ღირსი ლევი (ნაგოლკინი) ორიოლის გარეუბანში დაიბადა და ნათლისღებითაც ლევი ერქვა.
ახალგაზრდობაში ვაჭართა წრეში ტრიალებდა და ნოქარი იყო. ძალგულოვანი გახლდათ. ერთხელ თავს მგელი დაესხა და ფეხიდან ხორცი ამოჰგლიჯა. ლევმა ნადირს ხახაში მუშტი ჩაუყო, მეორე ხელი ყელში წაუჭირა და გაგუდა. მამა ლევი მას შემდეგ დაკოჭლდა.
ახალგაზრდა ნოქარი ვაჭრობისას საზოგადოების ყველა კლასის წარმომადგენლებს ხვდებოდა და კარგად შეისწავლა მათი მანერები და ყოფა, რაც მოძღვრობისას გამოადგა, მასთან ხომ სხვადასხვა ფენის ხალხი მიდიოდა და სულს გადაუშლიდა.
მონაზვნური ცხოვრება ღირსმა ლევმა ოპტის უდაბნოში დაიწყო. იქიდან გადავიდა ბელობერეგის უდაბნოში, სადაც წინამძღვარი იყო ათონელი მოღვაწე მამა ვასილი (კიშკინი), რომელმაც აღკვეცა კიდეც ბერად. გავიდა ხანი და მამა ლევი ბელობერეგის წინამძღვარი გახდა. იმ პერიოდში გაიცნო წმინდა პაისი ველიჩკოვსკის მოწაფე მამა თეოდორე, რომელმაც ასწავლა უმაღლესი მონაზვნური საქმიანობა - "მეცნიერებათა მეცნიერება და ხელოვნებათა ხელოვნება", როგორც ეწოდება მოუკლებელი ლოცვის ღვაწლს, რომლის საშუალებითაც განიწმინდება გული ვნებებისგან. ამ დროს გაიცნო კიევის მომავალი მიტროპოლიტი ფილარეტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მამა ლევის ცხოვრებაში.
მამა ლევმა და მამა თეოდორემ ერთად ოცი წელი იცხოვრეს. მამა ლევმა მისი ხელმძღვანელობით უდიდესი სულიერი ნიჭები მოიპოვა. მონასტერში მამა თეოდორეს რაღაც სნეულება შეეყარა. მამებმა ტყეში კელია ააშენეს, სადაც გადასახლდნენ ის და მამა ლევი. აქ შეიმოსა იგი სქემაში და კვლავ ლევი დაარქვეს. ღირსი მამები შემდგომში ბალაამის მონასტერში გადავიდნენ. მამა ლევისა და თეოდორეს სახელებს მონასტრის ძმები ხშირად ახსენებდნენ. შეშურდა ეს პატივი მონასტრის იღუმენს და პეტერბურგის მიტროპოლიტთან იჩივლა. მამები გაამართლეს, მაგრამ რახან იცოდნენ ადამიანის გონების უძლურების ამბავი, მას მერე, რაც მონასტერი მინისტრმა გოლიცინმა მოილოცა და მათ განსაკუთრებული პატივი მიაგო, წმინდა ალექსანდრე სვირის მონასტერში გადასახლდნენ.
1820 წელს ალექსანდრე I თავის სამფლობელოს მიმოივლიდა. ალექსანდრეს სვირის მონასტრის სიახლოვეს უნდა გაევლო. მამა თეოდორემ და მამა ლევმა წინამძღვარს თავაზიანად შესთავაზეს, ხელმწიფის დასახვედრად მომზადებულიყო, თუმცა მონასტრების მონახულებას მეფე არ აპირებდა. წინამძღვარმა დაუჯერა მამების რჩევას და მამებისგან მითითებულ დღეს სავანის კარიბჭესთან დაელოდა დიდ სტუმარს. ამასობაში გზად მიმავალმა იმპერატორმა მონასტრის მაჩვენებელი ნიშანი დაინახა. უთხრეს, სვირის მონასტერიაო და იქითკენ გაემართა, თან მეეტლეს გამოჰკითხა, როგორი მონასტერია, როგორი ძმობააო. მეეტლე ხშირად დადიოდა ამ მონასტერში და უპასუხა, ახლა უწინდელზე უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ცოტა ხნის წინ იქ დაახლდნენ მამა თეოდორე და მამა ლევი. ახლა იქ კლიროსზეც კარგად გალობენ და ყველაფერი წესრიგშიაო. ხელმწიფეს თავად გოლიცინისგან გაეგონა ეს სახელები და გადაწყვიტა, მამები გაეცნო. ამასობაში განსაცდელგამოვლილმა მამებმა მოითათბირეს, თუ მეფე მათ გაცნობას მოისურვებდა, დადუმებულიყვნენ, რათა ძმებში შური არ გამოეწვიათ. როცა მეფე მონასტერში მივიდა, შეხვედრით გაოცებულმა იკითხა: "განა მელოდით?" წინამძღვარმა უთხრა, რომ შესახვედრად მოძღვრების რჩევით გამოვიდა. მეფე წმინდა ალექსანდრეს წმინდა ნაწილებს ეამბორა და მამა თეოდორე და მამა ლევი მოიკითხა. მამები წინ წარდგნენ, მეფის შეკითხვებს მოკლედ და თავშეკავებულად პასუხობდნენ. მეფემ მამა თეოდორეს კურთხევა სთხოვა. უკურთხებელი მონაზონი ვარ, უბრალო კაციო, - უთხრა თავაზიანად მამა თეოდორემ. იმპერატორი თავაზიანად გამოეთხოვა მათ და გზა გააგრძელა.
მამა ლევი ერთხელ საქმეების გამო პეტერბურგში იმყოფებოდა. აქ ერთი სულიერი შვილი, გოგონა, ხიბლისგან იხსნა. ერთხელ მამა ლევმა ქალიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, სასწრაფოდ გადასულიყო ახალ ბინაში, რომელსაც სთავაზობდნენ. ქალს მართალია არ უნდოდა გადასვლა, მაგრამ მოძღვარს უარი ვეღარ შეჰკადრა და დათანხმდა. იმავე ღამეს მის ძველ ბინაში შეიპარა ყოფილი მსახური - მისი გაძარცვა და მოკვლა უნდოდა. ქალიშვილი მადლობდა ღმერთსა და მამა ლევს, რომელმაც თავისი დაფარულმცოდნეობით უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.
მამა თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ მამა ლევმა ოპტის უდაბნოს მიაშურა. ის იყო იქ ბერდიდობის ინსტიტუტის დამაარსებელი. მისი მოწაფეები იყვნენ დიდი ოპტელი მამები მაკარი და ამბროსი.
მამა ლეონიდე (იგივე ლევი) უკვე ასაკოვანი მივიდა ოპტის მონასტერში. ტანმაღალი იყო, ღონიერი. გამორჩეული გონება, დაფარულმცოდნეობასთან შეერთებული, აძლევდა შესაძლებლობას, ადამიანთა სულები დაენახა. კაცთა მიმართ უდიდესი სიყვარულით და სიბრალულით იყო ავსებული და ამიტომ მისი მოქმედებები ზოგჯერ ძალზე მკვეთრი და მიზანსწრაფული იყო. მამა ლეონიდეზე ვერ ვიმსჯელებთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე, რამეთუ მან მიაღწია ისეთ სულიერ სიმაღლეს, როცა მოსაგრე ღვთის ხმას ემორჩილება და ისე მოქმედებს. ზოგჯერ ხანგრძლივი შეგონებების ნაცვლად ადამიანს მაშინვე ფეხქვეშ მიწას აცლიდა და კაცს თავის ცოდვიანობას და სიცრუეს შეაგრძნობინებდა. ის თავისი სულიერი სკალპელით გახსნიდა ადამიანის გულში გაქვავებულ ჩირქგროვას. შედეგად კი იფრქვეოდა სინანულის ცრემლები. მოძღვარმა იცოდა, რა ხერხით მიეღწია მიზნისთვის.
ოპტის ახლოს ერთი ბატონი ცხოვრობდა, რომელიც ტრაბახობდა, მამა ლეონიდეს რომ შევხედავ, მაშინვე დავინახავ, შიგნით რაც უდევსო. ეს კაცი მაღალი და სრული იყო. ერთხელ ის მამა ლეონიდესთან მაშინ მოვიდა, როცა ბერთან ბევრი ხალხი შეკრებილიყო. მამა ლეონიდეს ჩვევად ჰქონდა, როცა ვინმეზე შთაბეჭდილება უნდოდა მოეხდინა, მარცხენა ხელით შუბლს მოიჩრდილავდა. ასე მოიქცა ამ ბატონის შემოსვლისას და თქვა: "ხედავთ, რეგვენი მოდის! უნდა, ცოდვილი ლეონიდე განჭვრიტოს მაშინ, როცა თვითონ ჭაობია. ჩვიდმეტი წელია აღსარება არ უთქვამს და არ ზიარებულა". "ბატონი" ფოთოლივით ათრთოლდა, იწყო სინანული და ტირილი. მართლაც, ჩვიდმეტი წელი არ ეთქვა აღსარება...
ვნახოთ სხვა შემთხვევაც. მემამულე პ-მ მამა ლეონიდეს ნახვის შემდეგ გაიფიქრა: - ამბობენ, ჩვეულებრივი ადამიანი არ არისო! ისეთივეა, როგორც სხვები, უჩვეულოს მასში ვერაფერს ვხედავო. უცებ ბერი მიუბრუნდა: - შენ სულ სახლს უნდა აშენებდე: აქეთ ამდენ ფანჯარას გავუკეთებ, იქით ვერანდას ავაშენებო? მართლაც, მამა ლეონიდესთან მიმავალმა მემამულემ ერთი მშვენიერი ადგილი დაინახა და გადაწყვიტა, იქ სახლი აეშენებინა. გულში გეგმაც კი შეადგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო და რამდენი სარკმელი უნდა ჰქონოდა. პ-ს მამა ლეონიდემ აღსარებისას დავიწყებული ცოდვა შეახსენა, რომელსაც ცოდვად არ თვლიდა.
ერთმა ბატონმა უთხრა, - თქვენს სანახავად მოვედიო. მამა ლეონიდე წამოდგა და უთხრა: - ინებეთ და შემათვალიერეთო. კაცი წავიდა და წინამძღვართან უჩივლა. მამა მოსემ უთხრა, - ეგ წმინდა კაცია და ტყუილად არაფერს გეტყოდათო. ბატონი მაშინვე მამა ლეონიდესთან დაბრუნდა: - შემინდეთ, მამაო, სათქმელი ვერ აგიხსენითო. მოძღვარი მას ორი საათი ესაუბრა, კაცმა ამის მერე ერთი თვე იცხოვრა ოპტაში. შემდგომში ხშირად დადიოდა მასთან და ამბობდა: - მამა ლეონიდემ სასოწარკვეთილი გამაცოცხლა და მკვდრეთით აღმადგინაო.
მასთან მიდიოდნენ სამამულო ომის სახელგანთქმული მეომრები, რომელთა ნაწილი ოპტის სიახლოვეს იდგა. ბერმა ერთ მათგანს გვარი ჰკითხა.
- კულნევი ვარ, მამა პატარას მომიკვდა, ჩავაბარე სასწავლებელში, ვისწავლე მეცნიერებები და მას მერე ჯარში ვმსახურობ, - მიუგო მან.
- დედათქვენი სად არის?
- არც ვიცი, ცოცხალია თუ არა. ჩემთვის სულ ერთია.
- ასე, ხომ? მაგარი შვილი ყოფილხარ.
- მაშ, რა ვქნა? მან არაფერი დამიტოვა, მთელი ქონება, სახლ-კარი დაარიგა და ამიტომაც არ ვიცი, სად არის.
- ეჰ, გენერალო! რას ჩმახავ - დედამ არაფერი დამიტოვა და ყველაფერი შეჭამაო. იმაზე არ გიფიქრია, რომ მან ძლივს გადაიტანა მამაშენის - თავისი მეუღლის სიკვდილი და მას მერე ღვთის წინაშე დგას, ვითარცა გაუქრობელი სანთელი, როგორც წმინდა მსხვერპლი? მან მთელი ცხოვრება სიგლახაკისა და განსაცდელთა დათმენას მიუძღვნა თავისი ერთადერთი ვაჟის ნიკოლოზის სიკეთისთვის. უკვე ოცდაათი წელია, ამ თავგანწირულ ღვაწლს ეწევა. ნუთუ მისი ლოცვები შენი მემკვიდრეობა არ არის? ბევრი გენერალი თავის შვილებს მდიდრულად აცხოვრებს, შენ კი უფულო ხარ, თანაც გენერალი!
სულის სიღრმემდე შეძრა კულნევი ამ უბრალო, მაგრამ მართალმა სიტყვებმა. მიბრუნდა ხატებისკენ და ატირდა. გენერალმა, ათასი მადლობის თქმის შემდეგ, თავისი დედის მისამართი ჰკითხა მამა ლეონიდეს. მოძებნა მშობელი, დაემხო მის საწოლთან და ხელ-ფეხზე ემთხვია. საცოდავ ქალს სიხარულით კინაღამ გული გაუსკდა.
ძალზე სახასიათოა ერთი ათონელი მონაზვნის, მამა პართენის მონათხრობი, რომელმაც მამა ლეონიდე მოინახულა. ბერი ერისკაცულად იყო შემოსილი, მოძღვარმა კი მას მუხლებზე დადგომა აუკრძალა, ისე, როგორც ერისკაცები იქცეოდნენ ხოლმე. იქ იყო ერთი კაცი, რომელსაც "სულის მარგებელი სწავლანის მიღება" სურდა. ჩუმად აღიარა, - მოძღვარმა სიგარეტისთვის თავის დანებება მიბრძანა და ვერ შევასრულეო. ღირსმა ლეონიდემ ამ კაცის კელიიდან გაგდება ბრძანა. მერე მასთან სამი მტირალი ქალი მოვიდა, თან შეშლილი მოიყვანეს და ავადმყოფისთვის ლოცვა სთხოვეს. მამა ლეონიდემ ოლარი ჩამოიკიდა, სნეულს თავზე ხელი დაადო და ლოცვა წაუკითხა, მერე თავზე სამჯერ ჯვარი გადასახა და მისი სასტუმროში წაყვანა ბრძანა. ეს დამჯდარმა გააკეთა, რადგან სნეულების გამო ფეხზე დგომა უჭირდა. მეორე დღეს მამა ლეონიდესთან მოვიდა გუშინდელი ეშმაკეული, სრულიად ჯანმრთელი, ხოლო გაგდებული კაცი შენდობის სათხოვნელად ეახლა. ბერმა მას აპატია და გაუმეორა ბრძანება, - სიგარეტს თავი დაანებეო. ნანახით შეძრწუნებულმა მამა პართენმა უთხრა მამა ლეონიდეს, - თავს რატომ არ უფრთხილდები, სხვებს რომ კურნავ თავად ავადმყოფიო. მამა ლეონიდემ უთხრა: "ეს ჩემი ხელმწიფებით კი არ შევასრულე, არამედ მოსულის რწმენით, მოქმედებით კი ღვთის სულმა იმოქმედა, რომელიც მე ხელდასხმით მომეცა, მე თვითონ კი ცოდვილი ვარ".
უთვალავი იყო მამა ლეონიდეს აღსრულებული სასწაული. უამრავი ადამიანი ირეოდა მის გარშემო.
ალმაცერად ეპყრობოდა მას ზოგიერთი სულიერი პირი, მათ შორის კალუგის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელმაც ბევრი უსიამოვნება შეამთხვია ოპტის მონასტერს. ამ ეპისკოპოსს მამა ლეონიდეს სოლოვეცკის მონასტერში ჩამწყვდევა უნდოდა. წინა მღვდელმთავარი პატივისცემით ეპყრობოდა მამა ლეონიდეს. ერთხელ შეიტყო, რომ მის წინ იჩოქებდნენ. გამოიძახა მოძღვარი და ჰკითხა, - რა გწამსო? მან კიევურად წაიკითხა რწმენის სიმბოლო. მეუფე მიხვდა, - მის წინაშე უბრალო ბერი არ იდგა და მამა ლეონიდე რამდენიმე დღით თავისთან დაიტოვა.
როგორც უკვე ვთქვით, რუსეთში იმპერატორ პეტრეს ეპოქაში და მას მერე მთელი საუკუნე-ნახევარი მონაზვნობას ხელისუფლება დევნიდა. როცა ღირსი პაისი ველიჩკოვსკის მოწაფეებმა კვლავ დანერგეს მოძღვრობის ინსტიტუტი, წმინდანთა რიცხვი რუსეთში საოცრად გამრავლდა. ბევრი იმდროინდელი მოღვაწის ცხოვრებაშია ლაპარაკი ამ დევნის შესახებ. მამა ლეონიდემ თორმეტი წელი იცხოვრა ოპტის მონასტერში და განუწყვეტლივ დევნას განიცდიდა. როცა მამა ლევი ოპტაში მივიდა, მონასტრის იღუმენმა ძმების ცხოვრება მას ჩააბარა. თვითონ მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და მამა ლეონიდეს კურთხევის გარეშე არაფერს მოიმოქმედებდა. ასე იქცეოდა იღუმენის ძმაც, სკიტის ხელმძღვანელი ანტონიც.
თავიდან ვინმე ბასიანე აღუდგა მას. ის მხოლოდ გარეგნულ ღვაწლს აღიარებდა და ბერდიდობის ინსტიტუტს უარყოფდა. პირველი ექვსი წელი ამ დევნას მკვეთრი ხასიათი არ ჰქონია. მერე კი... დაბეზღებების გარდა, კალუგის ეპარქიაში ასევე მიიღეს მოსკოვის საიდუმლო პოლიციის ანგარიში მამა მოსესა და მამა ლეონიდეზე. მამა მოსეს აბრალებდნენ, - სკიტელ მამებს (ოპტის მონასტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობდა ოპტის სკიტი) მონასტრის მონაზვნებზე წინ აყენებს და თუ სკიტი არ განადგურდება, მაშინ ძველისძველი მონასტერი დაინგრევაო. წინამძღვარი ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს.
მამა ლეონიდე კი სკიტიდან მონასტერში გადაასახლეს. იქ კელიიდან კელიაში გადაჰყავდათ. ღირსი მამა ამ განსაცდელებს დიდსულოვნად, "ღირს არსის" გალობით ხვდებოდა, აიღებდა პაისი ველიჩკოვსკის ნაჩუქარ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს და გადააბრძანებდა ახალ კელიაში. ერთხელ იღუმენმა მოსემ მამა ლეონიდეს კელიასთან უამრავი ხალხი ნახა, არადა მას კალუგის ეპისკოპოსისგან აკრძალული ჰქონდა ხალხის მიღება. მამა მოსე მასთან შევიდა და უთხრა: "მამა ლეონიდე! როგორ იღებთ ხალხს? მეუფემ ხომ მათი მიღება აგიკრძალათ?". პასუხის ნაცვლად მამა ლეონიდემ ხალხი კელიიდან გაუშვა და მესენაკეებს ერთი ინვალიდის შემოყვანა უბრძანა. იღუმენი გაოცებული უცქერდა. "აი, შეხედე ამ ადამიანს, - თქვა მამა ლეონიდემ, - ხედავ, მთლიანად პარალიზებულია. უფალმა ის მოუნანიებელი ცოდვის გამო დასაჯა, რადგან ესა და ეს ცოდვა ჩაიდინა. ამ ყველაფრის გამო კი იტანჯება - ცოცხლად ჯოჯოხეთშია. დახმარება უნდა. უფალმა ის გულწრფელი სინანულისთვის მომიყვანა, რათა ვამხილო და დავარიგო. განა შემიძლია არ მივიღო? აბა, ამაზე რას მეტყვი?" იღუმენი შეძრა ინვალიდის მდგომარეობამ. "მეუფე სოლოვკაზე გაგზავნას გიპირებს", - წაიბუტბუტა. "რა ვქნა, გინდა ციმბირში გამგზავნეთ, გინდა ცეცხლში ჩამაყენეთ, მე ისევ ის ლეონიდე ვიქნები! მე არავის ვეძახი. მაგრამ ვინც ჩემთან მოდის, მათი გაგდება არ შემიძლია. განსაკუთრებით უბრალო ხალხი იღუპება უგუნურებისაგან და სულიერი დახმარება სჭირდება. როგორ შეიძლება არაფრად მივიჩნიო სულიერად შეჭირვებულთა ღაღადისი?"
იღუმენმა მოსემ აღარაფერი უთხრა. მამა ლეონიდეს გამოესარჩლნენ მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი და მიტროპოლიტი ფილარეტ კიეველი. მიტროპოლიტმა ფილარეტ მოსკოველმა მისწერა კალუგის ეპისკოპოსს: "მამა ლეონიდეს ერეტიკოსად მიჩნევას მიზეზები არ აქვს".
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ დაატყდა თავს დევნა დედათა მონასტრებში მცხოვრები მისი სულიერი შვილების გამო. დედები მონასტრებიდან გააძევეს. მასონობას აბრალებდნენ, ხოლო მონაზვნებისთვის მიცემულ წიგნებს, მამათა სწავლებებს "შავ წიგნებს" ეძახდნენ. მამა ლეონიდეს სიკვდილის წინ მისი სულიერი შვილები გაამართლეს და მანაც შვებით ამოისუნთქა. შემდგომში მისი საუკეთესო მოწაფეები სხვადასხვა დედათა მონასტერს ხელმძღვანელობდნენ.
ხუთკვირიანი საშინელი ტანჯვის მერე მამა ლევი გარდაიცვალა. იდგა 1841 წლის 11 ოქტომბერი.
სასწაულები. სნეულთა და ეშმაკეულთა განკურნება.
წმინდა ლევი სულიერი დარიგების გარდა ადამიანებს ხორციელი სნეულებისგანაც კურნავდა. ხშირად იყენებდა ხალხურ მედიცინას, სამკურნალო მცენარეებს, ე.წ. მწარე წყალს, რომლითაც მრავალი სნეული იკურნებოდა. ღირსი ლევის სიკვდილის მერე ამ წყალმა დაკარგა ის საყოველთაო სამკურნალო ძალა, რაც მის სიცოცხლეში ჰქონდა, თუმცა ზოგიერთ სნეულებას ისევ შველოდა.
ზოგიერთ სნეულს მოსალოცად წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის საფლავთან აგზავნიდა. ყოფილა შემთხვევებიც, ხალხი ასეულობით ვერსს გაივლიდა, გზაში იკურნებოდა და უკან მობრუნებული მადლობას უხდიდა წმინდა ლევს.
ხშირად სნეულებს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის კანდელიდან სცხებდა ზეთს და მრავალი პოვებდა კურნებას. ხანაც უბრალოდ ჯვრის გარდასახვით კურნავდა.
მამა ლეონიდესთან ბევრი ეშმაკეული მოჰყავდათ. ზეთისცხებითა და ლოცვით ისინიც იკურნებოდნენ.
"1832 წელს, ოპტის მონასტერში რომ მივედი, - ჰყვებოდა იღუმენი პ.ე., - მამა ლეონიდესთან მოიყვანეს ერთი ეშმაკეული გლეხი, რომელიც შეპყრობილებისას უცხო ენებზე საუბრობდა. ამის მოწმე იყო მამა ლეონიდეს მესენაკე მამა პავლე ტამბოველი, რომელმაც რამდენიმე უცხო ენა იცოდა. მამა ლეონიდემ ამ კაცს სამი ლოცვა წაუკითხა, სცხო ზეთი ღვთისმშობლის გაუქრობელი კანდელიდან და დასალევადაც მისცა. მესამე დღეს გამოჯანმრთელდა. მამა პავლემ სთხოვა, უცხო ენებზე ძველებურად ისაუბრეო. გლეხმა უთხრა: "რას ამბობ, მამაო! უცხო ენებზე ლაპარაკი სად შემიძლია? რუსულადაც ძლივს ვახერხებ საუბარს. დიდება ღმრთს, რომ ადრინდელმა ავადმყოფობამ გამიარაო".
წინასწარმცნობელი.
"ყრმობიდანვე მინდოდა მონასტერში წასვლა, - ჰყვება მონაზონი თ., - 1837 წელს, როცა თორმეტი წლისა ვიყავი, დედას ვთხოვე, კიევში დედათა მონასტერში დავეტოვებინე, სადაც გზად შევიარეთ. დამპირდა, როცა თხუთმეტი წლის გახდები, ბორისოვოს უდაბნოში (მონასტერში) მიგიყვანო. მაგრამ ამის მერე ის მალე გარდაიცვალა. მამას კი, ვიდრე 35 წლის არ გავხდებოდი, ჩემი მონასტერში გაშვება არ უნდოდა, რაც ძალზე მაწუხებდა. 1840 წელს თხუთმეტი წლის გავხდი. ვშიშობდი, ჩემი ბედი ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ გადაეწყვიტათ, ამიტომაც შინიდან გაპარვა მსურდა. მაგრამ დეიდაჩემმა, რომელთანაც ახლოს ვიყავი, მამაჩემი დაითანხმა, ოპტის უდაბნოში მამა ლეონიდესთან წავსულიყავით და მას გადაეწყვიტა ჩემი ბედი. მამა ლეონიდემ ჩვენ, სრულიად უცნობ ადამიანებს, სახელებით მოგვმართა და გვითხრა, დიდი ხანია ველოდები თქვენს სტუმრობასო. ასეთმა მოულოდნელმა შეხვედრამ ყველა ჩიხში შეგვიყვანა, არ ვიცოდით, რით გვეპასუხა. მერე სათითაოდ შევედით მასთან კელიაში. მამა ლეონიდე, მდგომარეობისდა მიხედვით, ყველას გვეუბნებოდა წარსულს, აწმყოს და მომავალს. მე მასთან ყველაზე ბოლოს შემიშვეს. შესვლის წინ საოცრად მეშინოდა, მისი კელიიდან კი დიდად ნუგეშინისცემული გამოვედი. მან მაკურთხა, პირდაპირ ბორისოვოს უდაბნოში წავსულიყავი. მისი ლოცვის წყალობით მამაჩემს ხელი აღარ შეუშლია, თუმცა საარსებო ფულიც არ მოუცია (იმდროინდელი მონასტერი რუსეთში იდიორითმული იყო უმეტესწილად და მასში საკუთარი სახსრებით ცხოვრობდნენ). როცა მამა ლეონიდეს ჩემზე ჰკითხეს, ასე როგორ იცხოვრებსო, მან უპასუხა: - იქ საუკეთესოდ იქნებაო. მისი სიტყვები ზედმიწევნით ასრულდა. მამაჩემმა 1841 წელს თვითონვე მიმიყვანა ბორისოვოს უდაბნოში, სადაც დღემდე ვცხოვრობ".
1839 წელს მამა ლეონიდესთან ერთი გოგონა მივიდა, დიდებულთა წრიდან და კურთხევა სთხოვა მონასტერში წასვლაზე. მან უთხრა: "ერთი წელი დაიცადე და მერე ჩვენთან მოდიო". გოგონა დამწუხრებული წავიდა, რადგან ეშინოდა ამ ერთ წელში მის სურვილს წინ რაიმე არ აღსდგომოდა. მან სიზმარში ორჯერ ნახა მამა ლეონიდე, რომელმაც ორჯერვე პურის ნატეხი მისცა, პირველად უმარილო, მეორედ მარილიანი და უთხრა: "ნუ ჯავრობ, ხომ გითხარი, მონასტერში წახვალ-მეთქი. ოღონდ ჯერ მე შემომიარე". ერთი წლის მერე გოგონა ოპტის მონასტერში მივიდა. როგორც კი მამა ლეონიდემ დაინახა, სიტყვა არ ათქმევინა, იმწამსვე უთხრა: "რაო, წუხდი და ჯავრობდი? მე ხომ პურის ნატეხი მოგეცი, შენ კი შეჭამე. ახლა დამშვიდდები". მან გოგონა მონასტერში წასვლაზე აკურთხა.
ერთ ვაჭრის ცოლს ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალიშვილი დარჩა, რომლის გათხოვებაც უნდოდა და კურთხევისთვის მამა ლეონიდესთან გაემართა. მან - გოგონა აქ მომიყვანე, მისთვის კარგი სასიძო მყავს შერჩეულიო. დედა ასეც მოიქცა, მან აკურთხა, გოგონა ბელევის დედათა მონასტერში წაეყვანა, სადაც ის აღესრულა კიდეც.
წმინდა ლევ ოპტელის დარიგებები.
"რწმენა იკარგება დაეჭვებისგან, კეთილმოკრძალება - კადნიერებისგან, ხოლო დამოძღვრა ცნობისმოყვარეობის გამო არის უმოქმედო (უნაყოფო)".
"ჩადი გონებით ჯოჯოხეთში. იქ წმინდა წერილის სარკის დახმარებით იხილე ხორცთმოთნენი. ნუთუ მოისურვებ ცოდვის წამიერი სიტკბოებისთვის იქ ყოფნას? გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ".
"როგორ გათბება გაყინული სული? ღვთის სიტყვით, ლოცვით, ღვთისადმი მდაბალი მადლიერი გრძნობებით აღსავსე გულით, ყოველგვარი, არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი ცვლილებით".
"მედიდურობა სათნოებათა ქმნისას ღვთივსაწინააღმდეგოა".
"საკუთარი თავის მიმართ უყურადღებო არასოდეს შეიქნება ღირსი მადლის წვევისა".
"ღმერთი არ უგულებელყოფს ლოცვებს. მაგრამ სურვილებს ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ არ აღასრულებს, რომ თავის ღვთაებრივი განზრახვით ყველაფერი უკეთესად აღაშენოს. რა იქნებოდა, თუ ღმერთი - ყოვლისმხედველი - სრულიად აღასრულებდა ჩვენს სურვილებს? ვფიქრობ, თუმცა არ ვამტკიცებ, რომ მაშინ ყველა მიწაზე დაბადებული მოვწყდებოდით".
ამონარიდები მამა ლევის წერილებიდან. ცუდი საზოგადოებისგან განშორებაზე: "რამდენჯერ შეიძლება ითქვას: "განეშორე შფოთს, ამაო ადამიანებს! საკუთარი ნება და მოშურნეობა ღვთის სათნოყოფისთვის და საუკუნო საგანთა შეძენისთვის გამოიყენე. ყოველივე დროებითი იცვლება, საუკუნო კი საუკუნოდ რჩება. კეთილ ფიქრებს განფანტვის საშუალებას ნუ მისცემ. იქ ყოველივე ამაოა, სადაც სული ცხოვნებისთვის არ დაიმოძღვრება და ღვთის შიშით არ გაბრწყინდება. სიმშვიდის ანგელოზმა მშვიდობის ფიქრებით მოგიზღუდოს გული..."
ბილწ გულისთქმებზე: "მივიღე თქვენი წერილი, მიხსნით, რომ ლოცვისას ხშირად სიბილწის გულისთქმები მოგდით, რის გამოც სულმოკლეობთ. ამგვარ შემთხვევაში, ლოცვისას გონების განფანტვისას, წმინდა მამები გვირჩევენ, რომ არ შევცბუნდეთ, არამედ დავიმდაბლოთ თავი და შევინანოთ, მაშინღა ვპოვებთ სიმშვიდეს, რაშიც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი განგვაძლიერებს, გვასწავლის რა მე-4 საფეხურში, "ეცადე, რომ ყოველთვის ერთად შეკრიბო განფანტული ფიქრები. ღმერთი პასუხს არ მოგთხოვს იმის გამო, რომ ვერ შეეძლო ლოცვისას სხვა ფიქრები არ მოგსვლოდა. გონებაგანფანტული სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის მოიკრიბე განფანტული ფიქრები. გონების მარადიული განუფანტველობა მხოლოდ ანგელოზთათვის არის ბუნებრივი (შესაძლებელი)".
"მონაზვნობის მსურველს გულითადად გისურებთ ღვთის კურთხევას და მშვიდობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მონაზვნობის სურვილი გაქვთ, ეს კეთილი სურვილია, მაგრამ მის აღსასრულებლად უნდა ევედროთ ღმერთს და არ იყოთ ლერწამივით, რომელიც ორივე მხარეს იხრება. უფალს ძალუძს, მეორე ნათლისღება გიბოძოთ, ანუ ანგელოზებრივი სქემა შეიმოსოთ. პირველ რიგში წერილი გამოგიგზავნეთ. იმედია, მიიღეთ. ამით გაბარებთ ღვთის საფარველს, ვიქნები მარადის თქვენი ცხონების მოსურნე, უღირსი თქვენთვის ღვთისადმი მლოცველი, დიდად ცოდვილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი