ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (+936) - 02 (15) ოქტომბერი
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (+936) - 02 (15)  ოქტომბერი
მეცხრე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ ლეონ დიდის ზეობის ჟამს, კონსტანტინოპოლში ერთი წარჩინებული კაცი ცხოვრობდა, სახელად თეოგნოსტოსი. ერთხელ თეოგნოსტოსს ახალი მონები მიუყვანეს. მათ შორის იყო პატარა ბიჭი, წარმოშობით სკვითი, "შვილი წარმართთა". ბიჭი მონათლეს და სახელად ანდრია უწოდეს. ბავშვი ზნეკეთილი, მორჩილი, გონიერი აღმოჩნდა. ბატონს შვილივით შეუყვარდა პატარა მონა, თავისთან დაიტოვა და მასწავლებლებს მიაბარა საღვთო წერილის შესასწავლად. ანდრია კარგად სწავლობდა, მარხულობდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თავის მწირობასა და ობლობას, ტკივილსა და სევდას ლოცვით განიქარვებდა.

ერთხელ, შუაღამისას, ანდრია, ჩვეულებისამებრ, სალოცავად წამოდგა. ლოცვისას ყმაწვილს კარზე ბრახუნი მოესმა (თურმე ეშმაკს მისი შეშინება გადაეწყვიტა). შეშინებულმა ანდრიამ ლოცვა შეწყვიტა, დაწვა და თხის ტყავში გაეხვია. გახარებულმა ეშმაკმა მეორეს უთხრა: "ერთი შეხედეთ ამ ყრმას - წეღან ცერცვს ჭამდა, ახლა კი ჩემს წინააღმდეგ იარაღდებაო". თქვა ეს ბოროტმა და გაქრა, შეშინებულ ანდრიას კი მიერულა და იხილა ჩვენება: მინდორზე იდგა, რომლის ერთ მხარეს სპეტაკი სამოსლით შემოსილი ღირსი მამები შეკრებილიყვნენ, მეორე მხარეს კი - კაცნი შავნი და უშვერნი, რომლებიც ქადილით მიმართავდნენ წმინდა მამებს: "გამოიყვანეთ ვინმე, დაგვაჭიდეთ, ვნახოთ, ვინ აჯობებსო". ამ დროს ზეციდან მშვენიერი ჭაბუკი გარდამოხდა, რომელსაც ხელთ სამი გვირგვინი ეპყრა. ერთი ბაჯაღლო ოქროსი იყო, პატიოსანი თვლებით შემკული. მეორეც ოქროსი გახლდათ, მარგალიტით გამშვენებული, ხოლო მესამე სამოთხის უჭკნობი ყვავილებისგან იყო მოწნული. მოეწონა გვირგვინები ანდრიას, მივიდა ჭაბუკთან და ჰკითხა: "ქრისტეს გულისთვის, მითხარი, ხომ არ გაყიდი? მე მათი ყიდვა არ შემიძლია, მაგრამ დამიცადე, ვეტყვი ჩემს ბატონს და რამდენსაც სთხოვ, იმდენს გადაგიხდისო". ჭაბუკმა გაუღიმა ანდრიას და უთხრა: "საყვარელო, მთელი სამყაროს საგანძურზეც არ გავცვლი მათ, რადგან ისინი არა ამა სოფლის, არამედ ზეციურ საუნჯეთაგან არიან შექმნილნი. ამ გვირგვინების ღირსნი მხოლოდ იმ შავ არსებათა მძლეველნი გახდებიან. შეერკინე მათ და თუ სძლევ, ამ გვირგვინთა გარდა მრავალ სხვა სიკეთესაც მიიღებო". გაუხარდა ანდრიას, ბრძოლისთვის განეწყო და ჭაბუკს ჰკითხა: "გწამდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ოღონდ მასწავლე, როგორ ვებრძოლო მათ?" "იცი, რა იოლია მათი დამარცხება? - მიუგო ჭაბუკმა, - შესახედავად არიან საშინელნი და მრისხანენი, თორემ სინამდვილეში უძლურნი ბრძანდებიან. როცა ეთიოპი შეგიპყრობს, ჯვარის სახედ განიპყრენ ხელნი და იხილავ დიდებას ღვთისას". გულმიცემული ანდრია თამამად გავიდა ასპარეზზე და ეთიოპი გამოიხმო. ეცა თუ არა ზანგი, ანდრიამ მყისვე განაპყრო ხელები ჯვარის სახედ. ეშმაკი მიწაზე დაეცა და გაუჩინარდა. დანარჩენი ეშმაკები კი სირცხვილეულნი გაიქცნენ იქიდან.

დიდი სიხარული შეიქმნა ნათლით მოსილ არსებათა შორის, ხელში აიტაცეს ანდრია, ეამბორნენ, სურნელოვანი ნელსაცხებელი სცხეს. ჭაბუკმა კი სამივე გვირგვინი გადასცა და უთხრა, "წარვედ მშვიდობით, ამიერიდან ჩემი საყვარელი ძმა ხარ, ისწრაფე სრბად გზასა კეთილსა, განშიშვლებულად სალოსად ჩემთვის და ოდეს მოვალ დიდებით, დიდთა კეთილთა ზიარად გამოგაჩინო".

გაეღვიძა ანდრიას, მიხვდა, რომ ჭაბუკი თვით მაცხოვარი იყო და რომ უფალი დიდი ღვაწლისთვის მოუწოდებდა. ჭკვიანმა ყმაწვილმა იცოდა, რას ნიშნავდა "ქრისტესთვის სალოსობა", მაგრამ განამხნევებდა უფლის კურთხევა და მოციქულის სიტყვები: "ღვთისთვის სულელი კაცთა შორის უბრძნესიაო" და ისე დაადგა გზას ამ ღვთაებრივი სიბრძნის მოსაპოვებლად, წუთითაც არ შეყოყმანებულა.

მეორე დღეს ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ყმაწვილმა შემოიძარცვა სამოსი და "სულელ იქმნა". წყაროზე ჩასულმა მზარეულმა ასეთ დღეში რომ იხილა ანდრია, სასწრაფოდ ბატონს შეატყობინა. ბიჭს გარს უამრავი ხალხი შემოეხვია. "ეტყობა, ეშმაკეული გახდა", - თქვა ბატონმა. მისი ბრძანებით, ბორკილებდადებული ყმაწვილი წმინდა ანასტასიას ტაძარში დატოვეს. ანდრია მთელი დღე რაღაცას ბოდავდა, ღამით კი ლოცულობდა ღვთისა და წმინდა ანასტასიას მიმართ და სთხოვდა, განეცხადებინა, სათნო იყო თუ არა უფლისთვის მისი სალოსობა. ამ ფიქრში იყო, რომ ტაძარში ვინმე სამღვდელოდ შემოსილი შევიდა ხუთ დედასთან ერთად. მათ ჯერ სხვა ავადმყოფები განკურნეს, მერე კი ანდრიასაც მიუახლოვდნენ. მიხედა მღვდელმა, გაუღიმა და ერთ-ერთ დედათაგანს მიმართა: "რატომ არ განკურნავო ამ ყმაწვილს?" ეს დედა თვით წმინდა ანასტასია იყო. "იგი მანვე განკურნა, ვინც სალოსობისთვის მოუწოდა და ზეციურ სიკეთეს დაჰპირდა, - მიუგო წმინდანმა, - ამიტომ ჩემგან კურნება არ სჭირდებაო". წმინდანნი წავიდნენ და ღირსი ანდრიაც მიხვდა, რომ მისი სალოსობა სათნო ეყო ღმერთს.

ერთხელ, ღამით, ანდრია გულმხურვალედ ლოცულობდა. უეცრად მის წინ უამრავი ეშმაკი აღიმართა. მათ შორის იყო მის მიერ დამარცხებულიც, რომელიც სხვებთან ერთად შურის საძიებლად მისულიყო. ანდრიამ აღაპყრო ხელნი და შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მისცემ შენს მადიდებელ სულს ბოროტ ეშმაკებს დასაღუპად, წმინდა იოანე ღვთისმეტყველო, შემეწიე მე ცოდვილს!" დაასრულა თუ არა ლოცვა, მივიდა მასთან ვინმე ფრიად სახიერი მოხუცი, რომელსაც უამრავი ხალხი ახლდა. "დახშენით ბჭენი, რათა ვერც ერთი ეშმაკი ვერ გავიდესო", - ბრძანა მან. ბჭენი მყისვე დაიხშო და ეშმაკნი შეიპყრეს, მოხუცებულმა კი ანდრიას მიმართა: "ხედავ, რა მალე მოვედი დასახმარებლად? მე უფალმა დამავალა შენი მეურვეობა. მცირე ხანს დაითმინე, რამდენიმე დღეში გაგათავისუფლებენ და აბა, შენ იცი, აღასრულე აღთქმა".

წმინდა იოანეს გამოცხადების შემდეგ ანდრიას კიდევ ერთი ხილვა ჰქონდა: ვითომ სამეფო დარბაზში იდგა; ტახტზე მჯდომმა მეფემ თავისთან მიიხმო ყმაწვილი და ჰკითხა: "გინდა, მთელი სულით მემსახურო?" "მინდა, მეფეო", - უპასუხა ანდრიამ. მაშინ გვირგვინოსანმა რაღაც თოვლივით სპეტაკი მიაწოდა და უთხრა: "უკეთუ გნებავს, იხილე ამის გემო". ანდრიამ შეჭამა და გამოუთქმელად ეამა. "კიდევ მომეციო", - შეევედრა, მან კი ახლა რაღაც შავი მისცა. გაუსინჯა გემო ანდრიამ, აბზინდასავით ემწარა და წეღანდელი სიტკბო სულ დაავიწყდა. მეფემ უთხრა: "რაო, ვერ გაუძელი მაგის სიმწარეს? ეგ სახეა ვიწრო და სახიფათო გზისა. ასეთი მწუხარებით და განსაცდელით აღსავსე გზა ექნება ჩემს მსახურს". შემდეგ კი თეთრი, მანანის მსგავსი რაღაც მისცა, რომლის გემომ ანდრიას მყისვე გადაავიწყა სიმწარე. მეფემ უთხრა: "ასეთი საზრდელი მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც ჩემს სამსახურში ბოლომდე დაითმენს განსაცდელს. თუ გულით მემონები, ყოველივე, რაც მე მეკუთვნის, შენი გახდება და შენ ჩემი მეუფების თანაზიარად გაქცევო". გაიღვიძა ყმაწვილმა და მიხვდა: სიმწარე სახე იყო იმ განსაცდელთა, მას რომ უნდა დაეთმინა ამ ცხოვრებაში, რის შემდეგაც ტკბილი მანანის - საუკუნო ცხოვრების - ღირსი შეიქმნებოდა.

ანდრია ოთხი თვე ჰყავდათ დამწყვდეული წმინდა ანასტასიას ეკლესიაში, მაგრამ როცა დაინახეს, რომ კი არ განიკურნა, არამედ უარესად გახდა, ბატონის ბრძანებით ბორკილები ახსნეს და გაათავისუფლეს. მანაც წმინდა სიმონ სალოსის მსგავსად (ის ძვ. სტილით 21 ივლისს იხსენიება) იწყო ქალაქში სირბილი. ზოგი დასცინოდა, ზოგი ახლოს არ იკარებდა, უფროსები ეშმაკეულად მიიჩნევდნენ, თანატოლები სცემდნენ, ის კი ყოველივეს ითმენდა და მათთვის ლოცულობდა. მოწყალებას რომ მისცემდნენ, გლახაკებს უნაწილებდა, მაგრამ ისე, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ - "გაბრაზდებოდა" და სახეში მიაყრიდა ხოლმე ფულს, საკვებსა თუ სამოსს. ხშირად კვირაობით შიმშილობდა და თუ არავინ მიაწოდებდა საჭმელს, მეორე კვირასაც უსაზრდელოდ გალევდა. ერთხელ მეძავმა დედაკაცებმა ბატონისგან შემორჩენილი ძვირფასი სამოსიც გახადეს და ძველი ჭილოფი გადააცვეს. გახარებული ანდრია ქუჩა-ქუჩა დარბოდა და გაიძახოდა, დღეს მეფემ პატრიარქად დამადგინა და ამით შემმოსაო. ბოლოს ეს ჭილოფიც შემოაცვდა და ძლივსღა უფარავდა სხეულს. დიდ ქალაქში ცხოვრობდა და არ ჰქონდა ადგილი, თავი რომ მიედრიკა. როცა დაღლილი სხეული მოსვენებას სთხოვდა, ნაგავსაყრელზე, მაწანწალა ძაღლების გვერდით მიწვებოდა. განთიადისას კი ქალაქში გავიდოდა და კვლავ ქუჩებში მოჰყვებოდა სირბილს. "ჰოი, ანდრია საწყალობელო, - ეუბნებოდა თავს, - ძაღლი ძაღლებთან წევხარ; ადექ და ირბინე, რამეთუ სიკვდილი მოგდევსო". მართალი ლაზარესავით იწვა ჭუჭყსა და ნაგავში, მომლოდინე სხვათა სუფრის ნაბიჭევისა.

ეშმაკი დასცინოდა ანდრიას სალოსობას. ერთხელ გამოეცხადა და უთხრა: "არიან კაცნი საძაგელნი და შეურაცხნი, რომელთაც გულში ვყავარ და ვეტკბილები თაფლივით. ხოლო შენ სოფელს ემდური და ჰკიცხავ შენი სალოსობით და მე მნერწყვავ? ეგ სალოსობა შენი სიკეთისთვის კი არ გიტვირთია, არამედ სიზარმაცის გამო რბი ასე ტყუილუბრალოდო". მართლაც ასე იყო - ამა სოფელს დასცინოდა ანდრია, "რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა სიცრუე არის წინაშე ღმრთისა".

ასე შიშველმა, მშიერმა და უსახლკარომ გაატარა ანდრიამ პირველი ზამთარი. იმ წელიწადს საშინელი ყინვები დაიჭირა, შემოსილნი კაცნიც კი მოსწყდებოდნენ სიცივისგან. ხეები მოიყინა, ფრინველნი გაყინულნი ცვიოდნენ მიწაზე. ვეღარ გაუძლო ანდრიამ და ვიღაც გლახაკის სახლში შევიდა, მაგრამ სახლის პატრონმა ძაღლივით გამოაგდო. წმინდანმა ისევ სანაგვეს მიაშურა, დაწვა, ინანიებდა ცოდვებს და გულშემუსვრილი ლოცულობდა უფლის მიმართ. ხელ-ფეხი გაუცივდა, ვეღარ ამოძრავებდა, ყინული მის ბაგეებსაც მოედო და უკვე სულის ამოსვლას მოელოდა. ამ დროს სითბოს მობერვა იგრძნო, გაახილა თვალი და იხილა კაცნი ვინმე დიდებულნი. ერთი ჭაბუკი მიუახლოვდა. პირი მზისებრ უბრწყინავდა, ხელთ ოქროს რტო ეპყრა, რომელსაც სამოთხის ყვავილი ამკობდა. "სად ხარ, ანდრია?" - ჰკითხა მან. "ბნელთა და აჩრდილთა სოფლისათა", - უთხრა მან. მაშინ წმინდანმა ოქროს რტო ბაგეზე შეახო და უთხრა: "მიიღე ამიერიდან სიცოცხლის ძალა, რათა სხეული შენი იყოს უვნებელი და ვერაფერი შეგეხოს". ამ დროს ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც ჭაბუკს უბრძანა: "წაიყვანე ეგ ჩემს სამოთხეში მოსასვენებლად და იქ გყავდეს ორი კვირა, მერე კი უკანვე მოიყვანეო". მიეძინა ანდრიას და წმინდა პავლე მოციქულივით მესამე ცამდე იქნა ატაცებული. რა ენა გამოთქვამს იმ მშვენიერებას, რაც იქ იხილა! ნახა საყდარსა ზედა მჯდომარე მაცხოვარი, შეძრწუნდა და თქვა: "ჰოი, მე საწყალობელი, რაგვარად სათნო მიჩინა ღმერთმა და მახილვა ღვთაება თვისი უხილავი!" ნახა თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამყოფელი, მაგრამ დედა ღვთისა შინ არ იყო. "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უმეტესად მიწაზეა, - უთხრა მისმა მეგზურმა ანგელოზმა, - და იმ ხალხს შეეწევა, რომელნი ევედრებიან ძესა მისსა სოფლისა ბრალთა შენდობისთვის". ამის შემდეგ წმინდა ანდრია ისევ ცოდვილ მიწაზე დააბრუნეს.

დაიწყებოდა დიდი მარხვა და წმინდა ანდრიაც იწყებდა ბაზარში თამაშს, ხტომას, სიმღერას. ხან მკერავებს ამხელდა მრუშობაში, ხანაც ძვირფასეულობის გამყიდველებთან მივიდოდა, ოქროსა და თვალმარგალიტზე მიუთითებდა და ჰკითხავდა: რად გინდათ ეგ ბზე და ნაცარიო? - ასე განაქიქებდა მათში დაბუდებულ ვერცხლისმოყვარეობის ვნებას. ერთხელ ერთი ბერის თავზე წმინდა ანდრიამ იხილა გველეშაპი და წარწერა: "ყველა უბედურების სათავე მისი ვერცხლისმოყვარეობააო". უეცრად ხმა შემოესმა. მიიხედა უკან და დაინახა, რომ უფლის ანგელოზი ეშმაკს ეკამათებოდა. ეშმაკი ეუბნებოდა: "ეს ბერი ჩემი ნების აღმსრულებელია, ამიტომ მე მეკუთვნის. იგი უწყალო და ვერცხლისმოყვარეა, ეს კი იგივე კერპთმსახურებაა, ამის გამო ღმერთთან წილი არ უძევს. მისი საქმენი ჩემნი შემწენი არიან და გვამიც ჩემთა ძალთა სამკვიდრებელი უნდა გახდესო". უფლის ანგელოზი წინ აღუდგებოდა და ეტყოდა: "საძაგელო, განეშორე ქრისტეს სამკვიდრებელს, რამეთუ ეგ ჩემია, წარჩინებული, კეთილად მოღვაწე, მმარხველი, მდაბალი, მშვიდი, მყუდრო, მლოცველი და ძვირუხსენებელი". ბოლოს მსჯავრი ღმერთს მიანდეს. და აი, ზეციდან ჩამოესმათ ხმა, რომელმაც ანგელოზს უბრძანა, ბერისთვის თავი დაენებებინა, რადგან ის ღმერთს კი არა, მამონას მსახურებდა. ანგელოზი მონაზონს განეშორა, ხოლო ეშმაკს მასზე ძალაუფლება მიეცა. ამ ხილვამ შეაძრწუნა წმინდა ანდრია და შემდგომ, როცა ქუჩაში შეხვდა ამ ბერს, სიყვარულით მიმართა: "ჰოი, ღვთის მონავ, განურისხებლად მოისმინე ჩემი ნათქვამი და დამიჯერე, დიდ მწუხარებაში ვარ შენს გამო - შენ, ღვთის მოყვარე კაცი, როგორ დაემორჩილე ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკს? ნუთუ გსურს, სიძუნწემ დაგღუპოს? მაშინ, როცა სხვები შიმშილით, სიცივით, წყურვილით იხოცებიან, შენ ოქროს ცქერით განსცხრები. განა ასეთია გზა სინანულის? განა ამგვარია მონაზონთა კანონი? რა სჯული გაძლევს ნებას, განუკრძალველად იცხოვრო? განა არ იცი, რომ მცველი ანგელოზი მწუხარებით განგეშორა და ზურგს უკან ეშმაკი გიდგას? გავიგონე, როგორ უარგყო თვით უფალმა. გევედრები, გაუნაწილე შენი ქონება ქვრივ-ობლებს, გლახაკებს, მწირებს. თუ არ დამიჯერებ, საშინელი სიკვდილით აღესრულები. შეეცადე, ისევ ღვთის მეგობარი გახდე და ძალმან ღვთისამან შემუსროს ეშმაკი შენთა ფერხთა ქვეშ. აჰა, უკეთური შენს წინაშე დგას და ისმენს, შეიწყნარებ თუ არა ჩემს სიტყვებსო". ბერს განეღო თვალნი სულიერნი და იხილა ეშმაკი, რომელიც შორს იდგა და მიახლოებას ვერ ბედავდა. შეძრწუნდა ბერი და წმინდა ანდრიას უთხრა: "ღვთის მონავ, ვხედავ და საშინელმა შიშმა მომიცვა. მითხარი, რა ვქნა, სული რომ ვიხსნაო?" ანდრიამ კიდევ ერთხელ დაარიგა ბერი, დააფიცა, არავისთვის არაფერი ეთქვა და დაჰპირდა, რომ მისთვის დღედაღამ ილოცებდა. დაუჯერა მონაზონმა, მთელი ქონება შეჭირვებულებს დაურიგა და ერთ ღამეს, ძილში, წმინდა ანდრია იხილა. "მადლობდე ღმერთს, მამაო, - მხიარული სახით უთხრა მას წმინდანმა, - რამეთუ განგაშორა ვერცხლისმოყვარეობის გველს და გყო ვითარცა ხე მშვენიერყვავილოვანი. აწ ისწრაფე, რათა ნაყოფი კეთილი გამოიღონ მაგ ყვავილებმა. ეგ მშვენიერი ხე სახეა შენი სულისა".

წმინდა ანდრიას ერთადერთი მოწაფე ჰყავდა - ეპიფანე (შემდგომში - პოლიექტორ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, 956-970 წ.წ.). თავის ხილვებს მხოლოდ მას უმჟღავნებდა, ისიც - მცირედს. ერთხელ ერთადაც კი გახდნენ ღირსნი ზეციური ჩვენებისა. კონსტანტინოპოლის იმ უბანში, რომელსაც ვლაქერნას უწოდებდნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი იდგა, სადაც, წესისამებრ, ყოველ კვირას შესწირავდნენ უსისხლო მსხვერპლს. ლიტანიობდნენ, გამოაბრძანებდნენ ღვთისმშობლის ხატს და სანთელ-საკმევლითა და გალობით შემოატარებდნენ ვლაქერნას. ერთ-ერთ ლიტანიობაზე წმინდა ანდრია და ეპიფანეც იყვნენ. შუაღამისას საკურთხეველში იხილეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ურიცხვ ანგელოსთან ერთად. მისი ერთი ხელი წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეპყრა, მეორე კი წმინდა იოანე მახარებელს. მიწაზე დაემხნენ ანდრია და ეპიფანე და როცა აღიხილეს თვალნი, დაინახეს, რომ დედა ღვთისას თვალთაგან, ვითარცა ნაკადულნი წყალთანი, ცრემლი სდიოდა, აღეპყრა ხელნი თვისნი და თავის მხოლოდშობილ ძეს იმ ერის შეწევნას ევედრებოდა, მის ხატს რომ მიჰყვებოდა ლიტანიით. ლოცვა რომ დაასრულა, აღიღო თავისი მომარგალიტებული საბურველი და მიჰბურა ერსა მას ყოველსა და ზე ეკიდა ჰაერში, მერმე დასწერა ყოველთა ზედა ჯვარი და "ეგრეთვე სახედვე განვიდა დიდითა დიდებითა".

წმინდა ანდრია მთელი სიცოცხლე ემალებოდა კაცთა თვალს, რათა ქრისტე შეეძინა. გარდაცვალების წინაც ევედრა უფალს, დაეფარა ამა სოფლისთვის მისი ცხედარი. გამოეთხოვა წმინდა ეპიფანეს და ანდერძი დაუტოვა: "გქონდეს ღვთის შიში და გიყვარდეს მთელი გულით, წმინდათა სახსენებელს აღასრულებდე და მათ მადლს ეზიარებოდე და ლოცვას ჰყოფდე ყოველთა ქრისტიანთათვის... ჰე, შვილო ჩემო, დაიმარხე მცნება ჩემი და ყოველი, რომელი გასწავლე, და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მეოხად შენდა ყოველსა ჟამსა და სიყვარული წმინდა სამებისა იყავნ შენ თანა ყოვლად განუშორებლად".

სამოცდაექვსი წლისა აღესრულა ანდრია სალოსი. მისი ცხედარი ერთმა გლახაკმა დედაკაცმა იპოვა. გარდაცვლილის სხეული მირონს აფრქვევდა. გაუკვირდა ქალს, ხალხის დასაძახებლად წავიდა, მაგრამ რაჟამს მოვიდნენ, ნეშტი ვეღარსად იპოვეს - ანდრიას თხოვნისამებრ, დაეფარა უფალს.

ერთხელ ეშმაკს წმინდა ანდრიასთვის ბოლო ჟამის ადამიანებზე ასეთი რამ უთქვამს: "შენზე წრფელი ვერავინ ვპოვე, ამიტომაც მსურს, მცირე სიმართლე გითხრა: მოვა დრო და გამოვაჩენ ჩემს ხელოვნებას, კაცნი ჩემზე მეტად დაოსტატდებიან ბოროტებაში, ჩვილები მოხუცებულებზე მოხერხებულნი იქნებიან... ჩვენ კი, ეშმაკნი, დავსხდებით და განვისვენებთ, რამეთუ კაცნი გააკეთებენ ჩვენს საქმესო". ჩვენს თვალწინ სრულდება ეს დანაქადი. როგორ იხსნას თავი თანამედროვე ქრისტიანმა? ალბათ იმით, რომ უცხო ექმნას ამ სოფელს, მის შვება-განცხრომას.

ტროპარი:

ხმაჲ მოციქულისა შენისა პავლესი ისმინა მეტყველი, ვითარმედ "ჩვენ სულელ ქრისტესთვის", მონამან შენმან ანდრეა, და იქმნა სულელ ქვეყანასა ზედა შენთვის, ქრისტე ღმერთო. ამისთვისცა აწ ხსენებისა მისისა პატივის-მცემელნი გევედრე¬ბით, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

კონდაკი:

ნებსით სულელ-ქმნილმან, სოფლისა ამის შვებანი სრულიად მოიძულენ, და ხორცთა ზრახვანი მოაკვდინენ მარხვითა და წყურვილითა და სიცხეთა და სიცივეთა-მიერ, და ყინულისა და წვიმისა და თოვლისა და სხვათა ჰაერთა სიმძიმეი არად შერაცხე და განჰსწმიდე თავი თვისი, ვითარცა ოქროი ბრძმედსა შინა, ანდრეა, ნეტარო.
................................
აქვე წაიკითხეთ:

ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა თავისი შეურაცხმყოფელებისთვის

წმინდა ანდრია მთელი სიცოცხლე ემალებოდა კაცთა თვალს, რათა ქრისტე შეეძინა


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat