25 სექტემბერს (8 ოქტომბერს) ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს კათალიკოს არსენ I-ის ხსენების დღეს.
გრიგოლ მერჩულემ თავის შესანიშნავ თხზულებაში, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", გვიამბო წმინდა კათალიკოს არსენ პირველის გამორჩევის, აღზრდისა და აღსაყდრების პერიპეტიების შესახებ.
მომავალი კათალიკოსი ქართლისა გახლდათ სამცხის გავლენიანი დიდებულის, მირიანის მესამე, უმცროსი ვაჟი. დედას კრავაი ერქვა. ერთხელ მათ მამულში ღამის გასათევად გაჩერდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი, თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც აფხაზეთში მიემგზავრებოდნენ. მირიანმა რომ გაიგო ამგვარი სტუმრების შესახებ, ისინი არ დატოვა შუა მინდორში ღამის გასათევად, თავად ეახლა მათ და შინ მიიპატიჟა. შემდეგ მან და მისმა მეუღლემ სთხოვეს ბერებს, დაემოწაფებინათ მათი უმცროსი ვაჟი, 6 წლის არსენი. ამგვარად. ის სიყრმეშივე იყო საღმრთოდ შეწირული.
გრიგოლ ხანძთელის თანხმობით, არსენი გახდა საძმოს წევრი, მასთან ერთად მისი თანატოლი, თანაშეზრდილი და მეგობარი ეფრემი. ამ ორმა შემდგომში დიდი სამსახური გაუწიეს ქართულ ეკლესიას. არსენი კათალიკოსი გახდა, ეფრემი კი ეპისკოპოსი იყო. მათი ღვაწლით მირონის კურთხევა დადგინდა საქართველოში (თუმცა არის ვარაუდი, რომ მირონის კურთხევა უკვე V საუკუნიდან იყო დაწესებული საქართველოში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა).
არსენ კათალიკოსი, იგივე არსენ საფარელი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. მას უნდა ეკუთვნოდეს პოლემიკური თხზულება "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა", რომელიც ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი ურთიერთობისა და დაპირისპირების ისტორიას ეხება. ზოგი მკლვლევრის აზრით, შესაძლოა ეს თხზულება სხვა არსენის დაწერილი იყოს.
ასეა თუ ისე, არსენ პირველი დიდი მოღვაწე გახლდათ. დღეს გავიხსენოთ, რას გვიამბობს მის შესახებ გიორგი მერჩულე, თავისი შესანიშნავი ქართულით, ჩვენთვის ერთ-ერთ უძვირფასეს თხზულებაში "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება". მის კათალიკოსად დადგინებაში უდიდესი როლი ითამაშა ჩვენმა მნათობმა, "უდაბნოს ვარსკვლავმა" გრიგოლ ხანძთელმა. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, მით უმეტეს, ეპისკოპოსის ეფრემისა და მისი მოძღვრის, მამა გრიგოლის ურთიერთობის მომენტი... როგორ დიდებული ადამიანები არსებობდნენ მაშინ...
გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"
(ნაწყვეტები არსენ კათალიკოსის გამორჩევის, აღზრდისა და აღსაყდრების შესახებ)
ხოლო ნეტარი გრიგოლის თავდაპირველ კარგ მეგობრებს, თევდორეს და ქრისტეფორეს, გულში ჰქონდათ მონასტრის შენების საღვთო შური და ისე, რომ არ გაუმჟღავნებიათ მამა გრიგოლისთვის თავიანთი განზრახვა, ფარულად წავიდნენ აფხაზეთში და მათ გაჰყვა რამდენიმე ძმაც. როდესაც მოვიდნენ სამცხეში, ღვთის ბრძანებით, დაიმოწაფეს დიდი აზნაურის, მირიანის ძე, არსენი, რომელსაც ღირსეულად ეწოდა დიდი არსენი, ქართლის კათალიკოსი და მცხეთის საყდრის დაუჭკნობელი გვირგვინი. ბავშვი პატარა იყო, დაახლოებით ექვსი წლის, და იზრდებოდა თავისი მამის სახლში, ამ ღვთის ადამიანებმა კი მირიანის გადაწყვეტილებით შეჰმოსეს ბავშვს სამონაზვნო შესამოსელი, თან ფიცის ნიშნად მარჯვენა ხელი ჩამოართვეს და უთხრეს: "ჩვენი მოძღვარი არის გრიგოლი, ხანცთელი მამასახლისი, და თუ უფალს ენდომება, ესეც მისი მოწაფე იქნება ჩვენთან ერთად, სადაც ვიქნებით ჩვენ". და წავიდნენ ისინი აფხაზეთში. აფხაზთა მეფემ დემეტრემ დიდი პატივით პატივი სცა მათ და კარგ ადგილას დააბინადრა.
როდესაც ნეტარმა გრიგოლმა გაიგო თევდორეს და ქრისტეფორეს წასვლის შესახებ, შეწუხდა მეტად, თან წაიყოლა ოთხი ძმა და წავიდა იმ რჩეულ კრავთა საძებრად ეს კეთილი მწყემსი. როდესაც მან მოაღწია ქართლის ადგილებს,ძმათა ძებნისას ღვთის ნებით ნახა ყრმა ეფრემი, ჭაბუკი ღირსეული, ღირსებაშივე შემდეგ სრულ მამაკაცობას მიწევნული სიწმინდით, სიწმინდეში — აწყურის სასწაულმოქმედი ეპისკოპოსი, ეპისკოპოსობაში — კარგ მოხუცებულობამდე მიღწეული, რომელიც საკვირველებით აღესრულა და მისი წმინდა ნაწილები სინათლედ მიებოძა სამცხეს. ეს ეფრემი, ღირსი ღვთისა, დაიმოწაფა ნეტარმა გრიგოლმა და უბრძანა მას ასე: "როდესაც მოვბრუნდები აფხაზეთიდან, თან წაგიყვან შენ ხანცთაში", თვით კი გაემართა აფხაზეთისკენ.
ასე გამოემშვიდობნენ ხელმწიფეს და აფხაზეთიდან წავიდნენ.
და მიდიოდნენ რა, გზაში სანატრელმა თევდორემ და ქრისტეფორემ უთხრეს ნეტარ გრიგოლს: "წმინდა მამაო, ხანცთიდან ჩვენი წამოსვლის დროს, სამცხეში რომ მოვედით, მირიან აზნაურის ადგილის ახლოს, როდესაც გვნახეს მისმა კაცებმა, რადგან საღამოს დროს ველზე მოვაწყვეთ ჩვენი სადგომი, და უთხრეს თავის ბატონს, სწრაფადვე მოვიდა თვით მირიანი, მდაბლად მოგვიკითხა, წაგვიყვანა თავის სასახლეში და კარგად მოგვასვენა. როდესაც გათენდა, შეგვიყვანა მან თავის მეუღლესთან, რომლის სახელიც არის კრავი, რადგან არის იგი ქრისტეს მხევალი. დავლოცეთ იგი და დავსხედით. მაშინ მირიანმა, დიდებულმა ბატონმა, ბრძანებით დააყენა ჩვენ წინ თავისი ძეები, სამი ყოვლად კარგი და მშვენიერი ყრმა და როდესაც დავლოცეთ ისინი, უთხრა მან კრავს: "ახლა ვაჩვენოთ ჩვენ კარგი ნიშანი და ჩვენი ძეებიდან ერთ-ერთი განვაწესოთ მონაზონად და ამ ქრისტეს მოწაფეთა მოწაფედ, და ამათი ლოცვით მიეცეს მას მადლი, რომ ნახონ ჩვენმა მოძულეებმა და შერცხვეთ. ახლა თქვი, ჩვენი შვილებიდან რომელი იყოს მოწესე?" მან მიუგო: "ბატონო ჩემო, შენი შვილები არიან შენს წინ. რომელი მათგანისთვისაც ბრძანებ, იგი გამოირჩიოს უფალმა რჩეულ მოწესედ".
მირიანმა თქვა: "ეს უმცროსი იყოს მონაზონი და ამ უდაბნოს მამათა სულიერი შვილი". და მოიყვანა მან იგი თავისი ხელით, მოგვცა ჩვენ პირჯვრის გადასაწერად და შემოსა მოწესეთა სამოსლით. ჩვენ მას ვუწოდეთ სახელად არსენი და აღვუთქვით მირიანს, რომ ჩვენს მსგავსად მის შვილსაც შენს მოწაფედ გავხდიდით, რაზეც მან კიდევ უფრო გაიხარა. ახლა, როგორც ესათნოება შენს სიწმინდეს, ისე გააკეთე". წმინდანმა უთხრა მათ: "სანატრელო ძმებო, ნება არს ღვთისა, რომ იგი ჩვენი ხელით გახდეს მოწესეთა შორის რჩეული და დიდ საზომს მიაღწიოს". ამასთან, მანაც მოუთხრო, ამაზე პასუხის მსგავსად, ყველაფერი ღირსი ყრმის, ჭაბუკი ეფრემის შესახებ. ძმებმაც გაიხარეს თავიანთი მოძღვრის სიტყვის გამო და ისინი ერთად მივიდნენ იქ, სადაც იყო ეფრემი. წამოიყვანეს იგი და, ასევე, სანატრელი არსენი. ხოლო ეფრემი იყო ასაკით უფროსი. სწორედ მათზე თქვა ნეტარმა გრიგოლმა დავითის სიტყვა: "ღვთის სიტყვათა გამოცხადება განმანათლებელია და იგი გონიერს ხდის ჩვილებს", რომლების მიერაც განმტკიცდება ქება ქრისტესი. ესენი, ჭეშმარიტად უბიწოები და წრფელები, შემოგვიერთდნენ ჩვენ, რომ იტვირთონ მონაზვნობის ღვაწლი, მოსულები არიან რა თანახმად უფლის ბრძანებისა: "ნუ აჩერებთ მაგ ბავშვებს ჩემთან მოსასვლელად, რადგან მაგნაირებისა არის ცათა სასუფეველი". ეს კი იცოდეთ, ძმებო, რომ ჩვენს ძმათა შორის ჩვენდამი სამართლიანი დრტვინვა იქნება, მაგრამ თვით უფალი იზრუნებს ამათთვის, რომელმაც თქვა: "ერიდეთ, რომ არ დააბრკოლოთ ერთი მცირეთაგანი, რადგან მათი ანგელოზები მარადის ხედავენ ჩემი ზეცათა მამის სახეს". და ახლა თქვენ, ძმანო თევდორე და ქრისტეფორე, ძლევაშემოსილებო, გაუხდით ამათ კარგ აღმზრდელად ღვთის ნებისამებრ". მათაც აღუთქვეს ეს და თავს იდეს არსენისა და ეფრემის მეურვეობა. მაშინ უთხრა მათ ნეტარმა გრიგოლმა: "ძმანო, ეს იქნება თქვენს ყველა სათნოებაზე უფრო დიდი, რომ თქვენი თვალები მუდამჟამს ამათზე იყოს.
გახსოვდეთ ამათი მშობლების დიდებულება, მათი რწმენა ქრისტესადმი და ჩვენ გლახაკებისადმი, — თუ როგორ დაივიწყეს მათ შვილობის სიყვარული ქრისტეს სიყვარულის გამო, როგორ მსხვერპლად მიუძღვნეს (შვილები) უფალს ჩვენი ხელით და როგორ იმედით მოგვანდეს ისინი ჩვენ, უცხოებს, ვითარცა ძმებს. ახლა როგორც უბიწოები წამოვიყვანეთ ისინი მშობლებისგან, რომ წმინდად იყვნენ დაცულები, ამგვარადვე პოვებს მათ ქრისტე, როდესაც იგი თავის სამკვიდრებლად მოითხოვს მათ ჩვენი ხელებიდან". როდესაც მოაღწიეს ხანცთას, მეტად გაიხარეს ძმებმა, ქრისტეს მიერ საღვთოდ შეკრებილებმა, სულიერი მამისა და ძმათა მოსვლის გამო, თუმცა ბავშვების მოყვანისთვის უკმაყოფილება იყო მათ შორის. ამიტომ, მოვიდნენ ისინი მამა გრიგოლთან და უთხრეს: "წმინდა მამაო, მოციქული ამბობს: "სრული სიყვარული შიშს განდევნისო". თუკი ბრძანებს შენი სიწმინდე, უშიშრად ვიტყვით, რისთვისაც ვართ მოსულები". მან უთხრა: "ძმანო, ჭეშმარიტად ძირმტკიცეა ჩვენს შორის სიყვარული და შიში არ არის მასში. ბრძანეთ, რაც გნებავთ". მათ უთხრეს: "ყველა შენი საქმე განუსჯელია, გარდა იმისა, რომ ეს ბავშვები მოიყვანე, რითაც შენგან დამტკიცებული წესი შენს დროსვე ხდება დაკლებული მომავალ დროში ჩვენს შესარცხვენად. თუმცაღა, ჩვენი გული ამჟამინდელისთვის უშიშარია, მაგრამ ეს საქმე წესის გარეშეა. აი, ესაა ამჯერად ჩვენი სიტყვა, ღვთის წმინდანო". როდესაც ნეტარმა გრიგოლმა მოისმინა მათი ეს კარგი ნაფიქრალი, ცხადად გაიხარა და უთხრა მათ: "ჰოი, სანატრელო ძმებო, ნუ მოხდება ისე, რომ მე შევცვალო პირვანდელ წმინდა მამათაგან შემოკრებილი წესი ხორციელი რამ მიზეზის გამო, მაგრამ ჭეშმარიტს ვამბობ ღვთის წინაშე, რადგან არასოდეს გსმენიათ ცრუ სიტყვა ჩემი პირიდან: ამ ბავშვების აქ მოსვლა ამგვარადაა: ქრისტე ღმერთმა წმინდა ანგელოზის პირით მაუწყა ამათი ყველა საქმე, რადგან ეს ღირსი ყრმები, მსგავსად ადამიანებისგან განშორებული და ღმერთს მიახლოებული ეფრემ ასურისა და არსენ რომაელისა, უბიწოდ აღიზრდებიან ხანცთაში მათი პატივის გაცხადების დრომდე. მაშ, ახლა, შეგვიძლია კი კამათი უფლის ბრძანებასთან? "რადგან აუცილებლობა მადევს", მოციქულის სიტყვისებრ, "თუ არ ვახარებ, ვაი მე", მაგრამ თქვენ ნეტარნი ხართ, რადგან უფალმა გამოგარჩიათ ამ თავისი მონებისთვის, თუმცა თუ ვინმე ამგვარი მიზეზის გარეშე შეცვლის პირვანდელ წესს და ბავშვს მოიყვანს, რომ იმყოფებოდეს იგი ამ მონასტერში, დიდად დაისჯება იგი უფლისა და ჩვენი ღვთის დიდებული მეორედ მოსვლის დროს". ძმები დაკმაყოფილდნენ ამით, განმტკიცდნენ და ჰმადლობდნენ ქრისტეს, საკვირველებათა მოქმედს. მაშინ, რადგან თევდორეს და ქრისტეფორეს სენაკები ერთად იყო, სხვა ძმებისგან მოშორებულად, წაიყვანეს ამ სულიერმა მამებმა თავიანთ სენაკში ეს ღმერთშემოსილი ბავშვები, ნეტარი გრიგოლის მცნებისამებრ, და კარგად აღზარდეს ისინი რძის ნაცვლად ღვთის მადლით.
მაგრამ გავიხსენოთ ადრეხსენებული და ყოვლად მოსახსენებელი ღირსი არსენი და ეფრემი, გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილები, რომლებიც ისათნოვა ღვთის ნებამ თავიანთი გონიერი სამწყსოების მწყემსმთავრად, რადგან დიდი ეფრემი, არსენზე მრავალი წლით ადრე, აწყურის საყდრის ეპისკოპოსი გახდა სამცხეში, ხოლო შემდეგ დიდი არსენი კათალიკოსი გახდა კათოლიკე ეკლესიაში, ქრისტეს კვართის სამკვიდრებელ მცხეთაში, და იყო მათ შორის სიყვარული ერთად გაზრდილობის გამო. მაგრამ ქართლის ეპისკოპოსები არსენის მამაზე, მირიანზე, ძალიან გაბრაზებულები იყვნენ იმ მიზეზით, რომ მათთან მოთათბირების გარეშე, სამცხის ხალხის მძლავრებით, თავისი ძე მან კათალიკოსად დაადგინა, ეპისკოპოსთა მცირე რიცხვის თანადგომითა და კურთხევით, უფლის დაშვებით კი, მცირედი მხილებისათვის, მოხდა ეპისკოპოსთა აღშფოთება, იქამდე, რომ ნეტარი ეფრემიც მიემხრო მათ, რადგან სამართლიანი იყო ამათი შეპასუხება, და რომელიც იმ დროს ხელმწიფე იყო, მამფალი გუარამ დიდი, მირიანის მიმართ გულძვირად იყო. მან მყისვე ბრძანა ეპისკოპოსებისა და უდაბნოს მამების შეკრება. და ყველანი შეიკრიბნენ ჯავახეთში, მაგრამ მამა გრიგოლი არ იყო იქ, არცთუ კლარჯეთის უდაბნოთა მთელი წინამძღვარი მამები. ნეტარი გრიგოლი კი არქიმანდრიტი იყო და ყველანი წადიერად მოელოდნენ მას, წესის წინამძღვრები მის გარეშე მსჯელობდნენ არსენ კათალიკოსის შესახებ და ვერ დაადგინეს თავიანთი მსჯავრი. მაშინ იმჟამინდელმა ერუშნელმა ეპისკოპოსმა უთხრა ყველას: "როდესაც მოვა უდაბნოთა ვარსკვლავი, მაშინ გასწორდება ყველა საქმე და განზრახვა". მათ კი უთხრეს: "ვის შესახებ არის ეგ გადაჭრით ნათქვამი?" მან თქვა: "გრიგოლ არქიმანდრიტის შესახებ, ხანცთისა და შატბერდის მაშენებლისა". მაშინ ერთმა ვიღაც ეპისკოპოსმა ამპარტავნულად თქვა შეკრებილთა შორის: "მხოლოდ იგია მნათობი ვარსკვლავი?" მაგრამ სხვა ყველამ თქვა: "ჭეშმარიტს ამბობს, რადგან იგი არის მოძღვრების სინათლით ნათელმყოფელი და სულიწმიდით შემკული". და მყისიერად დაინახეს მათ ეს წმინდანი, მომავალი სახედრით მამათა კრებულში. საკვირველი შესახედაობით, რადგან ის უბადრუკი სამოსელი, რაც ემოსა ამ მოხუცებულს, ისე ჩანდა, როგორც მბრწყინავი სინათლე, თვალშეუდგამი, ხოლო მის თავზე კუნკული წარმოჩნდებოდა როგორც სამეფო გვირგვინი, პატიოსანი თვლებისა და ფასდაუდებელი მარგალიტებისგან შემკული; და როდესაც იხილეს მისი ღვთისმიერი დიდებულება, ყველანი სიხარულით მიეგებნენ და მიჰყვნენ მის სიტყვებს სიხარულით. ამ დროს მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა თავისი მოძღვარი, მამა გრიგოლი, შემდეგ კი თავისი ძმა-ეპისკოპოსები, ხოლო ნეტარმა გრიგოლმა ფარულად მოუხმო ნეტარ ეფრემს და უთხრა მას: "შვილო, წმინდა მღვდელმთავრობის მაგ პატივს გაფიცებ, ნუ უშლი ხელს შენს სულიერ ძმას არსენს", მან კი მიუგო: "წმინდა მამაო, არ შეიძლება ჩემს ძმა ეპისკოპოსებთან შეპაექრება სიმართლის გამო და მეც შემინდე, რადგან არ ვარ ამიერიდან არსენის ცხვარი და არც იგი — ჩემი მწყემსი". მაშინ წმინდანმა მწყრალად უთხრა: "თუ ამას გააკეთებ, ეფრემ, უარმყავი მე, როგორც შენი მოძღვარი". ნეტარი ეფრემი სულიერი მამისა და მოძღვრის ამ სიტყვაზე ატირდა და უთხრა: "მკაცრია ეს ბრძანება, მახვილზე მეტად გამკვეთი. ახლა შენი ნება იყოს და არა ნება ჩემი, ღვთის წმინდანო", მან კი უთხრა: "ეფრემ სანატრელო, გისმინოს ქრისტემ, რასაც ითხოვ მისგან შენ, გულით უმანკოო და გონებით წრფელო, მიმსგავსებულო შენს მოძღვარს ქრისტეს, დავითის სიტყვისებრ. `რადგან წრფელია ჩვენი უფალი ღმერთი და არ არის სიცრუე მასთან", და შენ იცი შენი ღვთისმხილველი სულით, რომ ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები არსენის კათალიკოსობა მისი სრულქმნილების გამო, მაგრამ მირიანმა, მისმა მამამ, სააუგო გახადა იგი უდროო აჩქარებულობით, ისევე როგორც ადამმა ჭამა ის ნაყოფი, რომელიც ჯერ არ იყო მწიფე. ახლა შენ კარგად გააკეთე, რომ ისმინე ჩემი, რადგან ადამიანის გულისწყრომა ღვთის სიმართლეს არ იზამს, ხოლო არსენის ეს დანაშაული ჩემზე იყოს".
ამის შემდეგ, როდესაც გაიგო გუარამ ხელმწიფემ ამ ნეტართა მოსვლა, წინ მიეგება მათ სიხარულით და მოიკითხა თავმდაბლურად. როდესაც დასხდნენ, ბრძანა გუარამმა ყველა მოწესის შემოკრება და მოვიდნენ რა, მაშინ თქვა: "წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოეებო, ყველამ იცით სჯულის კანონი, რადგან არ ბრძანებს იგი ეპისკოპოსისა და კათალიკოსის ძალმომრეობით დადგომას", და ამის თქმისას სააუგო სიტყვები გაამრავლა, ელოდა კი პასუხს იმათგან; მაგრამ ყველას თვალები შეჰმზერდა მამა გრიგოლს და ეპისკოპოს ეფრემს, ხოლო მათ დაიდუმეს გარკვეული დროით. მაშინ ეპისკოპოსებმა უთხრეს ეფრემს: "ბრძანე პასუხი, რაც საჭიროა", მან კი თქვა: "სადაც მამა გრიგოლი იქნება, მე იქ არ ვიკადრებ სიტყვის თქმას". მაშინ ხელმწიფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს: "მამაო, ყველა შენ გელის ჭეშმარიტების სათქმელად, რადგან ყველაზე უფროსი ხარ ასაკითაც და ღვთის ნების სათნომყოფელობითაც, და შენგანაა მართებული სიტყვის დაწყება". ხოლო მან თქვა: "მართებული იყო პირველად მღვდელთმოძღვრებისგან ბრძანება, მაგრამ ახლა, შენი სიტყვის შესაბამისად, ვიტყვი ასე: ჭეშმარიტმა ქრისტეს სამწყსოებმა ისმინეთ ამ გლახაკი მოხუცებულისა, რომ არსენ კათალიკოსი ღვთის ნებით არის კათალიკოსი და მასზე აუგის მთქმელნი, რომლებიც არ მოინანიებენ, თავმოჭრილები იქნებიან და სრულიად შერცხვებათ ამ საწუთროშიც და იმ საუკუნოშიც". მაგრამ ხელმწიფე კი, თუმცაღა იყო იგი ბრძენი და ღვთისმსახური, ამ მართალი კაცისგან მართლმხილების გამო ძალიან შეშფოთდა, რადგან ნება სიბრძნეს სძლევდა და შური ღირსებას არ ერიდებოდა, შესაცნობი გახდა რა გულის გესლი ბაგეებისგან, დაუფიქრებლად სიტყვის ასე გაშვებით: "დიდი ხანია არ მენახა მამა გრიგოლი, მაგრამ მესმოდა, რომ ბრძენთაგან დაუტევი მისი სიბრძნე შეცვლილია სიბერითო და ადრე გაგონილი თვალით ვნახე", თან სჯულის ბევრ სიტყვასაც ამბობდა იგი, რაც არ შეჰფერის ერისკაცებს, რადგან იყო იგი მეტად სიტყვახელოვანი.
ხოლო ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა მას: "ჰოი, ხელმწიფეო, რად მრისხანდები ჭეშმარიტების გამო? ეს იცოდე, რომ პირველი წმინდა მამების შეკრებაზე ეპისკოპოსებთან და წესის წინამძღვარ მონაზვნებთან ერთად იყვნენ პირველი მორწმუნე მეფეები, მაგრამ არათუ მათთან ერთად სჯულის სწავლებას იკადრებდნენ ისინი, არამედ მათეულ გამოძიებას სჯულისას გამოიკითხავდნენ და ითხოვდნენ სიტყვის განმარტებას, რადგან მათ მიერ სწავლობდნენ ღვთის მცნებებს და მათ სიტყვებს ემოწმებოდნენ; არც წმინდა მოციქულებისა და ღირსი მღვდელთმოძღვრების მიერ განსაზღვრულ კანონშია ნაბრძანები, რომ შეჰკადრებდეს ერისკაცი ეპისკოპოსთა და წესის წინამძღვარ მამათა საგამგებლო მოძღვრებას ანდა ახალსახეობას შემოიღებდეს, თუნდაც რომ სამართლიანი ჩანდეს; პირიქით, სჯულისა და მღვდელთმოძღვართა არად ჩაგდებაა ეს, ხოლო მე ახლა შენი სიტყვისებრ, გუარამ, ვარ გონებაშეცვლილი, მაგრამ როდესაც სამართალი გაგასამართლებს, მაშინ ნახავ შენს თავს გონდაკარგულს და ჩემს სიტყვებს აღარ დაგმობ". ხოლო ხელმწიფე შეძრწუნდა გონებით და უთხრა ეპისკოპოსებს: "თქვენგან შეჰფერის თქვენი საგამგებლოს განგება. ახლა თქვით!" და მათ უთხრეს: "ღვთისმსახურო გუარამ, ქრისტესმიერმა სასწაულმა დაამუნჯა ჩვენი ენა, რადგან ვნახეთ დღეს გრიგოლზე მიუწვდომელი დიდება", და აუწყეს მას მთელი ის ხილვა, რაც ნახეს გრიგოლის შემოსვლისას. მაშინ თავზარი დაეცა ხელმწიფეს და რადგან იყო იგი თავმდაბალი და ღვთისმოშიში, სძლია მას თავმდაბლობამ, შეუვრდა ნეტარ გრიგოლს და უთხრა: "ღვთის წმინდანო, შემინდე, რადგან დაგაბრკოლე", მან კი უთხრა: "ქრისტემ შეგინდოს ყველა დანაშაული".
მაშინ გუარამმა, დიდმა ხელმწიფემ, კარგად უმასპინძლა ყველას და პურისჭამისას, როდესაც გუარამი გამხიარულდა ღვინისგან, მაშინ ეპისკოპოსებმა ერთობლივად თქვეს: "საჭირო იყო ეს მხილება არსენისთვის, მაგრამ ახლა, ამიერიდან არსენი იყოს კათალიკოსი მთელი ქართლისა და ყველას სულიერად მამა, თავდაპირველი ეჭვი კი ყველაში სრულიად გამქრალი იყოს, რომ ჩვენი პატივი ქრისტიანობისა მშვიდობით და სიწყნარით აღვასრულოთ და კარგი პასუხი მოვიპოვოთ ქრისტეს საყდართა წინაშე". გუარამ ხელმწიფემ და მთელმა ერმა თქვეს: "ამინ, იყოს!" ამასთან, ხელმწიფემ გამოიკითხა ეპისკოპოსთაგან: "ღვთის წმინდანებო, თუკი ჩვენი ქვეყნის ვიღაც ერისკაცი, საღვთო წიგნების მცოდნე და ენებშიც გაწაფული, მივა იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას და ნახავს რაიმე კარგ წესს, რაც ქრისტიანობას შეეფერება და ჩვენში არ არის, ან თუნდაც წმინდა წიგნებისგან გაიგებს იგი ასეთ რამეს და თვითნებურად აუწყებს უსწავლელ ხალხს, კარგი იქნება თუ ცუდი?" (ხოლო როდესაც იგი ამას ამბობდა, კიცხავდა ვიღაც მრავლისმეტყველებს). მათ უთხრეს: "დაწერილია: `განსაზღვრული ტვირთი ეყოფა ნავს; თუ დაუმძიმებ, დაინთქმება. და თუ მსუბუქად იქნება, ქარები და ტალღები გაიტაცებს". ასევე, სჯულის ტვირთი და ქრისტიანობის წესი, რაც ამჟამად ჩვენს ქვეყანას აქვს დაცული, მეტად კარგია და ღმერთი კმაყოფილია, და ჩვენ ვართ თავდები იმისა, რომ თუკი ვინმე მტკიცედ დაიცავს მას და უცვლელად აღასრულებს საქმით (არათუ სიტყვით ივაჭრებს), "ას წილს აქვე მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს" უფლის სიტყვისებრ; ამასთან, შევიწყნარეთ მამა გრიგოლის თავდაპირველი სიტყვა, რაც წარმოთქვა, ჩვენ კი ამას ვამბობთ: თუკი ერისკაცი გაიგებს რაღაც ახალ კარგ წესს, შენი ბრძანებისამებრ, უმჯობესია დუმილი, როგორც თქვა იაკობ მოციქულმა: `ნუ მოძღვრავთ ბევრნი, ძმანო", მაგრამ თუ დუმილს ვერ შეძლებს, თვითნებურად არ იქადაგოს, არამედ აუწყოს თავის ეპისკოპოსს და თუ საჭირო იქნება, მან ასწავლოს თავის სამწყსოს; ამასთან, თუ ამპარტავნულად ითავხედებს ეს ერისკაცი და ხალხს პირველად დაუდებს სხვა წესს, ამგვარი ვინმე, ნაცვლად სარგებლისა, მოცილეებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად დაისჯება უფლის დიდებით მოსვლის დროს". ხელმწიფემ თქვა: "ჭეშმარიტად სამართლიანია საღვთო განგების ეგ სულიერი სამსჯავრო და თუკი წიგნისმკითხველს ჰმართებს, რომ გამოიკითხოს, უფრო მეტად ესაჭიროება გამოკითხვა წესისა და სჯულის მასწავლებელს, და ყოვლითურთ თავის შეკავება, როგორც ამბობს უფალი: `მკურნალო, პირველად განიკურნე შენი თავი". ერისკაცებმა სირცხვილი განიცადეს, მოხდა რა მხილება უვიცებისგან წესის დადებისა, და მიიღეს მათ შენდობა სჯულის წინამძღვართაგან. როდესაც დაასრულეს პურისჭამა, გამოემშვიდობნენ ამ დიდ მთავარს და მანაც სიხარულით გაუშვა ყველა. მაშინ ახარეს არსენს (რადგან იგი კრებაზე არ იყო):
"ღვთის შემდეგ შენმა მოძღვარმა მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათალიკოსობა". ისიც სიხარულით ჰმადლობდა ქრისტეს და ამ წმინდანს. ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმა, მამა გრიგოლის მცნებისამებრ, ადრინდელივით განაახლა არსენ კათალიკოსის სიყვარული, რადგან მალევე დააწყნარა მან მშფოთვარება, რაც არსებობდა კათალიკოსსა და ეპისკოპოსებს (უფრო კი გუარამ ხელმწიფეს) შორის. სანატრელი არსენ კათალიკოსი და ეფრემ ეპისკოპოსი მოდიოდნენ თავიანთი მოძღვრის, მამა გრიგოლის, სანახავად. ამასთან, ხანცთის ძველი ეკლესია არსენ კათალიკოსმა აკურთხა და ქართლის ყველა ეკლესიას სიხარული მიჰფინა მან, რადგან მთლიანად შეამკო მამამთავრობის საყდარი და შეიმკო მადლით, ხოლო როდესაც მამა გრიგოლი გარდაიცვალა, მის დასაფლავებაზეც იყო არსენი, რომელიც ოცდაშვიდი წელი კათალიკოსობდა, შემდეგ კი გარდაიცვალა ამ სოფლიდან, მხიარულად მივიდა ქრისტეს წინაშე და აქვს მას მადლი ჩვენს შესაწევნელად.
ხოლო დიდი ეფრემი ბევრი სიკეთის მომნიჭებელი გაუხდა ჩვენს ქვეყანას, რადგან თავდაპირველად აღმოსავლეთის კათალიკოსები მირონს იერუსალიმიდან მოაბრძანებდნენ, ეფრემმა კი, ქრისტესმიერი ბრძანებით, ქართლში დააწესა მირონის კურთხევა, იერუსალიმის პატრიარქის განჩინებითა და სიხარულისმიერი თანხმობით, ქართლად კი ბევრი ქვეყანა აღირაცხება, რომელშიც ქართული ენით შეიწირება ჟამი და სრულდება ყველა ლოცვა, ხოლო "კირიელეისონი" ბერძნულად ითქმება, რაც არის ქართულად: "უფალო, წყალობა ჰყავი", ანდა: "უფალო, შეგვიწყალე". ეს ნეტარი ეფრემი ორმოცი წელი ეპისკოპოსობდა, იყო რა სულიწმიდით შემკული, რადგან ადამიანთა დაფარულ საქმეს, როგორც ცხადს, ისე ამხელდა და სასიკვდილოდ განწირულ სნეულებს სიტყვით მყის კურნავდა, ხოლო ურჩებს სიტყვითვე მოაკვდინებდა, და ბევრ სხვა სასწაულსაც მოქმედებდა. იგი კარგ სიბერეში გარდაიცვალა მადლით სავსე, სიხარულით მივიდა ქრისტეს წინაშე და ჩვენ, მორწმუნეებისთვის, მეოხი არის უკუნისამდე.
...............................
აქვე წაიკითხეთ:
არსენ კათალიკოსი 6 წლისა იყო, როდესაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი