ღირსნი: ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია (V) - 09 (22) ოქტომბერი
ღირსნი: ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია (V) - 09 (22) ოქტომბერი
ბიზანტიის იმპერატორის თეოდოსი დიდის ზეობისას (379-395) ანტიოქიაში ერთი ოქრომჭედელი ცხოვრობდა, სახელად ანდრონიკე. ჰყავდა მეუღლე, მშვენიერი ათანასია (რაც ქართულად უკვდავს ნიშნავს). ცხოვრობდა ცოლ-ქმარი ღვთივსასურველად, ყოველგვარი სათნოებით გამშვენებული. განსაკუთრებით მოწყალების გაცემა უყვარდათ, საკმაოდ დიდი შემოსავლის მხოლოდ მესამედს იტოვებდნენ, დანარჩენს ეკლესიასა და გლახაკებს უყოფდნენ. მიუსაფარ ავადმყოფებს შეეწეოდნენ, ბანდნენ, აჭმევდნენ, შემოსავდნენ, ფეხზე დააყენებდნენ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ამიტომაც მათი ოჯახი მთელ ანტიოქიას უყვარდა. ღმერთმა წყალობა მოიღო და ქალ-ვაჟიც შეეძინათ: ჯერ იოანე, ორი წლის მერე კი მარიამი. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა ხორციელი თანაცხოვრება შეწყვიტა და ერთმანეთთან და-ძმასავით იყვნენ. გადიოდა წლები, იზრდებოდნენ ბავშვებიც და სულიერად წარემატებოდნენ მათი ნეტარი მშობლებიც.

და აი, მათი თანაცხოვრების თორმეტი წლის თავზე ინება ღმერთმა და ანდრონიკესა და ათანასიას სხვა, უფრო სრულყოფილი ცხოვრებისკენ მოუწოდა. ერთ დღეს წირვიდან შინ დაბრუნებულ ათანასიას შვილები ავად დახვდნენ. პატარები ოფლად იღვრებოდნენ, დიდი სიცხისაგან ბოდავდნენ კიდეც; შეშინებული დედა ბავშვების საწოლთან ჩამოჯდა. მალე ტაძრიდან ანდრონიკეც დაბრუნდა და ცოლს დაუძახა. საწყალმა ქალმა ქმარს შესჩივლა: ბავშვები სიცხისგან იწვებიანო. ანდრონიკე დარწმუნდა, რომ ბავშვები ძალზე ცუდად იყვნენ. "იყოს ნება უფლისა", - თქვა და ქალაქგარეთ, წმინდა იულიანე ტარსელის სახელობის ტაძარს მიაშურა. აქ დაკრძალული იყვნენ მისი მშობლებიც. მუხლმოდრეკილი ანდრონიკე წმინდა იულიანესთან ერთად მათაც ევედრებოდა შვილების განკურნებას. ილოცა მეექვსე ჟამამდე და უცნაურმა სიმშვიდემ მოიცვა. ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს სიმშვიდე და სითბო, რომლითაც მისი გული ავსილიყო. შინისკენ მიმავალს გოდება შემოესმა, მიუახლოვდა და რას ხედავს: მისი სახლის წინ ლამის მთელ ანტიოქიას მოეყარა თავი. ტირილით შეეგებნენ ნათესავები: ორივე შვილი დაგეახოცა. კაცმა თავი ძლივს შეიკავა. შევიდა სამლოცველო ოთახში, დაემხო მაცხოვრის ხატის წინაშე და მართალი იობის სიტყვებით შეჰღაღადა: "შიშველი გამოველ მუცლისგან დედისა ჩემისა, შიშველ მივიქცე მუნვე ქვეყნად, უფალმა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ".

დასტიროდა ათანასია შვილებს, მწუხარებისგან ძალზე დაუძლურდა, სიცოცხლეც აღარ უნდოდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა: - ოჰ, რატომ არ მოვკვდი ჩემს შვილებთან ერთადო. უსაზღვრო იყო მშობლების მწუხარება, თანაეზიარებოდნენ მასში და შეძლებისდაგვარად ანუგეშებდნენ ანტიოქიელები. ბავშვების დაკრძალვაზე თვით პატრიარქი მოვიდა წესის ასაგებად. პატარებს საუკუნო განსასვენებლად წმინდა იულიანეს ტაძარში, ბებიისა და პაპის გვერდით მიუჩინეს ადგილი. დაკრძალვის შემდეგ ათანასიას ცივ, ცარიელ სახლში დაბრუნება აღარ უნდოდა. იჯდა ბავშვების საფლავთან და ტიროდა. შუაღამისას მას ბერის სახით წმინდა იულიანე გამოეცხადა და უთხრა: - დედაკაცო, რატომ არ აძლევ მოსვენებას ამ მიცვალებულებსო. "ბატონო ჩემო, - უპასუხა ქალმა, - ნუ გამიბრაზდებით, მე დიდი მწუხარება მეწვია. ორი შვილი მყავდა და ორივე დღეს დავმარხეო". "რამდენი წლის იყვნენ შენი შვილები?" - შეეკითხა წმინდა იულიანე. ერთი - თერთმეტი წლის, მეორე კი ცხრისო, - უპასუხა ათანასიამ. მაშინ წმინდა იულიანემ ბრძანა: "რას დასტირი მათ? აჯობებდა, შენს ცოდვებზე გეტირა. დამიჯერე, როგორც ადამიანურ ბუნებას სჭირდება საკვები, ასევე - გარდაცვლილ ბავშვებსაც. ისინი ქრისტესთან ზეციური სიკეთეებით საზრდოობენ. უფალს ევედრებიან: ჰოი, უფალო, მართლად განმსჯელო, მიწიერი სიკეთე არ მოგვეც, ზეციურს მაინც ნუ მოგვაკლებო".

უცნობის სიტყვებმა გაამხნევა ათანასია, ერთიანად დაუხშო ცრემლის წყარო და თქვა: - თუ ჩემი შვილები ცხოვრებას ზეცაში გააგრძელებენ, მე რატომღა უნდა ვიტიროო. ამ ფიქრმა ძალა შემატა. მოიხედა, საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ უცნობი გამქრალიყო. იქვე, ტაძრის დარაჯთან მივიდა და ჰკითხა: - სად არის ის ბერი, მე რომ მესაუბრებოდაო. დარაჯმა იუარა: "განა ვერ ხედავ, კარები დაკეტილია. აქ ვერავინ შემოვიდოდა და, მით უმეტეს, გაგესაუბრებოდაო". მიხვდა ათანასია, რომ ღმერთმა მას ნუგეში სცა და გული მადლიერებით აღევსო. შინ დაბრუნდა, უამბო ყველაფერი ქმარს და დიდი ხნის ოცნება გაუმხილა: - უფალო ჩემო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი შვილები ცოცხლები იყვნენ, ერთი სურვილი მქონდა, მაგრამ ვერ გიბედავდი. ახლა კი, მათი სიკვდილის შემდეგ, გავბედავ: გამიშვი მონასტერში, რათა იქ გამოვიტირო ჩემი ცოდვები. ღმერთმა ჩვენი შვილები თავისთან წაიყვანა, იქნებ ინებოს და ჩვენც გაგვხადოს თავისი მსახურების ღირსიო.

ანდრონიკემ უთხრა: - წადი და გამოცადე შენი თავი ერთი კვირის განმავლობაში. თუ არ გადაიფიქრებ, მაშინ მოვითათბიროთ, რა ვქნათო. ათანასიამ მონასტერში არათუ გადაიფიქრა განზრახვა, უფრო აღივსო მონაზვნური ცხოვრების სურვილით. რამდენიმე დღით საკუთარ თავთან მარტო დარჩენილ ანდრონიკესაც შეუხდა გულში ბერობის სურვილი. მონასტრიდან მობრუნებულ ათანასიას უთხრა: - წავიდეთ წმინდა მიწაზე, უფლის ფეხდანადგამი ადგილები მოვილოცოთ და მერე იყოს ისე, როგორც უფალი ინებებსო. გამგზავრების წინ ანდრონიკემ იხმო ათანასიას მამა და უთხრა: - ჩვენ გადავწყვიტეთ წმინდა ადგილების მოლოცვა. ამიტომ სახლსა და მთელ ქონებას შენ გაბარებთ და თუ გზაში რამე უბედურება შეგვემთხვევა, ჩვენი ქონება გლახაკებს გაუნაწილე, სახლი კი უპატრონოთა და მწირთა თავშესაფრად გადააქციეო. ანდრონიკემ გაათავისუფლა თავისი ყველა მონა და მსახური და ერთ ბნელ ღამეს ათანასიასთან ერთად იერუსალიმის გზას დაადგა. შინიდან უჩუმრად გამოსულნი ალიონს ქალაქიდან მოშორებით შეხვდნენ. ნეტარმა ათანასიამ მოიხედა უკან, დაინახა საკუთარი სახლი, სადღაც შორს - წმინდა იულიანეს ტაძარი, სადაც მისი იოანე და მარიამი განისვენებდნენ. ცრემლიანი თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: უფალო, რომელმაც უთხარი აბრაამსა და სარას: - "გამოვედ ქვეყნისაგან შენისა, ნათესავისგან შენისა და სახლისგან მამისა შენისა და მოვედ ქვეყნად, რომელიცა გაჩვენო შენ", მოიხილე ჩვენზე და თანამოგზაურ გვეყავნ შენს მოშიშებს. შენი გულისთვის, უფალო, დავტოვეთ ჩვენი სახლი ყველასთვის ღია კარებით. ჰოი, სახიერო, ნუ დახშავ ჩვენთვის შენი სასუფევლის კარებსო. ამის შემდეგ მწირმა ცოლ-ქმარმა ტირილით გააგრძელა გზა. მიაღწიეს იერუსალიმს, მოილოცეს წმინდა ადგილები. იქიდან ალექსანდრიაში წავიდნენ წმინდა მოწამე მინას ნაწილთა თაყვანის საცემად. გზად ანდრონიკემ ნიტრიის უდაბნოში შესვლა და სკიტის მამების ლოცვა-კურთხევის აღება მოინდომა. ნიტრიის უდაბნო განთქმული იყო იქ მოღვაწე წმინდა მამებით. "აქ დამელოდე, ათანასია, სანამ სკიტის მამებისგან კურთხევას ავიღებ", - უთხრა ანდრონიკემ. მეც თან წამიყვანეო, - შეევედრა ქალი. "დედაკაცებს სკიტში შესვლა აკრძალული აქვთ", - უპასუხა ქმარმა. ატირდა ათანასია და უთხრა: "თუ შენ დამიტევებ ისე, რომ დედათა მონასტერში არ შემიყვან, მაშინ პასუხს აგებ წმინდა მინას წინაშეო". ქმარი დაჰპირდა, რომ სანამ სურვილს არ აუსრულებდა, არ მიატოვებდა. ანდრონიკე დაემშვიდობა ცოლს და სკიტში გაემგზავრა, სადაც ყოველი ლავრა მოილოცა და მამათა კურთხევა აიღო. იქვე შეიტყო ღირსი მამა დანიელის შესახებ (მის ხსენებას ეკლესია ყველიერის შაბათს აღნიშნავს) და მასთანაც მივიდა კურთხევისთვის. უამბო თავისი თავგადასავალი. მამა დანიელმა ანდრონიკეს უთხრა: - წადი და მოიყვანე შენი ცოლი. წერილს გაგატან თებეში, რომ თავისუფლად მოაღწიოთ აქამდე და შემდეგ ის ტაბენისიოტის დედათა მონასტერში დააბინავეო. ეს მონასტერი თებეს ახლოს, ნილოსის პირას იყო გაშენებული. მიუყვანა ანდრონიკემ მეუღლე მამა დანიელს. წმინდა მამამ დაარიგა ცოლ-ქმარი, აკურთხა და წერილით ტაბენისიოტის მონასტერში გაუშვა. ანდრონიკემ ცოლი დედათა მონასტერში დატოვა, თვითონ უკანვე, ღირს მამა დანიელთან დაბრუნდა და ათანასიას მსგავსად ანგელოზებრივი სქემა მიიღო. მამა დანიელი ხედავდა მის მყუდროების მოსურნე სულს, ამიტომაც საცხოვრებლად ცალკე სენაკი გამოუყო.

გადიოდა წლები, მყუდროებასა და ფიცხელ ღვაწლში წარემატებოდა სულიერად მამა ანდრონიკე. მისი ნეტარი მეუღლეყოფილი კი... მხოლოდ ღმერთმა იცოდა ათანასიას სულიერი მოღვაწეობა, მისი სულის სიმაღლე. მოუკლებელი მარხვისაგან გაძვალტყავებული მისი სხეული უდაბნოს მზეს გაეშავებინა და მიეჭკნო სრულიად. მასში ოდინდელ ანტიოქიელ ქალბატონს ვეღარ იცნობდით, სახითაც ეთიოპიელს დამსაგავსებოდა. ცოლქმრული თანაცხოვრების თორმეტი წლის განმავლობაში არ ყოფილა ჟამი, თავის უფალზე არ ეფიქრა, არ შეევედრებინა საყვარელი ქმარ-შვილი. ახლა კი მონაზვნური ცხოვრების თორმეტი წელი გასულიყო უკვე. არ დავიწყებოდა დედა ათანასიას არც თავისი გარდაცვლილი შვილები და არც ამ სოფლისთვის მკვდარი თავისი ერთგული მეგობარი ბერი ანდრონიკე. სულიერად მაღალ საფეხურზე იყო ასული დედა ათანასია და სულიწმინდის მიერ მოიხილავდა ხოლმე ბერ ანდრონიკეს, თითქოს მისი მფარველი ანგელოზიაო, უხილავად ყოველთვის მის გვერდით იდგა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დედა ათანასიასთვის. ისევ თავის ანდრონიკესთან უნდოდა ყოფნა, რომელიც უკვე ჭეშმარიტი სულიერი სიყვარულით შეჰყვარებოდა და მასში ნატამალიც არ იყო ხორციელი ვნებისა. მალე ამის საშუალებაც მიეცა...

თორმეტი წლის ბერობის შემდეგ ანდრონიკემ იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა. ღირსი დანიელის კურთხევით გზას გაუდგა. ეგვიპტეში მოგზაურობისას დაღლილი ერთ ბუჩქთან მიჯდა. ამ დროს მასთან მამაკაცურ სამოსში გამოწყობილი დედა ათანასია მივიდა. ეტყობა, ღირს დედას ღვთის მიერ ეუწყა ბერ ანდრონიკეს მისვლა, მამაკაცის სამოსში გამოეწყო, რათა ახალი მძიმე ღვაწლისთვის მიეცა თავი (როგორც შემდგომში გაირკვევა, ბოლო წლებში იგი, მამაკაცურად გადაცმული, მამათა მონასტერში მოღვაწეობდა). გარეგნულად ძალზე შეცვლილი, ღვთის დაშვებითაც, მამა ანდრონიკემ ვერ იცნო. "შენ ღირსი დანიელის მოწაფე ანდრონიკე არა ხარ?" - შეეკითხა ათანასია. "დიახ," - უპასუხა ბერმა. "საით მიდიხარ?" - ჰკითხა ისევ. "წმინდა მიწის მოსალოცად მივდივარ. შენ საით მიდიხარ, მამაო, ან რა გქვია?" - კითხვაზე კითხვით მიუგო ბერმა. "მეც წმინდა მიწის მოსალოცად მივდივარ და ათანასე მქვია," - მიუგო მონაზონმა. მამა ანდრონიკემ თანამგზავრობა შესთავაზა. წმინდა დედამ უთხრა: "თუ ჩემთან ერთად გინდა მგზავრობა, დასდევ საცოი პირსა შენსა, რათა მდუმარედ ვიდოდეთო". გაუხარდა ანდრონიკეს ასეთ ღვთივსულიერ "ბერთან" ერთად პილიგრიმობა და გაუყვნენ გზას. მოილოცეს წმინდა მიწა, ამის შემდეგ თაყვანი სცეს ალექსანდრიაში წმინდა მოწამე მინას. ლოცვის შემდეგ დედა ათანასიამ ჰკითხა: "მამაო, გინდა, ერთ კელიაში ვიყოთ და ვიღვაწოთო?" "დავრჩები შენთან, ოღონდ მანამდე კურთხევას ჩემი მოძღვრისგან ავიღებო", - უპასუხა ბერმა. წადი, ჰკითხე, - უთხრა დედა ათანასიამ, - მე ოქტოდეკატის სკიტში (სკიტის უდაბნოში მონასტრები ალექსანდრიიდან დაშორების მიხედვით იყო დანომრილი. ოქტოდეკატის - ანუ მეჩვიდმეტე - კ.კ.) დაგელოდები და თუ გაკურთხებს, ვიმოღვაწეოთ ერთად ისევე მდუმარებით, როგორც ვმოგზაურობდით. და თუ მდუმარებას ვერ დაითმენ, მაშინ უკან ნუ დაბრუნდები, თუნდაც იმ ღირსმა მამამ მოისურვოსო. ანდრონიკე დაბრუნდა მონასტერში, მოუთხრო მამა დანიელს თავის თანამგზავრ ბერ ათანასეზეც. წმინდა დანიელმა აკურთხა ანდრონიკე: "დაბრუნდი ათანასესთან, რადგან ის სრულყოფილი ბერია და შეიყვარე მდუმარებაო". მამა ანდრონიკე ოქტოდეკატის მონასტერში მივიდა და დედა ათანასიასთან ერთად სენაკში დასახლდა. თორმეტი წლის განშორების შემდეგ აქ, ამ პატარა ოთახში, კიდევ თორმეტი წელი იცხოვრეს ერთად. ანდრონიკეს განაცვიფრებდა სულიერი "ძმა" თავისი მოღვაწეობით და თვითონაც მას ბაძავდა. ხან ანდრონიკე ურტყამდა სულიერი სამჭედლოს გრდემლზე უროს და ხან "ბერი" ათანასე. სირცხვილეული ეშმაკი ხომ ახლოს ვერ ეკარებოდა ანთებულ ლოცვის ქურას. მცველი ანგელოზიც კი განაცვიფრა დედა ათანასიას სიწმინდემ და უმანკოებამ. მამა დანიელიც ხშირად მოიხილავდა ხოლმე მათ და დამოძღვრავდა. ერთხელ უკან, თავის ლავრაში მიმავალ მამა დანიელს ანდრონიკე დაეწია და აუწყა: მამაო, ათანასე მიდის უფლის მიმართო. მოძღვარი სასწრაფოდ მივიდა ათანასესთან. მის დანახვაზე "ბერი" ათანასე ატირდა. "უნდა გიხაროდეს და შენ ტირი? უფლის წინადაცვეთის დღეს მიდიხარ იმ ქვეყნადო," - გაამხნევა მამა დანიელმა. ათანასემ მიუგო: "ეჰ, მამაო, მე ჩემ თავზე კი არა, ანდრონიკეზე ვტირი. მაგრამ ჰქენი სიყვარული, მამაო, ჩემი გარდაცვალების შემდეგ თავთან წერილს იპოვი, წაიკითხე და გადაეცი ანდრონიკესო". ლოცვისა და წმინდა ზიარების მიღების შემდეგ დედა ათანასია გარდაიცვალა. მოვიდნენ ძმები მონასტრისა ცხედრის გასაპატიოსნებლად. აღმოჩნდა, რომ მიცვალებული დედაკაცი იყო. მამა დანიელმაც წაიკითხა ათანასიას წერილი და ანდრონიკეს გადასცა. წაიკითხა მამა ანდრონიკემ და მის მწუხარებას მწუხარება დაემატა. თურმე ის მორჩილი, მდუმარე ძმა, მისი საყვარელი ათანასია არ ყოფილა? - მართლაც "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა".

მთელი ალექსანდრიიდან შეიკრიბნენ ღირსი მამები, თვით ღრმა უდაბნოდანაც კი მოვიდნენ წმინდა დედასთან გამოსათხოვებლად. მესამე დღეს დიდი პატივით დაკრძალეს წმინდა ათანასია. დაკრძალვის შემდეგ მამა დანიელი შვიდი დღე დარჩა მამა ანდრონიკესთან. მეცხრე დღეს გადაუხადა პანაშვიდი მიცვალებულს და ანდრონიკეს თავისთან წაყვანა მოისურვა, რადგან დედა ათანასიას გარდაცვალების შემდეგ სულ დაუძლურებულიყო. წაყოლაზე მამა ანდრონიკემ უარი უთხრა: "მამაო, აქ დამტოვე, რათა ჩემს მეგობარ ათანასიასთან ერთად დავიმარხოო". სკიტში მიმავალ მამა დანიელს შეატყობინეს, - ანდრონიკე კვდებაო. დაბრუნდა უკან, აკურთხა სულიერი შვილი და გაუშვა თავის სულიერ დასთან, მის ათანასიასთან.

მამა ანდრონიკეს გარდაცვალების შემდეგ დავა ატყდა მამა დანიელის სკიტისა და ოქტადეკატის მონასტრის ბერებს შორის, თუ სად უნდა დაკრძალულიყო ბერი ანდრონიკე. ბოლოს ისევ დანიელის სკიტის ბერებმა დათმეს - ბერი ანდრონიკეს ცხედარი დედა ათანასიას გვერდით დაკრძალეს. რადგან ნათქვამია: "ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებსო".

დადგება დრო და უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მოვა დიდებით. შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, განქარდება რწმენაც და სასოებაც, რადგან პირისპირ ვიხილავთ ჩვენს მაცხოვარს, ჩვენი რწმენის და სასოების აღსრულებას. იმ ხელთუქმნელ ღვთიურ სამყაროში მხოლოდ ერთი - სიყვარული დარჩება, ღვთაებრივი სიყვარული. ზეციურ იერუსალიმში, ღვთაებრივი სიყვარულის საუფლოში, მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც აქ, ცოდვილ მიწაზე, მოიპოვებს ყოველი კაცის სიყვარულს, უანგარო, წმინდა სიყვარულს.

წმინდა ანდრონიკესა და წმინდა ათანასიას ხსენება 9 ოქტომბერს (ძვ. სტილით) დააწესა დედაეკლესიამ. ამ დღეს თავიანთ ხორციელ შვილებთან, იოანესა და მარიამთან ერთად განსაკუთრებული სულიერი სიხარულით ხარობენ წმინდა ანდრონიკე და წმინდა ათანასია და ღვთისგან მოცემული მადლით შეეწევიან მართლმადიდებელ ქრისტიანთა ოჯახებს.
..........................
აქვე წაიკითხეთ:

წავიდეთ წმინდა მიწაზე, უფლის ფეხდანადგამი ადგილები მოვილოცოთ და მერე იყოს ისე, როგორც უფალი ინებებს

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler