წმინდა კირილე წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო, ბრწყინვალე საერო განათლება მიიღო,
ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმინდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა.
სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმინდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვს წელიწადს იცხოვრა. ალექსანდრიელმა პატრიარქმა, თეოფილემ (385-412 წლები) დიაკვნად აკურთხა წმინდანი და, იხილა რა მისი გულისხმიერება, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა.
თეოფილეს მიცვალების შემდეგ წმინდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის ჟამს მართლმადიდებლობისგან განმდგარ ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
უფრო საშიშ მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებას ქრისტანთა მხეცური მკვლელობების თანხლებით.
წმინდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი - ნესტორიანობა.
ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა.
მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი.
წმინდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა.
მაშინ პატრიარქმა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმინდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი-უმცროსს კი (408-450 წლები) - ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად.
წმინდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა.
წმინდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად.
მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა.
კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმინდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს.
ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები - კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.
მალე კირილე და მემნონი გაათავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი.
მისი ენა მატლებმა შეჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს.
მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმინდა ერეტიკოსთაგან. წმინდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში.
ნეტარმა კირილემ შეძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმინდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს).
ალექსანდრიის პატრიარქი, თეოფილე, წმინდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმინდა მღვდელმთავარი.
სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე.
ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (+დაახლ. 436-440 წლები, ხსენება 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმინდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ.
ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში - თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმინდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა.
მღვდელმთავარს სურდა, მიახლებოდა ყოვლადწმინდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აბრკოლებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმინდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე.
ოდეს შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა:
- შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და განმადიდა!
მაშინ იოანემ თქვა:
- ყოვლადწმინდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით! შემდეგ სიყვარულით გადაეხვია და ეამბორა წმინდა მღვდელმთავარს.
კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
წმინდა კირილე ალექსანდრიელის ტროპარ-კონდაკი:
ტროპარი
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო კირილე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განმანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი
უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგუიდინენ, ყოვლადბრძენო, წვალებათა წარმრღუნელნი, სანატრელო, და სამმღელვარეობათაგან სამწყსოსა განუხრწნელად დამცველნი, რამეთუ ყოველთა კიდეთა შენ ხარ, ღირსო, მასწავლელი, ვითარცა საღმრთოთა შინა ბრძენი.
.................
აქვე წაიკითხეთ:
წმინდა კირილე ალექსანდრიელი (+444) - 09 (22) ივნისი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი