყველები დაცხრნენ, აღსრულდა ყოველივე და განვიბნიენით ყველა ქვეყანაში. რომაელებმა დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა.
ვტიროდით მწარედ, რომ შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. ახლა განიხილეთ მოსეს წიგნები და მისი სიტყვა, რომელიც მან დაგვიწერა, რომ რომელიც ამ ქვეყანაზე თავის თავს ღვთის ძედ აცხადებს, მოკლულ იქნეს; ნაზარეველის სიკვდილს ვგულისხმობთ, რამეთუ ვხედავთ, როცა ჩვენი წინაპარი მამები შესცოდებდნენ ხოლმე ღმერთს და დაივიწყებდნენ მას, მაშინ ტყვეობასა და განსაცდელში ხვდებოდნენ, ხოლო როცა მოიქცეოდნენ და შესთხოვდნენ, მაშინ სრულად განშორდებოდნენ ჭირს.
ეს შვიდგზის ვიცით წერილიდან. ახლა, როცა ჩვენმა მამებმა შეიპყრეს უბრალო ქალის ძე და მოკლეს, ღმერთმა ხელი აიღო ჩვენზე და დაშალა ჩვენი სამეფო, მოგვაშორა თავის ტაძარს და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელყო.
იმ დროიდან გასულია სამასი წელი და მეტიც, და ღმერთმა არ შეისმინა ჩვენი ვედრება, რასაც დიდად განვიცდით და ვფიქრობთ, იქნებ მართლაც ზეციდან იყო ის კაცი", - და მოუხშირეს მათ ამაზე ჩვენთან წერა, ხოლო მე, როცა ყოველივე ეს გავიგე, შევეცადე, ნინოსაგან გამეგო ქრისტეს შესახებ - ვინ იყო იგი, ან რა მიზეზით შეიქმნა ღვთის ძედ.
მაშინ წმინდა ნინომ, როგორც სიღრმიდან გამომდინარე წყარომ, თავიდან დაიწყო ახსნა ჩვენი წიგნებისა და ზეპირად გამოთქვამდა იმათ ძალას, რომელიც, როგორც მძინარეს, მაღვიძებდა და როგორც დაბნელებულს, განმანათლებდა, ძმათა ჩვენთა შეგვაბრალებდა და რჯულის ცვალებას დაგვაჯერებდა, სანამ არ ვირწმუნე მისი სიტყვა, იესო ქრისტე - ძე ღვთისა, მისი ვნება და აღდგომა, მისი საშინელი მეორედ მოსვლა და წარმართთა მოლოდინი.
მე და ჩემი შვილი მისი განსაწმედელის საპკურებლის მიღების ღირსი შევიქმენით, იმ წყლის ემბაზისა, რომელსაც ნატრობდა დავით და ვერ ეღირსა. და მესმა მე ახლისა რჯულისა, საგალობლისა, რომელსაც ნატრობდა დავით.
ღირს ვიქმენით ღვთის ძის - ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებისა, ტკბილ არს გემოს-ხილვა ქვეყნის ცოდვათათვის შეწირული კრავისა. და ასე ინებე, უფალო, განსვლა ჩემი ხორციდან. და კვლავ მრავალი სასწაული იხილა ჩემმა თვალებმა წმინდა ნინოს მიერ აღსრულებული ჩვენს დღეებში.
თქმული მისივე, აბიათარ მღვდელისა, კვართისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი:
მე, აბიათარი, მოგითხრობთ იმას, რაც ჩემი ყურით მოვისმინე ჩემი დედ-მამისაგან, რაც წიგნებიდანაც ვიცი, რადგან იმათაც პაპებისაგან და თავიანთი მშობლებისაგან ჰქონდათ მოსმენილი შემდეგი: როცა იერუსალიმში მეფობდა ჰეროდე, იმ დროს გავიგეთ, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო, რის გამოც იქმნა გლოვა და წუხილი ქართველი ებრაელებისა, მცხეთის მკვიდრთა, ბოდბელი მღვდლებისა, კოდისწყაროელი მწიგნობრებისა, ხობის კანანელთა, რომელთაც გადაწყვიტეს, წასულიყვნენ და მიშველებოდნენ იერუსალიმელებს.
ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ხმა ნუგეშისცემისა, რომ "სპარსელები დასაპყრობად კი არ მოვიდნენ იერუსალიმში, არამედ იარაღის ნაცვლად მოჰქონდათ სამეფო ოქრო, მური, რომელიც მაშინვე კურნავს წყლულს და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომისაგან შობილ ყრმას, და როცა იპოვეს ერთი უბრალო ქალისაგან უდროოდ და უადგილო ადგილას შობილი ჩვილი, როგორც ეს ჩვევად აქვთ საცხოვრებელს მორიდებულ ადამიანებს, ისინი სწორედ იმ ყრმასთან მივიდნენ თაყვანის-საცემად და მას შესწირეს ზემოთ ნახსენები ძღვენი და გაბრუნდნენ მშვიდობით".
ეს რომ გაიგეს, "იქმნა სიხარული დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა ქართველთა".
ამის შემდეგ გავიდა 30 წელი. მოსწერა ანა მღვდელმა იერუსალიმიდან ჩვენს მამათა მამას - ელიოზს:
- ის, რომლისთვისაც სპარსთა მეფეები ძღვენით მოვიდნენ, გაიზარდა, უკვე ასაკოვანია და თავის თავს უწოდებს ღვთის ძეს. ამიტომ შევიკრიბოთ ყველანი და დავესწროთ მის სიკვდილს, რომ შევასრულოთ ღვთისა და მოსეს მცნება.
და წავიდა აქედან ელიოზ მღვდელი, ჩემი მამათა მამა, მოხუცებული კაცი და ჰყავდა მას დედა - ელია მღვდლის ტომისგან და ერთი და. ევედრებოდა დედამისი ელიოზს:
- დაემორჩილე, შვილო, მეფესა და სჯულს, მაგრამ რაც მათ განზრახული აქვთ, იმ საქმეში ნუ გაერევი, რადგან ის არის, რომელზედაც წერენ წინასწარმეტყველები, ბრძენთა საიდუმლო, რომელიც ურიებისათვის დაიფარა, წარმართების ნათელი და საუკუნო ცხოვრება.
წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და იქ დაესწრნენ უფლის ჯვარცმას. ხოლო როცა დამსჭვალეს უფალი და კვერით დაჰკრეს სამსჭვალს, აქ ელიოზის დედას მოესმა, იკივლა და თქვა:
- მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და იქმნენით მკვლელ შემოქმედისა. ვაი თავსა ჩემსა, რომელ არა წინა-ვე მოვკუედ, რათა-მცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა! და მაშინვე მიიცვალა.
ხოლო უფლის კვართი წილად ხვდათ მცხეთელებს. წამოიღო ელიოზმა და მოიტანა მცხეთას. მოეგება მისი თვალცრემლიანი და სიდონია, მოეხვია თავის ძმა ელიოზს და გამოართვა იესოს სამოსელი, ჩაიკრა გულში და მაშინვე იმანაც განუტევა სული ამ სამი ტკივილით: ქრისტეს სიკვდილისათვის, დედისა და ძმისთვის, რომელიც ეზიარა უფლის სისხლს.
ამ ამბავმა დიდად გააკვირვა და შეაშფოთა მცხეთა, გაოცებული იყო თვით მეფე ადერკი და მთავრები. მოეწონა მეფე ადერკს ეს სამოსელი, მაგრამ საკვირველებისგან ზარდაცემული და შეშინებული იყო. არ ინება გამოღება მკვდრის ხელიდან, რომელსაც მაგრად და სურვილით ჩაეკრა სამოსელი. ამიტომ სამოსელთან ერთადვე დამარხა ელიოზმა თავისი და იმ ადგილზე, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის და სხვა არავინ. მარტო ისაა ცნობილი, რომ ის ადგილი ახლოსაა ლიბანის ნაძვთან, რომელიც მცხეთაში იყო ჩამოტანილი, დარგული და გახარებული.
მრავალი წლის შემდეგ ადერკ მეფის ძმისწულმა არმაზაელმა მოიძია ეს სამოსელი ებრაელებთან და ვერ იპოვა.
წმინდა ნინო ცდილობდა, თავისი მოწაფის, აბიათარ მღვდლის ასულის, სიდონიას მეშვეობით გამოეძია სამოსლის სამყოფელი. აბიათარი კი ბუნდოვნად პასუხობდა, - იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც იაკობის ადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული.
სიდონია ამბობს, - და ესეც მეუწყა მამაჩემისგან, რომ ამ ქალაქში არის სხვა სიწმინდეც - საღმრთო ძალით შემოსილი ორმაგი ხალენი ელიასი.
ცნობილია, რომ ელიოზის სახლი იყო ქალაქის დასავლეთით, მოგვთა ხიდის იქით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი