ღირსი მამა სვიმეონ მესვეტე (უმცროსი, +596 ) - 24 მაისი (6 ივნისი)
ღირსი მამა სვიმეონ მესვეტე (უმცროსი, +596 ) - 24 მაისი (6 ივნისი)
ძველი წელთაღრიცხვის 24 მაისს. (6 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სვიმეონ მესვეტეს იხსენიებს.

ერთი ჭაბუკი, სახელად იოანე, ედესიდან ანტიოქიაში ჩავიდა. იქ მისმა მშობლებმა ლამაზი ქალიშვილი, სახელად მართა ნახეს, რომელიც სარძლოდ მოეწონათ. ასულის დედ-მამასთან მივიდნენ და ჰკითხეს, ხომ არ მიათხოვებდნენ მათ ვაჟს. გოგონას გათხოვება არ სურდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, თავი ქრისტესთვის მიეძღვნა და ქალწულობის აღთქმა დაედო. რადგან მშობლები აიძულებდნენ გათხოვებას, ქალიშვილი ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მივიდა, მუხლებზე დავარდა და უფალს შესთხოვდა, რაც მისთვის იქნებოდა უკეთესი, ისე მომხდარიყო. ეკლესიაში მართას ხილვა ჰქონდა, რომ მშობლების ნებას დაჰყოლოდა და გათხოვილიყო. ქალიშვილი ასეც მოიქცა და იოანეს ცოლად გაჰყვა. ქმარს ყველაფერში ეხმარებოდა, მეტიც, ხშირად ბევრი კეთილი საქმის გაკეთებას სთავაზობდა კიდეც. მართა გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა, ეკლესიაში ხშირად დადიოდა და წმინდა იოანეს ევედრებოდა, რომ ვაჟი შესძენოდა. თან სამუელის დედის, ანას მსგავსად აღუთქვა, რომ შვილს უფალს დაუთმობდა (1 მეფ. 1:11).

ერთი წლის შემდეგ მართას ლოცვისას ჩაეძინა და წმინდა იოანე იხილა, რომელმაც უთხრა:

- გიხაროდეს, შენი ლოცვა შესმენილია. იმას მიიღებ, რასაც ითხოვ. უფლის წყალობის ნიშნად ეს საკმეველი გამომართვი (ქალს საგუნდრუკე მისცა საკმევლით). ეს შენს სახლში აკმიე.

მართამ გაიღიძა და ნახა, რომ ხელში საგუნდრუკე ეჭირა. წმინდა იოანე კვლავ გამოეცხადა და უთხრა:

- ახლა კი წადი. ვაჟს გააჩენ და სვიმეონს დაარქმევ. ის მხოლოდ მარჯვენა ძუძუდან მოწოვს რძეს, მარცხენას კი არ მიეკარება. ხორცს, ღვინოს და ადამიანის ხელით მომზადებულ სხვა საკვებს გემოსაც არ გაუსინჯავს. მხოლოდ პურით, თაფლით, მარილითა და წყლით იარსებებს. ვალდებული ხარ, დიდი ყურადღებით მოექცე მას, როგორც წმინდა ჭურჭელს, რომელიც ღვთისმსახურებისთვის გამოიყენება. დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ჩემს ეკლესიაში მოიყვანე და მონათლეთ.

მართა ერთდროულად შიშითა და სიხარულით აღივსო. უფალსა და წმინდა იოანეს ჰმადლობდა. მალე დაორსულდა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც სვიმეონი დაარქვა სახელად. მართა მხოლოდ მარჯვენა ძუძუს აწოვებდა. ხანდახან წმინდა იოანეს სიტყვების გამოსაცდელად მარცხენა ძუძუს აძლევდა, მაგრამ ბავშვი ტირილით აბრუნებდა თავს გვერდზე და პირს არ აკარებდა. ისიც გასაოცარი იყო, თუ მართა ხორცს ან ღვინოს გაუსინჯავდა გემოს, იმ დღეს ძუძუს არ წოვდა და მშიერი რჩებოდა. მართა მიზეზს მიხვდა და თავადაც მარხვას იცავდა.

ბავშვს ორი წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა ეკლესიაში მიიყვანეს და მონათლეს. ნათლობისას ბავშვმა უეცრად თქვა:

- მყავს მამა, მაგრამ თან არ მყავს. მყავს დედა და თან არ მყავს!

ამ სიტყვებს შვილი დღის განმავლობაში იმეორებდა.

როდესაც ბავშვმა ძუძუს თავი დაანება, მშობლები პურით, თაფლითა და წყლით კვებავდნენ, რადგან ბიჭი ხორცს პირსაც არ აკარებდა. ასევე არ ჭამდა არაფერს, რაც მოხარშული იყო.

ბიჭი ექვსი წლის იყო, როცა ანტიოქიაში მიწისძვრა მოხდა. ქვის სახლი, სადაც სვიმეონის ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა და ბიჭის მამა დაიღუპა. დედა უფლის ნებით გადარჩა, რადგან იმ დროს ეკლესიაში იმყოფებოდა. ბიჭიც წმინდა წამებული სტეფანეს ეკლესიაში იყო და საღ-სალამათი გადარჩა. ეკლესიიდან გამოსულმა ბავშვმა არ იცოდა, როგორ მისულიყო სახლში, რადგან გზად სულ ნანგრევებად ქცეული სახლები ხვდებოდა. დიდხანს დაეხეტებოდა ანტიოქიის ქუჩებში, სანამ ერთმა ღვთისნიერმა ქალმა, რომელიც მის მშობლებს იცნობდა, არ წაიყვანა თავის სახლში, ქალაქიდან მოშორებით.

მართამ როდესაც გაიგო, რომ მათი სახლი დაინგრა, ეგონა, ქმართან ერთად მისი შვილიც დაიღუპა და ცხარედ ატირდა. ამ ამბიდან შვიდი დღის შემდეგ წმინდა იოანე გამოეცხადა და აუწყა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო, თან ის ადგილიც მიუთითა, სადაც იმყოფებოდა. მართა მაშინვე იქით გაეშურა და თავისი შვილი იპოვა. ქალმა, რომელმაც ბავშვი შეიფარა, გაოცებულმა უთხრა, რომ ბიჭს პირი საკვებისთვის არ დაუკარებია, მცირეოდენი პურისა და წყლის გარდა. დედამ შვილი ეკლესიაში წაიყვანა და უფალსა და წმინდა იოანეს მადლობა შესწირა შვილის გადარჩენისთვის.

ერთხელ მართა იხსენებდა ყველა იმ უცნაურ შემთხვევას და გამოცხადებას, რაც შვილთან იყო დაკავშირებული და ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ჩაეძინა და მოეჩვენა, თითქოს ფრთები გამოესახა, მაღლა ცაში აფრინდა, შვილი კი ხელში ეჭირა, თან ამბობდა:

- ჩემს შვილს, ჩემს სისხლსა და ხორცს, უფალს ვუთმობ.

მართა შვილთან ერთად ანტიოქიაში ერთ ადგილას დასახლდა, რომელსაც "ქერუბიმი" ეწოდებოდა. იმ ადგილას იერუსალიმიდან რომის იმპერატორის მიერ ჩამოტანილი ორი ოქროს ქერუბიმის გამოსახულება იდგა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს "ქერუბიმი".

იმ დროს ყრმა სვიმეონმა იხილა უფალი იესო ქრისტე, მაღალ ტახტზე იყო დაბრძანებული. მისკენ ყველა მხრიდან უამრავი წმინდანი მიეშურებოდა. უფლის წინ სიცოცხლის წიგნი იყო გადაშლილი, რის მიხედვითაც განიკითხავდა უფალი. აღმოსავლეთით სამოთხე მოჩანდა, დასავლეთით კი - ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. სული წმიდამ სვიმეონს უთხრა:

- მომისმინე, ყმაწვილო, კარგად დაიმახსოვრე, რასაც აქ ხედავ. მაშინ შენც იმავე პატივითა და დიდებით შეიმოსები, როგორც სხვა დანარჩენი წმინდანები.

ამ ხილვის შემდეგ ყმაწვილი აღივსო ღვთიური სიბრძნით და მრავალი ხილული თუ უხილავი საიდუმლოს განჭვრეტა შეეძლო.

გარკვეული ხნის შემდეგ სვიმეონმა თეთრსამოსიანი, საოცარსახიანი მამაკაცი იხილა, რომელმაც უთხრა:

- უკან გამომყევი.

ყმაწვილი უკან გაჰყვა. მამაკაცმა ერთ ადგილას მიიყვანა, რომელიც სელევკიის მახლობლად მდებარეობს და ეწოდება პილა. იქ უდაბნოში მხეცებს შორის ცხოვრობდა და ადამიანი თვალით არ უნახავს. დღე და ღამე უცნაური სხივი ანათებდა, საკვებს კი ის მამაკაცი აძლევდა, რომელმაც იმ ადგილას მიიყვანა, თან უამრავ რამეს უხსნიდა და ასწავლიდა.

გარკვეული დროის შემდეგ, უცნობი მამაკაცის მითითებით, მთის წვერზე ავიდა და იქ პატარა მონასტერი დაინახა, რომლის იღუმენიც ნეტარი იოანე იყო. იღუმენს ხილვები ჰქონდა, რომ მასთან ყმაწვილი სვიმეონი მივიდოდა. ვაჟს ხან თეთრებში გამოწყობილს ხედავდა, ხანაც მონასტრის თავზე ცაში აჭრილს, ზოგჯერ კი ნათელ სვეტში გახვეული უახლოვდებოდა მონასტერს. ნეტარმა იოანემ ანგელოზიც იხილა, რომელმაც ყრმა უჩვენა და უთხრა:

- აი, ყრმა გადაგარჩენს.

თავისი ხილვების შესახებ იღუმენი ბერებს უამბობდა, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ.

როდესაც ღვთის ნებით მონასტერში ნეტარი სვიმეონი მივიდა, ბერები გაოცდნენ, რადგან მათ წინაშე პატარა ბიჭი იდგა, რომელსაც ექვსი წელიც არ შესრულებოდა. ღირსმა იოანემ ჯერ კიდევ შორიდან მოკრა თვალი ყრმას და მიხვდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უკვე ამდენი ხანია, ხილვებში ხედავდა. გახარებულმა იოანემ სვიმეონი იხმო, გულში ჩაიკრა და ცრემლმორეული უფალს მადლს სწირავდა. ბიჭი მეტად ლამაზი იყო, ნათელი გამოხედვა ჰქონდა და ყველას სიკეთით აღავსებდა. მეტად სიტყვაძუნწი იყო. კითხვაზე პასუხს ფიქრის შემდეგ გასცემდა. მონასტერში ყველასგან განმარტოებით ცხოვრობდა და დუმილს ინარჩუნებდა. სამ დღეში, ხანდახან შვიდ ან ათ დღეში ერთხელ წყალში ჩამბალი მდოგვის მარცვლებით იკვებებოდა. მცირე წყალს სვამდა. ამის შემხედვარე იღუმენი მეტად გაოცებული იყო.

იმ მონასტერში ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელიც საქონელს მწყემსავდა. ბიჭის ზებუნებრივი მდგომარეობის გამო, შურით აღივო და მისი მოკვლა გადაწყვიტა. როდესაც თავისი განზრახვა უნდა აღესრულებინა, მოულოდნელად ხელი გაუხმა, მთელი სხეული ისე დაუავადდა, რომ სიკვდილის პირას მივიდა. ამის შემდეგ თავისი ცოდვა მოინანია იღუმენისა და ნეტარი სვიმეონის წინაშე. ყრმა იმდენად უბოროტო იყო, რომ არა მარტო შეუნდო შეცოდება, ღმერთს მისი გამოჯანმრთელებაც შესთხოვა. როგორც კი მის გამხმარ ხელს შეეხო, მწყემსი მაშინვე განიკურნა. ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პატივისცემით განეწყვნენ იღუმენი და ბერები ყრმის მიმართ, რადგან მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტად უფლის რჩეული იყო.

ცოტა ხანმა განვლო და ნეტარმა სვიმეონმა ძმებს სთხოვა, აბბა იოანეს სვეტის მახლობლად მისთვისაც აეგოთ სვეტი. სურვილი შეუსრულეს. ყრმა სვეტზე ავიდა, აბბა იოანეს მსგავსად იქ იდგა და ლოცულობდა. პირველად უფალი ყრმის სახით გამოეცხადა. წმინდა სვიმეონი მიხვდა, მის წინაშე იესო ქრისტე რომ იდგა და ჰკითხა:

- უფალო, როგორ გაცვეს იუდეველებმა ჯვარზე?

მაცხოვარმა ხელები ჯვრის მსგავსად გაშალა და უპასუხა:

- აი, ასე გამაკრეს ჯვარზე იუდეველებმა. თუმცა ჯვარცმა ჩემივე ნებით მოხდა. შენ კი გამხნევდი და გაძლიერდი, რადგან მთელი სიცოცხლე მე უნდა შემომწირო.

იმ წუთიდან წმინდა სვიმეონმა საკუთარი თავი სრულიად დაივიწყა და ანგელოზის სადარი ცხოვრებით ცხოვრობდა, თავისი ღვაწლით თავად ბერ იოანეს აღემატებოდა. იოანე ყოველღამე ოცდაათ ფსალმუნს გალობდა, სვიმეონი კი - ორმოცდაათს, ხანდახან კი ოთხმოცსაც. ხშირად ყველა ფსალმუნს გალობდა და თვალს არც კი მოხუჭავდა. დღის განმავლობაშიც გამუდმებით უფალს ადიდებდა. იღუმენი დარდობდა, ყრმა სვიმეონი არ დაუძლურებულიყო ამხელა ღვაწლის გამო და ეუბნებოდა:

- შვილო ჩემო! თავი დაანებე შრომას, რომელიც ადამიანის ძალებს აღემატება. შენ გამო ჩვენც ვერ ვისვენებთ. ისიც საკმარისია, რომ დაბადებიდანვე უფლის რჩეული ხარ. ოდნავ მაინც დაასვენე შენი სხეული და მცირე საკვები მაინც მიიღე, რომ ბოლომდე შეძლო მარხული ცხოვრება. ჭამა და სმა ადამიანს არ ბილწავს. თავად უფალი ბრძანებს: "ყოველი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახი, ისე გაძლევთ ყველაფერს" (დაბ. 9:3).

ნეტარი სვიმეონი პასუხობდა:

- საკვები არ ბილწავს ადამიანს, მაგრამ ბადებს მაცდურ აზრებს, აბნელებს გონებას, ამძაფრებს ვნებებს, ადამიანის სულიერ სამყაროს მიწიერად აქცევს. ჩვენ, ბერები, ვალდებულები ვართ, დღედაღამ უფლის სიტყვებს ვსწავლობდეთ, რათა ნაღველი არ დაგვეუფლოს. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: "დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე, შენი სიტყვისამებრ" (ფს. 118: 28). თუმცა, მამაო, შენ რატომ გეუბნები ამას? მე უნდა დავიმწუხრო ჩემი სული დიდი ღვაწლით და არა სხვამ.

იღუმენი დიდად გაოცდა, ყრმის ბრძნული პასუხი რომ მოისმინა.

ერთხელ წმიდა სულით გაცისკროვნებულმა სვიმეონმა ეშმაკის საბრძანებელი იხილა და მთელი მისი დემონური ზრახვები გაიგო. თავად ბნელეთის მეუფეც კი დაინახა დიდ ტახტზე მჯდარი. თავზე ბრწყინვალე გვირგვინი ედგა. მის წინაშე ყველა ქვეყნიური ცდუნება გადაშლილიყო: ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები. ყველაფერი ეს ჭაობში იყო. ირგვლივ მუსიკალური ინსტრუმენტების ხმა ისმოდა. ცოდვა ლამაზი ქალის სახით მოჩანდა, მას მიჰყვებოდნენ ადამიანების მაცდუნებლები: ამაოების სული, უწმინდურობის სული, სიზარმაცის სული, ვერცხლისმოყვარეობის სული; იქვე უზარმაზარი გველები გაწოლილიყვნენ, რომლებიც მზად იყვნენ, მთელი სამყარო გადაეყლაპათ. მაცდუნებელი სულები ცდილობდნენ, სვიმეონიც შეეცდინათ. ისინი ლამაზი სიტყვებით აცდუნებდნენ, მაგრამ თავისი იარაღით, პატიოსანი ჯვრის ნიშით და ქრისტეს სახელით, დემონებს დევნიდა, სწორედ ისევე, როგორც მზე ფანტავდა ბნელს. შემდეგ ეკლესიისკენ გაიხედა და უფლის ტახტი იხილა. წმინდა სვიმეონთან ეკლესიიდან ერთი პატრიარქი მივიდა, რომელსაც სურნელოვანი მირონი ეჭირა ხელში, თავზე დაასხა და უთხრა:

- ამის ძალით შეძლებ ბოროტი სულის განდევნას! უფლის იმედი გქონდეს, რამეთუ "ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას" (ფს. 88:23).

იმ წუთიდან წმინდა სვიმეონმა ბოროტ ძალებთან გამკლავება დაიწყო. ადამიანებს ავსულებისგან ათავისუფლებდა, ასევე სხვადასხვა სნეულებებისგან კურნავდა.

ერთხელ ღვთის მონა, სვიმეონ მესვეტე, ნეტარ ბერს მიუბრუნდა და უთხრა:

- მამაო! ცოტა ხნის წინათ, უფალმა დამანახვა სატანის ხელმწიფება და ყველა დამღუველი ცოდვა. ვიხილე მისი ვერაგობა და ისიც ვნახე, თუ როგორ ებრძვის ადამიანებს.

იოანემ სვიმეონს უპასუხა:

- უფალი დაგიცავს ბოროტის მზაკვრობათაგან.

სვიმეონმა თქვა:

- მართალია, დემონურმა ძალამ გადაწყვიტა, მრავალი ბოროტება შეგვამთხვიოს, მაგრამ არაფერი გამოუვა.

იღუმენი შეშინდა, ჭაბუკი ხიბლში არ ჩავარდნილიყო და თქვა:

- მიუხედავად ყველაფრისა, შვილო ჩემო, მაინც უნდა მოვერიდოთ დემონის მზაკვრობებს და ღმერთს მივენდოთ. ჩვენმა მტერმა რკინის ჩექმები ჩაიცვა და ყველანაირად ცდილობს ბერების ცდუნებას. როგორც კი ხელსაყრელ მომენტს ჩაიგდებს ხელში, უმძიმეს ცოდვაში ჩააგდებს მათ. გამუდმებით უნდა ვილოცოთ და შეწევნა შევთხოვოთ უფალს, რათა არ მიგვატოვოს მტერთან ბრძოლაში.

სანამ ისინი საუბრობდნენ, სატანას ყველაფერი ესმოდა და მრისხანებისგან კბილებს აღრჭიალებდა. შემდეგ ჭაბუკი ბერის შეშინება დაიწყო. ხან გველის სახით გამოეცხადებოდა, ხანაც მტაცებელი მხეცისა და თავს ესხმოდა.

წმინდა სვიმეონი თავს მუდამ უფლის სახელით და ჯვრით იცავდა, თან ამბობდა: "ნუ შეგვაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი, შავი ჭირი ბნელში მოარული, სენი - შუა დღის მძარცველი" (ფს. 90: 5-6).

დეკემბრის ერთ ღამეს ეშმაკმა დემონები შეკრიბა და წმინდა სვიმეონს თავს დაესხა. სვეტის სახურავი მოგლიჯა და წმინდა სვიმეონი ძირს გადააგდო. ჭაბუკს უფლის ხელი იცავდა, ამიტომ წმინდანი სვეტის ძირში, უვნებელი იდგა, სულიერად მხნე და წამითაც არ შეშინებულა მტრის თავდასხმის გამო. ამის შემდეგ ეშმაკმა ზღვიდან ძლიერი ქარი ამოაგდო. ატყდა ქარიშხალი, ისმოდა ჭექა-ქუხილის გრგვინვა, მთელი ღამე მეხი ეცემოდა სვიმეონის სვეტს. ღირს იოანეს ეგონა, რომ ჭაბუკი სეტყვისა და მეხის გამო დაიღუპებოდა, ტირილი დაიწყო და ბერებს სთხოვა, წასულიყვნენ და ენახათ, ცოცხალი იყო თუ არა. ბერები ისე იყვნენ შეშინებულები, სენაკებიდან ვერ გამოდიოდნენ.

ამას გარდა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც შურითა და სიძულვილით იყვნენ აღვსილნი წმინდანისადმი. ბერები ერთმანეთს ეუბნებოდნენ:

- სად არის მისი ღვაწლი? სად არის მისი სასწაულმოქმედი ძალა? დაე, თავის თავს თავადვე დაეხმაროს.

ნეტარმა სვიმეონმა გაიგონა, რომ ბერი იოანე მის გამო ტიროდა და ხმამაღლა დაუძახა:

- ჩემ გამო ნუ სწუხხარ, ოდნავაც არ დავზარალებულვარ, ქრისტეს ძალით გადავრჩი. ეშმაკი დამარცხებულია.

დილით ბერები სვეტისკენ გაემართნენ. ეგონათ, რომ ჭაბუკს დაღუპულს ნახავდნენ, მაგრამ სვიმეონი ცოცხალი იხილეს, რომელსაც სახეზე ანგელოზებრივი სხივი გადასდიოდა. ბერები შერცხვენილები დაბრუნდნენ კელიებში.

სვიმეონის შესახებ ანტიოქიის არქიეპისკოპოსმა ეფრემმაც შეიტყო. მისი უდიდესი ღვაწლის ამბავი რომ გაიგო, მასთან მივიდა. ჭაბუკის ხილვისას ღმერთი ადიდა, თავის ქალაქში დაბრუნდა და ყველას უამბობდა ქრისტეს მსახურის მკაცრი მარხული ცხოვრების შესახებ.

მას შემდეგ ნეტარ სვიმეონთან უამრავი ხალხი მიდიოდა, როგორც ბერები, ასევე ერისკაცები. ზოგი იმისთვის, რომ ეხილათ წმინდანი, ზოგიც მასთან სასაუბროდ მიისწრაფოდა, სხვები კი სხვადასხვა სენისგან განკურნებას სთხოვდა უებრო მკურნალს.

ერთხელ ნეტარმა სვიმეონმა მასთან მისულებს მაგარი თოკი სთხოვა და ისე მაგრად შემოიჭირა, რომ სხეული სულ მთლად დაუწყლულდა. იარებიდან სისხლი წამოუვიდა და ანაფორის შიგნით პერანგი სულ დაუსველა. მალე ჭრილობები დაუჩირქდა, მაგრამ ჭაბუკი ვაჟკაცურად უძლებდა ტკივილებს. ბოლოს ხორცმა გახრწნა დაიწყო. ბერები, რომლებიც სვეტზე ადიოდნენ, მყრალ სუნს გრძნობდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, საიდან მოდიოდა. შემდეგ გაიგეს წმინდანის უდიდესი ღვაწლის შესახებ და ყველაფერი იოანეს მოახსენეს. იღუმენი შეძრწუნდა ეს რომ შეიტყო და ბრძანა, ჭაბუკისთვის თოკები შემოეხსნათ. ნეტარ სვიმეონს კი აუკრძალა საკუთარი თავისთვის ასეთი ტანჯვის მიყენება.

ღირსი მამა სწავლების ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. იღუმენი ბერებს შეკრებდა და ჭაბუკს სთხოვდა, ექადაგა, შემდეგ კი დიდი ყურადღებით უსმენდა. ყმაწვილი სულიწმიდის ძალით ბრძენი მასწავლებელი იყო და მისი ბაგეებიდან დარიგებები წყალივით გარდმოდიოდა.

ბერი იოანე სვიმეონს ამის გამო ახალ დავითს უწოდებდა.

ერთხელ ერთმა უხუცესმა ბერებს ჰკითხა:

- სვიმეონის სვეტზე მტრედები ბინადრობენ?

ძმებმა უპასუხეს:

- არა.

მაშინ უხუცესმა მათ უთხრა:

- მე დავინახე, გასხივოსნებული მტრედი როგორ შეფრინდა ჭაბუკთან, შემდეგ ასევე გამოფრინდა და ცაში აიჭრა.

იმ დროს, როცა უხუცესი ძმებს ესაუბრებოდა, ნეტარ სვიმეონს ხილვა ჰქონდა: თითქოს ფრთები გამოესახა, ცაში აიჭრა და მთელ სამყაროს შემოუფრინა. შემდეგ შვიდი კიბით მაღალ მთაზე ავიდა პავლე მოციქულის მსგავსად და ნახა ის, რაც თვალს არ ეხილა და ისმინა ის, რაც ყურს არ სმენია.

წმინდა სვიმეონმა თავის მეგზურს ჰკითხა:

- რა ვიხილე?

- შვიდი ზეცა, - იყო პასუხი.

ამის შემდეგ წმინდანმა სამოთხე იხილა, წარმტაცი ბაღები, ნათელი, ფართო პალატები, სამოთხის წყარო, რომელიც იქვე მოედინებოდა. ღირს ჭაბუკს იქ ადამისა და გონიერი ავაზაკის მეტი არავინ უხილავს.

სვიმეონმა ხილვა იღუმენ იოანეს უამბო. ბერმა მოუსმინა და უთხრა:

- შვილო ჩემო! დიდება უფალს, ასეთი წყალობა რომ გაიღო შენთვის.

თუ ვინმე მივიდოდა, ვისაც სამოსი არ ჰქონდა, ჭაბუკი მაშინვე თავისას გაიხდიდა და შემოსავდა. ასე მხოლოდ ზაფხულში კი არა, ზამთარშიც იქცეოდა. იღუმენი იოანე ხშირად აძლევდა ტანსაცმელს, რადგან ეშინოდა, ჭაბუკი არ გაყინულიყო. ყოველ ჯერზე ნეტარი ყრმა გულში იცემდა ხელებს და ტირილით ამბობდა:

- ვაი, მე უბედურს! ორმოცი სებასტიელი წმინდანი ქრისტეს სახელით გაყინულ ტბაში საშინელ ტანჯვას ითმენდა, მე კი მეშინია, არ შემცივდეს. მარადიულ კბილთა ღრჭენას როგორღა გავუძლებ? როგორღა გავიზიარო წმინდანთა ხვედრი?

იღუმენი განრისხებული ეუბნებოდა:

- რა გინდა, თავს რომ მოუხერხო? დანა რომ გქონდეს, თავს მოიკლავდი.

ცოტა ხნის შემდეგ სვიმეონმა ასეთი ტანჯვა დაუწესა საკუთარ თავს: ფეხმორთხმული დაჯდა და მთელი წლის განმავლობაში არ ამდგარა. ამის შედეგად ქვედა კიდურები დაუწყლულდა და საშინელი სუნი ასდიოდა. აბბა იოანემ ექიმს უხმო და სთხოვა, ჭაბუკი მოერჩინა. ამაზე სვიმეონმა გაიღიმა და უთხრა:

- ჩემთან ღმერთი არს! ადამიანის ხელი ვერ შემეხება და არც მისი დახმარება მჭირდება.

უფალმა დიდი ღვაწლისთვის ჭაბუკს ჯანმრთელობა აღუდგინა. ნეტარი სვიმეონი ფეხზე წამოდგა და წყლულების კვალიც კი არ ემჩნეოდა. მუხლებზე დაეცა და დიდხანს ჰმადლობდა უფალს.
სულთმოფენობის დღესასწაული რომ დადგა, დილით ნეტარმა სვიმეონმა ღირს იოანეს უთხრა:

- მამაო, როგორ უნდა აღივსოს ადამიანი სულიწმიდით, ისევე როგორც მოციქულებზე გადავიდა ცეცხლივით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე?

უხუცესმა უპასუხა:

- ნუ ეძებ იმას, რაც შენზე მაღლა არის და ნუ ეძიებ იმას, რაც შენთვის უცნობია. იმაზე იფიქრე, რაც დაგეკისრა.

ჭაბუკმა თქვა:

- წმინდა წერილში წერია: "მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათ ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ" (ფს.144:19), - თქვა თუ არა, თვალები ცისკენ აღაპყრო და უფალს შეევედრა:

- ღმერთო, შენ მოუვლინე შენს მოწაფეებს სულიწმიდა. წყალობა გაიღე ჩემზე და გარდამომივლინე მეც. "შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს" (ფს. 118:73), რამეთუ შენ შეგიძლია ჭეშმარიტება ყრმათა ბაგეებით აამეტყველო. გარდამოავლინე სულიწმიდა ჩემზე, რომ შევძლო ადამიანებამდე შენი სიტყვა მივიტანო.

სანამ ლოცულობდა, ციდან მასზე სულიწმიდა გადავიდა ანთებული სანთლების სახით და მისი გული სიბრძნით აღავსო. წმინდანმა ლაპარაკი დაიწყო და ყველას საღვთო წერილს ასწავლიდა. ვერავინ ბედავდა, მას შეკამათებოდა, რამეთუ სულიწმიდა იყო მასში დავანებული. არა მხოლოდ ბაგეებით ქადაგებდა, ბევრს წერდა მონაზვნობაზე, ქრისტეს ხორცშესხმაზე, მომავალ სამსჯავროზე. ამას გარდა, განმარტავდა მრავალ ადგილს წმინდა წერილიდან.

ბერი იოანე გაოცებული იყო ჭაბუკის ასეთი სიბრძნით და ამბობდა:

- სწორედ მასზე აღსრულდა დავითის სიტყვები: "უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი" (ფს. 104:19). ახლა კი დავრწმუნდი, რომ ის მრავალ საოცრებას გააკეთებს მოციქულების მსგავსად.

სხვა ბერებიც განცვიფრებულები იყვნენ და თავდაპირველად ეშინოდათ კიდეც ჭაბუკის, რადგან უამრავ სასწაულს აღასრულებდა და ბრძნულად ქადაგებდა.

ზოგიერთმა ბერმა სიზმრად იხილა სამი ტახტი და სამი გვირგვინი. როდესაც ჰკითხეს, ვისთვის იყო გამზადებული ასეთი დიდება, ხმა შემოესმათ:

- ყრმა სვიმეონისთვის!

ღირსი ჭაბუკი, თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით, მზესავით ანათებდა. სულ უფრო მეტად შორდებოდა ყველაფერს მიწიერს და უახლოვდებოდა ციურს. მან გადაწყვიტა, რომ უფრო მაღალ სვეტზე გადასულიყო, რადგან იმ სვეტს, სადაც მსახურობდა, ორმოცი საფეხურის სიმაღლე ჰქონდა.

სანამ სვეტზე ავიდოდა, მასთან ანტიოქიის არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსი მივიდნენ, რომლებსაც ბევრი რამ სმენოდათ ჭაბუკის ღვაწლის შესახებ. მონასტერში მისულებმა ანთებული სანთლებით მიიყვანეს ყრმა საკურთხეველთან, დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ ფსალმუნების გალობით მიაცილეს ახალ სვეტამდე, სადაც ჭაბუკმა შვიდი წელი გაატარა ღვთის სამსახურში. ბერი იოანე ძლიერ დარდობდა მის გამო, რადგან ამ ხნის მანძილზე მისი სახე არ ეხილა. ნეტარი სვიმონი კი ანგელოზებრივი ცხოვრების წესის წყალობით ქერუბიმებს ემსგავსებოდა და გამუდმებით ადიდებდა უფალს.

ღმერთის დაშვებით, სატანამ მძიმე განსაცდელის წინაშე დააყენა ჭაბუკი: სურდა, ძილში ეცდუნებინა სხვადასხვა ხილვით, მაგრამ ჭაბუკი ვაჟკაცურად უძლებდა ცდუნებებს. თვალებს დახუჭვის უფლებას არ აძლევდა და გულმოდგინედ ლოცულობდა. უფალს ევედრებოდა, დახმარებოდა ბოროტი ძალის დამარცხებაში. ერთხელაც ვიღაც კაცი იხილა, ნათელსახიანი, ჭაღარა თმით, რომელიც ციდან ეშვებოდა და ხელში წმინდა ბარძიმი ეპყრა ქრისტეს სისხლითა და ხორცით. იქაურობა ენით გამოუთქმელი კეთილსურნელებით გაიჟღინთა. უცნობი ჭაბუკს მიუახლოვდა, აზიარა და უთხრა:

- გული გაიმაგრე. ამ წუთიდან ბოროტი ხილვები აღარ შეგაწუხებს. ოღონდ შენი ფიქრები დაიმორჩილე და უფლის შეწევნის იმედი არ დაკარგო.

წმინდა სვიმეონის გული ხილვის შემდეგ საოცარი სიხარულით აღივსო და ადიდებდა ღმერთს. მას შემდეგ წმინდა ჭაბუკი საგულდაგულოდ იცავდა თავს ავი ფიქრებისგან და ადამიანებთან საუბარს გაურბოდა. არავისთან არ სურდა ლაპარაკი, გარდა უფლისა.

ამ დროს მოახლოვდა ჟამი აბბა იოანეს განსვლისა ამ ქვეყნიდან. ღირსმა სვიმეონმა წინასწარ განსაზღვრა ის დღე და იოანეს შეუთვალა:

- ნუ დამწუხრდები, ნეტარო მამაო, რამეთუ სიკვდილი გარდაუვალია ადამიანებისთვის. ვიცი, რომ მალე უფალი იესო ქრისტე თავისთან გიხმობს, რათა ადგილი დაგიმკვიდროს წმინდანთა შორის. როდესაც წმინდა სამებას მიეახლები, მეც გამიხსენე. ჩვენთვის ილოცე, რათა ჩვენც დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი და ისევ ვიხილოთ ერთმანეთი.

იოანემ ეს რომ მოისმინა, ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი ნათქვამის ჭეშმარიტებაში. ის მუდამ მზად იყო სიკვდილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ჯანმრთელად გრძნობდა თავს და არაფერი აწუხებდა. იოანემ ჭაბუკს შეუთვალა:

- ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა იყოს შენი მფარველი, რომელიც მთელი გულით შეიყვარე. წმინდა სამება შეგეწიოს. ყველა დალოცვილი იყოს, ვინც შენ დაგლოცავს და ღმერთმა შეაჩვენოს ისინი, ვინც შენ შეგაჩვენებს. უფალმა პატივი და დიდება არ მოგაკლოს იმის გამო, რომ მე, შენი სულიერი მამა ღვიძლ მამასავით შემიყვარე. ღმერთმა დალოცოს დედაშენიც, რომელიც ერთგულად მემსახურებოდა.

ბერებმა, რომლებიც იღუმენის სიახლოვეს იყვნენ, მოისმინეს მისი სიტყვები და შეშინებულებმა იკითხეს:

- ნეტარო მამაო, ჭაბუკ სვიმეონს რატომ უბარებ ამას?

ბერმა უპასუხა:

- გულით მსურს, რომ ყველანი მისი მსგავსნი და მასავით გულანთებული მლოცველები იყოთ. შეგეწიოთ მისი ლოცვა, რამეთუ ის უფლის რჩეული და მისი წმინდა ჭურჭელია.

ამის შემდეგ აბბა იოანე დიდხანს ესაუბრებოდა ბერებს და დალოცა ისინი. მოგვიანებით დასაძინებლად დაწვა და მალე საუკუნოდ მშვიდად ჩაეძინა და სხვა ღირს მამებს შეუერთდა.

ნეტარი მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა სვიმეონმა თავისი ღვაწლი კიდევ უფრო გააძლიერა. მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: ადრე დილიდან ცხრა საათამდე ლოცულობდა, ცხრა საათიდან წმინდა წიგნებს კითხულობდა და მზის ჩასვლამდე გადაწერდა. შემდეგ კვლავ ლოცვას შეუდგებოდა და მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდა. მხოლოდ დღის განმავლობაში მცირე ხნით ჩასთვლემდა, რის შემდეგაც კვლავ მხურვალედ ლოცულობდა. ამ დროს ხელში საკმეველი ეჭირა და ცხელი ნაკვერჩხლის გარეშე აკმევდა კეთილსურნელებას. ხანდახან ლოცვისას ციდან ჩაესმოდა:

- ალილუია!

და ეს წმინდა ანგელოზების ხმა იყო.

ხშირად წმინდანი მრავალ დღესა და ღამეს ისე გადააბამდა, თვალს ერთი წუთითაც არ მოხუჭავდა. ერთხელ ოცდაათი დღე-ღამის განმავლობაში არ უძინია. მაშინ უბრძანა უფალმა:

- თუნდაც ცოტა ხნით დაასვენე სხეული და დაიძინე.

წმინდანის ასეთ ღვაწლს რომ ხედავდა, სატანა კვლავ მის წინააღმდეგ შეიარაღდა და ყველანაირად ცდილობდა მის შეშინებას. ხან გველის სახით მოევლინებოდა, ხანაც ხახადაღებულ მტაცებელ მხეცად. ზოგჯერ კი ავსულებს მეომრების სახით მიუსევდა, რომლებიც სვეტიდან მის გადაგდებას ცდილობდნენ. ერთხელაც სვეტს დიდი ლოდი ესროლა და ის იყო ჭაბუკი უნდა გადავარდნილიყო, უფლის უხილავმა ხელმა შეაჩერა და გადახრილი სვეტი გაასწორა. მეორედ ავსული ლამაზი, ურცხვი ქალის სახით მოევლინა, რომელიც ცდილობდა წმინდანს მოხვეოდა და ეუბნებოდა:

- უკანასკნელად შეგებრძოლები, თუ დამამარცხებ, თავს დაგანებებ.

ბოროტის თავდასხმებისგან და მოჩვენებებისგან წმინდანი თავს ლოცვითა და პატიოსანი ჯვრით იცავდა.

ასეთი გამოცხადებაც ჰქონდა: იხილა ცის გახსნა და თვალისმომჭრელი ნათელით შემოსილი იესო ქრისტე. უფლის გვერდით მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი იდგნენ, ერთი მარჯვენა მხარეს, მეორე კი მარცხენა მხარეს. წმინდა სვიმეონმა ხელები უფლისკენ აღაპყრო და შესთხოვა, რომ მის ღვაწლს კეთილი ნაყოფი გამოეღო. ამის პასუხად უფალმა იესომ დალოცა ჭაბუკი. ნეტარმა სვიმეონმა შემდეგ ქვევით ჩაიხედა და დედამიწაზე უამრავი ავსული იხილა. ზოგი ტახის სახით, ზოგიც - თხის. უფალმა სწორედ მათი განდევნის ძალა მიანიჭა. ამის დასტურად ჭაბუკს ფინიკის კვერთხი უბოძა. მაშინვე გაიფანტნენ ეშმაკები და წმინდანის თვალიდან გაქრნენ.

ნეტარი სვიმეონი ადამიანებში ჩასახლებულ ეშმაკებსაც განდევნიდა, შეეძლო ნებისმიერი სენის განკურნება და მკვდრეთით აღდგენაც. ერთხელ წმინდანთან ვიღაც კაცი მივიდა, რომელსაც ვაჟი გარდაცვლოდა. ტირილით ჩაუვარდა მუხლებში და ღვთის კაცს ევედრებოდა, უბედურებისგან ეხსნა და ღმერთს მისი გარდაცვლილი ვაჟის გამო შეევედრა. წმინდანმა მაშინვე ლოცვა დაიწყო, მანამდე კი კაცს უთხრა:

- უფლის სახელით შინ დაბრუნდი! ცოცხალია შენი ვაჟი!

კაცმა ირწმუნა მისი სიტყვები და სახლისკენ გაიქცა. შინ მისულს შვილი მართლაც ცოცხალი დახვდა. ვაჟთან ერთად წმინდანთან მივიდა და გახარებული უფალს და მის ერთგულ მონას, წმინდა სვიმეონს ჰმადლობდა.

ამის შემდეგ კვლავ იხილა წმინდანმა უფალი ჩვენი, რომელსაც გარს ანგელოზები შემოხვეოდნენ. მთავარანგელოზებს ხელში ძვირფასი ქვებით მოოჭვილი გვირგვინი ეჭირათ. გვირგვინს ჯვარი ამშვენებდა, რომელიც ელვასავით ანათებდა. ამ გვირგვინით სურდათ სვიმეონისთვის თავი შეემოსათ, მაგრამ ნეტარმა მამამ სთხოვა მათ:

- ჩემს ანაფორას ნუ წამართმევთ, რითაც ქრისტეს სახელით შევიმოსე.

ანგელოზებმა უპასუხეს:

- სწორედ მაგის გამო არის მომზადებული შენთვის ეს გვირგვინი სულიწმიდის მიერ. სხვა წმინდანებთან ერთად დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს.

ამის შემდეგ ანგელოზებმა ბერის ანაფორა ბრწყინვალე სამეფო ტანსაცმლად გადააქციეს, თავზე გვირგვინი დაადგეს და გალობა დაიწყეს:

დიდ არს უფალი, ღმერთი ჩვენი. ქების ღირსია მისი მონა სვიმეონი!

ამ ხილვის შემდეგ ნეტარი მამა სიცოცხლის ბოლომდე საერთოდ აღარ ეკარებოდა საჭმელს. მხოლოდ ანგელოზების მიერ მირთმეული ციური საკვებით საზრდოობდა.

უამრავი სასწაული მოახდინა წმინდა სვიმეონმა.

ერთხელ იხილა ყველა ის უბედურება, რაც ანტიოქიას ახლო მომავალში ელოდა: სვიმეონმა ნახა ანგელოზი, რომელიც ხმალამოწვდილი ქალაქის თავზე დაფრინავდა. მაშინ წმინდანმა მხურვალე ლოცვა დაიწყო, უფალს მთელი გულით ევედრებოდა, ქალაქისთვის რისხვა არ დაეტეხა. მაშინ უფალმა უთხრა:

- ჩემს ყურამდე მოაღწია ქალაქში დატრიალებული ცოდვების ხმამ. მეტად ვარ განრისხებული, ამიტომ განსაცდელს მოვუვლენ, ცეცხლსა და სიკვდილს დავთესავ. ქალაქს გავანადგურებ, მის მკვიდრთ კი მტერს ჩავუგდებ ხელში.

წმინდა სვიმეონი ამ ხილვის შესახებ ყველას უამბობდა, ვინც კი მასთან მიდიოდა რაიმე თხოვნით და ურჩევდა, მოენანიებიათ თავიანთი ცოდვები.

მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ ანტიოქიას უფლის დაშვებით სპარსეთის მეფე ხოსრო უზარმაზარი ლაშქრით თავს დაესხა. სპარსელებსა და ანტიოქიელებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. ნეტარი სვიმეონი სვეტის თავზე იდგა და უფალს მხურვალედ ევედრებოდა ქალაქისთვის თავისი რისხვა აერიდებინა. კვლავ ხილვა ჰქონდა: ბრწყინვალე ჯვარი იხილა, ჯვართან ორი ანგელოზი იდგა მომართული მშვილდისრით ხელში.

ანგელოზებმა უთხრეს:

ეს ჯვარი შენს დასაცავად გამოგზავნა უფალმა. შენ არ შეგეხება უფლის რისხვა, რომელიც ამ ქვეყნისკენ არის მიმართული. ეს ისრები მტრის განსადევნად არის მომზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ შენამდე მოაღწევენ. ჩვენ ვიქნებით შენი დამცველები.

სვიმეონს კიდევ ერთი ხილვა ჰქონდა: ნახა, თუ როგორ დაიპყრეს ქალაქი მტრებმა. ყველგან კვნესა და გოდება ისმოდა. ქალაქის მცხოვრებლების ერთ ნაწილს ხმლებით ჩეხდნენ, ზოგს კი ტყვედ მიერეკებოდნენ, ზოგიც ქალაქის კედლებიდან ხტებოდნენ და გაქცევით შველოდნენ თავს. ამ უკანასკნელთა შორის მისი მონასტრის ორი ბერიც დაინახა, რომლებმაც ბარბაროსების შემოსევით შეშინებულებმა, მონასტერი მიატოვეს და ქალაქს შეაფარეს თავი. იმ დროს, როდესაც ბერები ქალაქიდან გარბოდნენ, მტრები წამოეწივნენ, ერთი ადგილზევე აკუწეს ხმლებით, მეორე კი ტყვედ წაიყვანეს.

ის, რაც წმინდანმა იხილა, რამდენიმე დღეში მართლაც ახდა. ქალაქი ანტიოქია მტერმა დაიპყრო, ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გაასწორა და უამრავი ხალხი ტყვედ წაიყვანა. ნეტარი მამის ლოცვის წყალობით, ბევრმა გაქცევა მოახერხა და თავი მთებსა და უდაბნოს შეაფარეს, იმ ორი ბერის გამოკლებით.

ბარბაროსები იმ მთასაც მიუახლოვდნენ, სადაც მონასტერი და ნეტარი სვიმეონის სვეტი მდებარეობდა, მაგრამ მალევე დაბრუნდნენ უკან, რადგან იქაურობა ნისლითა და ღრუბლებით ისე იყო დაფარული, რომ მტრებმა ვერც მონასტერი შენიშნეს და ვერც სვეტი. ბარბაროსების შეშინებული უმრავლესობა ისე გაიქცა იმ ადგილიდან, თითქოს დიდძალი ლაშქარი მისდევდა მათ. არც ერთი ბერი არ დაზარალებულა იმ ორის გარდა, რომლებმაც გაქცევა აირჩიეს.

მტრებმა ქვეყანა რომ დატოვეს, წმინდანთან უამრავი დაჭრილი მიდიოდა. ნეტარი სვიმეონი ყველას შველოდა და კურნავდა. ამას გარდა, მან შეძლო ტყვედ წაყვანილი ბევრი მოქალაქის გათავისუფლება. რაღაც სასწაულის ძალით, როგორც კი რომელიმე ტყვე წმინდანის სახელს ახსენებდა, მაშინვე ბორკილებისგან თავისუფლდებოდა, შემდეგ ბარბაროსებს გვერდით ისე ჩაუვლიდნენ, ისინი ვერც კი ამჩნევდნენ და სამშობლოში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ბრუნდებოდნენ.

ორი გაქცეული ბერიდან ერთ-ერთმა, რომელიც ტყვედ წაიყვანეს, სწორედ ამგვარად დააღწია თავი. ანტიოქიაში ერთ-ერთ მეომართან ერთად დაბრუნებული ჰყვებოდა:

- როგორც კი ნეტარი სვიმეონი ვახსენეთ და საშველად ვუხმეთ, ბორკილები, რითაც ვიყავით შეკრულები, თავისით დაგვცვივდა. ბარბაროსებს გვერდით ისე ჩავუარეთ, ზედაც არ შემოუხედავთ.

ანტიოქიის მახლობლად ერთი ბრმა მოხუცი იჯდა და მოწყალებით ირჩენდა თავს. ქალაქის დასაპყრობად მომავალმა ბარბაროსებმა კისერზე ხმალი დაჰკრეს, თავი ვერ მოჰკვეთეს, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. მოხუცი სისხლის გუბეში ეგდო ცოცხალ-მკვდარი, როცა წმინდა სვიმეონმა გამჭრიახი თვალი მოჰკრა, ბერებს მომაკვდავის მიყვანა უბრძანა. ბერებმა დაჭრილი ნეტარ მამას მიუყვანეს. წმინდანმა მიწა აიღო, ნაკურთხი წყალი დაასხა, მოხუცს ჭრილობაზე დაადო და უთხრა:

- უფლის სახელით ჭრილობა შეგიხორცდეს.

მაშინვე შეხორცდა საზარელი იარა და მოხუცი სრულიად საღსალამათი წამოდგა ფეხზე.

წმინდანმა თქვა:

- აი, მხედველობაც აღუდგა!

ყველამ, ვინც კი სასწაულის მოწმე გახდა, ადიდა უფალი.

გარკვეული დროის შემდეგ წმინდანმა მოსვენება დაკარგა, რადგან მასთან სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ავადმყოფი და გაჭირვებული მიდიოდა. ვინაიდან ამით ხელი ეშლებოდა, რომ დუმილის აღთქმა შეესრულებინა, სვეტის დატოვება გადაწყვიტა, სადაც რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და სხვა, წყნარ ადგილას დამკვიდრებულიყო. ოდნავ მოშორებით ერთი მთა მდებარეობდა, მეტად მაღალი და უდაბური, სადაც არ იყო წყალი. ადამიანები იმ ადგილს არ ეკარებოდნენ უწყლობის გამო. იქ მხოლოდ ველური მხეცები და შხამიანი გველები ბინადრობდნენ.

სწორედ იმ მთაზე დასახლება გადაწყვიტა ნეტარმა სვიმეონმა. ეს რომ გადაწყვიტა, ღმერთი გამოეცხადა ურიცხვი ანგელოზის თანხლებით და უთხრა:

- გაიმარჯვე, სვიმეონ და დასახლდი ამ საკვირველ მთაზე.

წმინდანს მაშინვე ენიშნა ერთი მაღალი ბორცვი და ლოდი, რომელზეც უფალი იდგა. სწორედ იმ ქვაზე უბრძანა ღმერთმა დადგომა და მოღვაწეობა.

ხილვის შემდეგ სვიმეონმა ბერები იხმო და აუწყა, რომ უფლის ნებით მთაზე გადადიოდა. მონასტერში იღუმენად მოხუცი გამოცდილი ბერი დატოვა, სვეტიდან ჩამოვიდა და საკვირველი მთისკენ გასწია. უკან ბერები მიყვებოდნენ, რომლებიც ცხარე ცრემლებით ტიროდნენ მისი წასვლის გამო.

წმინდანი მითითებულ ადგილს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა და დიდხანს ლოცულობდა. ლოცვის დასრულებისთანავე ციდან ანგელოზების მიერ ნათქვამი "ამინ" გაიგონეს.

ნეტარმა სვიმეონმა თავის მოწაფეებს უბრძანა, იმ ადგილას, სადაც ანგელოზების ხმა გაიგონეს, ქვის ჯვარი აღემართათ. შემდეგ სიხარულით ავიდა უფლის მიერ გაცისკროვნებულ ბორცვზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც ღმერთი იხილა. იმ დროს ღირსი სვიმეონი ცხრამეტი წლის იყო.

მაინც ვერ ჰპოვა სიმშვიდე წმინდანმა, რადგან მომსვლელები იქაც არ აკლდა. მეორე დილით მონასტერში მისულმა ხალხმა უფლის რჩეული რომ ვერ იხილა, ცხარედ ატირდნენ. როდესაც შეიტყვეს მისი ახალი ადგილ-სამყოფელი, სასწრაფოდ მთისკენ დაიძრნენ, თან ავადმყოფები წაიყვანეს. მათ დანახვაზე წმინდანი დანაღვლიანდა, რადგან არ აძლევდნენ უფალთან განმარტოების საშუალებას. მიუხედავად ამისა, მასთან მისულებს იესო ქრისტეს სახელით სხვადასხვა დაავადებისგან კურნავდა და სახლში სრულიად გამოჯანმრთელებულებს უშვებდა.

ერთხელ მოხდა ისე, რომ წმინდანთან მიმავალ კაცს ლომი დაესხა თავს. ის იყო მხეცს უნდა დაეგლიჯა მსხვერპლი, რომ კაცმა წარმოთქვა:

- წმინდა სვიმეონის ხათრით, ბოროტს ნუ გამიკეთებ!

ლომმა წმინდანის სახელის გაგონებაზე თავი დაანება და წავიდა. ის კაცი ნეტარ სვიმეონთან მივიდა და მომხდარის შესახებ უამბო. იქ მყოფმა ადამიანებმა სთხოვეს, მხეცი გაეგდო იმ ადგილიდან, რადგან მისი შიშით ძლივს მიდიოდნენ ნეტარ მამასთან. ღირსმა სვიმეონმა თავის მოწაფეს, ანასტასის უხმო, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა და უთხრა:

- გამოქვაბულში შედი და ლომს უთხარი: ქრისტეს მონა, სვიმეონი, უფლის სახელით გიბრძანებს, წადი ამ მთიდან, რათა არ შეაშინო აქ მომსვლელები.

ანასტასი მართლაც მივიდა ლომის გამოქვაბულთან, მხეცი იპოვა და ღირსი მამის სიტყვები გადასცა.

ლომმა წმინდანის ბრძანება შეასრულა, დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და ისეთ ადგილას დასახლდა, სადაც არავისთვის წარმოადგენდა საფრთხეს.

იმ დროისთვის ქვეყანაში სხვადასხვა სენი გავრცელდა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. წმინდანი მიხვდა, რომ ამის მიზეზი უფლის რისხვა იყო, ადამიანების ცოდვებით გამოწვეული და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ შეეწყალებინა ცოდვილნი. ამ დროს უფლის ხმა შემოესმა:

- რატომ შეგტკივა გული ამ ხალხზე. ნუთუ ისინი ჩემზე მეტად გიყვარს? მეტად მომრავლდა ცოდვები და უსამართლობა, ამის გამო დასჯას იმსახურებენ. თუმცა ძალიან რომ არ დაგამწუხრო, უფლებას გაძლევ, განკურნო ისინი სხვადასხვა სენისა და ცოდვებისგან.

ისინი, ვინც ახლოს ცხოვრობდნენ, ავად გახდებოდნენ თუ არა, საშველად უფლის რჩეულს, წმინდა სვიმეონს უხმობდნენ. ისიც ძილში, სიზმრად ეცხადებოდა მათ და ჯვრის ძალით კურნავდა. ხალხი წმინდანს უხმობდა: სახლებში კანდელს ანთებდნენ, თან საკმეველს აკმევდნენ და წარმოთქვამდნენ:

- უფალო იესო ქრისტე, შენი მონის - სვიმეონის სახელით შეგვეწიე.

და უფლისგან შეწევნას იღებდნენ.

ერთხელ წმინდა სვიმეონს უფლისგან ეუწყა, რომ მოახლოებული იყო ანტიოქიის არქიეპისკოპოსის, ეფრემის აღსასრული. მაშინვე ძმები იხმო და აუწყა ეს ამბავი. შემდეგ სთხოვა, უფლისადმი ელოცათ, რამეთუ ეკლესიას დიდი ბურჯი უნდა გამოსცლოდა. ბერებმა ამაზე უპასუხეს:

- ვიცით, რომ არქიეპისკოპოსი თავს ჯანმრთელად გრძნობს.

მეორე დღეს, დილის ლოცვების შემდეგ, წმინდა სვიმეონმა კვლავ იხმო ბერები და უთხრა:

- ნეტარი ეფრემი დღეს ღამით აღესრულა, რამეთუ ვიხილე მისი სული ცად აღმავალი. გვერდით რომ ჩამიარა, მითხრა:

- გევედრები, ლოცვებში უფალს შეევედრე ჩემთვის.

შემდეგ ტირილით თქვა:

- ვაი, ანტიოქიას, რამეთუ აღარ ჰყავს ეფრემი!

ნეტარი ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არქიეპისკოპოსობა დომნამ ჩაიბარა, რომელიც ანტიოქიაში კონსტანტინოპოლიდან ჩავიდა. ის მეტად არამოწყალე იყო გლახაკებისადმი. ამის შესახებ ღირსმა სვიმეონმა შეიტყო და არქიეპისკოპოსს ღვთის სასჯელი უწინასწარმეტყველა. მართლაც ასე მოხდა. მალე დომნა მძიმედ დაავადდა. ვერც დადიოდა და ხელებსაც ვერ ამოძრავებდა. საწოლში კუნძივით იდო.

შემდეგ წმინდა სვიმეონს უფლისგან ეუწყა, რომ ანტიოქიაში მიწისძვრა მოხდებოდა. ნეტარმა მამამ ტირილი დაიწყო და უფალს შეწყალებას ევედრებოდა, თან ყველას აფრთხილებდა მოსალოდნელი უბედურების შესახებ. იმ ღამესვე მიწა ისე ძლიერად შეზანზარდა, რომ ქალაქი მიწასთან გაასწორა. ბევრი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, დანარჩენები კი საკვირველი მთისკენ, უფლის რჩეულის სანახავად გაეშურნენ და ტირილით ევედრებოდნენ, ღმერთისთვის პატიება ეთხოვა და უბედურება შეეჩერებინა. ასეც მოხდა. წმინდანის ლოცვის შემდეგ მიწისძვრა შეწყდა. ნეტარმა მამამ აღმოსავლეთით ცის გახსნა იხილა, საიდანაც ღვთიური სინათლე იღვრებოდა უფლის წყალობის ნიშნად. მოგვიანებით, უფლის ბრძანებით, საკვირველ მთაზე მონასტერი ააშენა. მშენებლობაში ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც წმინდანმა სხვადასხვა სენისგან გაათავისუფლა. მათი რიცხვი კი საკმაოდ დიდი იყო. ნეტარი მამის ლოცვით, მონასტერში მუდამ საკმარისი რაოდენობის წყალი იყო. ასევე არ მცირდებოდა ბეღელში ხორბლის რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში მისულ უამრავ მომლოცველს აპურებდნენ.

მოგვიანებით ნეტარმა სვიმეონმა ახალი სვეტი ააშენა, სადაც თავად იესო ქრისტე მიბრძანდა ანგელოზებთან ერთად და ის ადგილი აკურთხა. წმინდანი გახარებული ავიდა სვეტზე და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.

წმინდა სვიმეონს ოცდაცამეტი წელი რომ შეუსრულდა, უფლის ნებით ეპისკოპოსმა დიონისემ ხუცესად აკურთხა. ამის შემდეგ წმინდანი ღმერთს როგორც ანგელოზი, ისე ემსახურებოდა.

ნეტარ მამას უფლისგან ხშირად ჰქონდა სასწაულებრივი ხილვები. წინასწარ ხედავდა მომავალში მოსახდენს. ადამიანის აზრის ამოკითხვაც შეეძლო. მრავალ სასწაულს ახდენდა მიწაზეც და ზღვაზეც. ადამიანებს სიზმრად ეცხადებოდა. ბრმებს თვალის ჩინს აღუდგენდა, კეთროვნებს განწმენდდა, სნეულებს კურნავდა. ადამიანებს ბოროტი ძალისგან ათავისუფლებდა, ნებისმიერ წყლულებსა და იარებს აშუშებდა, გარდაცვლილებს მკვდრეთით აღადგენდა. ქრისტეს სიტყვები მასზე აღსრულდა: "ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს" (იოან. 14:12).

წმინდა სვიმეონს სამოცდათხუთმეტი წელი რომ შეუსრულდა, იგრძნო, რომ მალე წარდგებოდა უფლის წინაშე. ბერები იხმო და დიდხანს მოძღვრავდა. შემდეგ ყველას ეამბორა და სული უფალს მიაბარა, სწორედ იმ დროს, როცა ჩვეულებრივ ანგელოზისგან საკვებს იღებდა. (596 წლის 24 მაისი).

ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო სვიმეონ: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი

ზენაისა მოსურნემან დაუტევენ ქუენანი, და მსგავსად ცისა სუეტი შეიმზადე, რომლისა მიერ განათლდი სასწაულთა შარავანდედითა, ღირსო, და ყოველთა ღმერთსა ქრისტესა ევედრები დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler