ღირსი იაკობ განდეგილი V საუკუნეში მოღვაწეობდა სიარიაში. მან სიჭაბუკეშივე დაუტევა ამსოფლიური ცხოვრება და მონასტრული ცხოვრება აირჩია.
თავდაპირველად იგი ღირს ზევინს დაემოწაფა, რომელიც სირიაში სოფელ რამის მახლობლად მთის მწვერვალზე მოსაგრეობდა. ღირს ზევინს სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას იღებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ იაკობი ღირს მირონს დაემოწაფა. ისიც ზევინის მსგავსად სირიელი მეუდაბნოე მამა იყო და კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა. მირონს სნეულთა კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭი ჰქონდა უფლისგან მიმადლებული. მისგან ღირსმა იაკობმა ბევრი რამ ისწავლა ასკეტური ცხოვრების შესახებ. ღირსი მირონის კურთხევით იაკობი ერთ პატარა ქოხში დაეყუდა. რამდენიმე წელი სრულიად განმარტოებულად იღვაწა. მარხვასა და ლოცვაში ატარებდა მთელ დროს.
შემდეგ უდაბურ და უნაყოფო მთას მიაშურა და გადაწყვიტა, იქ ღია ცის ქვეშ ეცხოვრა. იგი დიდი მოთმინებითა და მადლიერებით იტანდა ზაფხულში სიცხესა და ზამთარში ყინვასა და სუსხს. გონებით სულ უფალს ესაუბრებოდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმინდა მოსაგრე მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო. დიდი ღვაწლის მტვირველს ბოროტი სულები ესხმოდნენ ხოლმე თავს, მაგრამ ნეტარი ლოცვითა და სიმშვიდით იგერიებდა მათ. ღმერთმა იაკობს სნეულთა კურნების, არაწმინდა სულების განსხმისა და მკვდართა აღდგინების ნიჭი მიმადლა. ერთხელ მასთან მივიდა კაცი, რომელსაც ვაჟი გარდაცვლოდა. კაცმა მოწიწებით და სასოებით ცრემლებით მიმართა ღირს იაკობს: - ვიცი, უფლის მსახურო, რომ შენთვის ყველაფერი შესაძლებელია, თუკი მოისურვებ და ილოცებ.
წმინდა იაკობმა დაინახა რა, შვილმკვდარი მამის ცრემლები, დაემხო მუხლებზე და დაიწყო ლოცვა. ღირსი მამის ლოცვით მკვდრეთით აღდგა მიცვალებული ჭაბუკი. ღირსმა მოსაგრემ სასწაულებით მთელ აღმოსავლეთში გაითქვა სახელი. სულიერი და ხორციელი ტკივილებით შეჭირვებული უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან ნუგეშის მისაღებად და შემწეობის სათხოვნელად. უფლის რჩეული 457 წელს მიიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი